შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ, მთავარი თვალისთვის უხილავია“

ფილის ნოირინგის (Phyllis Nuehring) ქვემოთ მოცემული აქტივობის „კარგი ვაშლები” ადაპტირებულ ვერსიას მრავალი წელია ვიყენებ, თუმცა მისი გაზიარება რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. აი, ეს მიზეზები:

1) რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეზე მოვხვდი. უმეტესად 25-35 წლის დედები იყვნენ. ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულის ბრენდებზე და ამ სიკეთეებში გადახდილ ფულზე საუბარმა, ერთმანეთის აღკაზმულობის ბოღმიანმა შეფასებამ, სიცარიელემ ძალიან დამთრგუნა. მეგონა, წამხედურობისა და ზედაპირულობის ეს ტალღა უკვე გადალახული გვქონდა. „თუ იმით ფასობ, რაც გაქვს და არა იმით, რაც ხარ – ეს ფასეულობითი კრიზისია” (ჯანა ჯავახიშვილი).

2) გლობალიზაციის საუკუნეში მრავალფეროვნებას უარყოფით დასავლურ ღირებულებად აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოეთის ნებისმიერი მემკვიდრეობა დღესაც უპირობოდ დადებითად მიაჩნიათ. ვგულისხმობ განსხვავებულისადმი დამოკიდებულებას. ალბათ გახსოვთ, საბჭოეთში იმდენად მიუღებელი იყო განსხვავებულობა, რომ ავადმყოფობაც, როგორც ადამიანის განსხვავებულობის ერთ-ერთი ფორმა, არავის უნდა სცოდნოდა, უნდა დაემალათ. 

3) აღზრდაში ორმაგი სტანდარტების უარყოფით გავლენაზე იმდენია უკვე ნათქვამი, თავს აღარ შეგაწყენთ. მრავალფეროვნებასთან მიმართებით კიდევ უფრო მკვეთრია ეს ორმაგი დამოკიდებულება, რაც ხელს გვიშლის მრავალფეროვნების სიკეთის აღიარებასა და გამოყენებაში. წიგნის „კულტურები და ორგანიზაციები. გონების პროგრამული უზრუნველყოფა” ავტორები აღნიშნავენ, რომ „მულტიკულტურულ სამყაროში გადარჩენის მთავარი გზა ჯერ – საკუთარი კულტურული ღირებულებების გააზრებაა (სწორედ ამისთვის სჭირდება ადამიანს საკუთარი კულტურული იდენტობა), მერე კი იმ ადამიანების კულტურული ღირებულებებისა, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. ადამიანი ღირებულებებს ძირითადად თავისი ცხოვრების პირველი ათი წლის განმავლობაში იძენს. მათი ათვისება უფრო მეტად დაკვირვებებისა და უფროსების მიბაძვის გზით ხდება, ვიდრე ინდოქტრინაციისა. მშობლების ცხოვრების კულტურა ქმნის ბაზას ბავშვის კულტურული იდენტობისთვის. ის, როგორ საუბრობენ და იქცევიან მშობლები სხვა კულტურათა წარმომადგენელ ადამიანებსა და ჯგუფებთან მიმართებით, განსაზღვრავს ბავშვის გონების ღიაობას ან, პირიქით, ჩაკეტილობას კულტურათაშორისი გაგებისათვის… დღეს ადამიანთა მოდგმას თვით ადამიანებისავე მიერ შექმნილი რამდენიმე უბედურება ემუქრება და ისინი უფრო მეტად კულტურული საფრთხეებია, ვიდრე ბუნებასთან დაკავშირებული… კულტურათაშორისი თანამშრომლობა გახდა კაცობრიობის გადარჩენის უპირველესი და აუცილებელი წინაპირობა”.

4) 2012 წლიდან საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებელი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია ტემპუსის პროექტში „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის – DOIT (Development of International Model for Curricular Reform in Multicultural Education and Cultural Diversity Training)”. პროექტი ინიცირებულია გორდონის განათლების კოლეჯის (Academic Gordon College of Education) მიერ და მისი კოორდინატორია დოქტორი რონდა სოფერი (Dr. Rhonda Sofer). გარდა ისრაელის მხრივ შვიდი უმაღლესი სასწავლებლისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა, პროექტში ჩართულია ევროპის ექვსი უმაღლესი სასწავლებელი. კონსორციუმის რიცხოვნობა და მასშტაბი ცხადყოფს მულტიკულტურული განათლების აქტუალობას მასში ჩართული ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, საზოგადოდ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი მულტიკულტურული განათლების მიმართულებით, მიხარია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა სასწავლო მასალა თუ აქტივობა ვებპორტალის სახით მალე ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. როგორც პროექტის წევრს, მიმაჩნია, რომ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. 
ეს – მიზეზები, ეს კი – დაპირებული აქტივობა:

სათაური: კარგი ვაშლები

კლასი:  სკოლამდელი ასაკი – მე-5 კლასი (მიუხედავად იმისა, რომ ავტორს კონკრეტული ასაკი აქვს მითითებული, ამ აქტივობას ხალისით ასრულებენ სტუდენტებიც).

საგნებთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ისტორია, გეოგრაფია (ან როგორც თემა `ინდივიდუალური განსხვავებების~ ნაწილი)
საჭირო დრო: 35 წუთი.

მოკლე შინაარსი:  ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემისა და მიღების/გაზიარების უნარს. ხშირად ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ მსგავსების პირობებში, ეშინიათ იყვნენ განსხვავებულები/გამორჩეულები ან დაუახლოვდნენ იმას, ვინც განსხვავებულია. მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდუალურ განსხვავებათა გაგებას და პატივისცემას.
მიზანი: 

·ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანები გარეგნულად შესაძლოა განსხვავდებოდნენ, მაგრამ შინაგანად ერთმანეთს ჰგვანან; 
·ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანთა კულტურული განსხვავებები საზოგადოებისთვის ღირებულია; 
·ამგვარი განსხვავებები ჩვენს ცხოვრებას ხარისხიანს, საინტერესოსა და ფასეულს ხდის; 
·ბავშვები გააცნობიერებენ, რომ, მიუხედავად განსხვავებულობისა, ჩვენ მრავალი საერთო გვაქვს. 
მასალები: 

·თითო ვაშლი ყოველი მოსწავლისთვის (ასევე – დამატებით რამდენიმე ვაშლი). ვაშლები უნდა იყოს სხვადასხვა ზომისა, ფორმისა და ფერისა. ასევე კარგი იქნება, თუ შევარჩევთ `განმასხვავებელი თავისებურებების~ მქონე ვაშლებს – ფოთლებიანს, ნაოჭებიანს, ხაზებიანს, ლაქებიანს, დაჟეჟილს;
·მჭრელი დანა;
·თაბახის დიდ ფურცელზე ან დაფაზე დახატული დიდი ვაშლი წარწერით „კარგი ვაშლი”;
·მცირე ზომის ქაღალდის (თუ შესაძლოა, სხვადასხვა ფერისა, ან თავად გააფერადონ) ვარსკვლავი ყოველი ბავშვისთვის;
·მცირე ზომის ქაღალდის ვაშლი (თუ შესაძლოა, სხვადასხვა ფერისა ან თავად გააფერადონ) ყოველი ბავშვისთვის.
გაკვეთილის მსვლელობა: 

1. უთხარით მოსწავლეებს, რომ გსურთ დაადგინოთ ადამიანთა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. 
2. დაალაგეთ ვაშლები მოსწავლეების წინ მაგიდაზე და აარჩევინეთ ყოველ მათგანს თითო ვაშლი.
3. სთხოვეთ, კარგად დააკვირდნენ და იპოვონ მისი განსაკუთრებული (სპეციფიკური) თავისებურება.
4. სთხოვეთ, მოიგონონ ამბავი საკუთარ ვაშლზე და უამბონ მეგობარს. შესაძლოა დავუთმოთ დრო მათ მიერ შეთხზული ამბების მთელი კლასისთვის გაზიარებას.
5. უთხარით, ვაშლები მაგიდაზე დააბრუნონ. ვაშლები აურიეთ და სთხოვეთ მოსწავლეებს „საკუთარი” ვაშლის პოვნა.
6. როდესაც ადგილებზე დაბრუნდებიან, ჰკითხეთ, როგორ ამოიცნეს საკუთარი ვაშლი (ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ფერზე, ფორმაზე, ზომასა და განსაკუთრებულ თავისებურებებზე).
7. ჰკითხეთ, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ადამიანებთან. სთხოვეთ შექმნან ადამიანთა განსხვავებული თავისებურებების სია. იმსჯელეთ განსხვავებულობის მნიშვნელობაზე.
8. სთხოვეთ ადამიანთა საერთო ნიშნების ჩამონათვალის შექმნა (შეიძლება, ასეთი სიები მცირე ჯგუფებში ან წყვილებში შეიქმნას და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ). 
გაკვეთილის შეჯამება: შეაჯამეთ ადამიანთა ინდივიდუალური განსხვავებისა და მსგავსების მნიშვნელობა. უთხარით, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საერთო ნიშანია მათში არსებული ვარსკვლავი – რაღაც განსაკუთრებული, რაც შიგნიდან ასხივებს და მათ (და სხვებსაც) ყველაზე მეტად მოსწონთ საკუთარ თავში. სწორედ ასევე ყოველ ვაშლში დამალულია ვარსკვლავი. გაჭერით ყოველი ვაშლი ორად, მაგრამ არა ჩვეულებისამებრ სიგრძეზე, არამედ სიგანეზე. დაანახვეთ თითოეულ ბავშვს ვარსკვლავი მათ ვაშლში. დაურიგეთ ქაღალდის ვაშლები და ვარსკვლავები. სთხოვეთ, დახატონ ვარსკვლავზე საკუთარი თავი და დააწებონ ვაშლის შუაგულში. სთხოვეთ, დაწერონ ვარსკვლავზე 5 თავისებურება, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის და ვარსკვლავივით ბრწყინვის საშუალებას აძლევს. სთხოვეთ, თავიანთი ვაშლები დააწებონ თაბახის დიდ ფურცელზე დახატულ დიდ ვაშლზე. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ერთმანეთს გაუზიარონ აზრი საკუთარი ვარსკვლავის, საკუთარი ღირსებებისა და ინდივიდუალობის შესახებ. აქტივობის დასასრულს მოსწავლეები ვაშლებს მიირთმევენ.

მაფორმირებელი შეფასება: დაკვირვების ფურცელი, რომელზეც ვინიშნავთ მოსწავლეების ჩართულობას. 
შეფასება: დასრულებული თაბახის ფურცელი „კარგი ვაშლი”, რომლითაც ვამოწმებთ, რამდენად კარგად გაიგეს. 
აქტივობის ზოგადი და სპეციფიკური შედეგები: 

საუბარი და მოსმენა, კითხვების დასმა და კითხვებზე პასუხი, მითითებების შესრულება, ინფორმაციის თავმოყრა, გაგება, ცოდნის დემონსტრირება.

მოსწავლეები გაიგებენ, რომ:

·გეოგრაფიული და ადამიანური თავისებურებები ქმნის კულტურას და განსაზღვრავს რეგიონებს;
·ადამიანური ფაქტორი და რესურსების თავისებურებები და განაწილება გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე და მოსახლეობის მიგრაციაზე;
·დედამიწას ახასიათებს კულტურული მოზაიკის თავისებურებები, განაწილება და სირთულე;
·ადამიანსა და გარემოს შორის მუდმივი ურთიერთკავშირია.
აქტივობის ბოლოს ჩემს სტუდენტებს „პატარა უფლისწულიდან” მელიისა და უფლისწულის საუბარს ვახსენებ ხოლმე: 

„ამ დროს მელია გამოჩნდა.
– გამარჯობა, – მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.
– გაგიმარჯოს, – თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.
– მე აქა ვარ, – გაისმა ხმა, – ვაშლის ხის ძირას.
– ვინა ხარ? – შეეკითხა პატარა უფლისწული, – სანდომიანი იერი გაქვს…
– მე მელია ვარ, – მიუგო მელიამ.
– მოდი მეთამაშე, – შესთავაზა პატარა უფლისწულმა, – ძალიან უბედური ვარ.
– შენთან თამაში არ შემიძლია, – მიუგო მელიამ, – მე მოუშინაურებელი მელია ვარ.
– მომიტევე, – უთხრა პატარა უფლისწულმა. და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:
– რა არის „მოშინაურება”?
– შენ აქაური არ უნდა იყო, – უთხრა მელიამ, – რას დაეძებ აქ?
– ადამიანებს დავეძებ, – თქვა პატარა უფლისწულმა – რა არის „მოშინაურება”?
– ადამიანებს, – თქვა მელიამ, – თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?
– არა, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება”?
– ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.
– მიჩვევას?
– სწორედ მაგას, – მიუგო მელიამ. – შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არ მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის…
– მგონი მიგიხვდი, – თქვა პატარა უფლისწულმა, – ერთ ყვავილს ვიცნობ… მან, მგონი, მომიშინაურა…
– შეიძლება, – მიუგო მელიამ, – რა არ ხდება ამ დედამიწაზე.
– ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, – თქვა პატარა უფლისწულმა.
მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.
– სხვა პლანეტაზე მოხდა?
– დიახ.
– მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
– არა.
– საინტერესოა! ქათმები?
– არა.
– სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, – ამოიოხრა მელიამ. და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

– ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა, მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში…

მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
– მომიშინაურე!.. – შეევედრა იგი უფლისწულს.
– სიამოვნებით მოგიშინაურებდი, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.
– მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, – თქვა მელიამ. – ახლა ადამიანებს დრო არ ჰყოფნით, რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.
– როგორ უნდა მოგიშინაურო? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
– ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, – მიუგო მელიამ. – ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები…
მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.
– უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, – უთხრა მელიამ, – მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება, როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.
– რიტუალი რა არის? – შეეკითხა პატარა უფლისწული.
– ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, – მიუგო მელიამ. – რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისგან, ერთ საათს – დანარჩენი საათებისგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.
ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.
– ო!.. – ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.
– შენი ბრალია, – უთხრა პატარა უფლისწულმა. – მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე…
– მართალია, – თქვა მელიამ.
– ახლა კი უნდა იტირო!
– მართალია.
– მერედა, რა მოიგე?
– დიახაც მოვიგე, – მიუგო მელიამ, – მოიგონე, რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.
და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

– წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.
პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

– თქვენ სრულებით არ ჰგავხართ ჩემს ვარდს, – უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, – თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე. თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

– თქვენ მშვენიერნი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გაწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხოებს (თუმცა ორი თუ სამი არ მოვკალი – პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.
– მშვიდობით… – უთხრა მან მელიას.
– მშვიდობით, – მიუგო მელიამ. – აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
– თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
– თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
– თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
– ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…
– ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი”.
ყველა ჩვენგანში კულტურით, რელიგიით, სქესით, რასით, სტერეოტიპებით, ტრადიციებით, აღკაზმულობითა და სხვა ზედაპირულობებით დაჩრდილული განსაკუთრებული ვარსკვლავი ანთია. ამ ვარსკვლავის პოვნას, ადამიანების მოშინაურებას და გულით ხედვას გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი