ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ განვუვითაროთ ბავშვს მათემატიკური აზროვნების უნარი

მათემატიკის როლი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში უაღრესად დიდია. ის აზროვნების, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ბავშვების უმრავლესობას მათემატიკა არ უყვარს და მისი სწავლა უჭირს. ამ საგანში ცუდი ნიშნის მიღებისას ისინი, როგორც წესი, ამბობენ, რომ მათემატიკის ნიჭი არ აქვთ და ვერასოდეს შეძლებენ ამ საგანში სასურველი ნიშნის მიღებას. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რისი ბრალია, რომ ჩვენს სკოლებში არცთუ ისე ბევრია მოსწავლე, რომლისთვისაც მათემატიკა საყვარელი საგანია და რომელიც მას სიამოვნებითა და გატაცებით სწავლობს? ნუთუ მართლა საჭიროა სპეციფიკური მათემატიკური ნიჭი, რათა ბავშვმა მათემატიკის სასკოლო კურსი დაძლიოს?

პრაქტიკა მოწმობს, რომ სასკოლო მათემატიკა არ არის იმდენად რთული, რომ მის არს მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ჩასწვდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ სასკოლო საგნებს შორის ის ყველაზე მეტად მოითხოვს თანმიმდევრულობასა და სისტემატურობას. არც ერთი სასკოლო საგანი არ არის ისე მგრძნობიარე არათანმიმდევრულობისა და არასისტემატურობის მიმართ, როგორც მათემატიკა. ისტორიაში, გეოგრაფიასა თუ ნებისმიერ სხვა საგანში ორი-სამი საკითხის გამოტოვების შემდეგ ბავშვმა მომდევნო საკითხი შესაძლოა კარგად ისწავლოს და მაღალი შეფასებაც დაიმსახუროს, მათემატიკაში კი ეს თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობა და სისტემატურობა ნებისმიერი საგნის შესწავლას სჭირდება, მაგრამ მათემატიკა ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია. მათემატიკის მასწავლებელს ბავშვის ცოდნის აგებისას ჯაჭვის რგოლებივით უწევს საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება. ხშირად ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლის ამოვარდნაც კი საკმარისია, რომ ის დაირღვეს და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს მის აღსადგენად. თუ ბავშვს აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დავეხმარებით, ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს მისი აზროვნების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მას დიდად დაეხმარება სხვა საგნების სწავლაში. ბავშვი, რომელმაც კარგად იცის მათემატიკა, სხვა საგნებშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. ამაში მას სწორედ მათემატიკური აზროვნება ეხმარება.

მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. აზროვნების მათემატიკური სტილი არც ისე რთულია, როგორც ბევრს ჰგონია. სავსებით შესაძლებელია, ბავშვი საკმაოდ ადრე, თანაც ყოველგვარი სირთულის გარეშე დაეუფლოს მათემატიკურ აზროვნებას და მათემატიკა ისეთივე ახლობელი და ბუნებრივი გახდეს მისთვის, როგორიც სამეტყველო ენაა. საკმარისია, მივაწოდოთ მას „საზრდო” მათემატიკური უნარების განვითარებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ადრე ვასწავლოთ ბავშვს ასამდე თვლა, შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა. ერთადერთი აუცილებელი რამაა, ბავშვმა რაც შეიძლება ადრე აითვისოს ძირითადი მათემატიკური ცნებები, რაც ადვილად ხერხდება თამაშით.

ბავშვს მათემატიკა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში უნდა გავაცნოთ სახალისო ფორმით, რათა მომავალში მისი სრულყოფილად დაუფლების სურვილი გაუჩნდეს. ამისთვის კარგი იქნება მათემატიკური ცნებების გაცნობა მხიარულ გარემოში, ბავშვის ცხოვრების ბუნებრივი რიტმის დარღვევისა და ინფორმაციის თავს მოხვევის გარეშე. მაგ., ბავშვს ადვილად შეიძლება ვასწავლოთ თვლა ყოველდღიურ ცხოვრებაში – სუფრის გაშლისას ვთხოვოთ, მაგიდაზე დააწყოს 5 კოვზი და 5 ჩანგალი, გამოიღოს კარადიდან 10 კანფეტი და 5 ვაშლი, ვკითხოთ, რამდენი ყური აქვს მის საყვარელ ცუგას, წიგნის კითხვისას შევჩერდეთ და ვკითხოთ, რამდენი ცხოველი და რამდენი ადამიანი შეგვხვდა წაკითხულ ნაწილში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალდატანებითი სწავლება უშედეგოა, ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესი რაც შეიძლება სახალისო უნდა იყოს. სახალისო მათემატიკა ნიღბავს იმ მათემატიკას, რომელსაც ბევრი მშრალ, უინტერესო, ცხოვრებისგან შორს მდგომ მეცნიერებად მიიჩნევს.

მართალია, ბავშვების უმრავლესობას მათემატიკა ყველაზე რთულ საგნად მიაჩნია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათემატიკის სწავლება სკოლაში მისვლისას არ იწყება; ბავშვს სკოლამდელ ასაკშივე უნდა ჰქონდეს ელემენტარული მათემატიკური ცოდნა და შეეძლოს:

▪ ათამდე თვლა ზრდადი და კლებადი მიმართულებით;

▪ ციფრების ცნობა როგორც თანმიმდევრობით, ისე არეულად;

▪ რაოდენობითი (ერთი, ორი სამი…) და რიგობითი (პირველი, მეორე მესამე…) რიცხვითი სახელების ცნობა ერთიდან ათამდე;

▪ რიცხვების ცნობა ათის ფარგლებში, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;

▪ ძირითადი გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) ცნობა და გამოსახვა;

▪ რამის გაყოფა 2-4 თანაბარ ნაწილად;

▪ საგნების შედარება რაოდენობის (მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა), ზომის (დიდი, პატარა), სიმაღლის (მაღალი, დაბალი) მიხედვით;

▪ კვირის დღეებისა და დღე-ღამის ნაწილების განსხვავება და მათი შესაბამისი სახელებით აღნიშვნა.

სწავლების საწყის ეტაპზე ბევრს უჭირს მათემატიკის ძირითადი ცნებების შესწავლა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს ცნებები ძალზე აბსტრაქტულია, ბავშვი მათ ვერც შეეხება და ვერც დაათვალიერებს. აბსტრაქტულ მათემატიკურ ცნებებს ჩვენ კონკრეტულად ვერ ვაქცევთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ ეს ცნებები კონკრეტული მასალის საშუალებით მივაწოდოთ ბავშვს. აბსტრაგირებაზე გადასვლამდე ბავშვმა უნდა მიიღოს კონკრეტული გამოცდილება კონკრეტული საგნებით მოქმედებისას – ისწავლოს შედარება, საგნების დალაგება რიგის მიხედვით, გაზომვა და ა.შ.

ხშირად მათემატიკით დაინტერესებას ის ართულებს, რომ ბავშვის ვერ ხედავს ამ საგნის საჭიროებას, მისი შესწავლის აზრს. მას ესმის, რომ ასოების შესწავლა კითხვაში დაეხმარება, მაგრამ მათემატიკურ სიმბოლოებში ის ვერავითარ აზრს ვერ პოულობს. ასეთ დროს ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მათემატიკა სჭირდება ყველა ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა. ელემენტარული მათემატიკური ცოდნის გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას შეიძლება შევეჯახოთ. რაც მთავარია, მათემატიკის გარეშე შეუძლებელია რაიმე ტექნიკური აღმოჩენის გაკეთება. სასურველია, ვესაუბროთ ბავშვს ეგვიპტური პირამიდების მშენებლობასა და კოსმოსურ მისიებზე, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ მათემატიკის ცოდნის გარეშე სერიოზულ მიღწევებზე საუბარი შეუძლებელია.

არსებობს აზრი, რომ მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია. ამა თუ იმ მეცნიერების მოწიფულობა, ჩვეულებრივ, იმით განისაზღვრება, რა ზომით იყენებს ის მათემატიკას. ისეთი მეცნიერება, რომლის საგნის მათემატიკურად გამოსახვა ვერ ხერხდება, არც კი შეიძლება დასრულებულ მეცნიერებად ჩაითვალოს. ამდენად, კარგი იქნება, თუ ბავშვს ავუხსნით, რომ თუნდაც მომავალში ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც მათემატიკასთან არ იქნება დაკავშირებული, მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური უნარები მას მაინც გაუადვილებს წარმატებას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი