ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვიმუშაოთ უყურადღებო, იმპულსურ და ჰიპერაქტიურ ბავშვებთან

კლასის მაღალი აკადემიური მოსწრება, გარკვეულწილად, მოსწავლეთა დისციპლინაზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები  კლასში უდისციპლინო მოსწავლეებს უჩივიან. ამ ბავშვების არასწორი ქცევა მრავალ ქმედებაში ვლინდება. ასე, მაგალითად: 

·უნებართვოდ დადიან გაკვეთილზე;
·არ ელოდებიან თავიანთ ჯერს;
·ღეჭავენ  და ისვრიან კალმებს ან სხვა ნივთებს;
·ავიწყდებათ სასწავლო სახელმძღვანელოების მოტანა და დავალებების შესრულება;
·საუბრისას გისმენენ, მაგრამ არ აკეთებენ იმას, რაც დაავალეთ;
·ახასიათებთ პასუხების უნებართვოდ წამოძახება;
·ძვრებიან მერხებზე და ფანჯრის რაფებზე;
·იქნევენ კიდურებს და შეიძლება თანაკლასელს რამეც ატკინონ;
·სწრაფად ბრაზდებიან და ვერ აკონტროლებენ ემოციებს, უსასრულოდ ეკამათებიან მასწავლებლებს.
ასეთ ბავშვებს მასწავლებლები „ცუდ ბავშვებად” მოიხსენიებენ, მიაჩნიათ, რომ ცუდი ქცევა ცუდი აღზრდის შედეგია. მათთან მუშაობის გავრცელებული ხერხია უკანა მერხზე გადასმა ან კლასიდან გარეთ გაშვება. ყურადსაღები ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქცევები, გონებრივი დარღვევების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-IV, Diagnostic and Statistical Manual and Mental Disorders) თანახმად, მიეკუთვნება  ქცევის დარღვევას, რომელსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (Attention Deficit Hyperactivity Disorder  – ADHD) უწოდებენ. 
მასწავლებლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შესაძლებელია, რომ ყოველ კლასში, სულ მცირე, ერთი ჰიპერაქტიური მოსწავლე მაინც იმყოფებოდეს. ხშირად საქმეს ისიც ართულებს, რომ ბავშვის ქცევის დარღვევის მიზეზს მშობლები მალავენ. მასწავლებლები მომზადებული უნდა დახვდნენ ჰიპერაქტიურ მოსწავლეებთან შეხვედრას.
მასწავლებლები გულისხმიერი ადამიანები არიან და გულგრილად არ უყურებენ დისციპლინურ გადაცდომებს, მით უმეტეს, თუ ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინიშნება და აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. ამ დროს მათ დიდი სიფრთხილე მართებთ. პირველ რიგში, საჭიროა, რთული ბავშვის უკანა მერხიდან წინ, მასწავლებლის სიახლოვეს გადმოსმა და შემდეგ დაკვირვება, ყურადღების გაფანტულობაც ხომ არ შეიმჩნევა მასში. თუ უყურადღებობა სერიოზულია და სისტემატურ  ხასიათს ატარებს, მაშინ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს მშობელს ბავშვის არასწორი ქცევების შესახებ და თან ისე, რომ მას თავდაცვის რეაქცია არ გაუჩნდეს. როგორც ვთქვით, მშობლები ხშირად დუმილს ამჯობინებენ ბავშვის ქცევის დარღვევაზე საუბარს. ამ სინდრომის მქონე ბავშვის კეთილდღეობისთვის აუცილებელია მშობლის, მასწავლებლის და ფსიქოლოგის თანამშრომლობა.
ADHD-ის სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე მეტ-ნაკლებად მსგავსი სამედიცინო ტესტი არსებობს. ყველა მათგანი ეყრდნობა კარგად განსაზღვრულ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, რომლებიც DSM-IV-შია დასახელებული. ამ კრიტერიუმებსა და სხვა საჭირო საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით,  შესაძლებელია როგორც მოზარდის, ასევე ზრდასრულის ზუსტი დიაგნოსტიკა, რისთვისაც ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ.
ADHD-ის სამ ფორმას გამოყოფენ (ჰიპერაქტიურ-იმპულსურს, უყურადღებოს და კომბინირებულს). სამივე მათგანს, გარკვეულწილად, შემდეგი ნიშნები ახასიათებს: 
·ADHD-ის მქონე ბავშვები ყოველთვის ცქმუტავენ და მოუსვენრობენ. ისინი მუდმივად იქნევენ ხელ-ფეხს და გამუდმებით წრიალებენ;
·არ შეუძლიათ მჯდომარე მდგომარეობაში გაჩერება. თუ სხედან, მოუსვენრად იქცევიან, მოულოდნელად წამოდგებიან და დადიან;
·გამოცდილებიდან ცოდნას ვერ იძენენ. ვერ იმახსოვრებენ თავს გადამხდარი ამბის შედეგებს; 
·დარბიან და დაცოცავენ გადამეტებულად. ბავშვობასა და მოზარდობაში ასეთ ქცევებს მოუსვენრობად აღიქვამენ;
·ვერ ელოდებიან თავიანთ ჯერს; 
·ახასიათებთ უადგილო ჩარევა საუბარში და პასუხების წამოძახება; 
·ვერ მიყვებიან მითითებებს, რაც არ უნდა მარტივი იყოს ისინი, რადგან არ უსმენენ მოსაუბრეს; 
·ვერ იმახსოვრებენ რამდენიმე მითითებას. მათთვის საჭიროა გრძელი მითითებების შემოკლება და გამარტივება, შემდეგ კი რამდენჯერმე მშვიდად გამეორება; 
·საუბრისას თანამოსაუბრეს თითქოს არ უსმენენ. შეიძლება რამდენჯერმე გაუმეოროს მასწავლებელმა, გადაშალე წიგნიო, ბავშვს კი რეაქცია არ ჰქონდეს;
·ეკარგებათ როგორც სასკოლო ნივთები, ასევე სათამაშოები;
·არიან უწესრიგოები. ვერ ასრულებენ დავალებებს, რადგან არ იციან, როგორ მიიყვანონ ისინი ბოლომდე;
·ვერ ახდენენ ყურადღების კონცენტრირებას. არ სიამოვნებთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც მათგან დაფიქრებას მოითხოვს;
·არ შეუძლიათ წინასწარ განჭვრეტა. ხშირად იმ წიგნებს ტოვებენ სკოლაში, რომლებიდანაც დავალებები აქვს სახლში მოსამზადებელი;
·არიან გულმავიწყები; 
·არ შეუძლიათ მოქმედებებსა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ოც წუთში ეკარგებათ ინტერესი წამოწყებული საქმის მიმართ;
·გააჩნიათ საკუთარი სამყარო. ხშირად ოცნებობენ და ემიჯნებიან რეალობას სავარძელზე მოკლათებულნი ან საწოლზე წამომჯდარნი. ასეთ დროს მათთვის სხვა ყველაფერი  შეუმჩნეველია. 
ზემოთ აღწერილი ქცევების ხანდახან გამოვლენა ბავშვებისთვის დასაშვებია, მაგრამ თუ მათ ასეთი ქცევები ხანგრძლივად აღენიშნებათ, მაშინ მშობელმა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. ADHD-ის დადგენის შემთხვევაში საშველი არსებობს.
უახლესი გამოკვლევების თანახმად, გონებრივმა სავარჯიშოებმა შესაძლოა გააუმჯობესოს თავის ტვინის მსჯელობასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი კომპონენტები. 
ADHD-ის ძირითადი ნიშნები: იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა აღმასრულებელი ფუნქციების დარღვევებითაა გამოწვეული. ეს ფუნქციები გულისხმობს იმპულსების შეკავებას, პრობლემების გადაჭრას, ინფორმაციის გახსენებას, დაგეგმვას, ყურადღების კონცენტრირებას. აღმასრულებელი ფუნქციების, რომლებიც მუშა მეხსიერების ნაწილია, შესრულებას განაპირობებს თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი. ფაქტობრივად, ADHD-ის დროს მუშა მეხსიერების  პრობლემებთან გვაქვს საქმე.
მუშა მეხსიერებას ხანმოკლე მეხსიერებასაც უწოდებენ. ეს არის მეხსიერების დროებითი სისტემა, რომელიც საჭიროა ისეთი რთული კოგნიტური ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა მსჯელობა, დასწავლა, გაგება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მუშა მეხსიერების ტევადობისა და ფუნქციონირების მიხედვით. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომელებსაც განვითარებული აქვთ პრობლემების გადაჭრის, იმპულსების შეკავების და მსჯელობის უნარი, დიდი ტევადობის მუშა მეხსიერება აქვთ.  ფსიქოლოგები მუშაობენ მუშა მეხსიერების ტევადობის გაზრდაზე, რაც ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის სასარგებლო აღმოჩენა იქნება. 
საკლასო ოთახში მუშაობის დროს მუშა მეხსიერება მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია. მაგალითად, მუშა მეხსიერება მცირე ხნის განმავლობაში იმახსოვრებს იმ წინადადებას ან ახალ სიტყვას, რომელიც მოსწავლეს უკარნახეს და მან უნდა ჩაიწეროს. მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვაზე გავლენას ახდენს ყურადღება, რომელიც თუ დაირღვა, მყისვე ამოვარდება გონებიდან დამახსოვრებული სიტყვა ან წინადადება. 

პატარა ტევადობის მუშა მეხსიერების მქონე მოსწავლეებს უჭირთ გრძელი მითითებების დამახსოვრება და მათი თანმიმდევრული შესრულება. ამის გამო ისინი სათანადო სისწრაფით ვერ ერთვებიან მიმდინარე საკლასო დავალების შესრულებაში. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ ყურადღება არ მიუქცევიათ, რა დაავალეს, სინამდვილეში კი უკვე დაავიწყდათ, ამოუვარდათ ხანმოკლე მუშა მეხსიერებიდან  დავალების შესასრულებლად გამოსაყენებელი მითითებები. მაშინ ისინი გართულებულ საქმეს თავს ანებებენ და ბოლომდე აღარ მიჰყავთ, ამიტომაც  აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება. 
დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობისას გვირჩევენ გამოვიყენოთ ვიზუალური მასალა. ახალი სიტყვის ახსნის დროს, თუ შესაძლებელია, უნდა ვაჩვენოთ ეს საგანი. მოსწავლეს უნდა შევუქმნათ საშუალება, შეეხოს ამ საგანს ხელით, დაათვალიეროს ის, დააკავშიროს სხვა სიტყვებთან, ან მოუძებნოს რითმა. როგორც დაწყებით, ასევე მაღალ საფეხურზე ADHD-ის მქონე მოსწავლეების სწავლებისას მისაღებია გაკვეთილის თეატრალიზება. უნდა წავახალისოთ გუნდური მუშაობა, რომელიც  ასეთ მოსწავლეებს დაეხმარება კლასთან სოციალიზაციაში. გუნდთან ერთად მიღწეული დადებითი შედეგი ზრდის მოსწავლეების თვითშეფასებას.
 
ჰიპერაქტიურ მოსწავლეებს სჭირდებათ ყურადღების ხშირად მიქცევა და შექება. აკადემიური ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასურველია ერთი გაკვეთილის განმავლობაში მათი სხვადასხვაგვარი სავარჯიშოებით დასაქმება, რათა არ დაეკარგოთ ინტერესი მიმდინარე დავალებისადმი. 
მუშა მეხსიერებას ავარჯიშებს არა მარტო მათემატიკური ამოცანები, არამედ უცხო ენების შესწავლისთვის გამოსაყენებელი სავარჯიშოებიც, რომლებიც ენის შესწავლის გარდა სააზროვნო ფუნქციებსაც ააქტიურებს. ისეთი სავარჯიშოები, როგორიცაა წინადადების წაკითხვა და “ჭეშმარიტის ან მცდარის” ამოცნობა, მოითხოვს წაკითხული სიტყვების მცირე ხნით დამახსოვრებას. ეს სავარჯიშოები გამოიყენება როგორც მუშა მეხსიერების მიერ ინფორმაციის დამუშავების პროცესის გასაზომად, ასევე გასავარჯიშებლად.
წაკითხული წინადადებებიდან დამახსოვრებულის დასახელება, მაგ., ბოლო სიტყვის ან სიტყვების გამეორება ავარჯიშებს მუშა მეხსიერების ტევადობას.
მუშა მეხსიერების გასავარჯიშებელ სავარჯიშოებში შედის სიტყვათა მარაგზე დაფუძნებული სავარჯიშოებიც, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: პერცეპტუალურად და ექსპრესიულად (აღქმითი და გამომხატველობითი). პერცეპტუალური ავარჯიშებს მუშა მეხსიერების ტევადობას, ექსპრესიული კი –  მის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესს. ასეთი სავარჯიშოებია წაკითხულის გაგება – ჭეშმარიტია/მცდარია, ზედმეტი სიტყვის გამორჩევა, მოცემული სიტყვის ან სიტყვების განმარტება და სხვ.
ADHD-ის მქონე ბავშვებისადმი საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა, რათა მათ შეიძინონ ცოდნა და სასარგებლო მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ მათთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელია ის მითითებები, რასაც ფსიქოლოგები მათზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გვირჩევენ:
·ყურადღების დეფიციტიანი მოსწავლე დასვით წინ, თქვენთან ახლოს და ხშირად მიაქციეთ ყურადღება;
·იმპულსური ბავშვების დასაწყნარებლად შეიძლება გამოიყენოთ მშვიდი მუსიკა, რომელიც მათ აწყნარებს;
·ესაუბრეთ მშვიდად და აუღელვებლად. თქვენი საუბარი მათ დაამშვიდებს. მასწავლებლის აწეული ტონი უარესად აფორიაქებთ ბავშვებს;
·ADHD-ის მქონე ბავშვები შესაძლოა არ გისმენდნენ ან ყურადღება ეფანტებოდეთ, როდესაც საშინაო დავალებაზე ესაუბრებით. დაწერეთ საშინაო დავალება დაფაზე, თანაც ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, რათა იცოდნენ, საიდან შეძლებენ დავალების ჩანიშვნას მოგვიანებით;
·დროდადრო  შეამოწმეთ, რა გაიგეს ბავშვებმა. უთხარით, გაიმეორონ, რა არის საშინაო დავალება;
·ყოველთვის მოიტოვეთ დრო ზარის დარეკვამდე და გაუმეორეთ მოსწავლეებს, ჩაინიშნონ დავალება;
·საკლასო დავალებების მითითებამდე მოითხოვეთ, მოსწავლეებმა შემოგხედონ თვალებში. მაშინ ADHD-ის მქონე მოსწავლე უყურადღებობას ვეღარ გამოავლენს და ვერც დაგემალებათ;
·თუ სკოლას ელექტრონული ჟურნალი გააჩნია, აუცილებლად შეიტანეთ მასში საშინაო დავალება, რათა სახლში მშობლებსაც შეეძლოთ მისი ნახვა და ბავშვებსაც, იმ შემთხვევაში, თუ მათ გაკვეთილზე ჩანიშვნა მაინც გამორჩათ;
·ისაუბრეთ ნელა და ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ გადაეცით. თუ ბავშვის მუშა მეხსიერება მცირე ტევადობისაა, ის ვერ დაიტევს თქვენს ნათქვამს და მალე დაკარგავს იმ ძაფს, რომელსაც მოყვებოდა მოსმენილის გასაგებად;
·იმუშავეთ მოსწავლეების მუშა მეხსიერების გაუმჯობესებაზე;
·ეცადეთ, გაკვეთილებს ინტერაქტიური სახე ჰქონდეს. გაამეორებინეთ მოსწავლეებს თქვენი ნათქვამი, რათა ამ გზით მაინც დაიმახსოვრონ;
·რამდენჯერმე შეახსენეთ მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად, შემაჯამებელი სამუშაოს დღე;
·წაახალისეთ და დააჯილდოვეთ ქულებით მოსწავლე, თუ მას შესასრულებელი დავალება არ დაავიწყდა;
·სთხოვეთ მშობლებს, ძილის წინ რამდენჯერმე შეახსენონ მოსწავლეს შემდეგი დღის სახელმძღვანელოების ჩანთაში ჩადება.
ADHD როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში საკმაოდ გავრცელებული ქცევის დარღვევაა, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების 4 %-ს აქვს ეს დარღვევა, მაშინ საქართველოშიც არ უნდა იყოს ნაკლები მაჩვენებელი. 
მასწავლებლებს და მშობლებს არ უნდა გამორჩეთ ბავშვის ქცევის დარღვევა. ADHD-ს მედიკამენტებითაც მკურნალობენ, მაგრამ მასწავლებლებს მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.  მათ გონებრივი სავარჯიშოებით უნდა დაძლიონ ხანმოკლე მუშა მეხსიერების ის შეფერხებები, რაც ბიოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია.
გამოყენებული ლიტერატურა
 Foreign language acquisition and ADHD learners at primary level of education by Silvia Hvozdikova 2011, MVEK
Teaching English to children with ADHD by Natalia Turketi, https://digitalcollections.sit.edu/ipp_collection
ADHD behaviour therapy: promoting discipline and focus in kids by Nicole Sprinkle,  June/July 2004 issue of ADDitude.
School based working memory training: preliminary finding of improvement in children’s mathematical performance by Marcus Witt.  Volume 7, 2011 Advances of cognitive phsychology
https://www.gocognitive.net/video/alan-baddeley-development-working-memory-model

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“