პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

კონცეპტუალური ცხრილები როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების საშუალება

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპეტენციების განვითარებას. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების კომპეტენცია.

კრიტიკული აზროვნება როგორც ინფორმაციის დახარისხების საუკეთესო საშუალება სასწავლო ამოცანების შესრულებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. არსებობს მისი განვითარების მრავალი სტრატეგია და მიდგომა. თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს მოცემული კომპეტენციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ერთი მათგანია კონცეპტუალური ცხრილების გამოყენების სტრატეგია. დიდი მოცულობის ინფორმაციის კრიტიკული შესწავლისთვის, დამუშავებისა და ორგანიზებისთვის მას საკმაოდ ხშირად იყენებენ.

კონცეპტუალური ცხრილები მხოლოდ ობიექტის, საგნის არსებითი, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების აღმოჩენასა და გაანალიზებაში, თემის სხვადასხვა კუთხით განხილვასა და განზოგადებაში კი არ ეხმარება მოსწავლეს, არამედ განვლილი მასალის განმტკიცებისა და ცოდნის სტრუქტურირების ეფექტური საშუალებაცაა.

კონცეპტუალურ ცხრილებს როგორც სტრატეგიას უმთავრესად იყენებენ გაკვეთილის საწყის ეტაპზე ან რეფლექსიის დროს, ისიც მაშინ, როდესაც თემა აქტუალურია და მასალის კრიტიკული გააზრებისთვის საჭიროა რამდენიმე ობიექტის შედარება. ასეთ ცხრილებზე სამუშაოდ მასწავლებელი წინასწარ არჩევს თემას, თუმცა მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ შეარჩიონ შესადარებელი ობიექტები, გამოთქვან მოსაზრებები, შეავსონ და ჩაასწორონ ცხრილები და ამ მიზნით ვიზუალური მასალაც კი გამოიყენონ.

კონცეპტუალური ცხრილის გამოყენებისას ვითარდება ისეთი უნარები, როგორიცაა:

  • სისტემატიზაცია;
  • შედარება და ანალიზი;
  • ძირითადი, განმსაზღვრელი ნიშნების გამოყოფა;
  • ანალოგიის გამოყენება;
  • შესწავლილი ობიექტების შესახებ მთლიანი წარმოდგენის ფორმირება;
  • ურთიერთდაკავშირება და შეპირისპირება და სხვ.

 

კონცეპტუალური ცხრილის შაბლონი: ჰორიზონტალურად თითოეული სვეტის სათავეში იწერება ის, რაც ექვემდებარება შედარებას, რაც უნდა შედარდეს (მოვლენები, ობიექტები/საგნები), ვერტიკალურად კი ჩამოიწერება ნიშან-თვისებები, რომლებიც აუცილებელია შედარებისთვის.

განვიხილოთ კონცეპტუალური ცხრილის მაგალითი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების ბლოკიდან – საქართველო გვიან შუა საუკუნეებში“:

 

შედარების ხაზი ქართლი კახეთი იმერეთი სამცხე
პოლიტიკური ვითარება        
სტრატეგიული მდებარეობა        
მმართველობის ფორმა        
სამეურნეო-ეკონომიკური მდგომარეობა        

 

მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილზევე შესთავაზოს მოსწავლეებს მოცემული ცხრილის შევსება და ამუშაოს ისინი წყვილებად ან ჯგუფებად. თუ მოცემულ საგაკვეთილო დროში მათ ვერ მოასწრეს მუშაობის დასრულება, შეუძლიათ, შინ დაასრულონ.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების ბლოკიდან განვიხილოთ კონცეპტუალური ცხრილის გამოყენების ორი პრაქტიკული მაგალითი:

 

ა) კონცეპტუალური ცხრილი როგორც რეფლექსიის საშუალება

გაკვეთილის თემა: „კოლუმბამდელი ამერიკა“

გაკვეთილის მიზანი: კოლუმბამდელი ამერიკის კულტურის შესწავლა; ამ კულტურისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების გამოყოფა; მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი შედარების ხაზის გამოყენების გზით.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

I აქტივობა – საწყის ეტაპზე, გონებრივი იერიშის დროს, მოსწავლეებს სთავაზობენ, შეისწავლონ და განიხილონ გაკვეთილის თანმხლები ვიზუალური მასალა (კოლუმბამდელი ამერიკის კულტურის ძეგლები) და უპასუხონ კითხვას: „რომელი ხალხის კუთვნილებაა ეს ძეგლები?“

პასუხის მისაღებად მასწავლებელს შეუძლია დასვას შემდეგი ტიპის კითხვები: „სად ცხოვრობდა ეს ხალხი?“; „რა ძირითად საქმიანობას ეწეოდნენ?“; „რომელ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს?“; „რა არის გასაოცარი მათ კულტურაში?“ – და ა.შ.

 

II აქტივობა – მასალის გააზრების ეტაპზე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თემის სათაურს: „კოლუმბამდელი ამერიკა“. თემის გააზრებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რუკას, რომელზეც გამოკვეთილია მაიას, აცტეკებისა და ინკების სახელმწიფოთა ტერიტორიები. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს და გაეცნონ გაკვეთილის ძირითად ტექსტს („ისტორია“, XI კლასი, &58, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

ტექსტი პირობითად დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. მოსწავლეებს მიეცემათ ალგორითმი ტექსტზე სამუშაოდ: ტექსტის წაკითხვა; ტექსტიდან ძირითადის, მთავარის გამოყოფა და რეზიუმირება; ინფორმაციის განხილვა ჯგუფში; შედარების ხაზის შედგენა – შესადარებელი ობიექტების/საგნების/ მოვლენების გამოყოფა, ანუ კატეგორებად დაყოფა (ამისთვის შეიძლება გამოიყენონ გონებრივი იერიშის ეტაპზე დასმული კითხვები და მიღებული პასუხები).

III აქტივობაანალიზის ეტაპზე ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ „შედარების ხაზს“, რომლის საფუძველზე დასრულდება კონცეპტუალური ცხრილის შევსება. აქტივობის ბოლოს კი მოხდება მიღებული ცხრილის პრეზენტაცია:

შედარების ხაზი აცტეკები ინკები მაია
       
       

პრეზენტაციის დროს შეიძლება ყურადღება მიექცეს ასეთი საკითხის განხილვასაც: „რომელი საჭირო ინფორმაცია ვერ მოხვდა ცხრილში?“

IV აქტივობა – საშინაო დავალება: მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მისთვის ცნობილი მასალის გრაფიკული მაორგანიზებელი (ცხრილი, გრაფიკი…) ან მოიგონოს საკუთარი სქემა, რომლის შევსებაც თავად მოუნდება, გამოყოს ტექსტიდან ის შესადარებელი მასალა, რომელსაც გაკვეთილზე ვერ დაეთმო სათანადო ყურადღება ან ყურადღების მიღმა დარჩა და შეავსოს მიღებული კონცეპტუალური ცხრილი.

 

ბ) კონცეპტუალური ცხრილი როგორც გაკვეთილის ძირითადი სტრატეგია

შესასწავლი თემა: „სამხრეთი პოლუსი“ (კონტინენტების გეოგრაფიიდან)

გონებრივი იერიშის ეტაპზე მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცნება „სამხრეთი პოლუსის“ ასოციაციურ სქემას. მოსწავლეები პასუხობენ: „თოვლი“, „სიცივე“, „საფრთხე“ და ა.შ.

შემდეგ, კონცეპტუალური ცხრილის შესადგენად და შესავსებად, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად და ხაზავენ შედარების ხაზს.

ამისთვის მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას: „წარმოიდგინეთ, რომ სახიფათო მოგზაურობისთვის ემზადებით, მაგალითად, პოლუსზე მიემგზავრებით. რა დაგჭირდებათ სამოგზაუროდ?“

მოსწავლეთა პასუხები ფიქსირდება „შედარების ხაზში“. მაგალითად, „რუკები“, „სათანადო აღჭურვილობა“, „გამოცდილება“, „ჯგუფის ორგანიზება“, „კარგი ამინდი“ და ა.შ.

გააზრების ეტაპზე მოსწავლეებს სთავაზობენ ნაწყვეტებს რობერტ სკოტის და რუალ ამუნდსენის მოგზაურობის შესახებ. მოცემული ტექსტების მიხედვით მათ უნდა შეადარონ ამ მოგზაურობათა პარამეტრები, გამოიყენონ უკვე მიღებული პასუხები და შეავსონ/ან დაამატონ „შედარების ხაზი“.

ანალიზის ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ცხრილს:

შედარების ხაზი რობერტ სკოტი რუალ ამუნდსენი
ჯგუფი    
აღჭურვილობა    
გამოცდილება    
ამინდი    
————-    

საშინაო დავალება: მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება: „ჩანაწერები მოგზაურთა დღიურიდან“.

 

ამგვარი მუშაობით და კონცეპტუალური ცხრილების შევსებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციასთან სწორი კომუნიკაციის უნარი; შეძლებენ ცოდნის დამოუკიდებლად კონსტრუირებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს კი, საბოლოო ჯამში, პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნებს და ხელს უწყობს კომპეტენტური, ინტელექტუალური პიროვნების ფორმირებას. ამიტომ კონცეპტუალური ცხრილები აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“