ორენოვან ბავშვებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათთვის ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანი იმ კულტურის ერთგვარი ნიმუშია, რომელზეც საუბრობს. თუ ასეთი ადამიანი შეცდომას უშვებს, არაეთიკურად იქცევა, ისეთ რამეს აკეთებს, რაც არ მოსწონს ბავშვს, შესაძლოა, პატარამ საერთოდ არ დაილაპარაკოს მის ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გაიგებს ნაუბარს. ამდენად, ბილინგვიზმის სპეციალისტებმა კარგად უწყიან, რომ ბავშვები განასახიერებენ ენას და მათთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
რამდენადაც კულტურული განსხვავება ენობრივ დონეზე აისახება და ამავე ფორმით გამოხატულებასაც ჰპოულობს კიდეც, ვლინდება სხვაობათა სახეობები, რომლებიც ენობრივ უმცირესობათა თავისებურებებს ენობრივ კულტურათა თავისებურებებად გადააქცევს და მათ შესახებ ცოდნის შეგროვებასა და გავრცელებას აუცილებლობად აქცევს საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომლისთვისაც ამ კულტურებთან ურთიერთობა ან სავალდებულოა ან — არა, თუმცა ცხოვრებისეული მომენტები უხერხულობათა თავიდან აცილების მიზნით გარკვეული მოვალეობების წინაშე გვაყენებს.
დღესდღეობით ენობრივ კულტურებს წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობანი, სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე ადამიანები, უსინათლოები, ასევე ერთდროულად სმენისა და მხედველობის არმქონენი, რომლებთან საურთიერთოდ მთელი რიგი ენობრივი თუ ენასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნაა საჭირო.
როგორც ცნობილია, ოთხი ძირითადი ფუნქციდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად განიხილება ენის მააკუმულირებელი ფუნქცია, რამდენადაც ენაშია დაუნჯებული ეროვნული კულტურისა და კაცობრიობის მიერ შექმნილ ცივილიზაციათა ყველა მონაპოვარი, ანუ ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად. ბესარიონ ჯორბენაძე შემთხვევით როდი ამბობს, რომ “ენამ შექმნა ადამიანი” და რომ ბიოლოგიური სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ადამიანს აერთიანებს თანდაყოლილი რეფლექსები და ინტუიცია, რომ ადამიანს უნარი აქვს გამოიყენოს სხვათა (მათ შორის – დიდი ხნის წინათ გარდასულთა) მიერ მოპოვებული ცოდნა და ამის საშუალებას მას მხოლოდ ენა აძლევს. ანუ: კაცობრიობის განვითარების უწყვეტობას ენა (უკეთ: ენაში დაუნჯებული ცოდნა) და შინაგანი რწმენა განაპირობებს.
ერთი მხრივ, ენა ინახავს და ასახავს კულტურულ თავისებურებებს და ენის მეშვეობით დოკუმენტირებული რესურსები საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ არა მარტო ენების სტრუქტურულ განვითარებას, არამედ ამ ენათა მატარებელი ხალხების ისტორიულ და კულტურულ ევოლუციას, მეორე მხრივ, ენობრივი ქცევის ნორმების ცოდნა საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ ენობრივი სიტუაციიდან გამომდინარე ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირება. ამდენად, სწორად დაგეგმილ და განხორხიელებულ ენობრივი პოლიტიკას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უმცირესობათა წარმომადგენლები იმ ქვეყნის მომავალია, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ცხოვრებას მომავლშიც ვაპირებთ.
აღნიშნული საკითხებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელობას იძენს იმ ფონზეც, რომ დღესდღეობით არსებობს ენათა გაქრობის საშიშროება. გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა მსოფლიოს ლინგვისტურ რუკაზე ენათა გაქრობის პროცესი: იუნესკოს მონაცემებით, დღეისათვის 7000-მდე ენა არსებობს (36 იზოლირებული ენა, 82 – კრეოლი და 119 – ჟესტების ენა, დანარჩენი ენები 150-მდე ენათა ოჯახში არის გადანაწილებული), რომელთაგან თითქმის ნახევარს გაქრობის საშიშროება ემუქრება. სწორედ საფრთხეების გათვალისწინებით შეიქმნა იუნესკოსთან საგანგებო პროგრამა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების მსოფლიო ატლასის შესაქმნელად, რომელშიც დღეისათვის 2465 ენაა რეგისტრირებული. საქართველოში გავრცელებული ენებიდან 11 ენაა შეტანილი აღნიშნულ ატლასში, მათ შორის უდიური, წოვა-თუშური, პონტელ ბერძენთა მეტყველება, ახალ-არამეული, ლაზური. https://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის შემდეგ არაერთ მკვლევარს, მეცნიერსა თუ უბრალო მოკვდავს უღიარებია, რომ ენა კულტურის ფენომენია და, ამავდროულად, სოციუმის არსებობის განმსაზღვრელი უმთავრესი კომპონენტი და, რომ სწორედ ენა, როგორც სულიერი კულტურის მატარებელი სუბსტანტი თუ კულტურის ბინარული სისტემის შემადგენელი ცნება, მატერიალურ კულტურასთან ერთად ქმნის ერის კულტურულ პარადიგმას. ამ ამ ჭრილში ენა კულტურასთან ერთად მოიაზრება ზოგადად კაცობრიობის არსებობის აუცილებელ ატრიბუტად, ხოლო მისი (განსაკუთრებით არამატერიალური კულტურის) დაცვა და შენარჩუნება – კაცობრიობის შემდგომი არსებობის სტრატეგიულ აუცილებლობად.
კრეოლიზაცია
კულტურის, ეკონომიკის, და მეცნიერების განვითარებამ, ერთი მხრივ, და მენტალური და ინფორმაციული რესურსების გაცვლის თანამედროვე საშუალებებმა (მათ შორის მზარდმა მიგრაციულმა პროცესებმა), მეორე მხრივ, საყოველთაო გლობალიზაციას შეუწყო ხელი. კულტურათა ინტენსიურმა გაცვლამ კულტურული გლობალიზაცია გამოიწვია. კულტურათა ურთიერთგაცვლის თანამედროვე ფორმებმა კულტურათა შერევის პროცესს დაუდო სათავე და კულტურების კრეოლიზაცია გამოიწვია. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიგრაციულ ქვეყნებში: მიგრანტები ცდილობენ, ერთი მხრივ, შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა, მეორე მხრივ, მოახდინონ ახალ კულტურულ გარემოში ინტეგრირება, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი კულტურული სიმბიოზი. ორი კულტურის შერევის შედეგად წარმოიქმნება ახალი კულტურული ფორმები, რომლებიც მხოლოდ მიგრანტთა მოცემული სოციუმისათვის არის დამახასიათებელი. ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების ფონზე კულტურების კრეოლიზაციის პროცესი თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთ საკვანძო საკვლევ თემას წარმოადგენს.
ტერმინი კრეოლური მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან créole, ესპანური criollo, პორტაუგალიური crioulo-საგან. ყველა ეს სიტყვა კი დასაბამს პოულობს ლათინურ სიტყვაში creare “წარმოქმნა, შექმნა”. ტერმინი წარმოიშვა XVI საუკუნეში ევროპელების მიერ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში კოლონიების შექმნის შედეგად. თავდაპირველად “კრეოლს” უწოდებდნენ კოლონიაში დაბადებულ ადამიანებს, განსხვავებით უფრო მაღალი კლასის –ევროპაში დაბადებული იმიგრანტებისგან. “კრეოლური ენა” კი კრეოლთა სალაპარაკო ენას ერქვა.
ეს არის ენა, რომელიც წარმოიშობა მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ენობრივი სისტემის არასრულყოფილი სახით გამოყენების შედეგად მიღებული ტრანსფორმაციებისგან, რომლებზეც გავლენს ახდენს მოცემული საზოგადოების წევრების ადგილობრივი მშობლიური ენა. ამგვარი ენა ვითარდება ძირითადად შერეული წარმოშობის საზოგადობებში, თანდათან მშობლიური ხდება მისთვის და ზოგიერთი დამოუკიდებელ ენადაც ყალიბდება. კრეოლური ენების უმეტესობა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კოლონიზაციის შედეგად წარმოიშვა XV-XX საუკუნეებში. თანამედროვე კრეოლური ენების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამოსავალ ენასთან კავშირს. ბევრი კრეოლური ენა გადაშენების პირასაა (მაგ. აზიის პორტუგალიურ-კრეოლური ენები), ზოგიერთი მათგანი უკვე გამქრალია, ზოგი კი ამოსავალ ენასთან დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც დეკრეოლიზაციის პროცესი ეწოდება. კრეოლიზაცია ხდება მრავალენობრივ საზოგადოებაში (ანუ იქ, სადაც არანაკლებ ორი ენა თანაარსებობს).
არსებობს უმცირესობაში მყოფი ეკონომიკურად დომინანტი სოციალური ჯგუფი. მონობის პირობებში სუპერსტრატის ენა ძნელად მისაწვდომია სუბსტრატის ენათა წარმომადგენლებისთვის. სუბსტრატის ენაზე მოსაუბრეთა შორის კომუნიკაცია სუსტდება ამ ენაზე მოსაუბრე თაობათა შემცირების გამო.
კრეოლურ ენას მიჯნავენ პიჯინისგან, რომელიც გამარტივებული ინგლისური ან რომელიმე სხვა ენაა და გამოიყენება საურთიერთოდ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის. კრეოლური ენა არის ცალკე ენა, რომელსაც გააჩნია თავისი გრამატიკა და ლექსიკა და რომელიც მოცემული საზოგადოების მშობლიურ ენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრეოლური ენის ლექსიკა თითქმის მთლიანად ნასესხები სიტყვისგან არის შექმნილი, ამოსავალი ენის წარმომადგენლისთვის მაინც რთულია მისი გაგება. ნასესხები სიტყვები განიცდიან გარკვეულ მოდიფიკაციებს (ფონეტიკურს, სემანტიკურს და ა.შ), რაც კრეოლურ ენას თავისთავადობას სძენს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა იმის შესახებ, რომ კრეოლური ენები კარგად განვითარებული პიჯინებია, არსებობს გარკვეული სოციო-ეთნიკური და ლინგვისტური განსხვავებები პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესებს შორის. თუმცა ის ფაქტი, რომ მათ შორის არსებობს ბევრი საერთო ნიშანი და მსგავსება, მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავება პიჯინსა და კრეოლურ ენას შორის არ არის მყარი და მათი გამომწვევი მოვლენები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
ენის სწავლა-სწავლების სირთულეები
ენით ვაგროვებთ ცოდნას, ვაგებთ აზრებს, რომლებსაც სხვადასხვა სახით გამოვხატავთ და ვურთიერთობთ. ამდენად, ენა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უცხოური ენის შესწავლას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის სოციალურ სფეროზე, ვინაიდან იგი მოიცავს ახალ სოციალურ და კულტურულ ქცევებს და აზროვნებას. კლასის და მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულებას მეტწილად აკავშირებენ ათვისებასა და სწავლასთან. ხშირად უკეთ სწავლობს ის მოსწავლე, რომელიც თავისუფლად გრძნობს თავს კლასში და უყვარს მასწავლებელი. დადებითი დამოკიდებულება კლასის და მასწავლებლის მიმართ შეიძლება გამომჟაღვნდეს ინტეგრალური, სრულყოფილი მოტივაციის დროს და ამავე მიზეზით ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ათვისებასთან. ნაიმანმა, თავისი კვლევიდან გამომდინარე, განაცხადა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც ,,ზოგადი განწყობა აქვთ”, უფრო აღწევენ წარმატებას. ეს საზომი შეიძლება აღიწეროს, როგორც ინდიკატორი, თუ როგორ იგებს მოსწავლე მის ინდივიდუალურ ენის სტილს და მისი ზოგადი დამოკიდებულება უცხოური ენის შესწავლის კონკრეტულ სიტუაციაში.
ინტერკულტურული მიდგომა
კომუნიკაციურ-პრაგმატული მიდგომის განვითარებას წარმოადგენს ინტერკულტურული მიდგომა, რომლის აუცილებლობა წარმოშვა კომუნიკაციური კონცეფციის ცალკეულმა ნაკლმა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მიზნობრივი ჯგუფისთვის მიუღებელი იყო ამ მიდგომით სწავლა. კერძოდ, იმ მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა მიზანი არ არის უცხოენოვან გარემოში მოხვედრა, არც მოტივაცია აქვთ ლაპარაკის უნარ-ჩვევის უფრო ინტენსიურად გავარჯიშებისა, ვიდრე წერისა ან კითხვისა, არც ყოველდღიური საკომუნიკაციო სიტუაციების დაუფლება უქმნის ენის შესწავლის მოტივაციას. ამ მიდგომის ნაკლად ითვლებოდა ასევე სალიტერატურო ტექსტებისა და მშობლიური ენის აბსოლუტურად უგულებელყოფა და მიზნობრივი ჯგუფის კულტურულ-რეგიონული თავისებურებების გაუთვალისწინებლობა, მაგალითად: ტაბუდადებული თემები, წინარე ცოდნა, სწავლების ფორმატი და ა.შ.
ინტერკულტურული მიდგომა წინა პლანზე აყენებს შემსწავლელისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემატიკის სწავლებას და ეყრდნობა იმას, რაც ზოგადად უნივერსალურია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ცალკეული ასპექტებით განსხვავებულია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელისთვის, მაგალითად, ჭამა ყველას სჭირდება, მაგრამ ჭამის კულტურა და ტრადიცია განსხვავებულია ყველგან; დრო ყველასთვის მნიშვნელოვანი ასპექტია ცხოვრებისეული საქმიანობის წარმართვისთვის, მაგრამ მისი აღქმა და დღის განრიგი განსხვავებულია ცალკეულ კულტურებში. იმის გამო, რომ შემსწავლელისთვის ახლის, უცხოს აღქმა უფრო ადვილია ნაცნობი ფენომენის მიხედვით, ინტერკულტურულ მიდგომაშიც დიდ მნიშვნელობა ენიჭება სწავლების პროცესში უნივერსალიების ჩართვას, მაგალითად: დაბადება, ცხოვრება, ავადმყოფობა, სოციალური იდენტობა, მეგობრობა, სოციალური წერა, გარემო და ცხოვრების წესი და ა.შ. ამ სფეროების მიხედვით მშობლიური და შესასწავლი ენის კულტურები განსხვავებულია, ამიტომაც გახდა აუცილებელი მშობლიური კულტურული თავისებურებების გათვალისწინება უცხო ენის სწავლების პროცესში. უცხოენოვანი კულტურის შეცნობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ სალიტერატურო ტექსტები განიხილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტექსტები მხოლოდ ამ სახეობით შემოიფარგლება. პირიქით, სასწავლო მასალა მდიდარია სხვადასხვა სახეობისა და თემატიკის ტექსტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერკულტურული მიდგომა ისეთ რეგიონებში, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულია შესასწავლი ენის კულტურისგან.
ფსიქოლოგთა დასკვნები
ესპანელი, ამერიკელი, ებრაელი ნეიროფსიქოლოგების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების ვარაუდით, ორი ენის მატარებელი ბავშვები მეტად კრეატიულები და სტრესგამძლეები არიან და იოლად ეგუებიან, ერგებიან სიტუაციას. ისინი მეტად ინტეგრაციულები არიან, ვიდრე მონოლინგვები. ბილინგვური ცნობიერება ბევრად მობილურია. როდესაც ბავშვი სწავლობს, კოდების გადართვა ხდება ობიექტის ”გახსენებაზე” დაყრდნობით. ამიტომაც არის ძალზე მნიშვნელოვანი შესასწავლი ცნებების ვიზუალიზაცია. ანუ, ბავშვს უბრალოდ კი არ უნდა განვუმარტოთ ორ ენაზე, არამედ განმარტებები უნდა ჩამოვაყალიბოთ ერთ ობიექტად. ასეთ მეთოდიკაში დიდი პოტენციალი იმალება _ არა მარტო ლინგვისტური, არამედ ეთნოკულტურულიც. ენობრივი გადართვები ვერბალურ და არავერბალურ დონეზეც სავსებით ბუნებრივად ხდება.
მთავარია, ბავშვებმა მიიღონ კომუნიკაციური კომპეტენციის აუცილებელი ეთნოკულტურული კომპონენტი. სკოლასა თუ საბავშვო ბაღში დაზეპირებული სიტყვები და ფრაზები ვერ იქცევა ოჯახთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნდამენტად, რაც ასე აუცილებელია ბავშვებისთვის. ბევრად ეფექტური იქნება, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი საფუძვლიანად დაეუფლება მშობლიურ ენას: აზერბაიჯანელი — აზერბაიჯანულს, ინგლისელი — ინგლისურს და ა.შ.
რადგან ენა სიტყვაში გაფორმებული, რეალიზებული კულტურაა, სწორედ მშობლიური ენა ეხმარება ბავშვს გააცნობიეროს, რომ ის ერის ნაწილია. ამიტომ მოცემულ მომენტში სწორედ მშობლების საკუთარ თავზე მუშაობისადმი დადებითი დამოკიდებულება ყველაზე მეტად აღმოფხვრიდა პრობლემას. ნეიროფსიქოლოგები მშობლებს და მასწავლებლებს ურჩევენ, სჯეროდეთ საკუთარი შვილის და მოწაფის. აუცილებელია რწმენა და ცოდნა იმისა, რომ ბავშვი გაუმკლავდება სიძნელეს, რომ ბილინგვიზმი ბავშვის სასჯელი კი არაა, არამედ ნაბიჯია წარმატებისკენ. მთავარია, ბავშვები უყურადღებოდ არასოდეს მივატოვოთ. რეგულარულად ვეურთიერთოთ, ველაპარაკოთ, ვეთამაშოთ და ვიმეცადინოთ მათთან ერთად, როგორც თანატოლებთან.
გამოყენებული რესურსები:
- ბესარიონ ჯორბენაძე, ენა და კულტურა, თბილისი, 1997.
- სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი, ლოგოს პრესი, თბილისი, 2004.
- ბაგაური, 2010 – ბაგური ი., სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა. ჟურნალი ბილინგვური განათლება, №1, 2010.
- ბეიკერი, 2010 – ბეიკერი კ., ბილინგვური განათლებისა და ბილინგვიზმის საფუძვლები. მეოთხე გამოცემა, თბ., 2010.
- ტაბატაძე, შუბითიძე, 2010 – ტაბატაძე შ. & შუბითიძე.ი. მეორე ენის სწავლისა და ათვისების თეორიები. ჟურნალი ბილინგვური განათლება №4, 2010 [Online] Available: https://www.bilingualeducation.ge/articles/id/63 [ Accessed 13 May 2012]
- Fatima El-Tayeb, The Forces of Creolization. Colorblindness and Visible Minorities in the New Europe
- Françoise Lionnet/Shu-mei Shi (eds.), The Creolization of Theory, Duke University Press, 2011
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90
- https://www.unesco.org/culture/ich/en/states-parties-00024
- https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term HYPERLINK “https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31322″& HYPERLINK “https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31322″d=3 HYPERLINK “https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31322″& HYPERLINK “https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31322″t=31322
- https://geofl.ge/img/metodik/0.pdf