პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ძალადობა მეგობრობის სახელით

რატომ მომინდა ამ თემაზე წერა? თუ საქართველოს უახლოეს წარსულს გადავხედავთ, დიდი დაკვირვება და გამჭრიახობა არ დაგვჭირდება – მრავლად გაგვახსენდება საშინელი ფაქტი… ტელევიზორში ყოველი საინფორმაციო გამოშვება ძალადობის ფაქტების გაშუქებით იწყება. ძალადობაა ტელევიზორში, შინ, გარეთ, სკოლაში, საავადმყოფოში, ქუჩაში, ბაზარში, ძალადობს პოლიტიკოსი თუ გამყიდველი, დედა თუ მამა, ძმა თუ და, მეზობელი, ნაცნობი თუ უცნობი…. ძალადობა, ძალადობა, ძალადობა…

ძალადობა ისეთი ჩვეული გახდა, აღარც კი ვკითხულობთ, საიდან მოდის, რატომ და რისთვის ხდება ამდენი საშინელება. არც კი ვცდილობთ იმის გარკვევას, როდის უჩნდება ადამიანს პირველად ძალადობის სურვილი, ან როგორ ადამიანს, ვინ არის მსხვერპლი და რატომ, შეიძლება თუ არა ძალადობისგან განკურნება და როგორ.

ინტერნეტში უამრავი მასალაა ძალადობაზე, მაგრამ რატომღაც ვერ მივაკვლიე ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე დაწყებით კლასებსა და ბაღებში.

ძალადობაა ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის (ადამიანის) ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას.

აქვე შევეხები იმ საკითხსაც, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მოძალადე.

თავშივე ავღნიშნე, რომ ჩვენი ცხოვრება ძალადობის ფაქტებითაა სავსე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მოძალადე. ასე თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ მოსახლეობის 99% მოძალადეა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოზარდები თუ ზრდასრულები გაცნობიერებულად მიმართავენ ძალადობას საკუთარი მიზნის მისაღწევად. მაგრამ თუ ასე ვიფიქრებთ, ცხოვრება გაცილებით რთული მოგვეჩვენება, ვიდრე ახლაა. ხოლო თუ ასე არ არის, მაშ, ვინ მოიაზრება პოტენციურ მოძალადედ? ესენი ის ზრდასრულები, მოზარდები თუ ბავშვები არიან, ვინც ჩამოთვლილ პრობლემებს შეჯახებია:

  1. ძალადობა ოჯახში – მამის ძალადობა დედაზე, მამის ძალადობა შვილებსა და მშობლებზე, დედის ძალადობა შვილებსა და მშობლებზე;
  2. უფროსი და-ძმის ძალადობა უმცროსებზე;
  3. ძალადობა ეზოში;
  4. ძალადობა ბაღში;
  5. ძალადობა სკოლაში;
  6. ძალადობა უმაღლეს სასწავლებელში;
  7. ცუდი სოციალური ფონი;
  8. დაბალი გონებრივი შესაძლებლობები;
  9. ეჭვიანი ან ნარკოტიკულ ნივთიერებებსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები.

ასეთი ფაქტორების გავლენა უბიძგებს ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გახდეს მოძალადე.

მაგრამ მოძალად ადამიანი ვერ იქცევა, თუ არ აქვს ძალა, ნება ან შურისძიების წყურვილი.

ახლა ის გავარკვიოთ, ვინ შეიძლება გახდეს მოძალადის მსხვერპლი:

  1. სუსტი ფიზიკური შესაძლებლობის,
  2. მორცხვი,
  3. მშიშარა,
  4. გულუბრყვილო,
  5. სუსტი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი.

ამრიგად, ბავშვების უმეტესობას აქვს შანსი, გახდეს ძალადობის მსხვეპლი.

უფროსებისგან რომ ძალადობის რისკი მეტია, ეს უკვე ვთქვით, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, მოძალადე გახდეს ბავშვი?

რა თქმა უნდა. ზემოთ ჩამოთვლილი მოძალადეობის რისკის მქონე ბავშვების უმრავლესობა იქცევა მოძლადედ.

პრობლემა ისაა, რომ მსხვერპლები იშვიათად ჰყვებიან შეურაცხყოფაზე, რადგან ეშინიათ საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი დამცირებისა და შეურაცხყოფის.

ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება აღმზრდელსა და პედაგოგს, რომ აღმოაჩინოს ძალადობა და საუკეთესო შემთხვევაში მოახდინოს მისი პრევენცია.

მოდი, განვიხილოთ ძალადობის ფაქტები სკოლამდელ ასაკში:

  1. ბავშვი ურტყამს დედას სურვილის ასასრულებლად. მშობლებს ამაზე ეცინებათ. ეს ხომ ძალიან მძიმე ამბავია! მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ძალადობის გამოვლენის პირველი მცდელობაა და სისტემატურ ხასიათს მიიღებს, თუ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. მოძალადე პატარა სიამოვნებას იღებს თავისი ქცევით და ვერც ხვდება და არც აინტერესებს, ატკინა თუ არა დედას. მაგრამ როგორც კი დედა ტირილს იწყებს, ბავშვი მას ეფერება. დედამ, რასაკვირველია, უნდა „იტიროს“, მაგრამ არ მისცეს ბავშვს სასურველი ნივთი. ამით პატარა მიხვდება, რომ ჩარტყმით ატკენს საყვარელ დედიკოს და სასურველ ნივთსაც ვერ მიიღებს.
  2. ბავშვი, რომელსაც დედამ არ მისცა სწორი გამოცდილება, ძალადობს ბაღშიც. მაგალითად, ითხოვს ნივთს, რომელიც სხვას უჭირავს. ჯერ ტირილს იწყებს და აღმზრდელიც, სავარაუდოდ, აკმაყოფილებს მის მოთხოვნას. მეორედ, თუ მყისიერად ვერ მიიღო სასურველი ნივთი, ჩაარტყამს მეტოქეს. მეტოქე მოულოდნელობისაგან აგდებს ნივთს, რომლის გამოც ჩაარტყეს. ბავშვი იმახსოვრებს შედეგიან ქმედებას და ასე თანდათან ყალიბდება მოძალადედ.
  3. კლასში ყოველთვის არიან სხვადასხვა სოციალური ფენისა და ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობის ბავშვები. მშობლები ხშირად არიგებენ შვილებს: „არ იმეგობრო მაგ ოროსანთან!“ ან „ეგ ბინძური არ მომიყვანო სახლში!“ ასეთი ფრაზები ბავშვს მიანიშნებს, რომ ის სხვაზე რაღაცით მეტია და მას ძალადობისკენ უბიძგებს. მაგალითად, იქნება „ბინძურის“ მეგობარი, თუ ის მის ჩანთას ატარებს ან დავალებას გადაუწერს! ეს მსხვერპლს აბედნიერებს, ხოლო მოძალადეს აძლიერებს და მეტი ძალადობისკენ უბიძგებს. თუ მსხვერპლმა ხმა არ ამოიღო, მოძალადეს ვერავინ ამჩნევს.
  4. მაგრამ არის შემთხვევა, როცა თანაბარი პოზიციის ბავშვებიც ძალადობენ ერთმანეთზე. მაგალითად, მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ ერთს ეშინია მეორის დაკარგვის. არ იცის, როგორ გააგრძელოს მეგობრობა და მიმართავს ძალადობას. სწორედ ამას ვეძახი მოძალადეობას მეგობრობის სახელით. ასეთი ადამიანები სიყვარულს ძირითადად არასწორი ფორმით გამოხატავენ, არიან უხეშები, წყვილში ლიდერობენ, აქვთ არასრულყოფილების განცდაც, მაგრამ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ უხეშობას, სახელდობრ რითი არიან არასრულყოფილები. ამიტომ მოძალადე მეგობარი შეშინებულ მეგობარს ეუბნება: „თუ ჩემთან არ იმეგობრებ, სხვებს ვეტყვი, რომ არ იმეგობრონ შენთან“ ან „თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე მინდა, შენთან აღარ ვიმეგობრებ ან შენს საიდუმლოს სხვას მოვუყვები!“

ამის დანახვა ძალიან ძნელია, თუ მსხვერპლი მეტისმეტად არ შეავიწროვეს. ბავშვი მშობლებთან (ერთ მათგანთან მაინც) ძალიან ახლოს უნდა იყოს, რომ პრობლემის შესახებ მოუყვეს. ისიც შესაძლოა, ბავშვი მოყვეს, მაგრამ მშობელმა ამაში პრობლემა ვერ დაინახოს. არსებობს მესამე სიტუაციაც: მშობელმა დაინახოს პრობლემა, დახმარებისთვის მასწავლებელსაც მიმართოს, მაგრამ მასწავლებელი ვერ აღმოჩნდეს თავის სიმაღლეზე.

თუ მასწავლებელმა პრობლემა დაინახა, როგორ უნდა იმუშაოს ბავშებთან პრობლემის აღმოსაფხვრელად?

  • პირველ რიგში, მან ყურადღებით უნდა მოუსმინოს მშობელსაც და ბავშვსაც.
  • მეორე – აუცილებლად ითხოვოს ვადა დაკვირვებისთვის და დააკვირდეს ორივე მხარეს, თუმცა შესაძლოა, დაკვირვების პერიოდში ვერაფერიც ვერ აღმოაჩინოს. ვითარება უნდა ეცნობოს მოძალადის მშობელსაც. კარგი იქნება, თუ პრობლემის მოგვარებაში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.
  • წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვები, რომ ყველა შეიძლება შეცდეს. მთავარია, დროულად ვიპოვოთ შეცდომის გამოსწორების გზა. პედაგოგმა აუცილებლად უნდა გამოაცხადოს, რომ თვითონაც მოსვლია შეცდომა და მასაც დასჭირვებია დახმარება.
  • აჩვენეთ ბავშვებს ფილმი ან წაუკითხეთ მოთხრობები მეგობრობაზე.
  • გამართეთ დისკუსია თემაზე „რა არის მეგობრობა?“
  • ჰკითხეთ ბავშვებს:

– რას მოითხოვენ მეგობრისგან?

– რის მიხედვით ირჩევენ მეგობარს?

– რამდენ ხანს გრძელდება მეგობრობა?

ბოლო კითხვაზე პასუხი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ბავშვების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მეგობრობა გრძელდება დიდხანს ან სიკვდილის შემდეგაც კი. ეს პასუხი საფუძველს მოგცემთ იფიქროთ, რომ მეგობრობამ შეიძლება ძალადობისკენ უბიძგოს ბავშვს.

მომდევნო კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ბავშვებს: რა მოხდება, თუ ერთ-ერთ მეგობარს შენთან მეგობრობა აღარ მოუნდა? როგორ მოიქცევი ამ შემთხვევაში?

ბავშვების ურავლესობას ასეთი რამ ვერ წარმოუდგენია, მხოლოდ რამდენიმე ამბობს, რომ დაელაპარაკება, გაარკვევს ყველაფერს და მეგობრობა მაინც გაგრძელდება.

მასწავლებელმა უნდა ჰკითხოს ბავშვებს: როგორებიც იყვნენ 3 წლის ასაკში, ისეთები არიან ახლაც? ყველა თანხმდება, რომ არა. სწორედ ასევე შეიძლება შეეცვალოთ მეგობრებს შეხედულებები და სხვასთან მეგობრობა მოუნდეთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია და ნორმალურია, რომ ზოგ ადამიანს ეშინია მეგობრის დაკარგვის და ამისათვის შეიძლება დაშინების ხერხებიც კი გამოიყენოს.

მოაყოლეთ პირადი მაგალითები. აღმოჩნდება, რომ ასეთი ამბები მათ ბაღსა და ეზოში გადაუტანიათ.

აუხსენით ბავშვებს, რომ თუ ადამიანს ძალით მეგობრობისგან გაათავისუფლებთ, შეიძლება მათ აზრი შეიცვალონ და დაგიბრუნდნენ. შეიძლება, არც დაბრუნდნენ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან მეგობრობა მოუნდებათ.

დაურიგეთ ფურცლები, რომელზეც დაწერენ თავინთ სახელს და იმ ადამიანის 3 დადებით და 1 უარყოფით თვისებას, რომელთანაც სურთ ან აღარ სურთ მეგობრობა. მიეცით უფლება, გაუგზავნონ ასეთი ბარათი ერთ, ორ ან სამ ადამიანს. წააკითხეთ ხმამაღლა მხოლოდ დადებითი თვისებები. დაანახეთ, რამდენი ადამიანი ფიქრობს მათზე კარგს. უარყოფით თვისებებზე კი დაე სახლში დაფიქრდნენ და მათ გამოსწორებაზე იზრუნონ. თუ ვინმეს მეგობრის წერილი არ შეხვდება, გამოიყვანეთ სადისკუსიო მოედნის ცენტრში და სთხოვეთ ყველა მოსწავლეს, თქვას მისი ერთი დადებითი თვისება. გაკვეთილის ბოლოს წერილის გარეშე დარჩენილი მოსწავლეებიც ბედნიერად იგრძნობენ თავს, იმდენ კარგ რამეს მოისმენენ საკუთარ თავზე.

თუმცა მასწავლებელს ილუზია არ უნდა გაუჩნდეს, რომ ამ ტიპის გაკვეთილების შემდეგ მოძალადე მაშინვე გამოიცვლის ტყავს. შეიძლება ასეც მოხდეს. მაგრამ გახსოვდეთ: ერთჯერადი სანქციები ერთჯერადად მოქმედებს! შედეგს მუდმივად სჭირდება განმტკიცევა სხვადასხვა აქტივობით: ტექსტებით, ფილმებით, ლექსებით, სიტუაციური მაგალითებით. გახსოვდეთ ისიც, რომ მსხვერპლს უფრო მეტი დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის, ვიდრე მოძალადეს, თუმცა საბოლოო რეაბილიტაციისთვის ორივეს სჭირდება მასწავლებლის, ფსიქოლოგისა და მშობლების მაქსიმალური ყურადღება.გამოყენებული ლიტერატურა:

https://phf.org.ge/ka/resources/bavshvze-dzaladobis-prevencia/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“