სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სკოლა და სასკოლო განათლება ფინეთში

ფინეთის სკოლებსა და განათლების ფინურ სისტემაზე ბევრს წერენ, მის თავისებურებებზე ბევრ მოსაზრებას გამოთქვამენ და ზოგიერთს ის მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობენ ფინეთის სასკოლო განათლების შესახებ თვითონ ფინელები. გთავაზობთ რამდენიმე ფინელი ბლოგერის მოსაზრებებს. ისინი სხვადასხვა სპეციალობისანი არიან და აქტიურად წერენ განათლების საკითხებზე Quora-ს ფორუმზე (www.quora.com), რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ფორუმია ინტერნეტში.

 

კატია კაილა, ლინგვისტი, ფემინისტი და კომპოზიტორი:

„ფინური სკოლა საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილებაა. მასში იერარქია ძალიან უმნიშვნელოა და ბავშვები ჩართულნი არიან როგორც სასწავლო პროცესში, ისე თვითშეფასებაშიც.

შეიძლება ითქვას, რომ ფინეთის სკოლებში თითქმის არ არის სტანდარტიზებული ტესტები (გამოცდები) და, საზოგადოდ, გამოცდები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოტაა. გამოცდების ერთადერთი მიზანი მასწავლებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მათ სწავლების გაუმჯობესებასა და ყოველი ჯგუფისთვის საუკეთესო მეთოდების შერჩევაში ეხმარება. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ნაკლებ სტრესს სტუდენტებისთვის.

ფინეთის სასკოლო სისტემაში ჰოლისტური მიდგომებია გაბატონებული, რომლებიც ხაზს უსვამს კავშირებსა და ერთეულებს, ნაცვლად დეტალებისა და დაზეპირებისა. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უწყობენ ხელს მიზეზშედეგობრივი კავშირების აღქმასა და გაგებაში და იმ რეალობის გააზრებაში, რომელიც სხვადასხვა მოვლენის შედეგად შეიძლება დადგეს. ყოველ წელს მოსწავლეებს ასწავლიან 3-4 სხვადასხვა თემას, რომლებსაც დისციპლინათაშორისი შინაარსი აქვს. ასწავლიან ინფორმაციის ძიებას, მის გამოყენებას მათემატიკის, მშობლიური და უცხო ენების, მეცნიერებისა და ხელოვნების შესასწავლად.

სწავლების მეთოდები ხშირად განსხვავებულია. ბავშვებს ხელს უწყობენ საკითხების შესწავლის ისეთი გზების პოვნაში, რომლებიც მათთვის ტიპურია. ზოგიერთი ბავშვი მასალას ტრადიციული გზით ითვისებს – კითხვით, ესეების წერით; სხვებს საქმის კეთებით, ინტერნეტში ინფორმაციის ძიებით, ინტერვიუს ჩამორთმევით შესწავლა უადვილდებათ. ამ პროცესის დროს ბავშვები უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს როგორც მოსწავლეებს და ამის შედეგად სწავლობენ და შეიმეცნებენ სამყაროს იმ ინფორმაციის დახმარებით, რომელიც მათ რომელიმე დისციპლინის სწავლის დროს მიეცემათ.

როგორ ხდება მოსწავლეთა შეფასება, თუ სკოლაში არ არის სტანდარტიზებული ტესტები?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ფინეთში მასწავლებლობა უაღრესად დაფასებული პროფესიაა და მოსწავლეთა განათლებისა და სწავლების პროცესი მთლიანად მასწავლებლის პასუხისმგებლობაა. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სწავლების ნებისმიერი მეთოდი, რადგან მათ უკეთ იციან, რა აქვთ მოსწავლეებს ნასწავლი. ეს შეიძლება იყოს არასტანდარტიზებული წერითი გამოცდა (და ხშირად ასე ხდება, თუმცა ბევრი მასწავლებელი თვითონვე ადგენს საგამოცდო ტესტებს, რათა უკეთ შეუსაბამოს პროცესი საკლასო ოთახში ნასწავლს). შეიძლება, გამოცდა იყოს წერითი, რომლის დროსაც ბავშვებს ეძლევათ უფლება, გადაამოწომონ ნაწერი სახელმძღვანელოებში. ასეთი გამოცდის იდეა ისაა, რომ ამ დროს ბავშვი სწავლობს კონცენტრაციას „დიდ სურათზე“, გაიაზრებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს. მათ ყოველთვის ეძლევათ საშუალება, გადაამოწმონ დეტალები, რადგან ითვლება, რომ ყველაფრის დაზეპირება არ არის აუცილებელი.

შეფასებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროექტი. მაგალითად, როდესაც ჩემი ქალიშვილი ჩრდილოეთის ქვეყნების გეოგრაფიას სწავლობდა, მათ არასოდეს ჰქონიათ გამოცდები უნარების შესაფასებლად; სამაგიეროდ, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფურ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა სამაგიდო თამაშის (ე.წ. ბორდ-გეიმის) შექმნას ჩრდილოეთის ქვეყნების (სკანდინავია, ფინეთი, ისლანდია, ფარერები და სხვა) რუკების ბაზაზე და თამაშის მიმდინარეობისას კითხვებზე პასუხების მოფიქრებას. ამისთვის, მათ უნდა შეესწავლათ მასალა, დაეწერათ კითხვებზე პასუხები, დაეხატათ რუკა მუყაოს დიდ ნაჭერზე, შეექმნათ/მოეფიქრებინათ თამაშის წესები და ბოლოს ეთამაშათ და გაეცათ პასუხები კითხვებზე. ყოველ ჯგუფს რიგრიგობით უნდა ეთამაშა სხვა ჯგუფის მიერ მოფიქრებული სამაგიდო თამაში. ეს იყო სახალისო, შემოქმედებითი გამოცდილება, რომლის დროსაც ბავშვები შეისწავლიდნენ ყველაფერს, რაც აუცილებელი იყო თამაშისთვის. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, მათ გაცილებით მეტი ემახსოვრებათ დასახელებული თემებიდან, ვიდრე იმავე საკითხებზე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.

ეს ასევე შეიძლება ყოფილიყო ვებსაიტზე დამყარებული პორტფოლიო. ჩემს ქალიშვილს ასეთი რამ გაკეთებული აქვს – ერთ-ერთი სემესტრის მიმდინარეობისას ჩემი გოგონა და მისი თანაკლასელი შესასწავლ საკითხებს განიხილავდნენ. ერთი მათგანი ჰყვებოდა ამ საკითხების შესახებ, ხოლო მეორე მის ნათქვამს ვიდეოზე იწერდა. შემდეგ ეს მასალა ვებსაიტზე ატვირთეს. მსგავსი გამოცდილებაა იმ სურათების ხატვაც, რომელთა ფოტოებიც შემდგომ მათ პოტფოლიოში განთავსდება.

ან ბავშვები სწავლობენ რომელიმე სიმღერის დაკვრას თავიანთ უკულელეებზე (უკულელე – მცირე ზომის ჰავაიური გიტარა, რომელიც ჰავაის კუნძულებზე პორტუგალიელმა მიგრანტებმა შეიტანეს, – ლ.ა.), შემდეგ ჩაწერენ ვიდეოს და განათავსებენ სიმღერას თავიანთ პორტფოლიოში, რომლის მოსმენაც შეეძლება მასწავლებელს. ეს მასწავლებლისთვისაც მოხერხებულია. მას შეუძლია, ვიდეოს მეშვეობით ადევნოს თვალყური მოსწავლეების პროგრესს სხვადასხვა დისციპლინაში.

ხანდახან მოსწავლეები თვითონ წყვეტენ, როგორ სურთ აჩვენონ მასწავლებელს შესწავლილი მასალა. მათ შეუძლიათ, დაწერონ ესე, ჩაიწერონ ვიდეო, წარადგინონ პროექტი პრეზენტაციის ფორმით, შექმნან თამაში ან დადგან სპექტაკლი, ან ნებისმიერი სხვა ფორმით უჩვენონ სხვებს შესწავლილი მასალა (ისე, რომ მოხდეს ნასწავლის დემონსტრაცია და კურსის მთავარი საკითხების განხილვა დემონსტრირების დროს). ასეთ პროექტებზე მუშაობისას ბავშვები უკეთ ეცნობიან საკუთარ თავს და შესაძლებლობებს და საგნის შინაარსის ათვისების მათთვის სპეციფიკურ გზებს. ეს, სამომავლო პერსპექტივაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ დამახსოვრება და დამახსოვრებულის გამეორება გამოცდისთვის.

თვითშეფასება პირველივე კლასებიდან სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბავშვებს რეგულარულად სთხოვენ უთხრან მასწავლებელს, რას ფიქრობენ შესწავლილ მასალაზე; შეისწავლეს თუ არა გაკვეთილზე ესა თუ ის საკითხი. ამ პროცესის მიზანია ბავშვებისთვის საკუთარი სწავლების პროცესზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარება.

იმ 3-6 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც მასწავლებელი იმავე ბავშვებს ასწავლის, იგი საკმაოდ კარგად ეცნობა მოსწავლეებს და შეუძლია თქვას, ვინ, რა და როგორ შეისწავლა.

საკითხი, რომელიც შეფასების მთავარ მიზანს წარმოადგენს: სწავლობენ თუ არა ბავშვები?

თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვები არ სწავლობენ, პასუხს არავინ აგებს. ამ უკუკავშირის მიზანია, მასწავლებელს იმის გარკვევაში დაეხმაროს, რომელ მოსწავლეს ჭირდება მეტი დახმარება ამა თუ იმ საგანში. ეს არანაირად არ განიხილება ცუდ მოსწრებად მოსწავლისთვის ან ცუდად შესრულებულ სამუშაოდ მასწავლებლისთვის. ასეთი მიდგომა უფრო იმისთვისაა, რომ მასწავლებელს სწავლების სხვა მეთოდების შერჩევაში დაეხმაროს. შეიძლება, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს სხვა პროფესიონალების დამატებითი დახმარება სჭირდება.

საბოლოოდ ეს ყველაფერი ნდობას ეფუძნება. მაწავლებლები, რომლებსაც ენდობიან, ექსპერტები არიან; ისინი უკეთ იცნობენ თავიანთ მოსწავლეებს, ვიდრე ვინმე სხვა და სწორედ მათ აქვთ მინდობილი მათი სწავლების პროცესი. არ არის საჭირო მათი სწავლების მეთოდების სტანდარტიზებული ტესტებით შეფასება; ისედაც ცნობილია, რომ მასწავლებელი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ. თუ რამე კარგად არ „მუშაობს“, მასწავლებელი უკეთ სწავლებისათვის სხვა გზას მოსინჯავს.

გაცილებით მნიშვნელოვანია ისწავლო ისე, რომ ცხოვრებაში გამოგადგეს, ვიდრე ისწავლო მხოლოდ სკოლის დასამთავრებლად ან რომელიმე გამოცდის ჩასაბარებლად.

(პირველი ნაწილის დასასრული)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“