კარგი რამაა ზაფხული, შემოდგომაშიც მოგყვება მისი სითბო და სილაღე. თავგადასავლებით სავსე უბრუნდები ნაცნობ ქალაქს, სკოლას, მეგობრებს. საზაფხულო არდადეგები მასწავლებლებისთვისაც ფრთების გაშლის, ახალი ენერგიით დამუხტვის პერიოდია. მათ სამოგზაურო ზურგჩანთებში აუცილებლად აღმოაჩენთ ახალი ამბებით, იდეებით, მიგნებებით სავსე ჩანაწერებს, საინტერესო გაკვეთილებად რომ შეიძლება იქცეს. ისეთ გაკვეთილებად, მოსწავლეებს ზაფხულიდან შემოდგომაში რომ შემოიტყუებს. ესაა ჩვენი საშინაო დავალება, მასწავლებლების, შემოდგომის სემესტრის პირველ კვირაში ჩასაბარებელი.
ჩემი აზრით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ძალიან ბევრი რამ მოეთხოვება. მან მოსწავლეს ყველაზე რთულად გასაღვიძებელი რამ – სწავლის ინტერესი უნდა გაუღვიძოს. აქედან გამომდინარე, პირველი კვირის შთაბეჭდილება ერთიორად მნიშვნელოვანია. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია თავისუფალი გრაფიკიდან დატვირთულ დღის რეჟიმზე გადასვლა, ამ ცვლილებას ზრდასრულებიც ძნელად ვეგუებით. ამიტომაც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს ,,ასკინკილა გაკვეთილებზე“, შეუმჩნევლად რომ შემოაპარებს ბავშვს საკლასო ოთახში და სასკოლო რუტინას ახალ თავგადასავლად უქცევს.
ნათქვამია, ,,ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო“. ამიტომ მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებას ვაძლევ. შეიძლება იცოდეთ, ერთი ძალიან სახალისო აქტივობაა – მე ,,სარეცხს“ ვეძახი. მოსწავლეები საზაფხულო ტანსაცმლის შაბლონებს აფერადებენ, თან ზედ აწერენ ერთ ყველაზე ძვირფას შთაბეჭდილებას, რომელიც ამ საზაფხულო სამოსთან აკავშირებთ. შემდეგ თავიანთ ნაშრომს მეგობრებს უზიარებენ (აქ შეიძლება მთელ კლასს რიგრიგობით გაუზიარონ, ან გვერდით მჯდომს გაუცვალონ შთაბეჭდილება), თავიანთ სარეცხს სპეციალურ თოკებზე გადაფენენ და ნამდვილი ხის სარჭებით ამაგრებენ. ეს პროცესი ბავშვებს ბევრი კარგი ამბიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფასაც უადვილებს და საგაკვეთილო დროც იზოგება.
ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისთვის შეგრძნებებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაწყებით საფეხურზე ბევრი თემა იძლევა შეხებით, დაკვირვებით, ექსპერიმენტებით სწავლის შესაძლებლობას. მაგალითად, წელს პირველ კლასში ,,შეეხე და გამოიცანი“ ვითამაშეთ. გაკვეთილის თემა იყო ,,სასკოლო ნივთები“. ჯერ ზურგჩანთებიდან ამოლაგებული საგნების დანიშნულებაზე ვისაუბრეთ, მერე სახლებშიც შევიხედეთ და საოჯახო ნივთები გავიხსენეთ. შემდეგ კი მთავარი თავგადასავალი დაიწყო. თვალახვეული მოსწავლეები რიგრიგობით მოდიოდნენ უცნაურ ყუთთან, რომელშიც ხელს სპეციალური ხვრელიდან ყოფდნენ, ერთ ნივთს იღებდნენ და შეხებით გამოცნობას ცდილობდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ მიერ ამოცნობილი ნივთები სასკოლო ზურგჩანთაში ჩავალაგეთ და ინდივიდუალურ დავალებებს მივუბრუნდით. მოსწავლეებს სპეციალური ფურცლიდან სასკოლო და საოჯახო ნივთები უნდა ამოეჭრათ და სამუშაო ფურცელზე სკოლის ან სახლის სიმბოლოთი მონიშნულ ყუთში ჩაეწებებინათ. ახალბედა მოსწავლეები ამ დავალებამაც ძალიან გაახალისა.
ზემოაღნიშნულ თემას ეხმიანება მეორე კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ტექსტი (,,ნუციკო“, ტ. ჭანტურია), სადაც ლექსის გმირი სკოლაში უწიგნოდ მიდის. მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია ზურგჩანთები და ზედ სასკოლო ნივთების სახელები უნდა მიაწერონ. შემდეგ სიიდან ირჩევენ ერთ-ერთ ნივთს და მის საჭიროებას კონკრეტული მაგალითებით ხსნიან (მაგალითად, ფუნჯი თუ სახლში დარჩათ, ხელოვნების გაკვეთილზე საღებავით ვერ დახატავენ და ა.შ.). მეორე სამუშაო ფურცელი ლექსის შინაარსს მოვარგე. მასზე რამდენიმე არასრული (სოკოს ,,ქუდი“ აქვს მისახატი და ა.შ.) მცენარე, ცხოველი და ფრინველია გამოსახული. მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ ლექსი და ყველა საჭირო დეტალი აღადგინონ.
პირველკლასელებს სასწავლო წლის პირველ დღეებში განსაკუთრებით უჭირთ ერთ აქტივობაზე ხანგრძლივად კონცენტრირება, ამიტომ გაკვეთილი მოკლე (5-10 წთ.) და მრავალფეროვანი სამუშაოებით უნდა დაკომპლექტდეს. განსაკუთრებით მიძნელდება პატარებთან ტექსტის პირველად წაკითხვა და მათ ,,დასაჭერად“ ხმებისა და ვიზუალის მთელ კასკადს ვიყენებ. კითხვის მანერაც თეატრალიზებულია, უფრო ვყვები, ვიდრე ვკითხულობ. მაგალითად, ერთი ტექსტია ცხოველების სკოლაზე (,,აპრილიდან აპრილამდე“, ვ. როდონაია, მასწავლებლის წიგნი), რომელსაც პირველ კვირაში ვუკითხავ პირველკლასელებს. გაკვეთილზე სტუმრად ცხოველების სკოლის მასწავლებელიც ,,მომყავს“. თოჯინა-დათუნიასთან ერთად ზღაპარში ნახსენები ტყის სკოლის პირველკლასელების ფოტო-ვიდეო მასალაც მზად მაქვს. ტყის სამყაროს გაცოცხლებით ბავშვებს მოსმენილი ამბის წარმოსახვას და ყურადღების კონცენტრირებას ვუადვილებ. სამუშაო ფურცელსაც სასწავლო მასალას ვუკავშირებ და მოსწავლეებს ვთხოვ, პირველკლასელ ტყის ბინადრებს თავიანთი დედიკოები აპოვნინონ.
ზაფხულთან გამომშვიდობების საშუალებას მესამეკლასელებსაც ვაძლევ. პირველი შეხვედრის ემოციებისგან დაცლის შემდეგ, პეპის სკოლაში წასვლის ამბავს ვკითხულობთ, მის წერილს ვშიფრავთ და სკოლის დანიშნულებაზე საუბრის საჭიროებაც თავისთავად დგება. შემდეგ მოსწავლეებს მონატრებული ადამიანების, ადგილების, თუნდაც ზაფხულისთვის წერილის მიწერას ვთხოვ. დავალება რომ ადვილად შეასრულონ, წერილის ერთ ნიმუშს გაკვეთილზევე ვქმნით. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამზადონ კონვერეტები, რომლებსაც ხელნაკეთ მარკებს დააკრავენ და სასურველ მისამართებსაც მიაწერენ.
როგორც წესი, უფროსებსაც მოახლოებული შემოდგომის და ზაფხულნარევი ამბების სურნელით გაჟღენთილი მოთხრობებით ვხვდები, მერე კი ერთად ვცდილობთ წაკითხული მოთხრობის მსგავსი ჩანახატის შექმნას. ამ წერილსაც ერთი ნაადრევი შემოდგომის სიგრილეშეპარული მოგონებით – რევაზ ინანიშვილის მოთხრობით დავასრულებ.
|
|