სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის ხმა: სკოლის გადასარჩენად

1987 წელს, დიდთოვლობის გამო, ნახევარი სოფელი ჭუბერიდან დმანისში  გადასახლებულა. მალე მინისტრს ბრძანება გამოუცია, იმ სკოლებში, სადაც კადრების ნაკლებობაა, მეხუთეკურსელები გაუშვითო. ამ დროს ნატო სუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.   ზემოაღნიშნული პროცესები ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. აღმოჩნდა, რომ ჭუბერის სკოლას ქართულის მასწავლებელი არ ჰყავს… რა უნდა ექნა?! ბავშვობის სკოლის გადასარჩენად ბრძოლა სწორედ მაშინ, 1989 წლის ოქტომბერში დაიწყო.

,,შინაგანად ორი წლით წავედი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. დიდი სკოლაა, სამსართულიანი, 250-300 ბავშვზეა გათვლილი, მაგრამ ზემოაღნიშნული გადასახლების შემდეგ 160 მოსწავლეზე მეტი აღარ მიგვიღია. მასწავლებლად დაბრუნებულს 103 ბავშვი დამხვდა. ადრე მიმდებარე სოფლების სკოლებიდანაც გადმოდიოდნენ, ჭუბერის სკოლას ამთავრებდნენ, მაღალ საფეხურზე პარალელური კლასებიც იხსნებოდა. დღეს კი აქ მხოლოდ 93 მოსწავლე და 18 მასწავლებელია.“

ბავშვობის სკოლაში დაბრუნებულს მისი მშობლების ყოფილ მასწავლებლებთან ერთად უნდა ემუშავა. ,,პატარები“ სულ ოთხნი იყვნენ. მისი გამასწავლებლება, როგორც თავად აღნიშნავს, ცვლილებების ეპოქას, ,,სოციალიზმიდან რაღაც სხვაში გადასვლას“ დაემთხვა. ამბობს, რომ ადვილი არ იყო. გზამ დირექტორის კაბინეტამდე სულ რაღაც შვიდ წელიწადში მიიყვანა და სკოლას 1996 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს.

,,ამბობენ, რომ ჭუბერის სკოლა 1912 წელს დაწყებითი სკოლის სახით გახსნილა, ისტორიულ დოკუმენტებშიც ასეა მითითებული. მალე მას შვიდწლედი მოჰყვა, 1957 წლიდან კი საშუალო სკოლის სახით დაიწყო ფუნქციონირება. ხარისხით ყოველთვის კარგი სკოლა იყო, განათლებისკენ მიმართული.“

ჭუბერის თემს 11 სოფელი ექვემდებარება და მათგან მხოლოდ ორი არ სარგებლობს ჭუბერის სკოლით. ამ სოფლების უმეტესობა სკოლისაკენ მიმავალ გრძელ და რთულ გზას ფეხით გადიოდა. რამდენიმე წლის წინ კი ტრანსპორტირების პრობლემა გადაიჭრა და მას შემდეგ პირველ გაკვეთილს ,,შორიდან მოსული მოსწავლეებიც“ ესწრებიან.

,,თემის ყველაზე მაღალი სოფელი (ზემო მარღი) მაღალ ტერასაზეა გაშენებული, სკოლიდან ექვს-შვიდ კილომეტრზე. ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებამ ეს სოფელიც ჩამოიყვანა სკოლაში. მაღალმთიანი რეგიონის სოფლებისთვის ტრანსპორტის არსებობა სერიოზული საშველია!..“

უსაფრთხოდ გადაადგილება მთაში ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ნატო მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ამ ფუფუნებას ერთი ხარვეზი მაინც აქვს, ე.წ. კლასგარეშე აქტივობებისთვის მოსწავლეთა გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დატოვება ჭირს. მართალია, ჭუბერის სკოლა მრავალფეროვანი კლუბებით არაა განებივრებული, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა მაინც ხერხდება. სკოლის ფრენბურთის კლუბი წელს საქართველოს ჩემპიონი გამხდარა. მუსიკის მოყვარულებს ხალხურ სიმღერებს ასწავლიან. ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით კი,  ახალბედა კალიგრაფები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალს ყოველწლიურად სტუმრობენ.

მოსწავლის უსაფრთხოდ გადაადგილებასთან ერთად, დირექტორს ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნაც ევალება.  სვანეთში ზამთარი ძალიან ადრე დგება და გათბობის საკითხი ოქტომბრამდე უნდა მოაგვაროს.

ქ-ნი ნატო კადრების პრობლემაზეც საუბრობს. ამბობს, რომ მისმა სკოლამ ბევრჯერ ისარგებლა იმ სიკეთით, რომელსაც პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჰქვია. ნაწილობრივ მოგვარდა კიდეც უცხო ენისა და მათემატიკის პრობლემა. ამ პროცესს ხანდახან სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორი (კლიმატთან, თემთან, საცხოვრებელ ადგილთან შეგუება და სხვ.) აფერხებდა, მაგრამ სკოლას ამ მხრივაც გაუმართლა  და თემიც ნელ-ნელა ენდო ,,უცხოებს“. სამწუხაროდ, ასეთი პროექტები ადრე თუ გვიან მთავრდება, მოწვეული მასწავლებლები მიდიან და სოფლის სკოლაში ისევ კვალიფიციური კადრის პრობლემა ჩნდება.

როგორ განმარტავდით ფრაზას ,,კარგი მასწავლებელი“?

,,მასწავლებელი პროფესიონალი, თავისი საქმის ერთგული, მოსიყვარულე და სამართლიანი უნდა იყოს. სკოლა და ბავშვი უნდა უყვარდეს, ცოტათი გიჟიც უნდა იყოს თავის მიმართულებაში… მოკლედ, ბევრი რამაა ერთად აღებული. იცით რა, მასწავლებელზე ამბიციური ადამიანი მგონი არ არსებობს. რატომ? მას სხვისი შვილის, სახელმწიფოსთვის მოქალაქის გაზრდის პრეტენზია აქვს. ამაზე დიდი პასუხისმგებლობა მე არ ვიცი.“

საგაკვეთილო პროცესს დღემდე არ ჩამოშორებია. ამბობს, რომ ის, პირველ რიგში, მასწავლებელია, საკლასო ოთახიდან მართავს სკოლას და არა – კაბინეტიდან. როგორც დირექტორი, თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ მასწავლებელს ჯანსაღი სამუშაო გარემო შეუქმნას და საგანმანათლებლო პროცესებშიც მათთან ერთად ჩაებას.

,,მას შემდეგ, რაც რეფორმის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენი მოსწავლეების შედეგები საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი იყო. ხშირად გვეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდით მაღალმთიანი რეგიონის პირობებში ასეთი შედეგის მიღებას. რა უნდა მეთქვა, ცოტათი გიჟები ვართ-მეთქი, ვპასუხობდი.“

სკოლაში დღემდე არიან შემორჩენილი ის პედაგოგები, ვინც სკოლა უმძიმეს წლებში არ მიატოვეს და უკეთესი ხელფასისთვის ჯიხურში სავაჭროდ არ დასხდნენ. ქ-ნი ნატო აღნიშნავს, რომ ამის დავიწყება არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თაობა სასწავლო პროცესისადმი გულგრილი გახდა. ნატო მასწავლებლის აზრით, თაობათა ცვლა სკოლაში აუცილებელი რამაა, ერთადერთ გამოსავლად კი ამ ეტაპზე ღირსეული კომპენსაციის/პენსიის დანიშვნას ასახელებს.

,,სწავლების ხარისხი იკლებს, შენ კი ადამიანურ ჭიდილში ხარ… ხშირად გიწევს ახალმოსულის დაცვა. არადა, ბავშვებს ძალიან სჭირდებათ თანამედროვე უნარ-ჩვევებით დაჯილდოვებული მასწავლებელი, რომელიც სწავლას გაუადვილებს, საერთო ინტერესი ექნებათ და ა.შ. შეიძლება იგივე შეძლოს ხანდაზმულმა პედაგოგმა, რომელსაც სიახლეების დიდი მიმღებლობა აქვს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა.“

მასწავლებლისთვის ხელის შეწყობა პროფესიული განვითარების პროცესში დახმარებასაც გულისხმობს. დირექტორიც და მისი გუნდიც პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიურად ერთვებოდა. ქ-ნი ნატო იხსენებს, რომ რეფორმის დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში (2006-2008 წწ.) საგნობრივ ტრენინგებს ესწრებოდნენ და აქვე მათი ენთუზიაზმის გამომწვევ მთავარ მიზეზსაც გვიმხელს. აფხაზეთის ომის შემდეგ ჭუბერის სკოლას დევნილები შეუფარებია. 1993 წლის გრძელ და ცივ ზამთარს შეეწირა სკოლის ბიბლიოთეკა, კარ-ფანჯარა, ავეჯი, ღობე… ყველაფერი, რისი დაწვაც შეიძლებოდა. გადარჩა მხოლოდ ფანჯრებზე ცელოფანაკრული სკოლის კედლები. ოღონდ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაესვათ და სამი წლის განმავლობაში უქმეებზე ზუგდიდში დანიშნულ ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირების საგნობრივ ტრენინგებს ჭუბერის სკოლის ყველა პედაგოგი ესწრებოდა.

,,მაშინ გადაადგილებაც ჭირდა და დაბინავებაც, ტრენსპორტის შოვნა, შეთანხმება, ჩასვლა, დარჩენა… ერთადერთი, რაც გვამხნევებდა და გვაძლებინებდა, იყო სკოლის სრული რეაბილიტაცია. თუმცა იმედი გაგვიცრუვდა, რადგან დაბის სკოლის გარემონტება უფრო პრიორიტეტულად მიიჩნიეს, ჩვენ კი ნაწილობრივი რეაბილიტაციით (ფასადი, გადახურვა, ფანჯრების გამოცვლა) დავკმაყოფილდით. ასე ჩაგვეფუშა დიადი გეგმა.“

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებს, ნატო მასწავლებელმა აქაც პირველივე წელს სცადა ბედი.  გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე (მანამდე სკოლამ არ ,,გაუშვა“), საგამოცდო წიგნებით და მომავლის იმედით სავსე ჩანთით ხელში კოლეგასთან ერთად ეწვია დედაქალაქს.

,,მახსოვს, ისეთი სიცხე იყო, ზეწარს იატაკზე ვიფენდით სიგრილის მოსანახად და ერთმანეთს საგამოცდო საკითხებს ვუკითხავდით. ძალიან გვინდოდა ბარიერის გადალახვა, მერე სხვებსაც რომ მოენდომებინათ.“

დღემდე ასე მოდის, ცდილობს კარგი მაგალითი იყოს. სრული რეაბილიტაციის იმედს არ კარგავს, მაგრამ მანამდე სამუშაო გარემოს კეთილმოწყობას საკუთარი ძალებით ცდილობს. ამას წინათ ბიბლიოთეკა წიგნებით გაუმდიდრებია და სამკითხველო ოთახი და კომპიუტერების სივრცე ახლადგარემონტებულ კაბინეტში გადაუტანია. დირექტორის თქმით, ეს ოთახი ბავშვებისა და მასწავლებლების საყვარელი სამუშაო კუთხეა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეხედულებას, რომ კეთილმოწყობილი გარემო ხარისხიანი სწავლა-სწავლების აუცილებელი წინაპირობაა.

გაიხსენეთ ერთი მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეობის წლებში თავი დაგამახსოვრათ:

,,პირველი, ვინც თავში მომდის, ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელია. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საგანი შეგყვარებოდა და მერე შენ თვითონ სწავლობდი. კლასის მართვისთვის თავის შეწუხება არ სჭირდებოდა. იმდენად საინტერესო იყო მისი გაკვეთილები, გაკვეთილის ჩაშლა აზრად არავის მოსვლია. ვიქტორინებს ატარებდა ისეთს, კარგად დაგეგმილს, კლასგარეშეს, ამ ღონისძიებისთვის სკოლის დიდ-პატარა ერთნაირად ემზადებოდა. ვიქტორინაში გამარჯვებულებს კი ექსკურსიით აჯილდოვებდა. ამ ე.წ. პრიზის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ პატარები დიდებთან ერთად მიდიოდნენ, რაც ძალიან საამაყო ამბავი იყო (ისეთი შედეგი აჩვენე, დიდებთან ერთად გამოგარჩიეს). დიდები კი საკუთარი შესაძლებლობების გაზომვის, თავის დამკვიდრებისა და თანატოლებთან კომუნიკაციის კიდევ ერთი შესაძლებლობით იხიბლებოდნენ. ჩემს თაობაში ექსკურსიები დიდად არ იყო მიღებული, რაღაც პერიოდში აკრძალულიც გახლდათ და ეს ფაქტორი უფრო დასაფასებელს ხდის ჩემი მასწავლებლის გამბედაობას, იმ ძალისხმევასთან ერთად, რასაც ის სწავლების პროცესში დებდა.“

ქ-ნი ნატოს აზრით, სოფლისა და ქალაქის სკოლებში ერთნაირად მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის  წარმართვას ,,საქმისთვის მოცლილი“, კვალიფიციური კადრები სჭირდება. როგორც წესი, სოფლის სკოლის მასწავლებელს ხან კარტოფილის მოსავლის ასაღებად ეჩქარება, ხან საქონლის მისახედად. ქალაქში დამატებითი გაკვეთილებია მასწავლებლის ბოსტანიც და ყანაც. მასწავლებელს კი საკუთარ თავზე სამუშაოდ, სკოლის ასაყვავებლად, წიგნთან დასაჯდომად უნდა ეცალოს.

,,ყოველწლიურად ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 80% სტუდენტი ხდება. მათი უმრავლესობა 50-70 პროცენტიანი გრანტის მოპოვებასაც ახერხებს და ეს ყველაფერი დამატებითი მეცადინეობების გარეშე! სოფელში რეპეტიტორის ინსტიტუტი ფიზიკურად არ არსებობს და ზემოაღნიშნული შედეგები მთლიანად საგაკვეთილო პროცესის დამსახურებაა. პირადად მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბავშვების კერძოდ მომზადებას. ჩემი აზრით, თუ ერთი პრეცენდენტი მაინც დავუშვი, ეს ტენდენცია მაშინვე მოდური გახდება და სკოლა გაპარტახდება. “

და ბოლოს, რას ურჩევდით მასწავლებელს?

,,ძალიან ღია, მაღალი მიმღებლობის უნდა იყო და მზად – სიმართლის სათქმელად, გამჭვირვალობას რასაც ეძახიან. კითხვა როცა დაისმება, იქ თუ გულახდილად არ უპასუხე მოსწავლესაც და კოლეგასაც, ურთიერთობაში რაღაც ტყდება, ცუდი რაღაცეები იწყება.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“