ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თანაგრძნობა საკლასო ოთახში

გამუდმებით იმაზე ზრუნვისას, მოსწავლეები გამოცდებისთვის მოამზადონ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა გადასცენ, მასწავლებლებს ხშირად ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ღირებულებებზე საუბარი.

საკლასო ოთახში თანაგრძნობის შესახებ პროექტის იდეა მირანდა მაკკერნიმ გამიზიარა, რომელიც 2015 წელს კონფერენციაზე გავიცანი. მირანდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია და ასეთი რამ მითხრა: მხატვრული ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს შესანიშნავად უვითარებს ფანტაზიას, ნამდვილი ამბებისა და ადამიანების გაცნობა და მათზე საუბარი კი – ემპათიის გრძნობას; ასწავლის, როგორ უთანაგრძნონ სხვებს.

თავდაპირველად ჩვენს სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საპილოტე გაკვეთილი ჩავატარეთ, სადაც ემპათიის გასაღვიძებლად და საკითხის უკეთ გასაგებად ვესაუბრეთ პატარებს იმაზე, რა არის ომი, კონფლიქტი და საკუთარი სახლიდან სხვა ქვეყანაში თავშესაფრისთვის გახიზვნა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა: „მეგონა, ლტოლვილები ჩვენნაირები არ იყვნენ, ახლა ასე აღარ ვფიქრობ“. მეორემ გამანდო, რომ ლტოლვილების შესახებ საუბრისას მიხვდა, რა სასტიკია სამყარო, რომელშიც ცხოვრობს და როგორ შეიძლება, ერთ დღესაც ყველანი საშინელ საფრთხეში აღმოვჩნდეთ.

საპილოტე გაკვეთილის შემდეგ ჩემი სკოლა ახალ პროექტში ჩაერთო. ეს გახლავთ ნაწილი კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლეებს ერთმანეთთან, სკოლასა და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაეხმაროს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მოხალისე მასწავლებელმა მოვუწოდეთ სხვა მასწავლებლებს, ეფიქრათ თავიანთი მოსაწავლეების მეგობრობის, სტრესის მიზეზების, ბულინგისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და დახმარებოდნენ მათ საჭირო დროს. მეოთხეკლასელებმა ყველაზე მეტი ყურადღება ლტოლვილებს დაუთმეს. ჩვენ გავეცანით თანამედროვე ლიტერატურას ამ თემაზე, ბევრი ვიკვლიეთ და გავაცნობიერეთ, ვინ არიან ლტოლვილები და მიგრანტები, რა პრობლემები აქვთ მათ და რა გამოწვევების წინაშე დგანან.

პროცესმა ჩემს მოსწავლეებზე მყისიერი და ძლიერი გავლენა მოახდინა. შინ დაბრუნებისთანავე უკლებლივ ყველა ესაუბრა მშობლებს, მერე კი მთხოვეს, კლასის კრება ჩამეტარებინა, რომ უფროსებთან ერთად მოეფიქრებინათ, როგორ დახმარებოდნენ ლტოლვილებს. ისინი ამბობდნენ, რომ მანამდე თავს არიდებდნენ ლტოლვილების შესახებ ინფორმაციას, ამიერიდან კი გულწრფელ ყურადღებას დაუთმობდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ ღია გაკვეთილსაც გაუწია ორგანიზება. მომხსენებლებად საერთაშორისო ორგანიზაციების, Amnesty International-სა და Great Yarmouth Refugee Outreach Support-ის თანამშრომლები მოვიწვიეთ, რომლებიც თემას საფუძვლიანად იცნობდნენ. მოსწავლეებმა მათ ბევრი კითხვა დაუსვეს და ბოლოს, საკუთარი ინიციატივით, წერილები გაუგზავნეს სირიელ ლტოლვილ თანატოლებს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კიდევ ერთი გამოწვევა დავუსახეთ – დავავალეთ, დილით შინიდან წამოეღოთ მხოლოდ ის ხუთი ნივთი, რომლებსაც ყველაზე საჭიროდ მიიჩნევდნენ და ის ღამე სკოლაში გაეთიათ. მეორე დილით ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალიან მძიმე ღამე გადაიტანეს და ეს ნივთები სრულიად არ იყო საკმარისი ცხოვრებისთვის. ძალიან რთული აღმოჩნდა თავად ნივთების არჩევის პროცესიც და ბავშვები მიხვდნენ, რომ ლტოლვილობა წარმოუდგენლად ძნელია. „მე ყოველთვის თანავუგრძნობდი ლტოლვილებს, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა დამერქმია ამისთვის ან როგორ გამომეხატა ეს“, – მითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

პროექტი მთელი წელი გაგრძელდა. ჩვენ მას კვირაში სამ საათს ვუთმობდით. ამ ყველაფერმა ძალზე დადებითად იმოქმედა მოსწავლეების ემოციებზე, შეცვალა მათი დამოკიდებულება ერთმანეთთანაც და ლტოლვილებთანაც, ისინი უფრო კეთილები, მიმტევებლები გახადა და არაერთ საკთხზე დააფიქრა. წარმომიდგენია, როგორ გაახარა მათმა წერილებმა სირიელი ბავშვები…

სექტემბრიდან, პროექტი უკვე სხვა საკლასო ოთახებშიც გადაინაცვლებს.

ანა მაკკენზი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ინგლისიდან

 

მოამზადა ნინია მაჭარაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“