ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რჩეული მოთხრობები „უნებლიე მკითხავიდან“ „წინწკლების ქოხამდე“

რატომ მიყვარს წიგნის ფესტივალი? პირველ რიგში ბევრი ახალი წიგნის გამო.  იმის გამოც, საყვარელ ნაწარმოებებს თანამედროვე შეფუთვაში რომ გადავაწყდები ხოლმე და თავიდან „შემომეკითხება…“ მივიწყებული წიგნები წლევანდელი წიგნის ფესტივალზეც „აღმოვაჩინე.“ მოსწავლეებისთვის წასაკითხად მოთხრობების კრებულებს დავეძებდი და ჩემი ყურადღება „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიამ“  მიიქცია ( ცისფერყდიანმა წიგნმა ხეზე შემოსკუპებული ბიჭუნასა და ღრუბლებში მონავარდე ჩიტის სილუეტებით). კრებული სამი საუკუნის მანძილზე, სულხან-საბა ორბელიანაიდან დღემდე, არაერთი გამოჩენილი მწერლის საბავშვო მოთხრობებს აერთიანებდა. ნაცნობმა ტექსტებმა არა მხოლოდ მოგონებების, ახალი თემების აღმოჩენის ხასიათზეც დამაყენა – მივხვდი, თვალის გადავლება ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი ბავშვობაში წაკითხულის გასახსენებლად.

რატომ დავეძებდი მოთხრობების კრებულს? „მკითხველთა კლუბებში“ დაგროვილმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ერთი მოთხრობისთვის გაკვეთილის დათმობა გაცილებით ეფექტურია: ავტორზე ვსაუბრობთ, ნაწარმოებზე ვმსჯელობთ და რაც მთვარია, მოსწავლეები წაკითხულის მოყოლასაც ასწრებენ (ზოგიერთი ილუსტრაციის დახატვასაც კი ახერხებს). ამიტომაც ვიქეცი „მოთხრობების მაძიებლად,“ ისეთების, მრავალფეროვან თემებზე საუბრისა და ორიგინალური პარალელების გავლების საშუალებას რომ იძლევა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სადიდო და საბავშვო მოთხრობები განსხვავებული ფენომენია. საბავშვო მოთხრობებში მწერალი პრიორიტეტს ანიჭებს მარტივ სიუჟეტებსა და ლიტერატურულ ხერხებს, თანმიმდევრულსა და დინამიურ თხრობას. პატარა მკითხველს, როგორც წესი ცოცხალი, ლაკონური დიალოგებით გაჯერებული ისეთი ამბები მოსწონთ, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვია. ზემოთჩამოთვლილ თავისებურებებს ავტორის გულწრფელობაც თუ ემატება, ნაწარმოების წარმატება გარანტირებულია. ბავშვები ინტერესით კითხულობენ და შთაბეჭდილებებსაც არანაკლები ენთუზიაზმით უზიარებენ ერთმანეთს.

ანთოლოგიას ვუბრუნდები და თემების ჩანიშვნას ვიწყებ:

  • პირველი სამი მოთხრობა სულხან-საბა ორბელიანისაა. „უნებლიე მკითხავი,“ „მხვნელი, ფეიქარი და მკერავი“ ტყუილის ფენომენზეა. მათი წაკითხვის შემდეგ, გამოუვალ მდგომარეობაში ნათქვამ, იძულებით თუ უნებლიე ტყუილზე შეიძლება მსჯელობა. მოთხრობებში აღწერილი რთული სიტუაციებიდან მთავრი გმირის სამშვიდობოს გაყვანა სიცრუის გარეშე თითქოს წარმოუდგენელია. რის გამოც მოსწავლეების შემოთავაზებული ვარიანტების, პერსონაჟების გამართლება-დადანაშაულებისას გამართული კამათის მოსმენა ძალზე საინტერესოა. რაც შეეხება მესამე მოთხრობას („ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი“) შიშზე, მის თანამდევ პროცესებზე და „ადგილის დამკვიდრების“ მეთოდებზეა. რომელი პერსონაჟის მხარეს დადგება პატარა მკითხველი, არც თუ იოლი გამოსაცნობია.
  • როგორია დღეს პატრიოტულ თემებთან ჩვენი დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, გვსურს ოქროს შუაელდი დავიცვათ და უმცროს თაობას პათეტიკის გარეშე შევაყვაროთ სამშობლო. ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტასაბიშვილი“ და იაკობ გოგებაშვილის „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ თითქოს ახლებური თვალით წაკითხვას ითხოვს. ბავშვებისთვის თავშესაქცევი იქნება რაინდულ შერკინებებსა და თავდადებულ ბრძოლებში დაღუპულ ახალგაზრდებზე დაწერილი სიუჟეტები. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა, როგორ გაიაზრებენ ამ ნაწარმოებებში გაჟღერებულ „ხმამაღალ“ ფრაზებს – შვილმკვდარი ინგილო ქალისგან ერეკლე მეფისთის შეთვლილ სიტყვებსა თუ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილსთვის ყიზილბაშის მიმართავს: „მე სიცოცხლეს თუ ვინმესგან ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანაო!“
  • განსხვავებული მოთხრობაა აკაკი წერეთლის „პატარა ტარიელი,“ რომელიც, სიმართლე გითხრათ, წაკითხულიც არ მქონდა და მოთხრობის მთავარი გმირი პატარ ბიჭუნას უცნაურმა ფანტაზიებმა თუ პედაგოგებისა და მშობლების თავსატეხმა გულიანად გამაცინა.
  • მოსწავლისა და მასწავლებსლის დაძაბულ და სიურპრიზებით სავსე ურთიერთობაზეა ჯემალ ქარჩხაძის „სასწაული.“ ცამეტი წლის ბიჭი ცდილობს თავის დაუძინებელ მტერს ღირსეულად შეხვდეს საბრძოლო მოედანზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები შავი დაფაა! სამკვდრო-საცისიცოცხლო შერკინება კი გეომეტრიის ამოცანებთან უნდა გამართოს. სიტუაციას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ ამოცანებს ზურგს „ორიანებით გამოჭედილი უბის წიგნაკით“ შეიარაღებული მასწავლებელი უმაგრებს. რა ბედი ელის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ, ცელქ ბიჭუნას, რომელსაც აღიზიანებს მოსწავლეები, „ყოველი გაკვეთილი ზეპირად რომ იციან“ და „ანტენებივით აქვთ აშვერილი თითები“ (მუდამ მზად არიან გამოსაძახებლად). მთავარი გმირი თვლის, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში, უფრო მეტიც, სულაც არ ხდება!.. თუმცა თანდათან  გამოცდა „უცნაური სახეს იღებს,“ ავისმომასწავებელი, სქელი უბის წიგნაკი კი მისთვის უსაყვარლეს ნივთად იქცევა. როგორ? ამას სხარტი დიალოგებითა და ირონიული ქვეტექსტებით, ემოციებით უხვად დატვირთული მოთხრობიდან შიტყობთ;
  • ალბათ გახსოვთ ბავშვობაში წაკითხული, რადიოში მოსმენილი ან ტელე-სპექტაკლად ნანახი დავით ჯავახიშვილის „ყოჩაღი ბაკურისა და ძილისგუდა ზარმაცების თავგადასავალი.“ თავშესაქცევი ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სოფელი ბაკურიანი პატარა მატარებლითურთ, მხიარულად რომ დაგუგუნებს აღმართ-დაღმართ. „სასაცილო სახელიანი სოფელი“ ფაფაც გემახსოვრებათ, სადაც თოვლის მაგივრად ტკბილი და გემრიელი მანანის ფაფა მოდის, გზებს, ეზოებს, სახურავებს ეფინება და თავის ბინადრებს ანებივრებს. უზრუნველი ფაფელები დიდი კოვზებით შეიარაღებულები, მუდამ პირდაფჩენილები დაიარებიან. სიზარმაცის პრევენციის საუკეთესო გაკვეთილებს კი თავად ყოჩაღი ბაკური გვთავაზობს;
  • რადგან სიტყვა სიზარმაცეზე ჩამოვარდა, აქვე ერლომ ახვლედიანის ფილოსოფიურ ჩანახატებსაც ვახსენებ. ვფიქრობ, ისინი მოზარდებს უფრო დააინტერესებთ. შეიტყობენ, რომ რაც უფრო ზარმაცია არსება, მით მეტი გვერდი აქვს გადასაბრუნ-გადმოსაბრუნებლად? („ზარმაცი თაგუნას ამბავი“); რას მოიმოქმედებს უვიცი თუ თავის დროზე არ ასწავლეს დათვლა და არ აუხსნეს, რომ წიწილას არ შეუძლია მელა გადასანსლოს? („მელა მასწავლებელი“); რას ფიქრობენ დანარჩენი ობობები თანამოძმეზე, რომელმაც ბუზივით ბზუილი ისწავლა და ახლა აღარ ჩერდება? („უნიჭო ობობა“); როგორ ეგუებიან ადამიანები კაცს, მხოლოდ საკუთარი თავი რომ აღელვებს („ამბავი კაცისა, თავი რომ გაიბატონა“);

ნოსტალგიურ ხასიათზე დაგაყენებთ „იავნანამ რა ჰქმნა?“ „მაგდანას ლურჯა,“ „ქაჯანა,“ „სათაგური,“ „ჩხიკვთა ქორწილი,“„ჩირიკი და ჩიკოტელა,“ „უშიშა პაპას ამბავი,“ „ხაზარულა“ და სხვა მრავალი, ჩვენთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ავტორების მოთხრობები. ანთოლოგიაში მოგზაურობას კი გურამ პეტრიაშვლისა („ყვავილები,“ „პიკო და ოლიკო“) და ნაირა გელაშვილის („წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა,“ „ბურბუშელა“ „წინწკლების ქოხი“) ზღაპრებით დაასრულებთ.  ყვავილებთან,  ხალიჩიან ვეშაპ პიკოსთან და მის მეგობარ ოლიკოსთან ერთად ცაში გაინავარდებთ (სანამ უჟმური საკუთარ სათქმელს იტყვის), ბოლოს კი პატრ გოგონა ანისულას ნახატებსა თუ ოცნებებში იმოგზაურებთ და შესაძლოა ისე „დაიწინწკლოთ,“ ცხადი და  სიზმარი ვეღარ განასხვავოთ. წინწკლების მეფე ჯუჯა (გახსოვდეთ, წინწკლების მეფე რომ არის, საქვეყნოდ ცნობილი საიდუმლოა) კი ისეთ ამბებს მოგიყვებათ, სულ სხვა თვალით შეხედავთ ყველაფერს, რაც დედამიწის ზურგზე დაწინწკლულია: ციცრებს, ჟირაფებს, ჭორფლიან გოგო-ბიჭებს, ჭიამაიებს (სია გრძელია და თავად უნდა გააგრძელოთ)…

***

ამ პატარა წერილში ყველა მოთხრობაზე რა თქმა უნდა ვერ და არც გესაუბრებით. კრებულში სათავისო მოთხრობას ნებისმიერი გემოვნების ბავშვი თუ მოზარდი, მშობელი თუ მასწავლებელი მიაგნებს. თან ზაფხულის არდადეგებიც  მოახლოვდა და თუ ბევრი წიგნის თან წაღება გეზარებათ, „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ (ცისფერყდიანი წიგნი, ხეზე შემოსკუპებული ბიჭუნასა და ღრუბლებში მონავარდე ჩიტის სილუეტებით) საუკეთესო სამსახურს გაგიწევთ. საინტერესო ამბებს წაიკითხავთ, სკოლაში დაბრუნებულები კი უმარავ ავტორს ჩამოთვლით და მრავალფეროვან თემებზეც ისაუბრებთ.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ მწერალმა ლია ლიქოკელმა შეადგინა და ვფიქრობ, ეს პიკანტური დეტალი თქვენთვის უფრო საინტერესოს გახდის ამ კრებულს – მწერლის გემოვნებაზე და მისი ბავშვობის საყვარელ მოთხრობებზეც შეგექმნებათ წარმოდგენა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“