თვისებრივი კვლევის მოულოდნელი მიგნებები
სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ ვიდეოგაკვეთილების როგორც საგანმანათლებლო რესურსის მოკლე მიმოხილვა, ვისაუბრეთ რაინ-ვესტფალიის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევის მიგნებებზე. ამჯერად დეტალურად განვმარტავთ თითოეულ მათგანს.
კვლევის მიგნება #1. ვიდეოტუტორიალების ავტორებს (იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ისინი ვიდეოში ჩანან) მოსწავლეები, მასწავლებლისგან განსხვავებით, თანასწორებად აღიქვამენ.
შედეგების ანალიზის დროს მკვლევრებისთვის მოულოდნელად გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც გერმანელი მოსწავლეებისთვის თანასწორობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია – ეს არის სასაუბრო ენა. მათ მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ხშირად იყენებენ ტერმინებს, რომლებიც მოსწავლეთა უმრავლესობას არ ესმის. შესაძლოა, პედაგოგი ამას გაუცნობიერებლად აკეთებდეს, მაგრამ მათ უმრავლესობას (განსაკუთრებით – ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში) ავიწყდება, რომ კლასში სხედან განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის – ემიგრანტები), რომლებიც სპეციფიკურ საგნობრივ ტერმინოლოგიაში გარკვეულნი არ არინ. ვიდეოტუტორიალების ავტორები, მასწავლებლებისგან განსხვავებით, საუბრობენ მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, ხშირად ჟარგონსაც იყენებენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რთული მათემატიკური ან ფიზიკური ფორმულის იმგვარად ახსნას და გადმოცემას, რომ ყველას შეეძლოს მისი გაგება, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა.
ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):
მონაწილე A: „და… როგორ გამოვხატო უკეთ ჩემი სათქმელი? ამ ვიდეოებში ადამიანები აკეთებენ ისე, რომ რთული რამეები ჩვენც (იგულისხმება მოსწავლეები) მარტივად გვესმის. გვესმის ყველას. ყველას შეუძლია მათი ენის გაგება და გააზრება. ჩვენ შორის არიან ემიგრანტებიც, მაგალითად, აფრიკული ფესვებით… მათ არ იციან ეს ტერმინოლოგია, არამხოლოდ მათ – ხშირ შემთხვევაში გერმანელებმაც კი არ იციან… ამ ვიდეოებში კი მარტივ სიტყვებს იყენებენ, აი, ძალიან მარტივად აგებენ წინადადებებს, არავისთვია თავის მოწონებას არ ცდილობენ: „ნახე, მე რა მაგრად ვიცი გერმანული“. ყველას ესმის, ყველა იგებს… იმაზე უკეთ, ვიდრე გაკვეთილზე“.
- მოსწავლეები საკუთარ თავს ვიდეოში მოქმედ პირებთან აიგივებენ, რადგან ისინი მათთვის წარმატების სიმბოლოები არიან და თავს მათგან აღიარებულად გრძნობენ.
ანალიზმა ცხადყო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული უხილავი ენობრივი ბარიერის საკითხი ამ კვლევაში დიდ როლს შეასრულებდა. ენისა და საგნობრივი ტერმინოლოგიის დაძლევა მოსწავლეებისთვის დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ეს ის სირთულეა, რომლის გადალახვის შემდეგ მათ გზაზე არაფერი გადაეღობებათ. ვიდეოტუტორიალების ავტორები, რომლებიც რთული თემების ასახსნელად მარტივ სიტყვებს იყენებენ, ბავშვებისთვის მაგალითს წარმოადგენენ. სირთულის დაძლევისა და წარმატების ცოცხალ მაგალითს.
ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):
მონაწილე B: „ყველაზე მეტად ის მაოცებს, რასაც ეს ტიპი (იგულისხმება ვიდეოს ავტორი) თავისი ცოდნით აკეთებს! მარტივ გამომთვლელს იყენებს და ისე გვიხსნის… ამით სურს გვაჩვენოს, რომ რთული გამოთვლების შესრულება მარტივი გზებითაც შესაძლებელია. უყურებ და ფიქრობ… მეც მინდა ასეთი ვიყო, მეც მინდა წარმატებული ვიყო! მან თუ შეძლო და გაიგო ეს ფორმულები, მეც შევძლებ, მეც მივაღწევ მიზანს. დავძლევ მათემატიკას, გავხდები ისეთი, როგორიც ეს კაცია… და ამის მერე უბრალოდ აგრძელებ, უბრალოდ ყოველდღე იბრძვი“.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსწავლეები ვიდეოს ავტორებისგან თავს აღიარებულად და დაფასებულად გრძნობენ. მაგალითად, თუ ვიდეოს ავტორმა გაითვალისწინა მათი კომენტარი და გააუმჯობესა შემდეგი ლექციის ხარისხი, ამას ბავშვები პირად გამარჯვებად და აღიარებად აღიქვამენ – აღიარებად მათზე „ჭკვიანი“ და „წარმატებული“ ადამიანის მიერ, რაც კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. ვიდეოს ავტორებისგან განსხვავებით, მასწავლებლები არ ეკითხებიან მოსწავლეებს, რა შეიძლება გააუმჯობესონ საკუთარ პრაქტიკაში.
- მოსწავლეებს უადვილდებათ რთული მასალის აღქმა, როცა ის გადმოცემულია სხვადასხვა ფორმით.
ვიდეოტუტორიალების დახასიათების დროს სამივე ჯგუფში გამოიკვეთა თანაბარი მიგნებები: მოსწავლეებს უადვილდებათ რთული მასალის გაგება, როცა ის გადმოცემულია მარტივი ენით, თან ახლავს თვალსაჩინოება (მაგალითად, გრაფიკი, დიაგრამა, ანიმაცია), მასალის ახსნა არ გრძელდება დაუსრულებლად (დაცულია დროის ფაქტორი), მთხრობელის ხმა არ არის მონოტონური, მოყვანილია შედარებები და მაგალითები მათთვის ნაცნობი გარემოდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან, შესაძლებლობა აქვთ, თავადაც გაკეთონ პრაქტიკული მაგალითები მასალის ახსნის შემდეგ და მიიღონ უკუკავშირი. ინტერვიუს დროს თითქმის ყველა მოზარდმა ამა თუ იმ ფორმით აღნიშნა, რომ არ უყურებენ ისეთ ვიდეოტუტორიალებს, რომლებშიც ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცული არ არის. ვიდეოების ხარისხის შეფასებისას ასევე ითვალისწინებენ კომენტარების შინაარსსა და მოწონებების რაოდენობას.
- მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში „ძალაუფლების“ შესანარჩუნებლად არაცნობიერ მეთოდებს იყენებენ.
ინტერვიუების შედეგების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა ენა როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტი. იმ ფაქტს, რომ მათ მეტი ცოდნა აქვთ ენობრივი თვალსაზრისით (საგნობრივი ტერმინოლოგია), მასწავლებლები ხშირად გაუცნობიერებლად იყენებენ კლასზე გავლენის შენარჩუნების მექანიზმად. მათი მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის მოსწავლეების „ჩაჭრა“ ან კლასში ცუდი შედეგების მიღება, თუმცა კონკრეტულ სიტუაციებში მათ ყოველთვის შეუძლიათ შეახსენონ მოსწავლეებს, ვინ არის კლასში მთავარი, ვინ არის „ყველაზე ჭკვიანი“. აღსანიშნავია ის ზეწოლაც, რასაც მასწავლებლები ირიბად განიცდიან – მათ უნდა მოასწრონ კონკრეტული თემების გავლა, მიაღწიონ კურიკულუმით დასახულ მიზნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ თუ ირიბად, პასუხისმგებელნი იქნებიან კლასის შედეგებზე. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში მათ უხდებათ იმ მოსწავლეების „გაწირვა“, რომლებიც არ შეესაბამებიან მათი სწავლების ტემპს.
ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):
მონაწილე A: „გასაგებია, რომ მათაც (მასწავლებლებს) ბევრი საქმე და სტრესი აქვთ… და საგნობრივი ტერმინოლოგიის ცოდნაც კარგია… თუმცა… მმმ… მაგალითად, ხშირად ხდება, რომ აგვიხსნიან ერთხელ, ორჯერ, და კიდევ თუ ვერ გავიგე, უკვე აღარ ვეკითხები, რადგან მერე ყოველთვის ფიქრობენ (მასწავლებლები), რომ რაკი ვერ გავიგე, ესე იგი ცუდი ნიშანი მეკუთვნის. მაგალითად, თუ მანამდე მაღალ ნიშანს დამიწერდა, რამდენჯერმე ერთი და იმავე შეკითხვის დასმის შემდეგ იფიქრებს: რატომ უნდა დავუწერო საშუალო ქულა? მოდი დაბალს დავუწერ, რაკი ბევრჯერ მკითხა, ესე იგი, არ იცის“.
მონაწილე B: „ისინი (მასწავლებლები) უბრალოდ ძალიან სწრაფები არიან, რამე თუ გამოგრჩა, მერე ვეღარ გაიგებ. გაკვეთილისგან განსხვავებით, ვიდეო შეგიძლია გააჩერო, გადაახვიო და იმდენჯერ უყურო, რამდენჯერაც გინდა. თანაც მარტივადაა ახსნილი და ჩვენი (იგულისხმება მოსწავლეების) ენაა… ამიტომ ხშირად ვუყურებ… გაკვეთილების მომზადებაში მეხმარება“.
მონაწილე C „მასწავლებლებისგან განსხვავებით, ვიდეოს ავტორები დარწმუნებით ლაპარაკობენ. მასწავლებლებს ხშირად ეჭვი ეპარებათ. გეტყვიან: – ახლა არ მცალია, მოდი, ამაზე მერე ვისაუბროთ, – და ეს „მერე“ აღარ დგება, რადგან ავიწყდება, ან სხვა საქმე აქვს. შენ კი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და ეს მხოლოდ შენი პრობლემაა“.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული და ქართული რეალობა (თუნდაც ზოგადსაგანმანათლებლო კუთხით) ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტის შედეგებში ჩვენთვის სასარგებლო მიგნებებიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ. გარდა ამისა, ვიდეოტუტორიალები დღითი დღე აქტუალური ხდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც და მათი როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ინსტრუმენტის კვლევა ნამდვილად მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქართველ მასწავლებლებს.
უნდა აღნიშნოს, რომ ამ პატარა კვლევითი ექსპერიმენტის მიგნებები საფუძვლად დაედო დიდ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ინსტიტუტი აპირებს. მადლობა მკვლევრებს და იდეის ავტორებს (მაგისტრანტებს) მარტინა გროილს და ალექსანდერს, პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ სვენ კომერს.