კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

კლასში ხმამაღლა კითხვის უპირატესობები

ჩვენ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, ისევე, როგორც ყველას სხვას, გვაქვს ჩვენი ძლიერი და სუსტი პროფესიული მხარეები. ზოგიერთი ჩვენგანი ისეთი მჭევრმეტყველია, გაფაციცებული მოწაფეები მის ყველა სიტყვას ჰაერშივე იჭერენ; ზოგი მეტად გულისხმიერია და მოსწავლეს თვალში რომ ჩაუვარდეს, ხელს არ ამოისვამს; ზოგი იმდენად საინტერესო და მოულოდნელობებით სავსეა, თავის შეგირდებს ,,შიშის ოთახში” ყოფნას აგონებს, როცა არ იცი, უეცრად რომელ ფიგურას გადააწყდები. მთავარია, ჩვენ ზუსტად შევაფასოთ ჩვენი უპირატესობები და მათი სწორად გამოყენება შევძლოთ. მე მგონია, რომ ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი იარაღი კლასში ხმამაღლა კითხვაა. ამ მეთოდის შესახებ დოქტორი მარსია პოპი წერს:

 ,,თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ხმამაღლა არ უკითხავდნენ და ალბათ, ისეთი ადამიანის პოვნაც გაჭირდება, რომელსაც თვითონ არ წაუკითხავს სხვისთვის. ხმამაღლა კითხვა ენის ცოდნის გაღრმავების ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა, რომელიც ხშირად შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს. გარდა ამისა, ეს საშუალებას გაძლევთ მათ ყოველდღიურად გააცნოთ პროზისა და პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ახალი ავტორები, თემები და სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი. ასევე ამ გზით შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი საკუთარი შეხედულებები და მათი ინტერესების არეალი გააფართოვოთ.  როდესაც ხმამაღლა, ენთუზიაზმითა და ცოცხალი ინტერესით კითხულობთ წიგნიდან, ბავშვისთვის იქცევით განათლებული და გემოვნებიანი უფროსის მოდელად.”

ხმამაღლა კითხვა ქმედითი სოციალური მოვლენაა. მკითხველსა და მსმენელს შორის წარმოიქმნება უნიკალური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც კვეთს ასაკისა და სქესის საზღვრებს და ეხმარება მათ განსაკუთებული კავშირის დამყარებაში. ბევრ ადამიანს სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში როგორ უკითხავდა პატარაობაში რომელიმე ნათესავი ანდა საყვარელი მასწავლებელი. თუნდაც შინაარსიდან ვეღარაფერს იხსენებდე, მაინც არასოდეს დაგავიწყდება წიგნი, რომელსაც მამა ყოველ საღამოს გიკითხავდა ხოლმე.

კლასში ხმამაღლა კითხვა ენის შესწავლისას ნამდვილი ქვაკუთხედია. ფიქრობენ, რომ ხმამაღლა კითხვა ხელს უწყობს ბავშვის კითხვისადმი ინტერესის გაჩენას და მას სასიამოვნო საქმიანობად წარმოუჩენს. როდესაც ბავშვები ხარიხიანი ლიტერატურული ნაწარმოების მაგალითზე ეცნობიან ენის ძალასა და მშვენიერებას, მათ უმუშავდებათ ლიტერატურული გემოვნება, რაც შემდეგ მათ მიერ შერჩეული საკითხავის ხარისხს განაპირობებს. ხმამაღლა წაკითხულმა წიგნმა მოსწავლეს შეიძლება გაუღვიძოს იმავე წიგნის მეორედ გადაკითხვის, იმავე ავტორის სხვა წიგნის გაცნობის, იმავე ჟანრის ანდა თემატიკის წიგნების წაკითხვის სურვილი.

მრავალი ადამიანი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს, რითმებს, თავგადასავლებს, სასწაულებს, იუმორსა თუ საინტერესო ინფორმაციას პირველად ახლობლების მიერ ხმამაღლა წაკითხული წიგნების მეშვეობით ეცნობა, წარმოსახვით მოგზაურობს სხვადასხვა დროსა და ადგილას, ნახულობს ზღაპრულ მიწებს, სწვდება ლიტერატურული პერსონაჟების გულისნადებსა თუ ნაფიქრალს. თუ თქვენ ეს ყველაფერი ოდესმე გამოგიცდიათ, დიდი ხალისით აზიარებთ იმავე სიამოვნებას თქვენს კლასს.

მაგრამ ზემოთ აღწერილი სიამოვნების გარდა, ხმამაღლა კითხვას მოსწავლეთათვის სხვა უამრავი სარგებელიც მოაქვს. სწავლის ნებისმიერ საფეხურზე იგი ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკას, უადვილებს წაკითხულის აღქმას და ეხმარება წერითი უნარების გაუმჯობესებაში. მკვლევრები ვიგფილდი და აშერი ირწმუნებიან, რომ ხმამაღლა კითხვის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იგი მოსწავლეებს აქეზებს უფრო მეტი იკითხონ და ასევე იკითხონ სულ უფრო უკეთესი ხარისხის ლიტერატურა. კეროლ ჩომსკი ამტკიცებდა, რომ ხმამაღლა კითხვა უაღრესად ეფექტურია, მაშინ, როცა საკითხავი მასალა ოდნავ უფრო რთულ ლექსიკურსა და კონსტრუქციულ ელემენტებს შეიცავს, ვიდრე მოსწავლის მეტყველება. დოროთი კოენი კორელაციის მაღალ ხარისხს პოულობდა ხმამაღლა კითხვასა და მოწაფის ლექსიკის გამდიდრებას შორის. თუკი კოენსა და ფეიტელსონს დავუჯერებთ მოთხრობების ხმამაღლა წაკითხვა ამაღლებს წაკითხულის გაგების კომპეტენციას. ფეიტელსონი დასძენდა, რომ თუკი ბავშვი ხშირად კითხულობს ხმამაღლა, ეს მას სამეტყველო აპარატის განვითარებაშიც ეხმარება.

ხმამაღლა კითხვისას მოსწავლეები ეჩვევიან წინასწარი ვარაუდების გამოთქმას, თუ როგორ შეიძლება  განვითარდეს ამბავი, რაც მას წაკითხულის გააზრების უნარს უუმჯობესებთ. კვლევის თანახმად ზემოთაღნიშნული აქტივობა ასევე ხელს უწყობს მოწაფეთა წერითი უნარების განვითარებას _ ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ ფრაზეოლოგიზმებს, რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, იდიომატურ გამოთქმებს. ხმამაღლა კითხვას სარგებელი აქვს განურჩევლად ყველა სოციოკულტურული გარემოს მქონე ბავშვისთვის.

ჩემთვის, როგორც უფროსკლასელთა მასწავლებლისთვის, ხმამაღლა კითხვის მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი საშუალებას მაძლევს გავაცნო მოსწავლეებს ლიტერატურის მათთვის ყველაზე ძნელად აღსაქმელი ჟანრი, პოეზია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი