სკოლაში ძალადობა აქტუალური თემაა. მინდა შემოგთავაზოთ გერმანელი მკვლევრის ტიმ ბერშის სტატია, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო სემინარის მასალების ფარგლებში.
სკოლაში ძალადობის მაჩვენებლების შემცირების ამოცანა ორი პოზიციიდან განიხილება. ერთია აგრესორების მიმართ ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერება, მეორე – აგრესიის ახალი შემთხვევების პროფილაქტიკა.
ძალადობრივი ქცევა, ბიჰევიორიზმის თანახმად, შესაძლებელია შემცირდეს განცდების პედაგოგიკის, არაძალადობრივი ქცევის განხორციელების შესასწავლი ტრენინგებისა და ყველა იმ აქტორის ჩართვით, რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო ძალადობაში ყველა დონეზე.
საზოგადოდ, ადამიანებს ახასიათებთ ნებისმიერი მოვლენისთვის მარტივი ახსნის ძიებისადმი სწრაფვა. მაგალითად, „კომპიუტერული თამაშები, რომლებშიც სროლისა და მკვლელობის სცენებია, ბავშვებს აღუძრავს მსგავსად ქცევის სურვილს. ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია – თუ ასეთ თამაშებს ავკრძალავთ, მკვლელები აღარ გვეყოლება“. სამწუხაროდ, ცნობილია, რომ ძალადობრივი ქცევის ჩამოყალიბებას უამრავი მიზეზი აქვს. შესაბამისად, უამრავია ასეთი ქცევის პროფილაქტიკის გზაც.
სკოლაში, საბავშვო ბაღში, სოციალურ დაწესებულებაში ძალადობის დონის შესამცირებლად არ არის საკმარისი „ცუდი ბიჭუნების“ „ძალადობის საწინააღმდეგო“ ტრენინგზე დასმა; საჭიროა გაცილებით მეტის გაკეთება. წესებს უფროსები ადგენენ და თუ ისინი შექმნიან ერთიან სისტემას, კარგ შედეგს მიიღებენ. ამისათვის საჭიროა:
- უფროსები იყვნენ კეთილსინდისიერები, დაინტერესებულები და საკითხის გადაწყვეტაში ჩართულები;
- დადგინდეს მიუღებელი ქცევის მკაფიო საზღვრები;
- წესების დარღვევას მოჰყვეს თანამიმდევრული რეაგირება და არა შურისმაძიებლური, უხეში რეაქცია;
- დაწესდეს გარკვეული ხარისხის ზედამხედველობა და კონტროლი და არა ტოტალური თვალთვალი;
- უფროსებს ჰქონდეთ ავტორიტეტი.
იმისთვის, რომ სკოლაში კლიმატის გამოსწორება მოვახერხოთ, საჭიროა რამდენიმე დონეზე მოქმედება, კერძოდ:
- სკოლის დონეზე – ამაღლდეს გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, ზედამხედველობის ხარისხი; ამაღლდეს მასწავლებლების კვალიფიკაცია; გაძლიერდეს მშობლებსა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობა;
- კლასის დონეზე – შემუშავდეს ქცევის წესები, რომლებიც შეამცირებს გამომწვევ/აგრესიულ ქცევას; დაინერგოს როლური თამაშების მეთოდი, რომელიც ასწავლის ბავშვებს პრობლემის სოციალურად მისაღები მეთოდებით – თანამშრომლობით, მოსმენით, სადავო საკითხებზე საუბრით – გადაჭრას;
- ინდივიდუალურ დონეზე – პირისპირ საუბარი აგრესიულ ბავშვებსა და მათ მშობლებთან, იმავდროულად – ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერა.
ადმინისტრაციულ სადამსჯელო ღონისძიებებს განეკუთვნება: 1. წერილობითი საყვედური; 2. პარალელურ ჯგუფში/კლასში გადაყვანა; 3. დროებით, ერთი ან ორი კვირით, სკოლიდან გარიცხვა; 4. სკოლიდან გარიცხვის შესახებ გაფრთხილების მიცემა; 5. სკოლიდან გარიცხვა; 6. მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სახელმწიფო სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ეს სკოლების მართვის ინსპექციის კომპეტენციაა).
მნიშვნელოვანია ავუხსნათ ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომ ძალადობა ვნებს და უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას. ამის გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:
- კონფლიქტური, ძალადობის შემცველი სიტუაციის ამოცნობისა და მისი ვერბალიზაციის სწავლება;
- ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის განხილვა;
- მოზიდვა ნებისმიერი ფიგურანტისა (თუნდაც სასწრაფო დახმარების ექიმებისა), მსხვერპლებისა, თავად იმ ყოფილი მოძალადეებისა, რომლებსაც შესწევთ უნარი, ემპათიით გაუზიარონ სხვებს საკუთარი მატრავმირებელი და დესტრუქციული გამოცდილება;
- სპეციალური პრაქტიკული გარემოს შექმნა, რომელშიც აგრესიული მოსწავლე ნათლად დაინახავს და გააცნობიერებს ძალადობის სავარუდო მიზეზებს და მის შესაძლო შედეგებს;
- ისეთი სოციალური კლიმატის შექმნა, რომელსაც ერქმევა „ბოიკოტი ძალადობას“;
- საკუთარ ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება, საკუთრი პოზიციების ხელახალი გააზრების, გაცნობიერების და შეცვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- მოძალადის მხრივ მუქარის შემთხვევაში შესაბამისი ქცევის შემუშავება, რათა მსხვერპლმა სათანადო რეაგირება მოახერხოს (ზოგ შემთხვევაში – ჩარევა და ზოგ შემთხვევაში – გაქცევა);
- საფრთხის შემცველ სიტუაციაში მაპროვოცირებელი ქცევისგან თავის შეკავება;
- ისეთი სოციალური გარემოს შექმნა, სადაც ძალადობის (მისი მიზეზებისა და შედეგების) შესახებ მუდმივად იქნება შესაძლებელი საუბარი.
ჩვენს შემთხვევაში მთავარია არაძალადობრივი ქცევის მოდელის დასწავლა. ამ სფეროში ტრენინგების უმრავლესობა დასწავლის თეორიებზე დაყრდნობით წარიმართება, სადაც ასევე მნიშვნელოვანია აგრესიის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება. ასეთ ტრენინგებში მონაწილეობა შედარებით ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რათა ის მეტად შედეგიანი აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ ადამინებს მხოლოდ მაშინ უჩნდებათ ნდობა არაძალადობრივი სასწავლო პროცესების მიმართ, როცა თავად სურთ, თავი დააღწიონ ქცევის ძალადობრივ ფორმებს.
ძალადობრივი ქცევა შეძენილია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ადამიანი ძალადობას გადაეჩვიოს.
ძალადობრივი ქცევის წინასწარ აღმოჩენა/გაფრთხილება შესაძლებელია სამ ძირითად დონეზე. გთავაზობთ ცხრილს:
დონე | სამიზნე ჯგუფი | მიზანი | მოქმედი პირები |
პირველადი | ყველა ბავშვი და ახალგაზრდა | საჭირო კომპეტენციების შეძენა | ახლობელი ადამიანები, პედაგოგები |
მეორეული | საფრთხეში მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები | ძალადობის შესახებ სათანადო პროგრამების საშუალებით, მისი წინსწრებით გაფრთხილება | პედაგოგები, ახალგაზრდების დამხმარე სპეციალური ცენტრების სპეციალისტები, პოლიცია,სოციალური მუშაკები |
მესამეული | მსჯავრდებული ბავშვები და ახალგაზრდები | რესოციალიზაცია, რეციდივის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები | კონკრეტული ადამიანები (კონსულტანტები, თერაპევტები) და ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ მსჯავრდებულებს |
პრინციპში, ნებისმიერი ეს ქმედება შეიძლება განვიხილოთ როგორც ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გამაფრთხილებელი ქმედება, მაგრამ უპირველესია აღზრდა, სკოლისა და სხვადასხვა გაერთიანების ერთობლივი ზრუნვა და განცდების პედაგოგიკა (მოვლენების პედაგოგიკა). ამ ტერმინის განმარტება შეიძლება მოვიძიოთ სოციალური სამსახურის პროფესიულ ლექსიკონში: „განცდების (თუ გნებავთ, თანაგრძნობის, თანაგანცდის) პედაგოგიკის მთავარი, განმსაზღვრელი მოტივია ორიენტაცია სწავლებასა და განვითარებაზე. ამ პედაგოგიკისთვის ამოსავალი ის არის, რომ:
* ადამიანებს აქვთ ძალისა და შესაძლებლობების უზარმაზარი მარაგი, რომელიც მათ ფიქრებსა და განცდებში ეხმარებათ;
* ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა ჯგუფისთვის უნდა შეიქმნას სერიოზული გამოწვევების მქონე (ექსპერიმენტული) სიტუაცია, რათა ამ დროს გამოვლინდეს დაფარული სასიცოცხლო უნარ-ჩვევები;
* განსხვავებულ ჯგუფებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბევრ სულიერ და ფიზიკურ გამოცდას;
* ნებისმიერ ადამიანს პრობლემურ სიტუაციაში შეუძლია პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღება;
* ხანგრძლივი შედეგის მქონე სწავლება შესაძლებელია ხანმოკლე განცდების საშუალებითაც.
შვესაძლებელია გამოიყოს განცდების პედაგოგიკის შემდეგი თავისებურებები:
* იმისთვის, რომ თავად შევიტანოთ წვლილი რამის მიღწევაში, საჭიროა პასუხისმგებლობის აღება;
* აუცილებელია:
. შესაბამისი ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს ადეკვატური ღონისძიებების გატარება;
. სოციალური კავშირების შექმნა;
. რისკების გათვლა;
. სააღმზრდელო მიზნების ჩამოყალიბება.
სამიზნე ჯგუფი – გარდატეხის ასაკის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდები;
პრაქტიკული სპეციალისტები – მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მოზარდებს, მაგალითად, მთამსვლელობას, ნაოსნობას.
თანამედროვე განცდების პედაგოგიკა ორი პარალელური მიმართულებით ვითარდება. ერთია Outward Bound (ინგლისურადეს ნიშნავს: „ის, ვინც სახლს ტოვებს; მოგზაურობის მოყვარული“; ბუნებაში შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი პირობა) , მეორე – City Bound. ამ უკანასკნელის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის მიმართული მხოლოდ ბუნებასთან კონტაქტზე. სწორედ City Bound მიმართულების განვითარების ხარჯზე შეიცვალა განცდების პედაგოგიკის კრიტერიუმები. მისი საფუძვლები ამჟამად ასე განისაზღვრება:
* სწავლება ქმედებით (Lerning by doing);
* სწავლება და განცდა;
* კომპლექსურობა (ანუ გრძნობის ყველა ორგანოს ამოქმედება);
* მოსაზღვრე სიტუაციები;
* კოლექტიური განცდები;
* თეორიული წიაღსვლების ნაცვლად პრაქტიკული გამოცდილება და გამოცდა;
* საკუთარ სხეულთან კავშირი;
* ქმედებები და შედეგები;
* ქმედებები და რეფლექსია;
* სივრცესთან ურთიერთქმედება.