სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პირველი ნაბიჯები დროში გასაგნებად

პატარებს უჭირთ დროის აღქმა. მათთვის გასაგები და მისაღები აწმყო დროა, ის, რაც ახლა, ამჟამად ხდება. მათ თანდათან უწევთ გაიაზრონ დროდა დროის ის სისტემა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა. საბავშვო ბაღის წინასასკოლო პერიოდში ბავშვები იწყებენ ამ სისტემებთან გაშინაურებას, თუმცა პირველ კლასში თავს იჩენს ის ფაქტი, რომ უმრავლესობას არ აქვს მყარი ცოდნა წელიწადის, თვეების, კვირის დღეების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ საათის ცნობაზე.

კითხვის საათისათვის შემოთავაზებული ეს ზღაპარი და მისი აქტივობები, ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ მათი ცოდნის გამოსაცდელად, განსამტკიცებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად და სხვადასხვა მეთოდებით მუშაობის გამოცდილების მისაღებად.

1.ვურიგებთ საკითხავ ტექსტს (დანართი 1) თითოეულ მოსწავლეს. ხმამაღლა კითხვაში მონაწილეობს რამდენიმე მათგანი, სხვებს ვთხოვთ ყურადღებით მიადევნონ თვალი, მონიშნონ უცხო სიტყვები, დასვან შეკითხვები.

2.კითხვის დასრულების შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდით ვაზუსტებთ ყველა გაუგებარ სიტყვას, ვპასუხობთ ბავშვების კითხვებს და თავად ვეკითხებით:

რამდენი თვეა წელიწადში?
ჩამოთვალეთ თვეები წელიწადის დროთა მიხედვით.
წელიწადის რომელ დროს რა ფერი ჭარბობს ბუნებაში?
რას მიირთმევენ ციყვები ზამთარში?
როგორ ვიცვამთ ზამთარში? ზაფხულში?
რამდენი კვირაა თვეში?
ვინ ჩამოთვლის კვირის დღეებს?
და ასე შემდეგ, თქვენი შეხედულების მიხედვით.

3.განვმარტავთ უცხო სიტყვებს (ფუღურო, აისი, დარდი, გაუჩინარება…);

4.ფურცლებზე ვაწერთ წელიწადის დროთა სახელებს და ვაკრავთ ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ბავშვებს ვთხოვთ, გადანაწილდნენ ამ კუთხეებში თავიანთი დაბადების დღეების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება შევამოწმოთ, თუ რამდენად სწორად იციან ბავშვებმა თვეებისა და წელიწადის დროთა შესაბამისობა.(თუ არათანაბარი გადანაწილება მოხდა, ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე შეგვიძლია მოვახდინოთ რეორგანიზება).

5.ჯგუფებს დასჭირდებათ მასალა: ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, წებო, ფერადი ქაღალდები. ვაძლევთ

2 დავალებას: ა) დახატონ ვაშლის ხე თავიანთი ჯგუფის წელიწადის დროის შესაბამისად; ბ) მოამზადონ პრეზენტაცია ზამთრის/გაზაფხულის/ზაფხულის/შემოდგომის შესახებ; ტექსტში მოცემულ აღწერას დაამატონ თავიანთი სათქმელი ამ დროზე.

6.ჯგუფები აკეთებენ ნახატისა და კითხვაზე პასუხის წარმოდგენას.

7.შემდეგი აქტივობა კალენდრის შედგენას ეხება, რაც ჩვენი მონაწილეობით ხდება. გამოვკიდებთ კალენდრისათვის წინასწარ დახაზულ ცხრილს და ვუხსნით ბავშვებს რომელი გრაფა რისთვის არის განკუთვნილი. ვიწყებთ მიმდინარე თვის კალენდრის შედგენას. გონებრივი იერიშით, ვთხოვთ ჩამოთვალონ კვირის დღეები, რაც შეგვაქვს ცხრილში. შემდეგ ვწერთ რიცხვებს და დასვენების დღეებს წითლად აღვნიშნავთ (ამ პროცესში თავად მოსწავლეებიც შეიძლება მონაწილეობდნენ) და განვმარტავთ. ჩვენს კალენდარს ვტოვებთ კედელზე. კალენდრის ქვეშ, მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, ვაკრავთ დიდ თეთრ ფურცელს წარწერით ,,ჩემი ერთი ფოტო”.

8.ვაჯამებთ კითხვის საათს და ვგეგმავთ შემდეგი კლასის საათის თემას: მომდევნო კვირაში ყველა მოსწავლემ უნდა მოიტანოს უკანასკნელ წელიწადში გადაღებული საკუთარი ფოტოსურათი და მიამაგროს კლასში მომზადებულ ფურცელს, შეხვედრის დროს კი ერთ წუთში უამბოს თანაკლასელებს ამ სურათის ისტორია და ის, თუ რატომ შეარჩია ეს ფოტო მეგობრებთან მოსატანად. კარგი იქნება, თუ პირველ მაგალითს თავად პედაგოგი მისცემს ბავშვებს და საკუთარ ფოტოსაც წარუდგენს. ამ აქტივობით შეგვიძლია გადასვლა დროის უფრო მცირე საზომ ერთეულებზე დღე-ღამეზე, საათზე, წუთებზე…

მაგრამ ეს უკვე სამომავლო თემაა, თუ მკითხველს ის დააინტერესებს.
დანართი 1

ციყვთა სკოლა

ერთ პატარა მთაზე თავქოჩორა ტყე შრიალებდა. ტყეში იმხელა ხეები იდგა, რომ სამი კაცი ძირს ხელს ვერ შემოუწვდენდა. ერთი ხის ფუღუროს თავზე ეწერა ,,ციყვთა სკოლა”.

შუადღისას ფუღუროდან პატარა ციყვები გამოიშალნენ. წვრილი, ციყვური ხმით ლაპარაკობდნენ. ყველა მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, მხარზე ფერადი ჩანთები ჰქონდათ მოკიდებული.

ორნი მოგვიანებით გამოვიდნენ, იქვე, ტოტზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს.

ნეკა, გეხვეწები, დამეხმარე, დღევანდელი დავალების გაგება გამიჭირდა, ხვალ რა უნდა ვუპასუხო მასწავლებელს? – უთხრა მოზრდილმა ციყვმა პატარას, თან ხმაში ტირილი გამოერია.

ანცი, მე ყველაფერი კარგად გავიგე, თან ძალიან საინტერესო იყო, ერთი სული მაქვს, შემდეგ გაკვეთილამდე, რომ საათის ცნობაც ვისწავლო. შენ ეტყობა, არ უსმენდი, მაგრამ ნუ იდარდებ, ყველაფერს აგიხსნი, – დაამშვიდა ციცქნა ციყვმა მეგობარი და ტოტზე უფრო მოხერხებულად მოეწყო.

ოღონდ ახლა დამეხმარე და სულ ყურადღებით ვიქნები, რაო, რაო, წელიწადი რა არისო?

წელიწადი დროა, ხომ გახსოვს, ხუთი წლის როცა გახდი და დედაშენმა თხილებით მორთული დიდი ტორტი გამოგიცხო? მე გესტუმრე და ლამაზი ფოტოალბომი გაჩუქე? იმ ალბომს დიდი ასოებით აწერია, „შენი ერთი წელიწადი”. ასეთი ალბომი მეც მაქვს და დედა ჩემს ფოტოებს თანმიმდევრულად მიკრავს. ახლა შინ რომ მივალთ, გადავათვალიერებ და სულ გამახსენდება, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში.

მეც დავათვალიერებ, ჩემს სურათებსაც აკრავს დედაჩემი. მაგრამ წელიწადი მაინც რა არის?

რა არის და ის დროა, რომელიც შენი ერთი დაბადების დღიდან მეორემდე გადის. მაგრამ ყველამ თავის დაბადების დღიდან რომ ითვალოს, ყველაფერი აირევა, ზოგს როდის აქვს დაბადების დღე და ზოგს – როდის. ამიტომაც წელიწადის დასაწყისად პირველი იანვარი ითვლება. ის წელიწადის დაბადების დღეა.

უჰ, როგორ მიყვარს ახალი წელი, ჩურჩხელები, გოზინაყი…

აი, ისევ სხვაგან გაგექცა გონება. ეგენი მეც მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ, – იწყინა ნეკამ.
ბოდიში, ბოდიში. გისმენ.

ახლა ის დაიმახსოვრე, რომ ყოველ წელიწადში ოთხი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

გაზაფხული მეც ვიცი, გაშიშვლებული ხეები ფოთლებს რომ გამოიტანენ, მიწიდან ბალახი თავს რომ ამოყოფს, ენძელები, ყოჩივარდები, იები ამოვლენ და გაალამაზებენ ჩვენს ტყეს…

მართალი ხარ, გაზაფხულზე დათბება, მერე უკვე რომ დაცხება, ზაფხულიც მოვა. ზაფხულში სკოლიდანაც დაგვითხოვენ და დიდი არდადეგები გვექნება. დღე გაიზრდება, მზე ადრე ამოვა და გვიან ჩავა, დიდი დრო გვექნება სათამაშოდ და ნაკადულზე საბანაოდ.
მერე?
მერე შემოდგომა მოვა. შემოდგომას რა სჯობს? ყველა ხილი მწიფდება, თხილი, კაკალი, წიფელი პანტა-პუნტით დაიწყებს ცვენას და ჩვენც მოვაგროვებთ, ფუღუროში კალათებს ავავსებთ. ფოთლები ფერს შეიცვლიან, ჯერ შეწითლდებიან, მერე გაყვითლდებიან, მერე ქარი დაუბერავს და დადგება ფოთლების კორიანტელი. მერე ხომ იცი, რაც იქნება?
მერე კი ვიცი, აცივდება და თოვლი მოვა, თბილი ფეხსაცმელის და ტანსაცმელის ჩაცმა დაგვჭირდება…
სწორედ ეგ იქნება ზამთარი, და შემდეგ წელიწადიც თავიდან დაიწყება, ისევ მოვა ჩვენი დაბადების დღეები… აი, ეგეც შენი წელიწადი. გაიგე?

კი, როგორ არ გავიგე, მაგრამ კიდევ რაღაც თორმეტიო, მაგას რა დაიმახსოვრებს? – ანცი ტოტიდან ჩამოხტა და ფუმფულა კუდი აპრიხა.

წელიწადში თორმეტი თვეა, არც მაგის დამახსოვრებაა თხილის გატეხვაზე ძნელი, თან ვიაროთ და თან თვეები ჩამოვთვალოთ, – ჩამოხტა ნეკაც და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.

ციყვებმა სკუპ-სკუპით გააგრძელეს გზა, თან მიიმღეროდნენ:

იანვარი, თებერვალი, მარტი,
მზემ დაადნო ყინვა-თოვლის დარდი.
აპრილი და მაისი –
ადრე დგება აისი,
ივნისს მოსდევს ივლისი,
აგვისტოა ცხელი,
სექტემბერი ზარს ჩამოჰკრავს
და ოქტომბერს ელის.
ნოემბერი ფოთლებს
დეკემბრამდე მოკრეფს.

ციყვები სიმღერ-სიმღერით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მეზობელი ხეების ფუღუროებში გაუჩინარდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“