როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნების, ხელოვანების, საინტერესო პროცესების, ნამუშევრებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ იმ რეალობაში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები ასეთ თემებს ვერ ფარავს, თანამედროვე ხელოვნების გალერეები და მუზეუმები არ არსებობს და მაინცდამაინც ბევრი კვლევაც არ იძებნება ამ მიმართულებით?
ამ კითხვას ალბათ არაერთი მასწავლებელი და, უბრალოდ, ხელოვნების მოყვარული უსვამს საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი ძნელი საპოვნელია, ვინაიდან თანამედროვე ქართული ხელოვნება ძნელად თუ ახერხებს მცირე ჯგუფის გარეთ გასვლას, ხილვადობა აკლია და რეზონანსიც იშვიათად აქვს, კარგ ნამუშევრებსაც კი.
რამდენიმე თვის წინ არსებული ვაკუუმის ამოვსების საინტერესო მცდელობა გაჩნდა – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი, რომელიც ხელოვანებმა დააარსეს და, ტრადიციული გაგებით, მუზეუმის ჩარჩოებში არ ჯდება – ეს არის მუზეუმი გამოძახებით, რომლის ექსპონატებიც ერთ პორტატიულ ჩემოდანში ეტევა და რომლის დამთვალიერებლები 30-მდე ფოტო- და ვიდეოდოკუმენტის საშუალებით იქმნიან წარმოდგენას 80-იანი წლებიდან დღემდე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესების მთავარ გმირებზე და იმაზეც, როგორ აისახა საქართველოს უახლესი ისტორია არტისტების ნამუშევრებში.
მუზეუმის გამოძახება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი აუდიტორიისთვის სასურველ დროს შეიძლება და ეს ფორმატი, ერთი მხრივ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს თანამედროვე ხელოვნების გალერეის ან მუზეუმის არარსებობის ფაქტს, მეორე მხრივ კი ხელმისაწვდომს ხდის თავად ხელოვნებას. გინდათ გააცნოთ მოსწავლეებს თანამედროვე ხელოვნება? – მუზეუმს გამოიძახებთ; უცხოელი სტუმარი გყავთ და არ იცით, რა აჩვენოთ? – მუზეუმი მოვა; გაინტერესებთ, რას ქმნიან დღეს ხელოვანები? – დარეკავთ, მოვლენ, მოგიყვებიან.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გაცნობა მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ბევრი რამის გამოა საინტერესო, მაგრამ მთავარი, რაც ამით შეიძლება ისწავლონ, ალბათ ის არის, როგორ შეიძლება მოიქცე გამოუვალ სიტუაციაში: სადაც შენთვის სივრცე არ არსებობს – თავად შექმნა, როცა უხილავი ხარ – თავი დაანახო და როცა შენზე არ ლაპარაკობენ – თვითონვე ილაპარაკო საკუთარ თავზეც და სხვებზეც, საინტერესოდ, მსმენელისთვის მისაღებ დროს, ადგილას და ფორმით. თანამედროვე ხელოვნებაც ალბათ ამიტომ უნდა გავაცნოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდან, რომ მათ სათქმელის ახალი ფორმების ძიების უნარი გამოიმუშაონ, სიახლეებისა არ ეშინოდეთ, სტანდარტულ განსაზღვრებებში არ მოაქციონ საკუთარი იდეები და შეხედულებები და ისწავლონ განსხვავებულად ფიქრი, განსხვავებულად მიდგომა.
მუზეუმის ვებგვერდის მისამართია: https://museumofcontemporaryarttbilisi.wordpress.com/