ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

იდეა (გ)ამოცანაა ანუ რისი თქმა უნდოდა ავტორს?

დღეს სულ ვიცინი; რაც უნდა შემემთხვეს, გინდ ავი, გინდ კარგი, მაინც ვიცინი და თქვენც გირჩევთ იცინოთ, ვინაიდგან ბუნებაში ისეთი არაფერი ხდება, თუ სატირელი იქნება, იმავე დროს საცინელიც არ იყოს. წარმოიდგინეთ, იმაზედაც კი მეცინება, რომ გირჩევთთქვენც იცინეთო.

ვაჟა-ფშაველა სიცილის შესახებ

 

გაგახსენებთ სასკოლო განათლების კიდევ ერთ სტერეოტიპს ლიტერატურის გაკვეთილებიდან მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის შესახებ, რომელიც მოკლედ ასე განიმარტებოდა: მხატვრული ნაწარმოების თემა არის ის, რაზედაც საუბარია ტექსტში, ხოლო იდეაა – რისი თქმაც უნდოდა ამით ავტორს. გამოგიტყდებით და ყოველთვის დიდი თავსატეხი იყო ჩემთვის: ნეტა რას ფიქრობდა ავტორი და როგორ უნდა შემემოწმებინა, ავტორი ამას მართლა ფიქრობდა თუ, უბრალოდ, მე „დავაბრალე“. რა თქმა უნდა, შემეძლო, ნაწარმოებიდან დებულებები, ფრაგმენტები მომეტანა და ჩემი იდეა დამესაბუთებინა (ასეც ვაკეთებდი), მაგრამ მაინც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა.

როგორც ცხოვრებაც აჩვენებს, ეჭვი თუ პათოლოგიაში არ გადადის, ის ყოველთვის სასარგებლოა, რადგან „ეჭვის შეტანით“ და ცნობიმოყვარეობით იწყება ფიქრიც და მეცნიერებაც და ცოდნაც. მოკლედ, ეს ეჭვი ყოველთვის თან მდევდა და უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი…. მერე ვივიწყებდი, რომ ვფიქრობდი, რადგან, ჯერ ერთი, ყოველთვის შემეძლო ნებისმიერი მხატვრული ტექსტის თემაზე და იდეაზე მემსჯელა არგუმენტირებულად და ყველა დამერწმუნებინა (ყველა, დიახ, საკუთარი თავის გარდა), და მეორეც, პასუხს არავინ მთხოვდა იმაზე, თუ რა მიმაჩნდა ამა თუ იმ ტექსტის იდეად.

მე მხოლოდ საკუთარ თავში შემქონდა ეჭვი, საკუთარ ფიქრებში, განცდებში, გრძნობებში… და ეს იყო ყველაზე დიდი (გ)ამოცანა, თორემ სხვის ურწმუნოებას ყოველთვის ადვილად ვერეოდი. ერთი სიტყვით, პრობლემა ის იყო, რომ დიდი მონდომებით როცა ვამტკიცებდი ერთს და ვარწმუნებდი აუდიტორიას, სწორედ საუბრის დამთავრების შემდეგ იწყებოდა სრულიად სხვა აზრების „შემოტევა“. ასეთი შინაგანი კონფლიქტი ეჭვქვეშ აყენებდა არა მხოლოდ ჩემ მიერ გამოთქმულ მხატვრული ტექსტის იდეას, არამედ საერთოდ ყოველგვარ აზრს. ერთი სიტყვით, დიდი რუდუნებით „აშენებული“ ჩემი დასაბუთებები ხელიდან მეცლებოდა.

ვიცი, რომ იდეის გარეშე არაფერი არსებობს, არა თუ მხატვრული ტექსტი, არამედ მთლიანად, მატერიალური სამყარო, ყველაფერი იდეის პრეზენტაციაა, დიდი ტექსტი, ადამიანების ჩათვლით, მაგრამ აი, მაგალითად, სკოლაში რომ „ვეფხისტყაოსანს“ ასწავლი, როგორ უნდა აუხსნა მოსწავლეებს, როგორ იპოვონ პოემის მთავარი იდეა? პოემის იდეაა: სიყვარული, მეგობრობა, ჰუმანიზმი, ოპტიმიზმი და ასე შემდეგ, იმდენად ბანალურად და პრიმიტიულად მეჩვენებოდა სკოლის ასაკშიც კი, რომ ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს.  ასე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სიცოცხლის იდეაა: სიყვარული, მეგობრობა, ტოლერატნობა, ჰუმანიზმი და ასე შემდეგ… რა განსხვავებაა?

მე ეჭვი შემქონდა სასკოლო სახელმძღვანელოების „ქრესტომათიულ ჭეშმარიტებებში“, სკოლის მოსწავლისთვის ხომ მაგიური სიტყვაა: „წიგნში ასე წერია“ და მასწავლებლების მკაცრი და სამართლიანი ხმაც ხომ ჩაგესმის ამ დროს: „წიგნში ვინც დაწერა, შენ ასწავლი?“. ჰოდა, ჩვენც ვიზუთხავდით „წიგნში დაწერილს“ და ვყვებოდით, მასწავლებელი კი „თითის გაყოლებით“ მიჰყვებოდა წიგნში სტრიქონებს და თუ აბზაციც არ გამოგრჩებოდა, ხუთიანი ზედ გქონდა.

ხან ვფიქრობდი, რომ მხატვრული ტექსტის იდეა ერთგვარად გამოცანაც იყო და ამოცანაც. ამოცანა იმდენად, რამდენადაც, გვქონდა რაღაც მოცემულობა: ტექსტი, რომელიც გვიყვება რაღაცის შესახებ და უნდა ამოგვეხსნა.  თხრობა, სიუჟეტი, პერსონაჟების ქცევები და ასე შემდეგ, რომელ იდეას ემსახურებოდა, „რისი თქმა სურდა ამით ავტორს“? – აი, ეს იყო მომაკვდინებელი შეკითხვა. პროზაული ტექსტები კიდევ ჰოოო, რაღაცას იცოდვილებდი, წიგნში ამოიკითხავდი, მაგრამ აი, ლირიკის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულდებოდა საქმე. მაგალითად, რისი თქმა უნდოდა ავტორს ლექსით „ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის…?“

ვფიქრობ, სკოლაში მხატვრული ტექსტის სწავლებისას დღესაც ისმის კითხვა: „რისი თქმა უნდოდა ამით ავტორს“ და ახლაც ბევრი მოსწავლე ფიქრობს, „სწორ პასუხს“ მიაგნოს, რადგან ჰგონია, რომ სწორი პასუხი ერთადერთია. და აი, მივადექი მთავარ პრობლემასაც. დიახ, სკოლაში მეც მეგონა, რომ ასეთ კითხვებს ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდა და ჩემი ტანჯვა და ეჭვებიც აქედან გამომდინარეობდა.

ეს საკითხი მივიწყებული მქონდა და არ ვიცი, ამის შესახებ დავწერდი თუ არა (რადგან ჩემთვის დიდი ხანია ვიპოვე ამაზე პასუხი), რომ არა იმდღევანდელი დიალოგი ჩემს მეგობრებთან, გიგი თევზაძესთან და ოთარ ჯირკვალიშვილთან. თანამედროვე ლიტერატურაზე საუბრისას გიგიმ სხვათა შორის თქვა: პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მწერლებს ჰგონიათ, რომ მხატვრული ტექსტის იდეა ყოველთვის შეიძლება გამოითქვას; არის ზოგი გამოცდილება/იდეა, რომელიც დებულებით არ გადმოიცემაო… კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ერთი წინადადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ დიალოგის შემდეგ ჩემი მივიწყებული ფიქრი იდეების შესახებ გააქტიურებულიყო და გადავწყვიტე, ეს მასწავლებლებისთვისაც მეთქვა.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა (გ)ამოვიცნოთ მხატვრული ტექსტის იდეა. თავიდანვე ვთანხმდებით იმაზე, რომ მხატვრული ტექსტი ეს არის მრავალგანზომილებიანი წარმონაქმნი, რომლის სწორხაზოვნად წაკითხვა იქნებოდა „პროკრუსტეს საწოლი“ და ტექსტის გაგების არეალის შეზღუდვა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტექსტები დამოუკიდებლად კი არსებობენ, მაგრამ ისინი სიცოცხლეს იძენენ და ცოცხლდებიან მაშინ, როდესაც მკითხველის ცნობიერება „ეხება“ მათ, ხოლო ამ შეხების შედეგად იგება დედნისაგან შესაძლოა სრულიად განსხვავებული ტექსტი, განსხვავებული სიღრმის ემოციებით, გრძნობებით და ასოციაციებით, მაშინ კიდევ უფრო გართულდება/გამრავალფეროვნდება იდეების  საქმე. მნიშვნელოვანია, თქვენ როგორ წაიკითხეთ ტექსტი, რა იყო თქვენთვის საყურადღებო ამ ტექსტში და ავტორის კი არა, თქვენი აზრით, რომელი იდეის პრეზენტაცია შეიძლება იყოს ეს ყველაფერი? მოკლედ, ავტორს თავი უნდა დავანებოთ, არა იმიტომ, რომ პოსტმოდერნიზმში ბარტმა იგი „მკვდრად“ გამოაცხადა, არამედ იმიტომ, რომ ავტორიც ჩვეულებრივი მკითხველია.

ერთი სიტყვით, ტექსტის იდეა (გ)ამოცანაა და მას მრავალი ამონახსნი და პასუხი აქვს, მთავარია, თქვენ იფიქროთ; სხვა ჯერზე და სხვა დროს წაკითხვისას თქვენ შეიძლება სხვა აზრი გაგიჩნდეთ და არც ის იყოს საბოლოო. შეუძლებელია, თქვენთვის „ვეფხისტყაოსნის“ იდეა მე-5 კლასში, მე-10 კლასში და მე-12 კლასში ერთი და იგივე იყოს. ყველაფერი, რაც მანამდე იფიქრეთ, რასაც მანამდე გრძნობდით და განიცდიდით რომელიმე ტექსტის მიმართ, თქვენ შეიძლება ერთ დიდ სიყალბედ მოგეჩვენოთ, ხოლო ბოლოს ნაფიქრი – სინამდვილედ… თუმცა, ეს სინამდვილე შესაძლოა, ისევ რამდენიმე ხანში გაანადგუროთ. და რა არის მთავარი? – იკითხვათ თქვენ… მთავარი ისაა, რომ თქვენ ფიქრობთ და იცვლებით, მხატვრული ტექსტის დანიშნულება სხვა არც არაფერია.

პოსტმოდერნული წარმოდგენების მიხედვით, მხატვრული ტექსტს აქვს  ავტორის ჩანაფიქრისაგან დამოუკიდებელი არსებობა. იდეების ნაცვლად პოსტმოდერნიზმი გვთავაზობს აზრთა თამაშს, რომლის დროსაც შეუძლებელია აზრის საბოლოო ინსტანცია. ტექსტის ნებისმიერი იდეა შეიძლება ირონიზირდეს, არაფერი არ არის ცალსახა და სერიოზული. პოსტმოდრნი ლამის ამართლებს იმ აზრს, რომ მხატვრულ ტექსტებს იდეა არა აქვს. არსებობა, როგორც თამაში – პოსტმოდერნული ლიტერატურის გამაერთიანებელი იდეაა.

ამ გაგებით, ვაჟა-ფშაველა ყველაზე დიდი პოსტმოდერნისტი მწერალი გამოდის,  რასაც ის სასაცილო-სატირალის შესახებ ამბობს, სწორედ ისაა, რაც ზემოთ პოსტმოდერნიზმის შესახებ ვთქვით, ანუ ირონიზება:

„დღეს სულ ვიცინი; რაც უნდა შემემთხვეს, გინდ ავი, გინდ კარგი, მაინც ვიცინი და თქვენც გირჩევთ იცინოთ, ვინაიდგან ბუნებაში ისეთი არაფერი ხდება, თუ სატირელი იქნება, იმავე დროს საცინელიც არ იყოს. წარმოიდგინეთ, იმაზედაც კი მეცინება, რომ გირჩევთ – თქვენც იცინეთო”.

იქნებ პოსტმოდერნიზმიც არაფერ შუაშია, უბრალოდ, ჩვენი ცნობიერება ევოლუციას განიცდის და ამიტომ სამყაროსაც და  ტექსტებსაც განსხვავებულად ვხედავთ.

ჩემი და გიგი თევზაძის პატარა იუმორნარევი დიალოგიც ფინალისთვის გამომადგება:

მე: გიგი, შენი აზრით, პოსტმოდერნიზმის „ბრალია“, ტექსტს და ტექსტის იდეას რომ ასე ვხედავთ (მრავალგანზმოილებიანად)…? თუ სხვა ეპოქაში რომ გვეცხოვრა, მაინც ასეთი აღქმა გვექნებოდა?

გიგი: არა, სულ ასე იყო… ერესები აბა, სხვა რა იყო?

მე: პოსტმოდერნი „იბრალებს“ ესე იგი… თუმცა შეიძლება უფრო მეტად გახადა აქტუალური ასეთი ხედვა.

გიგი: გვატყუებს…

მე: სულ ტყუილში გვიცხოვრია… აღარაფერი დარჩა, რაც სინამდვილე იქნება.

გიგი: აბაა…

მე: გალაკტიონის ის ლექსი გახსოვს…? ზუსტად ასეა სიტუაცია:

„სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის,

არყოფილზე სამდურავი, არასოდეს ითქმის“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი