ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

განათლების სისტემაში რეცეპტები არ მუშაობს – ინტერვიუ განათლების ექსპერტ ნუცა კობახიძესთან

ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“ გთავაზობთ ინტერვიუს შედარებითი და საერთაშორისო განათლების სპეციალისტთან, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნუცა კობახიძესთან. პროფესორი კობახიძე გახლავთ პირველი ქართველი მკვლევარი, რომელიც გეილ კელის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა 2016 წელს – ამ ჯილდოს ამერიკის შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოება (CIES) ყოველწლიურად გასცემს ინგლისურ ენაზე შესრულებული საუკეთესო სადოქტორო დისერტაციისათვის, რომელიც განათლების პრობლემებს შეეხება. ნუცა კობახიძის, როგორც მკვლევრის, ინტერესის სფერო მოიცავს შედარებით განათლების, განათლების პრივატიზაციის, ჩრდილოვანი განათლების, საერთაშორისო ტესტების მეთოდოლოგიის, მასწავლებელთა პროფესიონალიზმისა და ეკონომიკური სოციოლოგიის საკითხებს; ხოლო კვლევების არეალი კი – საქართველოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთი  აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებს (კერძოდ ჰონგ-კონგს, კამბოჯას და მიანმარს).

ძალიან ხშირად, მათ შორის, ჩვენს ჟურნალშიც, გვიწევს წავიკითხოთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის განათლება. ხანდახან ეს ყველაფერი ფენტეზის ჟანრის ნარატივსაც ემსგავსება. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც კარგად იცნობთ როგორც დასავლურ, ისე აზიური  განათლების სისტემებს, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ახლო მომავლის პრიორიტეტები მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო კერებისათვის?

პრიორიტეტები  განათლებაში, რასაკვირველია, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც ადგილობრივი კონტექსტია. რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, ერთ-ერთი თვალშისაცემი ცვლილება განათლებასა და, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში, ტექნოლოგიების როლის გაძლიერებაა. იცვლება ის ფორმები, რომელთა საშუალებითაც  ურთიერთობას ვამყარებთ ერთმანეთთან. ვაზროვნებთ, ვსწავლობთ. იზრდება “დიდი მონაცემების”, ე.წ. Big data-ს როლი, ასევე შემოდის ხელოვნური ინტელექტის თემა. მაგალითად, უნივერსიტეტში, რომელშიც ამჟამად ვმუშაობ, ზოგიერთი ლექტორი სტუდენტების ნაწერების გასასწორებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ერთი მხრივ, ტექნოლოგიური ცვლილებები გვეხმარება, მაგრამ, მეორე მხრივ, იქმნება საფრთხე, რომ ტექნოლოგიებმა გვმართონ. ამ კონტექსტში იზრდება ისეთი უნარების მნიშვნელობა, რომლებიც ტექნოლოგიებსა და მანქანებს არ გააჩნიათ, რომელთა დიგიტალიზაცია და ავტომატიზებაც შეუძლებელია. ასეთია, მაგალითად, შემოქმედებითობა, წარმოსახვა, ინტუიცია, ემოციური ინტელექტი, ლიდერის თვისებები. ცალკე საკითხია ეთიკა, რომელიც შეუძლებელია, მანქანას ჰქონდეს. ამიტომ, განათლების სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ასეთი უნარების განვითარებას. უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები იმისთვის, რომ მზარდი ტექნოლოგიური ცვლილებების  ეპოქაში მოახერხონ თავიანთი ადგილის გამონახვა. კარგი სკოლები მსოფლიო მასშტაბით სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ.

ქართული სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: ერთიანი ხედვის არქონა, ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების სიმწირე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, უხარისხო სახელმძღვანელოები… წარმოიდგინეთ, რომ ხართ არა მკვლევარი, არამედ ამჯერად, მენეჯერი. საიდან დაიწყებდით ამ სისტემის გაჯანსაღებას? რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი?

რეცეპტები განათლების სისტემაში არ მუშაობს. ყოველი ცვლილება არსებული პრობლემებისა და პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლის შემდგომ უნდა მოხდეს. ჩვენს განათლების სისტემაში საკმარისად ბევრი რეფორმა განხორციელდა. ვფიქრობ, ახლა საჭიროა სისტემის დაბალანსება, გაჯანსაღება და შეცდომების გამოსწორება.

სისტემური პრობლემების გარდა, საქართველოში ვამჩნევ განათლების, როგორც ღირებულების გაუფასურებას, განათლების იდეის მიმართ პრობლემურ დამოკიდებულებას. ჩემი დაკვირვებით, ქართველების უმრავლესობას არ სჯერა  მერიტოკრატიის იდეის. კარგი განათლება საქართველოში სოციალურ პოზიციას არ განსაზღვრავს, რთულია დაინახო განათლების როლი წარმატების მიღწევაში. პირიქით, საპირისპირო მაგალითებით სავსეა საზოგადოება და მედია. ეს ახალგაზრდებზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველოში უნდა გაძლიერდეს  მერიტოკრატიის იდეა და ეს უნდა მოხდეს კონკრეტული მაგალითებით. ვფიქრობ, რომ ეს არის ფუნდამენტური საკითხი.

ასევე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. დღევანდელი მოცემულობა მასწავლებლებს აიძულებს, იყვნენ მხოლოდ საკუთარ პროგრესზე ორიენტირებულები, რომ როგორმე აჯობონ სხვას და დააგროვონ ქულები. კონკურენციის ეს ფორმები ხშირად ძალიან უარყოფით სახეს იღებს. იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კარგად ამზადებენ მასწავლებლებს, მაგალითად, ფინეთში, სინგაპურში, იაპონიაში, დანერგილია ე.წ. თანამშრომლობითი მოდელი. კვლევებით დასტურდება, რომ ეს გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა და განათლების ხარისხზე დადებითად მოქმედებს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სისტემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე – ფორმალური სასკოლო სისტემა. სკოლა ფართო სოციალური ეკოლოგიის ნაწილია და მასზე გავლენას ახდენს ეკოსისტემის სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახი და ფართო საზოგადოება. ამიტომ, საჭიროა ამ კოლექტიური პასუხისმგებლობის გააზრება და სკოლის გარეთ არსებული ფაქტორების დადებითი გავლენის გაძლიერება. მაგალითად, მშობლების განათლება და ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორი სკოლაც არ უნდა იყოს, ფუნდამენტური რეალობა, რომ ბავშვს სჭირდება მშობლის ყურადღება, არ იცვლება.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად მეჩვენება ის, რომ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას სერიოზული კითხვების დასმა არ გვჩვევია. მაგალითად: რა გვიჯდება, ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, ესა თუ ის პოლიტიკა? რამდენად ეფექტური იქნება შემოთავაზებული პოლიტიკა? რამდენად სამართლიანი? რითი ვზომავთ ან განვსაზღვრავთ ამა თუ იმ პოლიტიკის წარმატებას? საინტერესო იქნება, დავითვალოთ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე რამდენი მილიონი ლარი დახარჯა საქართველომ რეფორმებში და რა შედეგები მივიღეთ. მეტიც, ბევრი რეფორმა განხორციელდა საერთაშორისო კრედიტის მეშვეობით, რომელიც  ჩვენმა სახელმწიფომ მომავალში უნდა გადაიხადოს. მივიღეთ ან მივიღებთ კი შესაბამის სარგებელს?

მასწავლებელთა სასერთიტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა გამოააშკარავა, რომ საქართველოში მასწავლებლების დიდ ნაწილს არასაკმარისი ცოდნა აქვს იმ საგნისა, რომელსაც ასწავლის, რომ აღარაფერი ვთქვათ პედაგოგიურ მიდგომებზე. როგორ ფიქრობთ, რა შეუძლიათ გააკეთონ ამის გამოსასწორებლად უნივერსიტეტებს, რომლებიც განათლების მეცნიერებების მომავალ მასწავლებლებს ზრდიან?

პრობლემები მასწავლებელთა პროფესიონალიზმში და მით უმეტეს, მომზადებაში ნამდვილად არის, მაგრამ, მგონია, რომ მედიაში გაჟღერებული განუწყვეტელი, ხშირად არაპროფესიონალური კრიტიკა კიდევ უფრო აზიანებს სისტემას და, რაც მთავარია, მასწავლებლების დემორალიზებას იწვევს. თუ დააკვირდებით, ჩვენს საზოგადოებაში პროფესიონალიზმი ყველა სფეროში მწვავე პრობლემაა, მაგრამ რატომღაც ყველაზე იოლად მასწავლებლებს აკრიტიკებენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, რომლებშიც მასწავლებელთა მომზადების პროგრამები მიმდინარეობს, მათ მიმართაც  საჭიროა, დაისვას კითხვები: ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ზრდიან? როგორი კვალიფიკაციის ადამიანები არიან დღეს ტრენერები? როგორ უნდა  მოამზადონ ისინი, რათა მომავალი მასწავლებლებისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემა შეძლონ? ცხადია, ტრენერები ვერ ასწავლიან იმას, რაც თავად არ იციან. მასწავლებელთა მომმზადებლების განათლებას, ვფიქრობ,  დიდი დრო უნდა დავუთმოთ. ეს ნაწილი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

თქვენი სადოქტორო დისერტაცია, რომელსაც გასულ წელს გეილ კელის სახელობის ჯილდო მიენიჭა, როგორც საუკეთესო ნაშრომს განათლების მეცნიერებების დარგში, საქართველოში ე.წ. ,,ჩრდილოვან სწავლებას“, ანუ რეპეტიტორის ინსტიტუტსა და მისი ფუნციონირების თავისებურებებს ეხებოდა. მოკლედ რომ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, როგორ აფასებთ კერძო მასწავლებლის ფენომენს და რა შეგიძლიათ თქვათ ამგვარი სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე?

შევეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო რეპეტიტორობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, ჩემი დისერტაცია გაცილებით უფრო სიღრმისეულ და თეორიულ ასპექტებს მოიცავდა, ვიდრე რეპეტიტორობის ფუნქციების აღწერას.

რეპეტიტორობას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს, დაძლიოს სირთულეები სწავლაში. ის სასარგებლო შეიძლება იყოს სუსტი მოსწავლისთვის, რომელსაც სურს, გახდეს ძლიერი და დაეწიოს თანატოლებს. რეპეტიტორობას შეუძლია შეითავსოს კომპენსატორული ფუნქცია – როდესაც სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რეპეტიტორობა ავსებს ამ დანაკლისს და მოსწავლისთვის დამატებით შესაძლებლობად იქცევა.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რეპეტიტორობა სწავლის მიმართ მოტივაციასაც ზრდის, მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა უჩნდება. რეპეტიტორობა ეხმარება მოსწავლეებს, გახდნენ კონკურენტუნარიანები და წარმატებით გადალახონ არსებული ბარიერები, მაგალითად, მისაღებ გამოცდებზე. სოციალური კუთხით, რეპეტიტორობა ხელს უწყობს დასაქმებას: ხშირად რეპეტიტორობა ეხმარება მასწავლებლებს საარსებოდ საჭირო ფინანსები მოაგროვონ და ოჯახები გადაარჩინონ.

ზემოჩამოთვლილ დადებით ასპექტებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს უარყოფითი მხარეებიც. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეპეტიტორობა ზრდის სოციალურ უთანასწორობას, რადგან შეძლებული ოჯახების შვილებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ისარგებლონ ამ სერვისით, ვიდრე – ღარიბი ოჯახების წარმომადგენლებს. ხშირად რეპეტიტორობის გამო მოსწავლეები გაცილებით მეტ დროს უთმობენ სწავლას, ვიდრე, მაგალითად, თამაშს, რაც იწვევს დისბალანსს აკადემიურ და განვითარების სხვა ასპექტებს შორის. ამან უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს მოსწავლის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს სასკოლო გაკვეთილებზე ეძინებათ, არ აინტერესებთ გაკვეთილი, რადგან პროგრამა უკვე გაიარეს რეპეტიტორთან. ამასთან, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ხდება დამოკიდებული რეპეტიტორზე, რაც უარყოფითად აისახება, მაგალითად, თვითსწავლის პრაქტიკაზე. რეპეტიტორობაზე დამოკიდებულება ხშირად თავს იჩენს სკოლის მიმართ უარყოფით განწყობაშიც, როდესაც მოსწავლე გაცილებით მაღლა აყენებს რეპეტიტორისაგან მიღებულ განათლებას და აკნინებს სკოლის როლს.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კორუფციის საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი მოსწავლის მომზადებასთან. რასაკვირველია, ეს არ ვრცელდება ყველა იმ მასწავლებელზე, რომლებიც საკუთარ მოსწავლეს ამზადებენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საფრთხეები უმრავლეს შემთხვევაში იზრდება.

რეპეტიტორობა პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის ცხოვრებაში. ამასთან, რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საშუალებას იძლევა უკეთესად დავინახოთ სასკოლო განათლების ხარვეზები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ფენომენის სიღრმისეული გააზრება, მონიტორინგი და არა უგულებელყოფა და ნორმალიზება. ის არ უნდა იქცეს სპილოდ ოთახში, ანუ პრობლემად, რომელსაც ყველა ამჩნევს, მაგრამ მისი მოგვარება არავის სურს.

თქვენ თქვენი ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო დარგის გამორჩეული სპეციალისტი ხართ, მაგრამ საზღვარგარეთ მოღვაწეობთ. რა შეგიძლიათ ურჩიოთ სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლისა და მუშაობის გაგრძელება და რა შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს ქვეყანას, რათა წარმატებული სპეციალისტები შეინარჩუნოს?

საზღვარგარეთ სწავლა ვისაც უნდა, ვურჩევ არ შეუშინდეს მარცხს, ბევრი შესაძლებლობა გამოიყენოს, იყოს მიზანდასახული, შეუპოვარი და ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. საზღვარგარეთ სწავლისთვის გაცილებით ბევრი შესაძლებლობაა დღეს, ვიდრე, მაგალითად, ჩემი სტუდენტობის დროს იყო.

რაც შეეხება სპეციალისტების შენარჩუნებას, ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა იპოვოს გზები, როგორ გამოიყენოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პროფესიონალები თავის სასარგებლოდ. უნდა ისწავლოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მუშაობა. ხშირად ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით სასარგებლონი შეიძლება იყვნენ საზღვარგარეთ, ვიდრე – საქართველოში. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითებია  ისრაელი, სამხრეთ კორეა, საბერძნეთი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“