სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბავშვის სასკოლო ასაკი

სასკოლო სწავლების დაწყების ასაკის განსაზღვრა, განათლების სისტემაში, ყოველთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა. დღეს ის თითქმის ყველგან – სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ოჯახებში, სამინისტროებში, პარლამენტში – განსაკუთრებით მწვავე განხილვის საგნად არის ქცეული. სატელევიზიო დებატებისთვისაც ხშირად ის საკმაოდ აქტუალური თემა ხდება ხოლმე. ასეთი საყოველთაო განხილვის პროცესში იკვეთება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია – ერთის მიხედვით, ბავშვი სკოლაში სასწავლებლად უკვე 5 წლის ასაკში უნდა შევიყვანოთ. მეორე პოზიციის მიხედვით კი, 6 წლამდე ბავშვის სასკოლო სწავლების პროცესში ჩართვა ნამდვილი დანაშაულია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც პირველი,  ისე მეორე  პოზიციის დამცველებს საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტები მოაქვთ საკუთარი მოსაზრებების განსამტკიცებლად. 

 ის ადამიანები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ 5-წლიანთა სკოლაში დაშვებას, აცხადებენ, რომ დღეს ამ ასაკის ბავშვები საკმაოდ დაინტერესებული არიან სწავლით და თუ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, შეიძლება ეს ინტერესი მომავალში  გაქრეს. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლა არ იწყება და არც მთავრდება სკოლით. ჯერ კიდევ საკმაოდ ადრეულ ასაკში, შემეცნებითი ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის წყალობით, ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს თამაშის, ასევე გარშემომყოფ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობის პროცესში. ამასთან, ხშირად ეს პროცესი  იმდენად ბუნებრივად, ბავშვისთვის სახალისოდ და სასიამოვნოდ მიმდინარეობს, რომ უფროსები ვერც კი აფიქსირებენ, თუ როდის, რა მომენტში შეიძინა ბავშვმა გარკვეული ცოდნა ან გამოიმუშავა ესა თუ ის უნარი. მაგრამ, თუ ჩვენ ამ პერიოდში ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნების პროცესს სასკოლო სწავლების სახეს მივცემთ, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ნებელობის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს და ასევე სასკოლო  წესებისადმი მკაცრ მორჩილებას მოითხოვს, შემეცნებითი ინტერესი – ახლის გაგების და მიღების სურვილი ბავშვში შეიძლება შესუსტდეს ან მთლიანად გაქრეს კიდეც. 

ასე რომ, თუ ჩვენ ბავშვს სკოლაში მხოლოდ სწავლისადმი ინტერესის გამო შევიყვანთ და არ გავითვალისწინებთ სკოლისათვის მისი სოციალური და ფიზიკური მომზადების დონეს, შესაძლოა შემეცნებითი და სწავლისადმი ინტერესი მას  მალე გაუქრეს და პირველ დღეს სკოლაში სიხარულით წასულმა რამდენიმე დღეში გამოგვიცხადოს, რომ მას სწავლა აღარ უნდა და სკოლაშიც არ წავა. ასე რომ, თუ ჩვენ 5-წლიანების შემეცნებითი ინტერესების მომძლავრებას და სწავლისადმი ინტერესის გაღვიძებას შევამჩნევთ, უმჯობესი იქნება სხვადასხვა სახის თამაშების სწორად ორგანიზებით, ასევე ჩვენთან ყოველდღიური ურთიერთობის პროცესში დავუკმაყოფილოთ ეს ინტერესები, ვიდრე ისეთი მძიმე ტვირთი ავკიდოთ მხრებზე, რასაც სასკოლო სწავლება ჰქვია.

ხშირად, მშობლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ 5 წლის ბავშვი სკოლაში შეიყვანონ, აცხადებენ რომ მათმა შვილმა საბავშვო ბაღში უკვე ყველაფერი მიიღო, რისი მიღებაც შეიძლებოდა და ახლა სკოლაში წასვლის დროა. ძალიან სამწუხაროა, რომ მშობლების ამგვარ პოზიციას  ხშირად   საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და აღმზრდელებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბავშვმა, რომელიც 5 წლამდე საბავშვო ბაღში დადიოდა, გაიარა და მთლიანად ამოწურა ბაღის პროგრამა. ამდენად, თუ ის კვლავ საბავშვო ბაღში დარჩება, მას მეორედ მოუწევს ამავე პროგრამის გავლა, რაც გაართულებს მის დაინტერესებას. აღნიშნული ვარაუდი ძალიან სუსტი არგუმენტია იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვი საბავშვო ბაღში აღარ ვატაროთ და აუცილებლად სკოლაში შევიყვანოთ. ეს უფრო საბავშვო ბაღების პროგრამების  სიმწირეზე, აღნიშნული პროგრამების გადახედვის და მათი გამრავალფეროვნების აუცილებლობაზე მიუთითებს. სკოლამდელ პერიოდში ბავშვის განვითარება და, მით უმეტეს, სკოლისათვის მომზადება იმდენად რთულ და მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, რომ შეუძლებელია ერთწლიანი ან თუნდაც ორწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ ის ამოწურულად ჩავთვალოთ.

 5-წლიანების სკოლაში შეყვანის მომხრეებს ხშირად საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტად პირადი გამოცდილება მოაქვთ ხოლმე – „იცით, მე 5 წლის შემიყვანეს სკოლაში, მაგრამ ამის გამო პრობლემა არ შემქმნია” – ამაყად აცხადებს ბევრი მათგანი. ამ ადამიანების გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ პრობლემის დაუნახაობა და შეუმჩნევლობა უკვე პრობლემაა. რამდენიმე კვირის წინ, 5-6-წლიანთა სასკოლო სწავლებისადმი მიძღვნილ სატელევიზიო დებატებში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან 5 წლისამ დაიწყო სკოლაში სიარული და არასოდეს ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თუმცა, ცოტა მოგვიანებით იმავე ჟურნალისტმა სინანულით აღნიშნა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამი უნივერსიტეტი გამოიცვალა და ვერსად მოახერხა დამკვიდრება. 

     თუ ვინმე ფიქრობს, რომ 5 წლის ასაკში სკოლაში შესული ბავშვი წერა-კითხვას ვერ ისწავლის და ეს მისთვის პრობლემა იქნება, შეგვიძლია ისინი დავამშვიდოთ, ეს შიშიც თამამად გავუქარწყლოთ და ვუთხრათ, რომ ხუთის კი არა, 4 წლის ბავშვსაც რომ დავაწყებინოთ სწავლა, წერა-კითხვას ადრე თუ გვიან მაინც ისწავლის, თუმცა, პრობლემებმა შეიძლება სხვა სახით იჩინოს თავი, რაზეც ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი.

  ალბათ საინტერესო იქნება იმ არგუმენტების გაცნობა, რომელსაც იშველიებენ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ 5 წლის ასაკში სასკოლო სწავლების დაწყება დაუშვებელია და შეიძლება ის ერთგვარ დანაშაულადაც კი ჩაითვალოს. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ საყურადღებო უნდა იყოს ცნობილი ფსიქოლოგის ბრუნერის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ნებისმიერი რამ, ოღონდ გააჩნია რა გარემოში, რა პროგრამით და რა მეთოდებით წარვმართავთ ამ პროცესს.

სამწუხაროდ, დღეს არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ 5 წლისების სწავლებაზე გადასვლა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის გარეშე დაიწყო და სამი წელია სკოლებში შემოსულ 5 წლის ბავშვებთან პედაგოგები 6 წლისების სასწავლო პროგრამებით მუშაობენ. მართალია, სამი წლის წინ, ყველა იმ პედაგოგმა, რომელსაც პირველ კლასებში უწევდა შესვლა, გაიარა ტრენინგი 5 წლის ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე, რაც ერთგვარი დამხმარე საშუალება აღმოჩნდა მათთვის მუშაობის პროცესში; მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგის მუშაობა ფასდება ძირითადად იმის მიხედვით, თუ რამდენად იცავს ის სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რამდენად აღწევს იმავე სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების გარეშე, 5 წლიან პირველკლასელებთან  მომუშავე პედაგოგი ფაქტიურად განიარაღებულია მუშაობის პროცესში სერიოზული ცვლილებების შესატანად. როცა ხუთი წლის ბავშვის მშობელს ურჩევენ თავი შეიკავოს მისი სასკოლო პროცესში ჩართვისაგან, ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ იმას ასახელებენ, რომ ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს იმ პროგრამით, იმ გარემოში, იმ სახელმძღვანელოებით სწავლა, რაც 6 წლიანებთან იყო გამოყენებული. ყოველივე ეს შესაძლოა 5 წლის ბავშვის ფსიქიკისთვის საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდეს და სწავლა მისთვის ერთგვარ ტანჯვადაც კი იქცეს, რაც მომავალში ნამდვილად არ იმოქმედებს სასიკეთოდ არც მასზე და არც მასთან მომუშავე პედაგოგებზე.

      როცა ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს ბავშვის სკოლაში ნაადრევად შეყვანის შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა შეიძლება სწავლების პირველ წელსვე არ დაფიქსირდეს და უფრო მოგვიანებით გამოვლინდეს, მაგ.  მე-3, მე-7, მე-10 კლასში ან თუნდაც სკოლის დამთავრების შემდეგ 18 წლის ასაკში. განსაკუთრებით მწვავდება სიტუაცია გარდამავალ ასაკში. სკოლაში ადრე შემოსული ბავშვისთვის, ამ პერიოდში, პრობლემები ძირითადად თანატოლებთან სოციალურ ურთიერთობებში იჩენს თავს. თავისი ასაკიდან გამომდინარე, ბავშვი ხშირად ჩამორჩება თანატოლებს სოციალური განვითარების მიმართულებით, რის გამოც უჭირს მათი სურვილების, ინტერესების გაგება. აქედან გამომდინარე, უჩნდება განმარტოების და საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილი. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება ბავშვის როგორც ქცევაზე, ასევე სასწავლო პროცესში მის ჩართულობაზეც.

     სწავლა-სწავლების საბოლოო მიზანი ის არის, რომ ის განვითარების ხელშემწყობად უნდა იქცეს. თუმცა, ზემოთ აღნიშნული თავისებურებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სწავლა განვითარების ხელშემწყობი კი არა, შეიძლება შემაფერხებელიც კი აღმოჩნდეს.    

 ჩვენ ძალიან გვიყვარს უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, როცა რაიმე კონტექსტიდან ამოგლეჯილი შემოგვაქვს და მის დანერგვას ვცდილობთ ჩვენს სკოლებში, გასაგები მიზეზების გამო ხშირად სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. ის ფაქტი, რომ ბევრ უცხოურ ქვეყანაში ბავშვები 5 წლიდან იწყებენ სასკოლო სწავლას, არ არის საკმარისი პირობა ჩვენს სკოლებში ასეთი სერიოზული ცვლილების გასატარებლად. აუცილებელია, შევისწავლოთ რა გარემოში, რა პირობებში, რა სახელმძღვანელოებით და რა პროგრამით სწავლობენ ამ ქვეყნებში 5-წლიანები. კარგი იქნებოდა იმის გარკვევაც, თუ რა სამუშაოები ტარდება სკოლაში შეყვანამდე იმ ქვეყნების ბავშვებთან, რომლებიც 6-7 წლიდან იწყებენ სასკოლო სწავლას. მხოლოდ ასეთი შესწავლის და გაანალიზების შემდეგ შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენი ბავშვებისთვის სასკოლო სწავლების დაწყების ოპტიმალური ასაკი.
   
       

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი