კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმები (გაგრძელება)

თანამშრომლობის რა ფორმებზეა საუბარი?

 რეალური ცხოვრების შეტანა სკოლაში სხვადასხვაგვარად შეიძლება.

აქტორების სიის გაცნობამდე, კარგი იქნება, თუ „სკოლის“ ჩვენეულ გაგებას შემოგთავაზებთ. ჩვეულებრივ, ეს არის სახლი რამდენიმე საკლასო ოთახით, რესურსების ოთახით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზით, სამასწავლებლოთი,  ხელმძღვანელის ოთახით, კანცელარიით და სხვ. საკლასო ოთახის გარდა სხვა ოთახებზე მოსწავლეებს მეტ–ნაკლები წვდომა აქვთ. ყოველ კლასში არსებობს ძირითადად ერთი ასაკის მოსწავლეთა ჯგუფი და ერთი მასწავლებელი. გაკვეთილების – სწავლის პერიოდის – განმავლობაში საკლასო ოთახის კარებები, ჩვეულებრივ, დახურულია. ერთ საკლასო ოთახში მყოფ მოსწავლეებს არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ გაიგონ, რა ხდება მეზობელ საკლასო ოთახში.

რეალური ცხოვრების სკოლაში შემოტანისთვის პირველი ნაბიჯი კარების გაღებაა!

როდესაც ამგვარ სკოლაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს სკოლა როგორც საზოგადოება, კლასები, კლასი ან მოსწავლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.

სკოლას შეუძლია მოიწვიოს ცალკეული ადამიანები, მაგალითად, მშობლები ან ექსპერტი. მას შეუძლია თანამშრომლობა დაიწყოს ახლო ან შორს მდებარე სკოლებთან. შესაძლოა კულტურულ ან სპორტულ ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სთხოვოს საქმიანობების წარმოდგენა და ერთობლივ პროექტზე მუშაობა. კურიკულუმისათვის დამატებით ნოუჰაუდ შეიძლება იქცეს კერძო ბიზნესკომპანიებისა (მაგ., ბანკი) და კერძო პირების ინიციატივები (მაგ., სამეზობლო კლუბი[1]).

 

ამგვარი თანამშრომლობითი პროექტები შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან უვადო, პროექტების ფარგლებში ტარდებოდეს მხოლოდ ერთი ან მრავალი, რეგულარული ან არარეგულარული ღონისძიებები. თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს ინდივიდუალური (მასწავლებლის ან სკოლის ხელმძღვანელის) ინიციატივით, სიტყვიერი თანხმობით ან ოფიციალური წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და საქმიანობები შესაძლოა განხორციელდეს სკოლის შენობაში ან მის გარეთ.

როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლობის ერთ–ერთი საკვანძო ასპექტია სარგებელი, რომელსაც პარტნიორები მოელიან. სკოლაზე საუბრისას ხელშესახები სარგებელი  უნდა იყოს მოსწავლეთა სწავლის შედეგები. სკოლის მასშტაბით შედეგები განსაზღვრულია სილაბუსში და საგნობრივ პროგრამებში.

თანამშრომლობის პროექტებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს როგორც კონკრეტული საგნობრივი პროგრამისა და პროგრამათაშორის შინაარსის, ასევე დამატებითი ზე ან სასწავლო პროგრამის დამატებითი საგანმანათლებლო საკითხების მიზნების მიღწევას.

საქმიანობები შეგვიძლია სასწავლო პრობლემების სახით დავგეგმოთ: მაგ., შევთავაზოთ დავალებები, რომლებიც შეესატყვისება სხვადასხვა საფეხურის კოგნიტურ, ემოციურ და ფსიქომოტორულ სასწავლო მიზნებს. (Bloom და სხვები 1956; Krathwohl, Bloom და Marcia 1973; Simpson 1972 ტაქსონომიების მიხედვით). ასევე მხედველობაშია მისაღები მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის განსხვავებული დონეები.

 

სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის პირობები და მოთხოვნები

 

რა პირობებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომლობას?

დავიწყოთ სკოლიდან: მის ხელმძღვანელს აქვს თანამდებობა და მას შეუძლია სკოლის კარის გაღება. თუ ხელმძღვანელი მხარს უჭერს თანამშრომლობის პროექტს, მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მთავარი წინაპირობა შესრულებულია. ხელმძღვანელის მსგავსად მასწავლებელთა მოტივირებული და შემოქმედებითი გუნდი ინიციატივის წარმატების მთავარი გარანტია.

მიუხედავად მოტივაციისა და ხელმძღვანელის მხარდაჭერისა, მთავარ წინაპირობად სამართლებრივი საფუძველი რჩება. მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოშია შესაძლებელი სარგებლის მდგრადი ზრდა თანამშრომლობაში ჩართული მხარეებისთვის, ხოლო საზოგადოების მხრიდან ამ თანამშრომლობაზე შეთანხმება და მისი აღიარებაა.

სამართლებრივმა საფუძველმა ზუსტად უნდა აღწეროს:საზოგადოების მიერ დასახული განათლების  ამოცანები, სასკოლო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა, ზედამხედველთა საბჭოს ჩათვლით, განსაზღვროს დაინტერესებული მხარეები, მათი უფლებები და მოვალეობები,  ზოგადი განათლების მიზნების მიღწევის გზები. სამართლებრივი აქტები ასახავს მომავალი და მოქმედი მასწავლებლების ტრენინგს, სკოლის ზედამხედველთა საბჭოს როლს და მშობლის ან კანონიერი მეურვის სკოლის ცხოვრებაში ჩართულობის ფორმებს. კანონში ასევე აღწერილია კერძო პირების ან კომპანიების სასკოლო განათლებაში მონაწილეობის ძირითადი კრიტერიუმები და მონაწილეობის უფლების მოპოვების წესი. ეს მოთხოვნა  ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებასაც ეხება.

ავსტრიული სკოლის კანონმდებლობის მაგალითი

ავსტრიაში ძირითადად საჯარო სკოლებია ამ სკოლებში არც გადასახადია და არც მისაღები გამოცდები. საჯარო სკოლის სისტემის დანახარჯებს (მასწავლებლის ხელფასი, შენობა, მასალები და სხვ.) ფარავს როგორც ადგილობრივი თემი, ასევე ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლება. კერძო სკოლები თითზე ჩამოსათვლელია და ძირითადად დიდ ქალაქებში არსებობს; ისინი სახელმწიფო მიერ უნდა იყოს აკრედიტებული; მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. აღწერილი სამართლებრივი საფუძველი სავალდებულოა კერძო სკოლისთვისაც.

1962 წელს ავსტრიული განათლების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა განხორციელდა ფორმალური განათლების ორგანიზების კანონის შესაბამისად (Schulorganisationsgesetz SchOG; იხ.: https://www.jusline.at/gesetz/schog).[2] კანონის მე–2 პუნქტში ავსტრიული სკოლის მისია ასეა განსაზღვრული: ის ხაზს უსვამს ეთიკური, რელიგიური და სოციალური ღირებულებების განვითარებაზე და ავსტრიის დემოკრატიული და ფედერალური რესპუბლიკის მომავალი აქტიური მოქალაქის აღზრდაზე ორიენტაციას. ეს სამართლებრივი პირობები ერთნაირად ეხება საჯარო და კერძო სკოლებს. საჯარო სკოლაში არ არსებობს სწავლების გადასახადი. ის მოიცავს დეტალურ პროგრამას ყოველი საგნისა და ყოველი კლასისთვის.

სკოლის ავტონომიური რეგულირების შესაძლებლობა მოცემულია მე–6 პუნქტის, 1–ლ მუხლში: „შესაძლოა ფედერალურმა სამინისტრომ კონკრეტულ სკოლას მისცეს სპეციფიკური სასწავლო პროგრამის მიღების უფლება, რომელიც ადგილობრივი მოთხოვნების შესატყვისი იქნება და დაეყრდნობა მოსწავლეებთან და მათ კანონიერ მეურვეებთან შეთანხმებას. …სკოლის ხელმძღვანელობამ უნდა გასცეს შესაბამისი ნებართვა“.

 

 

მე–7 პუნქტში განხილულია სკოლის კვლევის შესაძლებლობები, სასწავლო პროგრამის შექმნისა და სრულყოფის ასევე, დიდაქტიკურ მიდგომებისა და სოციალური სამუშაოს ფორმების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

მე–8 პუნქტში მოცემულია სავალდებულო გაკვეთილების გარდა არჩევითი საგნებისა და განსაკუთრებული უნარების კურსების დამატების შესაძლებლობა. ცვლილების  შემდეგ გაიზარდა სასწავლო დღის ხანგრძლივობის გაზრდა – მთელი დღე ნახევარი დღის ნაცვლად. აღიარებულია, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფის შესაბამის სავალდებულო საგნობრივ პროგრამას მხოლოდ ჩარჩოს ფუნქცია ექნება. შეთანხმდნენ, რომ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას მოქნილი სტიმულირება სჭირდება. მიმდინარე რედაქციაში ხაზგასმულია ტრანსდისციპლინური კომპეტენციების, სწავლების პრინციპების, ზოგადი დიდაქტიკის პრინციპებისა და განათლების პრობლემების მნიშვნელობა (იხ. ავსტრიის განათლების ფედერალური სამინისტრო https://www.bmb.gv.at/schulen/unterricht).

კანონით ასევე შეიცვალა მასწავლებლის მომზადების სისტემაც: ამაღლდა კვალიფიკაციის მოთხოვნები და განისაზღვრა ყოველი საფეხურისთვის (მაგ., § 118 და მომდევნო). სავალდებულო გახდა მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება და კონკრეტულ ინსტიტუტებს დაევალათ ლექციების, კურსებისა და ტრენინგების შეთავაზება.

იმავე წელს ხელი მოწერა კანონს სკოლის ინსპექტირების შესახებ (იხ. სამართლებრივი საფუძველი: https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=10009264). კანონი აღწერს მის სტრუქტურას ფედერალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე და ასევე შესაბამისი ინსტიტუტების პასუხისმგებლობის სფეროებს. გადაწყვეტილების მიმღებმა კონსორციუმმა რეგიონულ დონეზე უნდა ჩართოს მშობელთა მეურვეობა, ხოლო  საკონსულტაციო ხმა ეძლევა მრჩეველთა საბჭოს, რომელიც შედგება ლეგიტიმური რელიგიური და სპეციფიკური ინტერესის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებისაგან, ასევე, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისაგან.

მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს აქტიური როლი და მდგომარეობა აქვთ სასკოლო საზოგადოებაში. ისინი აღარ არიან „სკოლის გარე“ პირები, რომლებსაც არ აქვთ სკოლასთან და/ან კლასთან დაკავშირებულ განხილვებსა და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.

ორივე კანონმა სკოლებში დიდაქტიკური ინოვაციებისა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტების უზარმაზარ ტალღას შეუწყო ხელი. გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა  რეფორმისტული პედაგოგიკის (მაგ., მარია მონტესორი, სელესტინა ფრინეტი, პიტერ პეტერსონი, ჰელენ პარჰარსტი) იდეებმა, განათლებამ დემოკრატიისათვის (მაგ., ჯონ დიუი) და სასკოლო რეფორმის ავსტრიელმა პიონერებმა (მაგ., ოტო გლიუკელი).

1971 წელს განათლების ფედერალური სამინისტროს მიერ დაარსდა „სკოლის ექსპერიმენტებისა და განვითარების ცენტრი“ (Zentrum für Schulversuche und Schulentwicklung). ამ ორგანიზაციის ფუნქცია გახდა სკოლისთვის მეცნიერული და მატერიალური მხარდაჭერა შესაბამისი პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების გზით. ექსპერიმენტების ზემოაღნიშნული ტალღა გაკრიტიკდა ფრაზით: „არავითარი ექსპერიმენტები ბავშვებზე!“. მას შემდეგ ექსპერიმენტების მზარდმა რაოდენობამ გამოიწვია უნივერსიტეტებთან ან მასწავლებლის მომზადების კოლეჯებთან აფილირებული რეგიონული ცენტრების შექმნა.

1986 წელს განვითარების მომდევნო სტიმული ფორმალურ განათლებაში სწავლების შესახებ  კანონი გახდა. (Schulunterrichtsgesetz SchUG[3]; იხ.: https://www.jusline.at/gesetz/schug/paragraf/zitierhinw).

კანონის მე–12 და მე–13 პუნქტებში მოცემულია არჩევითი კურსებისა და სკოლის გაკვეთილებთან დაკავშირებული ღონისძიებების რამდენიმე ტიპი, რომელთა მიზანია სასწავლო პროგრამაზე აგებული სწავლების შევსება. მათი ძირითადი იდეაა უზრუნველყოს „პირდაპირი და ცოცხალი კავშირი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებასთან“. შესაბამისი ღონისძიებები „უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროგრამას; …ისინი უნდა ემსახუროს სწავლების საბაზისო იდეას ავსტრიაში სკოლის ორგანიზების შესახებ კანონის მე–2 პუნქტის მიხედვით“. სკოლის ხელმძღვანელობამ ღონისძიება „სკოლასთან/საგნობრივ პროგრამასთან დაკავშირებულად“ უნდა აღიაროს.

იმავე კანონის მე–17 პუნქტში ხაზგასმულია მასწავლებლის ის მოვალეობები, რომელიც სასკოლო განათლების შესახებ წინარე კანონებით არის განსაზღვრული „შეასრულოს ზოგადი მისია –  სწავლებისა და განათლების ვალდებულების დაგეგმვა და რეალიზაცია ავტონომიურად და პასუხისმგებლობით“ (სკოლის ორგანიზების შესახებ კანონი, §2). დაგეგმვა და სწავლება უნდა აიგოს არსებულ მეცნიერულ ცოდნაზე, ითვალისწინებდეს მოსწავლეთა განვითარების საფეხურს, წყვეტდეს კონკრეტულ და რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს, ასწავლიდეს  მოსწავლეებს ავტონომიას და საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობას. ეს მიზნები უნდა განმტკიცდეს შესატყვისი დიდაქტიკური მიდგომებით, სწავლის ინსტრუმენტებითა და სავარჯიშოებით. სასკოლო განათლებამ მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას მომავალში ავტონომიურ სწავლის პროცესსა და განვითარებას. ეს პუნქტი მხარს უჭერს სწავლების მეთოდებისა და დიდაქტიკური მიდგომების არჩევისადმი მასწავლებლის თავისუფლებას.

მე–18 პუნქტში განხილულია მოსწავლის საქმიანობის შეფასება, რადგან ტესტი, კითხვარი ან საერთო გამოცდა, როგორც საბოლოო შეფასების ინსტრუმენტი არასაკმარისად და არასამართლიანად მიიჩნევა. ისინი ვერ ასახავს განვითარების ინდივიდუალურ საფეხურს. მასწავლებელმა უნდა აღრიცხოს მოსწავლის საქმიანობა, მისი წვლილი და აქტიურობა გაკვეთილზე. მან მუდმივი მონიტორინგი უნდა აწარმოოს. შესატყვის ინსტრუმენტებში უნდა აისახოს ზეპირი, წერილობითი, პრაქტიკული და სხვა ფორმის შეფასებები. ამ პუნქტის გამოყენებით სასკოლო მიღწევების შეფასება განვითარების დიაგნოსტირებით შეიცვალა. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე პირველ სამ კლასში მოსწავლეები არ იღებენ სემესტრულ ან საბოლოო შეფასებას, თუმცა, მშობლებს წერილობით აცნობენ შვილის სწავლისა და განვითარების მდგომარეობას. ეს ინფორმაცია ემყარება პორტფოლიოს, რომელშიც თავმოყრილია და ასახულია მოსწავლის მიერ გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოები/ ნაშრომები. შესაბამისად, მაღალ კლასებში შეფასება მხოლოდ ციფრებით კი აღარ არის წარმოდგენილი, არამედ ზეპირი და/ან წერილობითი ინფორმაციაც და განმარტება მიეწოდება მშობელსა და მოსწავლეს. ამ საფეხურზე სულ უფრო და უფრო ხდება სწავლისა და განვითარების პროცესის შეფასება მასწავლებლის, მშობლის ან კანონიერი მეურვის და მოსწავლის ერთობლივი დიალოგის საშუალებით.

კანონის 46–ე პუნქტში ირიბი მინიშნებაა მასწავლებლის როლის ცვლილების აუცილებლობაზე. არსებული როლის მიხედვით, მასწავლებელი სასწავლო აქტივობების ცენტრში იყო: ის აწვდიდა ცოდნას, მასალებს, განსაზღვრავდა სასწავლო შედეგებს სასწავლო პროგრამის მიხედვით და უგულებელყოფდა ინდივიდუალურ ინტერესებს, განვითარებას და ადგილობრივ კონტექსტს. ახალი ხედვის მიხედვით სასწავლო აქტივობების ცენტრში მოსწავლეა: მასწავლებელი ინდივიდუალური სწავლის და განვითარების პროცესისთვის შესაძლებლობებს ქმნის. ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს განათლების ზოგად მიზანის მიღწევას (სკოლის ორგანიზების შესახებ კანონი, §2) – გაზარდოს ცოდნის ხელმისაწვდომობა სკოლის გარე ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობით. სასკოლო ან სკოლასთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობა შესაძლებელია სკოლის ფარგლებში ან მის გარეთ. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სკოლებს შორის თანამშრომლობითი პროექტების განხორციელება. წინამდებარე პუნქტით შესაბამისი აქტივობები ლეგალიზებულია  სკოლის მრჩეველთა საბჭოს ნებართვის საფუძველზე.

თუ ინიციატივა არ გულისხმობს განათლების გაუმჯობესებას სკოლის ღიაობა კითხვებს: როგორ მოვიქცეთ, როდესაც დაინტერესებული ორგანიზაცია სკოლაში რეკლამის განთავსებას გვთავაზობს მხარდაჭერის სანაცვლოდ? 1996 წლიდან ამგვარი აქტივობები ნებადართულია, თუმცა, არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და საერთო საგანმანათლებლო მიზნების ფარგლებში. სკოლის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება; სკოლის მრჩეველთა საბჭოს კი, უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციები. ამას გარდა, ეს პუნქტი არასამთავრობო სპონსორების მიერ მატერიალური და/ან ფინანსური მხარდაჭერისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. სკოლის სპონსორობა დეტალურად არის რეგულირებული შემდგომი აქტებით.

51–ე პუნქტი მასწავლებელს სკოლის ცხოვრების აქტიური ორგანიზების უფლებას და ვალდებულებას აკისრებს. ამ პუნქტის მიხედვით, სკოლა არ უნდა შემოიფარგლოს გაკვეთილებზე საგნების სწავლებითა და სწავლით, ის სოციალურ ჯგუფთა, თაობათა და კულტურათა ურთიერთგაცვლის ადგილია. ყოველგვარმა საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს და ემსახუროს მე–17 პუნქტში ჩამოყალიბებულ უმთავრეს ამოცანას.  ამრიგად, მასწავლებელმა ზედმიწევნით ყურადღებით უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ე.წ. სკოლისგარე ღონისძიებებზე.

ამ რეფორმის ხედვა შემდეგი იყო: სასკოლო სისტემაში დემოკრატიის იდეების შემოტანას მოსდევს დემოკრატიის იდეის გაზიარება საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საზოგადოებას, სახელმწიფო ორგანოებს, მასწავლებლებს, მშობლებს ან კანონიერ მეურვეებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის იდეა ხაზგასმულია მომდევნო რამდენიმე პუნქტშიც:  58–ე პუნქტი  ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში; 61–ე – მშობლებს წინადადებებისა და კომენტარების უფლებასა და ვალდებულებს აკისრებს; მათ მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვთ; 63–ე პუნქტის მიხედვით შესაძლებელია მშობლების ინტერესთა ჯგუფების შექმნა, რომელსაც მხარს დაუჭერს სკოლის ხელმძღვანელი; ამას გარდა, ირჩევა მოსწავლეთა წარმომადგენელი კლასში და სკოლაში. (მასწავლებლებს, მშობლებს ან კანონიერ მეურვეებსა და მოსწავლეებს შორის დემოკრატიული თანამშრომლობის დეტალების შესახებ იხ.: Mayrhofer 2008).

გასული წლების განმავლობაში სამართლებრივმა ბაზამ საფუძველი ჩაუყარა სკოლის ან სკოლისგარე დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივით წამოწყებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას. თანამშრომლობის განხორციელებამ და პრაქტიკამ ცხადყო ამ სამართლებრივი დებულებების განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაცია. ამას მოჰყვა რამდენიმე აუცილებელი შესწორება, მაგალითად, 1993 წლის „კანონი სკოლის ავტონომიის შესახებ“ (SchOG და SchUG): სწავლების ავტონომიურობა ადგილობრივ სკოლას უფლებას აძლევს მოარგოს სავალდებულო სასწავლო პროგრამა ადგილობრივ მოთხოვნებს და დაამატოს სავალდებულო საგნები. წინარე კანონმდებლობის ჩარჩოში ნებადართული იყო მხოლოდ არჩევითი საგნების დამატება. ასევე შესაძლებელია სილაბუსის ადაპტაცია. სხვა ასპექტები ეხება ფინანსურ, პიროვნულ და ადმინისტრაციულ–ორგანიზაციულ ავტონომიას (იხ.: Deininger 1998).

ავსტრიაში ფორმალური განათლების რეფორმის ყველა იდეა და ინიციატივა მიმართული იყო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და არაპროგნოზირებადი მომავლისთვის ახალგაზრდების მომზადებაზე. ამ პროცესის აუცილებელი თანმდევი უნდა იყოს მეცნიერული კვლევა და შეფასება. ამ მიზნით ავსტრიის განათლების ფედერალური სამინისტროს მანდატის საფუძველზე შეიქმნა რამდენიმე ინსტიტუტი, მაგალითად, ზრდასრულთა განათლების კვლევის ინსტიტუტი (“Bildungsforschung in Österreich” იხ.: https://www.adulteducation.at/bifodok/)  (მონაცემთა ბანკშია 1999 წლიდან), ხოლო 2008 წელს შეიქმნა ავსტრიული სასკოლო სისტემის კვლევის, ინოვაციისა და განვითარების ფედერალური ინსტიტუტი (BIFIE – Bundesinstitut für Bildungsforschung, Innovation & Entwicklung des österreichischen Schulwesens, იხ.: https://www.bifie.at/), რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ეროვნული ფორმალური განათლების შესახებ ანგარიშს (იხ.:https://www.bifie.at/NBB2015/).

იმ შედეგების მეცნიერული ანალიზი, რომელიც აღნიშნულ რეგულაციებს მოჰყვა, წინამდებარე ნაშრომის ფარგლებს სცილდება. თუმცა, სკოლის ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლებელია აღინიშნოს ზოგიერთი დადებითი და ასევე პრობლემური ასპექტი.

მთავარი დადებითი შედეგი ის გახლავთ, რომ სასკოლო ცხოვრებას შეექმნა დემოკრატიული საფუძველი და გაიხსნა ფანჯარა სამოქალაქო საზოგადოებისკენ. არასამთავრობო (აო) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) ისევე, როგორც კერძო ჯგუფებს შეუძლიათ საკუთარი იდეებისა და პრობლემების საკლასო ოთახებში მიტანა.

სხვა ასპექტებთან ერთად, უნდა აღინიშნოს გარე ჩართულობის სამი პრობლემა: შესატყვისი საკითხების/თემების მნიშვნელობის, გამეორებადობის და დიდაქტიკური მომზადების ხარისხის შეფასება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სასწავლო პროგრამის გარე ყველა დამატებითმა საკითხმა ხელი უნდა შეუწყოს განათლების ზოგად მიზნებს (კანონი სასკოლო განათლების შესახებ, § 2). გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მასწავლებელს, სკოლის ხელმძღვანელს და სკოლის მრჩეველთა საბჭოს. ამრიგად, ნებართვის მოპოვების პროცედურა ბარიერს არ ქმნის.

ამასთან, მრავალმა არასამთავრობო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პრობლემების დაძლევის ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამა და სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები ვალდებულები არიან განახორციელონ სკოლასთან თანამშრომლობის პროექტები. პრაქტიკული დიდაქტიკური მიდგომები და სწავლების მეთოდები უმეტესწილად განსხვავდება გაკვეთილზე სწავლებისგან – ამრიგად, მოსწავლეებისთვის ჩნდება სწავლისა და ცოდნის მიღების პროცესის ალტერნატივა. ისინი იგებენ, რომ სწავლა ექსპლიციტური ცოდნის თვალსაზრისით მხოლოდ გაკვეთილს, სასწავლო პროგრამას, სკოლის შენობას და სასკოლო განათლებას არ უკავშირდება.

თანამშრომლობითი პროექტების ორგანიზება და მართვა მონაწილე მასწავლებლებისათვის გამოწვევაა, რადგან მათ პროექტის კონკრეტული სასწავლო პროგრამის შინაარსის კავშირი საგანმანათლებლო ღირებულებასთან.  დამქირავებელი დაინტერესებული მხარისათვის აუცილებელი პირობაა მათთვის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელების დროს დაინტერესებული ჯგუფების შექმნა ან ექსპერტთა ზედამხედველობის გამოყენება.

როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლობის პროექტების მიზანი ჩართულ მხარეთა ერთობლივი სარგებელია, რომელსაც ისინი ვერ მიიღებდნენ თანამშრომლობის გარეშე. ამ შედეგების შესახებ საზოგადოებამ უნდა გაიგოს მედიის (მაგ., ინფორმაცია გაზეთში, ან ჩართული მხარეების ვებგვერდზე) ან სპეციფიკური აუდიტორიის მოწვევით (მაგ., სამეზობლო თემი).

[1] სამეზობლო კლუბი საზოგადოებრივი მომსახურების არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სთავაზობს პროფესიონალების მიერ ორგანიზებულ დასვენებისა და გაჯანსაღების პროგრამებს.

[2] SchOG – Schulorganisationsgesetz – „კანონი სკოლის ორგანიზების შესახებ“.

[3] SchUG – Schulunterrichtsgesetz – „კანონი სასკოლო განათლების შესახებ“.

 

თარგმნა: ნინო ჭიაბრიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი