კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ტექსტი და მისი (გ)აგება

ცოდნა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა საზოგადოებაში და ბავშვმა ის სოციალური კომუნიკაციების საშუალებებით უნდა გაითავისოს.

ვიგოდსკი

 

სკოლაში ლიტერატურული ტექსტის სწავლება და გაგება დღემდე პრობლემად რჩება. ამას წინათ მთელი ფეისბუკი მოიცვა 12 წლის მოსწავლე გოგონას ვიდეომ, რომელიც ნუგზარ შატაიძის ტექსტის ფრაგმენტის „წაკითხვის“ შემდეგ ასეთ შეფასებას აკეთებდა: „თუ მე იმის გამო, რომ ამ გაკვეთილს არ ვისწავლი, პრობლემები შემექმნება, მირჩევნია, საერთოდ არ ვისწავლო…!“  შემდეგ ის დასძენს, რომ ამ ასაკში ბიჭები ისედაც მიდრეკილი არიან ნარკოტიკებისკენ და ქურდული სამყაროსკენ და უფრო უარესს გააკეთებენ, ამას რომ წაიკითხავენო… მერე კიდევ გიკვირთ, რატომ ხდება სკოლებში დაჭრები და ასე შემდეგ…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მხატვრული ტექსტის ამგვარი „განხილვები“ სიმპტომატურია სკოლებში და აქ მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებლების კი არა, მთლიანად განათლების სისტემის და საზოგადოების პრობლემას ვხედავ.

პირველი და მთავარი კითხვა, რაც ამ დროს მიჩნდება, ის არის, რატომ იღებენ მოსწავლეები მხატვრულ რეალობას პირდაპირ რეალობად? რა თქმა უნდა, ემპათიის გარეშე ვერც პერსონაჟებს გავუგებთ და ვერც ადამიანებს, მაგრამ რატომ ვერ ახერხებს 12 წლის მოსწავლე დაინახოს განსხვავება რეალისტურ მონათხრობსა და მხატვრულ რეალობას შორის? რატომ ჰგონია მას, რომ მხატვრული პერსონაჟი ყოველთვის მისაბაძი უნდა იყოს, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ეს პერსონაჟი და მისი ქცევები?

ტექსტის ამგვარი აღქმაც „ისტორიულია“. გავიხსენოთ, როგორ გვასწავლიდნენ მაგალითად, „შუშანიკის წამებას“? მასწავლებლები პერსონაჟებსაც ყოველთვის ცალსახად განიხილავდნენ. ვინ გაბედავდა შუშანიკზე აუგის თქმას, მაშინაც კი, როდესაც ის თავის შვილებზე უარს ამბობდა და „სახელიცა მათი სძაგდა სმენად“? რატომ დაიპყრო მისი გული სიძულვილმა, თუ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა? დიახ, ლიტერატურას და ხელოვნებას ყოველთვის დიდი გავლენა აქვს და ექნება ადამიანზე, მის ცნობიერსა და არაცნობიერზე. ამიტომ ვერ მოვთხოვთ 12 წლის ბავშვს ადეკვატური იყოს. მისთვის არავის უსწავლებია, როგორ „წაიკითხოს“ მხატვრული ტექსტი და, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს, რაღაც არ მოსწონდეს კიდეც და თამამად თქვას ამის შესახებ… მთავარი მერე უნდა მომხდარიყო. მასწავლებელს კლასში უნდა მიეცა მოსწავლეებისთვის აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება, სხვები სხვა აზრს გამოთქვამდნენ და ამ ურთიერთგაზიარებაში შეეცვლებოდათ კიდეც რაღაც, მაგრამ როდესაც ამ ბავშვმა იცის, რომ ასეთი „მიუღებელი“ აზრის გამოთქმით შეიძლება დაისაჯოს კიდეც მასწავლებლისგან, ამიტომ ერთგვარ ულტიმატუმზე გადადის. ასე რომ, პრობლემა ის კი არ არის, რომ მოსწავლემ უმწიფარი აზრი გამოთქვა, პრობლემაა, რომ ამის შესახებ არ არის მსჯელობა და დიალოგი, რომ აზრი დაიხვეწოს და პერსონაჟების ქცევები უფრო ღრმა კონტექსტში იქნას გააზრებული.

თუ ამ გოგონას ვიდეოშეფასების ანალიზს მივყვებით და განვაზოგადებთ, აღმოვაჩენთ, რამდენი რამ გვაქვს შესაცვლელი: განათლების სისტემა, ღირებულებები, დამოკიდებულებები. ეს გოგონა საზოგადოების კრებითი სახეა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ვიდეომაც საზოგადოება ორ რადიკალურ ნაწილად გაჰყო: ერთნი, რომლებიც განიკითხავდნენ, რომ ბავშვს არ შეუძლია მთლიანობაში ტექსტის გაგება და სულაც პირიქითაა თურმე საქმე („პრადვინუტები“); და მეორენი, რომლებიც უაპელაციოდ ეთანხმებოდნენ გოგონას: როგორ შეიძლება შატაიძის ეს უბედურება ვასწავლოთ ბავშვებს („ბნელები“).

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე სამყარო შეიცვალა. ჩვენ კი ისევ ძველი სამრეკლოდან ვსწავლობთ და ვასწავლით.

როგორ ფიქრობ, სჭირდება თუ არა მომზადება თანამედროვე მკითხველს თანამედროვე მხატვრული ტექსტის აღსაქმელად?
რასაკვირველია. დიდი მომზადება სჭირდება მკითხველს და კიდევ უფრო მეტიმწერალს, რადგან თამასა, ანუ, მოთხოვნები, რომელთაც საზოგადოება უყენებს ავტორს, ძალიან მაღალია. თანამედროვე ავტორები აღარ არიან ღმერთები, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით ქართველები. ზუსტად ასეთი მიმართება გვქონდა მწერლების მიმართჩვენთვის ისინი ღმერთებს უტოლდებოდნენ და ქმნიდნენ მარგალიტებს, რომელთა გაშიფვრასაც საუკუნეობით ცდილობდნენ საცოდავი მკითხველები. მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულება აღარსადაა და, საბედნიეროდ, აღარც ასეთი ტექსტები იწერება. (ნანა აკობიძის ინტერვიუდან რატი ამაღლობელთან).

ავტორის, ტექსტისა და მკითხველის საინტერესო ურთიერთობებს გვთავაზობს უმბერტო ეკო ლექციათა ციკლში: „ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში“.  ტყის მეტაფორით წარმოდგენილი ტექსტი ძალიან შთამბეჭდავად იკითხება და მისი გაცნობიერებული კითხვა კარგი იქნებოდა მასწავლებლებისთვისაც. ეკო ტყეში (ლიტერატურულ ტექსტში) მოგზაურობის ორ ძირითად გზას გვთავაზობს. ერთი, – როდესაც ირჩევ მარშრუტს, ბილიკს სასურველ ადგილამდე მისასვლელად; და მეორე – როდესაც შედიხარ ტყეში, სწავლობ ტყის სტრუქტურას და თავად იკვალავ გზას. უმბერტო ეკოს ეს ორი გზა ძალიან ჰგავს პიაჟესა და ვიგოტსკის ბავშვის მიერ შემეცნების გზებს. შეგიძლიათ შეადაროთ:

ვიგოდსკი: სულაც არ არის აუცილებელი, უკვე არსებული ცოდნის ხელახლა აღმოჩენა. სოციალური კომუნიკაციის შედეგად ბავშვი ვითარდება; ბავშვის აზროვნება ვითარდება უფრო მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად.

პიაჟე: ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს გზას და დამოუკიდებლად შეიმეცნებს სამყაროს, თავად მართავს თავისი კოგნიტური განვითარების პროცესს.

არჩევანიც გვაქვს: როგორ შევიდეთ ლიტერატურულ ტყეში? წინასწარ შესწავლილი მარშრუტით თუ ინტუიციით? ამ არჩევანზე რობერტ ფროსტის ცნობილი ლექსი („არარჩეული გზა“, თარგმნა გიგი თევზაძემ) გამახსენდა და  კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს:

„და ამოოხვრით ვიტყვი, როდესაც

წლების სისრულის ვიგრძნობ რაობას:

მე ავირჩიე ნაკლებ ნავალი,

იმ ორი გზიდან, ტყეში რომ შემხვდა.

და მხოლოდ ამან შექმნა სხვაობა…“

თქვენი ნებაა, რომელი გზით შეხვალთ ტყეში. ნაცნობ ბილიკს გაჰყვებით თუ საკუთარ ინტუიციას მიენდობით. მთავარია, რომ არ შეგეშინდეთ ტექსტში (ტყეში) შესვლის, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ახალი ცოდნით და გამოცდილებით დაბრუნდებით უკან… არც მგელი შეგჭამთ, თუ თავად არ შექმნით ამ მგელს, რადგან თქვენ გარეშე არაფერს არა აქვს ძალა.

 

P.S.

ისევ იმ თემას დავუბრუნდები, რითაც დავიწყე. რა არის სკოლაში ლიტერატურის სწავლების მიზანი? თუ ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს ეწვევით, წაიკითხავთ, რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს სკოლა. მან უნდა:

  • განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
  • გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
  • ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
  • შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
  • გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

 

ამ მიზნებსა და თანამედროვე სკოლას შორის რომ უფსკრულია, ჩვენი სტატიის პერსონაჟი გოგონას ვიდეოსპიჩითაც დარწმუნდებით. მოისმინეთ ამ ლინკზე: https://www.facebook.com/kruashvili.gia/videos/1809462132411613/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი