ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

150 მხატვრული ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე („თან საკითხავი“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის)

დანიელ პენაკის „მკითხველის უფლებების კონვენციას“ თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ წიგნის გვერდების გამოტოვების, ბოლომდე არწაკითხვის, ნებისმიერი ადგილიდან დაწყების ხელშეუხებელი უფლებები გვაქვს. ყოველდღიური საზრუნავით გადაღლილებს კი მსგავსი ფუფუნებით სარგებლობა ზოგჯერ გაჭირვების ტალკვესივით გვჭირდება. თვალის გადავლებით, ძალდატანების, გონების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე კითხვა დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად მართლაც საუკეთესო გამოსავალია.

აქედან გამომდინარე, ჩემი დღევანდელი წერილის ადრესატები ის ახალგაზრდები (და უფროსებიც) იქნებიან, ვისაც „უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით, ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.“ სწორედ მათ მინდა შევთავაზო „თან საკითხავი“  წიგნების სერია, რომელშიც უკვე რამდენიმე გამოცემაა შესული: „200 ამბავი მხატვრობაზე,“ „120 ამბავი ალექსანდრე მაკედონელზე,“ „130 ამბავი ლუდზე,“ „60 ამბავი უცხოეთში დაკარგულ ქართველებზე,“ „64 ამბავი ფოტოგრაფიაზე,“ „180 ამბავი ილია ჭავჭავაძეზე.“

დარწმუნებული ვარ, „თან საკითხავში“ საკუთარი გემოვნების შესაფერის წიგნს ნებისმიერი მკითხველი აღმოაჩენს. მე კი, როგორც ფიზიკის შესახებ სახალისო ჟანრში დაწერილი წიგნების მოყვარულმა, ეს თავშესაქცევი გამოცემები ერთ-ერთ წარდგინებაზე აღმოვაჩინე. წიგნების მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ მოვხვდი, სადაც ძველი თუ ახალი თაობის ქართველი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ლიტერატორები შეკრებილიყვნენ, საინტერესო ამბებს იხსენებდნენ, ენამახვილობდნენ და გულიანად იცინოდნენ. ამის მიზეზი კი „150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ გახლდათ.

ფიზიკის აპოლოგეტი

„150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ ფიზიკოსმა და გამომცემელმა კახმეგ კუდავამ შეადგინა. წიგნში ეპოქალურ ამბებს მოუყარა თავი, კითხვის პროცესი კი სახალისო რომ გაეხადა, „მეცნიერულად რთული საკითხები“ მარტივი ენით ახსნა და მხატვრული ხერხებით გაამდიდრა. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მოკლე ამბები იმ ფიზიკოსებზეა, „რომელთათვისაც მეცნიერება იყო ერთდროულად სამუშაოც და ჰობიც, ცხოვრების მთავარი ვნება, დასვენება და ნარკოტიკიც კი.“ წიგნის ფურცლებიდან გაიცნობთ მეცნიერებს, რომელთა სახელებიც განტოლებებს, კანონებს, თეორიებს, ფორმულებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა თუ ექსპერიმენტებს ეწოდა. იმასაც აღმოაჩენთ, რომ ბრწყინვალე გონების მიუხედავად ისინი ჩვეულებრივი ადამანები არიან და იუმორის საუკეთესო გრძნობაც აქვთ.

საინტერესი და თავშესაქცევი.

თუ თქვენ ფიზიკის მასწავლებელი ხართ და გსურთ საკუთარი გაკვეთილი უფრო ორიგინალური გახადოთ, „150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ. ჩემი აზრით, მსგავსი სახალისო ისტორიები საგნისადმი ინტერესს უპირობოდ გაზრდის. წიგნი არც ქართულის მასწავლელებს დაგტოვებთ გულგრილს: თავშესაქცევი და ინფორმაციული ამბები მშვენიერი კლასგაერეშე საკითხავია, გარდა ამისა, მოსწავლეებს მოსმენილის სხარტად და ლაკონიურად გადმოცემაში გაწაფავს.

რამდენიმე კვირის წინ 150 ამბიდან აინშტაინისა და ჩარლი ჩაპლინის მიმოწერა გამოვარჩიე და ჩემს მოსწავლეებს წავუკითხე. ამ ორი პიროვნების შესახებ საინტერესო საუბარი თავისთავად აგვეწყო და გაგვიგრძელდა, ამსთანავე წერილების ხმამაღლა წაკითხვის სურვილი რამდენიმეჯერ გამოთქვეს, წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, ერთ ამბავსაც არ დასჯერდნენ, სათაურების მიხედვით ირჩევდნენ ახალ-ახალს და ერთმანეთის მიყოლებით კითხულობდნენ. მერე თავადაც დაიწყეს საკუთარი თავგადასავლების გახსენება და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მოკლედ მოეყოლათ მომხდარი.

ფიზიკოსთა დედაქალაქიდან ტაუ ფიზიკამდე

ფრედერიკ ჟოლიო კიურის პაბლო პიკასოსეული გრაფიკულ ესკიზსა და  აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის უნიკალურ ფოტიკოლექციას ორასი გვერდი აერთიანებს. ილუსტრაციები თუ ამბები დროსა და სივრცეშიც ორიგინალურად ნაწილდება. აღმოაჩენთ, რომ ყოფილა დრო, აინშტაინის ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე რომ მოჩანდა, რუსეთში ცოტას თუ ესმოდა სიტყვა ფიზიკოსის შინაარსი, საქართველოზე ორჯერ პატარა ჰოლანდიამ კი თეორიული ფიზიკის მამა ჰენდრიკ ლორენცი და იმპრესიონისტი ვან გოგი ერთსა და იმავე წელიწადში აჩუქა მსოფლიოს.

უნიკალური ისტორიები ანდაზებით, ორიგინალური გამონათქვამებითა თუ სტატისტიკური მონაცემებითაა დასათაურებული. მეცნიერულ მოვლენებს პიკანტური ყოფითი დეტალები ენაცვლება. შესაბამისად შეიტყობთ, როგორ გამოიყურებოდა ბრიტანულ ბანკეტზე ფიზიკოსი ქალი (იმ დროისთვის იშვიათი ფენომენი) მარია კიური და რა მიზეზით დაასრულა მან ევროპაში მოგზაურობა ნაღრძობი ხელით. რატომ და როდის ჰქონდა ნობელის პრემიას პოლიტიკური სარჩული, ვის და რა მიზეზით შეარქვეს „მისტერ აბსოლუტური ნული,“ რომელმა ფიზიკოსმა მიაწერა ფიზიკურ ხელსაწყოებს  ქალური ბუნება და სხვა.

წაიკითხავთ რუსულ შოვინიზმზეც, როგორ ატყუებდნენ ბავშვებს, რადიო ალექსანდრე პოპოვმა გამოიგონაო და საგულდაგულოდ მალავდნენ მისი ნამდვილი გამომგონებლის, იტალიელი გულელმო მარკონის სახელს. აღმოაჩენთ, რომ ნობელის ფონდის წესდებით საპრემიო თანხა მოგების მიზნით არ უნდა გამოიყენოთ და როგორ დაისაჯა ამ წესის დარღვევის გამო ფილიპ ლენარდი (რომელმაც ფაიფურის ქარხანა შეიძინა). შეიტყობთ ანტინობელზეც, ჯილდოზე, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი ყოველწლიურად უმაქნისი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის გასცემს. მაგალითად: ძაღლებისა და კატების დასაბანი მანქანის გამოგონებაში, ინდური სპილოს ზედაპირის სერთო ფართის შეფასებაში და სხვა.

ამბების ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ გირჩევთ დაუყოვნებლივ აჰყვეთ „უნაპირო ოკეანეში დატრიალებულ ქარიშხალს,“ არ გადადოთ მოგზაურობა ამ თავშესაქცევ წიგნში, თორემ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ გეცოდინებათ „ვის ნიჭიერებას უნდა უმადლოდეთ დღეს სმარტფონში უფრო მეტი სქემები რომ ეტევა, ვიდრე ნახევარი საუკუნისწინანდელ დიდ კომპიუტერში!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი