შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენ ყველანი ხელოვნების მასწავლებლები ვართ

მთარგმნელის წინასიტყვაობა : სულ უფრო ხშირად ვხდებით მომსწრე საუბრებისა, რომ ინტელექტუალურ პროგრესს მოწყურებული ადამიანები ქართულ საგანმანათლებლო სისტემას მეტისმეტ თეორიულობასა და რეალობიდან მოწყვეტაში ადანაშაულებენ; ამბობენ, რომ საჭიროა სკოლის წლები უფრო პრაქტიკულ, გამოსადეგ, ყოველდღიურად საჭირო ცოდნას აძლევდეს მოსწავლეებს. რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ ამგვარი მსჯელობა საკმაოდ ლოგიკური და დროულია. როდესაც ამ საკითხის შესახებ მასალას ვეცნობოდი, აი, ამ სტატიას გადავაწყდი. ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ თუკი სამომავლოდ გატარდება რეფორმა, რომელიც სასკოლო პროგრამას უფრო მეტად პრაგმატულს გახდის, იგი ზომიერი და გააზრებული იყოს და ქართველი მოსწავლეები მეორე უკიდურესობაში არ აღმოჩნდნენ.

 

,,მუსიკას ქაღალდის ფურცელზე ვერ დაუკრავ” _ ეს იყო პირველი სიტყვები იმ პატარა ბიჭისა, რომელსაც მე ამ წერილში მაიკლს ვუწოდებ. ეს ფრაზა მან საზაფხულო ბანაკის თეატრის კართან მოახლოვებისთანავე თქვა. მე 18 წლისა ვიყავი, სულ რამდენიმე თვე იყო გასული, რაც ბერკლის უნივერსიტეტის პირველკურსელი გავხდი. უკვე მზად გახლდით, რომ, როგორც დრამის მასწავლებელს, ჩემი წვლილი შემეტანა ჩემი მშობლიური ქალაქის ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკის თეატრის ახალგაზრდა მსახიობების გამოზრდაში. ეს ადრეც გამიკეთებია და ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა: ,,ყველა ბავშვი ბავშვია,” _ ვფიქრობდი, _ ,,და ისინი ერთმანეთს ჰგვანან _ მოუსვენრები, მხიარულები, სიცოცხლით სავსენი და სრულიად ნორმალურები.” არაფრით ველოდი, რომ ვინმე დაიღრიალებდა: ,,მუსიკას ქაღალდის ფურცელზე ვერ დაუკრავ”, არაფრით ველოდი მაიკლს.

აღმოჩნდა, რომ მაიკლი სპანჯბობ სქუეარპანტის

[1]

სიტყვებს იმეორებდა, რაც კიდევ მრავალჯერ გაიმეორდა იმ თვის განმავლობაში, რომელიც ერთად გავატარეთ. ამ ცხრა წლის ბიჭუნას რთული ფორმის აუტიზმი ჰქონდა და მხოლოდ ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ციტატებით მეტყველებდა. დედამ იგი ბანაკის თეატრში მოიყვანა, რათა საკუთარი ნაჭუჭიდან გამოძრომასა და თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებაში დახმარებოდა. მაიკლს უდაბლესი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, თავისი ასაკისათვის ემოციურად განუვითარებელი იყო და აგრესიულობისაკენ იყო მიდრეკილი. როცა დედამისმა მისი ,,ინდივიდუალური განვითარების გეგმა” გამომიწოდა, ტირილი მომინდა.

პირველ კვირას საკუთარ თავს ვკითხე: ,,ნეტავ ამ ბიჭის დედას რა სჭირს, ბავშვი აქ როგორ მოიყვანა?”, მერე კი, რაც უფრო კარგად ვეცნობდი მაიკლს, უფრო მეტად ვხვდებოდი ჩვენი პროგრამის არასრულყოფილებას: ,,რა სჭირს ასეთი ჩვენს პროგრამას, რომ მაიკლისათვის ადგილი ვერ გამოინახა”? მაიკლს იქ ყოფნა სურდა, უნდოდა სხვა ბავშვების გვერდით ყოფილიყო, უნდოდა ელაპარაკა, უნდოდა, რომ სრულფასოვან ადამიანად აღექვათ.

მაიკლის საქმიანობა სცენაზე კი არა, კულისებში გაგრძელდა. მან ზაფხულის დასაწყისშივე აღმოაჩინა, რომ სცენის განათება იზიდავდადა თავისი ადგილი ჩვენი ზორბა ტექნიკური რეჟისორის გვერდით იპოვა, იქ იგი ღილაკებს ხელს აჭერდა, შუქებს რთავდა და აქრობდა, პროცესის განუყოფელ ნაწილად, თითქოს წარმმართველადაც კი იქცა. მაიკლმა იპოვა თავისი სათქმელის ჩვენთვის გაზიარების გზა და გვაიძულა მისთვის მოგვესმინა. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ რატომ მიაბარა დედამ მაიკლი ბანაკის თეატრში: მას უნდოდა, ბიჭს ისე მიეღო მონაწილეობა პროცესში, როგორც შეეძლო და სხვებს მისთვის ანგარიში გაეწიათ.

,,კოლეჯისა და კარიერისათვის” მომზადების რიტორიკამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მთლიანად მოიცვა ჩვენი განათლების სისტემა. განათლება აღიქმება, როგორც რაღაც აბსტრაქტული მომავლის წინაპირობა. იგულისხმება, რომ თუკი განათლების მიღების შემდეგ ბავშვი მაშინვე კოლეჯში არ ჩააბარებს ანდა ე.წ. ,,კარიერის გზას” არ შეუდგება, მთელი ძალისხმევა წყალშია ჩაყრილი. ჩვენ აღარ ვახსენებთ ცნებას ,,განათლება განათლებისათვის”. ამ დაუნდობელი კონკურენციით სავსე სამყაროში ეს შეიძლება ლოგიკურიც იყოს. თუმცაღა, მსოფლმხედველობის ამგვარი ცვლილება აზრს უკარგავს ნებისმიერი იმგვარი ცოდნის შეძენას, რომელსაც მოზარდი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს.

ხელოვნების მასწავლებლებს მუდამ გვიწევს საკუთარი პროფესიის დაცვა. დროა, ხელოვნების გაკვეთილმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს საკლასო ოთახებში. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პროფესიის უპირატესობა სხვა უფრო ,,ღირებულ” მიზნებთან შედარებით. ადამიანები თავიანთ შვილებს საზაფხულო ბანაკების თეატრებში იმისთვის აბარებენ, რომ მათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ისწავლონ, მუსიკის გაკვეთილებზე დაჰყავთ, რადგან ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მუსიკალურობა ხელს უწყობს მათემატიკის შესწავლას, ხატვას ასწავლიან, რომ ბავშვების ნატიფი მოტორიკა დაიხვეწოს. მაგრამ ხელოვნებას ამაზე მეტიც შეუძლია. ხელოვნების გაკვეთილები _ დრამა, მუსიკა და ვიზუალური მედია _ ყველაზე ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა მიაღწიოს იმ უძველესსა და ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს, რომელსაც განათლება ისახავს: ჩამოყალიბდეს მოქალაქედ, რომელმაც იცის, როგორ ელაპარაკოს გარემომცველ სამყაროს, რაც არ უნდა რთულად საუბრობდეს ის. ჩვენ ყველანი ხელოვნების მასწავლებლები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ვეხმარებით ბავშვებს იპოვონ საკუთარი ხმა და აღმოაჩინონ, ვინ არიან.

განათლება საჩუქარია ჩვენი შვილებისათვის, ჩვენ შეგვიძლია ის შევფუთოთ და როცა ყუთს გახსნიან, იქ მათემატიკა, მეცნიერება, ლიტერატურა ანდა ხელოვნება აღმოჩნდეს, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რას ვუძღვნით ჩვენ მათ, მნიშვნელოვანია ის, როგორ იყენებენ ისინი ჩვენს საჩუქარს. ხელოვნება ეხმარება ბავშვებს გახდნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან; ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ბავშვების გონებას და ყველაფერ დანარჩენს შესაძლებელს ხდის. მაიკლის წარმოთქმული სპანჯბობის რეპლიკა უფრო მეტყველი გამოდგა, ვიდრე მას ეგონა: მუსიკას ქაღალდის ფურცელზე ვერ დაუკრავ, ქაღალდის ფურცელზე ვერც განათლების საბოლოო მიზანს გადმოიტან.

ალიშა არმანი

ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრანტი

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ანი კოპალიანმა.




[1]

ცნობილი ამერიკული ანიმაციური სერიალის მთავარი გმირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი