ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ზვიადს

ზამთრის დილაა. მარნეულში ჩავედი. საშინლად წვიმს. დეკემბრის დასაწყისია. ტყვიისფერი ღრუბლებია, საითაც არ უნდა გაიხედო. მე და ჩემი თანაპროექტელი მივდივართ. ის უკვე ასწავლის იმ სოფლის სკოლაში, მე პირველად მივდივარ. სოფლის ავტობუსში ავდივართ და ველოდებით, როდის დაიძვრება. ავტობუსს ლუქი კი დახურული აქვს, თუმცა რაღაც ნაპრალიდან წყალი პირდაპირ იქ წვეთავს, სადაც ჩვენ ვსხედვართ.

ზვიადი მაშინ გავიცანი, ჩვენ უკან სკამზე რომ დაჯდა, ჩანთა დადო და მომესალმა. ტელეფონით მანამდე რამდენჯერმე ვესაუბრე. ოჯახი მომიძებნა, სადაც უნდა მეცხოვრა. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვედით ავტობუსიდან და სკოლისკენ სოფლის ტალახიან გზას გავყევით. ღმერთო, რა ცუდი შეგრძნება მქონდა მაშინ. რამდენიმე თვით ადრე ვფიქრობდი, რომ არასდროს დავბრუნდებოდი სოფლის სკოლის მასწავლებლად. მერე უცბად ძალიან მომინდა ეს საქმე და დავბრუნდი. და აი, იმ მომენტში, როცა საშიანელი დღის ასეთივე ამინდში უცხო სოფლის ორღობის ტალახში მივაბიჯებდი და ვიცოდი, რომ იქ კიდევ ორი წელი უნდა გამეტარებინა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუმცა ვცდილობდი არავის შეემჩნია.

სკოლა რა, ერთი პატარა შენობაა, ორსართულიანი. სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე მიმდინარეობს. ზემოთ არცერთ საკლასო ოთახს არ აქვს ფანჯრები ან კარი, შიგნით აწვმის და ათოვს. მხოლოდ ერთი ოთახია დახურული ბუნებრივი ამბებისგან და იქ ზვიადს აქვს მოწყობილი თავისი ოთახი, სადაც შესვენებების დროს ადის, ჩამოჯდება და შემდეგი გაკვეთილისთვის ემზადება ან ფიქრობს, ან ტელეფონზე საუბრობს. მოკლედ, იქ შეუძლია განმარტოვდეს. თუმცა ახლა უკვე მეც იქ ვარ და ერთად უნდა გავიყოთ სიცივე, გაზაფხულის მარნეულის სიცხე, პრობლემები, აზრები.

სკოლაში ძნელად თუ გაარჩევ, რომ რამდენიმე ათწლეულის წინ ლურჯად ყოფილა შეღებილი კედლები. მხოლოდ ერთი ოთახია, პირველი კლასის ოთახი, სადაც ქაღალდებისგან გამოჭრილი და გაფერადებული პეპი გრძელი წინდა, კარლსონი, კალის ჯარისკაცი, მიკი მაუსი, პეპლები, ქართული ანბანის ასოები და ციფრებია მიკრული. ჭერიდან სხვადასხვა ფერის ვარსკვლავები, მზეები ეშვება. და ბავშვებსაც სახალისო სახელები ჰქვიათ.

ზვიადი ამ სკოლაში მხოლოდ პირველ კლასს ასწავლის, შემდეგ კი ამავე სოფლის სხვა სკოლაში მიდის უფროსკლასელებთან. ყველა სასწავლო დღეს ჯერ მანქანით მინიმუმ სამოცს, შემდეგ კი ფეხით ოთხ-ხუთ კილომეტრს გადის. მშობლები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავს და იშვიათად ახერხებს მათთან ჩასვლას. თვითონ უკვე ათ წელზე მეტია მარნეულში ცხოვრობს.

მოკლედ, ის ორ წელი, როცა მე ძალიან ცუდი მასწავლებელი ვიყავი, ერთადერთი, ვინც მეხმარებოდა, რომ სულ არ დამეტოვებინა სამსახური, ზვიად ფიფია იყო. ისიც თავისივე პრობლემებით, გაუარესებული ჯანმრთელობით, გადაღლილობით, მხიარულებით, ზუსტად ისეთივე ადამიანი იყო, როგორც მე. თუმცა ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა ეს ყველაფერი თავის პროფესიაზე არ ასახულიყო, ჩემგან განსხვავებით.

ერთხელ მითხრა, იცოდე, ჩემზე არაფერი დაწერო, როგორც გურამზე წერდი ჯავახეთშიო. არ ვიცი, ამ ბლოგს თუ წაიკითხავს, რას იტყვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ზამთრისპირი დადგება, ის გზა ისევ ატალახდება, ზვიადი წვიმაში წავა სკოლისკენ და ეს ბლოგი გაახსენდება. ერთხელ მაინც მეც შევძლებ გავამხნევო და ვუთხრა, რომ, მიუხედავად ძალიან დიდი სირთულეებისა, რაც სოფლის სკოლის მასწავლებელს ხვდება, ყველაფერი მაინც კარგადაა. იქ, კედლებჩამოხეულ ოთახებში მას ყოველთვის ელოდებიან პირველკლასელი ვუსალი, რაშადი. დგანან და ელოდებიან ახალ სიტყვებს, ახალ გმირებს კედლებზე, ახალ საჩუქრებს წვიმიდან მოსული მასწავლებლის ხელებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი