სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეტყველების განვითარების დარღვევები და რეკომენდაციები გართულების ასაცილებლად

იმ პრობლემათაგან, რომლებსაც ბავშვის აღზრდის პროცესში აწყდებიან მშობლები, ყველაზე მტკივნეულად მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აღიქმება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტელექტუალური განვითარება პირდაპირ კავშირშია მეტყველების განვითარებასთან, მშობლების წუხილი, ვფიქრობ, გასაგები იქნება.

მეტყველების ყველა ცნობილი დარღვევა შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:

  • ბგერათწარმოთქმის დარღვევა;
  • მეტყველების რიტმისა და ტემპის დარღვევა;
  • სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებული დარღვევა;
  • მეტყველების განუვითარებლობა ან ადრე დაუფლებული მეტყველების უნარის დაკარგვა.

ამის გათვალისწინებით, გამოყოფენ მეტყველების დარღვევის შემდეგ სახეებს:

  • დისლალია – მეტყველების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ის უკავშირდება ბგერების წარმოთქმას. ამ დარღვევის მქონე ბავშვი სიტყვებში ბგერებს ტოვებს ან არასწორად წარმოთქვამს მათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კარგი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს, სიტყვებსაც სწორად ათანხმებდეს და წინადადებებსაც სწორად აგებდეს;
  • დიზართრია – დარღვეულია დანაწევრებული მეტყველების უნარი, გაძნელებულია ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების წარმოთქმა, დარღვეულია მეტყველების რიტმი, ინტონაცია და ტემპი;
  • რინოლალია – ხმის ტემბრის ან ბგერათწარმოთქმის დარღვევა. დამახასიათებელი ნიშნებია: ჯუჯღუნი, ცხვირში ლაპარაკი, ბგერების, განსაკუთრებით – თანხმოვნების, წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა;
  • ალალია – მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უუნარობა ნორმალური სმენისა და ინტელექტის ფონზე. ერთმანეთისგან განასხვავებენ მოტორულ ალალიას და სენსორულ ალალიას. მოტორულ ალალიასთან გვაქვს საქმე, როცა ბავშვს ესმის მეტყველება, მაგრამ თავად ვერ ლაპარაკობს. სენსორული ალალიის შემთხვევაში ბავშვს სხვისი მეტყველება არ ესმის. შეინიშნება სხვისი სიტყვების ავტომატური გამეორება, კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ბავშვი იმეორებს კითხვას;
  • მუტიზმი – მეტყველების განვითარების შეწყვეტა. განასხვავებენ ზოგად მუტიზმს და შერჩევით მუტიზმს. ზოგადი მუტიზმის დროს ბავშვი საერთოდ არ ლაპარაკობს, გარშემო მყოფებთან მეტყველებით ურთიერთობას ვერ ამყარებს, კითხვებზე არ პასუხობს. ასეთი რამ უმეტესად ემართებათ ყრუ-მუნჯებს ან ტვინის დაზიანების მქონე, ასევე ფსიქიკური ტრავმის შედეგად დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. შერჩევითი მუტიზმის დროს ბავშვი დუმილით გამოხატავს პროტესტს რაიმე ვითარების ან ადამიანების მიმართ.

მეტყველების გამოსასწორებლად აუცილებელია მისი დარღვევის ჭეშმარიტი მიზეზის პოვნა.

მეტყველების დარღვევის მიზეზებია:

  • ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება. ტოქსიკოზი, ჰემოგლობინის დაბალი დონე, წნევის მოუწესრიგებლობა, ვირუსული და ენდოკრინული დაავადებები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები, ნაყოფის დაკარგვის საფრთხე – ყველაფერი ეს შესაძლოა მომავალში ბავშვს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზად იქცეს;
  • თავის ტვინის დაზიანება მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ. თავის ტვინის ჰემისფეროების სამეტყველო არეების ორგანული დაზიანება ან თავის ტვინის სამეტყველო ზონის განუვითარებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობის რთული მიმდინარეობით, შინაგანი პათოლოგიებით, დაბადების დროს თავის ტვინის ტრავმით ან დაბადების შემდგომი ასფიქსიით, ზრდასრულ პერიოდში დაცემის დროს მიღებული თავის ტრავმით, თავის ტვინის ინსულტით ან ორგანული დაავადებით;
  • სამეტყველო აპარატის ანატომიურ-ფიზიოლოგიური დეფექტი (ე.წ. მგლის ხახა, კურდღლის ტუჩი, უკბილობა);
  • სმენის დაქვეითება:
  • ორენოვან გარემოში აღზრდა;
  • ხშირი ავადმყოფობა, ინფექციური დაავადებები, ტრავმები 3 წლამდე;
  • მემკვიდრეობითი, გენეტიკური ფაქტორები;
  • „პედაგოგიური მიშვებულობა“, არასათანადო ყურადღება და მეტყველებითი ურთიერთობის დეფიციტი.

 

რეკომენდაციები მეტყველების განვითარებაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად და არსებული დარღვევების დასაძლევად:

  • ბავშვის მეტყველების განვითარებაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ვიზრუნოთ. მეტყველება ფორმირებას პირველი სიტყვების წარმოთქმამდე გაცილებით ადრე იწყებს;
  • დადგენილია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი გრძნობს დედის განწყობას, მასთან ერთად განიცდის ყველა ემოციას. ამ დროს ის კარგად ვითარდება, თუ მშობლები ესაუბრებიან, უკითხავენ წიგნებს, ღიღინებენ საყვარელ მელოდიებს. ორსულის სიმშვიდე, მყუდრო, კომფორტული გარემო მუცლად მყოფი ბავშვის განვითარებაში ბევრი პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა;
  • წინასამეტყველო პერიოდში მნიშვნელოვანია ძუძუთი კვებაზე დაკვირვება. დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ წოვს ბავშვი – აქტიურად თუ დუნედ, აფიქსირებს თუ არა მზერას დედაზე წოვის დროს, უღიმის თუ არა მას 2 თვიდან. თუ ეს ყველაფერი არ ხდება, საჭიროა მივმართოთ ექიმს. 2-4 თვიდან პატარა ცდილობს მოკლე ბგერების წარმოთქმას, იწყებს ღუღუნს. თუ 5-6 თვის ასაკში ჩვილი ჯერ კიდევ არ ღუღუნებს, ეს მიუთითებს დარღვევაზე, რამაც შესაძლოა მეტყველების პათოლოგია გამოიწვიოს. ასეთ დროს აუცილებელია მივმართოთ ნევროლოგს;
  • მეტყველების დარღვევის კორექტირება, როცა ის ბგერების წარმოთქმას უკავშირდება, შესაძლებელია ბავშვისთვის ბგერების სწორად წარმოთქმის მოსმენის სწავლებით, აქტიური მეტყველებითი ურთიერთობით, წვრილი მოტორიკის განვითარებით, ენის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშებით;
  • მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ნუ მოვთხოთ ბავშვს რთული სიტყვების წარმოთქმას, მოვერიდოთ მეცადინეობით მის გადატვირთვას, ნუ ვეჩხუბებით სიტყვების წარმოთქმისას დაშვებული შეცდომების ან არასწორად წარმოთქმული სიტყვების გამო. ჩხუბმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნევროზულ რეაქციებს. ბავშვი ჩაიკეტება, შეწყვეტს ლაპარაკს და ახალი სიტყვების სწავლას;
  • ნევროზული გარემო, ოჯახური პრობლემები, მუდმივად მოჩქარე, მოჩხუბარი უფროსები ის მიზეზებია, რომლებსაც ენაბლუობის პროვოცირება შეუძლია. ბავშვის ნორმალური მეტყველების აღსადგენად შეიძლება 7-10 დღით შემოვიღოთ „დუმილის რეჟიმი“. გამოვრიცხოთ ბავშვზე ყოველგვარი ემოციური ზემოქმედება, მინიმუმამდე დავიყვანოთ მასთან საუბრები, აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ძალიან ხმადაბლა, დასვენებისთვის გამოვიყენოთ მშვიდი თამაშები. თუ ამ ყველაფერმა არ გვიშველა, მივმართოთ ნევროლოგს;
  • მეტყველების განვითარებაში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, უფროსებისგან ბავშვს ესმოდეს სწორი, გამართული მეტყველება. ბავშვთან ურთიერთობისას უფროსების მიერ სიტყვების გამარტივება, ენის მოჩლექა მეტყველების განვითარების დარღვევის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია.

გავითვალისწინოთ, რომ ზემომოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ნუ ვეცდებით დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმას. ნურც „კეთილმოსურნეების“ რჩევას დავუჯერებთ – „ჩემი შვილიც ზუსტად ასე იყო და შემდეგ ერთბაშად დაიწყო ლაპარაკი“. რასაკვირველია, ბავშვი ლაპარაკს დაიწყებს; მთავარია – როგორ. გვახსოვდეს, რომ მეტყველების ნებისმიერი დარღვევა შეიძლება გამოვასწოროთ. მთავარია, არ დავკარგოთ ძვირფასი დრო. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და განმტკიცებული დეფექტების გამოსწორება ძალიან რთულია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამეტყველო ფუნქციის დარღვევის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად, პედიატრის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, დეფექტოლოგის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის მონაწილეობით. შესაძლოა, საჭირო გახდეს სურდოლოგის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, გენეტიკოსის დახმარებაც. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბავშვის სამეტყველო ფუნქციების აღდგენის პროცესში სპეციალისტებსა და თანამედროვე საკორექციო მეთოდებზე დამოკიდებულია ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. ძირითადი როლი ეკუთვნით მშობლებს, ოჯახს. ისინი ექიმების მოკავშირეებად უნდა იქცნენ, შეასრულონ ყველა დანიშნულება, საშინაო დავალებები, იმოქმედონ შეთანხმებულად, განუხრელად იარონ დასახული მიზნისკენ. კომპლექსური სამედიცინო მიდგომა და მშობლების აქტიური მონაწილეობა ბავშვის სამეტყველო ფუნქციის განვითარების პროცესში აუცილებლად შედეგიანი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“