ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

ფროიდი  ბავშვებისათვის

მისი დეპრესიის მიზეზი არცთუ ბედნიერი ბავშვობა და ქმრის ღალატი იყო. ფროიდის მოსწავლესთან მკურნალობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ფროიდის თეორია ბავშვებზეც მოესინჯა. მელანი კლაინმა ბავშვთა ფსიქოანალიზის საფუძვლები შეიმუშავა. პატარა პაციენტებს ის თამაშებით ეხმარებოდა. თუმცა მსოფლიო მასშტაბით პატივცემული ფსიქოანალიტიკოსის სტატუსმა ვერ დაამეგობრა საკუთარ შვილებთან: მისმა ვაჟიშვილმა თავი მოიკლა, ქალიშვილს კი დედა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სძულდა.

მელანი კლაინი ამბობდა, რომ ზიგმუნდ ფროიდმა ადამიანის სული აღმოაჩინა, მან კი მისი ყველაზე ღრმა და საიდუმლო წახნაგების შესწავლა მოახერხა.

ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსის, მელანი კლაინის ყველა კვლევა ბავშვობას უკავშირდება, უფრო ზუსტად, ჩვილობას. ის დარწმუნებული იყო, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არა 5-6 წლის ასაკში ფორმირდებოდა, როგორც ეს ფროიდს სჯეროდა, არამედ გაცილებით ადრე, სიცოცხლის პირველ წელს. სწორედ ამ დროს ივსებოდა ჩვილის სული შფოთვით, სევდით, დეპრესიული განწყობით. შესაძლოა მელანი ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდა, რომ მის  ბავშვობას ძნელად თუ უწოდებდი ბედნიერს.

მისი ოჯახის საკმაოდ მძიმე პრობლემები, როგორც ჩანს, წინა თაობებიდან დაიწყო. მელანი კლაინის მამა, მორიც რაიცესი, ვენელ ებრაელთა ღრმად რელიგიურ ოჯახში დაიბადა, მიიღო კარგი განათლება. ყველას ეგონა, რომ რაბინი გახდებოდა. თუმცა, უკვე ახალგაზრდობაში, ის რელიგიით იმედგაცრუებული დარჩა, გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო და ამით მთელი ოჯახი გააწბილა.

სამწუხაროდ, მორიცი, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ათი ენა იცოდა, შეცდა პროფესიულ არჩევანში. მისგან ჩვეულებრივი ექიმი გამოვიდა. პირველი ქორწინებაც ტრაგიკული ჰქონდა. მან ნაადრევად იქორწინა, როგორც ეს მაშინდელ მორწმუნე ოჯახებში ხდებოდა, უკვე ასაკში კი 19 წლით უმცროსი გოგონა, ლიბიუზო დოჩი შეიყვარა.

პირველ ცოლთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, მაინც შეძლო, შეექმნა ძლიერი ოჯახი. ოთხი შვილი შეეძინა და რადგან მედიცინის მიმართულებით ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, მისმა ახალგაზრდა ცოლმა გადაწყვიტა ოჯახის ბიუჯეტში საკუთარი წვლილი შეეტანა. მან მცენარეებით და ცხოველებით დაიწყო ვაჭრობა, ეს საქმე კარგად წაუვიდა და როდესაც ქმარმა მუშაობა ვეღარ შეძლო, ოჯახის ერთადერთი მარჩენალის როლი შეითავსა.

მელანი უმცროსი შვილი იყო. როცა დაიბადა, მამამისი 50-ზე მეტის იყო. ნაბოლარა თითქოს ყველაზე მეტად უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მელანი დაუგეგმავი შვილი იყო. ცოლ-ქმარს ბავშვი აღარ უნდოდა, მამამისი თავს მოხუცად თვლიდა და ახალშობილის აღზრდა აღარ სურდა. თან, ყველაზე მეტად თავისი უფროსი ქალიშვილი, სიდონია უყვარდა.

ბავშვობაში სიდონიასთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, მელანი კლაინისთვის სტრესული იყო. ამის შესახებ ის მთელი დარჩენილი ცხოვრება წუხდა და წერდა კიდეც. ერთი მხრივ – ბავშვი მამაზე ეჭვიანობდა; მეორე მხრივ – დებს შორის გულწრფელი, უჩვეულოდ სათუთი სიყვარული არსებობდა; მესამეც – ყველაზე დიდი საშინელება – სიდონია უიმედოდ იყო დაავადებული. ეს პატარა სიდონიასაც ესმოდა და ცდილობდა დისთვის ყველაფერი ესწავლებინა, რაც თვითონ იცოდა. ის 9 წლის გარდაიცვალა. რამდენიმე წლის მერე კი მას ძმა, ემანუელიც მიჰყვა.

არც ბავშვების მამას უცხოვრია დიდხანს. მელანი 18 წლის იყო, როცა მამა სამუდამოდ დაემშვიდობა. ცოტა ხანში კი დედაც მოკვდა. მელანი დედაზე გიჟდებოდა და ეს მისთვის მძიმე დანაკარგი იყო. ამ გარდაცვალებათა წყებამ მომავალი ფსიქოანალიტიკოსის ხასიათზე ცუდად იმოქმედა და მოუშუშებელი იარა დაუტოვა. მელანი კლაინი მთელი სიცოცხლე ურთულესი ადამიანი იყო, რაც გამუდმებით აისახებოდა კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაზე.

ახალგაზრდობაში მელანი მედიცინის შესწავლას გეგმავდა, ორი წელი უნივერსიტეტშიც ისწავლა, მაგრამ ინჟინერ არტურ კლეინზე ქორწინების შემდეგ იძულებული გახდა, უარი ეთქვა სწავლაზე და ქმართან ერთად მის ხშირ მივლინებებში ევლო. ქორწინება აშკარად უიღბლო იყო. არტური ცოლს განუწყვეტლივ ატყუებდა და ღალატობდა, მელანი კი პროვინციულ ქალაქებში მოგზაურობისას უიმედოდ ოცნებობდა მეგაპოლისების ბრწყინვალებაზე და სულ უფრო მეტად იძირებოდა დეპრესიაში.

თუმცა არტურის მივლინებებმა და იმან, რომ მელანიმ უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, უჩვეულოდ სასიკეთო შედეგი გამოიღო. 1914 წელს ოჯახი ბუდაპეშტში გადასახლდა, სადაც მელანი კლაინი პრაქტიკაში გაეცნო ფსიქოანალიზს – მან ფროიდის მოსწავლესთან, შანდორ ფერენცისთან, დეპრესიის სამკურნალო კურსი გაიარა. სესიების დროს, როგორც მელანი, ისე მისი მკურნალი ექიმი, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნიჭიერი პაციენტისთვის ფსიქოანალიზი შეიძლებოდა პროფესიად ქცეულიყო.

მელანი კლაინმა საკუთარი პატარა ვაჟის ფსიქოანალიზი ჩაატარა და ამის შესახებ ცნობილი მოხსენება – „ერთი ბავშვის განვითარება“ გამოაქვეყნა. კვლევის საფუძველზე 1919 წელს ის უნგრეთის ფსიქოანალიზმის საზოგადოებაში გააწევრიანეს. ორი წლის შემდეგ, 38 წლის მელანი კლაინი ბერლინში გადავიდა ადრეული ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ლიდერის, კარლ აბრაჰამის მოწვევით. იმ პერიოდში მისი მეუღლე არტური შვედეთში დიდი ხნით წავიდა და წყვილი დაიშალა, მაგრამ მელანის ეს აღარ აშფოთებდა.

1925 წელს მელანი კლაინმა საბოლოოდ გააფორმა თავისი თეორია ბავშვთა ფსიქოანალიზის შესახებ. პირველად საზოგადოებამ ეს ინფორმაცია სამკვირიანი ლექციების კურსით შეიტყო.  მომავალში ამ სამ კვირას მელანი ყველაზე ბედნიერ დროდ მოიხსენიებს. ორი წლის შემდეგ კი ის ლონდონში გადადის. მაშინ არც კი ეჭვობდა, რომ ეს ნაბიჯი მას და მის შვილებს იმ ისტორიული კატასტროფისგან გადაარჩენდა, რომელიც ევროპის ებრაელებს წამოეწია…

ფსიქოანალიტიკოსი მელანი კლაინი ფროიდის იდეების ერთგული დარჩა. ფროიდის ნავარაუდევი ზრდასრულთა ნევროზების ფორმირების სტადიების თაობაზე კლაინმა ბავშვების განვითარების ეტაპებს შეუსაბამა. ნამდვილ აღმოჩენად ბავშვთა ანალიზში (მას დღესაც ფართოდ იყენებენ) დასახელდა თამაშის მეთოდი – ანალიტიკოსის ოთახში თამაშის დროს ბავშვი ისევე ავლენს თავს, როგორც ზრდასრული ავლენს თავს თავისუფალი ასოციაციის ანალიზის მეთოდის გამოყენებისას.

პარადოქსულია, მაგრამ ფროიდის იდეების ერთგულებამ თავად ფროიდისა და მის მხარდამჭერთა უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ მელანისეული ბავშვთა ფსიქოანალიზი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ბავშვთა ფსიქოანალიზის უკვე არსებულ  შტოს, რომლის ინიციატორი ფროიდის ქალიშვილი, ანა გახლდათ. ანას მოსაზრებით, ზრდასრული პიროვნების ფორმირების ეტაპები არ შეიძლებოდა სარკისებური ყოფილიყო   ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ჩვილებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან – ამ დროს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის საზღვარი ძალიან მყიფეაო, წერდა ანა. აქედან გამომდინარე, ბავშვის ქცევაც ორაზროვანია, აუხსნელი.

ასე იყო თუ ისე, ობიექტი – ურთიერთობის თეორია მელანი კლაინის თეორიული ნაშრომებიდან და მოსაზრებებიდან იღებს სათავეს. კლაინი, რომელიც კლასიკურ ფსიქოანალიზში ცვლილების საჭიროებას ხედავდა, კვლავ არ ეთანხმებოდა ფროიდის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ოიდიპოსის კომპლექსის როლის შესახებ ფსიქოპათოლოგიის აღმოცენებაში. ამ აზრთა სხვადასხვაობამ კლაინი საბოლოოდ იმ იდეამდე მიიყვანა, რომ სამყაროს ჩვენეულ განცდასა და აღქმას ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებთან – ობიექტებთან ურთიერთობა ქმნის, რომელთა მიმართაც, თავის მხრივ, შესაძლოა სიყვარულს ან სიძულვილს განვიცდიდეთ. სწორედ აქედან დაიბადა მისეული ობიექტი – ურთიერთობის თეორია.

მიუხედავად იმისა, რომ მელანი კლაინის ავტორიტეტი ბავშვთა ფსიქოანალიზში ძალიან მაღალი იყო, ეს მას არ დახმარებია შვილებთან ურთიერთობაში. შემთხვევითი როდი იყო, მისი თეორიის ერთ-ერთი წამყვანი თემა დედასა და შვილს შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთობების პერიპეტიები – სიყვარულ-სიძულვილია. მელანის ქალიშვილი, მელიტა შმიდბერგიც ასევე ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი გახდა, მაგრამ ამან ის დედასთან არ დააახლოვა. პირიქით, უფრო დააშორა. მელიტა ფსიქოანალიზს ედვარდ გლოვერთან გადიოდა, ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკოსთან, საზოგადოების იდეების კრიტიკოსთან და კერძოდ მელანი კლაინის თაეორიების მოწინააღმდეგესთან. მელიტამ სრულიად შეწყვიტა ურთიერთობა დედასთან და გარკვეული დროით ლონდონიდან ნიუ-იორკში გადასახლდა.

მელანის ვაჟიშვილი, ჰანსი, ის, ვისაც დედა ბავშვობაში აანალიზებდა და ვისზეც თავისი პირველი მოხსენება გააკეთა, 27 წლის ასაკში, მთებში დაიღუპა. ერთ-ერთი საჯარო მოხსენების დროს მელიტამ განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალება ნამდვილი თვითმკვლელობა იყო, და რომ ამ თვითმკვლელობამდე ის საკუთარმა დედამ თავისი აუტანელი ხასიათით მიიყვანა, ასევე იმით, რომ ოდესღაც დედა მის ფსიქოანალიზს ატარებდა. შესაძლოა ამ ყველაფერში იყო სიმართლის მარცვალი  – დღეს ფსიქოანალიზში უხეშ შეცდომად მიიჩნევა ცდები და დაკვირვებები ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, მით უფრო შვილებზე.

1960 წელს, როდესაც დედა გარდაიცვალა, მელიტა შმიდბერგი ლონდონში იმყოფებოდა და მის დაკრძალვას არ დასწრებია.

მელანის იდეებს ევროპის ფსიქოანალიტიკურ წრეებში კრიტიკულად უყურებდნენ, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაში მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. მიუხედავად ამ თეორიების წინააღმდეგობრიობისა, მელანი კლეინი ბავშვთა ფსიქოანალიზის სფეროში დღემდე რჩება კლასიკოსად.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“