სამშაბათი, ივლისი 23, 2024
23 ივლისი, სამშაბათი, 2024

შერეული სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა

განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა და სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებს განუვითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევა.

 

არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი სასწავლო პროცესისადმი. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (2014), კვლევაში მონაწილე ყველა მეოთხე მასწავლებელი თავისი დროის მეოთხედს მაინც კარგავს მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.

ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.

ტერმინი „შერეული სწავლება” ფართოდ გამოიყენება, იმისათვის, რომ აღიწეროს, თუ როგორ გამოიყენება ელექტრონული სწავლება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან ერთად, რათა შექმნას ახალი, თანამედროვე, თავისუფალი სწავლების მეთოდოლოგია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ერთიანდება შერეული სწავლების ბლოკში, როგორც ერთ-ერთი სასწავლო მეთოდი.

I. ოქსფორდის ჯგუფმა და კინეომ 2013 წელს სხვადასხვა კომპანიაში ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ შერეული სწავლების მეთოდებს. ანგარიშის მიხედვით კვლევის შედეგად 5 მნიშვნელოვანი დასკვნა დაიდო:

1. შერეული სწავლების მეთოდი არის კარგად დამკვიდრებული, მაგრამ არა აუცილებლად „კარგად შერეული”;

2. შერეული სწავლების მეთოდის პროგრამის შედგენისას ითვალისწინებენ სასწავლო მიზნებს;

3. არსებობს ზღვარი იმ ხერხებს შორის, რასაც შერეული სწავლების დროს ვიყენებთ და ჩვენს მოლოდინებს შორის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგია ამ პროცესში;

4. მათ, ვისაც სურს განახორციელოს შერეული სწავლება, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, ეს არის შერეული სწავლების სირთულე და საერთაშორისო გამოცდილების არქონა ამ მიმართულებით;

5. შერეული სწავლების მეთოდს აქვს გარკვეული წარმატებები, რომელსაც მეტი სტრუქტურიზაცია სჭირდება იმისათვის, რომ სწავლება მეტად ეფექტური იყოს.

II. მასაჩუსეტის ტექნილოგიური ინტიტუტის პროფესორების მიერ Jeff Pankin, John Roberts, Mike Savio 2012 წლის ივლისში გამოცემული სტატიის მიხედვით, შერეული სწავლების ბევრი განსაზღვრება არსებობს.

ეს განსაზღვრება მოიცავს სწავლების სხვადასხვა მეთოდს:

ლექცია; დისკუსია; გამოცდილი პრაქტიკა; კითხვა; თამაში; შემთხვევის განხილვა; სიმულაცია.

რა უნდა გავითვალისწინოთ შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას?

1. შერეული სწავლების მეთოდის გამოყენებისას ნათლად უნდა განვსაზღვროთ სწავლების მიზანი, შედეგები, ეფექტურობა, შესაბამისობა;

2. შერეული სწავლების მეთოდი ერთ შემთხვევაში შესაძლოა წარმატებული იყოს, თუმცა სხვა შემთხვევაში წარუმატებელი აღმოჩნდეს;

3. ტექნოლოგია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

III. Jeanne Ray, Claudia Pineiro და Pierre-François Coen-მ 2011 წელს ფრაიბურგში ეროვნული ფონდის DORE-მხარდაჭერით ჩაატარეს .

კვლევის მიზანი იყო, ფრაიბურგის სკოლებში, დაედგინათ, თუ რამდენად კომფორტულია სწავლების ახალი სტრატეგიები და მეთოდები მასწავლებლებისთვის ისტ-ის ფარგლებში.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი პრაქტიკის კვლევის ჯგუფში. ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა პრაქტიკის კვლევის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისათვის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს იწვევდა. პრაქტიკის კვლევის პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს-ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და USAID ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით ახორციელებენ პრაქტიკის კვლევებს დაინტერესებულ მასწავლებლებთან ერთად.

პრაქტიკის კვლევა ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციული კვლევის ფორმატისგან განსხვავებულია. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კვლევის მიზანი და მისი ფორმატია. ტრადიციული კვლევის მიზანი მხოლოდ ახალი ცოდნის შექმნაა და, როგორც წესი, ტრადიციული კვლევა დასკვნების გაკეთებით ან რეკომენდაციების შემუშავებით სრულდება. პრაქტიკის კვლევაში კი მიზანი არა მარტო ახალი ცოდნის შექმნა, არამედ შედეგების გაუმჯობესებაცაა იმ ორგანიზაციაში, სადაც ეს კვლევა მიმდინარეობს. ამიტომ დიაგნოზის დასმა კვლევის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ, დიაგნოზიდან გამომდინარე, მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი შეიმუშავებენ ინტერვენციის გეგმას, ახორციელებენ მას და აფასებენ შედეგებს. ინტერვენცია გულისხმობს მოქმედებების განხორციელებას კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების სწავლების შედეგების, სწავლის პროცესში ჩართულობის, სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტიანობის გაზრდა და ა. შ. ყველა კვლევითი პროექტი განსხვავებულია. მიზანს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი ირჩევს.

ჩვენ მიერ შერჩეული კვლევის თემა იყო „ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე”. ამ შემთხვევაში ეს, ე.წ. შერეული სწავლების მეთოდს გულისხმობს, როცა მასწავლებელი ტექნოლოგიებს იყენებს სწავლის პროცესის გაძლიერებისთვის განსხვავებით ისტ-ის გამოყენების იმ მოდუსისგან, როცა ისტრესურსებს მოსწავლე იყენებს დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე და ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის მიღმაც კი ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად ან მიღებულის გასაუმჯობესებლად.

მიმოხილულ იქნა 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, გერმანია და სხვა); დამუშავებულ იქნა 20 სტატია. კვლევისათვის მოძიებულ იქნა სხვადასხვა ვიდეორესურსი, მათ შორის, edutopia.org-იდან. მიმოვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა.

ისტ-ის მოხმარება დღეს სკოლებში ნაწილობრივ ხდება და შეზღუდულია სასკოლო პრაქტიკაში. უმეტესწილად საგაკვეთილო პრაქტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდად არ არის შეცვლილი იმის ფონზე, რომ პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა პროფესიული თვალსაზრისით აიმაღლა კომპეტენცია.

ერთ-ერთ გამონაკლისად სასკოლო პრაქტიკაში შეიძლება მოვიაზროთ საპრეზენტაციო ფორმატის powerpoint-ის მოხმარება და ინტერნეტის გარკვეულ დონეზე გამოყენება პრაქტიკაში. მთავარი პრობლემა ისტ-ის მოხმარების დროს იკვეთება სწავლების დაგეგმარებაში.

რჩევა:

მნიშვნელოვანია ყველა სკოლაში მოხდეს კვლევითი პრაქტიკის ინტეგრირება, რაც დაკავშირებული იქნება საგანმანათლებლო საკითხთან, მნიშვნელოვანია განათლების კვლევის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება, რისი წინაპირობაც აუცილებელია იყოს სწავლა-სწავლების პროცესში ისტ-ის გამოყენება.

რატომ გვჭირდება ისტ-ი?

1. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში;

2. ის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;

3. ის ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

4. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.

5. ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას;

6. ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.

7. იგი ხელს უწყობს ციფრულ, ისევე, როგორც რაოდენობრივ წიგნიერებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.

როგორ შეიძლება ჩავრთოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში?

ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას.

ეფექტურია ელექტრონული ინსტრუმენტების ჩართვა ახალი სასწავლო რესურსის შექმნაში. ტექნოლოგიების მულტიმედიური ხასიათი იძლევა საშუალებას მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მოვლენა (გარკვეულწილად მოვახდინოთ ლაბორატორიების არარსებობის კომპენსირება), ვამოგზაუროთ იმ ქვეყნებში, რომლის ენას, კულტურას, ისტორიასა თუ გეოგრაფიასაც ვასწავლით. სასურველია ისტრესურსების მაქსიმალური გამოყენება, რადგან იგი უფრო მეტია, ვიდრე ელექტრონული ფურცელი ან პლაკატი. განსხვავებით ბეჭდური პლაკატისა თუ რუკისაგან, რომლებიც მხოლოდ მასალის დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი,

1. კარგი იქნება მოსწავლეებისთვის ისეთი საშინაო დავალების მიცემა, რომ მათ დასჭირდეთ კომპიუტერის გამოყენება, მაგ. ტესტების შევსება, ინტერნეტში მასალის მოძიება, ტექსტის დაბეჭდვა, ცხრილების და პრეზენტაციების შედგენა, კლიპის დამზადება, ელექტრონულ რუკაზე ადგილების მონიშვნა და ა.შ ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას, მოსწავლეები ხალისით იყენებენ კომპიუტერს, რომელიც მათთვის არამარტო გასართობი, არამედ თანამედროვეობის და წარმატებულობის სიმბოლოცაა. შეიძლება მოსწავლე დარჩეს გაკვეთილების შემდეგ ლაბორატორიაში სამუშაოდ და მას მიეხმაროს მასწავლებელი ან შეასრულოს დავალება სახლში, თუ ამის საშუალება აქვს. ამ შემთხვევაში დავალება შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიები მეტად ეფექტური ინსტრუმენტია, პროექტზე მუშაობისას, როცა მასალები მზადდება საბოლოო პრეზენტაციისთვის. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ციფრული ტექნიკა (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დიქტოფონი, სკანერი, პრინტერი), სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინსტრუმენტი (საოფისე პროგრამები ტექსტების, ცხრილების და პრეზენტაციების შესაქმნელად; ფოტო, აუდიო და ვიდეო რედაქტორები; გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები რუკების დასამზადებლად; ასოციაციური რუკის შესაქმნელი პროგრამები; ინტერნეტი მასალების მოსაძიებლად, გამოსაქვეყნებლად და გასაზიარებლად და სხვ.).

3. საზოგადოდ გავრცელებული პრაქტიკაა შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება, როცა ერთი თემატიკა მუშავდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს ხდება განვლილი მასალის თავმოყრა, შეძენილი ცოდნისა და უნარების შეჯამება. კარგია თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი შემაჯამებელ გაკვეთილამდე განსახორციელებელი აქტივობები. ამ შემთხვევაში შეძლებს წინასწარ გაითვალისწინოს, რა ინსტრუმენტებს (მათ შორის ელექტრონულს) გამოიყენებს სწავლების პროცესში. მიმდინარე გაკვეთილების დროს ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება ისეთი თანმიმდევრობით, რომ მოსწავლე მუდმივად იღებდეს ახალ ცოდნას. მაგ. მასწავლებელმა მოსწავლეები ჯერ უნდა ამუშაოს ცხრილების, გრაფიკების ან ასოციაციური რუკების შედგენაზე, შემდეგ გაკვეთილებზე გააკეთებინოს პრეზენტაციები, ციფრული რუკები, გადაღებული ან ინტერნეტში მოძიებული სურათებით და ვიდეოებით დაამონტაჟებინოს კლიპი და ა.შ. აქტივობები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ მოსწავლეთა მიერ რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი მასალებით შემაჯამებელი გაკვეთილისთვის თემატიკის გარშემო შეიქმნას ერთიანი პროდუქტი.

გაკვეთილის დაგეგმვის ფაზა:

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა თვითმიზანი. გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი ფორმები:

(1) მოსწავლეთა ისტ-ის კომპეტენცია; (2) მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა; (3) მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები; (4) გაკვეთილის მიმდინარეობის/მასალაზე მუშაობის ტიპი – მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული და სხვა.) და (5) სასწავლო მასალის თემატიკა.

რეკომენდაცია : საკლასო მენეჯმენტი ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით:

თუ გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში, სადაც კომპიუტერების საკმარისი რაოდენობაა, შეგიძლიათ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფებში ამუშაოთ. ჩვეულებრივ, მასწავლებელი ხშირად იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოსწავლეებს მუშაობისას ისეთი დავალება მიეცით, რომლის შესასრულებლად კომპიუტერის გამოყენება იქნება საჭირო; მაგალითად, წინასწარ შედგენილი ტესტის შევსება, ტექსტიდან მონაცემების ამოკრება და კითხვებზე პასუხის გაცემა, კონტურულ რუკაზე წერტილების დასმა და ა.შ.. ამ დროს მონიტორზე გამოისახება მოსწავლის მუშაობის პროცესი, ის ხდება ერთგვარი ყურადღების მობილიზატორი ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის, ყველა კარგად ხედავს გამოსახულ ტექსტს, სურათს, რუკას და უფრო ადვილად ერთვება მუშაობის პროცესში, გარდა იმისა, რომ იღებს ინფორმაციას, თავისი წვლილიც შეაქვს დავალების შესრულებაში,

კომპიუტერულ ოთახში პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროექტორი. იგი ძალიან კარგი საშუალებაა მთელი კლასის ყურადღების მობილიზებისთვის. მასზე შესაძლებელია ყველა ტიპის ინფორმაციის დინამიკურად გამოსახვა. გაკვეთილის კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, მასწავლებელმა იგი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მაგ. პროვოცირებისას აჩვენოს სურათი, ნაწყვეტი ფილმიდან და სხვ., მინილექციის დროს გამოიყენოს მცირე პრეზენტაცია, გამოსახოს კლასში შესასრულებელი დავალება, შეფასების კრიტერიუმები, მისცეს საშუალება მოსწავლეს გამოიყენოს პროექტორი შესრულებული დავალების პრეზენტაციისათვის და ა.შ.

თუ კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაკვეთილის ჩატარება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ კლასში ერთი კომპიუტერი და პროექტორი შეიტანოთ.

თანამედროვე მასწავლებელი მუდმივად ძიების პროცესშია. როდესაც მივხვდი, რომ საჭირო იყო სწავლა-სწავლების პროცესში რაღაც შემეცვალა, რათა უფრო შედეგიანი გამხდარიყო ჩემი მუშაობა, სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, მეთანამშრომლა კვლევის ჯგუფთან. თემის განსაზღვრის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები წინასწარ დასახულ გეგმას და ვიკვლევ, რამდენად შედეგიანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. სამიზნედ ჯგუფი შევარჩიე – მე-6 და მე-10 კლასი. მათთან ვმუშაობ როგორც ცალ-ცალკე, მათთვის განკუთვნილი პროგრამით, ისე ინტეგრირებულად. მეათეკლასელები კურირებენ მეექვსე კლასელებს.

ყველა პედაგოგმა იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე, რომელიც იზომება ინდიკატორებით. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. შედეგზე გასასვლელად მასწავლებელს მოუწევს არა მკაცრად რეგლამენტირებული, არამედ რეკომენდირებული შინაარსი. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში გვეხმარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.

ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეფექტურია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა რესურსის გარდა, სასწავლო მასალის შესაბამისად მოამზადოს მრავალფეროვანი ელექტრონული მასალა. მაგალითისათვის განვიხილოთ ელექტრონული წიგნი, რომლის შესაქმნელად ვიყენებთ პროგრამა PowerPoint-ს. ამისათვის, პირველ რიგში, სასწავლო მასალის შესაბამისად ვარჩევთ ფონს (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსის შექმნის დროს), ტექსტს, პერსონაჟებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სკოლაში ეფუძნებოდეს მდიდარ მხატვრულ თუ არამხატვრულ ტექსტებს. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ ტექსტის დამოუკიდებლად შედგენას. მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს, რათა შეძლონ პოზიციისა და შეფასების თავისუფლად და დამოუკიდებლად გამოხატვა. პერსონაჟების, ფონისა და ტექსტის შერჩევის შემდეგ სლაიდებზე განვალაგებთ ტექსტურ მასალას. ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავრთოთ ტექსტის შესაბამისი ვიდეო ან ტექსტის სრულყოფის მიზნით გამოვიყენოთ ვიდეომასალა.

მაგალითად განვიხილოთ აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წიგნების გამოყენებით ისეთი საკითხის შესწავლას, როგორიცაა მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა. მეთოდები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას უკავშირდება, შეიძლება სწავლის „ქვაკუთხედად” ჩაითვალოს. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას თან ახლავს მოსწავლეთა შორის სასარგებლო დისკუსიები და კითხვა-პასუხი. როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას, მათში იზრდება ცოდნის გააზრებისა და გამოყენების შესაძლებლობა. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებში განსხვავებული იდეების სტიმულირება მოახდინოს, კლასში ისეთი აქტივობები უნდა გამოიყენოს, რომლებიც მთლიანად მოსწავლის ძალისხმევაზეა მიმართული.

სამიზნედ ავიღოთ მეათე კლასი. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” შესწავლის შემდეგ აუცილებლად მიმაჩნია, ისეთი აქტივობის ჩატარება, როგორიცაა ელექტრონული წიგნების გამოყენებით მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა.

კლასს ვყოფ ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფს ვავალებ, შექმნას ელექტრონული წიგნი თინათინის სახეზე, მეორე ჯგუფს კი – ნესტან-დარეჯანის სახეზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე ფოტო-სლაიდი მიუძღვნან თინათინს და რამდენიმე ნესტანს. აღწერონ, როგორია მათი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რა განსაზღვრავს მათ ქცევას ამა თუ იმ მომენტში, როგორია მათი პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ.).

პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის საშუალებით. ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ვავალებ ერთმანეთის ნამუშევარში მოძებნონ მსგავსება-განსხვავებები.

ვფიქრობ, მასალის სწავლებისას ელექტრონული წიგნები ორივე მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოვიყენოთ:

1. როდესაც მასწავლებელს სურს ამ გზით მიაწოდოს მოსწავლეს რაიმე ტიპის მასალა;

2. როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს და ასე ქმნის ელექტრონულ პრეზენტაციას.

აღნიშნული უნარების განვითარება დიდად შეუწყობს ხელს და მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდება. ასეთი გზით სწავლება მოსწავლეებს გაუადვილებს წაკითხული ტექსტის გააზრებას, გამოუმუშავებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას. სასურველია, ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო თუ საშინაო დავალების შესრულების პროცესში. მაგრამ, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.

ასე რომ, თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი არ არსებობს ისტ-ისგან დამოუკიდებლად!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი (2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული). სასწავლო გეგმების განვითარების დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები (2010წელი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

3. რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი. „ეფექტური სწავლება სკოლაში”. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანი ( გამოცემის წელი: 2009);

4. blended Learning at MIT (მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი)-Jeff Pankin,John

Roberts,Mike Savio ( July 2012);

5. Blended Learning Environments – Carles Dziuban;(February 10, 2011);

6. University of Central Florida,Orlando,Florida;

7. The problem with technology in schools-ALFONZO Porter. The Washington Post (January 28,

2013)

 

მანანა ბაქრაძე- მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“