არცთუ ისე დიდი ხნის ერთ-ერთ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა ცნობილი და ღვაწლმოსილი (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადრესატის დამსახურებისა და ასაკის გამო ამ ეპითეტის მაღალფარდოვნება ასატანია) მთარგმნელის წერილი, რომელშიც მან თავისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით განიხილა, თუ როგორი, რბილად რომ ვთქვათ, შეცვლილი სახით დაბეჭდა ერთ-ერთმა თანამედროვე გამომცემლობამ მის მიერ დიდი ოსტატობით ნათარგმნი მსოფლიო შედევრი.
მიუხედავად იმ პუბლიკაციის მთელი სიმძაფრისა და დამაჯერებლობისა, მომეჩვენა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება არცთუ ისეთი მკაცრი იყო, როგორიც მშობლიური ენისა და არამხოლოდ მშობლიური ლიტერატურის კბილებით დამცველ საზოგადოებას მოეთხოვებოდა. რასაკვირველია, ამ წერილის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის კონკრეტული გამომცემლობის (ან ზოგადად, გამომცემლობების) კრიტიკა, მით უმეტეს, რომ გამომცემლობამ, როგორც ვიცი, აღიარა შეცდომა და არ გაექცა პასუხისმგებლობას და უფრო მით უმეტეს, რომ ეს-ესაა თბილისის წიგნის ფესტივალი ჩამთავრდა, ლიტერატურის მოყვარულთა წმინდა დღეები და ქართულ გამომცემლობებს მხოლოდ პოზიტიური ენერგია უნდა გავუგზავნოთ. ჩვენ უფრო დიდ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.
თუმცა ვიდრე ამ ჭირზედ მოგახსენებთ, კიდევ ერთ არაკს ვიტყვი: ამ რამდენიმე წლის წინ საზოგადოება და განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდა ნაწილი დიდი მოუთმენლობით ელოდა, როდის იხილავდა დღის სინათლეს იმ ნაწარმოების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც მთელ მსოფლიოში მეგაპოპულარული სატელევიზიო შოუ შეიქმნა. და როდესაც ბოლოს და ბოლოს წიგნი გამოვიდა, იმედგაცრუება და კრიტიკის ქარიშხალი ზუსტად მოლოდინის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი მთარგმნელის სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება გახდა, არქაული რეალიების აღსაწერად არქაიზმები გაეცოცხლებინა, ხოლო ახალგაზრდა მკითხველს ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც ძველებური შეფერილობის სიტყვები (საინტერესოა, ასოციაციურად ეს სკოლაში ძველი ქართული მწერლობის სწავლისას გადატანილ ვაინაჩრობას ხომ არ უკავშირდება?).
ამ ორი მაგალითის დაწყვილებას მარტივ დასკვნამდე მივყავართ – სალიტერატურო ენის ბაზარზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენზე, მიწოდება მოთხოვნის შესაბამისია და სწორედ ისე, როგორც არსებობს რესტორნები, სადაც მომხმარებელს ძვირფას ღვინოსა და საჭმელს დახვეწილი ჭურჭლით მიართმევენ და არსებობს სწრაფი კვების ობიექტები, ვხვდებით მაღალი ხარისხისა და ფასტ-ფუდ ლიტერატურას, იოლად ჩასაყლაპი და უგემური ენით მორთმეულს. რასაკვირველია, ლიტერატურული ფასტ-ფუდი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს პრობლემა სულაც არაა, პრობლემაა ის ტენდენცია, რომ მაღალმხატვრული ღირებულების მქონე, მდიდარი ლექსიკით დაწერილი ნაწარმოები ქართველ მკითხველამდე ენის გემრიელი საწებლის გარეშე უნდა მივიდეს.
რა განაპირობებს ენის გამარტივების ამ სურვილს, სიტყვებისა და ლინგვისტური ძიებების შიშს? მე მხოლოდ ის შემიძლია ვივარაუდო, რომ, ალბათ, ავტორი ან მთარგმნელი უფრთხის მკითხველს, რომელიც, თუკი ზედიზედ რამდენიმე მისთვის უცნობ ლექსიკურ ერთეულს წააწყდება, წიგნს გვერდზე გადადებს და შეშინდება. სხვებსაც გააფრთხილებს, რომ ის წიგნი ,,რთული ენითაა დაწერილი” და შიგ საშიში უცნობი სიტყვები ცხოვრობენ.
დალი ფანჯიკიძე ,,ქართული თარგმანის ისტორიის საკითხებში” წერს მაღალფარდოვანი, ხელოვნურად არქაიზებული სტილის შესახებ, რომელსაც საბჭოთა პერიოდის მთარგმნელები ნებისმიერ ავტორს არგებდნენ და ერთგვარ ,,თარგმანის ენად” იქცა. შეიძლება ამის უკიდურესი უარყოფაა ახალი გემოვნების ჩამოყალიბება – თარგმანში გამოიყენებოდეს მხოლოდ ნეიტრალური კონოტაციის სიტყვები, რომლებიც ვერ ქმნის სტილს და მთარგმნელს არ აძლევს, ერთი მხრივ, იმის საშუალებას, რომ თავისი კვალი დაატყოს დედანს (რაც, ალბათ, კარგია, თუმცა ესეც საკამათო თემაა), ხოლო, მეორე მხრივ, დედნის სტილის რეპროდუქცირებასაც უძნელებს.
განსაკუთრებით დასანანია, როდესაც მაქსიმალურად გამარტივებისა და ნეიტრალიზაციის ტენდენცია საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურასაც ეხება. ამ შემთხვევაში ნაწარმოები ნაწილობრივ კარგავს დიდაქტიკურ ფუნქციას – ვერ ამდიდრებს პატარა მკითხველის სასაუბრო ენას. არადა, საკუთარი გამოცდილებით მახსოვს, როგორ ვსწავლობდი სიტყვებს, ფრაზებს, იდიომებს, ენობრივ თამაშებს წიგნებიდან.
აი, მაგალითად, მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობისას როგორ წავაწყდი სიტყვა ,,ზროს” რომელიღაც ნაწარმოებში, როგორ დავიმახსოვრე საგანგებოდ, რომ ლექსიკური მარაგი გამემდიდრებინა, როგორ გამოვიყენე ერთ-ერთ თარგმანში და როგორ გადამიხაზა რედაქტორმა და ყველგან ,,ხის ტანით” ჩაანაცვლა, ხოლო მე კი გადავწყვიტე, რომ ერთი სიტყვისთვის ბრძოლას აზრი არა აქვს და გონების თვალით უცებ დავინახე ეს სიტყვა – მოჭრილი ხის ზროსავით რომ გადაისხიპა და მიწაზე დაეცა.
მოგვიანებით, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიის თარგმნისას, ერთი წინადადება ასე გამოვიდა: ,,ისინი დიდი შავი ლოქორებივით მოიბღუნძებოდნენ და ასე ამოხდებოდათ სული.” საღი აზრი მკარნახობდა, რომ დიალექტური ფორმის, თანაც ორისა და თანაც გვერდიგვერდ გამოყენება, საღ აზრთან ახლოს არააო; გაურკვეველი წარმოშობის შინაგანი ალღო კი სრულიად საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა. მერე ვიფიქრე, მოდი, ზვიად კვარაცხელიას, რედაქტორს, ასე მივუტან და თვითონ ამოშალოს-მეთქი. საბოლოო ტექსტის შეთანხმებისას, როგორც მოველოდი, თვალი მოვკარი, რომ ზვიადს ეს ფრაზა გაეხაზა. ის-ის იყო, ყურები ჩამოვყარე, რომ მითხრა – ,,ეს ადგილი განსაკუთრებით მომეწონა!”
ამ ერთხელ ყველაფერი რიგზე იყო.