სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბევრი-შხამია… მცირე-წამალი…

არც თუ დიდი ხნის წინ, ერთ სტატიაში  ე.წ.  „აგრესიულ რეკლამაზე“ ვწერდი. მოდის და მოდის ტელეფონით დაუსრულებლად, იქვე მითითებული აქვს რეკლამის გასათიში კოდი, თუმცა, თქვენი არ ვიცი და მე არაფერი გამომდის. ისღა დამრჩენია, მორჩილად (ოღონდ წაუკითხავად) წავშალო ყველაფერი. თუმცა, გუშინდელმა ელვა-წერილ-რეკლამამ გამახალისა.

-გსურთ იშოვოთ ფული და…

ჰო, რა მოხდა მერე. იფიქრებთ თქვენ,  სესხის შეთავაზების ჩვეულებრივი რეკლამაა. არადა, ბოლოში ეს მრავალი წერტილი, რა მრავლის მთქმელია. შენს წარმოსახვის უნარზეა ყველაფერი დამოკიდებული.

-გსურთ იშოვოთ ფული და… წიგნები შეიძინოთ?… საოცნებო ქვეყანაში წახვიდეთ?…  გაერთოთ?… ლამაზი სამკაულებით დამშვენდეთ?… ან, უბრალოდ, კარგად იცხოვროთ?…

მე კიდევ ჩემებურად დავწერდი.

-გსურთ იშოვოთ ფული და…სულ რამდენიმე თვეში ბინას დაემშვიდობოთ?…

-გსურთ იშოვოთ ფული და… სულ მალე ქუჩაში აღმოჩნდეთ?…

-გსურთ იშოვოთ ფული და… ნერვული აშლილობის გამო  დასამშვიდებელი წამლების სმით მძაფრი შეგრძნებები იქონიოთ? ნერვიულობა ჩვენგან გექნებათ გარანტირებული, რადგან ზარებს, ყურადღებას და მუქარას არ მოგაკლებთ…

ჰო, მოკლედ, ეს ამ რეკლამის  ჩემებური ინტერპრეტაციაა და მსგავს რამეებს სიკვდილივით გავურბივარ.

არადა, სარეკლამო სიტყვები აუცილებელია. მთავარია, დაშიფრულ ტექსტს  როგორ ამოიცნობ. მაგალითად, თამბაქოს რეკლამა მახსენდება-„შენი განსხვავებული შეგრძნება იწყება აქ“…

კი, უეჭველი დაიწყება. ნაირ-ნაირ შხამებს მიაწვდი ორგანიზმს, მძიმე მეტალებს და სხვა  ათას „ლამაზ“ რამეს. კვამლს არა მხოლოდ შენ ჩაყლაპავ, სხვასაც ჩააყლაპებ (საბრალო, შემთხვევით გვერდით მოხვედრილ, პასიურ მწეველს ვგულისხმობ), კანს ნაადრევად დაიბერებ, ღრძილებს დაიავადებ, სისხლძარღვებსაც, მუდმივ ხველაში იქნები და თუ ძალიან გაგიმართლებს, შეიძლება ფილტვის სიმსივნესაც გამოკრა ხელი. რეკლამა არ ტყუის, ნახეთ რამდენი განსხვავებული შეგრძნება ჩამოვთვალე…

თუმცა, ეს ისე ლირიული გადახვევაა… სინამდვილეში, წერილს მოლდოვაზე ვწერ.

მოლდოვაში ვარ.  კიშინიოვიდან ოცი კილომეტრის  სავალზე,   სოფელ მილეშტი მიჩში ორმოცდაათ კილომეტრზე, მიწისქვეშა გვირაბები გადაჭიმულა, სიღრმე 80 მეტრს აღწევს. მთელი წელი ტემპერატურა +12…+14 გრადუსია და ღვინის უზარმაზარ კოლექციას ინახავს. ეს გვირაბები 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეტანილი. ჩვენით, ანუ კონფერენციის მონაწილეებით სავსე

მიკროავტობუსები ნელ-ნელა გვირაბებში შედიან, მშვენივრად იგრძნობა, ყოველ მოსახვევში უფრო ღრმად და ღრმად ვეშვებით. სიმართლე გითხრათ, მიწისქვეშ სიარული არ მიყვარს. იქ ერთ დღეს წავალ და ვთვლი, რომ მაშინაც საკმარისი იქნება. ჰოდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღა მიწისქვეშეთში ვირბინო. თუმცა, ამჯერად, „ყველას“ ვერ ჩამოვრჩი და ბედს შეგუებული ჩავდივარ ღრმად, კიდევ უფრო… ნეტა, ჟანგბადი საიდან შემოდის? აქეთ იქეთ ვიხედები… ფრანგები სუნთქავენ, რუმინელებიც, ის გერმანელი კაციც სუნთქავს… რა გაეწყობა, მეც ვისუნთქებ…

სიღრმეში ახალი ამბავი გველოდება. თურმე, ეს ადგილი მთელ მოლდოვაში სეისმურად ყველაზე მგრძნობიარე და აქტიური ყოფილა. ამიტომ, სწორედ აქ არის შესაბამისი ლაბორატორიაც, სადაც დანადგარები თითოეულ ბიძგს ბეჯითად იწერენ და შიფრავენ. შვება ის არის, რომ მიწისძვრები იშვიათად ხდება და თან ამისთანა  სიღრმეში არც არაფერი იგრძნობა.

ჰო, რეკლამები აქაც არის, მაგ. „ქვეყანა სამოთხის კარით “. ეს ქვეყანა, მიხვდით ალბათ, მოლდოვაა და დავეთანხმები. ძალიან ბევრი მწვანეა, სუფთა ჰაერი, გულღია, სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი საჭმელი და სახელგანთქმული ღვინო. გვირაბებში ღვინოზე სხვა რეკლამებიც აქვთ, ვიტყოდი, უფრო წამახალისებელი სიტყვები. მაგალითად,  პანოზე ბრგე ვაჟკაცია გამოსახული, რომელიც ერთი კნაჭა ბიჭი ყოფილა, მაგრამ რაც ღვინის სმა დაუწყიააა… უჰ, ასეთ დევგმირად გადაქცეულა. სხვა ლამაზი სიტყვებიც ეწერა, რომლებსაც შევაჯამებ და ჩვენებურად დავწერ: „მთვრალი კაცი, კარგი კაცი“.

ოღონდ… მთვრალი კაცი კარგი ვერ იქნება! ვერც თავისთვის, ვერც სხვისთვის! მე ღვინოდამოკიდებულ მთვრალებზე მოგახსენებთ, თორემ ორი-სამი ჭიქის მირთმევაზე არ არის საუბარი. აქ ერთი ნაცნობი მახსენდება. იცით, რა თავმომწონე კაცი გახლდათ? მოსაწონიც ჰქონდა თავი, საზოგადოებაშიც და ოჯახშიც დაფასებული იყო. ღვინოს ეთამაშებოდა, სმა კარგად გამოსდიოდა, ყანწების შემდეგ ვერც ვერაფერს შეატყობდით. ღვინომ შეიტყუა და ისე გალახა, თავისი საქციელით საზოგადოებაშიც და ოჯახშიც თანდათან დაფასება დაკარგა, შემდეგ ღირსებაც და თავის პატივისცემაც სადღაც შემოეფანტა და სულ მარტო,  ღვინის ამარაღა დარჩა. ამიტომ, ღვინის და ჩვენი თავის ზომა-წონა უნდა ვიცოდეთ, თორემ მილეშტი მიჩის ღვინის სარდაფებში, დეგუსტაციაზე ოდნავ მეც გავსინჯე. ამ საუკეთესო ხარისხის  „ოდნავს“ კი, მერწმუნეთ, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია.

ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ ე.წ. ღვინო თერაპიის (ენოთერაპიის) შესახებ. მეტიც, ფიქრობდნენ, რომ ღვინო ღმერთ დიონისეს სისხლი იყო და ვაზი მათთან პირველად სწორედ მან შეიტანა.   უფრო მეტი ეფექტისთვის შიგნით მინერალური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ნივთიერებებს ამატებდნენ. გარდა ამისა, არომატიც უმჯობესდებოდა და კარგად ინახებოდა. უმატებდნენ ზეითუნის ზეთს, დამწვარი ვაზის ნაცარს, თაბაშირს, თეთრ თიხას, ნუშს, ჩამიჩს, პიტნას, თაფლს, რძეს და სხვა ათას უცნაურობას. ღვინის ჭურჭელს ზღვის წყლით რეცხავდნენ.

ჰიპოკრატე დარწმუნებული იყო, რომ ყურძენი ადამიანის ორგანიზმს შეესაბამებოდა,  მისი დაღვინებული წვენი აუცილებელიც კი  იყო. ამიტომ, წითელ ღვინოს უნიშნავდა დასუსტებულებს, ანემიით, დისტროფიით, ნერვული სისტემის აშლილობით და რევმატიზმით  დაავადებულებს.  სხვათა შორის, ჰომეროსის „ილიადაში“  ნახსენებია ექიმების მაქაონის და პადალირიუსის სახელები,  რომლებიც ღვინის საფენებს ჭრილობების გადახვევისას იყენებდნენ.

დღეს ენოთერაპიას ევროპის მრავალ  სანატორიუმში მიმართავენ, მათ შორის ნიღბების და კომპრესების სახითაც.  ღვინო ამაღლებს იმუნიტეტს, გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას ასტაბილიზებს, ანელებს დაბერების პროცესს. ოღონდ, აქ ისევ პარაცელსი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამბობდა, მთავარი საიდუმლო რაოდენობაშიაო. ანუ, არაფერში არ გადაამლაშოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. იბნ სინამ კი ბრძანა, ღვინო მეგობარია, მაგრამ შიგნით მზაკვრობა იმალება: ბევრს დალევ-შხამია, მცირე-წამალი.

დღეს ღვინის ქიმიურ შემადგენლობაზე არ დავწერ, ერთხელ უკვე დავწერე და საკმარისია. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 350 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ოცივე პროტეინგენულ ამინმჟავას. დღეს  ის გავიგოთ, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ალკოჰოლს რა ემართება, სად და როგორ გადამუშავდება.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის დაჟანგვა ღვიძლში ხორციელდება. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტი ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰილამდე იჟანგება. წარმოქმნილი აცეტალადეჰილი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით ძმარმჟავას წარმოქმნით იჟანგება. ძმარმჟავა კი საბოლოოდ ნახშირორჟანგს და წყალს გვაძლევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოკსიკაციის დროს მკვეთრად იზრდება ბარბიტურატების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობა. ბარბიტურატები ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტურ ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებსაც დაწყებული მსუბუქი დამაწყნარებელი მოქმედებიდან, ღრმა ძილიანობა და  ნარკოზული მდგომარეობა ახასიათებთ. ალკოჰოლთან ერთად მათმა მიღებამ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ ეთანოლი აინჰიბირებს ღვიძლის ენდოპლაზმურ რეტიკულუმში ბარბიტურატების ჰიდროქსილირების პროცესს. ამის გამო, ბარბიტურატების მოქმედების დრო მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება. როგორც ეთანოლი (მაღალი დოზებით), ისე ბარბიტურატები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე  მოქმედებს, როგორც დეპრესანტი. ამიტომ, ამ ორი ნივთიერების სინერგისტული მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს სუნთქვითი ცენტრის დამბლა და ადამიანი დაიღუპოს.

ცოტა გასაგებად რომ დავწერო, ბევრი ალკოჰოლი ცუდია. ბევრი ალკოჰოლი და საძილე საშუალებები ერთად  კი სამუდამოდ დაძინების დიდი შესაძლებლობა.

ჰმ, მეც სარეკლამო სიტყვებივით გამომივიდა. ოღონდ, შელამაზებული კი არა, მწარე სიმართლის პრინციპით.

რეკლამა ყველგან არის. ტელევიზორში, რადიოში, ინტერნეტში, ტელეფონში, ქუჩაში…

იყიდე… აიღე… მოწიე… დალიე… გაერთე… ჩვენთან მოდი… ჩვენთააან… ჩურჩულებს იდუმალი ხმა.

ჰმ…

ვცდილობ, სტატია ლამაზად დავასრულო და…კვლავ წერილი მომდის. ეს „აგრესიული“ რეკლამაა,  გასათიში კოდიც ახლავს, ოღონდ მე არაფერი გამომდის. ამიტომ, მორჩილად, ოღონდ წაუკითხავად წავშლი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი