ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში სიარულისას ვამბობდი, რომ როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორეს სხეულისგან, იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით. ვამბობდი გაუცნობიერებლად. აქვე ვყვებოდი ამბავს როსტევანზე, არაბეთის მეფეზე, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანზე. ფიზიკა და „ვეფხისტყაოსანი“ ბებიაჩემისთვის, მისი ზემოქმედებით კი ჩემთვისაც, იყო ყველა ღმერთი ერთად აღებული დედამიწაზე.
ბებიაჩემი, ჩემი გამზრდელი, გოგუცა კვატაია, იგივე მინერვა მაკ-გონაგელი, ჩემთვის ერთგვარად მკაცრი ცენზორიც იყო და თავისუფლების მომნიჭებელიც.
მეგობრები ეჭვის თვალით მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ მისი აკრძალვის გამო, ბავშვობაში არასოდეს მქონია მეგობრობის დღიური, არასოდეს გავუშვივარ ეზოში, არასოდეს მითამაშია ბანქო და თითქმის არასოდეს დამიღეჭავს საღეჭი რეზინი.
დღემდე მაფიქრებს მისი სპარტანული აღზრდის მეთოდები და მერე მოულოდნელი ფერიცვალება. მერვე კლასამდე მაიძულებდა დილით პირი ცივი წყლით დამებანა, დამელია ნაღებიანი რძე, მეჭამა კარაქიანი პური, რაც ყველაზე მეტად მძულდა დედამიწაზე (ერთხელ სკამზე ქამრით დაბმულიც გეახლებოდით); სკოლიდან აუცილებლად უნდა მოვსულიყავი პირდაპირ შინ და გაკვეთილების მეცადინეობის შემდეგ უნდა წამეკითხა მხატვრული ლიტერატურა. არავითარი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები.
დღემდე ვერ ვპოულობ ახსნას, რატომ მატარა იძულებით მუსიკალურ სკოლაში 7 წლის მანძილზე, სადაც უდიდეს ფსიქოლოგიურ ტრავმას განვიცდიდი. და სამაგიეროდ, რატომ გამომიყვანა იძულებით ცეკვის წრიდან, სადაც 13 წელი სიხარულით დავდიოდი. მიუხედავად, ჩემი წარმატებისა, გამომიცხადა, რომ ცეკვა ჩემი საქმე არ იყო. მეშვიდე კლასში გაოცებისგან პირდაღებული ვუყურებდი ჩემს ხუთიანებს ყველა საგანში, ფიზიკაში კი – ოთხიანს. ღმერთმანი, ყველაზე კარგად ფიზიკას ვსწავლობდი! რვაჯერ იძულებით წამიყვანა ტელეგადაცემაში „ეტალონი”, რომელიც მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გოგუცა კვატაია თავისას არ იშლიდა – მაჯიბრებდა ჩემზე სამი-ოთხი წლით უფროს მოსწავლეებს, მასწავლიდა მაღალი კლასების სასწავლო პროგრამას. საბოლოოდ, გადაცემაში მანამდე მატარა, სანამ არ გავიმარჯვე.
გამარჯვებისას, ვკითხე, როგორი გოგო ვარ-მეთქი, არა გიშავსო. მეგონა გაუხარდებოდა, მეგონა მისი უდიდესი ოცნება ავასრულე. არც კი გამიღიმა. არასოდეს დაურთავს ნება, გამეცდინა თუნდაც ერთი გაკვეთილი, მაღალი სიცხის, ბატონების გამო. როცა მეხუთე კლასში, შატალოზე პირველად გავიპარე, ანუ სკოლიდან 1 გაკვეთილით ადრე წამოვედი, მთელი თვე არ მაჭამა ვარდის მურაბა – ჩემი ბავშვობის საყვარელი ტკბილი გემო.
მეოთხე კლასში რომ ვიყავი, სახალხოდ, მთელი კლასის თანდასწრებით სახეში სილა გამაწნა. ამბავი ის იყო, რომ გაუცნობიერებლად ავყევი ჩემს კლასელებს ერთ-ერთი კლასელის დამცირებაში. ეს ბავშვი იეჰოვას აღმსარებელი იყო და ამის გამო, მის მიმართ დამცინავი რეპლიკები, სამწუხაროდ, ხშირად ისმოდა. ახლა კი ვხვდები, რომ ამისთანა სამარცხვინო რამ ცხოვრებაში ძალიან ცოტა გამიკეთებია, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი, მარტო მე რატომ გამწირა. რატომ მომაყენა შეურაცხყოფა სახალხოდ. მე – საკუთარ შვილიშვილს.
მე გეგმებს ვაწყობდი – ვფიქრობდი, როგორ გადავხტებოდი ფანჯრიდან, თუ ასე გააგრძელებდა; როგორ დავხევდი სადამრიგებლო კლასის ჟურნალს, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა; როგორ დავწვავდი ჩემს დიპლომებს, ჭრელებს, სხვადასხვა ოლიმპიადებიდან და შეჯიბრებებიდან მოტანილს, რომლებსაც კედელზე ჩამოკიდებულს, ყოველ საღამოს გადახედავდა და ამაყი მზერით აცლიდა მტვერს.
მეცხრე კლასში, გაცვლითი პროგრამით ლონდონში ჩემი სასწავლებლად წასვლის საკითხი რომ დადგა, თავგანწირული ბრძოლისთვის მოვემზადე, იმისთვის რომ წასვლის ნება მოეცა და ჰოი, საოცრებავ! ბებიაჩემი ოდნავადაც არ შემწინააღმდეგებია. პირიქით, მოსამზადებელი პროცედურები საკუთარ თავზე აიღო, თავად ჩამილაგა ბარგი, დამემშვიდობა და მითხრა – აბა შენ იცი, სხვებს არ ჩამორჩეო. ეს იყო ყველაზე დიდი და უცნაური გაოცების გრძნობა დღემდე, რაც კი გამომიცდია. უკან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. მე და ბებია დავმეგობრდით.
მაშინ, როცა ჩემს თანატოლებს წნეხში ატარებდნენ და პროფესიებს თავად ურჩევდნენ, ბებიაჩემმა ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, რომ ვუთხარი, ჟურნალისტი უნდა გავხდე-მეთქი. აღარც გაკვეთილების გაცდენას მიშლიდა, იმის ხარჯზე, რომ შინ მომემზადებინა საგამოცდო მასალა. არც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, ჩემს ცხოვრებაში თითქმის აღარ ერეოდა და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა. მიბიძგებდა, რომ ყველგან წავსულიყავი, ყველაფერი მენახა, ყველაფერი გამეგო. მეკეთებინა ის, რაც მომწონდა და ვყოფილიყავი მასთან, ვისთან ყოფნაც მინდოდა.
დღემდე ბოლომდე ვერ ვხვდები, რა ჩანაფიქრი ჰქონდა. ამგვარად, რატომ იქცეოდა.
დღეს ბებიაჩემი – ფენიქსის ორდენის კავალერი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაზე სანდო და ერთგული. დღემდე მაკვირვებს მისი აზრები, შეხედულებები უმცირესობებზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობის საკითხებზე, რელიგიურ მოტივებზე – ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ის, დაცლილია სექსიზმისგან, ჰომოფობიის თუ რასიზმისგან. არადა, ჩვენ შორის რომ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სწორედ ეს მაკვირვებს.
ფაქტი კი ერთია – მე და ჩემს ფიზიკის გადამდგარ გენერალს არ მოგვბეზრდება ერთმანეთს ზეპირად მოვუყვეთ „ვეფხისტყაოსნის” სტრიქონები და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ვაკუუმში ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერთქმედებს ძალით, რომლის მოდული პირდაპირპროპორციულია მუხტთა მოდულების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.