კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

”ქალაქი წყალზე” და სარკე წყლის ფსკერზე

სალომე ბენიძის წიგნის შესახებ

საზაფხულო ეკობანაკში, სადაც ეკოლოგიასთან ერთად მოსწავლეებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ესაუბრებიან, გენდერულ საკითხებზე უნდა წამეკითხა ლექცია. ვირჯინია ვულფის ესე, ”საკუთარი ოთახი” წავიღე და გადავწყვიტე ბავშვებთან ამ წიგნზე მელაპარაკა; წიგნზე, რომელიც შესანიშნავად უხსნის მკითხველს, თუ რატომ იყო საუკუნეების მანძილზე ლიტერატურა ცარიელი ქალების სახელებისგან, ლიტერატურის მსგავსად კი, თითქმის ნებისმიერი სფერო, რომელშიც კაცები ასე გაბედულად და ხმაურიანად ტოვებდნენ საკუთარ ნაკვალევს. ჩანთაში მეორე წიგნიც მედო, სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე”, რომლის კითხვაც წინა დღეს დავიწყე და ლექციის დაწყებამდე ბოლოში გავედი. როცა წიგნის უკანასკნელი ფურცელი ჩავიკითხე, ზუსტად ვიცოდი, რომ ვირჯინიას ესესთან ერთად ამ წიგნზეც ვილაპარაკებდი, როგორც იმის ხორცშესხმულ, მკაფიო ნიმუშზე, რაზეც ვულფი საუკუნის წინათ ოცნებობდა. ვულფი ამბობდა, რომ თუ ქალი, რომელსაც წერის ნიჭი აქვს, მოიპოვებს საკუთარ ოთახს და სტაბილურ შემოსავალს, ის აუცილებლად გახდება კარგი მწერალი. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნე გაივსო ქალი ავტორების სახელებით. ისინი აღარ არიან წარმოუდგენელი გამონაკლისები, რომლებზეც ვინმეს შეუძლია უპირობო სკეპტიციზმით, ან გაოცებით ილაპარაკოს. დღეს ავტორის სქესის ხაზგასმა თითქმის ყოველთვის უადგილოა ლიტერატურის კითხვისას და შეფასებისას, მაგრამ სალომეს ნაწერის კითხვამ დამაფიქრა იმაზე, რომ თავის ესეში ვირჯინია ვულფი ქალებისგან კიდევ ერთ რამეს ითხოვდა – სქესზე ფიქრისგან თავისუფალი, ანდროგენული გონებით წერას, მაგრამ ამავდროულად გაბედულად წერას იმაზე, რაც ქალს შეიძლება მამაკაცისგან განასხვავებდეს. ქალი უნდა გათავისუფლდეს კომპლექსისგან, რომ თუ ის აირჩევს განსაზღვრულ თემატიკას, ვთქვათ, დაწერს სიყვარულზე, მას მოუწევს ბეწვის ხიდზე სიარული, რომ ”ზედმეტი არ მოუვიდეს”, რომ მკითხველმა სენტიმენტალურის, გადამლაშებულის, ”ქალური ნაწერის” იარლიყი არ მიაწებოს მის პროზას თუ პოეზიას. ეს იარლიყი ხშირად მამაკაცი ავტორების წიგნებსაც ეხება, მაგრამ თუ ავტორი ქალია, ის მითუმეტეს დგება რისკის ქვეშ, მისი ნაწერები გატეხილი გულის გაბმულ კვნესად ან უთავბოლო კეკლუცობად მონათლონ. გოეთეს ”ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” ქალს რომ დაეწერა, ალბათ მამაკაცების მხრიდან არ მოყვებოდა ამდენი თვითმკვლელობა; შეიძლება არც მილან კუნდერას წიგნები ყოფილიყო ისეთი პოპულარული, როგორიც არის. ამიტომ ის ქალები, რომლებიც არიან ფილოსოფიურები, წერენ ომზე, სოციალურ უსამართლობაზე, გლობალურ კატაკლიზმებზე, ნაკლები დარტყმის ქვეშ ექცევიან მკითხველის მხრიდან. მთელ ამ თემატიკაზე წერა შესანიშნავია, თუკი ეს გაწუხებს, მაგრამ თუ რაღაც მომენტში გადაწყვიტე, რომ უნდა დაწერო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ცვალებად ვნებებზე, ჭრელი, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილებზე, ფრიალა კაბებზე, ლამაზ, მოშინაურებულ ნივთებზე, სამზარეულოს სურნელებზე, სუნამოებზე, ტკბილ გემოებზე, მლაშე ცრემლებზე და გულისგამწყალებელ მოლოდინზე,  და თუ მოგინდა დაწერო არა აგრესიით, არამედ სინაზით, რომელიც შეიძლება ყველაფერ ამაზე ფიქრისას გავსებდეს, არ უნდა შეგეშინდეს. არ უნდა შეგეშინდეს წინადადების საკუთარი წყობის – ჩახვეულის, ზოგჯერ მშვენიერი, სხვებისთვის ”ზედმეტი” აქსესუარებით ამოვსებულის. აი, ამაზე ოცნებობდა თავის ესეში ვირჯინია ვულფი; ასეთ უშიშარ ავტორებზე, რომლებიც უნივერსალურს შექმნიან საკუთარი შეგრძნებებიდან გამომდინარე და არა იქიდან, თუ რას მოითხოვს მათგან მკითხველი, თუნდაც ყველაზე გაწაფული, ინტელექტუალურად სნობი. სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე” სწორედ ასეთი წიგნია. ის სავსეა ქალურობით, ქალი პერსონაჟებით, რომლებიც თანადროულად არიან ძლიერებიც და ლამაზებიც, საკუთარი ცხოვრების, გადაწყვეტილებების, ტრაგედიების განმკარგავებიც კი. ისინი თან გვანან და თან არ გვანან ერთმანეთს. ისინი ანდერსენის ქალთევზას მემკვიდრეები არიან – სიყვარულზე მეოცნებეები, სიყვარულისთვის მებრძოლები, ხელმოცარულები, დაღუპულები და მაინც ჯადოქრულები. წიგნი სურეალისტურია და მასში სუნთქავს წყალი, შენობები, ნივთები, ყველაფერი, რასაც ქალები ეხებიან. ისინი განსხვავდებიან ვნებებით, საქმით, რომელიც ბედნიერებას ანიჭებთ; განსხვავდებიან მამაკაცები რომლებიც მათ ზრდიან და მამაკაცები, რომლებიც მათ უყვარდებათ. მამაკაცები მათი მთავარი ძალა და წყევლაა – მამები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ და შეყვარებულები, რომლებსაც ძალა არ შესწევთ, იყვნენ ერთგულები. მათ ისტორიებს თან გასდევს განცდა, რომ ბედნიერება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ქალები ამის გამო არ ნებდებიან. ისინი ქსოვენ ერთმანეთის ისტორიების გაგრძელებას. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ყველა წინა ქალის მემკვიდრე, პირველ პირში მოლაპარაკე, წერს

14030859_10153688256660951_1726082073_n

”ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს თუთუს ხე იდგა, მთელ ქუჩას აწვდიდა ტოტებს. მაისის ბოლოდან შავ ნაყოფს ისხამდა, შავად ღებავდა ასფალტს, მანქანების სავალ გზას, ორივე ტროტუარს. შუაღამისას შინ დაბრუნებული, მანქანას ყოველთვის თუთის ქვეშ ვაყენებდი. არც არავინ მეცილებოდა. არავის უნდოდა, დილით ტკბილი ნაყოფით მოთხვრილი მანქანა დახვედროდა. აი, მე კი, სახლიდან რომ გამოვდიოდი და თუთას ვხედავდი, ვხედავდი ჩემს გაშავებულ მანქანას და ფეხქვეშ გაწებილი ასფალტი და მტვერში აზელილი ნაყოფი მედებოდა, სიცოცხლეს ვგრძნობდი. თუთის ხე იყო ერთადერთი, რაც სამყაროსთან მაკავშირებდა. დავდიოდი თუთებდაყრილი მანქანით და ზოგჯერ, წამიერად გამიელვებდა ფიქრი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.” – ამ პასაჟმა ლეღვის ხე გამახსენა სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანიდან ”ზარხუფი”. შეიძლება ავტორის მხრიდან, რომელიც შესანიშნავად იცნობს პლათის ნაწერებს, ეს გაცნობიერებული ალუზიაც იყოს. ახალგაზრდა ქალი დეპრესიის მომენტში, ვისთვისაც ხე, წებოვანი, ხრწნადი ნაყოფით სავსე, ცხოვრების სიმბოლოა; დაკარგული შესაძლებლობების, ხელმოცარვის, ტკივილის, რომელსაც ყველა გაურბის. მაგრამ ანა-ულრიკეს (მთხრობელს) შეუძლია თვალი გაუსწოროს ასეთ ცხოვრებას, ჩაეჭიდოს სიცოცხლის სურვილს და ტკივილი აქციოს გამოცდილებად.

ფოლკნერის მსგავსად, სალომემ გამოიგონა თავისი ოლქი, თავისი იოკნაპატოფა, ქალაქი, სადაც ცალკეული ადამიანების ისტორიები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ამ წიგნში მოთხრობები კრავს რომანს, შეგვეძლო გვეთქვა, ვრცელ ზღაპარს. ალბათ ავტობიოგრაფიული ელემენტია ის, რომ ქალაქი ჩრდილოეთის ქარებით სუნთქავს და მთავარი პერსონაჟების სახელებიც ზღაპრულად ჩრდილოეთურია.

თხრობას გაბმულად გასდევს ქალის ხმის ტემბრი. სხვა შემთხვევაში ასეთ შეფასებას თვითონ გავაპროტესტებდი, მაგრამ სალომეს წიგნში, დარწმუნებული ვარ, მიზანდასახულადაა ეს ტემბრი ასე ხაზგასმული – ის, თავისი მოხიბლავი, მისტიური, ძლიერი ხმით გითრევს წყლის ფსკერზე, სადაც სარკე გველოდება.

ვირჯინია ვულფი წერდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალები გავდნენ სარკეებს, რომელშიც მამაკაცები იმაზე ორჯერ უფრო დიდებულები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ვინ მოისურვებს ასეთი სარკის დაკარგვას.  სალომე თავის სარკეს გვთავაზობს, რომელშიც ქალი საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს, იმაზე ბევრად უფრო ძლიერს, ვიდრე ის საუკუნეების მანძილზე ჩანდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“