კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

მშობელთა სკოლა

ვისაც სკოლაში მუშაობის საწყის ეტაპზე მთავარ სირთულედ კლასის მართვა ან სასკოლო საზოგადოებასთან ინტეგრირება წარმოუდგენია, ძალიან ცდება. მოსწავლეებთან ურთიერთობა მასწავლებლის პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუ თქვენი საქმის ხარისხიანად გაკეთებას აპირებთ, არც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაგიჭირდებათ. აი, მშობლების „მოთვინიერება“ კი არცთუ ისე ადვილი საქმეა.

ვინც სასკოლო ცხოვრების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ სკოლა ჰგავს ბაზარს, სადაც ყველანაირ ადამიანს შეხვდებით. აქ უბრალო პროდუქტს კი არა, ცოდნას „ყიდიან“, ამიტომაც კმაყოფილი „მუშტარი“ იშვიათი ფუფუნებაა. თუ გსურს, ერთ სასწავლო წელიწადში არ ამოწურო მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციის რესურსი, უპირველეს ყოვლისა, უსამართლო და უადგილო კომენტარების მოსმენა უნდა ისწავლო. თქვენი ყველაზე ახლო მეობრები გახდებიან სიტყვები: „გავითვალისწინებ თქვენს რჩევას“, „მესმის თქვენი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით“, „აუცილებლად გავარკვევ და შეგეხმიანებით“ და სხვ.

ქცევის მიხედვით, მშობლები შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

  • ყველაფრით კმაყოფილი მშობლები (ამ ჯგუფს უმეტესად უპრეტენზიო და დაკავებული ადამიანები მიეკუთვნებიან);
  • ძნელად აღსაზრდელი (ჰიპერაქტიურობა, დისლექსია და სხვ.) შვილის მადლიერი მშობლები ან, პირიქით, მასწავლებლის თითოეული ნაბიჯის გამკრიტიკებელი „პროკურორები“;
  • წარმატებული მოსწავლის თვითკმაყოფილი მშობლები, რომლებიც შეიძლება ყველაზე საშიშ კატეგორიას მივაკუთვნოთ, რადგან მათთვის შვილის ერთი საფეხურით დაბლა ჩამოსვლა ყველაზე მიუღებელ რეალობას წარმოადგენს;
  • ნეიტრალური (სასკოლო ცხოვრებაში მინიმალურად ჩართული) მშობლები;
  • ობიექტური მშობლები, რომლებსაც ესმით, რა ძალისხმევას დებს სკოლა თითოეული ბავშვის აღზრდაში.

ახლა, ალბათ, ხვდებით, რატომაა მშობელთა გუნდის მართვა უფრო რთული, ვიდრე ბავშვებისა. ისინი იშვიათად გენდობიან, ჩასაფრებულები გითვალთვალებენ და არც ერთ უმნიშვნელო შეცდომას არ უშვებენ ხელიდან, რომ გაგაკრიტიკონ.

არადა, სკოლასა და მშობლებს მომავალი თაობის აღზრდის ვალდებულება აკავშირებთ. წარმატებული აღზრდის წინაპირობასაც მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის ერთიანობა წარმოადგენს.

რამდენიმე ათეული წლის წინ განათლების საკითხი მშობლებისთვის ნაკლებპრობლემური იყო, რადგან მათ არ ჰქონდათ სკოლის არჩევის შესაძლებლობა. ბავშვები იღებდნენ იდენტურ საშუალო განათლებას ყველა სკოლისთვის საერთო საგანმანათლებლო პროგრამით. ამ მხრივ დღეს სასწავლო დაწესებულებები ბევრად უფრო მრავალფეროვანია. საჯარო სკოლების მიღმა ერთმანეთს პირველობაში მუდამ ეცილებიან კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვანი და ნოვაციური სასწავლო პროგრამებით იწონებენ თავს. თუმცა არჩევანის გაკეთების დროს მშობლები უმეტესად ისეთი თვალსაჩინო ფაქტორებით ხელმძღვანელობენ, როგორებიცაა კომფორტული გარემო და სკოლის რეიტინგი.

წინათ მშობელი მაქსიმალურად იყო ჩართული შვილის აღზრდის პროცესში, ახლა კი მთელ თავის ენერგიას შვილის განათლებისთვის საჭირო რესურსის მოსაპოვებლად ხარჯავს. კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურების მომრავლებამ, მშობლის უკუკავშირის დასუსტებასთან ერთად, მასწავლებლისა და სკოლის ავტორიტეტის დაცემაც გამოიწვია. გამოდის, რომ მშობელი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ყიდულობს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების კომპეტენციაში ჩარევისა და ეთიკური ნორმების უგულებელყოფის უფლებას. მოსწავლის ცნობიერებაზე საზოგადოებრივი ინსტიტუტის გავლენაც ნელ–ნელა სუსტდება.

ყველაზე საშიში მშობლის გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებაა, ამიტომ სკოლამ სწავლის დაწყებამდე უნდა გამართოს საგანმანათლებლო–სოციალური პროგრამების პრეზენტაცია. გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას ვაწყდებით მშობლებისგან, რომლებმაც წინასწარ იციან, რას მიიღებს მათი შვილი კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულებისგან მთელი წლის განმავლობაში.

მშობლის უარყოფითი დამოკიდებულების კორექტირებას გააადვილებს რომელიმე სასკოლო აქტივობის (დასკვნითი კონცერტის ან გასვლითი ღონისძიების) ორგანიზების პროცესში მისი ჩართვაც. საკლასო ოთახებში, მერხებთან ჩამწკრივებული მშობლები ადრე თუ გვიან შვილების ცხოვრების ნაწილად იგრძნობენ თავს და სასურველ უკუკავშირსაც ადვილად მიიღებთ.

კარგი იქნებოდა, სწავლის დაწყებამდე სკოლის წარმომადგენლებს პირველკლასელთა მშობლებიც „შეემოწმებინათ“ სასკოლო მზაობის თვალსაზრისით. პირველი კლასი ყველაზე რთულ საფეხურს წარმოადგენს სკოლის ბაზაზე, პირველკლასელთა მშობლებს კი ყოველთვის სჭირდებათ თავიანთი როლის მკაფიოდ განსაზღვრა ერთიანი აღზრდის პროცესში. იმავდროულად, მათ საშუალება ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ადმინისტრაცია და პედაგოგები, სწორად გაიაზრონ მოსწავლის/მშობლის უფლება–მოვალეობები.

როცა მშობელი მოზარდზე მეტად ღელავს შვილის საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობის გამო, ის უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს, მაგალითად:

  • ირგებს მასწავლებლის როლს და შვილს არა მარტო გაკვეთილის მომზადებაში ეხმარება, არამედ მის ნამუშევრებსაც ასწორებს და ახალ მასალასაც თავისი შეხედულებისამებრ უხსნის. არადა, შეუძლებელია, ერთდროულად მასწავლებელიც იყო და მშობელიც, რადგან დროთა განმავლობაში სწავლების პროცესი კონფლიქტში გადაიზრდება. გარდა ამისა, როცა ბავშვს გამუდმებით ვინმე ეხმარება, დამოუკიდებლად სწავლის ინტერესს კარგავს და ელოდება, როდის გააკონტროლებენ მის მუშაობას.

არავინ ამტკიცებს, რომ მშობელი შვილს არ უნდა დაეხმაროს, მაგრამ რუტინად ქცეული ერთობლივი მეცადინეობის ნაცვლად, უმჯობესია, მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება ასწავლოს, მაგალითად, გაგზავნოს მაღაზიაში მსხვილი კუპიურით, რათა მას მოუწიოს ხურდის დათვლა, დაავალოს უმცროსი ძმისთვის/დისთვის ზღაპრის წაკითხვა ძილის წინ და სხვა.

  • მომდევნო შეცდომა, რომელიც ასევე ხშირად მოსდის ახალბედა მშობელს, ესაა მისწრაფება სრულყოფილებისკენ. ზოგიერთი მშობელი შვილის განათლებაზე ზრუნვას ლამის აკვნიდან იწყებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე რამდენიმე რეპეტიტორთან დაჰყავს. ამის მიზანი შვილის შესაძლებლობათა რაც შეიძლება ადრიანად განვითარებაა. შედეგად კი შესაძლოა სწავლის მიმართ გულგრილი, ყურადღების დეფიციტით გატანჯული, ჰიპერაქტიური ან დეპრესიული მოზარდი მივიღოთ.

ხშირად მოზარდები ჩივიან, რომ მშობლებს მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრება აინტერესებთ. ამ ტიპის ოჯახების მთავარი საზრუნავი შვილის განათლებაა. აკადემიური მოსწრების მნიშვნელობის გაზვიადება ჩრდილში აქცევს მოზარდის ემოციურ განვითარებას. განათლების უდიდეს მნიშვნელობას არავინ უარყოფს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ბავშვის აღზრდისა და განვითარების შემდეგი მიზნები: საზოგადოებასთან ადაპტირების უნარი, რომელიც უმეტესად სოციალური თამაშების პროცესში ყალიბდება, მოტორული უნარ–ჩვევები, რომელთა განსავითარებლადაც აუცილებელია ეზოს თამაშები და კულტურული ღონისძიებები (თეატრი, კინო, გამოფენა), რომლებზე დასწრებაც ფიქრის უნარის გამომუშავების საკმაოდ ძლიერ მოტივატორს წარმოადგენს.

მშობლებს სჩვევიათ მაღალი აკადემიური მოსწრების გამო შვილების განებივრება. განათლების ექსპერტები კი ამგვარ მიდგომას შეცდომად მიიჩნევენ. მოსწავლის წასახალისებლად მხოლოდ გარეგანი მოტივატორების გამოყენება ხელს უშლის სიღრმისეული განათლების მიღებას, რადგან მოსწავლე უმეტესად იზუთხავს სასწავლო მასალას მაღალი ქულის მიღების მიზნით. მაღალი აკადემიური მოსწრება აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ არასწორია ამის გამო მოსწავლის საჩუქრებით განებივრება – ამის შედეგად ბავშვი მატერიალური სტიმულის მონა ხდება.

ყველაზე ეფექტურ მოტივატორად მიიჩნევა ბავშვის სასწავლო უნარების განვითარებაზე ყურადღების გამახვილება. თუ სისტემატურად შევაჯამებთ მის მიღწევებს ამ თვალსაზრისით, ბევრ სასიამოვნო სიახლეს აღმოვაჩენთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის სირთულე, რომელიც მოსწავლემ დაძლია, მერე კი შეფასდეს სწავლის უნარი, რომელიც მან განსაზღვრულ დონემდე განივითარა. ასე უფრო მკაფიოდ გავიაზრებთ შვილის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს. დაბალი ქულა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოინათლოს მოსწავლის წარუმატებლობად, რადგან ამგვარი დამოკიდებულება საგრძნობლად ასუსტებს თვითშეფასების უნარს.

სკოლაში ხშირად შეხვდებით სულსწრაფ მშობლებს, რომლებსაც სურთ, რაც შეიძლება მალე დაინახონ შედეგი. მათმა შვილებმა სკოლაში შესვლამდე უნდა ისწავლონ წერა–კითხვა და ანგარიში, ალაპარაკდნენ უცხო ენაზე. არადა, სასკოლო მზაობა სულაც არ ნიშნავს განსაზღვრული რაოდენობის ინფორმაციის ათვისების თანდაყოლილი უნარის გამოყენებას. დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, დანიაში) პირველკლასელები შვიდი წლის ასაკში ხდებიან.

მშობლის კიდევ ერთ უხეშ შეცდომად სასკოლო მეთოდიკის უგულებელყოფა მიიჩნევა. მშბლები აშკარად ეწინააღმდეგებიან საგანმანათლებლო დაწესებულების ხედვას და მეთოდებს, რომლებითაც მათი შვილი სკოლაში განათლებას იღებს, თვითნებურად ზრდიან ან ამცირებენ შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობას, ცვლიან სწავლების სტილს და სასწავლო მასალების შერჩევის პროცესშიც კი ერევიან. შედეგად მოსწავლე იბნევა და საერთო სასკოლო რიტმიდან ამოვარდნას იწყებს.

ზოგიერთი მშობელი ცდილობს, საკუთარი სასკოლო გამოცდილება შვილთან მიმართებით გამოიყენოს. სკოლა წლიდან წლამდე იცვლება, ბავშვები – მით უმეტეს. ცხადია, რამდენიმე ათეული წლის წინ სკოლადამთავრებული მშობლის მიდგომები ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, თავს მოახვიონ შვილებს საკუთარი გამოცდილება და ინტერესები, ასწავლონ ის საგნები, რომლებიც მოწაფეობის პერიოდში თავად ყველაზე მეტად აინტერესებდათ ან, პირიქით, რომელთა საფუძვლიანად ათვისება ვერ შეძლეს. შვილზე ამგვარი ზემოქმედების გზით მშობელი თითქოს უბრუნდება საკუთარ ბავშვობას და მის „შევსებას“ცდილობს, რაც თავისთავად არასწორია.

ბავშვის უფლებათა გადამეტებული დაცვისა თუ მასწავლებლის გავლენის შესუსტების გამო პედაგოგს დღეს უფრო უჭირს კლასში სათანადო დისციპლინის შენარჩუნება. მშობელი, რომელიც გამუდმებით ეწინააღმდეგება მასწავლებელს, შვილსაც ხშირად აქეზებს უარყოფითი კომენტარებით. მოსწავლეც იწყებს მიღებული ინფორმაციით მანიპულირებას და ნელ–ნელა კარგავს მასწავლებელთან კავშირს. შედეგად ვიღებთ უტიფარ მოზარდს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემებით.

მშობელთა ნაწილი მთელი ძალით ცდილობს ყველაფრის საქმის კურსში ყოფნას და დეტექტივის როლში გვევლინება: სხვა მშობლებთან ამოწმებს საშინაო დავალებების სისწორეს, არჩევს ბავშვებს შორის მომხდარ უთანხმოებას, პედაგოგს, რომლის მეთოდიკა ან ხასიათი არ მოსწონს, მიკერძოებულად ნათლავს, ცდილობს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო ხედვის კორექტირებას და ა.შ. ამ ტიპის მშობლები უმეტესად საკუთარ თავზე იღებენ შვილის სასწავლო ვალდებულებებს და ცდილობენ, მისი შეუსრულებელი დავალება საკუთარი მოუცლელობით ან მასწავლებლის არაკომპეტენტურობით გაამართლონ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შვილის აღზრდის პროცესში გადაჭარბებულ ჩართულობას შედეგი არ მოაქვს. ჯობს, შორიდან დააკვირდე მის მოქმედებებს და მაკონტროლებელი კითხვებით ყოველ წუთს თავი არ მოაბეზრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“