სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კენწეროში გატკბილდების

ჩემმა უსაყვარლესმა ძმისშვილმა ახლახან სკოლა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა დაჯილდოებას აქამდე არასდროს დავსწრებივარ. თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ეს ცერემონია ასეთი ემოციური თუ გამოდგებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. უცხოური სასწავლებლების მსგავსად მანტიებსა და ქუდებში გამოწყობილი ქართველი გოგო-ბიჭები, წარმატებული სამეულის დაჯილდოება, ოთხი წლის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე გოგონას ემოციური მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი, ქვეყნისა და სკოლის ჰიმნების შესრულება, ატესტატების საზეიმო გადაცემა, დაბოლოს „Viva Academia“-ს სიმღერის ფონზე ქუდების ცაში აგდება მართლაც შთამბეჭდავი და ემოციური სანახაობა იყო.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის საღამოები სულაც არაა მხოლოდ გარეგნული ეფექტის მატარებელი და მასში ბევრი ისეთი რამ დევს, რაც მოზარდებს ცხოვრების გზაზე გამოადგებათ. თუნდაც პუბლიკის წინაშე სიტყვით გამოსვლის გამოცდილება რად ღირს; შრომის, ამ შემთხვევაში კარგად სწავლის, გათენებული ღამეების დაფასება, ორმოცდაათ კურსდამთავრებულს შორის გამორჩევა, ზოგჯერ საჭირო რამაა – აშენებულით თუნდაც რამდენიმეწუთიანი ტკბობის საშუალებას რომ გაძლევს; გუნდური სულისკვეთება, რომელიც დაწყებითი კლასებიდანვე შეიძლება ჩამოყალიბდეს, ატესტატების გადაცემისას კარგად გამოჩნდა. სწორედ ეს დემოკრატიული მიდგომა მომეწონა ყველაზე მეტად: თითოეული ყოფილი მეთორმეტეკლასელი – ზარმაციცა და ბეჯითიც, ნიჭიერიცა და „ჩვეულებრივიც“, პატივისცემის ნიშნად ცალ-ცალკე მოიხმეს სცენაზე ატესტატების გადასაცემად. სცენისკენ მიმავალ გზაზე თანატოლები ერთმანეთს ოვაციებით აცილებდნენ, ამხნევებდნენ. ჩანდა, რომ ერთმანეთის წარმატება ახარებდათ. მათ ხომ ერთად დაძლიეს რთული პროგრამა და საერთო მიზანსაც ერთად მიაღწიეს. ზეიმი მართლაც საერთო იყო და „გუნდის“ თითოეულ წევრს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ისინი იმ კონკრეტული სკოლის სახეს წარმოადგენდნენ ამიერიდან.

საბავშვო ბაღებსა და სკოლის დაწყებით კლასებში ე. წ. ზეიმები ცვლილებებს რომ მოითხოვს, ვფიქრობ, ვთანხმდებით. თუმცა ეს სოციალური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც თანატოლებთან ურთიერთობა უჭირთ. შესაძლოა უფროსებს დიდი ძალისხმევა დასჭირდეთ იმისთვის, რომ მოსწავლე გუნდურ გარემოს მიეჩვიოს და ეს მისთვის უსიამოვნოც კი იყოს, მაგრამ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს ამ ტიპის ღონისძიებები, სავარაუდოდ, წაადგება.

თანასწორობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად სკოლის სპექტაკლში ყველა ბავშვს შეურჩიო მისი ხასიათისა და მონაცემების შესაბამისი როლი; დადგმა და მთელი დასი გამოიყურებოდეს ღირსეულად და არა რამდენიმე რჩეული მოსწავლე. ეს საქმე მეტ მონდომებასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს მაშინ, როდესაც კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც არიან. მახსენდება ჩემი მეგობრის იდეა და მასწავლებელთა წახალისება სოციალურ ქსელში, სადაც ის საახალწლო ზეიმს ასე წარმოადგენდა: ეტლით მოსარგებლე მოსწავლე თოვლის ბაბუა/ბებიაა, ის მარხილს მიუძღვის; ჰიპერაქტიული მოსწავლე, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება და სიმღერა უჭირს, ფიფქებს ან კანფეტებს ხელით ფანტავს, აფრქვევს, სცენაზე დარბის და ხმაურიანი ქარის იმიტაციას აკეთებს. მიხარია, რომ ასე მოხდა ჩემი აუტიზმის მქონე შვილის შემთხვევაშიც. თურმე ბაღის მასწავლებელმა საღამოზე, რომელიც პლანეტებს ეხება, მას მეტეორის როლი მისცა, მისი ძმა კი სატურნი იქნება.

ცერემონიალზე, მე რომ ვესწრებოდი, ატესტატის გადაცემისას ყველა მოსწავლე სცენაზე სხვადასხვაგვარად ავიდა. ზოგი იღიმოდა, ზოგი ტიროდა, ზოგის მსვლელობა ცეკვის ილეთებით გამოირჩეოდა, ზოგი სერიოზული სახით მიაბიჯებდა, ზოგი არა მხოლოდ დიპლომის გადამცემ პირებს, მისი სახელის გამომცხადებელ მასწავლებელსაც გულითადად ეხვეოდა, მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავდა, სკოლის დამთავრების სიხარულს განსხვავებული ჟესტებით აღნიშნავდა.

ასეა, ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან გარეგნობით, ჩაცმულობით, უნარებითა და ემოციის გამოხატვის ფორმებით. ვფიქრობ, ჯგუფი, კლასი, გუნდი რაღაცით მზის სისტემას წააგავს, სადაც ყველა პლანეტა სხვადასხვაგვარია. მზე უდავოდ მასწავლებელია, რომლის ირგვლივაც მოძრაობენ ასტრონომიული ობიექტები – მოსწავლეები და მათი მშობლები. როგორც მზის სინათლის ენერგიაა დედამიწის კლიმატსა და ამინდზე პასუხისმგებელი, ისე განსაზღვრავს მასწავლებელიც კლასში მოსწავლეთა ურთიერთობებსა და რა თქმა უნდა განათლების დონეს. პლანეტებს თავიანთი ბუნებრივი თანამგზავრები ჰყავთ, ანუ მეგობრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მათ ირგვლივ ბრუნავენ. მეტეორი, მაგალითად, გავარვარებული სხეულია და დედამიწის ატმოსფეროში სწრაფად მოძრაობს. ნიკოც მეტეორივით თბილი და მოძრავი ბიჭია, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებ, რომ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ამგვარი ემოციური სიტყვა წარმოთქვას. საგულისხმოა, რომ ერიკ დუკეს მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის პატივი ცერემონიალზე მხოლოდ დიაგნოზის გამო კი არა, საუკეთესო აკადემიური მოსწრების გამო ერგო. ორასამდე მოზარდს შორის მან სწავლის მხრივ მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი