ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სადამდე ვენდოთ ციფრულ ტექნოლოგიებს

საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამოყენების შედეგების შესახებ გამოტანილი დასკვნები ნეირომეცნიერმა, ფსიქიატრმა მანფრედ შპიცერმა სათაურით „ციფრული დემენცია“ წიგნად გამოაქვეყნა 2012 წელს. წიგნმა საზოგადოებაში დიდი კამათი გამოიწვია.

ავტორი წერდა, რომ კომპიუტერთან, მობილურსა და ინტერნეტთან ჭარბად გატარებული დრო „ციფრულ დემენციას“ იწვევს. ამ ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანი კარგავს კონტროლის უნარს, რადგან ერთდროულად ბევრი საქმის მოგვარება სურს. ამას მოსდევს ტვინის ინფორმაციით გადატვირთვა. ტვინს თავდაცვის მძლავრი მექანიზმები აქვს – რაკი ინფორმაციის გადამუშავება აღარ შეუძლია, საერთოდ ითიშება და აღარ ასრულებს ჩვენს მოთხოვნებს. ტვინი სტრესულ მდომარეობაში აღმოჩნდება, სტრესი კი მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას ნიშნავს. ავტორი ამბობს, რომ, საზოგადოდ, სტრესი სიტუაციის კონტროლის უნარის უქონლობას გულისხმობს. მანფრედ შპიცერი განიხილავს ციფრული რევოლუციის გვერდით ეფექტებს და თანმხლებ რისკს და გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა, მან მარტოსულობამდე, უსიხარულობის მუდმივ შეგრძნებამდე და გონებრივ სისუსტემდე მიგვიყვანოს.

მართალია, მისი მოსაზრებები სამედიცინო გამოკვლევებს ეყრდნობოდა, მაგრამ ბევრმა კრიტიკოსმა წიგნი მაინც მეცნიერულად არასანდო წყაროდ მიიჩნია და „ფელეტონი“ უწოდა. ირკვევა, რომ მრავალი გამოკვლევა ტარდება ციფრული სამყაროს გავლენის შესასწავლად, მაგრამ მათგან რამდენიმე თუა გრძელვადიანი და საჭიროა მეტი გამოკვლევის ჩატარება.

ჩვენ ირგვლივ არსებული სინამდვილე კი ასეთია: მეტროსა თუ ავტობუსში ყველას მობილური უჭირავს ხელში. ფეხით მოსიარულეებიც მობილურებში იყურებიან, ნაცვლად იმისა, რომ შეიგრძნონ ბუნება, შეხედონ ხეებს, ბალახებს, ყვავილებს, ახედონ ცას, იგრძნონ, რომ მათ გვერდით ადამიანმა ჩაიარა. თავშეყრის ადგილებშიც მაგიდაზე იმდენივე მობილურია, რამდენი წევრიც ზის მის გარშემო და ისინიც ციფრულ სამყაროში დამოგზაურობენ, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს აზრები და ემოციები გაუზიარონ. სკოლაში, გაკვეთილზე, მოსწავლეებს ხელი მობილურისკენ გაურბით და მოუთმენლად ელოდებიან შესვენების მაუწყებელი ზარის დარეკვას, რომ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლონ.

გონიერი ტელეფონები, სმარტფონები, განუწყვეტლივ ზემოქმედებენ ჩვენს ყურადღებაზე ახალ-ახალი ინფორმაციის მოწოდებით. ამის შესახებ შპიცერი წერს, რომ ჩვენ მუდმივად ვვარჯიშობთ უყურადღებობის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად.

ულმის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ქრისტიან მონტაგიც იმავე აზრისაა: სმარტფონებისგან თავის დაცვა ძნელი საქმეა; მობილურები ისე ხშირად გვიხმობენ თავისკენ, რომ თუ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებთ, მისი ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეუძლებელია, რადგან არ შეგვიძლია ყურადღების რამდენიმე მოქმედებაზე გადანაწილება. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სწრაფად გადააქვთ ყურადღება ერთი საქმიდან მეორეზე, მაგრამ მათი საქმის შესრულების მაჩვენებელი დაბალია.

მედიის ფსიქოლოგი პეტერ ფორდერესი მიიჩნევს, რომ წინათ მოქმედებას ფიქრი ენაცვლებოდა, დღეს კი მხოლოდ მოქმედებებით ვართ დაკავებულნი. ეს თავის ტვინისთვის ცუდის მომტანია. ტვინმა შესაძლოა დაკარგოს დამახსოვრების უნარი. ინფორმაციის შესანახად ტვინში ხანგრძლივი მეხსიერება არსებობს. ინფორმაციის დიდი ნაკადი ხანმოკლე მუშა მეხსიერებას გადატვირთავს და ის ხანგრძლივ მეხსიერებაში ვეღარ გადავა.

სმარტფონები არა მარტო სულიერ სამყაროს „ცვლის“, არამედ მეხსიერებასაც ეცილება საქმეში. ზეპირად აღარ ვაწარმოებთ არითმეტიკულ გამოთვლებს და აღარც ტელეფონის ნომრების დამახსოვრებას ვცდილობთ, რადგან ესეც ტექნოლოგიებისთვის მიგვინდვია.

ერთ–ერთი გამოკვლევის დროს შეისწავლეს 660 მოხალისის ვერბალური და ანალიტიკური აზროვნების სტილი. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ხშირად იყენებდა სმარტფონს, ინტუიციურად ჭრიდა პრობლემებს, დანარჩენები კი ანალიტიკურ უნარებს ეყრდნობოდნენ. „სმარტფონების მეგობრები“ ისეთ ინფორმაციასაც ინტერნეტში ეძებდნენ, რომელიც კარგად იცოდნენ.

ერთი რამ უდავოა: ვინც ნასწავლს არ იმეორებს, ავიწყდება; ვინც მეხსიერებას არ ავარჯიშებს, დამახსოვრება უჭირს. თუ ტვინი აღარ მიიღებს მონაწილეობას რთული ტექსტების დამუშავებაში, ის ამ უნარს დაკარგავს. ამიტომ საჭიროა თავის ტვინის მუდმივი ვარჯიში, რასაც შრომა და მონდომება სჭირდება, ისევე როგორც სპორტს. თუ ერთ დროს შეგვეძლო, 10 კმ გაგვერბინა, მერე კი დიდხანს აღარ ვივარჯიშეთ, იმავე მანძილის სირბილით დაფარვას ვეღარ შევძლებთ.

ციფრულ მედიას ზიანი მოაქვს საჭესთან მსხდომებისთვისაც. მანამდე ყურადღებით ვათვალიერებდით და ვიმახსოვრებდით ქუჩებს, დღეს ეს აღარ გვაინტერესებს – ნავიგაციის დირექტივებს ვემორჩილებით.

ადამიანის სოციალურ, აზროვნებისა და დამახსოვრების უნარებთან ერთად ორიენტაციის უნარსაც ხომ არ ემუქრება გაქრობის საფრთხე, თუ ვერ დავიცავით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ნორმა?

გამოყენებული ლიტერატურა:

* Googelst du schon oder denkst du noch? Von Barbel Schwertfeger; Psychologie Heute, heft 3, 2016

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“