სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

„Japanese Lesson Study“ მოდელი – მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების ეფექტური საშუალება

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია საგანმანათლებლო პრაქტიკის კვლევა სკოლის ბაზაზე. ცნობილია, რომ იაპონია ამ გამოწვევებს შესანიშნავად ართმევს თავს და როგორც კვლევებმა აჩვენა, იაპონური მოდელის დანერგვამ დიდ ბრიტანეთშიც მაღალი შედეგები აჩვენა. „Japanese Lesson Study“-ის მოდელი, პირველად სკოლის საავტორიზაციო სამზადისში მომხვდა ყურში, თუმცა დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. მას შემდეგ, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ვცდილობდი, ცოდნა გამეღრმავებინა რამდენჯერმე კიდევ შევხვდი ამ მოდელს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება. მეთოდის სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებამ კი სრულიად სხვა თვალით დამანახა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმაც განსხვავებული ხასიათი მიიღო.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მოდელი დაინტერესებული პირებისათვის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება და დაინერგება სასკოლო პრაქტიკაში. მოდელი კომპლექსური ხასიათისაა. სწორედ მისი კომპლექსური და თანმიმდევრული ხასიათის გამო, იგი ქართული სკოლებისათვის კურიკულუმის განვითარების კარგი საშუალება იქნება. ასევე, მასწავლებლის პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით კვლევას ატარებს მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც ორიენტირებული არიან მოსწავლეთა მიღწევების ზრდაზე და ამ მიზნით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე. იაპონურად გაკვეთილის შესწავლის სახელია jugyokenkyu. „იუგიო“ ნიშნავს სწავლებას და სწავლას. „კენკიუ“ – შესწავლას ან კვლევას. ასე რომ, ამ მეთოდის დედააზრი სწავლებისა და სწავლის შესწავლა გამოდის.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. შესაძლოა, მათ მოსწავლეებს უჭირთ წილადების შეკრება. შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წილადების შეკრება. ისინი კითხულობენ უახლეს საგანმანათლებლო ლიტერატურას და აკვირდებიან გაკვეთილებს, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს. როგორც წესი, მათ ჰყავთ „გარე მრჩეველი“. ეს ადამიანი, როგორც წესი, არის ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც არ მუშაობს სკოლაში. იგი მოწვეული სტატუსით ჯგუფს ურჩევს და ეხმარება თეორიული მასალის დამუშავებაში და კვლევის პროცესზე დაკვირვებაში. კვლევის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის გეგმა ჰიპოთეზური ხასიათისაა და თითოეული ჯგუფის წევრი გამოთქვამს მოსაზრებას და ხდება მისი ანალიზი. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს ჯგუფთან ერთად შექმნილი გეგმის მიხედვით, ხოლო ჯგუფის დანარჩენი მასწავლებელი აკვირდება პროცესს. იაპონური მოდელის თანახმად, ხშირად სკოლის ჯგუფის არაწევრი მასწავლებლებიც აკვირდებიან პროცესს და ზოგ შემთხვევაში – სხვა სკოლის პედაგოგებიც. ამას ჰქვია საჯარო კვლევის გაკვეთილი. ვფიქრობ, ვერიფიკაციის პროცესში ეს მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამაში კი დაგვეხმარება „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა.

მოდელი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნაბიჯებად:

 

  1. საკვლევი საგნის იდენტიფიცირება

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. მასწავლებლები მოსწავლეთა სწავლის გრძელვადიან მიზნებს ადარებენ მიმდინარე სასწავლო მიღწევებს, რათა დაადგინონ სკოლის მასშტაბით საკვლევი თემა. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს კათედრის ყველა წევრი მასწავლებლით, რაც საშუალებას გვაძლევს მომიჯნავე საგნობრივ ჭრილში შეფასდეს პროცესები.

 

  1. დაგეგმვა

მასწავლებლები მუშაობენ ერთობლივად ჯგუფებში და შეისწავლიან საკვლევი თემის შესაბამის მასალას. ერთობლივად ადგენენ გაკვეთილის გეგმას. შესაძლოა, ამას რამდენიმე შეხვედრაც კი დაეთმოს. ჯგუფი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს მოსწავლეთა პასუხები, მცდარი წარმოდგენები და მისაღწევი შედეგები.

 

  1. გაკვეთილზე დაკვირვება

ჯგუფიდან ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს, სხვა წევრები კი უსიტყვო დამკვირვებლების როლს ასრულებენ. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მტკიცებულებების შეგროვებაზე და არა სწავლების განსჯაზე. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები გაკვეთილზე? რას აკეთებენ სწორად ან არასწორად? მიზანი გაკვეთილისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვებისაგან განსხვავებით ფოკუსირებული დაკვირვება ხდება მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.

 

  1. გაკვეთილის შემდგომი სამუშაო შეხვედრა

ჯგუფი იკრიბება, რათა ოფიციალურად განიხილონ დაკვირვების შედეგები. აქცენტი კეთდება დაკვირვებებისას აღმოჩენილ მიგნებებზე. ფასდება სწორი იყო თუ არა დაგეგმვისას გამოთქმული პროგნოზები. ჯგუფის წევრები გასცემენ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ემსახურება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკიდან განსხვავებით, ორიენტირებული არ ვართ მასწავლებლის უნარებზე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა უნარებსა და მათ განვითარებაზე.

 

  1. საკვლევი გაკვეთილის განმეორებით ჩატარება

 თავიდან ტარდება გაკვეთილი რომელიც დაიგეგმა დისკუსიის პროცესში და ეყრდნობა გაკვეთილის შემდგომი დისკუსიის შედეგებს. ეს არის ახალი გაკვეთილი და არა წინა კვლევის ხელახალი ჩატარება. უბრალოდ იგეგმება ახალი გაკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით. გაკვეთილის შესწავლა ფოკუსირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პრაქტიკის თანდათანობით ცვლილებაზე, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევის შედეგებსაც.

 

  1. გარე ექსპერტიზა

პროცესში შესაძლოა ჩართოს გარე ექსპერტი, რომელიც დააკვირდება გაკვეთილს და გასცემს უკუკავშირს. ასევე მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის პროცესში. ჩემი დაკვირვებით და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა ან სამინისტროს ექსპერტების მოწვევა.

 

  1. გაზიარება

 მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იყოს კათედრის ყველა წევრისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

 სასურველია სკოლამ დასკვნები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს გამოიყენონ ერთმანეთის პრაქტიკა და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა სწავლებისა და სწავლის შესახებ სხვა ჯგუფების კვლევის გაკვეთილებზე დაკვირვებით.

იაპონიაში შესაძლებელია გაკვეთილის პროცესის გადაღება და შემდგომ ამ ვიდეომასალის დამუშავება სამუშაო შეხვედრებზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვფიქრობ, შესაძლებელია მსგავსი პრეცედენტის დანერგვა სამომავლოდ და სპეციალური საკვლევი გაკვეთილების ჩატარება.

სასკოლო პრაქტიკაში ამ მეთოდის დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა სკოლას: გაუმჯობესდება სასწავლო კურიკულუმი, სკოლაში განვითარდება თანამშრომლობით კულტურა, გაუმჯობესდება სწავლა სწავლების შედეგები, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მუდმივ განვითარების პროცესს და დანერგავს სკოლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

 

საუკეთესო მასწავლებელი ასწავლის გულიდან და არა წიგნიდან

0

სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ დღეს მასწავლებლის რანგში წარვდგებოდი თქვენ წინაშე. დანიელ პენაკის ავტობიოგრაფიულმა მოთხრობამ, „სკოლის სევდამ“ მიბიძგა, გავმხდარიყავი მასწავლებელი არა ისეთი, როგორიც დანიელის მასწავლებლები იყვნენ, არამედ ისეთი, რომელიც ყველა მოსწავლეს მოუსმენდა და აპოვნინებდა ყველა კითხვაზე პასუხს. ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესის აქტიური მონაწილე უნდა იყოს, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა კი – საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილი.

  • მასწავლებელი კეთილგანწყობილი უნდა იყოს მოსწავლეებისადმი.
  • მოსწავლეებისადმი სათანადო ყურადღებას უნდა იჩენდეს.
  • შესასწავლი საკითხისადმი მოსწავლეები უნდა იჩენდნენ ბუნებრივ ინტერესს.
  • სასწავლო გარემო უნდა იყოს მამოტივირებელი, მრავალფეროვანი.

მასწავლებლის მთავარი როლი კი არის ფიზიკურად კომფორტული გარემოს შექმნა, რომელიც მორგებული იქნება ყველა მოსწავლის საჭიროებაზე.

ხარისხიანი სწავლებისთვის უმნიშვნელოვანესია:

  • მრავალფეროვან რესურსზე ხელმისაწვდომობა;
  • შეხებით სწავლება;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა;
  • დასვენება და თამაშისთვის ადაპტური სივრცე.

სკოლასა თუ კლასში უნდა არსებობდეს ფიზიკურად უსაფრთხო მნიშვნელოვანი რესურსებით გამდიდრებული გარემო. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ცოდნის სულ მცირე 60%-ს ბავშვი აგროვებს იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც ის ვიზუალურად ან შეხებით იღებს.

მასწავლებელი ცოდნის ლამპარია.

საუკეთესო მასწავლებელი ასწავლის გულიდან და არა წიგნიდან.

კომპიუტერში წერე ლამაზად!

0

კაცობრიობის ისტორიაში გამოყოფენ ინფორმაციული რევოლუციის 5 ეტაპს:

  1. ენის ჩამოყალიბება;
  2. დამწერლობის შექმნა;
  3. საბეჭდი მანქანის გამოგონება;
  4. ელექტრობის გამოგონება;
  5. მიკროპროცესორის გამოგონება.

დამწერლობა – კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონებაა, რითაც სიტყვის ჩაწერა და უკვდავყოფა შეგვიძლია. შუა საუკუნეებში ტექსტების გავრცელების ერთადერთ ფორმად ხელით გადაწერა მიიჩნეოდა. გადამწერები ყოველთვის, ყველა დროში ეძებდნენ და ქმნიდნენ ასოთა ახლებურ მოხაზულობებს. ასოთა მოხაზულობა სწრაფი წერის შედეგად თანდათანობით იცვლებოდა.

კალიგრაფია – „Καλλιγραφία“ ბერძნული სიტყვაა („კალი“ – ლამაზი, „გრაფი“ – წერა) და ლამაზად წერას ნიშნავს. ლამაზად წერა ყველას მოსწონს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს. ციფრულ ეპოქაში ალბათ ბევრს არ ახსოვს, როდის დაწერა ლამაზად კალმით.

ტექნოლოგიების განვითარებამ ძველი ქართული შრიფტების გაციფრულებას შეუწყო ხელი. შეიქმნა არაერთი ფონტი – კომპიუტერული ფაილი, რომელიც წარმოადგენს შრიფტის ციფრულ ვერსიას. ვებგვერდიდან: calligraphy.ge ძალიან ლამაზი ფონტის გადმოწერა და კომპიუტერში ინსტალაციაა შესაძლებელი.

კალიგრაფიული ფონტით დაბეჭდილი ტექსტი მოხერხებული და ძალიან ლამაზია.

მაშ, როგორ ფიქრობთ, ოცდამეერთე საუკუნეში კალიგრაფები აღარ არიან საჭირო?! ის ფონტი ხომ კალიგრაფმა ქაღალდზე შექმნა და შემდეგ გაციფრულდა. მხატვარ ლადო გრიგოლიას, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი. მისი დევიზი იყო ასეთი: – „არ გადმოიღო პირდაპირ, შექმენი ახალი“. დიახ, სწორედ შენც შეგიძლია არ გადმოიღო და შექმნა ახალი ფონტი. ვებგვერდზე calligraphr.com რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიარო 5 ნაბიჯი:

  1. შექმენი შაბლონი და ამობეჭდე;
  2. შეავსე (დაწერე ლამაზი კალიგრაფიით);
  3. გადაუღე სურათი, ან დაასკანერე შევსებული შაბლონი;
  4. ფონტების გვერდზე ატვირთე შაბლონი;
  5. ააშენე ფონტი

ინსტრუქცია

ბოლოს ჩამოტვირთე საინსტალაციო პაკეტი, დააინსტალირე შენი ფონტი კომპიუტერში. გახსენი Word-ის დოკუმენტი, მოძებნე შენი ფონტი და წერე ლამაზად.

გახსოვდეს – „არ გადმოიღო პირდაპირ, შექმენი ახალი!“ (ლ.გ).

გამოყენებული ლიტერატურა:

https://calligraphy.ge/fonts/?swoof=1&product_cat=mkhedruli&product_tag=khelnatseri

 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90

 

 

როგორ დავეხმაროთ მოსაწავლეებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში – პატარა ნაბიჯები დიდი ბუნების დასახმარებლად

0

გარემოსდაცვითი პრობლემები თანამედროვეობის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარემოს დაბინძურება, ბუნებისადმი უდიერი მოპყრობა ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული. სწორედ ამ უდიერი მოპყრობისა და ზოგიერთი სხვა ფაქტორის გამოც მრავალი მცენარე, მათ შორის – კოლხური ბზა და კოლხური მუხა, გადაშენების პირასაა.

მცენარეების  დაცვის სურვილი და ბუნების სიყვარული მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები და ბიომრავალფეროვნება მთავარი პრიორიტეტი იყოს მომავალი თაობისთვის.

დღეს დაცული ტერიტორიები არა ბიომრავალფეროვნების დასაცავად, არამედ ტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენება, ამიტომ მოსწავლეებს ადრეულ ასაკშივე უნდა ჩამოვუყალიბოთ სწორი მიმართულებით ხედვა. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ადგილზე გაეცნობიან პრობლემებს.  მათი სიღრმისეული გაცნობა ბავშვებს უბიძგებს, ბუნების აქტიური დამცველები გახდნენ.

გიზიარებთ კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტს, რომელიც შემეცნებითთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავს. შეგიძლიათ, მის საფუძველზე მსგავსი აქტივობები დაგეგმოთ.

პროექტიდავრგოთ, გადავრგოთ გადავარჩინოთ

კავშირი: მდგრადი განვითარების მიზანი N15დავიცვათ დედამიწის ეკოსისტემები, შევამციროთ ხეების მოჭრა და დავრგოთ ახალი ხეები, დავიცვათ გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხების, განსაკუთრებით – კოლხური ბზისა და იმერული მუხის გადაშენების რისკის შესახებ. მოსწავლეები იმსჯელებენ მცენარეთა დაცვის მნიშვნელობაზე, ჩამოუყალიბდებათ გარემოსდაცვითი ღირებულებები და მიიღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ დაეხმარება, მომავალში აქტიურად ჩაერთონ ბუნების დაცვის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროცესში.

პროექტის ამოცანები

  1. მოსწავლეებმა გაიცნონ გადაშენების პირას მყოფი ხე-მცენარეები;
  2. მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ გარემოსდაცვით აქტივობებში, მაგალითად, ნერგების დარგვაში;
  3. განივითარონ შემოქმედებითი უნარები (კომიქსი, მოთხრობა, ბუკლეტი);
  4. აუხსნან სკოლის საზოგადოებას მცენარეების დაცვის საჭიროება.

 

აქტივობები

  1. პროექტის გაცნობა
  • მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.
  • მასწავლებლისგან მიიღებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების პრინციპებზე.
  • გაიაზრებენ კოლხური ბზისა და იმერული მუხის გადაშენების რისკს.
  • დაიყოფიან ჯგუფებად ინფორმაციის მოსაძიებლად.
  • აქტივობა: „მოვეფეროთ და ერთად გავაფერადოთ დედამიწა“ – სკოლის ეზოში ასფალტზე ხატავენ დედამიწის მოდელს.
  1. შემოქმედებითი აქტივობები
  • მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს (კომიქსი, მოთხრობა) თემაზე „რას ფიქრობს მცენარე ჩვენზე“.
  • ერთობლივად იქმნება „წითელი წიგნი“ იმერული მუხისა და კოლხური ბზის შესახებ.
  • წიგნი განთავსდება სკოლის ფოიეში როგორც თვალსაჩინო საგანმანათლებლო რესურსი.
  1. პრაქტიკული საქმიანობა
  • მოხდება ბზის ნერგების გადატანა ქოთნებში და სკოლის ეზოში დარგვა.
  • ნერგებთან დამაგრდება გამაფრთხილებელი წარწერები.
  • მოსწავლეებს დაევალებათ ნერგების მოვლა-პატრონობა.
  • განხორციელდება ვიზიტი საღორიის ტყეში (ქუთაისი) ეროვნული სატყეო სააგენტოს თანხმობით.
  • მოსწავლეები დაათვალიერებენ სატყეო სანერგეებს, ნახავენ იმერულ მუხას ბუნებრივ გარემოში.
  • დარგავენ ნერგების სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს მითითებით.
  • ჩატარდება საინფორმაციო საუბარი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან.
  1. ინფორმაციის გავრცელება
  • მოსწავლეები მოაწყობენ დისკუსიას თემაზე „ადამიანის გავლენა გარემოზე“.
  • მიიღებენ გადაწყვეტილებებს მცენარეების დაცვისა და ბუნების შენარჩუნების საკითხებზე.
  • ნაშრომები გამოიფინება სკოლის ფოიეში.
  1. ინტეგრირებული აქტივობები
  • ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები სკოლის ეზოში ხატავენ და აფერადებენ დედამიწის მოდელს.
  • მოსწავლეები ქმნიან თხზულებას.

 

სასწავლომეთოდური რესურსები

  1. პრეზენტაციები, მოსწავლეების მიერ მომზადებული ბუკლეტები
  2. ნერგები, ქოთნები, ერთჯერადი ხელთათმანები.
  3. დოკუმენტები და სახელმძღვანელოები.

 

პროექტი „მოვუფრთხილდეთ გადაშენების პირას მყოფ მცენარეებს“ წარმოადგენს ინტეგრირებულ სასწავლო-მეთოდურ აქტივობას, რომელიც აერთიანებს შემეცნებით და პრაქტიკულ მიმართულებებს. მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით საქმიანობაში მათ აქტიურ მონაწილეობას. პროექტი ავითარებს პასუხისმგებლობას, ბუნების სიყვარულს და ეკოლოგიურ ცნობიერებას სასკოლო ასაკის ბავშვებში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა. http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf
  2. გარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მის გაძლიერებაში.

Click to access garemosdacviTi_mmarTveloba.pdf

  1. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთნ კონვერგენცია.

http://greenalt.org/wp-content/uploads/2014/01/Guide_2013_KG_FINAL.pdf

  1. 4. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

 

სხვა რესურსები:

პროექტორი

მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციები

მოსწავლეების მიერ მომზადებული ბუკლეტები

ერთჯერადი ხელთათმანები

ნერგები

ქოთნები

ფოტოგალერეა:

 

კონსტრუქტივიზმი მუსიკალური აზროვნების განვითარებაში

0

თანამედროვე პედაგოგიკაში კონსტრუქტივიზმი წარმოადგენს სწავლების თეორიას, რომელიც სწავლების პროცესს ცოდნის აქტიურ, დინამიკურ და ინდივიდუალურ კონსტრუირებად განიხილავს. ამ მიდგომის მიხედვით, ცოდნა ყალიბდება მოსწავლის გონებაში პირადი გამოცდილების, სოციალური ურთიერთქმედებისა და შემეცნებითი აქტივობის შედეგად.

ჟან პიაჟეს, კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, კოგნიტიური განვითარების თეორიის ავტორს, მიაჩნია, რომ მოსწავლე ცოდნას იძენს აქტიური მოქმედების გზით. სწავლას პიაჟე განიხილავს როგორც აქტიურ პროცესს, სადაც ახალი ინფორმაცია ერწყმის წინარე გამოცდილებას.

ლევ ვიგოტსკიმ კონსტრუქტივიზმს სოციალური განზომილება შესძინა. მისი თეორიის მიხედვით, სწავლა ეფექტიანია მაშინ, როცა ის სოციალურ ურთიერთქმედებაში მიმდინარეობს. ვიგოტსკის „უახლოესი განვითარების ზონის“ კონცეფცია დღემდე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მიიჩნევა.

ჯერომ ბრუნერმა ყურადღება გაამახვილა აღმოჩენით სწავლებაზე. მისი აზრით, ცოდნა უფრო ღრმა და ხანგრძლივია, როცა მოსწავლე თავად აღმოაჩენს ცნებებს, წესებსა და კანონზომიერებებს.

კონსტრუქტივიზმის პედაგოგიკური არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლების ცენტრში დგას მოსწავლე როგორც აქტიური სუბიექტი. მასწავლებლის არის როგორც ინფორმაციის გადამცემი, ისე პროცესის გზამკვლევი, ფასილიტატორიც. სწავლების პროცესი ეყრდნობა მოსწავლის წინარე ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ახალი ცოდნის საწყისად განიხილება. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სწავლის ინდივიდუალიზაციას და მოსწავლის პიროვნულ განვითარებას.

მოსწავლე სწავლობს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, კვლევით, პრობლემის გადაჭრითა და აღმოჩენით. სწავლა აღარ არის მხოლოდ თეორიული და ინფორმაციული, იგი პრაქტიკასთან დაკავშირებული და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე მორგებული ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიასა და აზრთა გაზიარებას, რაც ცოდნის გაღრმავებასა და განსხვავებული ხედვების გააზრებას უწყობს ხელს. ასეთი მიდგომა ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ხელს უწყობს დამოუკიდებლობას, ამაღლებს მოტივაციას.

კონსტრუქტივისტული სწავლების ფორმათა უმეტესობა შემდეგ ფუნდამენტურ კონცეფციებს ეფუძნება:

  1. აქტიური სწავლა: მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში; მუსიკას სწავლობენ კეთებით, თამაშით, კომპოზიციით, იმპროვიზაციით. მოსწავლე სწავლობს მაშინ, როცა ფიქრობს, კითხულობს, ცდის, ადარებს და აანალიზებს.
  2. სოციალური ურთიერთქმედების მნიშვნელობა: მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთსა და უფროსებთან, კითხვების დასმითა და მსჯელობით ერთვებიან ცოდნის აგებისა და რეკონსტრუქციის პროცესში. სწავლა მიმდინარეობს ჯგუფური მუშაობით, თანატოლთა უკუკავშირით.
  3. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება: მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეს და იყენებდეს მის გამოცდილებას ახალი ცოდნის გადასაცემად. ახალი ცოდნა ყოველთვის ეყრდნობა უკვე არსებულს; შეცდომა სწავლის ბუნებრივ და აუცილებელ ნაწილად განიხილება.

არსებობს კონსტრუქტივიზმის ორი ძირითადი მიმართულება: კოგნიტიური და სოციალური. ორივე მათგანი ბავშვის განვითარებას მიიჩნევს აქტიურ და ჰოლისტურ პროცესად, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბუნება (ბიოლოგიური მომწიფება), ისე აღზრდაც (განათლებაც).

მუსიკალური განათლება ხელსაყრელია კონსტრუქტივისტული მიდგომისათვის. მუსიკა არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის ერთობლიობა – ის ემოციური, სენსორული, შემოქმედებითი და სოციალური გამოცდილებაა. შესაბამისად, მუსიკის გაკვეთილი იდეალურ სივრცეს ქმნის იმისთვის, რომ მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს მუსიკალური კანონზომიერებები, გააანალიზოს მოსმენილი, გამოხატოს საკუთარი ემოცია და შექმნას ინდივიდუალური მნიშვნელობა.

მუსიკალური განათლება განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს სმენით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას.

კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს მუსიკის გაკვეთილზე:

  • მოსმენა ხდება გააზრებული;
  • შესრულება – გააზრებული მოქმედება;
  • თეორიული ცნება – პრაქტიკული გამოცდილების შედეგი.

წარმოგიდგენთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილების მაგალითებს:

გაკვეთილის თემა სამყაროს ხმების აღმოჩენა
კლასი I–II
გაკვეთილის მიზანი

 

·                     მოსწავლემ საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩინოს ხმების მრავალფეროვნება;

·                     შეძლოს ხმების მოსმენა, გარჩევა, დახასიათება და მუსიკასთან დაკავშირება;

·                     შეძლოს ჯგუფში მუშაობა და საკუთარი იდეების გამოხატვა.

წინარე ცოდნა ·                     მოსწავლეებისთვის ნაცნობია ბუნების (წვიმა,  ქარი, ფრინველები) ხმები;

·                     იცნობენ ყოველდღიური საგნების ხმებს;

·                     აქვთ მუსიკის მოსმენის გამოცდილება.

მოსალოდნელი შედეგები

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

·                     ამოიცნობს ბუნებრივ და ხელოვნურ ხმებს;

·                     განასხვავებს ხმას და მუსიკას;

·                     გამოხატავს საკუთარ ემოციას მარტივი ფორმით.

I აქტივობა

 

მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „დღეს სკოლაში რომ მოდიოდით, რა ხმები გაიგონეთ?“

მოსწავლეები ასახელებენ ხმებს (მანქანა, ნაბიჯები, ჩიტი, ქარი).

კონსტრუქტივისტული ელემენტი: სწავლა იწყება მოსწავლის პირადი გამოცდილებიდან.

II აქტივობა

 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დახუჭონ თვალები და ერთი წუთის განმავლობაში უსმინონ კლასში არსებულ ხმებს (კაკუნი, ქაღალდის შრიალი).

ბავშვები ხუჭავენ თვალებს და უსმენენ საკლასო სივრცეს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

·                     რომელი ხმა გაიგონე ყველაზე მკაფიოდ?

·                     როგორ ფიქრობ, გაიგონე შედარებით ჩუმი თუ ხმამაღალი ხმა?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·                     „ვიღაც აკაკუნებს“, „ქაღალდი შრიალებს“.

კონსტრუქტივისტული ელემენტი: მოსწავლე თავად აღმოაჩენს ცოდნას გამოცდილებით.

III აქტივობა

 

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.

დავალება: „გამოეცით ხმა, რომელიც წვიმას/ქარს ჰგავს“.

·                     შეუძლიათ, გამოიყენონ სხეული (ტაში, ფეხის ბაკუნი, თითების წკაპუნი);

·                     შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ, რიტმი სწრაფი იქნება თუ ნელი.

მასწავლებელი მოძრაობს ჯგუფებს შორის, არ აძლევს მზა ინსტრუქციებს, მხოლოდ კითხვებს სვამს:

·                     რას შეცვლიდით, რიტმი უფრო მხიარული რომ გახდეს?

კონსტრუქტივისტული ელემენტი: მოსწავლე თავად ქმნის ცოდნას ექსპერიმენტით.

IV აქტივობა

 

თითოეული ჯგუფი ასრულებს საკუთარ რიტმს. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას და განსხვავებული აზრის მიღებას. მასწავლებელი აკვირდება და საჭიროებისას კითხვებს სვამს:

·                     როგორი განწყობა შეგიქმნათ?

·                     სად გაგიგონიათ ასეთი ხმები?

·                     ბუნებაში რომელი ხმა მოგწონთ ყველაზე მეტად?

მოსწავლეთა პასუხები: „წვიმის ხმა“, „ძაღლის ყეფა“ ,„მანქანის ხმა“, „ჩიტების ჭიკჭიკი“.

მასწავლებელი წერს დაფაზე ბავშვების მიერ დასახელებულ ხმებს.

V აქტივობა

 

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ:

·                     ზოგი ხმა ბუნებაშია;

·                     ყველა ხმა შეიძლება მუსიკის ნაწილიც გახდეს.

·                     რა ხდება, როცა ხმებს რიტმულად გამოვცემთ?

სავარაუდო პასუხი:

·                     „გამოდის მუსიკა“.

ბავშვები სხეულით (ტაში, ფეხის ბაკუნი) ქმნიან მარტივ „ხმოვან კომპოზიციას“.

V აქტივობა

 

მოსწავლეების ვარაუდი: „დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკა შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ ინსტრუმენტით, არამედ ჩვენი სხეულითაც“.

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:

Ø    ხმა

Ø    რიტმი

Ø    მუსიკა

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა ჯგუფურ მუშაობაში

·                     მოსმენის უნარი

·                     ხმების გარჩევის უნარი

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

მოსწავლეები პასუხობენ ვერბალურად:

·                     რა გამომივიდა ყველაზე კარგად?

·                     რა იყო რთული?

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ხმების გაცნობიერება?

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ აზრს?

·                     რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური?

·                     რა კუთხით სჭირდება ცოდნას გაღრმავება?

·                     რა უნდა შეიცვალოს შემდეგ გაკვეთილზე?

 

 

 

გაკვეთილის თემა როგორ გადმოსცემს მუსიკა ემოციას?
კლასი III-IV
გაკვეთილის მიზანი ·                     მოსწავლემ შეძლოს მუსიკის მოსმენისას ემოციური შინაარსის ამოცნობა;

·                     მუსიკის მოსმენის გზით გააანალიზოს ხასიათი;

·                     დააკავშიროს მოსმენილი მუსიკა საკუთარ გამოცდილებასთან;

·                     გამოხატოს მოსაზრება და შეძლოს საკუთარი აზრის არგუმენტირება;

·                     იმუშაოს ჯგუფში თანამშრომლობით;

·                     განავითაროს შემოქმედებითი ინტერპრეტაცია.

წინარე ცოდნა

 

მოსწავლეებს აქვთ წარმოდგენა დინამიკაზე, ტემპსა და რიტმზე (I-II კლასების გამოცდილება), აქვთ მუსიკის მოსმენის გამოცდილება.
მოსალოდნელი შედეგები

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

·                     ასახელებს მუსიკით გამოწვეულ ემოციებს;

·                     ხსნის, რატომ აღიქვა მუსიკა კონკრეტული ხასიათით;

·                     ქმნის მცირე მუსიკალურ ან მოძრაობით კომპოზიციას.

I აქტივობა

 

მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „გქონიათ შემთხვევა, როცა მუსიკამ განწყობა შეგიცვალათ?“

მოსწავლეები ასახელებენ მოკლე მაგალითებს. მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ მუსიკას შეუძლია „საუბარი“.

II აქტივობა

 

მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებ ორ განსხვავებული ხასიათის მუსიკალურ ფრაგმენტს (ერთს – მშვიდს, მეორეს – ენერგიულს).

მოსწავლეები წერენ ან ხატავენ, რას გრძნობენ. შემდეგ იწყება დისკუსია: „რატომ მოგეჩვენათ მუსიკა სევდიანი ან მხიარული?“

ამას მოსდევს კითხვები:

·                     „რა დაინახეთ წარმოსახვაში?“

·                     „რომელი მუსიკა იყო უფრო მშვიდი და რატომ?“

III აქტივობა

 

მასწავლებელი განმარტავს:

·                     ტემპი, ხმამაღლა/ჩუმად დაკვრა, მელოდია იწვევს ემოციას.

·                     როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება იყოს მუსიკა სწრაფი? ნელი?

პასუხები:

·                     „როცა მიხარია“, „როცა მოწყენილი ვარ“.

IVაქტივობა

 

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.

დავალება:

·                     აირჩიონ ერთ-ერთი მოსმენილი მუსიკა;

·                     ჩამოწერონ ტემპი, დინამიკა, განწყობა;

·                     დაასაბუთონ არჩევანი.

მასწავლებელი ეხმარება ღია კითხვებით.

V აქტივობა

 

ჯგუფები ქმნიან მცირე „მუსიკალურ ისტორიას“:

·                     მოძრაობით;

·                     რიტმული ხმებით;

·                     სიტყვიერი აღწერით.

შემდეგ კი წარადგენენ კლასის წინაშე.

VI აქტივობა

 

დისკუსია:

·                     „როგორ გვეხმარება მუსიკა ემოციის გაგებაში?“

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს.

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა

·                     არგუმენტაცია

·                     თანამშრომლობა

·                     მოსაზრების გამოხატვა

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

მოსწავლეები წერენ ერთ წინადადებას:

·                     დღეს გავიგე, რომ მუსიკა შეიძლება…

·                     ყველაზე საინტერესო მომენტი იყო…

·                     შემდეგ გაკვეთილზე მინდა…

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     რამდენად გააზრებული იყო მოსწავლეთა არჩევანი?

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ ემოციებს?

·                     რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური?

·                     როგორ იმუშავა ჯგუფურმა ფორმამ?

·                     დისკუსია ნაყოფიერი იყო?

·                     რა კუთხით სჭირდება ცოდნას გაღრმავება?

 

 

გაკვეთილის თემა „მუსიკის ინტერპრეტაცია და პირადი მნიშვნელობა“
კლასი V-VI
გაკვეთილის მიზანი

 

·                     მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ მუსიკის გაგება სუბიექტურია;

·                     შეძლოს საკუთარი ინტერპრეტაციის არგუმენტირება;

·                     განივითაროს კრიტიკული აზროვნება და თვითგამოხატვა.

წინარე ცოდნა ·                     მოსწავლეები იცნობენ მუსიკალურ ფორმას, დინამიკას, ინტერპრეტაციის ცნებას;

·                     აქვთ ემოციური მოსმენის გამოცდილება.

მოსალოდნელი შედეგები

 

მოსწავლე:

·                     ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას;

·                     პატივს სცემს სხვის მოსაზრებას;

·                     არგუმენტირებულად საუბრობს.

·                     აფასებს მუსიკას პირადი გამოცდილების საფუძველზე.

I აქტივობა მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „შეიძლება თუ არა, ერთმა და იმავე მუსიკამ სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ემოცია გამოიწვიოს?“

პასუხები:

·                     „კი“, „ყველას თავისებურად ესმის“.

II აქტივობა მოსწავლეები უსმენენ ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს.

დავალება:

·                     დაწერონ 3 სიტყვა, რომელიც მუსიკამ გაახსენათ.

III აქტივობა მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     მუსიკის მოსმენისას რას გრძნობდით?

·                     რა სურათი წარმოგიდგათ თვალწინ?

პასუხები:

·                     „ბუნება“, „ბავშვობა“ ,„სევდა“.

IV აქტივობა საერთო განხილვა-დისკუსია:

·                     „რატომ არის განსხვავებული ჩვენი მოსაზრებები?“

მასწავლებელი ხაზს უსვამს გამოცდილების როლს.

V აქტივობა მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტს:

·                     „ეს მუსიკა ჩემთვის ნიშნავს…“

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა დისკუსიაში

·                     არგუმენტაცია

·                     შემოქმედებითი დამოუკიდებლობა

·                     მსჯელობის სიღრმე

·                     სხვისი აზრის მოსმენა

·                     კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

წერილობითი პასუხი:

·                     რას ნიშნავს ჩემთვის ეს მუსიკა;

·                     როგორ გამოვხატე ეს.

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ მოსწავლეები საკუთარ აზრს?

·                     იყო თუ არა დილემური აზროვნება? როგორ შეიცვალა მოსწავლეთა ხედვა გაკვეთილის ბოლოს?

·                     უსმენენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს სხვადასხვა კონტექსტში?

·                     იცავენ საკუთარ პოზიციას არგუმენტებით?

·                     როგორ იმუშავა კონსტრუქტივისტულმა მიდგომამ?

 

მუსიკალური განათლება ბუნებრივად ეხმიანება კონსტრუქტივისტულ პრინციპებს, რადგან:

  • მუსიკა ეფუძნება გრძნობით გამოცდილებას;
  • მოითხოვს აქტიურ მოსმენას, დაკვრას, სიმღერას, იმპროვიზაციას;
  • იძლევა ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებას;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას;
  • აერთიანებს ემოციას, აზროვნებას და ფიზიკურ მოძრაობას.

რა სარგებლობა მოაქვს კონსტრუქტივიზმს სამუსიკო განათლებაში?

  • მოსწავლე თავად აღმოაჩენს მუსიკალურ კანონზომიერებებს;
  • თეორია ებმის პრაქტიკას;
  • მუსიკალური ცნებები ყალიბდება გამოცდილების საფუძველზე;
  • იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა;
  • ვითარდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ვითარდება პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • სწავლა ხდება უფრო აქტუალური.

კონსტრუქტივიზმი მუსიკალურ განათლებაში ქმნის ღრმა, აზრობრივად და ემოციურად მდიდარ, ცოცხალ, კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს, სადაც მოსწავლე საკუთარი მოსმენის, განცდის, დაკვირვებისა და მსჯელობის გზით აგებს მუსიკალურ ცოდნას. ასეთ პირობებში მუსიკა აღიქმება არა საგნად, არამედ თვითგამოხატვის, აზროვნებისა და ღირებულებითი აღქმის სივრცედ. ასეთი სწავლება აყალიბებს დამოუკიდებელ, შემოქმედებით და მოაზროვნე პიროვნებას, რაც თანამედროვე განათლების უმთავრესი მიზანია.

ამრიგად, კონსტრუქტივიზმის დანერგვა მუსიკალურ განათლებაში ქმნის პირობებს ისეთი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სადაც მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ იმასაც, როგორ ისწავლოს, როგორ მოუსმინოს საკუთარ თავსა და სხვებს, როგორ გამოხატოს აზრი და როგორ დაუკავშიროს მუსიკა რეალურ ცხოვრებას. ეს მიდგომა სავსებით შეესაბამება თანამედროვე განათლების მიზნებს და მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის მუსიკალური განათლების შემდგომი განვითარებისთვის.

ზედსართავებით მოთხრობილი ზღაპრები – კრეატიული წერის იდეა

0

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გრამატიკის საკითხების სწავლება გამოწვევად მიიჩნევა, განსაკუთრებით – ზედსართავი სახელებისა. მშრალი წესების დამახსოვრება მოსაწყენია, მაგრამ თუ სწავლებას კრეატიულ და ინტერაქციულ აქტივობებს დავუკავშირებთ, ბავშვები უკეთ გაიგებენ მასალას და შემოქმედებით და წერით უნარებსაც განივითარებენ.

ამიტომ ჩემი მეოთხეკლასელებისთვის მოვიფიქრე დავალება, რომელიც წაახალისებდა თავისუფალ და შემოქმედებით წერაში ზედსართავების გამოყენებას, ბავშვებს დაეხმარებოდა, სიღრმისეულად გაეაზრებინათ საკითხი და საკუთარი წარმოსახვითი თავგადასავლებიც შეეთხზათ.

ბავშვებს შევთავაზე სამი საინტერესო თემა, რომლებსაც ისინი თავიანთი ფანტაზით განავითარებდნენ:

თითოეულმა მოსწავლემ აირჩია სასურველი თემა თავგადასავლისთვის. დავალების თანახმად, თხზულებაში, სულ მცირე, 10 ზედსართავი სახელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. დავალების შესრულებამდე მოსწავლეებს მივეცი დეტალური ინსტრუქციები, რომლებიც მათ წერის პროცესში დაეხმარებოდა:

 

  • როგორ დაეწყოთ მოთხრობა;
  • როგორ აღეწერათ გარემო, პერსონაჟები და მოვლენები;
  • როგორ გაეგრძელებინათ ამბავი და შეექმნათ დინამიკური სიუჟეტი;
  • რას ან ვის შეხვდებოდნენ მოგზაურობისას;
  • რა უცნაურ მოვლენას წააწყდებოდნენ;
  • როგორ მოაგვარებდნენ პრობლემებს;
  • როგორ დასრულდებოდა თავგადასავალი.

 

წერის პროცესში გამოვიყენეთ წერის 6 მახასიათებელი და წერის პროცესისთვის საჭირო კომპონენტები:

ბავშვები მუშაობდნენ, მე ვაძლევდი უკუკავშირს და ვეხმარებოდი ტექსტის გაუმჯობესებაში. ისინი ასწორებდნენ და ხვეწდნენ თავიანთ ამბებს, ცდილობდნენ, უფრო მდიდარი და საინტერესო ისტორია შეექმნათ.

დავალებას შემოქმედებითი ელემენტიც დავუმატეთ – ბავშვებმა თავიანთ მონათხრობს ლამაზი ილუსტრაციები დაურთეს.

 

ორი კვირის ინტენსიური მუშაობის შემდეგ თითოეული მოსწავლის ნაწერი დავარედაქტირე და მათთვის პატარა წიგნებად ამოვბეჭდე. პრეზენტაციის დღეს ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრებიმშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს.

საბოლოოდ ზღაპრები შევკრიბეთ და დიდ წიგნად დაბეჭდვა გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადაგვეცა.

 

რას ვასწავლით ამ აქტივობით?

ეს დავალება მხოლოდ ზედსართავი სახელების შესწავლაში კი არ ეხმარება ბავშვებს, არამედ კრეატიულობას, წარმოსახვას, წერით უნარებსა და ლექსიკურ მარაგსაც ავითარებს. იმავდროულად, ხელს უწყობს ტექსტის სტრუქტურულად სწორად აწყობას და იდეების ორგანიზებას.

 

რჩევები მასწავლებლებს

  • სიუჟეტის განვითარებისთვის სასარგებლოა თხრობის ჩარჩოს გამოყენება (დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული).
  • სიტყვების სკივრი – მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარ შეაგროვონ საინტერესო ზედსართავი სახელები, რაც მოგვიანებით მათ გამდიდრებული და ვრცელი წინადადებების შედგენაში დაეხმარება.
  • მოტივაციისთვის სასარგებლოა პრეზენტაციის მოწყობა, რომელზეც ბავშვებს თავიანთი ნაშრომების წარდგენა შეეძლებათ.
  • თავიანთი ნამუშევრების წიგნად გამოცემა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა და უფრო მეტად უღვივებს ინტერესს წერისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ.

ვფიქრობ, ჩემს მეოთხეკლასელებს არასდროს დაავიწყდებათ ზედსართავი სახელები და მათი გამოყენებით შექმნილი ეს არაჩვეულებრივი ზღაპრები.

ქართლის მოქცევა – სასწაულის მეცნიერული ანატომია: ისტორიის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის უჩვეულო სინთეზი

0

როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს IV საუკუნის ისტორიული წყარო, ფიზიკური მოვლენა – მზის დაბნელება, ვერცხლის იონების ანტისეპტიკური თვისებები და ადამიანის ნერვული სისტემა? ერთი შეხედვით, ეს საგნები სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-10ვ კლასში ჩატარებულმა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ქართლის მოქცევა სასწაულის მეცნიერული ანატომია აჩვენა, რომ მეცნიერება და ისტორია ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს.

თანამედროვე სკოლაში მთავარი გამოწვევა ცოდნის ტრანსფერია. ჩვენი მიზანი იყო, მოსწავლეებს IV საუკუნის ქართლის მოვლენები დაენახათ არა მხოლოდ როგორც რწმენითი ნარატივი, არამედ როგორც კომპლექსური ისტორიული და ბუნებრივი ფენომენი. გაკვეთილი წარიმართა სეკულარულ ჩარჩოში და აქცენტი კრიტიკულ აზროვნებასა და მეცნიერულ ანალიზზე დაისვა.

გაკვეთილის ხანგრძლივობა: ორი 40-წუთიანი გაკვეთილი (80 წუთი)

„გაკვეთილი დაგეგმილია სეკულარული საგანმანათლებლო ჩარჩოს ფარგლებში, სადაც ისტორიული და კულტურული მოვლენები განიხილება მეცნიერული ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, რელიგიური ქადაგების გარეშე“.

გაკვეთილის თემა: „ქართლის მოქცევა – სასწაულის მეცნიერული ანატომია“

საკითხები:

ისტორია – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში, მილანის ედიქტი – პირველი რჯულთშემწყნარებლური აქტი, ქრისტიანობის მიღება, როგორც პოლიტიკური აქტი პრორომაული ორიენტაციის გზაზე;

ფიზიკა-ასტრონომია – სინათლის წრფივი გავრცელების კანონი, ჩრდილის წარმოქმნა, მზის დაბნელება;

ქიმია – ვერცხლის იონების (Ag+) გავლენა ბაქტერიის ცილოვან გარსზე;

ბიოლოგია – სიმშვიდის მოქმედება პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე, ფსიქოემოციური მდგომარეობის როლ ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესში.

გაკვეთილის მიზანი: სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის დისციპლინების ინტეგრირება. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ ქართლის გაქრისტიანება როგორც გარდატეხა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუკავშირონ ისტორიული მოვლენა ფიზიკურ (სინათლე), ბიოლოგიურ (ადამიანის ორგანიზმზე ემოციური ზემოქმედება) და ქიმიურ (ვერცხლის იონის თვისება) პროცესებს.

ინტეგრაცია ეფუძნება ისტორიულ წყაროებში აღწერილი „სასწაულის“ როგორც

 

* ისტორიული მოვლენის,

* რწმენითი ნარატივის

* და ბუნებრივი ფენომენის შესაძლო მეცნიერული ახსნის გააზრებას.

 

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევებს.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა: ეს გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, თემა „ქართლის მოქცევა“ დაინახონ საგნების: ისტორიის, ფიზიკისა და ასტრონომიის, ქიმიისა და ბიოლოგიის, – კონტექსტში და გაიაზრონ ის ერთ მთლიანობად, შეძლებისდაგვარად ახსნან ისტორიული, ასტრონომიული და ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური მოვლენების მიზეზები და გააანალიზონ შედეგები; სხვადასხვა კუთხით დაინახონ ისტორიული პროცესი; დაადგინონ ისტორიულ მოვლენებსა და პირებზე განსხვავებული შეხედულებების მიზეზები; შეადარონ და შეაფასონ განსხვავებული ახსნები; გამოიტანონ ლოგიკური დასკვნები; ხაზი გაუსვან საგანთაშორის დამოკიდებულებებს, ჩამოიყალიბონ საკუთარი აზრი. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების გავითარებას, როგორიც არის:

  • თანამშრომლობა;
  • ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი.

 

საგანთაშორისი კავშირების დანახვა და პრაქტიკაში მათი გადატანა

 

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი:

  • წყარო/ინტერპრეტაცია: მოსწავლეები გაიაზრებენ ქართლის მოქცევის ისტორიულ კონტექსტს, განსაზღვრავენ, როგორ განიხილონ „მოქცევაი ქართლისაის“ ისტორიული ნარატივი და წყაროში აღწერილი „სასწაული“ როგორც ისტორიული მოვლენა, რწმენითი აქტი და ბუნებრივი ფენომენის შესაძლო მეცნიერული ახსნა. განმარტავენ, რატომ არის „სასწაული“ მნიშვნელოვანი ისტორიული ტექსტისთვის.
  • ისტორიული მოვლენა / პროცესი, დრო – მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ თანაარსებობს რწმენა და მეცნიერება ისტორიულ აზროვნებაში, როგორ აღწერს შუა საუკუნეების ავტორი მოვლენას, რა მნიშვნელობა აქვს ამის გააზრებას ისტორიული მოვლენის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად.
  • ძალაუფლება – მოსწავლეები გააანალიზებენ, როგორ იყენებს ქართლის მეფე მირიანი პოლიტიკური მიზნებისთვის ქრისტიანობას.
  • საზოგადოება – მოსწავლეები იმსჯელებენ, რა როლი შეასრულა ქრისტიანობამ როგორც ეროვნულმა რელიგიამ ქართველი ხალხის კონსოლიდაციასა და მისი არსებობის გადარჩენაში, გამოავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსხვავებული ხედვების მიმართ.
  • სინათლის წრფივი გავრცელება: მოსწავლე გაიაზრებს, რომ მზის დაბნელება არის სინათლის წრფივი გავრცელების პირდაპირი შედეგი და ახსნას ჩრდილისა და ნახევარჩრდილის წარმოქმნის მექანიზმი.
  • ასტრონომიული მოვლენა: მოსწავლე შეძლებს ციური სხეულების (მზე, მთვარე, დედამიწა) ურთიერთგანლაგების სქემატურ გამოსახვას მზის სრული დაბნელების დროს.
  • კავშირი ქიმიასთან: მოსწავლე ახსნის ვერცხლის იონების (Ag+) გავლენას ბაქტერიის ცილოვან გარსზე და დაუკავშირებს ამას წყლის „უხრწნელობის“ ფენომენს; შეძლებს პიპეტით ვერცხლის ნიტრატის ხსნარის ჩაწვეთებას ალბუმინში, დააკვირდება რეაქციას და გამოიტანს ლოგიკურ დასკვნას; შეადარებს დილით აღებული ონკანის წყლის, 1/2 წლის წინანდელი ჭის სასმელი წყლისა და 5 წლის წინანდელი „ნაკურთხი“ წყლის მიკროსკოპულ სურათებს, იმსჯელებს მათ შორის განსხვავებაზე.
  • კავშირი ბიოლოგიასთან: მოსწავლე გააანალიზებს, როგორ მოქმედებს სიმშვიდე პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე, აღწერს მაყვლის სამკურნალო თვისებებს (ფოთოლი, ნაყოფი, ფესვი) და გაეცნობა ექსტრაქციის პროცესს ფიტოთერაპიაში; იმსჯელებს ფსიქოემოციური მდგომარეობის როლზე ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესში.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ჯგუფური

შეფასება: განმავითარებელი.

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსი
 

1

გაკვეთილი – ისტორია, ფიზიკა-ასტრონომია

აქტივობა 1

მისალმება, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, გაკვეთილზე შესასრულებელი აქტივობების განსაზღვრა, შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

 

ვერბალური ახსნა ჯგუფები მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები. შეფასების კრიტერიუმები.
2 აქტივობა 2

ნასწავლი მასალის გააქტიურება

(ისტორია)

აქტივობის აღწერა:

ისტორიის მასწავლებელი სვამს კითხვებს:

ფაქტობრივი გააზრება

·                     იყო თუ არა მეფის რელიგიური არჩევანი ხალხის ნების გამოხატულება?

·                     რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს მიერ ერთიანი რელიგიის გამოცხადება?

·                     შეიძლებოდა თუ არა განსხვავებული რწმენების თანაარსებობა იმ ეპოქაში?

·                     როგორ უნდა დავიცვათ დღეს რწმენის თავისუფლება?

ვერბალური კომუნიკაცია,

გონებრივი იერიში, ფრონტალური

კითხვები

 

ჯგუფები დაფა, ცარცი

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

აქტივობა 3

ისტორია

ისტორიული წყაროს ანალიზი

ჯგუფებს ურიგდებათ ისტორიული წყაროები და აანალიზებენ მათ

ვერბალური  ჯგუფები ფურცლები, კალმები
4 აქტივობა 4

ნასწავლი მასალის გააქტიურება

(ფიზიკა-ასტრონომია)

აქტივობის აღწერა:

ფიზიკის მასწავლებელი სვამს კითხვებს:

1. რა მოვლენას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი მირიან მეფის თხოთის მთაზე ნადირობისას?

2. წარმოადგინეთ სქემატურად და ახსენით, როგორ ხდება ჩრდილის წარმოქმნა.

3. რა ცვლილებები ხდება გარემოში მზის დაბნელებისას?

4. რა სიხშირით შეიძლება განმეორდეს მზის სრული დაბნელება ერთსა და იმავე ადგილას?

 

ვერბალური კომუნიკაცია,

გონებრივი იერიში, ფრონტალური

კითხვები

 

მთელი კლასი

 

პროექტორი, დაფა, ეკრანი

5 აქტივობა 5

პრეზენტაცია: მზის დაბნელება

აქტივობის აღწერა: მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას მზის დაბნელებაზე. ერთი მოსწავლე ისაუბრებს პლაკატზე გამოსახულ სქემაზე.

ვერბალური კომუნიკაცია,

მინიპრეზენტაცია

ინდივიდუალური პროექტორი, ეკრანი, პლაკატი, სქემა
6 აქტივობა 6

ექსპერიმენტი: ჩრდილის წარმოქმნა

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები წარმოადგენენ ექსპერიმენტს ჩრდილის წარმოქმნაზე. გამოიყენებენ ფარანს (მზის როლში), პატარა ბურთულას (მთვარის როლში) და გლობუსს (ან თეთრ კედელსს დედამიწის როლში).

მიანათებენ ფარანს (შეიძლება მობილური ტელეფონის ეკრანიც) პატარა ბურთულას და დააკვირდებიან ჩრდილს, რომელიც მიიღება გლობუსზე (ფარანი, ბურთულა და გლობუსი ერთ წრფეზე უნდა იყოს განლაგებული).

 

ექსპერიმენტი

 

ორი მოსწავლე

 

ფარანი, ბურთულა, გლობუსი, ეკრანი

   

გაკვეთილი IIსიცოცხლის ქიმია და ფიზიოლოგია

 

აქტივობა 1

სადისკუსიო კითხვები:

1.                  როგორ ფიქრობთ, რატომ ნელდება პულსი სიმშვიდის დროს?

2.                  სნეულების განკურნების ისტორიაში რა როლი შეეძლო ეთამაშა ფსიქოემოციურ მდგომარეობას?

3.                  ანალიზი: პულსის გაზომვა (მოქმედებისას და სიმშვიდისას) და მსჯელობა იმაზე, როგორ ააქტიურებს სიმშვიდე პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ამცირებს კორტიზოლის დონეს.

4.                  რა სამკურნალო თვისება აქვს მაყვალს? (ფოთოლი, ნაყოფი, ფესვი)

მიზანი: ფიტოთერაპიისა და ექსტრაქციის დემონსტრირება

 

დისკუსია

 

მთელი კლასი

 

პულსომეტრი/წამმზომი, ფურცელი, კალამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაყვლის ფოთლების ჩაი, მინის ჩაიდანი, ცხელი წყალი

 

 

 

აქტივობა 2

ნაწილი II: ქიმია – „ვერცხლის იონების საიდუმლო“

მიზანი: ნაკურთხი წყლის „უხრწნელობის“ ფენომენის ახსნა ქიმიური კუთხით

თეორიული კონტექსტი: IV საუკუნეში ინტუიციურად იყენებდნენ ვერცხლის ჭურჭელს. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვერცხლის იონებს (Ag+) აქვთ ანტისეპტიკური თვისება.

·                     ექსპერიმენტის (1) მიმდინარეობა:

1.                                          სინჯარაში ჩავასხათ წყალში გახსნილი ალბუმინი.

2.                                          პიპეტით ჩავაწვეთოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი.

ექსპერიმენტული კითხვა.

1.      ქიმიური რეაქცია: როდესაც ვერცხლის ჯვარი ან ჭურჭელი წყალთან შეხებაშია, გამოიყოფა Ag+ იონები. რა გავლენას ახდენენ ისინი ბაქტერიის ცილოვან გარსზე?

2.      შედარებითი ანალიზი (მუშაობა მიკროსკოპზე) -წყლის სიცოცხლე (ექსპერიმენტი 2).

o             იმავე დღეს აღებული ონკანის წყლის და 1/2 წლის წინანდელი ჭის წყლის ნიმუშები

o             5 წლის წინ აღებული ნაკურთხი წყლის ნიმუში

3.      დასკვნა: ვერცხლის თვისებიდან გამომდინარე, რატომ ინახება „წმინდა წყალი“ დიდი ხნის განმავლობაში გაუფუჭებლად?

 

 

 

 

 

 

 

ექსპერიმენტი

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი /ჯგუფები

 

სინჯარა, ალბუმინი, პიპეტი, ვერცხლის ნიტრატი, 5 წლის ნაკურთხი წყლის, დილით აღებული ონკანის წყლის და 1/2 წლის ჭის სასმელი წყლის ნიმუში, მიკროსკოპი, ლეპტოპი, მიკროსკოპის გადამყვანი

  აქტივობა 3

ინტეგრირებული კროსვორდის შევსება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდებათ კროსვორდი, რომელიც ინტეგრირებული გაკვეთილის შესაბამისადაა შედგენილი (ელ. ვერსია).

 

ვერბალური კომუნიკაცია ჯგუფები კროსვორდი

https://learningapps.org/watch?v=pw2ijy8gn26

learningapps.org

 

 

  აქტივობა 4

შეჯამება-შეფასება

პედაგოგები აჯამებენ გაკვეთილს და აფასებენ (განმავითარებელი შეფასება).

ვერბალური კომუნიკაცია ჯგუფები, ინდივიდუალური შეფასების რუბრიკები
  აქტივობა 5

გასასვლელი ბარათები

მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბარათებს.

 

ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი გასასვლელი ბარათები

 

 

 

 

დანართი 1

ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი შეფასება)

შეფასების კრიტერიუმები მაღალი საშუალო დაბალი
წინარე ცოდნაზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხი სიღრმისეულად პასუხობს ყველა კითხვას ზედაპირულად პასუხობს მხოლოდ მარტივ კითხვებს ვერ პასუხობს კითხვებს
აქტიურობა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლე მეტ-ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე არ არის ჩართული და არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
ქცევის წესების დაცვა და თანაკლასელების პატივისცემა მოსწავლე იცავს ქცევის წესებს, პატივს სცემს თანაკლასელებს, ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მათ სრულფასოვან ჩართვას მოსწავლე მეტ-ნაკლებად იცავს ქცევის წესებს, ზოგჯერ უსმენს თანაკლასელებს, ზოგჯერ კი ხელს უშლის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე არ იცავს ქცევის წესებს, პატივს არ სცემს თანაკლასელებს და

ხელს უშლის მათ საგაკვეთილო პროცესში

 

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია

თემა: „ქართლის მოქცევა – სასწაულის მეცნიერული ანატომია“

პედაგოგები: ლ. ლომაია, ლ. ნასარიძე, ბ. გზირიშვილი

გაკვეთილის მომზადების ფაზაზე სამივე პედაგოგმა აქტიურად ვიმუშავეთ საკითხების ინტეგრირებაზე. ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო IV საუკუნის ტექსტისა და თანამედროვე ლაბორატორიული კვლევების ისეთი დაკავშირება, რომ არ დარღვეულიყო საგნობრივი სტანდარტები. ისტორიის მასწავლებლის დახმარებით შეირჩა საკვანძო ეპიზოდები, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებმა მოვარგეთ მათ შესაბამისი მეცნიერული ექსპერიმენტები.

ისტორიული ნაწილი: მოსწავლეებმა წარმატებით გააანალიზეს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ კონტექსტი. ჩვენ დავინახეთ, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მირიან მეფის რელიგიური არჩევანის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. მათ შეძლეს, დაეკავშირებინათ მილანის ედიქტი და ქართლის მაშინდელი საგარეო ორიენტაცია.

ფიზიკა და ასტრონომია: ფიზიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაიაზრეს მზის დაბნელების მექანიზმი. სინათლის წრფივი გავრცელების კანონზე დაყრდნობით ჩატარებულმა მოდელირებამ (ფარნითა და გლობუსით) მოსწავლეებს დაანახა, რომ ისტორიული „სასწაული“ ზუსტი ფიზიკური მოვლენაა.

ქიმია და ბიოლოგია: ქიმიურმა ექსპერიმენტმა (ვერცხლის იონების მოქმედება ცილაზე) და ბიოლოგიურმა ანალიზმა (მაყვლის ფიტოთერაპიული თვისებები, მზის დაბნელებისას ცხოველთა ქცევა, სიმშვიდის მნიშვნელობა) გაკვეთილს პრაქტიკული ხასიათი შესძინა. განსაკუთრებით ეფექტური იყო მიკროსკოპით ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა საკუთარი თვალით დაინახეს ვერცხლის იონების ანტისეპტიკური ძალა, ასევე შეადარეს პულსისა და სუნთქვის მაჩვენებლები აქტიურ (სამუშაო) რეჟიმში და მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ.

 

რა გამოვიდა და რას შევცვლიდით?

გაკვეთილმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად მცირე ტექნიკური შეფერხებისა (პროექტორის ხარვეზი), რომელიც წარმატებულ იმპროვიზაციად იქცა (მიკროსკოპის გამოსახულების ლეპტოპზე გადატანა), მოსწავლეების ინტერესი არ განელებულა.

 

სამომავლო რეკომენდაციები:

ამ ტიპის გაკვეთილებისთვის სასურველია მეტი დროის დათმობა (შეიძლება 3-საათიანი ბლოკი), რათა დისკუსიის ნაწილი უფრო ვრცელი იყოს.

სასურველია უფრო მეტი ციფრული რესურსის გამოყენება, რამაც ამ გაკვეთილზე (https://learningapps.org/display?v=pw2ijy8gn26 -ის სახით) ძალიან კარგად იმუშავა.

გაკვეთილის ბოლოს, „გასასვლელი ბარათების“ შევსებისას, ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა: დღეს მივხვდი, რომ ის, რაც ადრე მხოლოდ ლეგენდა მეგონა, შეიძლება რეალური მეცნიერული პროცესების ერთობლიობა იყოს.

ჩვენი ინტეგრირებული გაკვეთილი აჩვენებს, რომ ისტორიული ნარატივის მეცნიერული ანალიზი კი არ ეწინააღმდეგება მის კულტურულ მნიშვნელობას, არამედ ამდიდრებს მის გააზრებას. ისტორიის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ორგანული სინთეზი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი და იგივე მოვლენა დაინახონ როგორც ისტორიული პროცესის ნაწილი, რწმენითი ნარატივი და ბუნებრივი ფენომენი, რომელსაც აქვს მეცნიერული ახსნის პოტენციალი. ასეთი მიდგომა ავითარებს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს და აყალიბებს მოსწავლეს შემფასებელ, პასუხისმგებლობიან მოქალაქედ, რომელიც მოვლენებს არა განცალკევებულად, არამედ მიზეზშედეგობრივ კავშირში აღიქვამს. სწორედ ამგვარი საგანთაშორისი ხედვის განვითარებაა თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო მისია. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა მასწავლებლები. დამსწრე პედაგოგების უკუკავშირმაც დაადასტურა, რომ ოთხი საგნის ასეთი ორგანული შერწყმა ეფექტურია კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.

მოსწავლეთა ნამუშევრები:

 

 

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

0

ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად გვესმის, რომ ბავშვების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზე. როდესაც ისინი თანამშრომლობენ, ბავშვი გრძნობს დაცულობასა და მხარდაჭერას, უმაღლდება მოტივაცია და თვითრწმენა.

მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება სკოლაში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად –პირველ კლასში განხორციელებული პროექტის მაგალითზე, სახელწოდებით „მშობლები და შვილები“.

პროექტის თავდაპირველი იდეა იყო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა ისე, რომ ეს არ ყოფილიყო ფორმალური ვიზიტი, არამედ შინაარსიანი, ემოციური და ინტეგრირებული პროცესი. მინდოდა, შემექმნა გარემო, სადაც ბავშვები იქნებოდნენ ბედნიერები და აღიარებულები მშობლების, მეგობრებისა და მასწავლებლის მხრიდან.

გაგაცნობთ, როგორ წარიმართა ეს მხიარული გაკვეთილები, რომლებიც დამატებითი მეცადინეობის სახით ტარდებოდა.

2024 წელს I კლასში დავიწყე ჩემ მიერ წამოწყებული ინიციატივის განხორციელება, რომლის მიზანი იყო მშობლების აქტიური ჩართულობით ბავშვებისთვის უსაფრთხო, მოტივაციური და მეგობრული გარემოს შექმნა.

პროექტის ფარგლებში მოვიწვიე მშობლები — დედიკოები და მამიკოები — რომლებსაც კონკრეტული მისია ჰქონდათ:

  • თითოეულ მშობელს უნდა მოეფიქრებინა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობა.
  • პირველ რიგში, უნდა ესაუბრათ თავიანთ შვილებზე: როგორები არიან ისინი სკოლის გარეთ, რა უყვართ, რაში არიან გამორჩეული და ა.შ.
  • ასევე, მშობლებს უნდა ესაუბრათ საკუთარ საქმიანობაზე და გაეზიარებინათ ბავშვებისთვის თავიანთი პროფესიული გამოცდილება.

პროექტის მიზნები იყო:

  • ბავშვების თვითშეფასების ამაღლება — როდესაც მშობელი საჯაროდ საუბრობს თავის შვილზე, აღნიშნავს მის გამორჩეულ თვისებებს, პატარას უჩნდება ღირსების განცდა და თავდაჯერებულობა;
  • კლასის ემოციური შეკავშირება — ბავშვები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, კარგად გაიაზრებენ მეგობრებისა და საკუთარი თავის უნიკალურობას;
  • კლასში პოზიტიური გარემოს შექმნა – ერთმანეთის უკეთ გაცნობა-დამეგობრება, რაც საბოლოოდ, ჩემი აზრით, აისახება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზეც.
  • სხვადასხვა პროფესიისა და პროფესიული საქმიანობის გაცნობა – თვალსაწიერის გაფართოება.

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა:

  1. ბავშვების მოტივაცია მკვეთრად გაიზარდა – მათ გაუჩნდათ სურვილი, მეტი ეთქვათ თანაკლასელებისთვის საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ. შთამბეჭდავი სანახავი იყო, განსაკუთრებით, იმ ბავშვების ბედნიერი სახე, რომელთა მშობლებიც სტუმრად იმყოფებოდა. მათთვის ეს იყო ემოციური გამოცდილება. ბავშვები ამაყობდნენ, რომ მშობელი კლასში მოვიდა, მათი შესახებ ისაუბრა, მეგობრებს რაღაც განსაკუთრებული მოუყვა. ეს ბევრად უფრო ღირებული გამოდგა, ვიდრე უბრალოდ სტუმრობა.
  2. გაძლიერდა სკოლასა და ოჯახს შორის კავშირი, რამაც გავლენა იქონია მშობელთა დამოკიდებულებაზე სასკოლო პროცესებისადმი. მშობლებიც ძალიან ამაყები იყვნენ ,,მასწავლებლობით’’. ამავდროულად, უფრო კარგად დაინახეს კლასთან მუშაობის სირთულეები.
  3. ბავშვებს შორის ურთიერთობა გაღრმავდა – მოუხშირეს ერთმანეთთან თამაშს და სიხარულით იზიარებდნენ ერთმანეთის წარმატებას. ყველა შეხვედრა კარგად ახსოვდათ და ხშირად საუბრობდნენ მასზე.
  4. გაჩნდა დაინტერესება პროფესიული სამყაროთი – მაგალითად, როდესაც მშობლები თავიანთ პროფესიაზე საუბრობდნენ, ბავშვებმა პირველად დაიწყეს ფიქრი პროფესიის არჩევაზე. აღტაცებით შეჰყურებდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგჯერ, ყველაფრის დაუფლება ერთად უნდოდათ. უნდოდათ ყოფილიყვნენ ექიმები, მფრინავები, ბუღალტრები, დაცვის თანამშრომლები და ა.შ. საკმაოდ ბევრი ცოდნა დააგროვეს ამ პროფესიებთან დაკავშირებით. მშობლის პროფესიის გაცნობა ბავშვებისთვის იყო ახალი სამყაროს აღმოჩენა. ამ ასაკში სწორედ ასეთ მაგალითებს შეუძლიათ შთაგონება და ინტერესის გაღვივება.
  5. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ერთი შედეგი, რომელიც წინასწარ არ გამიჭვრეტია – მშობლებმა მოიფიქრეს და კლასში მოიტანეს 20 საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი თამაში, რომელთა უმრავლესობა მრავალჯერადი გამოყენების გამოდგა და რესურსებად დაგვრჩა კლასში.

დასკვნის სახით კი მინდა გითხრათ, რომ მშობელთა აქტიური ჩართულობა მხოლოდ დამატებით აქტივობა არ არის — ეს არის სასკოლო ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. სწორად დაგეგმილი და მიზანმიმართული ჩართულობის სტრატეგიები ხელს უწყობს ბავშვების როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ განვითარებას.

პროექტი „მშობლები და შვილები“ იმის დასტურია – სახალისო ფორმატში განხორციელებული აქტივობები, როგორ გადაიზარდა კარგ საგანმანათლებლო გამოცდილებაში და ისეთი მასშტაბები შეიძინა, როგორსაც თავიდან ალბათ არც კი მოველოდი.

პროექტი შეიძლება განვახორციელოთ სხვა კლასებშიც. მაგ: მეხუთე კლასში, როდესაც საფეხური იცვლება და მასწავლებელს სურს მშობლებისა და ბავშვების უფრო ახლოს გაცნობა. მნიშვნელოვანია, წინასწარი დაგეგმვა და მშობელთა მხარდაჭერა.

იმედი მაქვს, ეს გამოცდილება წაადგება სხვა მასწავლებლების საქმიანობასაც და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მშობელთა ჩართულობა საჭიროა და რეალურად ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

 

 

 

მათემატიკა იოლად და საინტერესო გზით

0

ბავშვებისთვის მათემატიკა, ხშირად, რთულ და მშრალ საგნად მიიჩნევა, თუმცა სწორი მიდგომით, თუ მასწავლებელი მოახერხებს თამაშის ელემენტების ჩართვასა და გამოყენებას, ის შეიძლება იქცეს საყვარელ, მარტივ და გასაგებ საგნად. აქცევს მას ყოველდღიურ გამოცდილებად. ამ დროს მოსწავლეები აღარ სწავლობენ მექანიკურად __ ისინი იგებენ, ფიქრობენ და აკეთებენ აღმოჩენებს.

ბავშვებს ძალიან უჭირთ რიცხვების ერთი საზომი ერთეულიდან მეორეში გადაყვანა – მეტრიდან – დეციმეტრებში, დეციმეტრიდან – სანტიმეტრებში, სანტიმეტრიდან -მილიმეტრებში და პირუკუ.

ამ თემის უკეთ გასაგებად გამოვიყენე მარტივი, ძალიან ეფექტური მეთოდი „თითებით სწავლა“;

ყველა თითს მივანიჭე საზომი ერთეულის სახელი:

პატარა თითმილიმეტრი (მმ.)

 შემდეგსანტიმეტრი (სმ.)

შუა თითდეციმეტრი (დმ.)

შემდეგი მეტრი (.)

და დიდ თითკილომეტრი (კმ.)

ასევე ბავშვებმა ძალიან მარტივად დაიმახსოვრეს, რომ როდესაც თითებზე ვმოძრაობთ მარცხენა მხრიდან მარჯვნივ, ანუ დიდიდან მცირე ერთეულზე, რიცხვი იზრდება. მას ვამრავლებთ ათზე და რამდენი თითიც შეხვდებათ მის მარჯვნივ იმდენ ნულს ვუწერთ. ხოლო როცა მივდივართ მარჯვნიდან მარცხნივ, პირიქით ვყოფთ 10-ზე და რამდენი თითიც არის მის მარცხნივ იმდენ ნულს ვაშორებთ.

ბავშვები სიხარულით მეცადინეობენ თითების დახმარებით. თემაც უფრო სახალისო, საინტერესო და გასაგები ხდება.

მეთოდი ააქტიურებს, მოსწავლეთა ფიქრს და დაკვირვების უნარს. ზრდის ჩართულობასა და მოტივაციას, რადგან ისინი თავად აღმოაჩენენ გარდაქმნის პრინციპს. გარდა ამისა, გაკვეთილი გამოდის ინტერაქციული, შემოქმედებითი და სახალისო. გაკვეთილის მიზანიც სწორედ ხომ სწორედ ესაა.

გაკვეთილის მიზანი

  • მოსწავლეებმა გაიაზრონ სიგრძის საზომ ერთეულებს შორის არსებული დამოკიდებულება.
  • შეძლონ დიდიდან მცირე ერთეულებზე გადაყვანა და პირიქით.
  • განივითარონ დაკვირვების, აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.
  • შეიგრძნონ, რომ მათემატიკის სწავლა შეიძლება საინტერესო და სახალისო იყოს.

რესურსები

ფერადი მარკერები

სქემა დაფაზე

დავალების ბარათები (გარდაქმნის სავარჯიშოები)

 კმ.      მ.  დმ.  სმ.  მმ.
1 0 0 0

მაგ. 1მ.=1000მმ.

„გადავსებული ჭიქის“ ფენომენი და მოზარდის იდენტობა

0

განვითარების ფსიქოლოგიისა და განათლების კონტექსტში

ბოლო წლებში, მოზარდებში, ძალადობრივი ქცევების გახშირებამ  საგანგაშო კითხვები გააჩინა არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიურ სივრცეში. განსაკუთრებით მძიმეა ის შემთხვევები, როდესაც ძალადობა აღარ არის ერთჯერადი ქცევა, არამედ მოზარდის იდენტობის განუყოფელ ნაწილად ყალიბდება. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, გააანალიზოს, როგორ და რატომ შეიძლება იქცეს ძალადობა მოზარდის თვითაღქმის საყრდენად და რა როლი აკისრია ამ პროცესში ოჯახს, სკოლასა და სოციალურ გარემოს.

 

მოზარდობა, როგორც იდენტობის ფორმირების კრიტიკული ეტაპი

განვითარების ფსიქოლოგიაში მოზარდობა იდენტობის ჩამოყალიბების ცენტრალურ ფაზად განიხილება. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის მიხედვით, მოზარდი დგას ფუნდამენტური დილემის წინაშე — იდენტობა თუ როლის გაურკვევლობა (Erikson, 1968). თუ გარემო ვერ სთავაზობს მოზარდს უსაფრთხო, მიღებაზე დაფუძნებულ სივრცეს, იდენტობის ძიება შესაძლოა დესტრუქციული გზით წავიდეს.

 

ნეიროფსიქოლოგიური ფაქტორი: ემოცია უსწრებს კონტროლს

თანამედროვე ნეირომეცნიერება ადასტურებს, რომ მოზარდის ტვინი ინტენსიური განვითარების პროცესშია. ემოციებზე პასუხისმგებელი  სისტემა აქტიურდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითკონტროლისა და შედეგების გააზრების ფუნქციებზე პასუხისმგებელი პრეფრონტალური ქერქი (Steinberg, 2014). ამ დისბალანსის პირობებში ძლიერი ემოციური სტიმული — ბრაზი, სირცხვილი ან შიში — ხშირად იმპულსურ და აგრესიულ ქცევაში ვლინდება.

ვიზუალური მეტაფორა: „სავსე ჭიქის“ ფენომენი

ემოციური დისბალანსის პროცესის საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენს „სავსე ჭიქის“ მოდელი. ხშირად საზოგადოება ხედავს მხოლოდ „გადმოღვრილ“ აგრესიას, თუმცა რეალური მიზეზები ჭიქის ფსკერზეა დალექილი.

როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, აგრესიული გამოვლინება არის კულმინაცია იმ პროცესებისა, როგორიცაა:

ბავშვობის ტრავმა და უგულებელყოფა, რაც ჭიქის საფუძველს ქმნის.

იდენტობასთან ბრძოლა, რაც მოზარდობის კრიზისის თანმდევია.

მხარდაჭერის დეფიციტი და სტიგმა, რაც ამძიმებს ემოციურ ფონს. როდესაც ჭიქა ივსება გაუგებრობით, სირცხვილითა და მარტოობით, ძალადობა ხდება „გადმოღვრილი“ ენერგია — ერთადერთი გზა, რომლითაც მოზარდი საკუთარ არსებობას ატყობინებს გარემოს.

 

ძალადობა, როგორც „ხილვადობის“ და ძალის განცდის წყარო

ბანდურას სოციალური სწავლების თეორიის მიხედვით, ქცევა ისწავლება დაკვირვებისა და განმტკიცების გზით (Bandura, 1977). მოზარდმა, რომელიც ვერ იღებს აღიარებას აკადემიურ, სოციალურ ან ემოციურ სივრცეში, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ძალადობა:

  • მყისიერად იწვევს გარშემომყოფთა რეაქციას;
  • თესავს შიშს და ამით „პატივისცემის“ ილუზიას ქმნის;
  • ანიჭებს ძალისმიერი უპირატესობის განცდას.

ასეთ შემთხვევაში ძალადობა აღარ არის მხოლოდ ქმედება — ის ხდება თვითდამკვიდრებისა და თვითპრეზენტაციის მექანიზმი.

ჯგუფური დინამიკა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაქრობა

სოციალური იდენტობის თეორია (Tajfel & Turner, 1979) აჩვენებს, რომ ინდივიდი საკუთარ ქცევას ხშირად ჯგუფის ნორმებით ამართლებს. მოზარდთა ჯგუფში ძალადობა შეიძლება გარდაიქმნას:

  1. სტატუსის მთავარ საზომად;
  2. ერთგვარ საკომუნიკაციო „ენად“;
  3. ჯგუფისადმი ერთგულების დამადასტურებელ ნიშნად. ჯგუფური კონტექსტი ამცირებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და ამყარებს ნეგატიურ იდენტობას.

ემპათიის დეფიციტი და ტრავმული გამოცდილება

კვლევები მიუთითებს, რომ განმეორებადი აგრესია ხშირად უკავშირდება ადრეულ ემოციურ ტრავმას, უგულებელყოფას ან ძალადობის ნორმალიზებულ გარემოს (Fonagy et al., 2002). ემპათიის განვითარება საჭიროებს მოდელირებასა და უსაფრთხო ურთიერთობებს. როდესაც ეს კომპონენტები დეფიციტურია, მოზარდი სხვის ტკივილს აღიქვამს არა როგორც თანაგრძნობისთვის სიგნალს, არამედ როგორც დაბრკოლებას.

 

დასჯა თუ განვითარებაზე ორიენტირებული ჩარევა?

მხოლოდ სადამსჯელო მიდგომა ვერ ანგრევს ძალადობრივ იდენტობას. პირიქით, ნეგატიური იარლიყები („სასტიკი“, „უიმედო“) ამყარებს მოზარდის დესტრუქციულ თვითაღქმას. ეფექტიანი ინტერვენცია უნდა ეფუძნებოდეს:

  • ქცევისა და პიროვნების მკაფიო განცალკევებას;
  • პასუხისმგებლობისა და შედეგების გააზრების სწავლებას;
  • ალტერნატიული იდენტობის შეთავაზებას (ლიდერობა, პოზიტიური, სოციალური როლი, შემოქმედებითი რეალიზება).

 

ძალადობა, როგორც SOS სიგნალი

როდესაც ძალადობა მოზარდის იდენტობის წყაროდ იქცევა, ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა. ეს არის სისტემური განგაში — ოჯახისთვის, სკოლისა და საზოგადოებისთვის. ძალადობა იდენტობად ყალიბდება მაშინ, როდესაც მოზარდი ვერ პოულობს სხვა გზას საკუთარი მნიშვნელობისა და არსებობის დასამტკიცებლად.

 

განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ რეაგირება, არამედ დროული პრევენცია და მოზარდისთვის ჯანსაღი თვითრეალიზაციის გზების ჩვენება.

 

გამოყენებული ლიტერატურა

Bandura, A. (1977). Social learning theory. Prentice Hall.

Erikson, E. H. (1968). Identity: Youth and crisis. W. W. Norton & Company.

Fonagy, P., Gergely, G., Jurist, E. L., & Target, M. (2002). Affect regulation, mentalization, and the development of the self. Other Press.

Steinberg, L. (2014). Age of opportunity: Lessons from the new science of adolescence. Houghton Mifflin Harcourt.

Tajfel, H., & Turner, J. C. (1979). An integrative theory of intergroup conflict. In W. G. Austin & S. Worchel (Eds.), The social psychology of intergroup relations (pp. 33–47). Brooks/Cole.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...