კაცობრიობის ისტორიაში გამოყოფენ ინფორმაციული რევოლუციის 5 ეტაპს:
- ენის ჩამოყალიბება;
- დამწერლობის შექმნა;
- საბეჭდი მანქანის გამოგონება;
- ელექტრობის გამოგონება;
- მიკროპროცესორის გამოგონება.
დამწერლობა – კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონებაა, რითაც სიტყვის ჩაწერა და უკვდავყოფა შეგვიძლია. შუა საუკუნეებში ტექსტების გავრცელების ერთადერთ ფორმად ხელით გადაწერა მიიჩნეოდა. გადამწერები ყოველთვის, ყველა დროში ეძებდნენ და ქმნიდნენ ასოთა ახლებურ მოხაზულობებს. ასოთა მოხაზულობა სწრაფი წერის შედეგად თანდათანობით იცვლებოდა.
კალიგრაფია – „Καλλιγραφία“ ბერძნული სიტყვაა („კალი“ – ლამაზი, „გრაფი“ – წერა) და ლამაზად წერას ნიშნავს. ლამაზად წერა ყველას მოსწონს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს. ციფრულ ეპოქაში ალბათ ბევრს არ ახსოვს, როდის დაწერა ლამაზად კალმით.
ტექნოლოგიების განვითარებამ ძველი ქართული შრიფტების გაციფრულებას შეუწყო ხელი. შეიქმნა არაერთი ფონტი – კომპიუტერული ფაილი, რომელიც წარმოადგენს შრიფტის ციფრულ ვერსიას. ვებგვერდიდან: calligraphy.ge ძალიან ლამაზი ფონტის გადმოწერა და კომპიუტერში ინსტალაციაა შესაძლებელი.
კალიგრაფიული ფონტით დაბეჭდილი ტექსტი მოხერხებული და ძალიან ლამაზია.
მაშ, როგორ ფიქრობთ, ოცდამეერთე საუკუნეში კალიგრაფები აღარ არიან საჭირო?! ის ფონტი ხომ კალიგრაფმა ქაღალდზე შექმნა და შემდეგ გაციფრულდა. მხატვარ ლადო გრიგოლიას, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი. მისი დევიზი იყო ასეთი: – „არ გადმოიღო პირდაპირ, შექმენი ახალი“. დიახ, სწორედ შენც შეგიძლია არ გადმოიღო და შექმნა ახალი ფონტი. ვებგვერდზე calligraphr.com რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიარო 5 ნაბიჯი:
- შექმენი შაბლონი და ამობეჭდე;
- შეავსე (დაწერე ლამაზი კალიგრაფიით);
- გადაუღე სურათი, ან დაასკანერე შევსებული შაბლონი;
- ფონტების გვერდზე ატვირთე შაბლონი;
- ააშენე ფონტი
ბოლოს ჩამოტვირთე საინსტალაციო პაკეტი, დააინსტალირე შენი ფონტი კომპიუტერში. გახსენი Word-ის დოკუმენტი, მოძებნე შენი ფონტი და წერე ლამაზად.
გახსოვდეს – „არ გადმოიღო პირდაპირ, შექმენი ახალი!“ (ლ.გ).
გამოყენებული ლიტერატურა:
https://calligraphy.ge/fonts/?swoof=1&product_cat=mkhedruli&product_tag=khelnatseri






