პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა!

0

რედაქტორის წერილის წერისას  მასწავლებლის იმ დიდ ძალაზე მეფიქრება, რომელიც მასწავლებელს ყოველდღე სჭირდება, როცა აქვს რწმენა,  რომ სწავლება შესაძლებელია, რომ  აუცილებელია და  რომ  ნამდვილად ღირს.

დღეს, როცა ცოდნის აგების თანამედროვე  პარადიგმის –  შინაარსობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური – მიდგომები ციფრულ სამყაროში ახალი თანხვედრის გზებს ეძებს, ყველაზე მთავარი მაინც მიზანია. რატომ ვასწავლი ამას? როგორ გამოიყენებს ამას მოსწავლე?  როგორ  ადამიანად ყალიბდება ის ამ პროცესში?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებას საბოლოოდ  მივყავართ  მთავარ ღირებულებებთან, როგორიცაა: პატივისცემა, ღირსება, თანაგრძნობა, სამართლიანობა, თავისუფლება. ისინი არ ისწავლება მხოლოდ პედაგოგიური მეთოდით ან ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ ყალიბდება ჩვენი  პირადი მაგალითით,   მოთმინებით, მაშინაც კი,  როცა გრძნობ, რომ თითქოს ყველაფერს აზრი ეკარგება და  მაინც არ ჩერდები.

ციფრული სამყარო ვითარდება სწრაფად, თუმცა ვერავინ შეძლებს დააპროგრამოს განათლების მომავალი ისე, როგორც ამას მასწავლებელი აკეთებს-  ყოველდღე, უშუალოდ მოსწავლეებთან პირისპირ ურთიერთობით.

ჟურნალი „მასწავლებელი“ მუდმივად ცდილობს, გაგიზიაროთ ახალი ხედვები, ტექნოლოგიის მიღწევები და გამოწვევები, პრაქტიკული მაგალითები,  კოლეგების თუ საერთაშორისო  გამოცდილება. ჟურნალის უპირველესი მიზანი კი ის არის, გვახსოვდეს მასწავლებლის  მნიშვნელობა –  რადგან მომავალი უფრო მეტად ჩვენზეა დამოკიდებული, ვიდრე რომელიმე ალგორითმზე.

ახლა როცა საკლასო ოთახების კარი გამოვხურეთ და სასკოლო არდადეგები დაიწყო, უფრო მეტი დრო გვაქვს იმის გასააზრებლად, ახალი სასწავლო წლიდან, რას ელოდებიან ჩვენი მოსწავლეები, ხომ არ შეიცვლება და როგორ შეიცვლება ჩვენი  როლი ციფრულ ეპოქაში და  როგორი იქნება პასუხი ძალიან მგრძნობიარე კითხვაზე – ხომ არ ჩაანაცვლებს მასწავლებელს ხელოვნური ინტელექტი?

ჩემი , როგორც რედაქტორის, პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით მყარია – ვერ!

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

თინათინ ზარდიაშვილი, ნინო ლომიძე, თამთა დოლიძე, მაია ფირჩხაძე, ნათელა ბაღათრიშვილი, ლელა მანგოშვილი, ინა იმედაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ლელა კოტორაშვილი, ნესტან მიქაძე, ქეთევან ოსიაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, თემურ სუყაშვილი, ცირა ბარბაქაძე, დათია ბადალაშვილი, დიანა ანფიმიადი, ლევან ლორთქიფანიძე, შორენა ტყეშელაშვილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3

თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა – გეოგრაფიული განედისა და ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით

0

ადამიანის ფიზიკური არსებობა მჭიდროდ უკავშირდება მიწას – ვდგავართ, ვმოძრაობთ, ვხტებით და საბოლოოდ ისევ მას ვუბრუნდებით. ნებისმიერი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია დამოკიდებულია იმ უხილავ ძალაზე, რომელიც დედამიწისკენ გვიზიდავს. სწორედ ამ ურთიერთქმედებაზე დაკვირვებამ წარმოშვა ფიზიკის კანონები, რომლებიც ხსნის და განმარტავს ბუნებაში მოქმედ მრავალ პროცესს.

სამყაროში მიმდინარე ფიზიკური მოვლენები ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებით აიხსნება – ძლიერი, სუსტი, გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური. აქედან გრავიტაცია ყველაზე ნაცნობია და ამავდროულად – ყველაზე იდუმალი. ის არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობას განსაზღვრავს, არამედ მთელ სამყაროზე ახდენს გავლენას – პლანეტების მოძრაობიდან დაწყებული, ვარსკვლავების სიცოცხლემდე და კოსმოსის სტრუქტურამდე. გრავიტაციის ყოველდღიური, ჩვენთვის „ახლობელი“ გამოვლინებაა სიმძიმის ძალა – სწორედ ის, რაც ჩვენს სხეულსა და დედამიწას აკავშირებს.

ზოგადად, სიმძიმის ძალის აჩქარება მუდმივ სიდიდედ ითვლება, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მისი მნიშვნელობა განსხვავებულია ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. სიმძიმის ძალის აჩქარება (g), მცირედით იცვლება გეოგრაფიული განედის, სიმაღლისა და დედამიწის ბრუნვის გამო.

ეს ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა მეცნიერებისთვის მათი ზუსტად ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამ მცირე განსხვავებების გათვალისწინებით ვიგებთ, რამდენად ფრთხილად, ზუსტად არის მოწყობილი ბუნება და როგორ აისახება თითქოს შეუმჩნეველი განსხვავება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ამ სტატიაში განვიხილავთ სიმძიმის ძალის აჩქარების დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორზე; როგორ გამოითვლება მისი მნიშვნელობა, რაზეა დამოკიდებული და როგორ ვზომავთ მას თანამედროვე ინსტრუმენტებით – მაგალითად, გრავიმეტრით; გავეცნობით იმ ფორმულებს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ იცვლება g გეოგრაფიული განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის შესაბამისად. სტატიაში წარმოდგენილი პრაქტიკული სამუშაოს მაგალითები და ცხრილები მოსწავლეებისთვისაც საინტერესო და გამოსადეგი იქნება.

იხილეთ ვრცლად

 

როგორ დავიწყოთ წერა

0

 

II ნაწილი

წერის დაწყება ნოტის აღებას ჰგავს, რომელიც იწვევს პირველ ემოციას, განწყობას, გვიბიძგებს ფიქრისკენ და გვკარნახობს შემოქმედებით მელოდიას. სწორედ, პირველმა სიტყვამ, წინადადებამ თუ აბზაცმა უნდა გადააქციოს ავტორი  “კაცთა მესათხევლედ”. შესაბამისად, წერის დაწყება დიდი პასუხისმგებლობაა. ეს წერილი წინა სტატიის გაგრძელებაა, სადაც თანამედროვე ავტორები გვიზიარებენ  გამოცდილებებს, მიგნებებს, გულახდილად გვიამბობენ დაძლეულ სირთულეებზე, წერის პროცესებსა და შემოქმედებით ძიებებზე.

წერილი გამოცდილი თუ გამოუცდელი მკითხველისთვის, შესაძლოა  დიდ მოტივაციად იქცეს.

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?
  2. რა გეხმარებათ, ვიდრე წიგნის (მოთხრობის, სტატიის) წერას დაიწყებთ?
  3. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი (რიტუალი, ჩვევა), რასაც მიმართავთ წერის დაწყებამდე?

 

ირმა მალაციძე („სატკბილეთის ქვეყანა“, „ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში“, „ზუზუნები და ღრუტუნები“, „ექიმი კოდალა“, „ანდაზები-არაკები“ და სხვ.)

  1. ამბის წერას სხვადასხვანაირად ვიწყებ. ამბის ბიძგს მაძლევს ზოგჯერ კადრი, შესაძლოა ნივთი, ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზია. ზოგი ამბავი დიდხანს მწიფდება თავში. ზოგჯერ კი წლებიც კი გრძელდება. ზოგი კი სპონტანურად იბადება. წამიერად აინთება ხოლმე თავში ნათურა და ვწერ, ხშირად ვინიშნავ ფრაზებს, წერის პროცესში კი ზოგჯერ, შესაძლოა სხვა თემამ იჩინოს თავი.
  2. ხშირად, შვილებისგან მიმიღია ინსპირაცია. ზღაპარი „ქერამუჭა“ მაშინ დავწერე, როდესაც ჩემი შვილი საბავშვო ბაღში დამყავდა. გზად ლოკოკინები გვხვდებოდნენ და ჩემი შვილი მათ ესაუბრებოდა. ამ ზღაპრის ინსპირაციაც ეს დიალოგები გახლავთ. სათაურიც კი ჩემი შვილის მოფიქრებულია. ზღაპრის „ თეთრი ბელი და ფერადი ყინულოვანი ოკეანე“ ინსპირაცია გახდა ერთი საახალწლო რეკლამა, სადაც თეთრი ბელი ჩანდა, სწორედ ამან მიბიძგა დამეწერა ზღაპარი. ბავშვების ნააზრევიდან ბევრ იდეას ვიღებ. მათი დიალოგებით, ხშირად, ჩემი გმირები ამეტყველებულან.
  3. მქონდა რიტუალი – ვრთავდი ამოჩემებულ მუსიკას, რაც მიქმნიდა განწყობას, ხშირად, ტრანსპორტში კი ვწერდი, მგზავრობისას. ამჯერად, კი როცა იდეა ჩნდება, ვცდილობ, ხმოვანი შეტყობინებების სახით შევინახო რომ არ მიმავიწყდეს.

დიანა ანფიმიადი („დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ახალი წელი აგვისტოში“, ლექსების კრებული და სხვ.)

  1. მგონია, განსაკუთრებული რუტინის ქონა და განწყობის ლოდინი ერთგვარი ფუფუნებაა, რომელიც თანამედროვე, ათას ფრონტზე მყოფ ადამიანს ვერ აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ დროს არ ველოდები. ყოველი დრო, რომელიც უამრავი მოვალეობის მიღმა ვიპოვე და შემიძლია წერას დავუთმო, უკვე განსაკუთრებულია.
  2. ამბის წერას სანამ დავიწყებ, მანამდე ამბავი გონებაში მაქვს უკვე კარგად დალაგებული, თუმცა წერისას შეიძლება საერთოდ სხვა მხარეს წავიდე და ეს მომწონს, ეს დაუგეგმავი პროცესი წერის მთავარი სიამოვნებაა.
  3. მეთოდი არანაირი-მთავარია, დრო გამოვჩხრიკო, წერას აუცილებლად სჭირდება ყველა სხვა საქმისგან თავისუფალი თავი.

გურამ მეგრელიშვილი („საქართველოს ალტერნატიული რუკა“,  „ჯვარცმობანა“, „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“,  „მკითხველის მეგზური“, „როგორ დავწეროთ მოთხრობა“ და სხვ.)

  1. როდესაც ამბის დაწყება რთულდება, ვიწყებ ნებისმიერი რამის წერით, რომელიც თემასთანაა ახლოს. ეს მეხმარება მივუახლოვდე სათქმელს. მთავარი აქ ის არის, რომ წერო ხშირად, ყოველდღიურად, გამოყო დრო და იმუშაო.
  2. მეხმარება წინასწარ მოფიქრებული სქემა, და ამბის თავში დალაგება. ამის მიხედვით ვხვდები საით წავიყვანო ტექსტი და მოთხრობა.
  3. განსაკუთრებული ჩვევა არ მაქვს, მაგრამ, ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რასაც ჩაღრმავებულ ფიქრს ვეძახი, სრული კონცენტრაცია უნდა მოახდინო ფიქრის, აზრების, გამორთო ყველაფერი და ჩაუღრმავდე წერის პროცესს, მოახდინო ვიზუალიზაცია და მერე იწყებ წერას და მუშაობას.

თამარ გეგეშიძე („სული-ჩიტი“, „საშლელები“, „ჩუმად უნდა იჯდე“)

  1. ყველაზე რთული ამბავია, როგორც წესი, ტექსტის დაწყება. სტატია იქნება, წიგნი თუ პატარა კვლევა. პირველ წინადადებაზე ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რადგან ტექსტის გასაღებივითაა. მგონია რომ პირველ შთაბეჭდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ფიქრს დავუთმო რამდენიმე კვირაც კი, თუ როგორ დავიწყო წერა. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ პირველ წინადადებას. თუმცაღა, გამუდმებით ამაზე ორიენტირებაც არ ვარგა
  2. ხანდახან, შეიძლება პატარა ამბავმა, დეტალმა მოგცეს ინსპირაცია. მაგ. არ იცი როგორ დაიწყო, ელოდები გარე სამყაროსგან როდის მოგივა ნიშანი, ან გაიგონებ რაღაც ფრაზას, ან აღმოჩნდები ისეთ გარემოში, რომელიც გკარნახობს, რა არის საჭირო. სათაურზეც შეიძლება დიდხანს ფიქრი.
  3. რიტუალი არ მაქვს, არც მეთოდი, ჩვეულებრივ ველოდები როდის ამომიტივტივდება სათქმელი პერსონაჟზე ან სიტუაციაზე. ამ დროს მეხმარება ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება. გეგმა, ჩანაწერები, წინარე მასალა აუცილებელია, რომელსაც დაეყრდნობი. ცარიელი ფურცლიდანაც შეიძლება დაწყება, მაგრამ ასე უფრო მარტივია.

ჩანაწერები ჩანაწერები საჭიროა ინსპირაციისთვის.

მაკა ლდოკონენი („ცხენის კუდები დილასთვის“, მოთხრობების კრებული“ლიტერატურული პროექტი“ და სხვ.)

  1. ამბავი იწყება რიტმის მიგნებით. მერე მაჟორს ან მინორს ვირჩევ, ან ერთმანეთს ვანაცვლებ, ლეგატოები საჭირო ადგილებს ერთმნეთთან აკავშირებს. იმის თქმა მსურს, რომ ყველა ამბავს საკუთარი მელოდია აქვს.
  2. ნებისმიერი რამ, რაც გამომიწვევს. რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია და ჩვეულებრივების სიაში არ ეწერება;
  3. ტუჩებსა და გამობერილ ლოყაზე ფანქრის რიტმული, მონაცვლეობითი მიკაკუნება ფურცლის მინდვრებზე ხატვა.

კატო ჯავახიშვილი („სიყვარულით, ელლი“  არაერთი პოეტური კრებული)

  1. ამბის წერამდე ამ ამბის ტარება და გადამუშავებაა საჭირო და ხშირად, ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე თავად წერის რიტუალი. თუმცა, პოეზიასთან მისვლა კიდევ სხვა ჯადოქრობაა და ჩემ შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რადაც ვიქცევი ხოლმე, როცა პროზაულ ტექსტზე ვმუშაობ. გეტყვი პოეზიისას: დადიხარ, დაგაქვს, ალაგ ფრაზას წამოკრავ ხოლმე ფეხს, ალაგ – ნაბიჯს რიტმს უწყობ. ხან კაფეში ზიხარ და გვერდით მაგიდიდან შემთხვევით შენკენ წამოსული სიტყვა მოგწვდება, მერე ეს სიტყვა სახლში მიგყავს და სადმე, უჯრაში მიუჩენ ადგილს, რომ როცა დრო მოვა, გახსნა სკივრი და ამოიყაროს იქიდან: ამბები, ფრაზები, შეგრძნებები.
  2. ამაზე მგონი ზევითაც ვისაუბრე, ამიტომ აქ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, საკმაოდ სასტიკი და ემოციური სცენა მაქვს დასაწერი. ვჯდები, ვითომ ვიქმნი გარემოს, ვკითხულობ მანამდე დაწერილს და არა, არ მოაქვს რა. ვერაფრით ვაგრძელებ იმ წერტილიდან, სადაც გავჩერდი. ემოციურად გამოსული ვარ ამბიდან და ვერაფრით ვბრუნდები. რა არ ვცადე, რა გამაღიზიანებელი არ გამოვიყენე – არ გამოდის. მახსოვს, ქუჩაში გავედი და აღმაშენებლის გამზირზე უაზროდ ვიარე რამდენიმე საათი. მერე დავბრუნდი და გზად სასმელი ვიყიდე. მოვედი სახლში, ცოტა დავლიე, მუსიკა ჩავრთე – ისევ არაფერი. მერე მახსოვს, როგორ დავხუჭე თვალები, გულაღმა დავწექი და შევეცადე ფიქრით გამეღწია ამბავში. ოღონდ ისე, საკუთარ სხეულზე გამომეცადა მთელი სისასტიკე. ხომ დაგუხუჭავს თვალები და გიმოგზაურია რაღაც ამბავში – აი, ისე. უღრან ტყეში აღმოვჩნდი. მთელი ემოციური სპექტრი მიზანზარებდა. გამოვიდა. ასე დავბრუნდი იქ, ათვლის წერტილთან, საიდანაც უკვე წერის გაგრძელება შევძელი.
  3. ზოგადად, ჩემთვის აბსოლუტური სიჩუმეა საჭირო. უძრავი სიჩუმე და ამ უძრაობაში შემოსული მუსიკის ხმა. როგორც წესი, მუსიკას ვუსმენ ვოკალის გარეშე. ბგერაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ: ბევრად განვითარებული მაქვს ეს უნარი, ვიდრე დავუშვათ, ტაქტილური, მხედველობითი და ა.შ. სამყაროსიც უფრო მეტად მოსმენა ვისწავლე, ვიდრე დანახვა. ალბათ აქედან გამომდინარეობს, რომ სრულ უძრაობაში მხოლოდ მუსიკის შემოსვლა მიყვარს. ვუსმენ კომპოზიციებს, ძირითადად კლასიკას, და ეს მუსიკა ყველა ჯერზე სხვანაირია – სხვანაირია ჩემი აღქმა და ემოციები. ასე იბადება ტექსტი, ამ ტალღებს აყოლილი. ესაა ჩემი ჯადოქრობა.

ნინია სადღობელაშვილი („ბამბაზიის სამოთხე“, „დაბადების დღე“, „განძის თეატრი“, „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“ , პოეტური კრებულები და სხვ.)

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?

ერთი კონკრეტული ფორმულა არ მაქვს, სულ სხვადასხვაგვარი ემოციით და მოტივაციით ვჯდები საწერად. უბრალოდ, ჩვევად მექცა, რომ ვიდრე უშუალოდ წერაზე გადავიდოდე, ჯერ ფიქრში (თავში) უნდა მოვამწიფო, ვატარო და საწერ მაგიდას მერე მივუჯდე. ზოგჯერ თავი გამომიჭერია, რომ ქუჩაში ხმამაღლაც კი ვფიქრობ, პერსონაჟს ველაპარაკები, რაღაცას ვუმტკიცებ, მერე ის მიმტკიცებს და ასე… ამასობაში ჩემში წერის სურვილიც ღვივდება და ერთი სული მაქვს, როდის მივუბრუნდები ფურცლებს.

პირველ სტრიქონებს დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, დასაწყისი თუ ზუსტია, მერე დანარჩენი ტექსტიც ამ სიზუსტით აიგება.

  1. რა გეხმარებათ, რომ დაიწყოთ წერა?

ალბათ ის თავდაპირველი იმპულსი, რამაც ამა თუ იმ ტექსტის იდეა გააჩინა. ვთქვათ, ყური მოვკარი რაღაც საინტერესო ისტორიას, ან ქუჩაში ჩემ თვალწინ ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა; ეს ყველაფერი უკვე მიზიდავს, რომ წერა დავიწყო – ზოგჯერ ნანახი თუ მოსმენილი ამბავი იმდენი საიდუმლოთია სავსე, რომ სწორედ მის ამოსახსნელად ვიწყებ წერას, ზოგჯერ კი უკვე ამოხსნილი საიდუმლოს სიხარული მინდა სხვასაც გავუზიარო…

წერის დროს სიჩუმე მეხმარება. სასურველია, თუ ისეთ გარემოში დავიწყებ წერას, სადაც ზედმეტი ხმაური არ იქნება და შემეძლება საკუთარ ფიქრებს მოვუსმინო.

  1. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი, რიტუალი…

რიტუალი ძალიან ინდივიდუალური, ინტიმური პროცესია და მეც საიდუმლოდ დავიტოვებ ჩემს პატარა რიტუალს, რომელიც, ცხადია, წერის დაწყების წინ მაქვს… თუმცა, დიდად დამაინტრიგებელიც არაფერია, უბრალოდ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდე და ჩემს წინ გაშლილი თეთრი, ცარიელი ფურცელი უკვე დაწერილ ტექსტად წარმოვიდგინო… ყოველთვის ხელით ვწერ, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ხელით წერა კიდევ სხვანაირად ავარჯიშებს ტვინს და პროცესში მთელი სხეულით ერთვები. მართალია, შრომას ვიორმაგებ – მერე ეს ხელნაწერი მე თვითონვე უნდა ავკრიფო, მაგრამ ასე მირჩევნია. ჩემი „დედანი“ ყოველთვის ხელნაწერია. ხელნაწერები კი არასდროს, არასდროს იწვიან… J

მარიამ წიკლაური („მხიარული რეცეპტები“, „ქართული ანბანი“, „ჭიჭიტა“, „რა ჰქვია შენს მეგობარს?“, „ჩემი აფრიკელი ბებია“, პოეტური კრებულები და სხვ.)

1.მე ჟანრობრივად ვმუშაობ, მეტწილად საბავშვო პოეზიაში, ლექსს ვქმნი უფრო სწრაფად, ემოციურ დონეზე და მხოლოდ იმას ვითვალისწინებ, რა თემაზე მსურს წერა. მაგრამ ლექსი ისე მეწერება არასოდეს ვიცი საით წავა დაწყებული სიტყვა, რა ფინალს მოიტანს, როგორ განვითარდება სიუჟეტი. ლექსს მართლა აქვს შინაგანი „წამიერი განათების“, გაელვების, „მოკლე ჩართვის“ დამახასიათებელი მექანიზმი.

ამბავს თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს, გააზრებული უნდა გქონდეს დასაწყისიდან დასასრულამდე ერთი საკვანძო ამბავი დაიწყებ ქსოვას, ქმნი „ორნამენტს“, და იცი სად მიდიხარ, რის გამოსახატავად გჭირდება ესა თუ ის ფრაზა, ხასიათი, პერსონაჟი. პროზის პლიუსია დასამახსოვრებელი სახასიათო პერსონაჟები! ორიგინალური ამბავი, მით უფრო ახლა, როცა დედამიწაზე ლამის ყველა წიგნი დაწერილია! საუკეთესოებიც, მათ შორის!   ეს ამბისა და სიუჟეტის ორგინალურობა, რომელიც თავის მხრივ ბადებს ინტერესს მკითხველში და ნდობას ნაწარმოებისადმი. პირველივე აბზაციდან უნდა იგრძნოს მკითხველმა ეს. ტექსტი უნდა იკითხებოდეს მარტივად, არ დაიღალო, იყოს გარკვეულწილად ჩამთრევიც და უპროგნოზოც. ამბავი უნდა მომიმწიფდეს თავში. თუ ამბავი გაქვს, ეს უკვე საქმის ნახევარია, მერე საინტერესო პერსონაჟები, სახელები, და მერე იწყება წერა, რომელიც ჩემთვის როლის მორგებაა, მე ვთამაშობ ყველა პერსონაჟს თვითონ, ეს მიმიკებზეც მეტყობა წერისას, თეატრია, სცენაა ჩემთვის წერა.

  1. მეხმარება სურვილი. წადილი ამ საქმის კეთების, ასევე შთაგონება, ხან საჭიროება.

კარგია თუ ერთმანეთს ემთხვევა სურვილი, შთაგონება, თავისუფალი დრო და განწყობა, თუ შენი თავი შენ გეკუთვნის, ზიხარ და წერ. ვისთვის ეს გართობაა, ვისთვის სამსახური, მაგრამ  საამისო  პირობები უნდა გქონდეს.

3.რიტუალი და ჩვევა , რომელზეც დაუფიქრებლად გიპასუხებთ არის ის რომ ვალაგებ და ვასუფთავებ კომპიუტერს ზედმეტი მასალისგან , ვაწესრიგებ სამუშაო გარემოს და ვხსნი ახალ საქაღალდეს იმ სათაურით, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ბედნიერებაა თუ კარგ სათაურს მივაგნებ. სათაურიც საქმის მეოთხედია.  დილა მიყვარს, სუფთა დაუღლელი გონებით წერა. ღამე ვეღარ ვმუშაობ, ადრე

დაეშურეთ ახალგაზრდულ ენერგიებს. გაუფრთხილდით დროს. იპოვეთ საინტერესო ორგინალური სათქმელი.

ლიტერატურა და ხელოვნება ეს მაინც ღვთისმაძიებლობის, ანუ საკუთარი თავის ძიების მარადიული გზაა და თავისი კანონსამართალი აქვს, მაგრამ ხელოვნება ახლებურად ქმნის ოსტატობაცაა, უკანონობის ოსტატობაც, ახალი გზების ძიებისაგაგვმართლებოდეს!

 

მოსწავლეების გამოცდილებიდან ამონარიდები, ვფიქრობ, არანაკლებ ემოციური, გულწრფელი და საინტერესოა:

თემო

მე ვასო გულეურთან ბევრი საერთო ვიპოვე – როგორ იბადება აზრი, განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ორივე ვფიქრობთ, რომ თუ ცუდ განწყობაზე ხარ, ვერ დაწერ კარგად, რადგან ხასიათი იქვე აისახება. იმაშიც ვეთანხმები, რომ თუ ამბის წერა გინდა და გინდა პირველი სიტყვა იპოვო, ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება – ნივთებს, ფიქრებს, სიტყვებს და სიზმრებსაც კი.

ანა

ქალბატონი ნატო დავითაშვილის მოსაზრება სრულიად მისაღებია ჩემთვის. მასთან საერთო ის გამაჩნია, რომ ამბის წერის ბიძგი წარმოსახვაში გაჩენილი კადრი ხდება და შემდეგ ამ კადრს ვავრცობ. ასევე, დაწყებაში მეც მეხმარება პერსონაჟების აღწერა და სიუჟეტზე საუბარი. მეც ვუზიარებ მეგობარს მონახაზს. მირჩევნია სიწყნარეში ვწერო, რომ ფიქრი არ გამექცეს.

მარიამი

მე როდესაც ვწერ, სულ მგონია შეცდომებს ვუშვებ, ან სასაცილოა და როცა წავიკითხავ დამცინებენ. Წერის დროს მიყვარს როდესაც  ოთახში მარტო ვარ და სიჩუმეა.  ამ დროს წერა უკეთესად გამომდის. Სიჩუმე მეხმარება.

დავითი

მასწავლებელი როდესაც წერას გვავალებს, ხშირად ვერ ვასწრებ. Ზარი მალე ირეკება.  მერე სახლში მეზარება გაგრძელება, ზოგჯერ მავიწყდება. Სკოლაში რომ იყოს წერისთვის გამოყოფილი დრო, კარგი იქნებოდა. დაჯდები და მარტო წერაზე იფიქრებ. აი, „მწერლების ოთახი“.

ელენე

მარი მასისი სტატია რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა მწერლების აზრები, ისინიც თუ ასე ბევრს ფიქრობენ წერის დაწყებამდე ე.ი მეც გამომივა, ისე არა როგორც მაგათ, მაგრამ აღარ შემეშინდება თუ უცებ ვერ დავიწყებ წერას.

 

კუნძული ტაივანი – წყნარი ოკეანის ზურმუხტი თუ მსოფლიო განხეთქილების ვაშლი?

0

(ნაწილი მეორე)

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის)

„ნუ შეგეშინდება ნელა ზრდის. გეშინოდეს უძრაობის“

ძველი ტაივანური ანდაზა

რატომ ვერ გვარდება ტაივანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონფლიქტი?

ტაივანისა და ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონფლიქტის მთავარი მიზეზები. ტაივანის კონფლიქტს, მსგავსად სხვა ტერიტორიული თუ ეთნო-კულტურული კონფლიქტებისა, უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს და მის მოგვარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ქვემოთ გთავაზობთ მოკლედ ტაივანის კონფლიქტის ანალიზს, რომელიც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, „დიდი ომის“ მიზეზად შეიძლება იქცეს!

ტაივანის კონფლიქტის მძიმე ისტორიული ისტორიული მემკვიდრეობა: 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კომუნისტებმა (ჩინეთის კომუნისტური პარტია, ჩკპ) დაამარცხეს ნაციონალისტები (გომინდანი), რომლებიც ტაივანზე გაიქცნენ და კუნძულზე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC) გამოაცხადეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსთან დაკავშირებული ტაივანის ის „უცნაურობები“, რომლებსაც შეიცავს 1952 წლის სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულებით ფორმალურად დასრულდა მეორე მსოფლიო ომი იაპონიასა და მოკავშირე ძალებს შორის).

  1. სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებაში ბუნდოვანია, თუ ვის რჩება ტაივანი. ერთი მხრივ, ხელშეკრულების ტექსტი ამბობს, რომ „იაპონია უარს ამბობს ყველა უფლებაზე და პრეტენზიაზე ფორმოზისა და პესკადორების (პენგჰუ) კუნძულების მიმართ“, მეორე მხრივ კი არ აზუსტებს, თუ ვის გადაეცემა სუვერენობა ტაივანის მიმართ, განსხვავებით ხელშეკრულებაში აღნიშნული სხვა ტერიტორიებისგან (!), ეს ორაზროვნება, უმეტესწილად, დღესაც ართულებს ტაივანის სტატუსის იურიდიული კუთვნილების პრობლემას დღეს და ხელს უშლის საკითხის მოგვარებას.
  2. ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩსრ) და არც ტაივანი (ე.წ. „ჩინეთის რესპუბლიკა“ – ROC). იმ დროს არსებული გარემოებების გამო, ხელშეკრულების ხელმოსაწერად არ მიუწვევიათ არც ჩინეთი – ჩსრ (დაარსებული 1949 წელს) და არც ტაივანი (ე.წ. ROC – იმ დროს გახიზნულნი ტაივანზე, სამოქალაქო ომის შემდეგ). ამასთან, ტაივანი, ფორმალურად წარმოადგენდა ე.წ. მოკავშირე ძალებს, თუმცა „ცივი ომის“ პოლიტიკის გამო, აღარ განიხილებოდა მოკავშირედ; ჩსრ არ მიიწვიეს ხელმოსაწერად, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა იმ დროისათვის არ აღიარებდა კომუნისტურ ჩინეთს და ჩინეთის მმართველის, მაო ძე-დუნის შექმნილ სახალხო რესპუბლიკას; ჩინელების არმონაწილეობამ და არმიწვევამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე გამოიწვია ის, რომ არცერთი ჩინური მხარე არ აღიარებს სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების ძალაუფლებას ჩინურ მხარეებზე.

 

მხარეთა მიდგომა ტაივანის კონფლიქტისადმი და მათი პოზიციები: ჩინეთის პოზიცია – ჩინეთი (ჩსრ) მიიჩნევს, რომ ტაივანი მისი „განუყოფელი ნაწილია“ და სპეციალური სტატუსის მქონე პროვინციაა.

კონფლიქტის მიზეზი: ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი დროებით განცალკევებული პროვინციაა და მისი დაბრუნება პეკინის კონტროლის ქვეშ უნდა მოხდეს მშვიდობიანი ან ძალის გამოყენების გზით.

მოტივაცია: ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალაუფლების პრესტიჟის საკითხი (რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის ნაწილის „გამოყოფას“); ტაივანის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა: საწარმოო სიმძლავრეები, მათ შორის მსოფლიო მასშტაბის ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების წარმოება.

დამოკიდებულება გარე ჩარევისადმი: მკვეთრად უარყოფითი. განსაკუთრებით აშშ-სა და მისი მოკავშირეებისადმი, რომლებიც მხარს უჭერენ ტაივანს.

  1. სუვერენიტეტის დისპუტი: ტაივანი დეფაქტოდამოუკიდებელი ერთეული 1949 წლიდან (ჰყავს საკუთარი მთავრობა, არმია, კონსტიტუცია; აქვს განვითარებული ეკონომიკა), მაგრამ დეიურე, მისი საერთაშორისო სუვერენიტეტი სადავოა. ჩსრ აცხადებს, რომ ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვევს ჩინეთის სამხედრო ჩარევას კუნძულის საქმეებში.
  2. გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: ტაივანი არის აზიის ციფრული ეკონომიკისა და ნახევარგამტარების წარმოების გლობალური ცენტრი (TSMC, UMC, Mediatek, Realtek Semiconductor, Novatek Microelectronics, სხვა) და სტრატეგიული მნიშვნელობის „პირველი კუნძული“ ჩინეთის სანაპიროსთან. აშშ და მისი მოკავშირეები ტაივანს უზრუნველყოფენ შეიარაღებით და აქვთ მათი პოლიტიკური მხარდაჭერაც, რაც ჩინეთის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.
  3. იდეოლოგიური დაპირისპირება: ჩინეთი ტაივანს „განშტოებულ პროვინციად“ მიიჩნევს, ხოლო ტაივანის მრავალი მოქალაქე თვლის, რომ ისინი ჩინეთისგან განსხვავებული ერი არიან.
  4. სამხედრო ესკალაციის რისკები: ჩინეთის მიერ კუნძულის შესაძლო ანექსია და სამხედრო ოპერაციის ჩატარების მუქარა (მაგ. სამხედრო-საზღვაო სასწავლო წვრთნები 2022, 2024 და 2025 წწ).
  • აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობა (ტაივანი შეიძლება გახდეს „ახალი უკრაინა“). ტაივანის სტატუსი რჩება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად წერტილად და შეიძლება გადაიქცეს ქვეყნებს შორის „განხეთქილების ვაშლად“.

ტაივანის პოზიცია მთავარი თეზისი: ტაივანი, ფაქტობრივად დამოუკიდებელი

ქვეყანაა თავისი პოლიტიკური სისტემით, ჯარითა და საგარეო პოლიტიკით. კონფლიქტის მიზეზი (ტაივანის გაგებით): ტაივანს არ ცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანს სურს შეინარჩუნოს, ან ოფიციალურად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა; მის შიგნით ერთნი მხარს უჭერენ „სტატუს-კვოს“ შენარჩუნებას (დე-ფაქტო დამოუკიდებლობას, ოფიციალური გამოცხადების გარეშე); მეორენი კი მხარს უჭერენ ტაივანის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებას (თუმცა ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი).

აშშ-ს პოზიცია მთავარი თეზისი: დემოკრატიისა და მშვიდობიანი დარეგულირების მხარდაჭერა. ოფიციალური პოზიცია: აშშ აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას (ანუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, როგორც ერთადერთი ოფიციალური ჩინეთი), მაგრამ იგი ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანთან. ჩარევის მიზეზი: აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ინდო-წყნარი ოკეანეების რეგიონში (აშშ-ს სამხედრო ბაზები იაპონიაში და ფილიპინებზე); ტაივანის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა; ჩინეთის შეკავება და მოკავშირეების დაცვა (იაპონია, სამხრ. კორეა, სხვები). სამხედრო ასპექტი: აშშ ყიდის იარაღს ტაივანში და ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, პოტენციურად შეუძლიათ ჩაერიონ სამხედრო დაპირისპირებაში.

რუსეთის პოზიციამთავარი თეზისი: ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარ-დაჭერა. პოზიციის მიზეზი: ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაახლოება, დასავლეთთან კონფლიქტის ფონზე; „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერა; რუსეთის სიმეტრიული ინტერესი საკითხისადმი (სეპარატიზმის დაგმობა, ჩეჩნეთისა და ყირიმის ანალოგიების გამორიცხვა, სხვა). დამოკიდებულება ტაივანისადმი: რუსეთი არ ცნობს ტაივანს და მის დამოუკიდებლობას და არ აქვს ოფიციალური ურთიერთობები მასთან.

ჩრდილოეთი კორეის პოზიცია მთავარი თეზისი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა. პოზიციის მიზეზი: ჩინეთის ტრადიციული მოკავშირე და ჩინეთის მიერ ჩრდ. კორეის მფარველობა; იდეოლოგიური სიახლოვე; დაპირისპირება აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან; ტაივანთან დამოკიდებულება: ანტაგონისტური; ჩრდილოეთი კორეა ტაივანს განიხილავს, როგორც აშშ-ს მარიონეტს.

გაერო და ტაივანის სტატუსი – 1971 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია 2758, რომლითაც ჩინეთი (ჩსრ) წარმოადგენს ჩინეთის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენელს გაეროში და ტაივანი (ე.წ. ჩინეთის რესპუბლიკა) ორგანიზაციიდან გარიცხა.  ამ ფაქტმა გააძლიერა ტაივანის იურიდიული იზოლაცია.

ტაივანის კონფლიქტის გაურკვეველი მომენტები და კუნძულის სუვერენიტეტის გაურკვევლობა — სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებით, იაპონია „გადის“ ტაივანიდან, მაგრამ ხელშეკრულების ტექსტი არ ამყარებს გასვლას და ტაივანის ჩინეთისათვის გადაცემას.

ტაივანის თანხმობის არარსებობა. ტაივანი, როგორც პოლიტიკური ერთეული (ჩინეთის რესპუბლიკა) არ მონაწილეობს შეთანხმებებში, რომლებიც ადგენენ მის სტატუსს.

გომინდანისა (ტაივანი) და ჩინეთის (ჩსრ) საკითხის პარალელური განმარტებები — ჩინეთის წარმომადგენლობაზე პრეტენდენტი ორივე მხარე იმოწმებს ხელშეკრულებას (სან-ფრანცისკოს ხ-ბა, ლ.ა.) და განმარტავს მას თავის სასარგებლოდ.

კუნძულის სტატუს-კვოს გაურკვევლობა — აშშ ფორმალურად ცნობს მხოლოდ „ერთ ჩინეთს“, მაგრამ პარალელურად, არაოფიციალური ურთიერთობები აქვს ტაივანთან. ეს ართულებს სტატუსის შესახებ შეთანხმებას, რადგან ფაქტობრივად, დაშვებულია შინაარსის ორაზროვნება:

არ არსებობს დოკუმენტი, სადაც იაპონია გადასცემს ტაივანს კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ან „ჩინეთის რესპუბლიკას“ (ტაივანს). შედეგად, ორივე ჩინური მხარე ხელშეკრულებას თავისთვის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევს; თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთ ჩინურ მხარეს, ხელშეკრულებაზე ხელი არ აქვს მოწერილი.

საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაციები (გაერო, აშშ)
— გაერო არ ცნობს ტაივანს, თუმცა კრიტიკულად არის დამოკიდებული აშშ-ს სამხედრო გარანტიებზე, კუნძულის სამხედრო კონფლიქტისგან დაცვის გარანტიების უზრუნველყოფაში.

 

(სტატიის დასასრული)                                                                 

 

ხაზზე მავალი რობოტი – ტექნოლოგიით გაცოცხლებული ისტორია

0

თანამედროვე განათლებაში სულ უფრო მეტად მატულობს ინტეგრირებული სწავლის მნიშვნელობა, რაც სხვადასხვა საგნის – მათ შორის ტექნოლოგიების, ისტორიისა და გეოგრაფიის – შერწყმით მოსწავლეთა აზროვნებას მრავალმხრივად ავითარებს.
ამ მიდგომით განხორციელდა V-VI კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტი „ხაზზე მავალი რობოტი“, რომლის მიზანი იყო ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოს ისტორიული სივრცის გაცოცხლება.

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავდა:

  • მოსწავლეებში STEM უნარების განვითარებას;
  • პროგრამირებისა და რობოტიკის სწავლას პრაქტიკული გზით;
  • ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიური საშუალებებით;
  • გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას.

განხორციელების პროცესი

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა:

  1. შეისწავლეს რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლები (მათ შორის გამოიყენეს Scratch/MakeCode).
  2. ააწყვეს ხაზზე მავალი რობოტი, რომელსაც შეეძლო რუკაზე მითითებული გზის მიყოლა.
  3. საკუთარი ხელით შექმნეს ისტორიული რუკები და მარშრუტები.
  4. ერთ-ერთ მთავარ რუკად შეირჩა ტაო-კლარჯეთის რუკა – ის ისტორიული ტერიტორია, რომელიც ქართველებისთვის კულტურულად და სულიერად უმნიშვნელოვანესია.
  5. რობოტი მოძრაობდა ტაო-კლარჯეთის რუკაზე და გადიოდა ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა არტანუჯი, ოშკი, ხახული …  – თითოეულ წერტილთან ახლდა განმარტება და  მოსწავლის მიერ შედგენილი ხმოვანი  ინფორმაცია.

ტაო-კლარჯეთი პროექტში – ტაო-კლარჯეთის რუკის ინტეგრირება პროექტში (პედაგოგი მ.ფირჩხაძე) შემთხვევითი არ ყოფილა – მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს ის, როგორც:

  • ქართული  კულტურის ერთ-ერთი მეხსიერების კერა;
  • ადგილი, სადაც გაერთიანდა სულიერება, მეცნიერება, ხელოვნება და განათლება;
  • ისტორიული სივრცე, რომელიც მოითხოვს შესწავლას, დაფასებას და თანამედროვეობისათვის გაცოცხლებას.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოძებნეს ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე ინფორმაცია და თითოეულ მონაკვეთზე დაამაგრეს QR კოდები, რომლებიც ტექსტურ ან აუდიოფაილებზე გადაჰყავდა დამთვალიერებელს.

შედეგები

პროექტმა ხელი შეუწყო:

  • მოსწავლეთა პროგრამირების, კონსტრუირებისა და სივრცითი აზროვნების განვითარებას;
  • ისტორიული ცნობიერების გაღრმავებას;
  • გუნდური და ინტერდისციპლინარული მუშაობის პოპულარიზაციას;
  • მოტივაციის და თვითგამოხატვის მაღალი დონის გამოვლენას.

„ხაზზე მავალი რობოტი“ არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი – ის იყო ცოცხალი გაკვეთილი ისტორიაზე, მემკვიდრეობაზე, თვითიდენტობასა და მომავალზე.
ტაო-კლარჯეთის რუკის გამოყენებამ პროექტს ღრმა კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსი შესძინა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტექნოლოგია შეიძლება იქცეს ხიდად  წარსულსა და მომავალს შორის – მაშინ, როცა მის უკან ბავშვების შემოქმედება, შრომა და ინტერესია.

 

„კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა“

0

(კანტი და დოსტოევსკი) 

ხშირად მიფიქრია ამ წინადადებაზე გურამ რჩეულიშვილის „ჩემი ბიოგრაფიიდან“. სულ მიკვირდა, რადგან მოკრძალებით „ვზომავდი“ სულიერ სიმაღლეებს, რჩეულობას თუნდაც გურამ რჩეულიშვილისა, უბრალო ლოთებთანაც რომ მეგობრობდა. აი, წავიკითხე თეოდორ დოსტოევსკის „სუსტი გული“ და სწორედ დიდი გურამის ეს სიტყვები გამახსენდა. თურმე რაზე წერდა „ქართველ ჰემინგუეიდ“ წოდებული ჩვენი „მარად ახალგაზრდა“ მწერალი; სწორადაც, გადაჭარბებაზე…

მოდი, ზოგადიდან მივიდეთ კონკრეტიკამდე. გერმანელი ფილოსოფიის მშვენების, იმანუელ კანტის, საფლავის წარწერაზე ყველას მოგვეხსენება: „მე მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“. კანტის გაკვირვების საგანი, პლანეტათა წესრიგია თუ შინაგანი, ზნეობრივი, წყობა ადამიანისა, რომელიც აბორიგენებსაც კი აქვთ, რაზეც ფროიდიც წერდა თავის „ტოტემსა და ტაბუში“, – ორივე ღმერთია.

ყოველ ჩვენგანს გასჩენია კითხვები:

  • ვინ ვარ?
  • საიდან მოვდივარ?
  • რა ადგილი მეკუთვნის ან მიკავია ამ სამყაროში?
  • რა არის დედამიწა?

ეს მარადიული კითხვებია და მათზე პასუხის გაცემის მცდელობაც კი შეგვიძლია ფილოსოფიურ განსჯად ჩავთვალოთ, სიბრძნესთან ზიარების დასაწყისად.

პლანეტარული მოძრაობა, მზის სისტემა თუ სხვა გალაქტიკები, მილიონობით სინათლის წლით რომაა დაშორებული ერთმანეთისგან, თითქოს, ვიღაცამ სკრუპულოზურად „მომართა“, კარგად აწყობილი საათის მექანიზმივით: მათი დაშორება, ურთიერთმიმართება მკაცრად, ზუსტად განსაზღვრულია, აწყობილი; ზნეობრივი ქვაკუთხედია და მასზე „შენდება“ ნებისმიერი ადამიანის პიროვნული „შენობა“. მორალი ადამიანის ქცევებსა და მის საფუძვლებს სწავლობს. კაცობრიობის ისტორიაც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების მძაფრი დინამიკა. ყველა ერში ასეა, ვერც „წმინდანობას“ დაიკვეხნის ვინმე და ვერც მხოლოდ „დემონურის“ დომინირებას, რომელიც ცალკე აღებული ვერანაირ კულტურას ვერ შექმნიდა. ეს ანტაგონიზმია რელიგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემაც, ცხადია. როგორც გურამ რჩეულიშვილის ზემოთქმული აზრი არაა ცალსახად მისაღებ-ასახსნელი, ისე ქრისტიანული იდიომი: მარჯვენა ლოყაზე რომ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. ეს პირდაპირ რომ გაგვეგო, ქართველებს სამშობლო აღარ გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხო, მაგრამ თავი როგორ არ უნდა დაიცვა? მოქნეულ სატევარს კისერი როგორ უნდა მიუშვირო? ან ბედისწერას მიჰყვე მორჩილად, მკვდარი თევზივით… „მერანი“ სულ სხვა რამეს გვეუბნება, არა?! მოკლედ, თვალთახედვის კუთხეს გააჩნია; მაგალითად, მოწოდება ახალგაზრდისადმი, რომ წავიდეს და სიცოცხლის ფასად დაიცვას სამშობლო, მხოლოდ მაშინ იქნება მორალურად, ზნეობრივად, გამართლებული, თუკი შესაბამის სიტუაციაში ასე მოიქცეოდა კაცი საკუთარი შვილის მიმართაც.

საინტერესოა, რა არის ადამიანის ზნეობრივი ქცევის საფუძველი:

  • რატომ ვიქცევით ასე და არა სხვანაირად?
  • რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ერთსა და იმავე გარემოში, კეთილადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანი და ბოროტადაც?
  • რატომაა, რომ ის, რასაც ბერს თავის დავიწყებად ეთვლება და ღმერთამდე ამაღლებად, ერობაში მყოფს იდიოტიზმად, სისუსტედ, საბედისწერო შეცდომად შეიძლება ჩაუთვალონ?
  • რატომაა, რომ ცოდნა გავრცელება/გამრავლებითაა სინათლე, ხოლო ღვთაებრივი „ცოდნის“ პატრონს ყოფა, ადამიანებთან ყოფნა, ანადგურებს, თუ არ გაეცალა?

ასე მივადექით ფიოდორ დოსტოევსკის „სუსტ გულსაც“; პრობლემა არაამქვეყნიური თავმდაბლობისა, შინაგანი სისუფთავისა, პატიოსნებისა, რომელიც მსხვერპლად აქცევს ადამიანს, მწერალმა თავის რომან „იდიოტშიც“ დასვა. თუმცა ამ მოთხრობაში ცოტა სხვა კუთხითაა, თუმცა არსი და პოზიცია მწერლისა – იგივე.

მოთხრობა დასაწყისშივე გვაცნობს ორ ადამიანს, რომელთა მეგობრობა მგრძნობიარობით გამოირჩევა, თან ისინი ერთად ცხოვრობენ („არკაშა! არკაშა! ჩემო კარგო! ერთად ვიცხოვრებთ. არა! შენ ვერაფრით დაგშორდები“); თუმცა ერთი სრული რეგალიითაა ნახსენები: არკადი ივანოვიჩ ნეფედევიჩი, ხოლო მეორე, უბრალოდ, ვასია შუმკოვი. ეს შემთხვევითი არაა და ამ მეორე მეგობრის სახელისა და გვარის, რომელიც შინაგან „ხმაურზე“ უფრო მიუთითებდა თურმე, ვიდრე გარეგანზე, „ქვეტექსტი“ ნაწარმოების ბოლოს მჟღავნდება. ეს შინაგანი „ყვირილი“ ჩუმ ვასიაში სიხარულისგან აღტყინებითა და წონასწორობის დაკარგვით გამოიხატება – „არ ვარ ამ ბედნიერების ღირსი! მესმის ეს, ვგრძნობ ამას. რით დავიმსახურე, – ამბობდა იგი და ყელში მოწოლილ ქვითინს იხშობდა, – მითხარი, ასეთი რა გავაკეთე! შეხედე, რამდენი ადამიანი, რამდენი ცრემლი, რამდენი მწუხარება და საყოველდღეო ცხოვრებაა უდღესასწაულოდ!“ (22).

ვასიას, რომელიც ფიზიკური გვერდმრუდობითაა დაბადებიდან, შეუყვარდება ყველანაირად შემკული, სათნო ლიზანკა. ხოლო ვასიას უფროსი, იულიან მასტაკოვიჩი, მას საბედისწერო, განსაკუთრებულ დავალებას აძლევს, რომელიც ხდება წინაპირობა დაქორწინების მოსურნე ღარიბი ვასიას უკიდეგანო იმედებისა. ყველა ისე არაბუნებრივად ბედნიერია, რაზეც ავტორის, მთხრობლის, ფარულ ირონიაშეპარული, აღტაცებული ცნობიერების ნაკადიც მოწმობს, რომ მკითხველს უჩნდება უცნაური ცუდის მოლოდინი, რომლითაც ეს აღგზნებული, უჩვეულოდ იდილიური აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს… და იწყება კიდეც შფოთი ვასიას შიგნით: მას ჰგონია, რომ დრო ტყუილად გაფლანგა და უფროსის მიცემულ დავალებას დროზე ვერ შეასრულებს, ამით კი მისი ბედნიერება დაინგრევა. არკადი, რომელიც კარგად იცნობს მეგობარს, ასევე შეშფოთებულია: „როგორ შეუძლია ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა! ციებცხელებიანივით იქცევა! ოჰ, უნდა გადავარჩინო! უნდა გადავარჩინო!“(42). თუმცა ბოლომდე ვერც თავის ტანჯულ მეგობარს უგებს და ვერც მის ნაღველს, რომელიც კეთილი და სათუთი კია, მაგრამ უპატიებლად სუსტი.

„ჰო, ძმაო, დამეთანხმე, ისურვებდი, რომ, მაგალითად, მე, შენს საუკეთესო მეგობარს, უცბად ათასი კაპიტალი აღმომაჩნდეს; რომ დედამიწაზე არსებული ყველა მტერი უეცრად, ჯადოსნური ჯოხის აქნევით, შერიგდეს, გახარებულნი ერთმანეთს შუა ქუჩაში გადაეხვივნონ და შემდეგ აქ, ბინაში, სტუმრად გვეწვივნონ. ჩემო მეგობარო! ჩემო კარგო! არ ვიცინი, ისე ვამბობ… იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ, გინდა, რომ ყველა, უკლებლივ ყველა, ერთი ხელის მოსმით გაბედნიერდეს. შენ გტკივა, გიმძიმს, რომ მარტო შენ ხარ ბედნიერი! ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებ, რომ ამ ბედნიერების ღირსი იყო და ნამუსის მოსაწმენდად საგმირო საქმე ჩაიდინო!…“ (48-49). რაზე საუბრობს არკადი ივანოვიჩი, რა არის ეს? ოცნებებით გატაცება? მოჭარბებული მგრძნობიარობა, სინდისიერება („ტყუილის თქმა არ შემიძლია“) თუ ამსოფლიური ტრაგიზმის შეგრძნება? იქნებ დანაშაულის კომპლექსი?

ის, რასაც ვასია გრძნობს, ალუდა ქეთელაურის განცდების მსგავსიცაა, მაგრამ უფრო კარიკატურულია, რადგან ალუდას ჰეროიზმთან ის ახლოსაც ვერ მივა, ისეთი საცოდავია. ამას კი მწერალი უღრმესი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ფსიქოლოგიზმებით გვაჩვენებს. ვასიას თავი ბედნიერების ღირსად არ მიაჩნია, რაც თვითუარყოფამდე მიმყვანია და ეს არის მომპალი ფესვიც მისი ტრაგიკულობისა – „უნდა გადავარჩინო. უნდა შევარიგო საკუთარ თავთან, თორემ ასე ანდერძს აიგებს!“, უკვე სასოწარკვეთილია არკადი ივანოვიჩიც. თუმცა ვერაფერს უხერხებს მეგობრის არასრულფასოვნებას, ეს უკანასკნელი ჭკუიდან იშლება: „– რატომ უნდა მოკლათ ის ქალი? ასეთი რა დააშავა, რა?… ჩემი ცოდვაა, ჩემი ცოდვა!…“ (62). მას ჰგონია, რომ საქმის მოუსწრებლობის, ანუ ცუდად შესრულების გამო ჯარში იწვევენ.

ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელში“ კაცთა მოდგმის ორბუნებიანობაა ნაჩვენები: დახვეწილობაც და მხეცური ბუნებაც; ეს უკანასკნელი კი, გარკვეული დოზით, გვეხმარება, რომ სხვა „მხეცებმა“ ან „მგელმა“ ცხოვრებამ არ დაგვჩაგრონ.

„– როგორ, როგორ შეემთხვა ასეთი რამე? – ამბობდა იულიან მასტაკოვიჩი; – რატომ შეიშალა ჭკუაზე?

  • მა-მად-ლიერებისგან! – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა არკადი ივანოვიჩმა“ (66).

არადა, არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ვასიასთვის დავალებული სამუშაო. თუმცა ცხოვრებას, რომელიც მარად „მსხვერპლის“ მაძებარია, სასტიკი განაჩენი გამოაქვს ასეთ დროს; ამიტომ არ უნდა მოუხუჭო მას თვალი; ამიტომ არ უნდა იყო ნამეტანი გულჩვილი („აი, ასე, არაფრის გულისთვის დაიღუპა ადამიანი!“)…

ჭკუიდან შეშლილი ვასია ამბობს, რომ მას ფიზიკური ნაკლი აქვს და ჯარში არ გამოდგება. თუმცა მისი გადაჭარბებული თავმდაბლობა უკვე სულიერი ნაკლია. ის ხომ ასკეტი ბერი არაა, ცხოვრების შუაგულშია და ასე რომ არ გათელილიყო, საკუთარი თავის პატივისცემა, ღირსება უნდა შეენარჩუნებინა, მერე რა, რომ ძალიან დაბალი წარმოშობისა იყო და ღარიბიც; „მორჩილება და იშვიათი თვინიერება“, როგორც ვასიაზე წერს კლასიკოსი მწერალი, პირუტყვს უხდება, ისიც შინაურს. ადამიანი კი სამყაროს სიყვარულს საკუთარი თავის სიყვარულით სწავლობს. ხოლო თავის სიყვარული სწორედ იმ ზნეობრივი წესრიგის, ჩვენი შინაგანი ღვთის ხატის, პატივისცემაა, რომელზეც კანტი წერდა.

ამ „ქიმერული უბედურების“ შემდეგ მეგობრები შორდებიან. ვასია საავადმყოფოში მიჰყავთ: „რაზე ტიროდნენ? სად იყო ეს უბედურება? რატომ არ ესმოდათ ერთმანეთის?…“.

ვინ სვამენ ამ კითხვებს – დემონები თუ ანგელოზები?

პასუხი ლიზანკას ძმის, პატარა პეტიას, ცრემლებია და სუსხიანი, სისხლიანი დაისის უკანასკნელი ძოწეული, ისეთივე აუხსნელი, როგორც ადამიანის სულიერი სამყარო, თვით ისეთი დიდებული მწერლისთვისაც კი, როგორიც ფიოდორ დოსტოევსკია, რომელიც „საპარადო“ ახსნად ამ უცნაურობისა იმას გვამცნობს, რომ ვასიას სუსტმა გულმა ბედნიერებას ვერ გაუძლოო; სინამდვილეში კი მწერალი ყოფიერების სიღრმეებისკენ გვიკვალავს გზას და „იქ“, იმ უცნაურ, სიზმრისეულ, ამორფულ მორევში ჩაგვახედებს, რომელშიც ცნობიერი ქვეცნობიერს შერწყმია და ახსნას ჩვენ გვანდობს. მე რაც შემეხება, ახალი მცნება აღმომაჩენინა ამ მოთხრობამ – პატივი ეცი თავსა შენსა, რომ მასში ღმერთი დაინახო. ღმერთი, რომელმაც შესაქმის, სამყაროს, გვირგვინად შეგვქმნა; ღმერთი, რომელიც სევდიანი მზერით გადმოგვყურებს პრეისტორიული დროიდან… ამაღლება დღეს ვწერ ამას და ავმაღლებულიყავით ჩვენს სულებში დავანებულ ღმერთამდე!…

 

 

 

ციტატები – ფიოდორ დოსტოევსკი „სუსტი გული“, 2021, გამომცემლობა „პალიტრა L“

 

ჩრდილების თეატრი –  თემის გაცოცხლება

0
 თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა აბსტრაქტული მეცნიერული ცნებების მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომ და საინტერესო ფორმატში წარდგენა. მინდა გაგიზიაროთ სწავლების დაწყებით საფეხურზე ჩემს მიერ განხორციელებული  სასწავლო პროექტი, რომელიც საგნების  ინტეგრირებას, მოსწავლეთა აბსტრაქტული  აზროვნების  და სხვადასხვა უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.  ჩრდილების თეატრი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ხელოვნებას და დრამატურგიას ერთიან სასწავლო გამოცდილებაში.
პროექტის აღწერა
მონაწილეები: 3-5 კლასის მოსწავლეები
ფორმატი: ჩრდილების თეატრი
 სასწავლო თემების სპექტრი:
სინათლისა და ბგერის გავრცელება – თეატრალიზებული სცენით გამოჩნდა, როგორ ვრცელდება სინათლე პირდაპირ ხაზზე, როგორ ირეკლება ბგერა, და როგორ იყენებენ ადამიანები და ცხოველები ამ მოვლენებს.
მცენარის ორგანოები – ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი  ” გაცოცხლდნენ” და მაყურებელს უამბეს თავიანთი ფუნქციების შესახებ.
ფოტოსინთეზი – მზისა და მცენარის დიალოგში მოსწავლეებმა მარტივად და სახალისოდ აჩვენეს, როგორ ქმნის მცენარე საკვებს და გამოყოფს ჯანგბადს.
ნაყოფის გავრცელება – ქარი, წყალი და ცხოველები “გადაიქცნენ” ზღაპრული გმირებად და აჩვენეს, როგორ ეხმარებიან  მცენარეებს თესლების გავრცელებას.
ნიადაგის ორგანიზმები – ჭიაყელა, მწერი, მიკროორგანიზმები თეატრალურად გამოჩნდნენ, როგორც ნიადაგის პატარა მუშაკები.
გარემოს დაცვა – წარმოდგენილ იქნა დრამატული სცენა, სადაც ბუჩქი და ხე ითხოვდნენ დახმარებას დაბინძურებისგან და ბავშვებმა გააცნეს მაყურებელს გარემოსდაცვითი ქცევები.
ბუნებრივი მოვლენები – წვიმა, მზე, ქარი და მიწისძვრა “გადმოსხდნენ” პერსონაჟებად და აუხსნეს ბავშვებს მათი წარმოშობა და გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე.
პედაგოგიური მიზნები და შედეგები
ძირითადი მიზნები:
  1. კონცეპტუალური გაგება – აბსტრაქტული მეცნიერული ცნებების კონკრეტულ, ხილულ ფორმაში წარდგენა.
  2. აქტიური ჩართულობა – მოსწავლეების როლი შემსრულებლებისა და მაყურებლების სახით.
  3. ინტერდისციპლინარი კავშირები – მეცნიერება-ხელოვნების სინთეზი.
შემოქმედებითი უნარები:
  •  გამოხატვა.
  • ინოვაციური მიდგომები ცოდნის ორგანიზებაში.
  • ვიზუალური და კინესთეზიური სწავლების მეთოდები.
ჯგუფური მუშაობის კომპეტენციები:
  • კოლაბორაცია და კომუნიკაცია.
  • როლების განაწილება და კოორდინაცია.
  • ერთობლივი პროელქტის რეალიზაცია.
პრეზენტაციული უნარები:
  • საჯარო გამოსვლის გამოცდილება.
  • აუდიტორიასთან ურთიერთობა.
  • თვითდაჯერება და თვითგამოხატვა.
მეთოდოლოგიური ანალიზი
კონსტრუქტივისტური მიდგომა:
მოსწავლეები აქტიურად აშენებენ ცოდნას პირადი გამოცდილების საფუძველზე, არა პასიური ინფორმაციის მიღების გზით.
მულტისენსორული სწავლება:
ვიზუალური, აუდიტორული და კინესთეზიური არხების ერთდროული ჩართვა ზრდის დამახსოვრებისა და გაგების ეფექტურობას.
სოციალ-კონსტრუქტივისტური ელემენტები:
ჯგუფური მუშაობა და ურთიერთქმედება ხელს უწყობს ღრმა სწავლას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მომზადების ეტაპი:
  1. თემატური დაგეგმვა – სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობა.
  2. მასალების მომზადება – ბუნებრივი და ხელოვნური რესურსები.
  3. ჯგუფების ფორმირება – მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების გათვალისწინება.
განხორციელების ძირითადი ეტაპები:
  1. კვლევითი ფაზა – თემების შესწავლა და ანალიზი.
  2. შემოქმედებითი ფაზა – სცენარის შექმნა და პერსონაჟების განვითარება.
  3. რეპეტიციების პროცესი – უნარების დახვეწა და კოორდინაცია.
  4. პერფორმანსის წარდგენა – საბოლოო პროდუქტის დემონსტრირება.
შეფასებისა და რეფლექსიის მეთოდები
ფორმატიული შეფასება:
  • მონაწილეობა რეპეტიციებში.
  • კოლაბორაციული უნარების განვითარება.
  • შემოქმედებითი წვლილი.
  • საბოლოო პერფორმანსის ხარისხი.
  • მეცნიერული შინაარსის სიზუსტე.
  • აუდიტორიაზე ზემოქმედების ხარისხი.
რეფლექსიული კომპონენტი:
  • თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
  • სწავლების პროცესის ანალიზი.
  • სამომავლო გაუმჯობესების იდენტიფიკაცია.

ჩრდილების თეატრი, როგორც პედაგოგიური ინსტრუმენტი, წარმატებით აერთიანებს ტრადიციულ მეცნიერულ სწავლებას და ინოვაციურ, ხელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომებს. ეს მეთოდი არა მხოლოდ ზრდის მოსწავლეების ჩართულობას და მოტივაციას, არამედ უვითარებს მათ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და კომუნიკაციის უნარებს.
პროექტის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ის ქმნის ხანგრძლივ და დამახსოვრებად სასწავლო გამოცდილებას, რომელიც სცდება ტრადიციული კლასოთახის საზღვრებს და ქმნის ბუნებრივ კავშირს განსხვავებულ სასწავლო დისციპლინებს შორის.

ნაკლები ძილი, მეტი ენერგია – გენეტიკური სუპერძალა

0

რეალური ისტორიებით ბიოლოგიის სწავლება ეფექტიანი მეთოდია. ქვემოთ მოცემული ამბავი კოლეჯის სტუდენტის ცხოვრებიდანაა, რომელსაც ცოტა სძინავს, მაგრამ არ იღლება. ქეისი ფარავს შემდეგ საკითხებს:

  1. ძილის საფუძვლები – რატომ გვძინავს, რა პროცესი მიმდინარეობს ტვინში ძილის დროს, რა განსხვავებაა სწრაფ და ნელ ძილს შორის, რა მნიშვნელობა აქვს ძილს ადამიანისთვის, რატომ სჭირდება ადამიანს განსხვავებული ხანგრძლივობის ძილი ასაკის შესაბამისად;
  2. გენეტიკა და თავის ტვინი – რა როლი აქვს DEC2 გენს ძილის რეგულაციაში, რა ხდება მისი მუტაციის დროს;
  3. ტვინის ანატომია და ქიმია – როგორ მოქმედებს ნეიროპეპტიდი ორექსინი (ჰიპოკრეტინი) ძილიანობასა და უძილობაზე;
  4. მეცნიერება და ჯანმრთელობის შენარჩუნება – რა მნიშვნელობა აქვს ძილის შესწავლას ნარკოლეფსიისა და ინსომნიის სამკურნალო გზების ძიებაში.

ისტორიის გამოყენება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი:

  • დაიწყე ისტორიით – მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ლენას ამბავს ან მოსწავლეებს აკითხებს მოკლე მონაკვეთებს;
  • მონიშნე ტექსტში ადგილები, სადაც ტვინის სტრუქტურა ან ქიმიური ნივთიერებებია მოცემული;
  • მონიშნე ტვინის დიაგრამაზე ადგილი, სადაც ორექსინი გამოიყოფა. ასევე სტრუქტურა, რომელიც არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლს;
  • იმსჯელე, რა კავშირია ნეიროტრანსმიტერს, გენსა და ადამიანის ქცევას შორის;
  • დაასახელე პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებისთვისაც უძილობას სარგებლის მოტანა შეუძლია.

ლენამ ყოველთვის იცოდა საკუთარი უცნაურობის შესახებ, თუმცა ეს არც ისე შესამჩნევი იყო. კოლეჯში სწავლისას სტუდენტურ საცხოვრებელში კლარასთან იყოფდა ოთახს. კლარა მეგობრული და მხიარული იყო. ბევრ კითხვას უსვამდა, საიდან იყო, რას საქმიანობდა. კოლეჯში სწავლის დაწყებიდან თითქმის სამი კვირა იყო გასული, რომ ოთახის მეზობელმა ლილის უცნაურობა შეამჩნია.

,თითქმის არასოდეს გძინავს – ჩაილაპარაკა კლარამ, როცა სამზარეულოში თვალების ფშვნეტით შესულმა ენერგიული ლილი დაინახა. ლილი უკვე ჩაცმული იყო, თმა დავარცხნილი, მოწესრიგებული და დილის რვა საათზე ჩანიშნული ბიოლოგიის გაკვეთილისთვის ემზადებოდა.

  მძინავს, – სიცილით თქვა ლენამ. – ჩემთვის ხუთი საათიც საკმარისია.

თავიდან კლარას ეგონა, რომ აზვიადებდა რამეს. მაგრამ ღამეები გადიოდა და ლილის უცნაურობა უფრო ნათელი ხდებოდა. ღამის თორმეტ საათზე იწყებდა კითხვას, სწავლას, ამზადებდა პროექტებს. ორზე წვებოდა და დილის შვიდ საათზე ისევ ენერგიით სავსე, მხიარული ლილი ხვდებოდა.

რაღაც ჯიშის სუპერადამიანია, – ერთ დღესაც აღმოხდა გაკვირვებულ კლარას. სიმართლე რომ ვთქვათ, ის მართალიც იყო.

საერთოდ რატომ გვძინავს?

კლარამ ფსიქოლოგიაში გარკვეული საკითხები დაამუშავა, „ძილი ყველას სჭირდება“, თქვა მან. “ეს ბუნების კანონია”. ის სრულიად მართალი იყო.

ძილი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებაში:

  • ახარისხებს ინფორმაციას;
  • აღადგენს კუნთებსა და ქსოვილებს;
  • არეგულირებს ჰორმონების გამოყოფას;

 

ასევე ტვინს ეხმარება ნარჩენებისგან გათავისუფლებაში. ახალგაზრდას საშუალოდ 7-9 სთ ძილი სჭირდება. უძილობას შეუძლია გამოიწვიოს:

  • „ნისლიანი“ ფიქრების გაჩენა;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • იმუნური სისტემის დასუსტება;
  • გულის დაავადებების ჩამოყალიბების რისკის ზრდა.

როგორ შეუძლია ლენამ ასე ენერგიულად იცხოვროს მხოლოდ ხუთ საათიანია ძილით?

გენეტიკური ირონია: DEC2 მუტაცია

აღმოჩნდა, რომ პასუხი ლენას გენებშია.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენური მუტაცია DEC2, ეს აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა სძინავთ, თუმცა არაფერი აწუხებთ, ანუ მათთვის მცირე ხნით ძილიც საკმარისია. მუტაცია ისეთ ოჯახებში აღმოაჩინეს, სადაც ოჯახის წევრების უმრავლესობას ძალიან ცოტა ეძინათ.

რა ხდება აღნიშნული მუტაციის დროს:

  • DEC2 გენი არეგულირებს ადამიანის ძილ-ღვიძილის ციკლს;
  • ნორმალურ სიტუაციაში, ის ,,შემოუძახებს“ ტვინს – „მეტი დასვენება გჭირდება“.
  • მაგრამ ლენას მსგავს ადამიანებში, მუტაცია აქრობს აღნიშნულ სიგნალს;
  • მათი ტვინი სრული დასვენების მდგომარეობას სწრაფად აღწევს და მცირე ხანს ძილიც საკმარისია.

სიფხიზლის ნივთიერება – ორექსინი

DEC2 ამ ისტორიის ერთადერთი გმირი არ არის. ტვინში არის ქიმიური მესენჯერი ორექსი. მისი დანიშნულება ორგანიზმის გამოღვიძებაა. ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მცირე რაოდენობით ორექსინი აქვთ, ნარკოლეფსიით იტანჯებიან. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს უცებ ეძინება დღის განმავლობაში და ვერ ფხიზლდება.

ლენას ტვინი შესაძლოა ბუნებრივად მეტ ორექსინს გამოიმუშავებს. ფაქტია, რომ მისი ტვინი ეფექტურად მუშაობს. ამას გარდა, პროდუქტიულობაც მაღალია.

 

რამდენადაა შესაძლებელი ლენას ისტორია სხვებს დაეხმაროს?

ლენას ისტორია მთელ კამპუსში გავრცელდა სტუდენტურ გაზეთში გამოქვეყნებული ამბის საშუალებით. მან მიიქცია ძილის ციკლზე მომუშავე ერთ-ერთი პროფესორის ყურადღება. სტუდენტებს აუხსნა, როგორ შეიძლება, ლენას მსგავსი ადამიანების შესწავლით დაეხმარონ ადამიანებს, რომლებსაც ძილის დარღვევა აქვთ.

„თუ გავიგებთ, როგორ მუშაობს DEC2 ან ორექსინი, შესაძლებელი გახდება მკურნალობის ახალი გზების მოძებნა“ – აღნიშნა მან.

  • ნარკოლეფსია, ორექსინის დამატებით;
  • უძილობა, ორექსინის ბლოკირებით;
  • ან დაეხმარონ ცვლაში მომუშავეებს, რომლებსაც ძილის სხვანაირი რეჟიმი აქვთ.

ფაქტობრივად უკვე არსებობს მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს ორექსინს და ადამიანს ჩაძინებაში ეხმარება. მედიკამენტები, რომლებიც გაზრდიან ორექსინის დონეს და ადამიანს სიფხიზლეს შეუნარჩუნებენ, განვითარების პროცესშია,

დასკვნა

მართალია, ლენას არ აქვს ფრთები, რომ ცაში გაინავარდოს, მაგრამ გენეტიკამ საიდუმლო უპირატესობები მიანიჭა: დღეში მეტი საათი, ნაკლები ძილი და მიუხედავად ამისა, ბევრი ენერგია და ხალისი.

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/05/30/case-study-sleepless-not-tired/

გეოგრაფიული ანალიზი პარადიგმათა მიღმა

0

როგორ აყალიბებს ჩვენი მსოფლმხედველობა ცოდნის აღქმას, გადაწყვეტილებებსა და კვლევის მიდგომებს გეოგრაფიაში?

გლობალური საკითხები კომპლექსური და შესასწავლად რთულია. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს მიკერძოებული, მოძველებული ან  უბრალოდ მცდარი. ჩვენი ამოცანაა  გამოვავლინოთ ნებისმიერი წინასწარ ჩამოყალიბებული მცდარი წარმოდგენა, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს საკითხის სწორ გაანალიზებაში. მოგვიწევს გააზრებული მოქმედება, რათა გავიგოთ სიმართლე ნებისმიერი კონკრეტული საკითხის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები მხოლოდ სანდო წყაროებიდან მოვიპოვოთ, რათა თავიდან ავიცილოთ დეზინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს საკითხში უშუალოდ ჩართული პირებისთვის.

ზოგჯერ ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმა ემყარება თვალთახედვას, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ. ამას შეიძლება ჩვენი მსოფლმხედველობა ანუ პარადიგმა ვუწოდოთ. პარადიგმა არის ვარაუდების, კონცეფციებისა და ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც ქმნის რეალობის აღქმისა და ინტერპრეტაციის გზას. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინდივიდუალური პარადიგმა, ან შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების პარადიგმა გავიზიაროთ.

ტერმინი „პარადიგმა“ შემოიღო ამერიკელმა ისტორიკოსმა, ს. თომას კუნმა (1922-1996), როდესაც მან მეცნიერების ზრდისა და განვითარების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თეორია წამოაყენა. კუნმა (1962) „პარადიგმა“ განსაზღვრა, როგორც რწმენების, ღირებულებების, ტექნიკისა და ა.შ. ერთობლიობა, რომელსაც მოცემული საზოგადოების წევრები იზიარებენ.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს ჩვენი აღქმა და არსებული წარმოდგენები გლობალური პრობლემების სწორად აღქმის უნარს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ზოგად დასკვნებსაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი პარადიგმები, თუ გვსურს ვიპოვოთ და ავხსნათ ჩვენი პირადი დამოკიდებულება, რათა გვქონდეს მსოფლმხედველობა, რომელიც ასახავს დღევანდელ სამყაროს და არა ათწლეულის წინანდელ სამყაროს.

ჩვენი მსოფლმხედველობა არა მხოლოდ განსაზღვრავს რას ვხედავთ, არამედ იმასაც, როგორ ვუკავშირებთ აზრს რეალობას. გეოგრაფიულ კვლევაში ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ ვართ ჩვენი კულტურის, განათლების, გამოცდილებისა და სოციალური გარემოს პროდუქტები – ეს ყველაფერი კი აყალიბებს პარადიგმებს, რომელთა მეშვეობითაც ვაფასებთ მოვლენებს.

პარადიგმების პრობლემა ის არის, რომ როგორც კი მას გავითავისებთ (მაგალითად, ძაღლები კატებზე უკეთესი შინაური ცხოველები არიან), შეიძლება მიზეზებს აღარ მივაქციოთ ყურადღება, რატომ უნდა გადავხედოთ თავდაპირველ წარმოდგენას. უმეტეს შემთხვევაში, მსოფლმხედველობა იმის შესახებ, თუ რომელი შინაური ცხოველი ჯობია, ნაკლებად შეცვლის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, თუ პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფთან შედარებით დაბლა დგას, ჩვენ შეიძლება კულტურული გენოციდი გავაღვივოთ.

როდესაც ვსწავლობთ გეოგრაფიულ პროცესებს ან ადგილებს, ჩვენი პარადიგმა -ღირებულებების, რწმენებისა და გამოცდილების ერთობლიობა – ხშირად განსაზღვრავს, რა მონაცემებს მივანიჭებთ მნიშვნელობას და რას ვუყურებთ „ნორმალურად“. მაგალითად, ინდივიდი, რომლის მსოფლმხედველობა აგებულია ეკონომიკური განვითარების პრიზმაზე, შეიძლება მიწათსარგებლობის საკითხები ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით განიხილოს. ის მკვლევარი, რომელიც ეკოლოგიურ წონასწორობას პრიორიტეტად მიიჩნევს,  ყურადღებას გაამახვილებს ტერიტორიის ეკოლოგიურ წოასწორობაზე და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.

ინდივიდის, ჯგუფის ან ცივილიზაციის მიერ შექმნილმა პარადიგმამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს სხვა შესაძლებლობების დანახვაში. ამრიგად, პარადიგმები არის პერსპექტივები, საიდანაც ჩვენ ვუყურებთ პრობლემებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ პარადიგმებს არ გავაანალიზებთ, ცხოვრებაში მხოლოდ იმას დავინახავთ, რაც გვინდა დავინახოთ და არა იმას, რაც სინამდვილეში არსებობს.

ჩვენი მსოფლმხედველობაც შეიძლება გამოწვევის წინაშე დადგეს. რეალურ ცხოვრებაშიც კი შეიძლება მოგვიწიოს ზედაპირული აღქმის გადალახვა, რათა სამყაროს საკითხების უფრო ღრმა გაგებამდე მივიდეთ.

ზოგჯერ ჩვენი მსოფლმხედველობა ან პარადიგმა მცდარი აღმოჩნდება. წარმოიქმნება ანომალიები ან შეუსაბამობები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რასაც „ჭეშმარიტად“ მივიჩნევდით, ამიტომ უნდა შევცვალოთ სამყაროს აღქმის, აზროვნებისა და სმაყაროს შეფასების ჩვენი წესი. ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი ვარაუდები და მოლოდინები, რომლებიც შეცვლის ჩვენს თეორიებს, ტრადიციებს, წესებსა და პრაქტიკის სტანდარტებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პარადიგმა, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ძველი პარადიგმის გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრას.

გეოგრაფიული პარადიგმის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენი კონტინენტი არსებობს. ეს ხომ საკმაოდ კონკრეტული და მარტივად დასადგენი საკითხია?

პარადიგმის არსებობისას, ჩვენ ვაგროვებთ ახალ ინფორმაციას, ვამოწმებთ ძველს  და ზოგიერთ შემთხვევაში ვცვლით მას.  ეს გარდაუვალია, რადგან ახალი ინფორმაციის მიღებისას ჩვენი ვარაუდები იძულებულია შეიცვალოს. ამ მაგალითში, ალბათ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კონტინენტი არსებობს; შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით. თუმცა, თუ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში დაგვეხმარება, კონსენსუსის მისაღწევად, შესაძლოა, ჩვენი პარადიგმა შევცვალოთ.

ნებისმიერი დისციპლინა ან მისი ქვედისციპლინა ყოველთვის ფუნქციონირებს და მოქმედებს ჩარჩოში ან გარკვეულ კონცეპტუალურ მატრიცებში – „პარადიგმებში“. პარადიგმა ყურადღებას ამახვილებს ფილოსოფიურ პერსპექტივასა და მეთოდოლოგიებზე, რომლებიც აქტუალური იყო და აგრძელებენ თეორიული უკუკავშირის მიწოდებას ახალი მკვლევრებისთვის. ნებისმიერი მოდელი, იდეა, კონცეფცია, ტექნიკა ან მეთოდი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ინტერესის ან კვლევის გენერირება კონკრეტული დროის მონაკვეთში, შეიძლება ეწოდოს პარადიგმა.

ვერცერთი დისციპლინა ვერ გადარჩება პარადიგმის ცვლილების გარეშე. ეს გეოგრაფიასაც ეხება. პარადიგმებს აქვთ უნარი, შეცვალონ ადამიანების აზროვნება, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია. გეოგრაფიული კვლევების ბირთვს წარმოადგენს ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობის შესწავლა. კვლევაში პარადიგმის ცვლილებები მოჰყვებოდა სხვადასხვა ათწლეულების განმავლობაში სოციალური მოთხოვნილებებისა და სამართლიანობის გლობალურ და ეროვნულ პრიორიტეტებს.

გეოგრაფიული იდეების ან კონცეფციების განვითარება, როგორიცაა დეტერმინიზმი (გარემოს გავლენის უპირატესობა), პოსიბილიზმი, ნეოდეტერმინიზმი და ა.შ.,  წარმოადგენს გეოგრაფიის კლასიკური პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა პარადიგმული ფაზის გამოვლინებას. ეს გეოგრაფიული იდეები ან კონცეფციები დღემდე განიხილება გეოგრაფიულ კვლევებში, რადგან ისინი ასახავს ადამიანისა და გარემოს ურთიერთობებისა და რესურსების გამოყენებას სხვადასხვა თანამედროვე გეოგრაფიული ტექნიკის მეშვეობით სხვადასხვა ათწლეულში.

გეოგრაფიაში უახლესი პარადიგმები გაცილებით მეტად არის შერწყმული ტრადიციულ და თანამედროვე გეოგრაფიულ კონცეფციებთან, რაოდენობრივ-მულტიდისციპლინურ მიდგომებთან და გეოსივრცითი მონაცემების უფრო ფართო გამოყენებასთან.

ამიტომ, თუ გვსურს ობიექტურად მივუდგეთ გეოგრაფიულ კვლევას, საჭიროა საკუთარი პარადიგმების გააზრება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადახედვაც. სწორედ ეს მიგვიყვანს მდგრად და ფართო ხედვაზე დაფუძნებულ ანალიზამდე.

 

გამოყენებული იტერნეტგვერდები:

https://www.scielo.br/j/sn/a/yyNrzs4rtHQVMPzM7tLw7nf/

https://www.youtube.com/watch?v=t5_e4srnBe0&t=8s

AI და ავტორობის საკითხი: ვინ წერს ტექსტს?

0

“რამდენად ირონიულია, რომ იქ, სადაც ბარტმა 1967 წელს გამოაცხადა „ავტორის სიკვდილი“, 2020-იან წლებში გამოჩნდა ახალი არსება — ავტორის ალგორითმული სილუეტი, რომელიც არც მკვდარია და არც ცოცხალი:

ეს არის ჩატბოტი.”

CatGPT

„ავტორი” ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის მიერ წამოყენებულმა რევოლუციურმა იდეამ „ავტორის სიკვდილის“ შესახებ, სამუდამოდ შეცვალა ტექსტისა და მისი ინტერპრეტაციის აღქმა.

მოდი, გავიხსენოთ, როგორი იყო ბარტის ძირითადი იდეები ამ თემაზე. ბარტი ამტკიცებს, რომ “ავტორის” ფიგურა, როგორც ტექსტის ერთადერთი და საბოლოო მნიშვნელობის მფლობელისა, ისტორიულად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა კაპიტალიზმის, ინდივიდუალიზმისა და საკუთრების იდეასთან ერთად. ავტორის სახელი იქცა ბრენდად, რომელიც ტექსტს გარკვეულ ღირებულებასა და “სწორ” ინტერპრეტაციას ანიჭებს.

ბარტისთვის ტექსტი არ არის ავტორის გენიის უნიკალური პროდუქტი. ის არის “მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის და ეჯახება სხვადასხვა კულტურული კოდი და ციტატა”. ავტორი კი არ “ქმნის” რაღაც ახალს, არამედ არის “სკრიპტორი”, რომელიც უბრალოდ ერთმანეთს უკავშირებს უკვე არსებულ კულტურულ მასალას. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია, რომ ბარტი იმ დროს ისე წერდა ავტორზე, როგორც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ AI -ზე და მის  მიერ შექმნილ ტექსტებზე.

ბარტის ცნობილი ფრაზის თანახმად, “მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ფასად უნდა მოხდეს”. ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა  მკითხველის აღქმაში იბადება და არა ავტორის განზრახვაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ეპოქაში, ეს კონცეფცია სრულიად ახალებურად გაიაზრება. თუკი ტექსტს მანქანა ქმნის, ვინ არის მისი ავტორი და როგორ იცვლება „ავტორის სიკვდილის“ თეორია ახალ ციფრულ რეალობაში?

„ავტორის სიკვდილიდან“ „ავტორის გაქრობამდე“ – ბარტი და AI

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები, დაწყებული მარტივი ახალი ამბებიდან, დასრულებული რთული პოეტური და ფილოსოფიური ნაშრომებით, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ტექნოლოგიური ნახტომი ძირეულად არყევს ავტორობის ტრადიციულ გაგებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცნობიერებასთან, გამოცდილებასა და შემოქმედებით უნართან იყო გაიგივებული.

როლან ბარტისთვის „ავტორის სიკვდილი“ მეტაფორა იყო, ციფრულ ეპოქაში კი ეს მეტაფორა იქცა რეალობად.

ბარტისთვის ავტორი იყო ძალაუფლების სიმბოლური ფიგურა, რომელსაც დასავლურმა კულტურამ ღმერთის ფუნქცია მიანიჭა ლიტერატურაში.
ეს ავტორი ქმნის ტექსტს როგორც კაპიტალს და ფლობს მას, ანუ იქმნება კავშირი:
წერა ↔ საკუთრება ↔ ძალაუფლება.

ბარტი ავტორობის იდეას ახალი დროის კუთვნილებად თვლის:  „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუასაუკუნეების დასასრულს, თავისთვის აღმოაჩინა ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, “ადამიანის პიროვნება”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის “პიროვნება” ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია.“[1]

ახლა დავაკავშიროთ ეს იდეები AI ჩატბოტების “ავტორობასთან”. ერთი შეხედვით, AI არის ბარტის თეორიის ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაცია: AI ჩატბოტს არ გააჩნია ბიოგრაფია, ფსიქოლოგია, განზრახვები ან პირადი გამოცდილება. ის ბარტისეული “სკრიპტორის” იდეალური განსახიერებაა. ის არ “გამოხატავს საკუთარ თავს”, არამედ მექანიკურად აერთიანებს, ურევს და წარმოქმნის ტექსტს იმ უზარმაზარ მონაცემთა ბაზიდან, რომელზეც გაწვრთნეს; AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი სიტყვასიტყვით არის “ციტატების ქსოვილი”. ის შედგება მილიონობით წიგნის, სტატიის, ვებსაიტისა და საუბრის ფრაგმენტებისგან. როდესაც ჩატბოტი “წერს”, ის ახალს კი არ ქმნის, არამედ ალგორითმულად აწყობს იმას, რაც კაცობრიობას უკვე შეუქმნია.  (დაახლოებით ამას ამბობს ბარტი ავტორზეც, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ).[2]

ამ პერსპექტივიდან, AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ტექსტი “ავტორის” გარეშე, მისი კლასიკური გაგებით. ის გვათავისუფლებს ავტორის ბიოგრაფიისა და განზრახვების ძიებისგან და გვაიძულებს, მთელი ყურადღება თავად ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე გადავიტანოთ.

თუმცა, აქ ჩნდება ახალი, გადამწყვეტი კითხვა: თუკი AI არის „სკრიპტორი“, ვინ არის ის, ვინც მას ამუშავებს?

აქ კი ავტორის როლზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე სუბიექტი:

მომხმარებელი (The User): ის, ვინც სვამს კითხვას, აძლევს დავალებას (prompt). მომხმარებელი განსაზღვრავს თემას, სტილს, სტრუქტურას. ის დირიჟორია, რომელიც მართავს AI ორკესტრს. მისი კრეატიული იმპულსის გარეშე ტექსტი არ შეიქმნებოდა.

AI მოდელის შემქმნელები (The Developers): ინჟინრები და მკვლევრები, რომლებმაც შექმნეს მოდელის არქიტექტურა, ალგორითმები და ტრენინგის მეთოდოლოგია. მათ ჩადეს სისტემაში “აზროვნების” წესები.

მონაცემთა ბაზა (The Dataset): კაცობრიობის კოლექტიური ცოდნა და კულტურა, რომელზეც AI გაწვრთნეს. ამ გაგებით, “ავტორი” არის კოლექტიური ცნობიერება, ყველა ის მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ბლოგერი, ვისი ნაშრომებიც მონაცემთა ბაზაში მოხვდა.

თავად მკითხველი: ბარტის იდეას თუ ბოლომდე გავყვებით, ავტორის ძიება უშედეგოა. მნიშვნელობა იქმნება მაშინ, როცა მკითხველი ეცნობა ტექსტს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ფილტრში ატარებს. ამ შემთხვევაში, AI უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტუალურ მასალას აწვდის საბოლოო “ავტორს” – მკითხველს.

 ავტორი = მკითხველს. და აქ თავს იჩენს ახალი იდეა: ავტორი-მკითხველი. მოდი, თანმიმდევრულად წარმოვიდგინოთ ეს ციკლი: თქვენ გაქვთ იდეა, შეკითხვა, ან საჭიროება. თქვენ წერთ პრომპტს. ამ მომენტში, თქვენ ხართ ინიციატორი, იდეის ავტორი. თქვენ განსაზღვრავთ მომავალი ტექსტის მიმართულებას. რას აკეთებს AI? AI იღებს თქვენს იმპულსს და თავისი უზარმაზარი “კულტურული მეხსიერებიდან” ქმნის ტექსტურ პასუხს. ის მოქმედებს როგორც თქვენი იდეის გამაძლიერებელი და შემსრულებელი. შემდეგ თქვენ კითხულობთ გენერირებულ ტექსტს. მაგრამ თქვენ არ ხართ პასიური მკითხველი. თქვენ ამ ტექსტს უკვე არსებული კონტექსტით, ცოდნით და იმ თავდაპირველი იდეით კითხულობთ, რომელიც თქვენვე ჩადეთ მასში. თქვენ ავსებთ ცარიელ ადგილებს, აკავშირებთ აზრებს და ანიჭებთ ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას. ამ მომენტში თქვენ ხართ საბოლოო ავტორი, რადგან ტექსტის აზრი სრულდება სწორედ თქვენს ცნობიერებაში. ამ ციკლში ერთადაა ავტორი-მკითხველი, როგორც ალფა და ომეგა. ტექსტი იქმნება თქვენთვის, თქვენივე მონაწილეობით და სრულყოფილებას აღწევს თქვენივე ინტერპრეტაციით. ეს არის თანაშემოქმედების (co-creation) პროცესი, სადაც თქვენ და AI პარტნიორები ხართ, მაგრამ საბოლოო აზრის მფლობელი და, შესაბამისად, ბარტისეული “ავტორი” (რომელიც მკითხველს მოაზრებს)  თავად რჩებით.

ავტორის დემოკრატიზაცია და “ახალი ავტორის” დაბადება. გარკვეულწილად, დიახ, ეს ავტორის დემოკრატიზაციაა, რადგან AI აადვილებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექსტის გენერაციას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს წერის გამორჩეული ნიჭი ან დრო, შეუძლია შექმნას სტატია, ლექსი, ესე ან თუნდაც კოდი. ამ თვალსაზრისით, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ელიტარულ ბარიერებს და “ავტორობა” მასებში გააქვს, თუმცა… თავს იჩენს სხვა საფრთხე: ბარტი აკრიტიკებდა ავტორობას, როგორც კაპიტალისტურ კონსტრუქტს. დააკვირდით, ვინ ქმნის და აკონტროლებს დღეს ყველაზე მძლავრ AI მოდელებს? უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები (Google, OpenAI/Microsoft, Meta). თუ ადრე ძალაუფლება ჰქონდა “ავტორ-გენიოსს” და გამომცემელს, ახლა ის კონცენტრირებულია იმ კომპანიების ხელში, რომლებიც ფლობენ “შემოქმედების საშუალებებს” – თავად AI მოდელებს. ინდივიდუალური ავტორი შეიძლება “მოკვდა”, მაგრამ მის ადგილს იკავებს უპიროვნო, მაგრამ გაცილებით მძლავრი კორპორატიული “ავტორი”. ეს სტრუქტურა არათუ არ არის დემოკრატიული, არამედ შეიძლება უფრო ცენტრალიზებული და მონოპოლიზებული აღმოჩნდეს. ჩვენ შეიძლება გავთავისუფლდეთ ერთი ავტორის დიქტატისგან, მაგრამ მოვექცეთ ალგორითმისა და მისი მფლობელის დიქტატის ქვეშ.

OpenAI, Anthropic, Google DeepMind, Meta და სხვები არ ფლობენ მხოლოდ პლატფორმას, ისინი ფლობენ თვითონ ტექსტის წარმოქმნის პირობებს. ეს ნიშნავს: მათ შეუძლიათ შეცვალონ სიტყვათა სემანტიკური დინამიკა (მაგ., როგორი იქნება პასუხი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლინგვისტურ საკითხებზე); შეუძლიათ შეზღუდონ ან გააფართოონ ენებზე წვდომა, რაც გავლენას მოახდენს კულტურულ წარმოებაზე; მათ  უფლება აქვთ  ტექნოლოგია ჩარიონ ალგორითმის ქცევაში. ეს უკვე არა მხოლოდ პლატფორმის, არამედ წერის გარემოს კონტროლიცაა.

ნამდვილი დემოკრატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ჩატბოტზე წვდომას,
არამედ აგრეთვე – მოდელის ლოგიკაზე, მონაცემებზე და ალგორითმულ ეთიკაზე.

რა არის აქედან გამოსავალი? ალბათ უფრო მეტი ღიაობა. მომავალი  უნდა იყოს Open Model-სამყარო, სადაც წერაც, აზროვნება და კოდირება უფრო ღია იქნება.

 

 

[1] როლან ბარტი, „ავტორის სიკვდილი“ – http://arilimag.ge

 

[2] იმ განსხვავებით, რომ ბარტის „ავტორი“ აცნობიერებს მთელს ამ პროცესს, ხოლო ჩატბოტები ამას აკეთებენ გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად, ალგორითმებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...