ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

სანამ კლასში შევალ: წინასწარი შფოთვის ამბავი

0

 

რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს უცნაური რამ შევნიშნე. ისეთი, რაც, სავარაუდოა, დიდი ხანია მემართება, უბრალოდ ყურადღება ახლა გავამახვილე და შესაბამისად, გავაანალიზე კიდეც. გაკვეთილის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე უცნაური შფოთვა მიპყრობს, მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, ყბები მეძაბება და თავში ათასობით აზრი ისე სწრაფად დარბის, რომ ვერცერთ მათგანს ვერ ვეწევი. არც ვცდილობ ხოლმე. ალბათ შფოთვის სიმპტომებს იმდენად ვართ მიჩვეული, რომ თუ რამე უფრო რთულში არ გადაიზრდება, ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება. ეს ხომ სულ შეიძლება დაგვემართოს? მაგალითად, ზედმეტი კოფეინის, ძილის ნაკლებობის, გადაღლილობის გამო. არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ აკლია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას, ამიტომ შფოთვა ზოგჯერ უკანა ფონზე, ჩუმად „მიმდინარეობს“, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვფუსფუსებთ. საზიანოა, თუმცა ასეა.

 

ერთ დღესაც, როცა არც ძილი მაკლდა, არც დაღლილი ვიყავი და არც ზედმეტი ყავა მქონდა დალეული, ჩემს თავს ასეთი აბეზარი შფოთვა შევნიშნე და დავფიქრდი. საათს დავხედე, გაკვეთილის დაწყებას ოციოდე წუთი აკლდა. ყველაფერი მზად მქონდა. რაც მთავარი და ყველაზე უცნაურია, იმ კლასში უნდა შევსულიყავი, რომელსაც ერთ წელზე მეტია, ვასწავლი და ბავშვებს შესანიშნავად ვიცნობ. ვიცი, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მოსწონთ, რას ვერ იტანენ. ისინიც ასევე, ძალიან კარგად მიცნობენ და, როგორც წესი, დროს ბრწყინვალედ ვატარებთ ხოლმე ერთად. მაშინ რატომ ვიჯექი დაძაბული, რატომ ვცდილობდი, ავტომატურად ღრმად მესუნთქა და რატომ ვიმტვრევდი თითებს? ამჯერად შფოთვას არ წავუყრუე და შევნიშნე, რომ გაკვეთილის დაწყებიდან პირველ ორ-სამ წუთში მთლიანად გაუჩინარდა.

 

თანამედროვე კვლევების მიხედვით მასწავლებელთა საშუალოდ 40-50% მუდმივად განიცდის შფოთვას ან სტრესს. შფოთვა განსაკუთრებით ძლიერდება, როცა მასწავლებელი ემოციურადაა ჩართული სწავლების პროცესში, ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს, შეცდომები თავიდან აირიდოს და ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს. ვფიქრობ, ჩვენი ეს მდგომარეობა სისუსტე სულაც არაა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ სწავლება ჩვენთვის მექანიკური პროცესი არ არის და მასში სულსა და გულს ვდებთ, თუმცა შფოთვა და სტრესი ჩვენს ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე ცუდ კვალს ტოვებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი, პირველ რიგში, სწორედ მის გაკონტროლებას შევეცდებით. გაკონტროლებამდე კი აუცილებელია, შევნიშნოთ და დავაკვირდეთ, როდის ჩნდება, რატომ და რა სიმპტომებით. შემჩნევა პირველი ნაბიჯია გამკლავებისკენ.

 

ჩემი სამუშაო დღეები საოფისე საათებით იწყება. გაკვეთილის დაწყებამდე ზოგჯერ ოთხ ან ხუთ საათს სიჩუმეში ვატარებ: გეგმებს ვწერ, საჭირო მასალებს ვამზადებ, ვბეჭდავ. ზოგჯერ ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე ვაკეთებ, ან თანამშრომლებს მშვიდად ვესაუბრები, გვერდით მოდგმულ ყავას ვსვამ და არ ვჩქარობ. მერე კი უცებ გაკვეთილების დრო მოდის, რომლის რიტმიც ძალიან სწრაფია და ჩემგან საერთოდ სხვა უნარების გამოხმობასა და გააქტიურებას მოითხოვს. გაკვეთილის ჩატარება ხომ სცენაზე ასვლას ჰგავს, უნდა გამოცოცხლდე, ხმა აიმაღლო, განწყობა შეიცვალო, გაკვეთილის თემას გადახედო და მზად უნდა იყო, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესს მოერგო. ასე და ამგვარად ჩემმა ნერვულმა სისტემამ ჩემზე ადრე იცის, რომ მალე უნდა ავდგე და ჩემი პროფესიული ვერსია ჩავრთო, რომელიც მოქმედებს სწრაფად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. კომფორტის ზონაში მაგიდასთან ცხელ ყავასთან ერთად მოკალათებული ჩემი თავის ნელი ვერსია ნელ-ნელა უნდა გადაირთოს კონცენტრაციის რეჟიმში და ეს ჩუმი გადართვა ჩემში იწვევს უმისამართო შფოთვას. ვღელავ, ხომ ყველაფერი გამომივა?! რამე ხომ არ შემყვება კლასში, რაც ხელს შემიშლის?! რამემ რომ არ იმუშაოს?! რომ დავმარცხდე?! თითქოს მფრინავი ვარ, რომელმაც აფრენამდე უნდა შეამოწმოს, გააქტიურებულია თუ არა ყველა ღილაკი. მერე კი, როგორც კი ავფრინდებით (გაკვეთილს დავიწყებთ), ყველაფერი თავის ადგილას დგება. თვითმფრინავი დინჯად მიაპობს სივრცეს. ეს უკვე ფოკუსის ფაზაა, როცა გონება ზედმეტ ხმაურს ამცირებს და საშუალებას გაძლევს, იმოქმედო – ასწავლო.

 

მნიშვნელოვანია, ისიც გავიაზროთ, რომ ზოგჯერ შფოთვა სულაც არ არის იმ დღის გაკვეთილების ბრალი. შეიძლება, ეს ადრინდელია, რომელიც ჩვენმა ნერვულმა სისტემამ დაიმახსოვრა და ისიც ყოველ ჯერზე დაუღალავად გვახსენებს თავს. თუკი ოდესღაც ახალ სამსახურში, დემოზე, პირველ ჯერზე ან საჩვენებელ გაკვეთილზე ძალიან ვღელავდით და დიდი სტრესი მივიღეთ ან რაღაც არ გამოგვივიდა, ჩვენმა სხეულმა ეს ისე დაიმახსოვრა, როგორც გაფრთხილება. ახლა კი, ამდენი წლის და ამდენი გაკვეთილის მერეც კი, როცა დრო დგება, ისევ გზავნის სიგნალებს, რომ სადღაც საფრთხეა. ეს თავდაცვის მექანიზმია, რომელიც, იდეაში, კვლავ ჩვენთვის აქტიურდება. წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ ჩვენზე ზრუნავს და ცდილობს, აგვარიდოს იმ საფრთხეს ან უსიამოვნებას, რომელიც კვლავ ჰგონია, რომ განმეორდება.

 

როცა ჩემი შფოთვის სავარაუდო მიზეზები ჩამოვწერე და იმ ყველაფერში გავერკვიე, რაც ზემოთ აღვწერე, ისიც ცხადი გახდა, რომ არსებობს კონკრეტული გზები, რითაც მასთან გამკლავება შემიძლია. პირველ რიგში, აუცილებელია, მას სწორი სახელი დავარქვათ, შემდეგ კი ჩავატაროთ ისეთი პატარა რიტუალი, რაც დამშვიდებაში დაგვეხმარება – დავლიოთ წყალი, მოვუსმინოთ მუსიკას, წარმოვიდგინოთ მოსწავლეების მოღიმარი სახეები, ღრმად ვისუნთქოთ, თვალები დავხუჭოთ, ხუთი წუთი ჩუმად, სიმშვიდეში გავატაროთ და ა.შ. ეს რიტუალი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს.

 

თუკი ასეთი შეგრძნებები თქვენთვის ნაცნობია, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენი ეს მდგომარეობა სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვზრუნავთ. ყოველი მასწავლებელი კი, ვინც შფოთვის მიუხედავად მაინც შედის კლასში, უპირობოდ უმამაცესია. უსიამოვნოა, თუმცა შფოთვა ჩვენი პროფესიის მუდმივი თანმხლებია, რომელიც ალბათ საგაკვეთილო პროცესისადმი სიყვარულს ვერასდროს წაგვართმევს, თუმცა ძალა კი ნამდვილად შეიძლება წაგვართვას, თუკი, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ გავუფრთხილდებით.

ამიტომ, თავს გაუფრთხილდი, მასწავლებელო!

 

 

 

 

შესაძლებლობების ფანჯარა

0

-რა არის ფანჯარა? – მჭიდროდ შეკრული ჩარჩო, რომელშიც მინაა ჩასმული და  ანჯამებითაა მიმაგრებული უფრო გამძლე ჩარჩოზე. ფანჯარა ისაა, რომლის საშუალებით ვინმე გაიხედავს შიგნიდან გარეთ და შეიხედავს გარედან შიგნით; ფანჯრიდან შედის გარედან შიგნით დღის სინათლეც და ღამის სიბნელეც, დღის ხმაურიც და ღამის სიჩუმეც; ხოლო შიგნიდან – გარეთ გადის ოთახის შუქი და მცხოვრებთა ხმა. ღია ფანჯარა ოთახში ჰაერს ასუფთავებს, სიცხეში სივრცეს აგრილებს და სიცივეში მზის სითბოთი ავსებს ოთახს. ფანჯრის მიღმა ხან სუსხიანი ზამთარია, ხანაც გრილი შემოდგომა; ხან სურნელოვანი გაზაფხულია, ხანაც გვალვიანი ზაფხული. ღია ფანჯარა ადამიანს გარეთ არსებულ სამყაროსთან აკავშირებს, ხოლო გარეთ მყოფს შიგნით ითრევს ინტერესი… ყველაფერი მიმზიდველია და ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. თვითონ შესაძლებლობებია მრავალფეროვანი. შესაძლებლობები თუ ფანჯრები?

არსებობს არამატერიალური ფანჯრებიც – ე.წ. შესაძლებლობების. ამ ფანჯრებს წარმოსახვით ჰორიზონტამდე შეუძლია ჩვენი მზერის გადასროლა. ამ ფანჯრებიდან ჩვენს გონებას ზოგი სიახლისა და განვითარებისკენ ეზიდება, ზოგი – აქტიური წინსვლისკენ, ზოგი – უმოძრაო სტაბილურობისკენ, ზოგი – თავისუფლებისკენ, ზოგი – იზოლაციაში კეთილდღეობისკენ, არის – დემოკრატიისკენ მიმართულიც და დიქტატურის მაჩვენებელი ფანჯრებიც… რომელი სიტყვათშეთანხმება უფრო ჟღერადია: „ევროპის ფანჯარა“, „დემოკრატიის ფანჯარა“, „ამერიკის ფანჯარა“, „ჩინეთის ფანჯარა“, „BRICS-ის ფანჯარა“, „აზიის ფანჯარა“, „ჩრდილოეთის ფანჯარა“, „დასავლეთის ფანჯარა“ თუ სხვა მრავალი სახის, პოლიტიკური არჩევანის მიხედვით შექმნილი, ფანჯარა.

კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, საით გაიხედოს, რომელი ფანჯარა გამოაღოს, არსებითია, ერთმანეთისგან განასხვაოს ხედი თუ ფონი; მიხვდეს, შორს იყურება თუ ახლოს, იძულებით თუ ნებაყოფლობით, მნიშვნელოვანია, შესწავლილი ჰქონდეს, თავისკენ, მზერის უკუმიმართულებით, როგორი ჰაერი მოედინება – მაცოცხლებელი თუ მომწამვლელი, მადისაღმძვრელი თუ მომადუნებელი, გონების გამააქტიურებელი თუ დამბინდავი.

დღეს „ფანჯრების“ ეპოქაა. არის თავისთავად ღია ფანჯრები, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩვენ მიერ გასაღებია. იზოლაციას ანუ გამოკეტვას ნებისმიერი ფანჯრის გამოღება და თავისუფალი სუნთქვა სჯობს. თუმცა, ვეჭვობ, იქნებ ზოგი მათგანი ისევ კომუნისტური საბჭოთა მხუთავის იზოლაციის ანალოგიაში გვაბრუნებს. არის ასეთი ფანჯრებიც – ოთახიდან ოთახში გამავალი – კარმიხურული სივრციდან, ჩარაზულ სივრცეში.

ბავშვობისას სხვა ფანჯარა მიზიდავდა.

ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ უბანში, ხუთსართულიანი ბინის პირველ სართულზე, იყო ერთი ფანჯარა, რკინის გისოსით დაცული და მუდმივად განათებული. ქუჩის მხრიდან ქალის მკლავები, კისერი და სახის პროფილი ჩანდა მხოლოდ. პირი კედლისკენ ჰქონდა და თავი დახრილი, გარედან არ ჩანდა, რას უყურებდა ასე დაჟინებით, მაგრამ მთელი უბნის ბავშვებმა ვიცოდით, რას აკეთებდა. შუახნის ქალი მზესუმზირას ხალავდა ელექტრო ქურაზე. შესაძლოა გაზქურა ენთო.  მარჯვენა ხელს ნელა ამოძრავებდა. როცა თბილი ამინდი იდგა, ფანჯარაც ბოლომდე იღებოდა და დასავლეთის ჰაერს კიდევ უფრო ანოტიოებდა სურნელოვანი ცხელი ორთქლი. მერე ეს სუნი გაუყვებოდა ქუჩას, გამვლელს ხელს ჯიბეში ჩააყოფინებდა, ხურდა ფულს მოასინჯვინებდა, აჩქარებულად ამოაღებინებდა და ახლად მოხალული მზესუმზირათი აავსებინებდა ჯიბეს. უჰ, არაფერი სჯობდა ჯიბეში თბილი მარცვლების ჩაჩხრიალებას.

კომუნისტური პარტიის დროება იდგა. მწირად საინტერესო ეპოქა…

ახლა მზესუმზირა რომ ჰქვია, იმას ჩემს ბავშვობაში ,,სემიჩკა“ ერქვა. ის ფანჯარაც ჩემს სახლთან ახლოს, ორი კორპუსის გამოტოვებით, ხელისაწვდენაზე იყო. ავიღებ ოცკაპიკიანს, გავივლი ტროტუარს, შევჩერდები კედელთან, მკლავს მივაწვდენ და მონეტით მინაზე მივაკაკუნებ. ზამთარ-ზაფხულ – ყოველთვის! თუ დახურულია, ქალის ხელი აღებს ფანჯარას, მონეტას გამომართმევს, ძველი წიგნის ფურცელს ჩემ თვალწინ წამიერად აქცევს ,,კულოკად“, ხელისგულში გამოივლებს, თვალის დახამხამებაში ჩააჩხრიალებს შიგ „ღვინის ჭიქიდან“ შავ მარცვლებს – თბილს და არომატულს, ბოლო მოძრაობა ნახევარი მუჭა მარცვლის ჩამატებაა და საქმიანი კომპეტენტური ღიმილით დამემშვიდობება.

„სემიჩკაზე წასვლა“ მხოლოდ მისი შეძენა კი არ იყო. ეს ნიშნავდა, რომ უკვე გამაღლებული (ბოლოს და ბოლოს თითებს იმ ფანჯარას ვაწვდენდი), შეფარვით აკეკლუცებული, უბანში მიზანმიმართულად გავისეირნებდი. თვითონაც ჯიბეებში ხელჩაწყობილსა და ამაყს არ მომეძებნებოდა უკეთესი მიზეზი ჩემზე მაღალი თავმომწონე ბიჭების წინ ჩასავლელად. უკანა გზაზე კი უფრო გამომწვევად მოვაბიჯებდი – ცერასა და საჩვენებელს შორის ოსტატურად მოვიქცევდი მარცვალს, მოვუჭერდი, ქერქი გასკდებოდა თუ არა, თითებს ისე გავუსვამდი ერთმანეთს, როგორც გატკაცუნებისას და გარსიც შემოემსხვრეოდა გულს. იმ თეთრ გულს კი საგანგებოდ გამობზეკილ ტუჩებში ვაუჩინარებდი, თვალები აქეთ-იქით გამირბოდა – აბა, თუ შემამჩნიაო, – აკვიატებული ფიქრით.

მახსოვს მტკივნეული გასეირნებებიც: როცა არ მიხდება არც ერთი კაბა, ფეხსაცმელი თუ ვარცხნილობა; ნაბიჯის გადადგმისას ტერფები ერთმანეთზე მებლანდება; ამ ჩემს დაბნეულობას ირგვლივ ყველა ამჩნევს; სხეულში ალი დარბის და სიწითლე მურად მედება; სადაცაა გული გამისკდება ამ გაურკვეველი შფოთვით.

მაშინ არ ვიცი, რომ ეს „დაქალიშვილებას“ ნიშნავს. თავგამოდებით ვკეკლუცობ, თან ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოქცეულ „სემიჩკის“ მარცვალს უკვე მოხერხებულად, ერთი დატრიალებით, ისე გულმოდგინედ ვაცლი კანს, თითქოს ,,საკუთარ თავს“ ზუსტად იქ ვიპოვი, რომელიმე კაკალში. …და, თუ ასე მოხდება, ესე იგი,

პირველი:

,,მასაც“ აუცილებლად მოვეწონები, მერე რა, თუ ჩენჩოთი ქუჩას ვანაგვიანებ, ვის არ ჩაუდენია?! –რას ვკითხულობ და რა ნიშნებზე ვსწავლობ, მაინც არავის აინტერესებს.

მეორე:

არც მე მჭირდება „ის“, წიგნებში თავჩარგული ბიჭი, რომელსაც ჩემთვის არასდროს სცალია, სამაგიეროდ, „კულოკის“ გაკეთებაც კი არ იცის. აი, მე კი ვისწავლე.

ის იყო „სემიჩკის“ ფანჯარა. მაშინ ასეთი მრავლისმქმნელი, დღეს სრულიად გამოუსადეგარი. თურმე, ის ფანჯარა ისევ აფრქვევს მზესუმზირას სურნელს, ოღონდ შიგნით მყოფ ქალბატონს ჭაღარა თმა და ღიმილი ნაოჭებით მოურთავს. „ოცკაპიკიანიც“ აღარავის აქვს.

ახლაც ჩავუვლი ხოლმე იმ ფანჯარას, როცა ბავშვობის უბანს სახლისკენ ფეხით გავუყვები. მარჯვნივ „დიდების მემორიალის“ ნაცვლად ყოფილი პარლამენტის შენობაა, რომელსაც უცნობი პლანეტა დავარქვი; გვირილების თაიგულსაც აღარ ვწნავ, რადგან გვირილა აღარსადაა და ჩემი წითელი, „მოსკოვიდან ჩამოტანილი“, ტილოს „ბალეტკებიც“ გამქრალია. აღარც ვკეკლუცობ, აღარც კორპუსის ფანჯრებს ვიკვლევ, მინდა, სხვა, შორეული ინტერესების ფანჯრები ვიპოვო ისე, როგორც დემოკრატიით გამთლიანებულმა მსოფლიოს მოქალაქემ.

ვფიქრობ, ვინც ისევ იმ მინაზე აკაკუნებს, სხვა ფანჯრის გამოღება არასდროს უცდია და, მაშასადამე, შესაძლებლობების ფანჯარას არც მიახლოებია.

…ბავშვობისას ფანჯრები მიყვარდა, როგორც საინტერესოსა და უცხოს შეცნობის გზა. ვერ ვიპოვე მაშინ. დღეს სადაა ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა? რომელია?..

 

 

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ბავშვებს ალბათ არასოდეს აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე. ამავე დროს, ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილებისა და ადამიანების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების შანსი მეტია, შთაბეჭდილებები კი – უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის: მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუ თავის გადარჩენისა და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რამე ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ოდნავ რთულად აღსაქმელ ტექსტში, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობა და ყურადღების გაწვრთნა. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს, რომ ეშმაკი ზოგჯერ სწორედ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ბავშვებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა, ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლებმაც შესაძლოა თქვენც გაგიხალისოთ ზაფხულის დღეები და ბავშვებსაც თქვენ გარშემო.

 

ერთი წუთი და ათი რაღაც

ვიღებთ რაიმე საგანს, მაგალითად, ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში, და ბავშვს ვთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც ამ საგანს ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა მას სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის

ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან: შინ, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში. ერთი მოთამაშე ამბობს, რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ხედავს. დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს: საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით აძლევს მინიშნებას სხვა მოთამაშეებს.

გარე სივრცეში ეს თამაში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

 

„დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 

დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი: ყოველ საღამოს ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რამაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია ან რამაც მოულოდნელად მიიპყრო მისი ყურადღება.

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რამე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებთ.

 

დაკვირვების მარშრუტი

შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად, მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის ჯიხური, რომელსაც სეირნობისას ხვდებით) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება (სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის შემდეგ სასუსნავის ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო დაწყვრილებით არის ისინი აღწერილი, მით უკეთესი.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე გაკეთებული აღმოჩენები ადრინდელს.

 

დეტექტივის დღიური

ეს უკიდურესად პირადი რამაა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – აქ ხვდება ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი ყურადღება მიიპყროს: უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშის დროს ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი ეს დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

„ხეების სუნი აქვს კედის“: აუტიზმი, არომატები და ენის დარღვევა

0

„ხეების სუნი აღარა აქვს კედის და მე ავტირდი“.

უილიამ ფოლკნერი, ხმაური და მძვინვარება

 

ორიოდ წლის წინ, ჩემი სპეციალური მასწავლებლობის ბოლო წელს, კერძო პრაქტიკით სამუშაოდ მომიყვანეს პირველკლასგავლილი გოგონა ნუშის თვალებით, ქერა თმითა და სიყვარულით სავსე გამოხედვით. არ მეტყველებდა. გაცნობისთანავე თითები, მაჯა-ხელები საგულდაგულოდ დამიყნოსა, ინტერესით აკვირდებოდა ჩემს სამუშაო მაგიდაზე არსებულ ნივთებს, რომლებსაც აღებისთანავე ყნოსავდა და ვგრძნობდი, მათი გემოც აინტერესებდა. განსაკუთრებული სიფრთხილე გახდა საჭირო წებოს, ჰიგიენური სითხისა და სხვა თხევადი ნივთიერებების მიმართ, პირთან რომ არ მიეტანა და არ დაელია.

ეს იყო აუტიზმის შემთხვევა სუნისა და გემოს გამძაფრებული შეგრძნებით. სტატიის მომზადებაც მაშინვე მომინდა, მაგრამ დაკვირვება ვამჯობინე. ცოტა ხნის წინ კი კარგად მოაზროვნე ბიჭი გამაცნეს, ოღონდ ენისა და მეტყველების თავისებური მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ ყნოსვა მისთვისაც პრიმარული ფაქტორია.

წინამდებარე სტატიაში სწორედ აუტიზმის იმგვარი ფორმის შესახებ ვისაუბრებ, სადაც ყნოსვა თითქმის წამყვანი შეგრძნებაა.

საზოგადოდ, ცნობილია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებთან ხშირია სინათლის, ხმების, ტექსტურებისა და სუნების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ მომეტებულ ყნოსვით მგრძნობელობას, ანუ ჩვეულებრივზე ძლიერ ყნოსვის შეგრძნებას, ასევე – ყნოსვითი მგრძნობელობის ეფექტებს აუტიზმის მქონე ბავშვებში და იმას, თუ როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს სიმპტომების მართვაში.

 

ცოტა რამ ყნოსვითი სისტემის შესახებ

როგორც ცნობილია, ყნოსვითი სისტემა პასუხისმგებელია ყნოსვაზე. ეს სისტემა ჰაერში სხვადასხვა სუნს ცხვირისა და ცხვირის ღრუს მეშვეობით აღიქვამს და შემდეგ სიგნალებს ანუ ინფორმაციას უგზავნის ტვინს. ტვინიც ამა თუ იმ სურნელსა თუ სუნს გადაამუშავებს და უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე აანალიზებს. ტვინი დიდ როლს ასრულებს ყნოსვითი სისტემის მუშაობაში.

სხვა გრძნობების მსგავსად, ყნოსვაც დაკავშირებულია მოგონებებსა და ემოციებთან. შეიძლება, სუნი ჩვენი ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდს ან საკვებს დავუკავშიროთ. ვინაიდან გამოცდილება ინდივიდუალურია, ამგვარი ასოციაციებიც ინდივიდუალურია ყოველი ადამიანისთვის. ამასთან, ყნოსვითი მეხსიერება ყველაზე ხანგრძლივია.

 

აუტიზმი და გაძლიერებული ყნოსვა

მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, აქვთ თუ არა აუტიზმის მქონე ბავშვებს ყნოსვითი ჰიპერმგრძნობელობა. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები, ნეიროტიპურთაგან განსხვავებით, ტვინის სხვადასხვა უბანს იყენებენ სუნების აღსაქმელად. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა გაძლიერებული ჰქონდეთ ყნოსვა.

აუტიზმის სპექტრის ზოგიერთი ბავშვი უსიამოვნო სუნს უფრო დიდი მანძილიდან შეიგრძნობს. ასეთი ბავშვის რეაქცია აუცილებლად იქნება თავის არიდება. ზოგი კი აქტიურად ეძებს ძლიერ სუნს იმ ადამიანებსა და საგნებში, რომლებიც მოსწონთ. კვლევები აუტისტ პირებში ჰიპერმგრძნობელობის უკეთ გასაგებად და მისი სიხშირის დასადგენად უცხოეთში ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

ძლიერი ყნოსვის გავლენა

სუნების მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანსა და მისი ფუნქციონირების უნარზე. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვმა შესაძლოა შეამჩნიოს სუნები, რომელთა აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია.

კვლევებმა აჩვენა, რომ არც ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოჭარბებულ ყნოსვის შეგრძნებას თან ახლავს კომუნიკაციის უნარის დარღვევა. ამავდროულად, ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა გამოიხატოს უჩვეულო ქცევით. სამყაროს განსხვავებული აღქმა გარშემო მყოფების მიერ შესაძლოა რთული აღმოჩნდეს აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმის მქონე პირთათვის ზრდასრულ ასაკში ყნოსვითი სისტემის გამძაფრებამ შესაძლოა გაართულოს ფუნქციონირება საზოგადოებრივ ადგილებში, მგზავრობისას ან სამუშაო ადგილზე. აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ სხვადასხვა გარემოში.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება, შესაძლოა რთული იყოს სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში, რესტორანსა თუ კაფეში ყოფნა, რადგან ამ სივრცეში უამრავი სხვადასხვა სურნელია, უცნობი ადამიანების უცნობი სურნელებით დაწყებული, საკვებისა და სასმელების მრავალფეროვნებით დამთავრებული, რამაც შესაძლოა ზედმეტი სტიმულაციური რეაქცია გამოიწვიოს სუნის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებში. ახალ რესტორანში წასვლისას გასათვალისწინებელია რესტორნის ტიპი, მისი დატვირთულობა და გარემო. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი რესტორანში ყოფნაზე.

 

გამძაფრებული სტიმულაციური რეაქციები

სტიმულაცია არის განმეორებადი ან უჩვეულო მოძრაობები ან ხმები, მათ შორის – ხელების ქნევა, თავის ქნევა, რხევა. ასეთი რეაქციები მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი. ნეიროტიპულ ადამიანებში სტიმულაციური რეაქცია შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, თმის ტრიალი ან ფეხის ქნევა. ეს ქმედებები ეხმარება აუტისტ პირებს ემოციების მართვასა და კომფორტის პოვნაში სენსორული გადატვირთვის დროს.

 

დამამშვიდებელი სურნელების საჭიროება

აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ (მზრუნველის ან სათამაშოს) დამამშვიდებელი სურნელი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ამან შესაძლოა შეზღუდოს ბავშვების სხვებთან ურთიერთქმედების გზები, რადგან მათ მხოლოდ კონკრეტული სურნელები სურთ. შესაძლოა, ყურადღება გადაიტანოთ ისეთმა სუნებმა, რომლებიც ნეიროტიპული ადამიანისთვის შეუმჩნეველია.

თუ თქვენს საკლასო ოთახში ასეთი მოსწავლე გამოჩნდა, აუცილებლად ჩართეთ სასწავლო კომპონენტად ბუნებრივი საგნები და მათზე ყნოსვითი დაკვირვება. გახსოვდეთ, ყნოსვით ამ ბავშვებს უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამა თუ იმ საგნისა და მოვლენის შესახებ. ამგვარი აქტივობების მოფიქრება არცერთ დისციპლინაში არ უნდა იყოს რთული, მთავარია, გული გულობდეს!

 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს: აუტიზმის მქონე ბავშვი შესაძლოა შეაწუხოს ისეთმა ქიმიურმა სუნმა, რომელიც ნეიროტიპული ტვინისთვის შეუმჩნეველია.

 

ძლიერმა უცნობმა სუნებმა, მაგალითად, სუნამოს ან საწმენდი საშუალების სუნმა, სენსორული გადატვირთვისა და კომუნიკაციის უნარების ნაკლებობის გამო შესაძლოა ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის აჟიტირება გამოიწვიოს. საკლასო ოთახში აუტიზმის მქონე ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ფოკუსირება, სანამ მისი ტვინი გადაამუშავებს სუნებს, რომლებსაც სხვა ვერავინ ამჩნევს. სენსორული ძიების მქონე ბავშვს განსაზღვრულმა სუნებმა შესაძლოა ყურადღება გადაატანინოს, როდესაც ის სურნელთან მიახლოებას ცდილობს.

 

ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას არასასიამოვნო სუნის მქონე სივრცეში შესვლაზე.

ახალ სივრცეში შესვლამ, სადაც უცნობი სურნელებია (მეგობრის სახლი, ექიმის კაბინეტი, მაღაზია, რესტორანი) აუტიზმის მქონე ბავშვში შესაძლოა ინტენსიური რეაქცია გამოიწვიოს, რაც შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, ხელების ქნევით, თავდასხმით ან გაქცევით.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც ყნოსვითი ჰიპერმგრძნობელობა აქვს?

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომატებული ყნოსვითი მგრძნობელობა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სურნელებს ძლიერ და ინტენსიურ სუნებად აქცევს. ისეთმა გავრცელებულმა სუნებმა, როგორიცაა, მაგალითად, ცხარე საკვების, სურნელოვანი შამპუნის ან ბენზინის სუნი, შესაძლოა ბავშვი დათრგუნოს. ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა უარი თქვან განსაზღვრულ საკვებზე, თავი აარიდონ გარკვეულ ადგილებს ან გამოავლინონ უჩვეულო ქცევა.

ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის დახმარების უმარტივესი გზებია:

  • მხოლოდუსუნოსაწმენდისაშუალებებისგამოყენება;
  • სურნელოვანისანთლების, სუნამოებისადადეოდორანტების გამოყენებისთვისთავის არიდება;
  • ოთახისკარგადგანიავება, ცხვირზეხელსახოცისანსხვადამცავისაშუალებისაფარების შეთავაზება.

სენსორული აღქმის მქონე ბავშვისთვის მუდამ თან იქონიეთ ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც მისი საყვარელი სურნელი აქვს, მოამზადეთ სურნელოვანი კერძები.

როდესაც შვილთან ერთად მუშაობთ მისი რეაქციების წყაროს დასადგენად, შეგიძლიათ, მოიფიქროთ გადაწყვეტა, რომელიც მას უსაფრთხოდ და კომფორტულად აგრძნობინებს თავს.

 

არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთა გამოცდაც შეიძლება თქვენს შვილთან ერთად. ერთი მათგანია ABA თერაპია – გამოყენებითი ქცევითი ანალიზი. ABA არის სტრატეგია, რომელიც შექმნილია, რათა დაეხმაროს ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. გაწვრთნილ ABA თერაპევტთან მუშაობით თქვენს შვილს შეუძლია, განივითაროს ენობრივი და კომუნიკაციის უნარები, გაიუმჯობესოს ყურადღება, კონცენტრაცია, სოციალური უნარები. ABA თერაპია აუმჯობესებს მეხსიერებასა და აკადემიურ მოსწრებას და შეუძლია, შეამციროს პრობლემური ქცევა.

ABA თერაპია მოქნილი და ინდივიდუალურია. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დადებითი განმტკიცება. ABA თერაპიის ხანგრძლივი კვლევები აჩვენებს დადებით შედეგებს ინტელექტუალური ფუნქციონირების, ენობრივი განვითარების, ყოველდღიური ცხოვრებისა და სოციალური უნარების კუთხით.

 

 

სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები

სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტებია სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებიც შექმნილია ერთი ან მეტი გრძნობის სტიმულირებისთვის. ისინი მიმზიდველია აუტიზმის სპექტრის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის, რადგან შეუძლია, მოჰგვაროს ბავშვს სიმშვიდის შეგრძნება და მისცეს სასურველი სენსორული გამოცდილება მათი სენსორული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

კარგი დამხმარე საშუალებებია დამძიმებული ჟილეტები და საბნები, მოძრავი ბალიშები და ბალანსის დაფები, ფიჯეტ სპინერი, პოპიტი, ტყლარწი და რბილულა.

 

სოციალური ისტორიები

„სოციალური ისტორიები“ არის თხრობითი აქტივობა, რომლის მიზანია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს სოციალურ სიტუაციებში გარკვევაში სათანადო კომუნიკაციისას. სოციალურ ისტორიებს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აუტიზმის მქონე ბავშვების ურთიერთობა როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთანაც. შეუძლია, აჩვენოს და ასწავლოს, როგორ მოიქცნენ (და როგორ არ მოიქცნენ) სოციალურ სიტუაციებში და პრობლემების წარმოშობის დროს. სოციალური ისტორიების გამოყენებით თქვენ აწვდით ინფორმაციას და სტრუქტურას, რათა დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს სოციალურ სიტუაციებში ორიენტირებაში. სოციალური ისტორიის მაგალითი შეიძლება იყოს გადმოცემული კომიქსის ფორმით ან მარტივი წინადადებების სერიით, რომელიც ასახავს, რას უნდა ელოდოს ბავშვი და რატომ.

 

გამოყენებული რესურსები:

Autism and Smell Sensitivity

ნოემბრის მიმწუხრისას საკითხავი

0

გუშინ, ილიაობას, ყვარელში ჩავედით.

ეზოში მორიდებულად ამწვანებულა ბალახი. აღარ არის მრავალძარღვები. აღარც თხილი დგას მეზობლის სახლის კედელთან. ამ თხილს ტოტებს ვატეხდით ბავშვობაში, წკეპლად – ჯოხებით თამაში გვიყვარდა. ჯოხებს მერე პაპიდაჩემ ქრისტინეს ვაბარებდით, მაგრამ ერთხელაც არ მომხდარა ისე, შემდეგ წელსაც დაგვხვედროდა. მახსოვს უცნაური წინადადება მეორე კლასის ბუნების სახელმძღვანელოში, თითქოს თხილი ბუჩქი ყოფილიყოს. მახსოვს, შინაგანად გავაპროტესტე, მაგრამ დავიზეპირე და ტესტშიც ბუჩქად დავწერე. არადა, თვალწინ მედგა ჩვენი თხილის ხე. დედაჩემმა ასე ამიხსნა, ძირთან ხომ აქვს ბუჩქივით ამონაყარებიო. ხის გვერდით კი მართლა იყო თხილის ბუჩქი, ახლად ამოსული, ამ ხის შვილი.

ხის უკან, მეზობლის სახლის კედლის გაყოლებაზე, სარწყავი რუ მოწკრიალებდა. ბაღჩამდე რომ ჩაეღწია წყალს, ჯემალი პაპა, „გადაუგდებდა“ ხოლმე, ანუ თოხით მიწას ისე შემოურაგვავდა წყალს, რომ ნაკადს მიმართულება ეცვლებოდა.

როგორ გვიყვარდა ამ რუში თამაში!

ჯოხებიც მაგისთვის არ გვინდოდა?

ჩვენს ეზოში რაღაც გამოუცნობი განგებულებით მუდამ მოიძებნებოდა ნაჭრის ნაგლეჯები. წამოვაცვამდით ჯოხის ბოლოს და წყალში „ვაცურავებდით“. ზოგჯერ ამბებსაც ვიგონებდი ხოლმე, ზოგჯერ – არა – ისედაც სასიამოვნო იყო წყლის პირას ჩაცუცქვა და ნაჭრის რუში ამოვლება.

ერთგან რუ სიღრმეს იკეთებდა, პაწაწინა ტბორივით. თუკი წყალი სუფთა იყო, ტბორის ძირას მბრჭყვინავ კენჭებს ხედავდი. მსოფლიოს ყველა ზღვის ყველა კენჭს მერჩივნა ეს კენჭები.

ახლა რუ აღარ არის – მეზობელმა სახლი გაარემონტა და ღობის ის ნაწილი ჩვენკენ შემოწია, რომლის ქვემოთაც წყალი მოჩუხჩუხებდა.

მარჯვნივ გავიხედე და მარანს უკბილო ბებერივით დაეღო ბნელი პირი.

მარნის თეთრი კარი სულ ღია იყო, ნესტის, ღვინის და სიგრილის სურნელი გამოდიოდა. თუ პაპას ღვინო ჰქონდა გადასაღები, ჩვენც შევყვებოდით, თუ არა და, ზედაშესთან სანთლების დასანთებად შევდიოდით მარიამობას – ჩვენი საზედაშეო ქვევრები წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობისაა.

ბებო ზედ სანთლებს დაანთებდა, ჩავიტანდით ტკბილეულობას, ხილს – რაც გვქონდა, ყველაფერს და ვგალობდით „ღირს არსს“.

მარტონი მარანში არ შევიდოდით – საქმე ისაა, რომ იქ ბინადრობდნენ (და, დარწმუნებული ვარ, დღესაც ბინადრობენ) უცნაური ჯიშის ობობები. ამხელა ობობა პირველად და უკანასკნელად ჩვენს მარანში მყავს ნანახი, სხვაგან არსად.

ალბათ, მათი იქ ყოფნა ერთადერთია, რაც არ შეცვლილა.

და კიდევ ბანანის ხე, რომელიც, კაცმა არ იცის, შუაგულ კახეთში ვინ ჩამოიტანა. ფაქტი კია, რომ ესეც და პალმაც (ნამდვილი პალმა) თითქმის ყველა ეზოშია.

და კიდევ ის ხეც, იასამანს რომ ჩამოჰგავს. შესასვლელშია, ისევ ყოველ წელს ყვავილობს, უცვლელად. ეს ბებია-ბაბუას (ანუ ჩემი დიდი ბებიისა და ბაბუის) სახლიდან წამოვიღეთ, დავრგეთ და არის მას მერე. ეგაა, რომ მიმსვლელ-მომსვლელი ყველა ტოტებს ატეხს, წავიღებთ, ლამაზიაო. მაგრამ მაინც ყვავილობს, შეუპოვრად.

აღარაა არც ბაღჩის შესასვლელი კარი. ბაღჩაც მოხრიოკებულა, სიღრმეშიღაა ხეები – ისინიც ჩვენია თუ სხვისი, ვეღარ ვხვდები.

ეზოც მოხუცივით დაჩიავებული და დაპატარავებულია.

აივანი – უხეივნოდ მოშიშვლებული.

ერთი კიბე დგას ძველებურად, მედგრად. კიბის ზოგ საფეხურს სამი თეთრი ფილა აქვს ჩატანებული, რომბის ფორმისა. ბავშვობაში ამას განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი ხოლმე – ვცდილობდი, პრინციპი გამომეცნო. იქნებ საფეხურგამოტოვებითაა რომბები? ან იქნებ ორი საფეხურის გამოტოვებით?

სულ ტყუილად – არავითარი პრინციპი.

ერთი საფეხური მიყვარდა მანდ, კიდემოჭმული – კიბის ქვეშ შეჭყეტა და კნუტების თვალიერება შეგეძლო. კნუტები კი სულ იყვნენ, ხან რომელი და ხან რომელი კატისა.

კატები ახლაც მოდიან. სანსარიკო აღარ დამხვდა – მანქანას გაუტანია. ეთერი, ჩვენი მეზობელი, ჰყვებოდა, დავინახეო. იფართხალა, იფართხალა და მოკვდაო.

ქვევით – ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო ძველებურად არიან. აი, ზედა ოთახებს გასჩენიათ ბზარები, ნესტს ალაგ-ალაგ კედლები და ჭერი გაუშავებია. მზისგან გახუნებულ დუმფარებსა და ლოტოსის ყვავილებს სოკო ჭამს. ჭერზე არცთუ სიმეტრიულად გამოყვანილ რომბებს, ხაზებსა და კვადრატებსაც არა უშავთ. ძველი სიხასხასე არც ჭერზე დახატულ ყვავილებს დაუკარგავთ.

ეს ცოცხალი სახლია – ავეჯი ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად აწყვია. ერთი მიზეზი, რატომაც ყოველ ზაფხულს ყვარელში ჩამოსვლა მიყვარდა, ესეც იყო – მაინტერესებდა, იმ წელს ავეჯის განლაგება როგორი იქნებოდა.

მარტო ქვევით ოთახში არ იცვლებოდა არაფერი. ასე იმიტომ ჰქვია, რომ დანარჩენი სახლისგან გამოცალკევებულია. ზამთარში კარგია – ადვილად თბება (ზევით-ოთახებში კარები ხისაა, თან შიდა ფანჯრებია და ოთახები ერთმანეთში გადი-გამოდის). ზაფხულში აუტანლად ცხელია, კოღოების ნამდვილი ბუდე. ბებო მაინც აქ არჩევს ცხოვრებას.

საღამოობით ქვევით ოთახში ლოტოს ან დომინოს ვთამაშობდით ხოლმე. ლოტოს კოჭები ყველას არ გვყოფნიდა. ჩვენც სიმინდის მარცვლებს ვაწყობდით დაფებზე. სიმინდიც კოჭებთან, ერთ ტომარაში, ეყარა.

დომინო თეთრია. ჩვენ სახლში შავი გვქონდა, ხისა. ამიტომ თეთრი დომინო ეგზოტიკური იყო ჩემთვის და ძალიან მიყვარდა. მოთეთრო-მოსალათისფრო ყუთი აქვს და რუსული წარწერა: „ДОМИНО“. ერთი ჭავლური კალამი მაქვს, TWSBI Eco Amazonite, ერთადერთი მიზეზის გამო ვიყიდე – ზუსტად ჩვენი დომინოს ფერისა აქვს თავსახური და ბოლო. ბავშვობას გამახსენებს. და ყვარელს. მაშინ, როცა ძალიან ხნიერი ვიქნები, მაგრამ კალამიც მექნება და არც მელანი დამიშრება.

ნოემბრის დაისი სხვანაირი რომ არის, დაჰკვირვებიხართ?

ოქროსფერი.

ზაფხულისა ვარდისფერია, ზამთრისა – ფერმკრთალი.

გინახავთ, ნოემბრის მზე როგორ მოვარდისფრო-მოიისფროდ ადგას ლურჯ მთებს? სადღაც შორის, ჰორიზონტზე. წინ კი, მწვანე ფერდობი ყვითლად ბზინავს.

არასდროს მესმოდა, ილიას „ყვარლის მთებს“ სკოლაში რატომ არ ისწავლება. „გაზაფხულის“ მერე, ალბათ, პირველი ლექსი იყო, რომელიც გულზე მომხვდა.

„როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,
ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი“.

ალბათ, ფიქრობთ, აზვიადებსო. არადა, ეს არაა მეტაფორა. არც ჰიპერბოლაა – გრიგალი და ქარიშხალი ყვარელში მართლა ზუსტად ასეთი იცის. თუ წვიმს, ასე წვიმს, მთელი გულითა და სულით. ცა შეზანზარდება, ქვევრისოდენა მთვარე კი ცაზე ჰკიდია. მიდიხარ შარაზე, წინ მთებია. მიდიხარ, ისინიც უკან იხევენ, გაგირბიან, გშორდებიან. ისმის წვიმის თქარათქური, სველი მიწის სურნელი ავსებს ეზოს. ფოთლიდან მოწყვეტილ წვეთში მთელი სამყაროა.

მაგრამ ეს აგვისტოს ამინდებია.

ახლა კი ნოემბერია. ჩამავალი მზე ოქროსფრად აელვარებს ფოთოლცვენისთვის გამზადებულ ხეებს, საზამთროდ და სათოვლედ რომ გარინდებულან…

 

 

 

ყველაფერი შემთხვევით მოხდა?

0

ამას წინათ კვლავ თუმანიშვილის თეატრს ვსტუმრობდი. ადრეც მითქვამს, რომ თეატრის მოტრფიალე ვარ. და სწორედ ეს თეატრი მიყვარს განსაკუთრებით. ჩემს ბავშვობას, დედას და უამრავ კარგ რამეს მახსენებს. იმ ემოციებს მიბრუნებს, რომლებიც იმ შორეულ დროს მეუფლებოდა და ყოველი შაბათ-კვირა დღესასწაულის ტოლფასი იყო. ახლა ვცდილობ, ეს სიხარული თავად ვაჩუქო საკუთარ თავს, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო, ვეღარ ვსტუმრობ ხშირად. ზოგჯერ კი დაღლილობას, მოუცლელობას გვერდზე მოვისვრი ხოლმე და სულის მოსათქმელად ჩემს თეატრს ვაშურებ.

 

იმ დღესაც ასე იყო. ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში სპექტაკლი „დედა“ გადიოდა. ჯერ სიტყვა „დედაზე“ შემიფართხალდა გული, მერე სპექტაკლის ანოტაციას ჩავხედე და აღმოვაჩინე, რომ… „დედაც და შვილიც“ იტალიური თეატრის ლეგენდა ერმანა მონტანარი იყო. ყველაფერი კი მარკო მარტინელის სასცენო ლექსით იქნებოდა ნათქვამი.

 

სავსე დარბაზი ერთი საათის განმავლობაში რაღაც იდუმალს შესცქეროდა, სადაც ვიოლონჩელის ნაღვლიანი მუსიკის ფონზე სცენაზე მუხლებზე დამდგარი მხატვარი ჩვენს თვალწინ ხატვით სცენებს ერთი მეორის მიყოლებით აცოცხლებდა.

ფოტო აღებულია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გვერდიდან

https://www.facebook.com/photo/?fbid=824125273702832&set=a.132200276228672

ავტორი: ილია ბაბურაშვილი

 

  • დედაა, რა თავნება ხარ, ჭაში როგორ ჩავარდი???… კითხულობს მთავარი გმირი და ისეთი ხმის ტემბრი აქვს უნებურად ჟრუანტელი გივლის.

 

ჰო, ეს ამბავი ჭაში ჩავარდნილ მოხუც დედაზეა, რომელიც უკიდეგანო ჭაში ჩავარდნილა და თავის ბრგე შვილს ამოყვანას სთხოვს. იმას კიდევ დაუჩემებია, წავალ ტექნოლოგიებს მოვიძიებ, რომ მათი მეშვეობით ამოგიყვანოო.

 

ან კი თავად ჩავარდა დედა ჭაში? აკი, თავადაც ეჭვით არის. იქნებ შენ მკარი ხელიო, შვილს ეკითხება. არა, განგებ არ გენდომებოდა, შენს საქმეებში ჩაფლული, ისე ჩამივლიდი და მხარს გამკრავდი, ვერც კი შემამჩნევდიო. ყველაფერი შემთხვევით მოხდებოდაო, ამართლებს შვილს. შეიძლება კი ჩამაგდე, მაგრამ არა განგებო.

 

ჩვენც ხომ ვიცით ასეთი შვილები, მოუცლელები, საქმეებში ახლართულები, დროს რომ ვეღარ (აღარ) პოულობენ და დედებს „მარტოობის ჭაში“ აგდებენ? ისინიც სხედან სიმარტოვეში და ელოდებიან, როდის ამოიყვანენ შვილები და ანუგეშებენ.

 

  • დედაა, რა თავნება ხარ… არა, ჭაში რანაირად ჩავარდი? ახლა მე როგორ ამოგიყვანო, ხედავ ქარიშხალი გვიახლოვდება. იჯექი ცოტა ხანს, არ შეგეშინდეს… მე წავალ, ტექნოლოგიებს მოვიძიებ, იქნებ გიშველო რამე.

 

და მერე ვისი ბრალია, რომ ქარიშხალი გვიახლოვდება? იქნებ ჭაში ჩავარდნილი დედა ჩვენივე „დედაბუნებაა“? თავად, რომ ვკარით ხელი და ჭაში გადავუძახეთ? გავჩეხეთ ტყეები, ვთხარეთ მიწები, მოვწამლეთ წყლები და ჰაერი? ახლა კიდევ დაგვიჩემებია, ტექნოლოგიები გვჭირდება და გადასარჩენადო?

 

ამასობაში კი ტორნადოები და ქარიშხლები მძვინვარებენ.

 

ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვაობა ტემპერატურას შორის. ცივი და თბილი ჰაერი ერთმანეთს ეჯახება და ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. მით უმეტეს, თუ ტყეებია გაჩეხილი და მთელ ამ მორევს თუნდაც მცირე წინააღმდეგობას ვერაფერი გაუწევს.

 

სანამ დედა ჭაში ზის, ქვედა დასახლებებს მეწყრები ემტერებიან. დიახ, განა საკუთარ ტყავზე არ გამოვცადეთ ეს საშინელება?

 

 

პროცესი მიწის მასების, ქანების ფენის მოწყვეტითა და სიმძიმის ძალის გავლენით მათი გადაადგილებით იწყება. უფრო ხშირად წარმოიქმნება ისეთ ადგილას, სადაც თიხოვანი და ქვიშიან-ხრეშიანი ქანები ერთმანეთს ენაცვლება. სწორედ ქანების წონასწორობის დარღვევა ხდება ხშირად მიზეზი. თავად წონასწორობის დარღვევა კი სილიკატების შემცველი ქანების ეროზიის შედეგია. პროცესს თან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებაც ახლავს თან. Geophysical Research Abstracts ( Bufe, Emberson, Hovius) დაბეჭდილ 2018 წლის კვლევაში ნაჩვენებია, რომ ნიადაგში სულფიდების დაჟანგვა და კარბონატების გამორეცხვა CO2-ის გამოთავისუფლებასა და ეროზიის ინიციირებას იწვევს. ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა კი სათბურის ეფექტს და გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.

 

ეროზიის მიზეზი შეიძლება წყალი, ქარი ან ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა გახდეს. ეს უკანასკნელი ბუნებრივადაც შეიძლება მოხდეს, უფრო ხშირად კი, ადამიანის საქმიანობის და დაუდევრობის შედეგად ხდება.

 

და დაბინძურებული წყლები?

 

წყალში ნარჩენების მოხვედრის კლასიკური გზა შემდეგია: ნაგავსაყრელიდან ან ნარჩენი ნაერთების შეგროვების ადგილიდან ნაერთები მიწისქვეშა წყლებში ჩაირეცხება, შემდეგ კი ნაკადით ზედაპირულ წყლებში მოხვდება. ამ პროცესს წვიმა და ნიადაგის ეროზია აჩქარებს. ზედაპირულ წყლებში მოხვედრისთანავე ნაერთები სხვადასხვა ბიოქიმიურ და ქიმიურ პროცესებში ჩაერთვებიან. მათ შორის არის ჟანგვა-აღდგენა, დალექვა-გახსნა, ჰიდროლიზი და ბიოდეგრადაცია. ნარჩენებში ზოგიერთი ორგანული ნივთიერების არსებობა, მათი გახსნის ალბათობას მკვეთრად ამაღლებს. მაგ. სუფთა წყალში ჰექსაქლორბენზენის 1.8 µg/L (მიკრო გრამი/ლიტრზე) იხსნება; ამავე წყალში, 25 გრადუს ცელსიუსზე, 2.3 µg/L გაიხსნება; სხვა ორგანული ნივთიერებების თანაობისას (მაგ. ანჰიდრიდების) კი 4-4.5 µg/L გაიხსნება.

 

მერე ეს ნივთიერებები ან კვლავ წყლებში გარდაიქმნება ან მათი ნაწილი აეროზოლებში გადანაწილდება და ჰაერში განაგრძობს მიგრაციას.

 

აეროზოლებში იგულისხმება მყარი და თხევადი ნაწილაკები. აეროზოლის შემადგენელი ნაწილაკების ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები დიდხანს დარჩებიან, მცირე ზომისები კი მალევე კოაგულირდება უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, რაც წარმომავალ წყაროზეა დამოკიდებული.

 

მყარი ნაწილაკები შეიცავენ ნახშირს, ვერცხლის იოდიდს, საწვავის წვის პროდუქტებს, ზღვის მარილის ნაწილაკებს. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები ცემენტის, ქარის მიერ მოტანილი ნიადაგის, ფეროშენადნობის წარმოების მტვერს შეიცავენ. თხევადი ტიპის მასალაში წვიმის წვეთებიცაა, ასევე ნისლი და გოგირდმჟავას კვამლი. ზოგიერთი ნაწილაკი ბიოლოგიური წარმომავლობისაა. მათ მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები, ბაქტერიების და სოკოების სპორები, მტვერი. მასალა შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული, ორივე მათგანი ატმოსფეროს სერიოზულ დამაბინძურებელს წარმოადგენს.

 

 

დედა ჭაში ზის და შვილს ელოდება…

 

  • შვილოოო, შენ ჩამოდი და შიშველი ხელებით ამომიყვანე აქედან. დაბლა ჭა ვიწროვდება და გაგიჭირდება, მაგრამ ფრთხილად თუ ჩამოხვალ, გაუძლებ, შვილოო.

 

შვილი კი არსად ჩანს… ტექნოლოგიების მოსაძებნად არის წასული, დედა რომ ამოიყვანოს.

 

მანამდე კი დედა იქ არის, დაბლა, ბედზე არ წუწუნებს და სწამს, რომ შვილს არ სურდა მისი იქ ჩაგდება…

 

უბრალოდ,

ყველაფერი შემთხვევით მოხდა!…

 

 

 

სიზიფე, გააგრძელებ?!

0

(ვასილ ბარნოვის „სული მთვლემარე“)

შეიძლება, სიტყვა „ცხოვრების“ განმარტება მატერიალურისა და სულიერის, ანუ ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის ურთიერთმიმართებით განსაზღვრო კაცმა. რა არის ან ერთი, ან მეორეო, ვინმე გადაწყვეტს, ჩამოაყალიბოს…

სენეკას უთქვამს, ფილოსოფია უფრო ქმედებააო, ვიდრე ფიქრი. ჰოდა, მოდით ჩვენც ჯერ ფილსოფიურ „პრიზმაში“ გადავიტანოთ ეს საკითხი, სანამ ლიტერატურაზე გადავალთ…ყველამ ვიცით არისტოტელე და გვსმენია მის შრომებზე ფილოსოფიაში, ლოგიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ეთიკაში, ესთეტიკასა თუ პოეტიკაში. მისი მთავარი ნაშრომია „მეტაფიზიკა“. აროსტოტელეს გარდაცვალების შემდგომ მის შრომებს საგანგებოდ ინახავდნენ და მისი წიგნების რედაქტირებისას აღმოაჩინეს სწორედ ეს ნაშრომი, რომელსაც სათაური არ ჰქონდა. გამომცემლებმა მას „მეტაფიზიკა“ უწოდეს, ანუ „ფიზიკის შემდეგ“. სინამდვილეში კი ეს იყო მისი მთავარი თხზულება, რომელშიც მისი დომინანტი ფილოსოფიური იდეებია ჩამოყალიბებული.

არისტოტელეს „მეტაფიზიკაში“ გატარებულია ის აზრი, რომ სამყაროში ყველაფერი მიისწრაფვის შესაძლებლობიდან სინამდვილისკენ, ანუ იდეიდან რეალობისკენ. იქნებ ესაა სამყაროსეული პროგრესის მთავარი კანონიც?! ნუ, თუ განხორციელდა, ცხადია…

არისტოტელეს ფილოსოფიაში უმნიშვნელოვანესია მოძღვრება ოთხი სახის მიზეზის შესახებ. ესენია: მატერიალური, ფორმალური, მოქმედი და მიზნობრივი მიზეზები. ასევე მის მოძღვრებაში დიდი ადგილი აქვს მიკუთვნებული ესთეტიკას (მოძღვრებას მშვენიერების შესახებ), რომელიც ჩამოყალიბებულია მის „პოეტიკაში“. არისტოტელე ესთეტიკის მამამთავარია. იგი ხელოვნების ნაწარმოებებს სხვადასხვა ფუნქციას ანიჭებდა: აღმზრდელობით, გასართობ, დასვენებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განწმენდის („კათარზისის“) მისიას. განწმენდაში იგულისხმება თუნდაც ის, რომ ხელოვნებასთან ზიარებისას (მაგალითად, სპექტაკლის დროს) მაყურებელი გმირის განცდებს საკუთარივით განიცდის და ამ გზით განიწმინდება უარყოფითი ენერგეტიკისა და ეფექტებისგან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არისტოტელე რეალობას ვერ ჭვრეტდა სათანადოდ და „პეპელასავით მოფარფატე“ არსება იყო. მან თავისი კვალი დააჩნია პოლიტიკურ მეცნიერებასაც, რადგან ის ადამიანს პოლიტიკურ არსებად თვლიდა. მისი აზრით, სახელმწიფოში ყველაფერი ირღვევა, როცა სათავეებთან მდიდრები (ოლიგარქები) არიან ან ღარიბები (დემოკრატია). იგი მონაქრიის მომხრე იყო, თუმცა იცოდა, რომ ზომიერების დარღვევის შემთხვევაში, მონარქია ტირანიაში (ერთმმართველობა) გადადის, არისტოკრატია – ოლიგარქიაში (მდიდრების მმართველობა), ხოლო პოლიტეია – დემოკრატიაში (ხალხის მმართველობა).

არისტოტელეც ადამიანი იყო და შეუცდომელი ადამიანი, ისევე, როგორც უცოდველი, არ არსებობს. თუმცა მან საკაცობრიო განვითარების აღმამზარდ „შენობაში მყარი აგურები ჩააწყო“.

მოდით, შევხედოთ არისტოტელეს ფილოსოფიური იდეების „ქმედებაში“, ამჯერად მხატვრულ რეალობაში „ხორცშესხმას“ ჩვენი სახელოვანი მწერლის, ვასილ ბარნოვის, მაგალითზე.

მოთხრობა „სული მთვლემარეს“ მთავრი გმირები ერთმანეთის ანტიპოდი ცოლ-ქმარია: ზანტი, „მთლად მდორე“ სულის გიგო და  პატარა, ფიცხი, ძარღვებად ნაქცევი, „ნაპერწკალი მარად მოძრავი, ელვასავით კისკასი“ მარო. ვასილ ბარნოვისეული გიგოს პორტრეტი მრავლისმთქმელია: „ვეება ჯირკივით კაცი იდო ტახტზე, საბანქვეშ. თავი უჩანდა, შამბად ატეხილი ჯაგრის ტევრებით გარემოცული ქეჩო და ქალა; ვიწრო შუბლი ედგა უკან დახრილი…ცხვირი მაინც ბარაქიანად ამოსჩენოდა, კეხად ამაღლებული სასუნთქი იარაღი უშველებელი…“(25); გოიას გორტესკული მინიატურასავითაა – სახის სიღრმიდან ამომზირალი წვრილი თვალები, რომბივით თითები; ქარ-ცეცხლივით მარო, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილოა და სწყევლის, სწყევლის უზარმაზარ ქმარს დაუსრულებლივ, თუმცა გულსგარეთ. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, მასზე უკეთ გიგოს ვერავინ დაიცავდა, „გულფიცხელობას მთლად მოკლებულსა, ავზნეობისაგან სავსებით გაძარცვილს“. აი, დიდებული ფსიქოლოგიზმიც მწერლისა: „სძულდა ქალს ქმარი ყოველ წუთს, უყვარდა მარადჟამს…“(26); იგი იყო დედაკაცის ბედნიერებაო და უბედურებაც ის იყოო. გამჭრიახ  მაროს იქნებ ამიტომაც უყვარს თავისებურად ეს კაცი, „გარდასრული ხანით ბალღობისა“, ცოლისგან სრულიად განსხვავებული ფიზიკურადაც, თვისობრივადაც („იქნება ამისთვის იზიდავდნენ ერთმანეთს მარად ერთმანეთის უარმყოფელნი?!“ – 27).

დედას, აგლანას, ჩამოჰგავს მარო, ერთ დროს მეწვრილმანე ვაჭარს, წამლობისა და შელოცვების მცოდნესაც, მკითხაობაც რომ ეხერხება ბანქოთი და დაჟამებული ქალებიც რომ დაუთხოვებია მის თილისმებს. ქალაქიდან სოფლად სიარულ-ტანტალში, როგორც ოსტატურად აღწერს ვასილ ბარნოვი, თან დაჰყავს აგლანას თავისი მარო, რომელიც დიდად გამოსადეგი იყოო დედისთვის. ასე შეხვდება მარო ღარიბი მეკომურის, ბრანძვიაანთ ივანეს, შვილს, გიგოს, „იშვიათად რომ ადუღდება მარად მთვლემარე“. თუმცა გიგოლასთან „პოეზიაცაა“ – მას უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მისნაირი არაა. ცოლსაც შეჰხარის, „მარად მოძრავ დედაკაცს, უსაკრაოდ მოცეკვავე მის ტანს“. ცოლის არსებაში ასახულა ყოველივე, რაც, პირადად, გიგოლასთვის მიუწვდომელია. ამიტომ უყვარს თანამეცხედრე უტყვი სიყვარულით, „ამიტომ თუ ემორჩილებოდა კოღოს რამ უძლურს სპილო ძლიერი“(34) – უბადლო შედარება-მეტაფორისტიკა ვასილ ბარნოვისა!…და სიბრძნეც, წუთისოფლის თავისებურებათა ამომცნობი – გიგოლა იყოო „ბუნდად შემცნობი საცნაურისა“, თუმცა მასში სახლობდაო „სული ზემსვლელი, უფრო ჰაეროვან არსებებში განსასახები“(35).

საწყალიაო გიგოლა, რა უნდა იფიქროს მკითხველმა? რას გვეუბნება თავად მწერალი? – ბედნიერიაო იგი, რადგან „კეთილისკენ უფრო არის გადახრილი მისი ბუნება“(36).

გიგოლას მარო დარაჯად მოაწყობს, თუმცა ერთხელ, დარაჯობისას, მძარცველი კინაღამ შემოაკვდება, თითქოს, სასიკვდილოდ დააზიანებს და გულმოკლული ტოვებს სამსახურს; მხოლოდ მაშინღა გახალისდება, განკურნებულს რომ ნახავს თავისგან ვნებულს.

გარინდებულია გიგოლა, მისი აზრები ფიქრში ცხადლივ აუსახველადვე ქრებიან, ანუ სანამ ნეთელს „შეიმოსავდნენ“; – „დაჭარბებული ხორცთა ბადეში გაბმულიყო მისი სული“(42), დააჩნდებოდნენ კია მის გულს „გრძნობათა ნასახნი“, თუმცა „ვერ კი ამოძრავდებოდნენ, ვერ ხმაურობდნენ აღქაფებული ზვირთებივით: სწადდა მოქმედება, მაგრამ მოძრაობათა სადენზედ იმავე მარყუჟით იბლანდებოდა მისი ნებისყოფა. წვალობდა სული….“(42); გიგოლას მშობლიური სოფლისკენ მიუწევს გული და თუ ნახავს, აღარ შორდება ნაცხატაანთ მართასა თუ ავგაროზაანტ ივანეს. ბოლოს მეაგურე მუსტაფა დაიქირავებს თიხის მზიდავად და ისევ იპოვის გიგოლა თავს…

„სული მთვლემარეში“ იწყება, იკვეთება მწერლის მსოფლმხედველობრივი და სტილური თავისებურებები.

მოთხრობა ტოვებს დაუმთავრებლის შთაბეჭდილებას. მასში არც კვანძის შეკვრაა და არც გახსნა, „დინებაა“ სამყაროსი, ფრაგმენტი, „ფანჯარა“ წუთისოფლისა, რომელშიც „შეგვახედა“ მწერალმა და მხატვრული ფანტაზიისკენ წაგვაქეზა. ეს „დაუსრულებლობის“ განცდა თითქოს დროის საწყის წერტილში დაბრუნებასავითაა, ანუ მისი წრებრუნვა, როგორც ადამიანის მარადი დაბრუნება საკუთარ თავთან, სხეულთან, „ჩარჩოებთან“…

გრძნობ ამას, კი და რაშიაო სამყაროს იდუმალება ვასილ ბარნოვმა? არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო, გგონია, ერთი უბრალო, ცოტა უცნაური ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი.

ჯერ კითხვა დავსვათ: რატომ და როგორ მოხვდა გიგოლასნაირი ჩამოუყალიბებელი, თუმცა უბოროტო, ფაქიზი სული მისთვის სრულიად შეუსაბამო გიგანტურ, ტლანქ, მოუხეშავ სხეულში?! ავტორის ღიმილისა და გროტესკის მიღმა, მისივე უცნაური, ქრისტიანულს აცდენილი, მსოფლაღქმა იმალება, სრულიად გაუგებარი თქვენი მონა-მორჩილისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია თეზა: „მახინჯ სხეულში მახინჯი სულია“; განა, პირიქითაც არაა? ლამაზ სხეულში არ გვინახავს სახიჩარი სული და უშნო გარეგნობის მიღმა ზღაპრის იშვიათი ჯადოსნური თვალივით მოელვარე სული კვაზიმოდოსი?!

ლოგიკაა არაა, კამიუსი არ იყოს; თუმცა იქნებ არც მთლად აბსურდია? იქნებ ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრება საპალნესავით აქვს აკიდებული, უფრო მარტივად იღებს სანუკვარ ჯილდოს სიკვდილის შემდეგ, ვიდრე დალხინებული? ვიღაცის „ჯვარი“, მართლაც, მძიმეა, ფიზიკით (სხეულით) მეტაფიზიკის (სულის) ძლევის ავყია „პერსპექტივით“. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ჩვენი ინდივიდუალობა და სწორედ ესაა გადამწყვეტიც – ჩვენი თავისუფალი ნება, რომელმაც უნდა შექმნას, ჩვენ მიერვე, ცვალებადი ბედისწერა უცვლელ განგებაში, ღვთის წინაწარგანზრახულებაში. იქნებ ასეთი ადამიანები ჩუმ მოწამეებად აირჩია ღმერთმა (ასეთი ბევრია, უსახელო გმირებივით), რომ მათ ჩვენ ადამიანობის სასწაული გვაჩვენონ და დაგვაჯერონ? კაცი ხომ მაინც „ტვირთითა“ და მისი ზიდვის უნარით იზომება?

რისთვის ცხოვრობსო ასეთი ადამიანი, დაგვებადება ლოგიკური კითხვა? ალბათ სიცოცხლის სიყვარულისთვის. თუ მან ეს შეძლო, შეიგრძნო რამენაირად, სხვა არც არაფერია უფლის საიდუმლო, რომელიც საუკეთესო ფილოსოფიურ ტრაქტატზეც ამაღლებულია…მერა, რა, თუ „სიზიფე“ ბოლომდე ვერ აცნობიერებს და გამოთქვამს ამას; მან „იცის“, რომ მისი ჯილდო დიდი იქნება და ისიც, ისევ და ისევ, შეუდგება ხოლმე აღმართს………….

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

 

იუთუბერები და მათი ვიდეოები, როგორც სასწავლო რესურსი (ნაწილი მეორე)

0

 

— „მასწ, კიდევ როდის უნდა ვნახოთ იუთუბერების ვიდეოები?“ ამ კითხვით დაიწყო მორიგი სამუშაო კვირა. მოსწავლეები აშკარა ინტერესს გამოხატავენ მათთვის ნაცნობი სტილით მოყოლილი ამბისა და ნაჩვენები ისტორიების მიმართ. ვიზუალური თხრობა, რომელიც უშუალო მონაწილის თვალითაა დანახული, მოზარდებში აღვიძებს ემპათიას, აჩენს კითხვებს და მსოფლიოს გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ რუკას გაცილებით ხელშესახებს ხდის.

ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ ვიდეო-რესურსს, რომლებიც გეოგრაფიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენი „მარშრუტი“ აფრიკის ღარიბი უბნებიდან იწყება. გაივლის აზიის მჭიდროდ დასახლებულ და დაბინძურებულ ქალაქებს, ჩაკეტილ დიქტატურას თურქმენეთის სახით, გვამოგზაურებს ამაზონის ჯუნგლებში და ანდების მთებში ჩაკარგულ დასახლებაში დასრულდება.

  1. „შავი ვენეცია“ — ცხოვრება წყალზე

წყალზე გაშენებულ ქალაქებს როცა ვახსენებთ, პირველი მდიდრული ვენეცია გვახსენდება. თუმცა, აფრიკის კონტინენტზეც მოიძებნება „შავ ვენეციად“  წოდებული ქალაქი – მაკოკო.

ვიდეო გვიყვება ნიგერიაში მდებარე დასახლება მაკოკოზე, რომელსაც ხშირად „შავ ვენეციას“ უწოდებენ. ეს არის წყალზე გაშენებული ღარიბთა დასახლება, სადაც არ არსებობს კანალიზაცია, სუფთა წყალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბლოგერი გვაჩვენებს ადგილობრივების ყოფას, წყალზე გაშენებულ სკოლებს და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მოსახლეობა დგას.

მაკაკოში არსებული ვითარება უკავშირდება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ და კოლექტიურ უფლებებს. აქ ნაჩვენებია:

  • უკიდურესი სიღარიბე და ანტისანიტარია;
  • ინფრასტრუქტურის არარსებობა, ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობისა და გზების დეფიციტი;
  • განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა – ბავშვების სირთულეები სკოლაში სიარულთან დაკავშირებით;
  • კრიმინალი – ადგილობრივი დაჯგუფებები, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას და ეწევიან რეკეტს.

 სავარჯიშო / სადისკუსიო კითხვები:

  1. რა განცდები გაგიჩნდათ, როდესაც ნახეთ ბავშვები, რომლებიც დაბინძურებულ წყალში ნავებით დადიან სკოლაში?
  2. როგორ ფიქრობთ, რა პარალელის გავლება შეიძლება საქართველოს მაღალმთიანი ან სოციალურად დაუცველი რეგიონების პრობლემებთან? არის თუ არა მსგავსება განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით?
  3. თქვენ რომ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მერი იყოთ, რით დაიწყებდით მაკოკოს პრობლემის მოგვარებას — დასახლების აღებით და ხალხის გადასახლებით, თუ ადგილზე პირობების გაუმჯობესებით? დაასაბუთეთ პასუხი.

 

  1. ბანგლადეში – მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანა, ქაოსი და ბრძოლა გადარჩენისთვის

ჩვენი მოგზაურობა გრძელდება ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ვიდეოში ნაჩვენებია დედაქალაქი დაკა, სადაც სატრანსპორტო კოლაფსი, ხმაური, გარემოს, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ადგილობრივების ყოველდღიურობაა. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა და არასრულწლოვანების მძიმე შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

ვიდეოში ცალსახად იკვეთება გეოგრაფიის X და XI კლასებში შემოთავაზებულ თემატურ ერთეულებთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

  • ჭარბმოსახლეობა, რესურსების დეფიციტი და ქალაქის გადატვირთვა;
  • ეკოლოგიური კატასტროფა – ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება;
  • სიღარიბე, შრომითი უფლებების დარღვევა – მძიმე ფიზიკური შრომა და დაბალი ანაზღაურება;
  • უიმედობა/პესიმიზმი.

ფილმის ყურების შემდეგ შეგიძლიათ მოსწავლეებს შესთავაზოთ შემდეგი სავარჯიშოები/სადისკუსიო კითხვები:

  1. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე დაკას ქუჩებში არსებულმა ქაოსმა და ხალხმრავლობამ?
  2. საქართველოში, დიდი ქალაქებში, ხშირად ვწუწუნებთ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებაზე. ვიდეოს ნახვის შემდეგ, როგორ შეადარებდით ამ ორ რეალობას? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბანგლადეშის მაგალითზე ურბანიზაციის შესახებ?
  3. როგორ შეიძლება გადაიჭრას ჭარბმოსახლეობის პრობლემა ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები?
  4. რას გააკეთებდით ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

 

  1. თურქმენეთი: მარმარილოს ქალაქი და დიქტატურა

შემდეგი ვიდეო გვიყვება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის — თურქმენეთის შესახებ. დედაქალაქი აშხაბადი, რომელიც თეთრი მარმარილოთია აშენებული, ერთი შეხედვით მდიდრული დასახლებაა. თუმცა მოსწავლეები მალევე გრძნობენ, რომ ქუჩები ცარიელია და ჰგავს მოსახლეობისგან დაცლილ საჩვენებელ ქალაქს… მოგზაური გვანახებს ავტორიტარული რეჟიმის, პიროვნების კულტისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხელშესახებ შედეგებს შედეგებს. გამეფებული ავტორიტარიზმი და დიქტატურა, სიტყვის თავისუფლების არარსებობა,  ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – „ფასადური“ მშენებლობები ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე, იზოლაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ინფორმაციული ვაკუუმი ხომ ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებად გვევლინება.

სადისკუსიო კითხვები:

  • რას გრძნობდით ცარიელი, თეთრი მარმარილოს ქალაქის ყურებისას — სიმშვიდს თუ შიშს? რატომ?
  • საქართველომაც გაიარა საბჭოთა კავშირის პერიოდი. ხედავთ თუ არა პარალელებს წარსულსა და თურქმენეთის აწმყოს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა?
  • თქვენ რომ თურქმენეთის ახალგაზრდა მოქალაქე იყოთ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა და უკან დაბრუნდა, რის შეცვლას ეცდებოდით თქვენს გარშემო არსებულ სოციუმში?

დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა თურქმენეთში.

  1. ამაზონი: ველური ბუნება და ცივილიზაცია

ბლოგერი გიორგი ჯობავა გვაცნობს მსოფლიოს „ფილტვებს“ — ამაზონის ჯუნგლებს. ვიდეოში ნაჩვენებია ადგილობრივი ტომების ცხოვრება, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები, თუმცა ცივილიზაციის გავლენა მათაც ეხებათ. ეს არის ამბავი ბუნებასთან ჰარმონიასა და გადარჩენაზე.

ვიდეოში გამოკვეთილი პრობლემებია:

  • გლობალიზაცია და თანმდევი პრობლემა – ტრადიციული ყოფის გაქრობის საფრთხე;
  • ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ათვისება, ტყეების გაჩეხვა და ეკოსისტემის განადგურება;
  • მედიცინასა და განათლებაზე შეზღუდული წვდომა.

სადისკუსიო კითხვები:

  1. ისურვებდით თუ არა ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ტექნოლოგიები არ არის და ბუნებასთან ახლოს ხართ?
  2. როგორ უკავშირდება ამაზონის ტყეების პრობლემა (ჟანგბადი, კლიმატი) საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს?
  3. როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა — მივცეთ თუ არა ადგილობრივ ტომებს განვითარების (გზები, ინტერნეტი) საშუალება, თუ დავიცვათ მათი იზოლირებული კულტურა ჩარევისგან?

 

  1. ლა რინკონადა: ქალაქი კანონების გარეშე

პერუ, ანდების მთები, ზღვის დონიდან 5100 მეტრი. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლება — ლა რინკონადა. ეს არის ადგილი, სადაც ოქროს მომპოვებლები ცხოვრობენ. აქ არ არის კანონი, პოლიცია, კანალიზაცია და ჟანგბადიც კი ნაკლებია. ყველაფერს მართავს ოქროს ციებ-ცხელება, სიხარბე და კრიმინალი.

ქალაქში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადგილი აქვს შრომითი ექსპლუატაციას. სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა – ვერცხლისწყლით მოწამლულია გარემო და რაც მთავარია ტერიტორიაზე, სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.

ვიდეოს ერთობლივი ყურების შემდეგ, მოსწავლეებს შეგიძლიათ შესთავაზოთ შემდეგი კითხვები:

  1. რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ნახეთ, რა პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა ოქროს მოსაპოვებლად?
  2. საქართველოშიც არის სამთო-მომპოვებელი ადგილები (მაგ: კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული). რა მსგავსება და განსხვავებაა შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის?
  3. რომ შეგეძლოთ ერთი კანონის მიღება და აღსრულება ლა რინკონადაში, რომელი იქნებოდა ეს და რატომ? როგორ მოაგვარებდით ნაგვისა და ვერცხლისწყლის პრობლემას?

ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეოები არ არის მხოლოდ გასართობი – ეს არის ვირტუალური ექსკურსია მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში. მათი გამოყენება გაკვეთილზე მოსწავლეებს ეხმარება, გასცდნენ სახელმძღვანელოებში ამოკითხულ მშრალ სტატისტიკას და დაინახონ რეალური ისტორიები.

როდესაც მოსწავლე მსჯელობს, როგორ მოაგვარებდა პრობლემას ლაგოსში ან დაკაში, ის სწავლობს პასუხისმგებლიანი მოქალაქის აზროვნებას, რაც საბოლოოდ, საკუთარი ქვეყნის — საქართველოს პრობლემების გააზრებასა და გადაჭრაშიც დაეხმარება. სწორედ ეს არის გეოგრაფიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული სწავლების მთავარი მიზანი.

სინუსოიდური ფუნქციების კვლევითი ანალიზი და სიღრმისეული გაგება

0

 

სასკოლო მათემატიკის პროგრამა ხშირად გვაიძულებს “სწრაფად და ფართოდ” მოქმედებას– მოკლე დროში ბევრი თემის ზედაპირულად გავლას. შედეგად, რთული, მაგრამ ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა სინუსოიდური ფუნქციების მოდელირება, ხშირად იქცევა მხოლოდ მექანიკური დამახსოვრების საგნად. მოსწავლეები სწავლობენ გრაფიკების აგებას, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრები A, B, C და D.

მე-11 კლასში ჩატარებული ჩემი გაკვეთილის მთავარი მიზანი სწორედ ამ პედაგოგიური დილემის გადაჭრა იყო: ფორმულების მექანიკური დამახსოვრების სიღრმისეული გაგებით ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი დროს მოითხოვა. გაკვეთილი, რომელიც თავისი მოცულობით 3-4 საგაკვეთილო საათს მოიცავდა, სცილდებოდა სტანდარტული დროის ლიმიტს, მაგრამ დამანახა, რომ სინუსოიდური ფუნქციებისის y(t) = A sin(B(t-C)) + D; y(t) = Acos(B(t-C)) + D თითოეული პარამეტრის ინტენსიური, კონტექსტის შესაბამისი კვლევა (ამპლიტუდა, პერიოდი, ფაზური და ვერტიკალური წანაცვლება) სრულად ამართლებს დროის ინვესტიციას.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, თუ როგორ იქცა მათემატიკის აბსტრაქტული თემა – „რხევითი მოძრაობის მოდელირება“ საკვლევ საკითხად, რითაც მოსწავლეებმა მიაღწიეს საკითხის გააზრების მაღალ ხარისხს, რომელსაც მხოლოდ ზედაპირული გავლა ვერ უზრუნველყოფდა. სტატიაში დეტალურად განვიხილავ გაკვეთილის სტრუქტურას, გამოყენებულ მეთოდებსა და კონკრეტულ შედეგებს.

მიმართულება: ალგებრა და კანონზომიერება

თემატური ბლოკი: შესაბამისობა, გრაფიკი, დამოკიდებულება, ფუნქცია

ძირითადი საკითხები: ტრიგონომეტრიული ფუნქციები და პერიოდული მოვლენები

  • პერიოდული მოვლენების აღმწერი ფუნქციების გრაფიკების განხილვა; ფუნქციის პერიოდულობა და პერიოდი;
  • ტრიგონომეტრიული ფუნქციები და მათი გრაფიკები – მარტივი ნიმუშების განხილვა; ( ; ;
  •   და  ფუნქციების გარდაქმნებით მიღებული გრაფიკები, მათ შორის ფაზით წანაცვლება; სხვადასხვა პერიოდის, სიხშირისა და ამპლიტუდის მქონე ჰარმონიული რხევები;
  • რეალური სიტუაციის მოდელირება და პრობლემის გადაჭრა ფუნქციისა და გრაფიკის საშუალებით;
  • ფუნქციის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში ცვლილებათა გასაანალიზებლად და რეალური მოვლენების მოდელირებისთვის.

 

 

სამიზნე ცნებები
1. მათემატიკური მოდელი 2. კანონზომიერება 3. ლოგიკა
რეალური პერიოდული მოვლენების (ტალღა, ტემპერატურა) აღსაწერად y(t) = A sin(B(t-C)) + D ფორმულის საშუალებით რეალური სიტუაციის მოდელირება და მომავალი მდგომარეობის გამოთვლა. პერიოდული მოვლენების და მათი აღმწერი ფუნქციების გრაფიკების განხილვა. პარამეტრების (A, B, C, D) კვლევა/ანალიზი. ფუნქციური დამოკიდებულებებისა და ტრიგონომეტრიული იგივეობების ანალიზი. მსჯელობა: ლოგიკური დასკვნების გამოტანა. (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პარამეტრებსა და გრაფიკს შორის).

მათემატიკის სტანდარტის შედეგები:

მათ.საშ.3.: შესასწავლი მოვლენიდან გამომდინარე ცვლად თუ მუდმივ სიდიდეთა შორის შესაბამისობის, ფუნქციური კავშირის დამყარება და წარმოდგენა შესაბამისი ერთი ან რამდენიმე ფორმით; ფუნქციის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში ცვლილებათა გასაანალიზებლად და რეალური მოვლენების მოდელირებისთვის.

გაკვეთილის მსვლელობა ( 3-4 საგაკვეთილო საათი)

აქტივობა1. პარამეტრი A; ამპლიტუდა.

თემა: გრაფიკის ვერტიკალური გაჭიმვა/შეკუმშვა:

მიზანი: ემპირიულად (ცდით) აღმოაჩინონ, რომ y = A sinx ფუნქციაში A პარამეტრი აკონტროლებს ტალღის სიმაღლეს (ამპლიტუდას).

საჭირო რესურსი: კომპიუტერი/ტაბლეტები ინტერნეტით, ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (Desmos ან GeoGebra).

მსვლელობა:

  1. საკვანძო შეკითხვა: (ცხოვრებისეული კავშირი) წყნარ ოკეანეში მოქცევის სიმაღლე გაცილებით მეტია, ვიდრე შავ ზღვაში? რა იცვლება მათ გრაფიკებში.
  2. ბაზისური მოდელის ანალიზი:
    • მოსწავლეებმა ააგეს ბაზისური გრაფიკი: y = sin(x)
    • დაადგინეს მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობებია y=1 და y=-1.
  3. ჰიპოთეზის წამოყენება
    • კითხვა: თუ A კოეფიციენტს გავზრდით, მაგალითად A=3-ზე, გრაფიკი გაიჭიმება თუ შეიკუმშება?
    • მოსწავლეებმა დაწერეს თავიანთი ვარაუდები.
  4. ცდის ჩატარება და მონაცემთა შეგროვება:

მოსწავლეებმა ჯგუფებში, გრაფიკული კალკულატორის (Desmos ან GeoGebra)  გამოყენებით ააგეს ფუნქციების გრაფიკები  და შეავსეს შემდეგი ცხრილი

 

ფუნქცია A-ს მნიშვნელობა მაქსიმალური მინიმალური  ( ამპლიტუდა   A აღმოჩენა: ვერტიკალური ცვლილება
y = sin(x) A=1 1 -1 1 ბაზისური
y = 3sin(x) A=3 ? ? ? ?
y = 1/2sin(x) A=1/2 ? ? ? ?
y = -2sin(x) A=-2 ? ? ? ?

 

5.    მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბებ

მოსწავლეები გაანალიზეს და შეადარეს შედეგები, თუ როგორ უკავშირდება კოეფიციენტი A ტალღის სიმაღლეს: მაგალითად, როდესაც A=3, მაქსიმალური მნიშვნელობა გახდა 3 და მინიმალური -3. როდესაც A=1/2, გრაფიკი ვერტიკალურად შეიკუმშა.

ამ კვლევის საფუძველზე, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს წესი:

  • როდესაც ამპლიტუდის აბსოლუტური მნიშვნელობა |A| > 1 -ზე ფუნქციის გრაფიკი გაჭიმულია ვერტიკალურად.
  • როდესაც A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა 0-სა და 1-ს შორისაა, 0 < |A| < 1 გრაფიკი შეკუმშულია ვერტიკალურად

 

 

  1. შეჯამება და ცხოვრებისეული კავშირი:

განიხილეს ამპლიტუდის როლი რეალურ მოვლენებში:

როგორ მოქმედებს ამპლიტუდა ხმაზე? (რაც მეტია ამპლიტუდა, მით უფრო ხმამაღალია ბგერა). როგორ მოქმედებს სინათლეზე? (რაც მეტია ამპლიტუდა, მით უფრო კაშკაშაა სინათლე).

აქტივობა2: პარამეტრი B და პერიოდის ცვლილება.

თემა: გრაფიკის ჰორიზონტალური შეკუმშვა/გაჭიმვა

მიზანი: ემპირიულად (ცდით) აღმოაჩინონ, რომ y = A sin(Bx) ფუნქციაში B პარამეტრი მოქმედებს პერიოდზე (T), ფორმულით

საჭირო რესურსი: კომპიუტერი/ტაბლეტები ინტერნეტით, ონლაინ გრაფიკული

კალკულატორი (Desmos ან GeoGebra).

მსვლელობა:

  1. ბაზისური მოდელის გახსენება:

გავიხსენეთ y = sin(x) ფუნქციის ძირითადი პარამეტრები.: ამპლიტუდა (=1) და პერიოდი (T=2π 6.28).

  1. ბაზისური გრაფიკის ანალიზი:
  • მოსწავლეებმა ონლაინ კალკულატორში ააგეს ბაზისური გრაფიკი: y = sin(x).
  • დაადგინეს, რომ ერთი სრული ტალღა სრულდება x 28 (2π) წერტილში.
  1. ჰიპოთეზის წამოყენება.
  • კითხვა: თუ B კოეფიციენტს გავზრდით, მაგალითად B=2, მაშინ გრაფიკი გაიჭიმება თუ შეიკუმშება?
  • მოსწავლეებმა დაწერეს თავიანთ ვარაუდებს.
  1. ცდის ჩატარება და მონაცემთა შეგროვება:

მოსწავლეებმა ჯგუფებში, გრაფიკული კალკულატორის (Desmos ან GeoGebra)  გამოყენებით ააგეს ფუნქციების გრაფიკები  და შეავსეს შემდეგი ცხრილი

 

ფუნქცია B-ს მნიშვნელობა პერიოდი (T) გრაფიკის მიხედვით აღმოჩენა: შეკუმშვა/გაჭიმვა
y =sin(x) B=1 2π 6.28 ბაზისური
y = sin(2x) B=2 T = ? ?
y = sin(4x) B=4 T = ? ?
y = sin(1/2x) B=1/2 T = ? ?

 

 

5. მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბებ

მოსწავლეებმა შეადარეს შედეგები:

როდესაც B=2, პერიოდი გახდა π(3.14).

როდესაც B=4, პერიოდი გახდა  (1.57).

როდესაც B= , პერიოდი გახდა 4π (12.56).

დასკვნის  ჩამოყალიბებისათვის მოსწავლეებს დავუსვი კითხვა: -როგორ შეგვიძლია B-ს მნიშვნელობა გადავაქციოთ პერიოდის (T) მნიშვნელობად? მოსწავლეებმა მარტივად აღმოაჩინეს კანონზომიერება, რომ  .

5.      შეჯამება და ცხოვრებისეული კავშირი

განიხილეს B პარამეტრის როლი ტალღებში (პერიოდული მოვლენების კონტექსტში, როგორ უკავშირდება ეს ტალღებს?)  ვისაუბრეთ სიხშირეზე: რაც მეტია B კოეფიციენტი, მით მაღალია ტალღის სიხშირე (ბევრი ციკლი მცირე დროში). რაც B და T-ს შორის უკუპროპორციულ დამოკიდებულებას ადასტურებს.

 

აქტივობა 3. სავარჯიშოების შესრულება. პარამეტრების (A და B) განმტკიცება

აქტივობა 3 მოიცავდა სავარჯიშოების სერიას. მოსწავლეებმა ეს დავალებები ჯერ ინდივიდუალურად შეასრულეს, შემდეგ კი მთელ კლასთან ერთად განიხილეს. აქტივობის მთავარი მიზანი იყო A და B პარამეტრების გამოთვლის უნარის განმტკიცება და საწყისი ცოდნის გამყარება. ამისათვის მოსწავლეებმა გამოიყენეს ინტეგრირებული მსჯელობა ფუნქციის ჩანაწერის y = A sin(Bx) სწრაფი ანალიზისთვის, რათა მკაფიოდ გაერჩიათ ვერტიკალური გაჭიმვა/შეკუმშვა (ამპლიტუდა) და ჰორიზონტალური გაჭიმვა/შეკუმშვა (პერიოდი).

 

#1. განსაზღვრეთ ფუნქციის პერიოდი

#2. განსაზღვრეთ ფუნქციის პერიოდი g

#3. რას უდრის ამპლიტუდა  ? ფუნქცია ვერტიკალურად არის გაჭიმული თუ შეკუმშული?

#4. რას უდრის ამპლიტუდა  ? ფუნქცია ვერტიკალურად არის გაჭიმული თუ შეკუმშული?

 

 

A და B  პარამეტრების კვლევის დასრულების შემდეგ, რაც ფუნქციის ფორმაზე (ვერტიკალური და ჰორიზონტალური გაჭიმვა/შეკუმშვა) ფოკუსირდებოდა და რასაც შესაბამისი სავარჯიშოების განმტკიცება მოჰყვა, გადავედით გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე. ეს ეტაპი მოიცავდა ფუნქციის განლაგების საკითხს – კერძოდ, ჰორიზონტალური (ფაზური) წანაცვლების (C) და ვერტიკალური წანაცვლების (D) კვლევითი გაკვეთილის დაგეგმვას.

აქტივობა 4:  პარამეტრი C (ფაზური წანაცვლება).

თემა: ფუნქციის ჰორიზონტალური წანაცვლება:

ფუნქციის ფორმა: y = A sin(B(x – C))

მიზანი: ემპირიულად აღმოაჩინონ, რომ C პარამეტრი მთელ გრაფიკს გადაადგილებს ჰორიზონტალურად და რომ ფაზური წანაცვლების მიმართულება საპირისპიროა ნიშნის მიმართ.

საჭირო რესურსი: ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (Desmos ან GeoGebra).

მსვლელობა:

 

  1. შესავალი: (ცხოვრებისეული კავშირი)

წარმოვიდგინოთ ტალღები: -რა მოხდება, თუ მოქცევის დროის თუ გაზომვას დავიწყებთ 3 საათის დაგვიანებით? ტალღა იგივე იქნება, მაგრამ მისი დაწყების დრო შეიცვლება?

  1. ბაზისური გრაფიკის ანალიზი:
  • მოსწავლეები აგებენ ბაზისურ გრაფიკს: y= sin(x)
  • დაადგინეს, რომ ბაზისური გრაფიკი იწყება (0, 0)-დან.
  1. ჰიპოთეზის წამოყენება
  • კითხვა: -თუ x-ს გამოვაკლებთ π/2-ს, = sin(x – π/2), გრაფიკი წავა მარჯვნივ თუ მარცხნივ?
  • მოსწავლეები წერენ თავიანთ ვარაუდებს.
  1. ცდის ჩატარება:

მოსწავლეებმა ჯგუფებში, გრაფიკული კალკულატორის (Desmos ან GeoGebra)  გამოყენებით ააგეს ფუნქციების გრაფიკები  და შეავსეს შემდეგი ცხრილი

 

ფუნქცია C-ს მნიშვნელობა საწყისი წერტილი    (0, 0) წანაცვლების მიმართულება ჰორიზონტალური ცვლილება
y = sin(x) C=0 (0, 0) ბაზისური ბაზისური
y = sin(x – π/3) C=π/3 ? ? ?
y = sin(x + π/2) C=-π/2 ? ? ?
y = sin(2(x – π/4)) C=π/4 ? ? ?

 

 

 

5. მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბებ

მოსწავლეებმა  შეადარეს შედეგები და გამოიტანეს დასკვნა:

ფაზური წანაცვლება C ყოველთვის საპირისპიროდ მოქმედებს ნიშანზე:

  • x – C (მინუსი)  წანაცვლება მარჯვნივ (პლუს მიმართულებით)
  • x + C (პლუსი) წანაცვლება მარცხნივ (მინუს მიმართულებით)

წესის დასაბუთება: ფაზური წანაცვლება არის C ერთეულით და მისი მიმართულება არის საპირისპირო C-ს ნიშნის მიმართ, რადგან ფუნქციის ნული წერტილი ნაპოვნია განტოლებით x-C=0-ზეა (x=C)

  1. შეჯამება და ცხოვრებისეული კავშირი :

ფაზური წანაცვლება არის დროის დაგვიანება პერიოდულ მოვლენაში. გამოიყენება:  ფაზური წანაცვლება აქტიურად გამოიყენება ინჟინერიაში, სადაც სხვადასხვა ტალღის სიგნალი უნდა იყოს ფაზაში (მაგალითად, სამფაზიანი დენი).

როდესაც დასრულდა A, B და C პარამეტრების კვლევა, გადავიდით ბოლო პარამეტრზე: ვერტიკალურ წანაცვლებაზე (D).

აქტივობა 5: პარამეტრი D .

თემა: ფუნქციის ვერტიკალური წანაცვლება

მიზანი: ემპირიულად (ცდით) აღმოაჩინონ, რომ y = A sin(Bx) + D ფუნქციაში D პარამეტრი მთელ გრაფიკს ასწევს ან დაწევს ვერტიკალურად და განსაზღვრავს საშუალო ხაზს.

საჭირო რესურსი: კომპიუტერი/ტაბლეტები ინტერნეტით, ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (Desmos ან GeoGebra).

მსვლელობა:

  1. შესავალი (ცხოვრებისეული კავშირი):

დავუბრუნდეთ მოქცევის მაგალითს: -რა მოხდება, თუ ზღვის საშუალო დონე (რაც ნულოვანია სტანდარტულად) შეიცვლება კლიმატის გამო? ტალღები მაინც იქნება, მაგრამ სად იქნება მათი ცენტრი?

  1. ბაზისური გრაფიკის ანალიზი:
    • მოსწავლეები აგებენ ბაზისურ გრაფიკს: y = sin(x).
    • დაადგენენ, რომ საშუალო ხაზი არის y=0 (X ღერძი)
  2. ჰიპოთეზის წამოყენება:
  • კითხვა: – თუ D კოეფიციენტს დავუმატებთ, მაგალითად +3-ს, გრაფიკი სად წავა? ზემოთ, ქვემოთ, თუ შეიცვლის ამპლიტუდას?
  • მოსწავლეები წერენ თავიანთ ვარაუდებს.
  1. ცდის ჩატარება და მონაცემთა შეგროვება:

მოსწავლეებმა ჯგუფებში, გრაფიკული კალკულატორის გამოყენებით ააგეს ფუნქციების გრაფიკები  (ამჯერად A=1 და B=1 პარამეტრების ფიქსაციით) და შეავსეს შესაბამისი ცხრილი

 

ფუნქცია D-ს მნიშვნელობა საშუალო ხაზი (y=D) მაქსიმალური მინიმალური  (  

ვერტიკალური ცვლილება

y = sin(x) D=0 0 1 -1 ბაზისური
y =sin(x) + 2 D=+2 ? ? ? ?
y = sin(x) – 1 D=-1 ? ? ? ?
y = 2sin(x) + 3 D=+3 ? ? ? ?

 

 

5.    მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბებ

მოსწავლეებმა შეადარეს შედეგები და გამოიტანეს დასკვნა:

  • როდესაც D=2 (მთელი ) გრაფიკი 2 ერთეულით ავიდა ზემოთ.
  • ამპლიტუდა არ შეცვლილა.

დასკვნა: აღმოჩნდა, რომ D პარამეტრი წარმოადგენს ფუნქციის საშუალო ხაზს და იწვევს გრაფიკის  ვერტიკალურ წანაცვლებას

  1. შეჯამება და ცხოვრებისეული კავშირი :

განიხილეს D პარამეტრის როლი მოქცევის მოდელირებაში, თუ როგორ უკავშირდება D პარამეტრი მოქცევას (D არის ზღვის საშუალო დონე, რომლის ირგვლივ ტალღა აგრძელებს რხევას).

აქტივობა 6. სავარჯიშოების შესრულება. პარამეტრების (C და D) განმტკიცება

მოსწავლეებმა ეს სავარჯიშოები ჯერ ინდივიდუალურად შეასრულეს, რათა ცოდნა განემტკიცებინათ, შემდეგ კი მთელ კლასთან ერთად განიხილეს, რამაც ხელი შეუწყო ინტეგრირებული მსჯელობის განვითარებას. აქტივობის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს განემტკიცებინათ ლოგიკური მსჯელობა წანაცვლებების მიმართულებების შესახებ და საბოლოოდ შეძლებოდათ ფუნქციის სრული ანალიზი y = A sin(B(x-C)) + D ფორმულის მიხედვით.

 

#1 განსაზღვრეთ ფაზური ცვლის მიმართულება და სიდიდე
#2 განსაზღვრეთ ფაზური ცვლის მიმართულება და სიდიდე g
#3 განსაზღვრეთ  ვერტიკალური ცვლის მიმართულება და სიდიდე
#4 განსაზღვრეთ  ვერტიკალური ცვლის მიმართულება და სიდიდე
#5 განსაზღვრეთ ფუნქციის შუა ხაზი, ამპლიტუდა, პერიოდი და ფაზური ცვლა

 

#6 განსაზღვრეთ ფუნქციის შუა ხაზი, ამპლიტუდა, პერიოდი და ფაზური ცვლა

 

 

აქტივობა 7 . შეჯამება და სრული ანალიზი :

მიზანი: ტრიგონომეტრიული ფუნქციის სრული ანალიზი

ამ ოთხი კვლევითი აქტივობებისა და სავარჯიშოების შესრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ემპირიულად აღმოაჩინეს, თუ როგორ მოქმედებს თითოეული პარამეტრი გრაფიკზე

y = A sin(B(x – C)) + D

გამოიტანეს საბოლოო დასკვნა

პარამეტრი მოქმედება წესი
A (ამპლიტუდა) ვერტიკალური გაჭიმვა/შეკუმშვა როცა  ამპლიტუდის აბსოლუტური მნიშვნელობა  |A| > 1 -ზე ფუნქციის გრაფიკი გაჭიმულია ვერტიკალურად, ხოლო 0 < |A| < 1 გრაფიკი შეკუმშულია ვერტიკალურად.
B (პერიოდი) ჰორიზონტალური შეკუმშვა/გაჭიმვა T =
C (ფაზური წანაცვლება) ჰორიზონტალური გადაადგილება C ერთეულით გადაადგილება, ნიშნის საპირისპიროდ.
D (ვერტიკალური წანაცვლება) ვერტიკალური გადაადგილება D ერთეულით გადაადგილება, ნიშნის შესაბამისად (y=D არის საშუალო ხაზი).

ჩვენი გაშლილი გაკვეთილის პირველი ნაწილი,  დეტალურად მიეძღვნა სინუსოიდური ფუნქციის A, D, B და C პარამეტრების სიღრმისეულ ანალიზს. მოსწავლეთა შედეგებმა ნათლად აჩვენა: დროის ინვესტიცია ცნებების გააზრებაში გადამწყვეტია. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ამპლიტუდა არის მოძრაობის „ძალა“, ვერტიკალური წანაცვლება – „ცენტრი“, პერიოდი – „სიჩქარე“, ხოლო ფაზური წანაცვლება – „დროში გასწორება“.

ამ მეთოდოლოგიურმა მიდგომამ მათ ჩამოუყალიბა მყარი საფუძველი, რათა აბსტრაქტული მათემატიკური ფორმულა ექციათ ანალიზისა და ინტერპრეტაციის ინსტრუმენტად.

თუმცა, მათემატიკური წიგნიერების ჭეშმარიტი ტესტი არის ამ ცალკეული ცოდნის ინტეგრირება და კომპლექსურ, რეალურ ამოცანაში გამოყენება.  მომდევნო სტატია (მეორე ნაწილი) დაეთმობა გაკვეთილის გადამწყვეტ ეტაპს, სადაც მოსწავლეებმა შექმნეს ზღვის მოქცევის ტალღის სრული მოდელი და გამოიყენეს ის პროგნოზირებისთვის. ეს ნაწილი აჩვენებს, თუ როგორ მივიღეთ სიღრმისეული გაგებიდან პრაქტიკული შედეგები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მე-11 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/metertmete/
  3. https://courses.lumenlearning.com/suny-osalgebratrig/chapter/graphs-of-the-sine-and-cosine-functions/

 

 

ეკლექტური სიზუსტეები

0

ახლი ავტორი – ახალი წიგნი

თვითრეფლექსიის კათარზისული პოეზია – ნანიკო სირაძე

პოლიჟანრულ ეპოქაში ლიტერატურაც ეკლექტურობისკენ მიილტვის და მგონი სწორადაც. დასაწყისი ხომ საერთოდაც ასეთი იყო –  სინკრეტული. ეს ქაოსს არ ნიშნავს, იმ გაგებით, რაგვარადაც იგი გვესმის და წარმოგვიდგენია. აი, ქაოსურ წესრიგს – კი.

ამგვარი წესრიგი ყველაზე რთულად მოსაღწევია, მაგრამ ჩვენი ავტორი გვიდასტურებს, რომ ნიჭის და შრომის ქორწინების შედეგად, სირთულეები უქმდებიან.

დემიურგად ყოფნა ადამიანად ყოფნის მიტოვებას გულისხმობს. მეტაფორმოზას, უკან დასაბრუნებულ გზას რომ აღარ იცნობს. ამიტომაც მოუხმობს ავტორი კაფკას. ოღონდ ამ გარდაქმნას, ხელოვნურად როდი არომანტიკულებს. არა, ის გვიყვება, როგორც ყოფით ამბავს: ,,…დილით რომ გავიღვიძე და საკუთარ თავს ლექსების წერა ვაიძულე. ხო, მუზა კი არ მეახლა, ყურებით მოვათრიე, უფრო სწორად, ტრაგედიამ მომითრია, მერე სარკისებრი ნეირონები ბიოქიმიურად გადავტენე და არისტოტელესგან ‘ნასესხებ”  კათარზისადაც გამოვიყენე. ‘’

და მერე უკვე, ძალიან მალე, ლექსის ფორმით უფრო მაღალ საფეხურს მონიშნავს:

,, ვიხმობ – ცნობიერს, გავურბი – ღრუბელს.

მე მინდა, თუნდაც უღრუბლოდ წვიმდეს.’’

და მერე უკვე, ვერლიბრის ფორმით, კიდევ უფრო მაღალს:

,,ვეღარ ვწერ ლექსებს,

არ ირითმება ლაკანს მიძღვნილი ღამეების ფერიცვალება.

აღარც ქარი წერს სიმფონიას, სასიამოვნოს,

და ფიქრში, რომ ყველა რითმა ერთად იცვლება,

აღარც ზვირთები ეხეთქება ყურებს მგზნებარედ.’’

პროზის და პოეზიის მონაცვლეობა, მერე – ენებისაც, ტექსტის ციებ-ცხელებასავითაა – ერთ სხეულში ერთიანდება ცეცხლიც და ყინულიც. ალბათ ამიტომ წერს ავტორი უფრო გვიან: ,,Hassliebe  -ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვაა, სიძულვილ-სიყვარულს ერთი სიტყვით უკეთ სხვა ვერაფერი გამოხატავდა.’’

ეს აღრევა შეიძლება ბუნდოვანებას ამძაფრებდეს, მაგრამ, როგორც ვატყობთ, ავტორს სწორედ ეს იზიდავს და მაქსიმად ამბობს კიდეც: ,,გაურკვევლობა გვზრდის ადამიანებს.’’

და მერე უკვე არც გასტრონომიულ მეტაფორებს ერიდება:

,,ჭაღარამ შეგისანსლა თმის შავი ღერები’’

კარგია. ზუსტი.

ერთგან წერს: ,,მგონი, ოდესღაც ყველა მკითხველს გაგვჩენია საკუთარი წიგნის წერის სურვილი’’ და ამით სწორედ იმ გზის დაწყებაზე მიგვანიშნებს, ადამიანი რომ დამიურგად გარდაქმნის დაწყებას გადაწყვეტს.

ეს წიგნი ამ საქმეს შენც მოგანდომებს მკითხველო.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...