— „მასწ, კიდევ როდის უნდა ვნახოთ იუთუბერების ვიდეოები?“ ამ კითხვით დაიწყო მორიგი სამუშაო კვირა. მოსწავლეები აშკარა ინტერესს გამოხატავენ მათთვის ნაცნობი სტილით მოყოლილი ამბისა და ნაჩვენები ისტორიების მიმართ. ვიზუალური თხრობა, რომელიც უშუალო მონაწილის თვალითაა დანახული, მოზარდებში აღვიძებს ემპათიას, აჩენს კითხვებს და მსოფლიოს გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ რუკას გაცილებით ხელშესახებს ხდის.
ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ ვიდეო-რესურსს, რომლებიც გეოგრაფიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენი „მარშრუტი“ აფრიკის ღარიბი უბნებიდან იწყება. გაივლის აზიის მჭიდროდ დასახლებულ და დაბინძურებულ ქალაქებს, ჩაკეტილ დიქტატურას თურქმენეთის სახით, გვამოგზაურებს ამაზონის ჯუნგლებში და ანდების მთებში ჩაკარგულ დასახლებაში დასრულდება.
წყალზე გაშენებულ ქალაქებს როცა ვახსენებთ, პირველი მდიდრული ვენეცია გვახსენდება. თუმცა, აფრიკის კონტინენტზეც მოიძებნება „შავ ვენეციად“ წოდებული ქალაქი – მაკოკო.
ვიდეო გვიყვება ნიგერიაში მდებარე დასახლება მაკოკოზე, რომელსაც ხშირად „შავ ვენეციას“ უწოდებენ. ეს არის წყალზე გაშენებული ღარიბთა დასახლება, სადაც არ არსებობს კანალიზაცია, სუფთა წყალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბლოგერი გვაჩვენებს ადგილობრივების ყოფას, წყალზე გაშენებულ სკოლებს და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მოსახლეობა დგას.
მაკაკოში არსებული ვითარება უკავშირდება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ და კოლექტიურ უფლებებს. აქ ნაჩვენებია:
- უკიდურესი სიღარიბე და ანტისანიტარია;
- ინფრასტრუქტურის არარსებობა, ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობისა და გზების დეფიციტი;
- განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა – ბავშვების სირთულეები სკოლაში სიარულთან დაკავშირებით;
- კრიმინალი – ადგილობრივი დაჯგუფებები, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას და ეწევიან რეკეტს.
სავარჯიშო / სადისკუსიო კითხვები:
- რა განცდები გაგიჩნდათ, როდესაც ნახეთ ბავშვები, რომლებიც დაბინძურებულ წყალში ნავებით დადიან სკოლაში?
- როგორ ფიქრობთ, რა პარალელის გავლება შეიძლება საქართველოს მაღალმთიანი ან სოციალურად დაუცველი რეგიონების პრობლემებთან? არის თუ არა მსგავსება განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით?
- თქვენ რომ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მერი იყოთ, რით დაიწყებდით მაკოკოს პრობლემის მოგვარებას — დასახლების აღებით და ხალხის გადასახლებით, თუ ადგილზე პირობების გაუმჯობესებით? დაასაბუთეთ პასუხი.
ჩვენი მოგზაურობა გრძელდება ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ვიდეოში ნაჩვენებია დედაქალაქი დაკა, სადაც სატრანსპორტო კოლაფსი, ხმაური, გარემოს, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ადგილობრივების ყოველდღიურობაა. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა და არასრულწლოვანების მძიმე შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.
ვიდეოში ცალსახად იკვეთება გეოგრაფიის X და XI კლასებში შემოთავაზებულ თემატურ ერთეულებთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
- ჭარბმოსახლეობა, რესურსების დეფიციტი და ქალაქის გადატვირთვა;
- ეკოლოგიური კატასტროფა – ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება;
- სიღარიბე, შრომითი უფლებების დარღვევა – მძიმე ფიზიკური შრომა და დაბალი ანაზღაურება;
- უიმედობა/პესიმიზმი.
ფილმის ყურების შემდეგ შეგიძლიათ მოსწავლეებს შესთავაზოთ შემდეგი სავარჯიშოები/სადისკუსიო კითხვები:
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე დაკას ქუჩებში არსებულმა ქაოსმა და ხალხმრავლობამ?
- საქართველოში, დიდი ქალაქებში, ხშირად ვწუწუნებთ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებაზე. ვიდეოს ნახვის შემდეგ, როგორ შეადარებდით ამ ორ რეალობას? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბანგლადეშის მაგალითზე ურბანიზაციის შესახებ?
- როგორ შეიძლება გადაიჭრას ჭარბმოსახლეობის პრობლემა ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები?
- რას გააკეთებდით ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?
შემდეგი ვიდეო გვიყვება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის — თურქმენეთის შესახებ. დედაქალაქი აშხაბადი, რომელიც თეთრი მარმარილოთია აშენებული, ერთი შეხედვით მდიდრული დასახლებაა. თუმცა მოსწავლეები მალევე გრძნობენ, რომ ქუჩები ცარიელია და ჰგავს მოსახლეობისგან დაცლილ საჩვენებელ ქალაქს… მოგზაური გვანახებს ავტორიტარული რეჟიმის, პიროვნების კულტისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხელშესახებ შედეგებს შედეგებს. გამეფებული ავტორიტარიზმი და დიქტატურა, სიტყვის თავისუფლების არარსებობა, ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – „ფასადური“ მშენებლობები ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე, იზოლაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ინფორმაციული ვაკუუმი ხომ ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებად გვევლინება.
სადისკუსიო კითხვები:
- რას გრძნობდით ცარიელი, თეთრი მარმარილოს ქალაქის ყურებისას — სიმშვიდს თუ შიშს? რატომ?
- საქართველომაც გაიარა საბჭოთა კავშირის პერიოდი. ხედავთ თუ არა პარალელებს წარსულსა და თურქმენეთის აწმყოს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა?
- თქვენ რომ თურქმენეთის ახალგაზრდა მოქალაქე იყოთ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა და უკან დაბრუნდა, რის შეცვლას ეცდებოდით თქვენს გარშემო არსებულ სოციუმში?
დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა თურქმენეთში.
ბლოგერი გიორგი ჯობავა გვაცნობს მსოფლიოს „ფილტვებს“ — ამაზონის ჯუნგლებს. ვიდეოში ნაჩვენებია ადგილობრივი ტომების ცხოვრება, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები, თუმცა ცივილიზაციის გავლენა მათაც ეხებათ. ეს არის ამბავი ბუნებასთან ჰარმონიასა და გადარჩენაზე.
ვიდეოში გამოკვეთილი პრობლემებია:
- გლობალიზაცია და თანმდევი პრობლემა – ტრადიციული ყოფის გაქრობის საფრთხე;
- ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ათვისება, ტყეების გაჩეხვა და ეკოსისტემის განადგურება;
- მედიცინასა და განათლებაზე შეზღუდული წვდომა.
სადისკუსიო კითხვები:
- ისურვებდით თუ არა ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ტექნოლოგიები არ არის და ბუნებასთან ახლოს ხართ?
- როგორ უკავშირდება ამაზონის ტყეების პრობლემა (ჟანგბადი, კლიმატი) საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს?
- როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა — მივცეთ თუ არა ადგილობრივ ტომებს განვითარების (გზები, ინტერნეტი) საშუალება, თუ დავიცვათ მათი იზოლირებული კულტურა ჩარევისგან?
პერუ, ანდების მთები, ზღვის დონიდან 5100 მეტრი. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლება — ლა რინკონადა. ეს არის ადგილი, სადაც ოქროს მომპოვებლები ცხოვრობენ. აქ არ არის კანონი, პოლიცია, კანალიზაცია და ჟანგბადიც კი ნაკლებია. ყველაფერს მართავს ოქროს ციებ-ცხელება, სიხარბე და კრიმინალი.
ქალაქში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადგილი აქვს შრომითი ექსპლუატაციას. სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა – ვერცხლისწყლით მოწამლულია გარემო და რაც მთავარია ტერიტორიაზე, სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.
ვიდეოს ერთობლივი ყურების შემდეგ, მოსწავლეებს შეგიძლიათ შესთავაზოთ შემდეგი კითხვები:
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ნახეთ, რა პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა ოქროს მოსაპოვებლად?
- საქართველოშიც არის სამთო-მომპოვებელი ადგილები (მაგ: კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული). რა მსგავსება და განსხვავებაა შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის?
- რომ შეგეძლოთ ერთი კანონის მიღება და აღსრულება ლა რინკონადაში, რომელი იქნებოდა ეს და რატომ? როგორ მოაგვარებდით ნაგვისა და ვერცხლისწყლის პრობლემას?
ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეოები არ არის მხოლოდ გასართობი – ეს არის ვირტუალური ექსკურსია მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში. მათი გამოყენება გაკვეთილზე მოსწავლეებს ეხმარება, გასცდნენ სახელმძღვანელოებში ამოკითხულ მშრალ სტატისტიკას და დაინახონ რეალური ისტორიები.
როდესაც მოსწავლე მსჯელობს, როგორ მოაგვარებდა პრობლემას ლაგოსში ან დაკაში, ის სწავლობს პასუხისმგებლიანი მოქალაქის აზროვნებას, რაც საბოლოოდ, საკუთარი ქვეყნის — საქართველოს პრობლემების გააზრებასა და გადაჭრაშიც დაეხმარება. სწორედ ეს არის გეოგრაფიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული სწავლების მთავარი მიზანი.


