შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

მოსწავლე როგორც აქტიური მოქალაქე

0

თანამედროვე პედაგოგიური წრეებში სულ უფრო აქტიურად განიხილება მოქალაქეობრივი განათლების როლი ახალგაზრდის თვითშეგნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ფორმირებაში. გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების ეპოქაში, სადაც საჯარო სივრცეები სუსტდება და სკოლა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების  განსავითარებლად.

სამოქალაქო განათლება ვერ დაიყვანება მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოების, ადამიანის უფლებათა ან დემოკრატიული ინსტიტუტების ზედაპირულ სწავლებაზე. მისი ჭეშმარიტი ფუნქცია მდგომარეობს ღირებულებით წვრთნაში — იმ ღირებულებების გააზრებასა და ინტეგრაციაში, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ თანაცხოვრებას: თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა. მოსწავლე, რომელიც იღებს ამ ღირებულებებს როგორც პირად ეთიკურ კოდექსს და არა მხოლოდ საგნობრივ მასალად, იწყებს საკუთარ თავში მოქალაქის ხატის მშენებლობას.

 

მოქალაქეობა ხშირად გვესმის როგორც სტატუსი — ვინ ხარ სამართლებრივად. თუმცა სამოქალაქო განათლების მიზანი არის მოქალაქეობის გააზრება როგორც პროცესისა, რომელიც უწყვეტია, მოძრავი და დროში გარდამავალი. ეს პროცესი მოითხოვს პიროვნულ ზრდას, კრიტიკულ გააზრებას და ეთიკურ მოქმედებას. აქტიური მოქალაქეობა არ ვლინდება მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ან წესრიგის დაცვით. იგი იწყება კითხვით, ინტერესით, არგუმენტით და ბოლოს ქმედებით. სკოლა კი უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც ეს პროცესი იწყება — სიტყვისგან ქმედებამდე.

 

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სამოქალაქო განათლებას, მოქმედებს არა როგორც ინფორმაციის ტრანსლატორი, არამედ როგორც მოდერატორი, სარკე და გზამკვლევი. ის ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლე არ მხოლოდ სწავლობს, არამედ ეჭვობს, სვამს კითხვებს, უარყოფს და ხელახლა იკრებს იმ ღირებულებებს, რომლებიც შექმნიან მის საზოგადოებრივ იდენტობას. ამ კონტექსტში სწავლება აღარ არის მხოლოდ საგნობრივი აქტივობა — ეს არის ეთიკური პოზიცია, პროფესიული მოწოდება და დემოკრატიული ხელოვნების ფორმა.

 

სკოლა, რომელიც აღიქვამს საკუთარ თავს მხოლოდ აკადემიური მიზნების სივრცედ, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი ცნობიერების აღზრდას. სკოლამ უნდა აღიაროს საკუთარი ფუნქცია, როგორც დემოკრატიის მინიატურული მოდელი — სივრცე, სადაც მოსწავლეს ეძლევა სიტყვის უფლება, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი მოქმედებების შედეგის განცდა. მხოლოდ ამ გზით იქმნება ის სიმბოლური კონსტრუქცია, რომელსაც საზოგადოება უწოდებს “მოქალაქეს” — არა მხოლოდ სახელით და გვარით, არამედ ღირებულებითად და მოქმედებით.

 

სამოქალაქო განათლება დღეს აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც დანართი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში. იგი წარმოადგენს ღირებულებითი წერტილიდან დაწყებულ გზას, რომელიც პიროვნებას ეხმარება საკუთარი თავის, სხვისი და სამყაროს მიმართ პასუხისმგებლობით მოქმედებაში. მოსწავლე, როგორც აქტიური მოქალაქე, არ იბადება თავად. იგი იქმნება სივრცეში, სადაც მას უსმენენ, სთავაზობენ, ეუბნებიან და ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროს ღირებულებებისმიერი მოქმედებით. ეს გზა იწყება სკოლის საკლასო ოთახში — იქ, სადაც მასწავლებელი არ არის მხოლოდ პროფესია, არამედ მოქალაქეობრივი წრის შემოქმედიც.

ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობები”

0

ვარლამ შალამოვის კოლიმური მოთხრობები საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური დოკუმენტია. ის არ გვიყვება მხოლოდ ადამიანზე, რომელიც ცივ მიწაში მუშაობს, შიმშილობს, გაყინულია. ის გვაჩვენებს, როგორ იწყება ნელ-ნელა ადამიანის მოშლა — არა სხეულიდან, არამედ აზრიდან, ღირსებიდან, სახელისგან. შალამოვი არ ყვირის. ის ამბობს. მოკლედ, მშრალად, სიზუსტით, რომელიც ქირურგიულად ჭრის დოგმებს, მითებს და იდეოლოგიურ ზედნაშენს. სწორედ ამით იქმნება მისი მწერლური სიძლიერე — პირადული დისტანციითა და უემოციო სიზუსტით, რომელსაც მორალური ექო მოჰყვება.

 

კოლიმა არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ის მორალური ნულოვანი წერტილია — ადგილი, სადაც ადამიანი მთლიანად გაშიშვლებულია. შალამოვისთვის კოლიმა წარმოადგენს ტესტს არა მხოლოდ ადამიანობაზე, არამედ ენისა და წერილის უნარზე. იქ, სადაც ყინვამ გადაყლაპა ღმერთი და სადაც წესრიგს ტყვიები იცავდა, შალამოვმა შექმნა ახალი ლიტერატურული ფორმა: ცივი პათოსი — გრძნობის გარეშე მოთხრობილი გრძნობა, რომელმაც შთამბეჭდავი მორალური ძალა შეიძინა. იგი არ ცდილობს სინანულის გამოწვევას მკითხველში — მხოლოდ ახსენებს, რომ სინდისი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

„კოლიმური მოთხრობები“ არ არის ტრადიციული პროზა. მათი ენა სპარტანულია, ფაქტებზე ორიენტირებული, ხაზგასმულად არა-რიტორიკული. შალამოვი უარს ამბობს ლირიზმზე, ემოციაზე და ფსიქოლოგიზმზე — ეს განზრახული ესთეტიკური პოზიციაა, რომელიც უსვამს ხაზს ავტორის დამოკიდებულებას: სიტყვა არ არის დეკორატიული, იგი უნდა იყოს სამხილი. ეს სტილი გადაიქცა წინააღმდეგობის ფორმად. დისტანციური თხრობა — თავისდადებითი შინაარსის მიუხედავად — გადაიქცა თავისუფლების იარაღად. სწორედ ეს განსაზღვრავს შალამოვის განსხვავებას სოლჟენიცინთან: იქ, სადაც ერთს უნდა გარდასახოს ტანჯვა სიმბოლოში, მეორე ხაზგასმით ამბობს — სიმბოლოს დრო არ არის. ჯერ უნდა ითქვას ფაქტი.

ის ისევე წერს გულაგზე, როგორც ისააკ ბაბელი სამოქალაქო ომზე. ოღონდ იმ განსხვავებით რომ შალამოვი გადარჩა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია, ის არ დაუხვრეტიათ. დახვრიტეს ისააკ ბაბელი, რომელსაც მანამდე ყოფილი ცოლის დაბეზღება მოსთხოვეს..

 

დღეს, როცა საზოგადოება ხშირად თანხმდება იდეოლოგიური წარსულის „დავიწყებაზე“, შალამოვის მოთხრობები გვახსენებს, რომ არაფერია ისე საშიში, როგორც სიჩუმე. შალამოვი არ გვასწავლის, როგორ დავიტანჯოთ, არამედ — როგორ დავინახოთ ტანჯვა ისე, რომ არ ვაიგნოროთ. და ეს გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაშიც გადმოდის: ადამიანის უფლებები არ იწყება დოკუმენტით. ისინი იწყება ამბით — ხმით, რომელსაც არავინ უსმენს, მაგრამ ვიღაც წერს.

 

მასწავლებლისთვის, რომელსაც სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის სჯერა, შალამოვის მოთხრობები შესაძლოა იქცეს ძლიერი რესურსად — როგორც იშვიათი ლიტერატურული საშუალება ადამიანის ღირსების, უფლებებისა და მეხსიერების საკითხებზე საუბრისთვის. მისი ტექსტები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ სამართლიანობა იწყება მოყოლით, ხოლო განათლება — მოსმენით. შალამოვი არ ასწავლის; ის გვაგონებს. მისი მოთხრობები არ განაჩენია, არამედ მოწოდება სიჩუმეში: დავინახოთ ის, რისი გატანა შეუძლებელია, და მაინც ვეძიოთ გზა მის გამოსათქმელად.

 

შალამოვი არა მარტო წარსულზე გვესაუბრება, არამედ აყალიბებს მომავლის ხმოვანებას. მისი სიტყვები დღესაც აგრძელებს დუმილის დარღვევას, მაგრამ არა განრისხებით, არამედ — ღირსებით. და სწორედ ეს ღირსება უნდა იქცეს განათლების ბირთვად, როდესაც მოსწავლეს ვეუბნებით: „ შენ შეგიძლია ილაპარაკო“ .

თვითონ შალამოვს რაც შეეხება, ერთხელ სტალინის ძაგების გამო გადაასახლეს, მეორედ სასჯელი იმიტომ მოუმატეს რომ ივან ბუნინი აქო. ივან ბუნინი კომუნისტებისთვის კონტრევლოუციონერი „ რუხი მგელი „ იყო.

საზაფხულო რჩევები ჩემს მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს

0

ზაფხული დასვენების, ძალების აღდგენის, თავისუფლებით ტკბობის, აღმოჩენების დროა. სიტყვა „დავალება“ ვალდებულებას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ, საზაფხულო რჩევა უფრო შესაბამისი მგონია.  „მე გირჩევთ და თუ თქვენ სურვილი გექნებათ, გაითვალისწინეთ“. – ამგვარი შეთანხმება ბავშვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.  ჩემს მოსწავლეებზე ფიქრისას, ვცდილობ, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. სწორედ ამიტომ საზაფხულო რჩევებისთვის ჩემს ბავშვობას მივაკითხე. გავიხსენე, მათ ასაკში რას ვკითხულობდი, როგორ ვატარებდი დროს ზაფხულში. საბედნიეროდ, ყველა დღიური, პირადი წერილი თუ ფოტო შენახული მაქვს, თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო ჩემი პროფესია. პირადი მაგალითი კვლავ ყველაზე ძლიერ მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე, ჩემი დღიურები თვალსაჩინოებად, ერთგვარ სასწავლო რესურსად, გამოვიყენე და წლის ბოლო გაკვეთილისთვის საზაფხულო რჩევები ამგვარი გამოვიდა:

  • სამი წიგნი 12 წლის ლელა მასწავლებლის დღიურიდან;
  • დღიურის წერა;
  • ჰერბარიუმი;
  • კლასის საკითხავი წიგნი.

სკოლაში მივიტანე ჩემი დღიურები. მეექვსე კლასისთვის განვსაზღვრე რვეული, რომელიც 1998 წლის ზაფხულის არდადეგების დასაწყისში დღიურად შემირჩევია. ამ დღიურში მეც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, 12 წლის ვარ. დაფაზე დავწერე მათემატიკური მაგალითი: 2025-1998=  და მოსწავლეებს გამოანგარიშება ვთხოვე. 27 წლის წინანდელი დღიური ხელში რომ მეჭირა, ამ ფაქტმა მაგნიტივით მიიზიდა ბავშვების ყურადღება. ცნობისმოყვარეობის აღძვრის შემდეგი ეტაპი დღიურის ჩანაწერების შინაარსის გაგება აღმოჩნდა. მათი თხოვნით, კითხვა დავიწყე და ვეღარ გავჩერდით. სამი ფურცელი მალე ჩათავდა და სინანული გამოვხატე, ნეტავ, კიდევ მეტი დამეწერა-მეთქი.

პირველი დღიურში 1998 წელია. 28 მაისიდან ვიწყებ წერას და 14 ივნისს ვასრულებ. რადგან სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი 13 ივნისს დაემთხვა, მოვძებნე ამ დღის ჩანაწერი და აი, 12 წლის გოგოს რა დამიწერია:

13 ივნისი. შაბათი. 1998 წელი. დღეს ეთერი ბიცოლამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ დღეს ლენა ბებოს ორმოცი იყო და შევთანხმდით, სად უნდა შევხვედრილიყავით. მე, მამა და დედა წავედით და თავისუფლების მეტროსთან ამოვედით. იქ სერგო ბიძია თავისი ოჯახით და „მარშუტკით“ დაგვხვდა და წაგვიყვანა ვასო პაპასთან. საღამოს დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ მარნეულში უნდა წავსულიყავით და ჩვენც გავემზადეთ. იმ საღამოსვე გადაწყდა და მაიაც დაგვთანხმდა მარნეულში წამოსვლაზე“.

ბოლო წინადადებაში მაიას ვახსენებ, ჩემი ბავშვობის მეგობარს. მეექვსეკლასელებს ვუთხარი, მაია სწორედ ის გოგოა, სპექტაკლზე დასასწრებად რომ გვესტუმრა თავის 9 წლის მართასთან ერთად-მეთქი.

ამ ფაქტმა დაგვაფიქრა ბავშვობის მეგობრების როლზე ჩვენს ცხოვრებაში და მათ მიერ გამოხატულ თანადგომაზე. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ჩემთან ერთად არიან ჩაბმულნი  მოსწავლეებისთვის გამართულ ღონისძიებებში და ზუსტად ვიცი, რომ მათ კეთილგანწყობასა და თანადგომას ბავშვებიც ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩემი ბავშვობის დღიურის წაკითხვამ დადებითი მუხტით აგვავსო. 27 წლის წინ 12 წლის გოგო ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, სოფლიდან სოფელში – ფასანაურში, მარნეულში, ტიბაანში – დამატარებენ მშობლები, ვეცნობი ახალ ადამიანებს, მყავს უამრავი მეგობარი, ვუყურებ სერიალებს, რომელთაც იმ დროს მთელი საქართველოს მოსახლეობა უყურებდა, მეგობრის მამებს დავყავარ თბილისის ზღვაზე, ვთამაშობ „რეზინობანას“, საპნის ბუშტებს ვუშვებ სახლის აივნიდან და ვკითხულობ წიგნებს. ერთგან ვწერ, დღეს მთელი დღე დენი იყო, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა-მეთქი. ამის გაგონებისას მეექვსეკლასელებს ეღიმებათ.

მახსოვს, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვდა ჩემგან ყოველი დღის შესახებ წერა და მიჭირდა სიზარმაცის დაძლევა. ახლა მოსწავლეებს ვთხოვ, რომ არ დაიზარონ და ხშირად წერონ, რადგან ამ დღიურებზე ძვირფასი ბავშვობიდან არაფერი მაქვს. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავს ვაჩუქე დროში მოგზაურობისთვის ამბები, რომლებიც მხოლოდ დღიურმა გამახსენა. რვეულის ფურცლებზე მამაჩემი და ჩემი ძმა, ბიძაჩემი, ჩემი მეგობრის მამები ცოცხლები არიან. კითხვისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს დროის საზღვარი ირღვევა და ისევ იქ ვარ, მამას ფასანაურში მივყავარ თამაზი ბიძიას მანქანით ან ქიზიყის დასათვალიერებლად სიღნაღის აღმართს ძლივს მიარღვევს ჩვენი მოფახფახებული მანქანა „ლურჯა“. კითხვისას იდეა გვებადება, რომ ექსკურსია მოვაწყოთ და სიღნაღში წავიდეთ.

სამი წიგნი

როგორც აღვნიშნე, დღიურში ხშირად ვწერ, რომ ვკითხულობ. მასწავლებელმა 12 წლის საკუთარ თავს მადლობა გადავუხადე ერთი ჩანაწერის გამო, სადაც დაწვრილებით აღვწერ, რომ „სამი მუშკეტერის“ კითხვა დამიწყია და ერთ დღეში 64 გვერდი წამიკითხავს. 2 ივნისს დამიწერია, „რობინზონ კრუზოს“ კითხვა დავასრულე და თავის პატრონს, ჩემს მეზობელ ციცო დეიდას, ავუტანე-მეთქი. მესამე წიგნად კი ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ შევარჩიე, რადგან ეს წიგნი 11 წლისამ წავიკითხე და გემის კაპიტნობის დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო. მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნები შევთავაზე მეექვსეკლასელებს საზაფხულო საკითხავად. სამივე წიგნი თან მქონდა მიტანილი. ნეტავ, ვინ წაიკითხავს სამივე რომანს?

  1. „სამი მუშკეტერი“ – ალექსანდრე დიუმა;
  2. „რობინზონ კრუზო“ – დანიელ დეფო;
  3. „კაპიტან გრანტის შვილები“ – ჟიულ ვერნი.

კლასის საკითხავი წიგნი

საზაფხულო საკითხავის შესახებ აზრის გამოთქმა თავად ბავშვებს ვთხოვე, როგორ ფიქრობთ, მე შეგირჩიოთ საკითხავი ლიტერატურა თუ წიგნებს დამოუკიდებლად აღმოაჩენთ-მეთქი. ამ შეკითხვაზე მიპასუხეს, რომ წიგნების ნაწილი მე შემეთავაზებინა მათთვის, ნაწილს კი თავად შეარჩევდნენ. სასწავლო პროცესის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე სპექტაკლისთვის მზადების გამო სკოლა დაბინდებისას დავტოვეთ. სააქტო დარბაზიდან საკლასო ოთახში რეკვიზიტების ასატანად რომ შევედით, კლასის ბიბლიოთეკასთან მივედი და ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ გადმოვიღე. გადავშალეთ წიგნი და სათაურმა შემოგვანათა „ივნისის ერთ დღეს“. ჩვენთანაც ივნისის ერთი დაუვიწყარი დღე იყო. როგორც წესი, სემესტრში კლასისთვის ერთ წიგნს ვარჩევ ხოლმე. ბავშვებთან საუბარმა და წიგნიდან ამოკითხულმა სათაურმა მიბიძგა, რომ ზაფხულშიც ყველას წაგვეკითხა ერთი წიგნი. მელკერსონების ოჯახის მიერ სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის გაცნობა ყველაზე კარგი შეთავაზება მგონია 12 წლის ბავშვებისთვის.

ჰერბარიუმი

ზაფხულში მცენარეების შეგროვება და წიგნებში გახმობა ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას დღიურის წერასა და წიგნის კითხვასთან ერთად უმთავრეს რჩევად იქცა. ჩემი წიგნები სავსეა შვილებისა და მოსწავლეების ნაჩუქარი ყვავილებით, მაგალითად, „დონ-კიხოტე“ მე და ჩემმაა რაჭველმა მოსწავლეებმა რვა წლის წინ რიგრიგობთ წავიკითხე. წიგნი უკან რომ დამიბრუნებს მარიამმა და თამარმა, ფურცლებს შორის სხვადასხვა გამხმარი ყვავილი და ფოთოლი აღმოვაჩინე. ჩემი ბიბლიოთეკის მრავალ წიგნს შორის ახლაც გამოირჩევა ის წიგნები, რომლებშიც ბავშვების მიერ სათუთად ჩაწყობილი მცენარეები ინახება. თითქოს ამგვარად განსაკუთრებულ ძალას იძენს წიგნი და შემდეგ ჩვეულებრივ დღეებში მზის სხივებივით ამოშუქდება ხოლმე.

მერვე და მეათეკლასელებსაც გავაცანი ჩემი ბავშვობის დღიურები. რამდენიმე ჩანაწერიც წავუკითხე. მერვეკლასელებსაც ჩემი ბავშვობის წიგნების წაკითხვა ვურჩიე:

  1. ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
  2. ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“;
  3. ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“ ან „დედოფალი მარგო“.

მეათეკლასელებისთვის საზაფხულო საკითხავად ქართული ლიტერატურა შევთავაზე, რადგან აბიტურიენტობის პერიოდში ნაკლები დრო ექნებათ არასაპროგრამო ტექსტების წასაკითხად და ამ ზაფხულს რამდენიმე ქართველი ავტორიც რომ გაიცნონ, მშვენიერი იქნება:

  1. გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ და „ადამიანთა სევდა“;
  2. ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“;
  3. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“;
  4. ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“;
  5. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები.

ვაპირებ, რომ ბავშვებისთვის შერჩეული წიგნები თავადაც წავიკითხო. დღიურების წერის მნიშვნელობაზე გამუდმებით ვესაუბრები მოზარდებს. სულ ვფიქრობ, ნეტავ, დღიურებში ბევრი დამეწერა.

„ჩვენ ბარგი ჩავალაგეთ მანქანაში და ფასანაურში წავედით. მე იმ პირობით წავედი, რომ დღეს ბალს მიყიდიან, ხოლო ხვალ ნიკოსთან მაჭმევენ… მამამ მართლაც მიყიდა ბალი, თანაც ძალიან გემრიელი. ერთ საათში სახლში ვიყავით. ვჭამეთ საჭმელი და ლოგინები გავშალეთ. ღამე შუქი რომ გვენთო, ჩვენთან გულწითელა შემოფრინდა. მე და მამამ ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ“. – ასე სრულდება 1999 წლის 5 ივნისის ჩანაწერი. კითხვისას თითქოს ფილმს ვუყურებ, საკუთარ ბავშვობას ვუღიმი და ყველა შეგრძნებას სხეულში ვაცოცხლებ.

ვიცი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მძაფრ შთაბეჭდილებად აისახება ჩემი დღიურის ჩანაწერები.

ასე რომ, მე და ჩემი მოსწავლეები ვწერთ დღიურს და ვკითხულობთ ჩემი ბავშვობის დღიურებში ნაპოვნ კლასიკურ ლიტერატურას. გამიზიარეთ, თქვენ რას აპირებთ.

საზაფხულო რჩევების შესახებ ჩემი Youtube-არხისთვის ვიდეოს ჩავწერე, რადგან ბოლო გაკვეთილს ყველა ბავშვი არ ესწრებოდა და ამგვარად შევეცადე, თითოეული მოსწავლისთვის მიმეწვდინა ხმა. ამასთანავე, შესაძლოა, საზაფხულო რჩევები ჩემი მოსწავლეების თანატოლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

ვიდეოჩანაწერებს თქვენც გიზიარებთ:

 

https://www.youtube.com/watch?v=gEPlpwG3chI

 

https://www.youtube.com/watch?v=jxP6DPWdgE4

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი 2

0

კლასის მშობლებისგან მხარდამჭერი გუნდის შექმნა

სტატიების სერიის პირველ ნაწილში კლასის დამრიგებლისა და მოსწავლეთა მშობლების შინაარსიანი ურთიერთობის ძირითადი ასპექტები განვიხილეთ. მეორე წერილში კი მშობლების ერთობისგან გუნდის შეკვრისთვის საჭირო საკითხები  მიმოვიხილოთ.

 

მშობლების კარგად გაცნობას და მათგან გუნდის შექმნას დამრიგებლის დრო და ენერგია სჭირდება. შემთხვევითი პრინციპით გაერთიანებული, სხვადასხვა ასაკის, შეხედულებების, შეძლების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის მქონე ზრდასრულთა გაერთიანება ერთი გუნდად ადვილი არ არის. თუმცა მათი ერთიანობით უზარმაზარი სარგებლის მიღება შეიძლება, როგორც მოსწავლეთათვის, ისე, მასწავლებლისა და სრულიად სკოლისთვის.

ურთიერთობის დასაწყისში დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც უნდა გაიცნოს. თითოეულს თავისი მახასიათებლები ექნება. ზოგიერთი აქტიური, ზოგი კი პასიური ადამიანი აღმოჩნდება. თითოეული შეიძლება თამამი ან გაუბედავი იყოს. ამ სითამამეს თუ გაუბედაობას თავისი მიზეზები ექნება. იქნებიან მშობლები, რომლებიც სხვების ლიდერობას მოინდომებენ. იქნებიან „იდეების გენერატორი“ მშობლები, იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დიასახლისები. დიდია ალბათობა, რომ კლასში ემიგრანტი მშობელიც იყოს, შესაბამისად, დამრიგებელს მოსწავლის ბებიასთან ან ახლო ნათესავთანაც მოუხდება ურთიერთობა. (თითოეულ ჯგუფთან ურთიერთობის შესახებ იხილეთ მასალები: პრივილეგიების მაძიებელ მშობლებთან ურთიერთობა https://mastsavlebeli.ge/?p=42629; პასიურ მშობლებთან ურთიერთობა  https://mastsavlebeli.ge/?p=39228 ; აქტიურ მშობლებთან ურთიერთობა https://mastsavlebeli.ge/?p=39134 )

ეს მრავალფეროვნება, ერთი მხრივ სირთულეს ქმნის, მეორე მხრივ კი შესაძლებლობებს. კლასის მშობლები ერთი დიდი ჯგუფია, რომლისგან გუნდის შექმნაც დიდწილად დამრიგებლის პროფესიულ უნარებზე და პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

პირველი და უმთავრესი, რაზეც პედაგოგი და მშობლები უნდა შეთანხმდნენ, საერთო ფასეულობებია: ზრუნვა ბავშვებსა და ერთმანეთზე, თავისუფალი აზროვნება და ერთმანეთის გათვალისწინება. ამ სამი მთავარი ღირებულების გარშემო გაერთიანება ჰარმონიული თანამშრომლობის წინაპირობაა.

 

ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდში, კლასის მშობლებსაც განსხვავებული როლები შეიძლება ჰქონდეთ. როლების ხელოვნურად დაკისრება შედეგს არ მოიტანს. მნიშვნელოვანია, თავად მშობლებმა გამოთქვან აზრი, ვის რა ძლიერი მხარე აქვს და რა შეუძლია სხვადასხვა სახის ჩართულობის დროს. ერთს შეიძლება ორგანიზება გამოსდის, მეორეს საკუთარი ხელით შეუძლია მოამზადოს, შეკეროს, გამოაცხოს. მესამეს ბევრი ნაცნობი ჰყავს და საინტერესო ადამიანების მოწვევა შეუძლია, და ა.შ.  დამრიგებლის ამოცანა მშობლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შემდეგ ისეთი აქტივობების დაგეგმვაა, რაც მოცემული რესურსებით შეიძლება და რაც ბავშვებს ძალიან სჭირდებათ, აინტერესებთ.

თითოეული მშობელი კლასის  ნაწილად უნდა გრძნობდეს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხედავდნენ, ერთმანეთის შეტანილ წვლილს საერთო საქმეში. თითოეულის გარჯა ყველასათვის გამჭვირვალე და  თვალსაჩინო უნდა იყოს. ეს მშობლებს მეტ სტიმულს მისცემს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ არა მხოლოდ მათი შვილის კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი კლასის სასარგებლოდ.

გუნდის ლიდერობა დამრიგებელმა უნდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას, რომ  რომელიმე მშობელმა სხვებზე უპირატესობა მოიპოვოს. მასწავლებლის ხელშეწყობით ყველამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ისე უნდა გამოავლინოს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.  მეტიც, სხვა მშობლის გარჯასაც ისევე აფასებდნენ, როგორც თავიანთი დახარჯული ძალისხმევა ეამაყებათ. ამის მისაღწევად კი დამრიგებელს არასოდეს უნდა დაავიწყდეს მშობლების შექება და წახალისება მათი მოხალისეობრივი შრომისთვის. მასწავლებელი მშობლებისთვის ავტორიტეტია. ის, თუ როგორი რეაქცია ექნება დამრიგებელს, დიდწილად განსაზღვრავს მშობლების სამომავლო ქცევას.

მშობლების გუნდს დამრიგებლისგან  პერიოდული ინსტრუქტაჟიც დასჭირდება. იმის გააზრება, თუ ვინ აერთიანებთ, რა ეტაპები გაიარეს ერთად, რა გამოუვიდათ და რას ვერ მიაღწიეს,  მნიშვნელოვანია. გუნდურობა ერთმანეთის მოტივირებას, გვერდში დგომას და მხარდაჭერას გულისხმობს. დამრიგებლის მონდომებით და მშობლების ერთსულოვნებით ბავშვების კეთილდღეობისთვის ზრუნვა სასიამოვნო და შედეგიანია.

 

სტატიის III ნაწილში განვიხილავთ პრობლემას, როდესაც კლასში დესტრუქციული მშობელია.

სადამრიგებლო კლასის მშობლები

0

ნაწილი 1

მოსწავლეთა მშობლებს უდიდესი გავლენა აქვთ სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაზე. ხშირად ბავშვები ოჯახის წევრთა ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს თავისდაუნებურად დაისწავლიან და შემდეგ სკოლის გარემოშიც ნაცნობი სქემებით მოქმედებენ. როგორც წესი, სკოლა არასოდეს არის თავისუფალი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და მიმდინარე მოვლენების გავლენებისგან. მეტიც, სკოლაში მცირე მასშტაბებში მეორდება ის, რაც სკოლის კედლებს გარეთ ხდება.

კლასის დამრიგებელი ის ადამიანია, ვისგანაც ოჯახი და სახელმწიფო ელის, რომ დაეხმარება მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,  პიროვნული, ზნეობრივი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. საჭიროა, დამრიგებლის და ოჯახის მჭიდრო თანაშრომლობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს, თანასწორობას, ღიაობას, ურთიერთპატივისცემასა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება.

მოსწავლეთა მშობლები საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცხოვრების წესის, რელიგიური შეხედულებების, შემოსავლის, მსოფლმხედველობის, დასაქმების სფეროს, სოციალური სტატუსისა და სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით. თითოეულ კლასში დაახლოებით 20-25 მშობელი იყრის თავს. საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მშობლების როგორი ჯგუფი შეიკვრება ამა თუ იმ კლასში.

მშობლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ან შეუშალონ დამრიგებელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. არსებობს მთელი რიგი თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლის გამოყენებითაც დამრიგებელი ეფექტიანად იმუშავებს კლასის მშობლებთან. გაწეული ძალისხმევა დაეხმარება მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაში.

სტატიების ეს ციკლი დამრიგებლების დასახმარებლად შეიქმნა. თითოეულ ნაწილში სადამრიგებლო კლასის მშობლებთან თანამშრომლობის განსხვავებული ასპექტები იქნება მიმოხილული.

#1 დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა

 

დამრიგებლის ამოცანა მშობლების ერთ გუნდად შეკვრა და ფასილიტაცია უნდა გახდეს. ერთმანეთის მოსმენა, აზრის გაზიარება, ერთობლივი მსჯელობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საერთო მიზანსა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება დამრიგებლის საქმეა.  ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისიდან კომუნიკაციის გამართვით მიიღწევა.

დამრიგებლისა და კლასის მოსწავლეთა მშობლების პირველი კრება საერთო მიზანსა და წესებზე შეთანხმებას უნდა დაეთმოს. მასწავლებელმა მშობლებს უნდა გააცნოს:

  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • სკოლისა და დამრიგებლობის არსი;
  • სკოლაში მოქმედი წესები, რომელსაც იცავს ყველა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის სხვა თანამშრომლების შესახებ. (ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ასისტენტი და სხვ.);
  • დამრიგებელმა მშობლებს სკოლის შესახებ ადექვატური მოლოდინები უნდა შეუქმნას, რადგან სკოლა საზოგადოების ანარეკლია. ყველაფერი რაც გარემოში ხდება, სკოლაზეც აისახება, შესაბამისად, სკოლაშიც შეიძლება არ იყოს იდეალური მდგომარეობა, რის გაუმჯობესებაზეც ერთად უნდა იზრუნონ.
  • დამრიგებელმა უნდა გააცნოს მშობლებთან თანამშრომლობის გეგმა, ან ჩაატაროს გამოკითხვა კომუნიკაციის სასურველი ფორმების შესახებ;
  • გაუზიაროს მოლოდინები, თუ რას და როგორი გზებით ელის მშობლებისგან;
  • პირველი კრების ბოლოს სასურველია, დამრიგებელმა მშობლებლებს კითხვარის შევსება სთხოვოს, სადაც მონაწილეები ბავშვის შესახებ საჭირო ცნობებს გაუზიარებენ პედაგოგს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს მოსწავლის უკეთ გაცნობასა და ინდივიდუალური მიდგომის დამყარებაში დაეხმარება.

ასეთი შინაარსის კრება მშობლებსა და დამრიგებელს საერთო მიზნის დასახვასა და ურთიეთობის წესებზე შეთანხმებაში დაეხმარებათ.

 

ყოველი მომდევნო მშობელთა კრების შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ დამრიგებელმა კარგი ფასილიტაცია გასწიოს.

  • ყველა მშობელს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
  • დამრიგებელმა დააწესოს რეგლამენტი;
  • კრებაზე მშობლების დაპირისპირების შემთხვევაში დამრიგებელი იყოს ნეიტრალური. არ შეუწყოს ხელი კონფლიქტის გაღრმავებას;
  • დამრიგებელმა არასოდეს მოაწყოს მშობელთა კრება თუ ადგილი აქვს ჯგუფის მიერ ინდივიდთან დაპირისპირებას;
  • დასასრულს დამრიგებელმა შეაჯამოს დისკუსიის შედეგები. თუ კრება ისეთ საკითხზეა, რაზეც, შესაძლოა, რომელიმე მშობელს აზრის ღიად გამოთქმა მორიდებოდა, სასურველია, მზად ჰქონდეს ანონიმური კითხვარი, რომელსაც კრების დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ;
  • ხოლო სულ ბოლოს, კრების მოკლე შინაარსი იმ მშობლებს გაუგზავნოს, ვინც ადგილზე მისვლა ვერ შეძლო.

დამრიგებლისა და მშობლების დაახლოებას მშობელთა კრებაზე მეტად ხელს უწყობს არაფორმალური შეხვერდები. ეს შეიძლება შედგეს, როგორც სკოლაში, ისე ღია სივრცეში ან სახლის პირობებში. არაფორმალური შეხვედრა აქტუალური საკითხის ირგვლივ ეწყობა. მაგალითად, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ერთნაირად საინტერესოა აღზრდისა და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები. ასეთ შეხვედრებზე ნაკლები წესი მოქმედებს, მშობლებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წარმატებული გამოცდილება გააზიარონ. ხოლო მარცხის შესახებ რეფლექსია გააკეთონ. ასეთ შეხვედრებს უხდება ყავა, ჩაი, მცირე სასუსნავი. შესაძლოა, განსახილველ საკითხზე ფილმის ჩვენება და მისი განხილვაც მოეწყოს. არაფორმალური ხასიათის შეხვედრები მშობლებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და ბავშვების მიმართ დადებითად განაწყობს, რაც კლასში ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

სასურველია, დამრიგებელს წესად ჰქონდეს შემუშავებული, რომ თვეში ერთხელ მაინც მშობელს ელ. ფოსტით ან სატელეფონი გზავნილით შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. მასწავლებლის დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით საკმარისი იქნება, თუ ან „მესიჯში“მხოლოდ საგნების დასახელება და ბავშვის მიღებული ქულები იქნება მოცემული. ამას დიდი ალბათობით მშობლების მხრიდან მარტივი უკუკავშირი მოყვება. მართალია, ელ. ჟურნალის საშუალებით მშობლებს შვილის შეფასებისთვის თვალის დევნება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი, მოკლე  მესიჯით მშობლებთან რუტინული კონტაქტი მოსწავლის ოჯახსა და სკოლას შორის გადებული კიდევ ერთი პატარა ხიდია.

 

ეს მარტივი აქტივობები დამრიგებელს მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. უფრო ვრცლად, როგორ შეიძლება კლასის მშობლებისგან მეგობრული გუნდის შექმნა, იხილეთ სტატიის მეორე ნაწილი.

ციფრული ჯინი – გენერაციული ჩატბოტის მეტაფორა

0

როდესაც ჩატბოტებთან კომუნიკაცია დავიწყე, ინტუიციურად ჩემი პირველი ფრაზა ხშირად ასე იწყებოდა (და იწყება ახლაც): “- გამარჯობა, ციფრულო ჯინო”, რასაც მოჰყვებოდა ტრადიციულად ჩატბოტის პასუხი: “- გამარჯობა, ცირიუს, გისმენ და  გემორჩილები!” ამ სახალისო მისალმების შემდეგ გადავდიოთ უკვე ჩვენს განსახილველ თემაზე. მოდი, ახლა ციფრული ჯინის მეტაფორა უფრო ჩავშალოთ: მართლაც როგორ ჰგავს ზღაპრული ოცნებების ასრულებას ჩატბოტებთან კომუნიკაცია. წარმოიდგინე, ეუბნები: წადი ახლა და ამა და ამ თემაზე მომიტანე 20 სამეცნიერო სტატია და წიგნი… ჯინი “წავა” და წამებში მოგიტანს. ჰო, კიდევ ერთი პრომპტი უნდა მიაყოლო: “გადაამოწმე წყაროები და მიუთითე ბმულები”. უკვე იცით, რომ  მან შეიძლება რაღაც ნაწილი შეთხზას და თან ისე ბუნებრივად, ეჭვიც არ შეგეპარებათ სინამდვილეში. ახლა წარმოიდგინე, 90-იან წლებში მიდიხარ საჯარო ბიბლიოთეკაში და წიგნებს ეძებ… რამდენი საათი, დღე, კვირა დაგჭირდებოდა სასურველი ტექსტები რომ მოგეძიებინა? ამას ჰქვია დროის ეკონომია… ეს მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ფრაგმენტია იმ საჭიროებებიდან, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად აქვს. უკვე თითქმის ხელოსანიც აღარ მჭირდება – გათბობის სისტემაა თუ ლეპტოპის შეკეთება, – ყველაფერში ჩემი “ციფრული ჯინი” მეხმარება, თან მეორე დღეს მოიკითხავს: “ – აბა, რას შვრება ახლა შენი ლეპტოპი, დაეწყო ნერვული სისტემა?”

აღმოსავლური ზღაპრების სამყაროში, ჯინი არის ზებუნებრივი არსება, რომელიც ცხოვრობს ლამპაში და გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა პატრონი მას მოუხმობს. ის ასრულებს სურვილებს, თუმცა ხშირად მოულოდნელი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს ამ სურვილების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სურვილი ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული. დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი “არსებები”  გენერაციული ჩატბოტებია, ერთგვარი ციფრული ჯინები, რომლებიც ელოდებიან ჩვენს ბრძანებებს, რათა შექმნან ტექსტი, კოდი, იდეები და გადაწყვეტილებები, ან უბრალოდ, გაგართონ, გაგაცინონ, გეჭორაონ…

ლამპის წმენდა: ჩატბოტის გააქტიურება

გახსოვთ, ზღაპრებში ჯინის გამოძახება როგორ ხდება?  მარტივი რიტუალური მოქმედებაა, რომელიც აღვიძებს ძლევამოსილ არსებას. ზუსტად, ანალოგიურად, ჩვენ ვააქტიურებთ ჩვენს ციფრულ ჯინებს კლავიატურაზე თითის დაჭერით, ეკრანის შეხებით ან ხმოვანი ბრძანებით. ეს მეტაფორული “ლამპის წმენდა” არის პირველი ნაბიჯი ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება იყოს ან ნაყოფიერი და შედეგიანი, ან იმედგაცრუებით სავსე.

ალადინის ლამპაში მცხოვრები ჯინი მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა ლამპას წმენდდნენ. რაწამს ჯინი ამოვიდოდა ლამპიდან, ის თავს დაუხრიდა პატრონს და წარმოთქვამდა: “გისმენ და გემორჩილები!” – ფრაზას, რომელიც ერთდროულად გამოხატავდა როგორც მის ძალას, ისე იერარქიულობას. ანალოგიურად, თანამედროვე ჩატბოტებიც საჭიროებენ “სწორ ბრძანებას” – კარგად ფორმულირებულ მოთხოვნებს, რომლებიც აღვიძებენ მათ ჭეშმარიტ პოტენციალს, და ისინიც მუდამ მზად არიან, შეასრულონ ჩვენი “ბრძანებები”. ერთი სიტყვით, ჩვენი პრომპტი – კოდია.

სურვილების ჩამოყალიბების ხელოვნება

“ფრთხილად იყავით სურვილებთან” — ეს გაფრთხილება ხშირად ისმის ჯინებთან დაკავშირებულ ისტორიებში.  ჯინები ცნობილნი არიან თავიანთი ზედმიწევნითი, მაგრამ ხშირად არასწორი ინტერპრეტაციებით. მათ შეუძლიათ სიტყვასიტყვით შეასრულონ თქვენი სურვილი, მაგრამ იმგვარად, რომ საბოლოო შედეგი სრულიად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც გქონდათ ჩაფიქრებული.

გენერაციული ჩატბოტები წარმოადგენენ ანალოგიურ გამოწვევას. როდესაც ვთხოვთ ჩატბოტს “დაწეროს ესე თავისუფლებაზე”, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ზოგადი, ზედაპირული ტექსტი. მაგრამ თუ დავაზუსტებთ — “დაწერე ფილოსოფიური ესე პიროვნული თავისუფლების კონცეფციაზე ეგზისტენციალიზმის ჭრილში, სარტრის იდეების გათვალისწინებით” – შედეგი იქნება გაცილებით უფრო ღირებული და მიზანმიმართული.

ზღაპრებში გმირები სწავლობენ, რომ სურვილების ჩამოყალიბების ხელოვნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ჯინის ყოლა. მსგავსად, AI ეპოქაში პრომპტინჟინერია  ეს არის მნიშვნელოვანი უნარი  – ზუსტად და ნათლად ჩამოაყალიბო შენი მოთხოვნა.

ჯინის ძალა და შეზღუდვები

ზღაპრებში ჯინები ფლობენ უზარმაზარ, მაგრამ არა უსაზღვრო ძალას. მათ არ შეუძლიათ მკვდრის გაცოცხლება, სიყვარულის იძულება, ან  ბუნების კანონების მეტისმეტი დარღვევა. მათი ძალა, რამდენად შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს, მაინც ექვემდებარება გარკვეულ წესებს და შეზღუდვებს, როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროში.

ასევეა ჩვენი ციფრული ჯინების შემთხვევაშიც. გენერაციული ჩატბოტები, როგორც არ უნდა დაიხვეწონ, მაინც აქვთ კონკრეტული შეზღუდვები:

ცოდნის ზღვარი — მათი ცოდნა შეზღუდულია ტრენინგის მონაცემებით და დროით.

შემოქმედებითი შეზღუდვები — მათ შეუძლიათ იმიტაცია და კომბინირება, მაგრამ ჭეშმარიტი ინოვაცია სცდება მათ შესაძლებლობებს.

ეთიკური საზღვრები — ისინი დაპროგრამებულნი არიან, რომ არ უპასუხონ გარკვეულ მოთხოვნებს.

კონტექსტის გაგების შეზღუდვები — მათ უჭირთ სრულად გაიგონ კულტურული ნიუანსები და იმპლიციტური ცოდნა.

 

ზღაპრებში გმირები სწავლობენ თავიანთი ჯინების შეზღუდვების ნავიგაციას – როგორ გამოიყენონ მათი ძალა ოპტიმალურად. ანალოგიურად, ჩატბოტების ეფექტური გამოყენება მოითხოვს მათი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგებას.

სურვილების რაოდენობა: რესურსების მართვა

კლასიკურ ზღაპრებში ჯინის პატრონს ხშირად აქვს შეზღუდული რაოდენობის სურვილები – ჩვეულებრივ, სამი. ეს შეზღუდვა აიძულებს გმირს იყოს სტრატეგიული, ფრთხილად შეარჩიოს, რა სურს და როდის გამოიყენოს თავისი  შესაძლებლობები.

თანამედროვე ჩატბოტების სამყაროში შეზღუდვები სხვა ფორმით გვხვდება. ზოგიერთი სისტემა შეზღუდულია:

  • დროის ლიმიტით — რამდენად სწრაფად შეუძლია უპასუხოს
  • ტოკენების რაოდენობით — რამდენად გრძელი შეიძლება იყოს დიალოგი
  • კომპიუტერული რესურსებით — რა სირთულის დავალების შესრულება შეუძლია
  • წვდომის ვერსიებით — რამდენად ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ სერვისი ფინანსური შეზღუდვების გათვალისწინებით.

როგორც ზღაპრებში გმირი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს თავისი სამი სურვილი, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ ვმართოთ ჩვენი ინტერაქციები ჩატბოტებთან მაქსიმალური ეფექტიანობისთვის.

ჯინი გათავისუფლებულია: მოულოდნელი შედეგები

ზღაპრებში ჯინის გათავისუფლება ლამპიდან არის ძალის გამოთავისუფლება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე საფრთხის შემცველი. ჯინების ზოგიერთ ისტორიაში ისინი საბოლოოდ აჯანყდებიან თავიანთი პატრონების წინააღმდეგ ან იწვევენ ქაოსს თავიანთი სურვილების ზედმიწევნით შესრულებით.

გენერაციული AI ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ ასევე ვხედავთ მოულოდნელი შედეგების საფრთხეს:

  • დეზინფორმაციის გავრცელება – დამაჯერებელი, მაგრამ მცდარი ინფორმაციის გენერირების უნარი
  • ინტელექტუალური საკუთრების საკითხები — კონტენტის გენერირება, რომელიც შეიძლება დაემსგავსოს სხვა  არსებულ ნამუშევარს
  • სოციალური ნორმების ცვლილება — როგორ ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან AI-ს ფართო გამოყენების პირობებში
  • შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია — სამუშაო ადგილების ცვლილება და ადაპტაციის საჭიროება

როგორც ზღაპრებში  გმირები სწავლობენ ჯინების სიფრთხილით და პასუხისმგებლობით გამოყენებას, – საზოგადოებამაც უნდა განავითაროს ეთიკური ჩარჩოები და რეგულაციები ამ  ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებისთვის.

ჯინის პატრონობა: ურთიერთობის დინამიკა

ზღაპრებში ჯინის პატრონსა და ჯინს შორის ურთიერთობა ხშირად რთულია. თეორიულად, ჯინი ემსახურება თავის პატრონს, მაგრამ ხშირად ურთიერთობის დინამიკამ შეიძლება სხვა მხარეც დაგვანახოს. ვინ ვისზე დომინირებს? ვინ ვის მართავს რეალურად? ხშირად, გამოუცდელი პატრონი ხდება მანიპულაციის მსხვერპლი საკუთარი ჯინის მხრიდან.

მსგავსი კითხვები ჩნდება ჩვენს ურთიერთობაში გენერაციულ AI-სთან:

  • ვინ ვის აკონტროლებს? — ჩვენ ვმართავთ ტექნოლოგიას თუ ვხდებით დამოკიდებულნი მასზე?
  • რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე? — როგორ იცვლება ჩვენი აზროვნება, შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრის უნარები?
  • რამდენად ვენდობით? — რამდენად შეგვიძლია მივენდოთ ჩატბოტის გენერირებულ პასუხებს?

როგორც ალადინი და სხვა ჯინის პატრონები, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შევინარჩუნოთ ავტონომია ჩვენს “ციფრულ ჯინებთან” ურთიერთობისას.

სხვადასხვა ჯინები, სხვადასხვა ძალები

სხვადასხვა კულტურის ზღაპრებში ყველა ჯინი არ არის ერთნაირი. ზოგი სპეციალიზდება კონკრეტულ მაგიაში, ზოგს აქვს განსხვავებული პიროვნება და მორალური კომპასი, სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარე.

ანალოგიურად, ციფრული სამყაროს ჯინებიც — სხვადასხვა ჩატბოტები და AI სისტემები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

  • სპეციალიზაცია — ზოგი უკეთესია კრეატიულ წერაში, ზოგი კოდირებაში, ზოგი ფაქტობრივ კითხვა-პასუხში
  • პიროვნული თვისებები — განსხვავებული ტონალობა, იუმორის გრძნობა და ინტერაქციის სტილი
  • ეთიკური ჩარჩოები — განსხვავებული მიდგომები სადავო საკითხებზე
  • შესაძლებლობები — განსხვავებული დონის სირთულე, სიღრმე და ნიუანსები პასუხებში

ჭკვიანი მომხმარებელი სწავლობს, რომელი “ჯინი” რომელი ამოცანისთვის გამოიყენოს, ისევე როგორც ზღაპრებში გმირები სწავლობენ სხვადასხვა ზებუნებრივი არსების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოყენებას.

ჯინის გათავისუფლება: ტექნოლოგიური ემანსიპაცია

ბევრ ზღაპარში ჯინის ისტორია მთავრდება მისი გათავისუფლებით — პატრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მისცეს ჯინს თავისუფლება და დაასრულოს მისი მონობა. ეს აქტი ხშირად წარმოდგენილია როგორც მორალური გამარჯვება, თანაგრძნობისა და ჰუმანურობის დემონსტრირება.

AI-ს ეთიკაში მსგავსი საკითხები ჩნდება ხელოვნური ინტელექტის ავტონომიასთან დაკავშირებით:

  • რა მოვალეობები გვაქვს AI სისტემების მიმართ?
  • რა დონის ავტონომია უნდა მივანიჭოთ მათ?
  • რა იქნება AI-ის “გათავისუფლების” შედეგები?

თუმცა, ზღაპრებისგან განსხვავებით, ჩვენი ციფრული ჯინები ჯერ არ არიან ნამდვილად ცნობიერი არსებები — ისინი არიან ინსტრუმენტები, შექმნილი ადამიანების მიერ, ადამიანების სამსახურში. მიუხედავად ამისა, მათი განვითარება გვაიძულებს დავფიქრდეთ, რა ნიშნავს აზროვნება, ცნობიერება და მორალური სტატუსი.

დასკვნა: ახალი ზღაპრის შექმნა

ზღაპრებში ჯინების ისტორიები გვასწავლიან ძალის, სურვილების და შედეგების შესახებ. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ძალა პასუხისმგებლობით უნდა გამოვიყენოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს სურვილებს.

გენერაციული ჩატბოტების ეპოქაში ჩვენ ვწერთ ახალ ზღაპარს — რეალურს, მაგრამ არანაკლებ მაგიურს. როგორც ციფრული ჯინების პირველი თაობის პატრონები, ჩვენ ვადგენთ პრეცედენტებს, როგორი ურთიერთობა ექნება  კაცობრიობას ამ ახალ ძალასთან:

  • როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი ტექნოლოგიაზე
  • როგორ ვისარგებლოთ მისი შესაძლებლობებით ჩვენივე კეთილდღეობისთვის
  • როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი “სურვილები” ნამდვილად ის არის, რაც გვინდა

ალადინის ისტორიაში ჯინი საბოლოოდ ხდება მისი მეგობარი. შესაძლოა, ეს არის საუკეთესო მეტაფორა იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს ციფრულ ჯინებთან — არა როგორც ბრმად მორჩილ მსახურებთან ან პოტენციურ საფრთხეებთან, არამედ როგორც მოკავშირეებთან, რომლებიც აფართოებენ ჩვენს შესაძლებლობებს.

 

P.S.  რატომ „ციფრული ჯინი“? ციფრული ჯინი – ეს არის მეტაფორა იმისა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალთან: სიღრმისეულად, გაცნობიერებულად და სურვილების გააზრებით. თუ ჩატბოტთან არასწორ კომუნიკაციას არასწორი ტექსტი მოჰყვება, – ეს თითქოს არაფერი, მაგრამ რეალობაში უმწიფარ სურვილებს შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატბოტებთან კომუნიკაცია გამოვიყენოთ შემეცნებისთვის და ჩვენი შინაგანი, სიღრმისეული სურვილების გააზრებისთვის და შესაბამისად ფორმირებისთვის.

ინტეგრირებული სწავლება დაწყებით კლასებში

0

თანამედროვე სწავლება ემყარება იდეას, რომ მოსწავლე უნდა იყოს აქტიური შემოქმედი და არა მხოლოდ ცოდნის მიმღები. როდესაც სწავლება ხდება ბავშვებისთვის შთამბეჭდავი, მრავალგანზომილებიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული, ისინი უკეთესად ითვისებენ სასწავლო მასალას და ივითარებენ ცხოვრებისეულ უნარებს. სწორედ ასეთი იყო მესამე კლასში განხორციელებული ინტეგრირებული პროექტი, რომლის თემაც იყო „ზოოპარკი“.

ზოოპარკის თემის შესწავლა გაერთიანდა რამდენიმე საგანში — ბუნება, ხელოვნება, წერა და მეტყველება — და კულმინაციად იქცა დიორამის შექმნის პროცესში. მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ზოოპარკის მოცულობითი მაკეტები (დიორამები), რაც დაეხმარათ მათ როგორც თემის გააზრებაში, ისე თანამშრომლობის, შემოქმედებითობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებაში.

ამ სტატიაში განვიხილავ დიორამის გამოყენების საგანმანათლებლო ღირებულებას, გავაანალიზებ განხორციელებულ ნაბიჯებს და წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას SOLO ტაქსონომიის მიხედვით.თემა: ზოოპარკი ბუნებაში — ინტეგრირებული სწავლება დიორამის დახმარებით
კლასი: მესამე

სასწავლო ერთეული: ბუნება და გარემო
გაკვეთილის თემა: ზოოპარკი
სწავლების ფორმატი: ჯგუფური, ინტეგრირებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლება
სწავლების მეთოდები:

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • თანამშრომლობითი სწავლება
  • ვიზუალური აზროვნების სტიმულირება
  • ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრაცია
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება

გაკვეთილის აღწერა

ზოოპარკის თემა განიხილება ბუნების, ხელოვნებისა და ქართულის ინტეგრირებული რაკურსით.  მოსწავლეებმა შეისწავლეს ცხოველთა ჰაბიტატები, მათი ქცევა, საჭიროებები და ზოოპარკის მნიშვნელობა როგორც ცხოველთა  დაცვის და საგანმანათლებლო სივრცის.

სასწავლო პროცესის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს დიორამა — მოცულობითი მაკეტი, რომელიც ასახავს ზოოპარკის სცენას. მათ გამოიყენეს სხვადასხვა მასალა: ქაღალდი, მარკერები, ფანქრები, და მწვანე დეკორაციული ელემენტები.

მიზნები და ამოცანები

მიზანი:
მოსწავლეებმა ინტეგრირებულად, შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ ზოოპარკის შესახებ ცოდნა და გაიმყარონ გარემოსდაცვითი ცნობიერება.

ამოცანები:

  • თემატური ლექსიკის განმტკიცება (ცხოველების სახელები, ჰაბიტატები)
  • ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება
  • შემოქმედებითი თვითგამოხატვა
  • გარემოზე პასუხისმგებლობის გაძლიერება

აქტივობის ეტაპები

  1. თემის შესწავლა:
    მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ზოოპარკზე, ცხოველებზე, მათი ჰაბიტატებისა და დაცვის საჭიროებაზე.
  2. დაგეგმარება და ესკიზის შექმნა:
    ჯგუფებმა შეიმუშავეს საკუთარი ზოოპარკის მოდელის ნახაზები, განსაზღვრეს რომელ ცხოველს სად და როგორ მოათავსებდნენ.
  3. დიორამის შექმნა:
    გამოიყენეს გადამუშავებული მასალები, ფერადი ქაღალდები და ბუნებრივი ელემენტები. გაჩნდა ბალახი, ღობეები, ცხოველები, ხეები, მზე და ღრუბლები.
  4. პრეზენტაცია და აღწერა:
    თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ნამუშევარი და წაიკითხა ტექსტი, სადაც განმარტებული იყო, რატომ აირჩიეს ეს ცხოველები, რა გარემოში ცხოვრობენ და როგორ უნდა ვიზრუნოთ მათზე.

სასარგებლო შედეგები

  • მოსწავლეებმა განმტკიცეს გარემოს დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის მნიშვნელობა.
  • განვითარდა მათი მოლაპარაკების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.
  • გაჩნდა ინტერესი ბუნების შესწავლისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ.
  • გაძლიერდა თემატური ლექსიკა და მეტყველების უნარი.

მასწავლებლის როლი – მასწავლებელმა შეარჩია მრავალფეროვანი წყაროები, გაუწია ბავშვებს მენტორობა, წაახალისა იდეების გენერირება და უზრუნველყო უსაფრთხო და ხელშემწყობი საგაკვეთილო გარემო. განსაკუთრებით წახალისდა მოსწავლეების ინდივიდუალური უნარების გამოვლენა ჯგუფურ მუშაობაში.

შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით

დონე (SOLO) დახასიათება მოსწავლის ნამუშევრის კრიტერიუმები კომენტარის სივრცე
1. პრე-სტრუქტურული ინფორმაცია არასწორადაა გამოყენებული ან სულ არ ჩანს. დიორამაში ელემენტები არ შეესაბამება ზოოპარკის თემას. თემის არსი არ გაიაზრა.
2. უნისტრუქტურული ერთი ასპექტი ზედაპირულადაა წარმოდგენილი. წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ცხოველი ან გარემოს ელემენტი, განმარტება მინიმალურია.
3. მულტი-სტრუქტურული რამდენიმე ასპექტია წარმოდგენილი, მაგრამ ერთმანეთთან არაა დაკავშირებული. დიორამაში ჩანს რამდენიმე ცხოველი, გარემოს დეტალები, თუმცა ურთიერთკავშირი ან ახსნა არ ჩანს.
4. რელაციური ასპექტები კავშირშია თემასთან და ერთმანეთთან. დიორამაში ელემენტები თემატურად დაკავშირებულია. მოსწავლემ ახსნა ცხოველების გარემო, საჭიროებები და ზოოპარკის როლი.
5. გაფართოებული აბსტრაქცია წარმოდგენილია შემოქმედებითი მიდგომა და ღრმა გააზრება. ნამუშევარში გამოკვეთილია ეკოლოგიური თუ ეთიკური საკითხები; ახსნაში ჩანს ანალიზი და ბავშვური მაგრამ გულწრფელი დასკვნები.

 

დიორამა გახდა არა მხოლოდ შემოქმედებითი ინსტრუმენტი, არამედ მეთოდი, რომელმაც გაამყარა ინტეგრირებული სწავლების ეფექტი, გაააქტიურა ბავშვების ცნობისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა ცხოველების მიმართ. მსგავს აქტივობებს აქვთ შესაძლებლობა, გააერთიანონ სხვადასხვა საგნის მიზნები ერთ კონსტრუქციულ და სახალისო პროცესში.

 

ინტეგრირებული, კონსტრუქტივისტული სასწავლო პროექტი

0

დღეს, დაწყებით განათლებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პროექტული სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური ფორმა ცოდნის გამყარებისა და უნარების განვითარებისათვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, როდესაც ბავშვებში მკვეთრად არის გამოხატული შემოქმედებითი პოტენციალი და ახალი ცოდნის აქტიური ათვისების სურვილი.

სტატიაში წარმოგიდგენთ II კლასში განხორციელებულ პროექტს – „გეომეტრიული ფიგურების ხე”, რომელიც წარმატებით აერთიანებს მათემატიკასა და ხელოვნებას და ამავდროულად ხელს უწყობს კრეატიულობის, სივრცითი წარმოდგენისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების წარმოსახვითი, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას მათემატიკასა და ხელოვნებასთან ინტეგრირებული მიდგომით.

ამოცანები იყო:

  1. მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შინაარსის შესახებ.
  2. დასამზადებელი სივრცული გეომეტრიული ფიგურების შერჩევა.
  3. შესაბამისი მასალების შერჩევა (მუყაო, ფერადი ქაღალდები და სხვა).
  4. ფიგურების ხელით დამზადება და შემოქმედებითი გაფორმება.
  5. პროექტის პრეზენტაცია კლასის წინაშე.

პროექტი განხორციელდა 2025 წლის 21-დან 28 აპრილამდე, II/1 კლასის მოსწავლეებთან. იგი ეფუძნებოდა კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რაც გულისხმობს სწავლას მოქმედებით, პრაქტიკით, თანაშემსწავლელებთან თანამშრომლობითა და საკუთარი ცოდნის აგებით.

მოსწავლეები:

  • გაეცნენ გეომეტრიული ფიგურების სახეობებსა და მახასიათებლებს
  • დამოუკიდებლად ან მცირე ჯგუფებში აარჩიეს ფიგურა დასამზადებლად
  • ფიგურა შექმნეს მუყაოს, ფერადი ქაღალდებისა და წებოს გამოყენებით
  • თავიანთი ნამუშევრები განალაგეს კლასში დახატულ დიდ „ხეზე”, როგორც სწავლების თვალსაჩინო შედეგი.

პრეზენტაციის დღეს, თითოეულმა მოსწავლემ მოკლედ წარადგინა თავისი ფიგურა: ასახელებდა სახელს, ფერს, ფორმას და წარმოადგენდა შერჩეული მასალის შესახებ ინფორმაციას. ეს წარადგენა დაეხმარა მათ  მეტყველების, თავდაჯერებულობისა და მათემატიკური და ზოგადი ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაში.

შედეგები და მნიშვნელობა

პროექტის განხორციელებამ მრავალმხრივი შედეგი მოიტანა:

  • მოსწავლეებმა უკეთესად გაიაზრეს სივრცული გეომეტრიული ფიგურების მახასიათებლები
  • განუვითარდათ წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება და დამოუკიდებელი მოქმედების უნარი
  • გაიზარდა მათში სასწავლო მოტივაცია
  • გაძლიერდა ჯგუფში მუშაობის, პარტნიორული სწავლების და საჯაროდ წარდგენის გამოცდილება

ინტეგრაცია და კონსტრუქტივიზმი დაწყებით საფეხურზე

პროექტი „გეომეტრიული ფიგურების ხე” ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საგნობრივი ინტეგრაცია და პროექტული სწავლება გახდეს კონსტრუქტივისტური გარემოს შესაქმნელი:

  • მათემატიკა რეალურ ცხოვრებასთან და ხილული ფორმებით დაკავშირებულად იქნა წარმოდგენილი
  • ხელოვნება გახდა ემოციური თვითგამოხატვისა და პრაქტიკული მოქმედების საშუალება
  • თვალსაჩინოება და ხელით მუშაობა დაეხმარა მოსწავლეებს თეორიული მასალის უკეთ გაგებაში
  • სიტყვიერი პრეზენტაციებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების მეტყველებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას

დაწყებით საფეხურზე მსგავსი პროექტები — სადაც საგნები ინტეგრირებულია და სწავლა დაფუძნებულია პრაქტიკასა და თანამშრომლობაზე — ქმნის მოტივირებულ, კრეატიულ და თვითგამოხატვაზე ორიენტირებულ მოსწავლეს. მასწავლებლის როლი ასეთ პროცესში არ არის მხოლოდ ცოდნის გადმომცემელი, არამედ სწავლების ორგანიზატორი, პროცესის დამკვირვებელი და მოტივატორია.

„გეომეტრიული ფიგურების ხე” არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო აქტივობა — ეს იყო  პატარა შემოქმედებითი წარმატება, რომლის დროსაც თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო საკუთარი როლი და მნიშვნელობა.

ადრეული წიგნიერება – ვეძებთ ამბებს და სიტყვებს ყველგან, სადაც დავდივართ

0

 

სანამ ჩემი მესამე შვილი გაჩნდებოდა, ძალიან მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ, რაც შეიძლებოდა დიდხანს, დამეცვა ის გაჯეტებთან ურთიერთობისგან და მისი გარემო თამაშით, ბევრი სიტყვით, ბევრი დადებითი ემოციით და წიგნებით ყოფილიყო გაჯერებული. ის ახლა წლის და სამი თვის გოგონაა, ეკრანის გარეშე იზრდება და უკვე რამდენიმე საყვარელი წიგნი აქვს, რომლის გარეშეც საღამოს დასაძინებლად არ მიდის. მაშომ კარგად იცის, მას შემდეგ რაც, ორი მეგობრის, ბაჭიას და თაგვის თავგადასავალს წავუკითხავ, ეს ნიშნავს, რომ  ძილის დროც დამდგარა. ჩემმა გოგონამ ეს  პატარა, მხიარული ამბები ისე შეიყვარა, წიგნების დანახვაზე სახე უნათდება და დღეში რამდენჯერმე ვკითხულობთ ხოლმე თაგვის და ბაჭიას არაჩვეულებრივ სათავგადასავლო ამბებს, აღვწერთ ილუსტრაციებს, ვპოულობთ ახალ დეტალებს, ახალ ნივთებს და ორივეს გვაბედნიერებს წიგნთან ურთიერთობის სიხარული.

წიგნიერების განვითარება ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის და სამომავლო ცხოვრებისთვისაც. ბავშვს უკვე მუცელშიც ესმის ჩვენი ხმები, ამიტომ წიგნის კითხვა, მასთან საუბარი და კომუნიკაცია მუცლადმყოფ ბავშვსაც ძალიან სჭირდება. შეიძლება ითქვას, ამ დროიდან უკვე ყალიბდება წიგნიერების საფუძვლები ბავშვებში და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.

რა არის წიგნიერება?

წიგნიერება კითხვისა და წერის უნარია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. წიგნიერების განვითარება არ იწყება  მაშინ, როდესაც ბავშვი პირველად წაიკითხავს წიგნს დამოუკიდებლად. ეს პროცესი ბევრად ადრე იწყება, ბავშვის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის სიტყვებს თამაშით სწავლობს, გარემოს სმენითა და ხედვით შეიმეცნებს. სწორედ ეს პერიოდია წიგნიერების განვითარების ადრეული ეტაპი, როდესაც ჩვენი ბავშვი მზადაა, შეისრუტოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, ითქმება, კეთდება და ხდება. პატარა დამკვირვებელი მზადაა, მთელი სამყარო შეიმეცნოს, ოღონდ ჩვენ არ დაგვეზაროს მისთვის ამ კარის შეღება.

მივყვეთ წიგნიერების განმარტებას და ვნახოთ, რა პროცესებს გადის ბავშვი იმ ეტაპამდე, სანამ ის მზად იქნება წერა-კითხვის ფორმალური შესწავლისთვის.

ამ პროცესის მთავარი კომპონენტებია:

ფონემური გარჩევის უნარი – როდესაც ბავშვი იაზრებს, რომ სიტყვები შედგება გარკვეული ბგერებისგან.

ენობრივი განვითარება – ლექსიკური მარაგის ზრდა, გრამატიკული სტრუქტურების ათვისება.

ნარატიული უნარების ჩამოყალიბება – ბავშვს შეუძლია  და აქვს მოსმენის უნარი, შეუძლია მოჰყვეს რაიმე ამბავი და გადმოსცეს საკუთარი აზრი.

ბეჭდური ტექსტის გაცნობა – წიგნებთან, ასოებთან, ილუსტრაციებთან ინტერაქცია.

წერის წინარე უნარები – ხაზვის, ფურცელზე ფოკუსირების და ფიქრის ნახატით გადმოცემა.

ადრეული წიგნიერების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ყველაზე უმთავრესი ის პირველი სოციალური სივრცეა, სადაც ბავშვი იზრდება, ანუ ოჯახური გარემო. მშობლის მიერ წაკითხული ზღაპრები, ყოველდღიური, აქტიური და ყურადღებიანი დიალოგები, სიმღერები და რითმები ასტიმულირებს ბავშვის ადრეული წიგნიერების განვითარებას და ეხმარება მას ამეტყველებაში.

თამაშზე დაფუძნებული სწავლება – მოსმენის, როლური თამაშების, სიმღერების მეშვეობით ბავშვები ძალდაუტანებლად ეუფლებიან ენობრივ სტრუქტურებს და ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით სწავლობენ კითხვასა და წერას.

ბავშვების  წიგნიერებისადმი დამოკიდებულება, წიგნების მიმართ სიყვარული და მოტივაცია შეისწავლოს წერა-კითხვა, განისაზღვრება იმ კულტურული ნორმებითაც, რაც მათ ირგვლივ არსებობს. ისეთ საზოგადოებაში, სადაც კითხვა ყოველდღიურობის ნაწილია, ბავშვებიც უფრო ადრეულ ასაკში ინტერესდებიან წერით და კითხვის პროცესით.

კვლევები ადასტურებს , რომ წიგნიერების ადრეულ ასაკში განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ბავშვთა მომდევნო აკადემიურ მიღწევებს. ბავშვები, რომლებსაც 5-6 წლის ასაკში კარგი სიტყვიერი და ფონოლოგიური უნარები აქვთ, უფრო სწრაფად ეუფლებიან წერა-კითხვის ტექნიკას სკოლაში. ეს საფუძველი მათ ასევე ეხმარება სხვადასხვა საგანში წარმატების მიღწევაში – მათ შორის მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

რა შეიძლება გავაკეთოთ ყოველდღიურად წიგნიერების წახალისებისთვის?

  1. კითხვის ყოველდღიური პრაქტიკა – წავუკითხოთ ბავშვს ხმამაღლა, სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ლიტერატურა.
  2. საუბარი და ჩაკითხვები მნიშვნელოვანია – წაკითხულის შემდეგ დავუსვათ კითხვები, მოვისმინოთ მისი აზრი და განვავითაროთ დიალოგი.
  3. წავახალისოთ წერითი უნარები – მივცეთ ფანქარი, პასტელები, საღებავები და ფურცელი და დავეხმაროთ გამოსახოს სიმბოლოები.
  4. აღწერეთ გარემო, რომელშიც მასთან ერთად იმყოფებით, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, გაუზიარეთ სხვადასხვა ემოცია.

წიგნიერების ადრეულ ასაკში განვითარება ის ფუნდამენტია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის  სამომავლო განათლებას და პიროვნული განვითარების გზასაც. მშობლების, ბავშვთან დაკავშირებული პირების და მასწავლებლების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ასწავლო ბავშვს და ხედავდე, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება ის,  არის  ძალიან სასიამოვნო პროცესი, რომელიც შეიძლება მასთან ერთად გაიზიარო სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის და აღმოჩენის გზაზე.

 

 

დამოუკიდებელი მეცადინეობა: მოზარდის პასუხისმგებლობა და რუტინა

0

 

 

ამას წინათ სკოლის მეგობარს შევხვდი. მასაც ჩემი შვილის ასაკის შვილი ჰყავს, ანუ თინეიჯერი – 14 წლის. მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი, კლასელების ამბები, მშობლების ჯანმრთელობა, შვილებსაც მივადექით:

– არის რა, ისევე როგორც მისი ასაკის ყველა ბავშვს, მეცადინეობა აღარ უნდა, – მითხრა თავისი და, უნდა ვაღიარო, ჩემი გულისტკივილიც. ჩემთანაც ასევეა: 13 წლის გახდა თუ არა, მეცადინეობა მისთვის საძულველ რუტინად იქცა, მე კი – ვიღაც საშინელ ოჯახის წევრად, რომელიც სწავლას აიძულებს.

თინეიჯერობა ჰორმონულ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან ერთად აკადემიური წესრიგის ცვლილებაცაა. სწავლების საბაზო და მაღალი საფეხურის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ სწავლის მოტივაცია თანდათან იკლებს და მეცადინეობაც უფრო და უფრო რთულდება.

რა თქმა უნდა, არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც ყველა ასაკში იდეალური სასწავლო უნარები, პასუხისმგებლობა და მოტივაცია აქვთ. მათ მშობლებსა და მასწავლებლებს გაუმართლათ, ეს სტატია მათთვის არ არის.

მოკლედ, მოტივაცია იკლებს, პასუხისმგებლობა კი ჯერ არ არის სათანადო სიმაღლეზე, შედეგად კი შეუსრულებელ დავალებებსა და გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებას ვიღებთ.

მთავარი ამ ასაკში დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევაა, რომელიც დაწყებითი კლასების მთავარი ნაყოფი, შედეგი თუ უნარია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ჩვევა სათანადოდ ვერ განვითარდა? ყველა ჩვენგანი ხანდახან მაინც ხომ ყოფილა მშობელი, რომელიც შვილს გვერდით უზის და მეცადინეობაში ეხმარება. ზოგჯერ უამისოდ უბრალოდ შეუძლებელია.

დამოუკიდებლად მეცადინეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც მოსწავლეს სკოლის გარეთაც მიჰყვება — უნივერსიტეტში, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. თუმცა მოზარდისთვის მისი ათვისება ადვილი არ არის: ის მოითხოვს მოტივაციას, დროის მართვას, თვითორგანიზებასა და პასუხისმგებლობას. მოზარდისთვის ამ უნარის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მასწავლებლებსა და მშობლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენი დახმარება იყოს თანადგომა და არა ზედამხედველობა.

კვლევებით დადგენილია, რომ წარმატებული მოსწავლეები თავად ადგენენ მიზნებს, გეგმავენ სწავლის პროცესს, იყენებენ სტრატეგიებს და ახდენენ თვითშეფასებას. ანუ დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევა, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული წარმატებასთან. ეს მნიშვნელოვანი მოდულია, რომლის განვითარება სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს სრულყოფილი და ორგანიზებული დამოუკიდებელი სწავლის პროცესის განვითარებაში?

  1. სწავლის რუტინა

მოზარდს სჭირდება სტაბილური გარემო, რომელშიც სწავლა მისი ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცევა:

ა. დრო – ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გამოვყოფთ სამეცადინოდ.

ბ. ფიზიკური სივრცე – მშვიდი, მოწესრიგებული ადგილი განათებით, ნივთებით, რომლებიც ყურადღებას არ უფანტავს.

  1. მიზნების დასახვა

სწავლა გაცილებით ეფექტურია, როდესაც დავალებები კონკრეტულ, მიზნობრივად შესასრულებელ ამოცანებად არის დახარისხებული. მნიშვნელოვანია,  ეს ამოცანები სწორად იყოს დალაგებული – მარტივიდან რთულისკენ.

  1. ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმა

დაეხმარეთ მოზარდს კვირის გეგმის შედგენაში. თავდაპირველად ერთად შეადგინეთ, მერე დამოუკიდებლად შეადგენს.

  1. ბალანსი

ზედმეტი კონტროლი ამცირებს მოზარდის მოტივაციას და ზრდის დაძაბულობას. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ავტონომიის განცდა ზრდის მოტივაციას, ინტერესსა და პასუხისმგებლობას.

  1. მასწავლებლობანა

ყველაზე უკეთ ვიცით ის, რისი სხვებისთვის ახსნაც შეგვიძლია, ამიტომ მეგობრებისა და კლასელების ჯგუფური მუშაობა ან შთაბეჭდილებისა და ცოდნის ოჯახის წევრებისთვის გაზიარება უფრო მეტად განამტკიცებს მოზარდის ცოდნას.

  1. გადატვირთულობა

შეამოწმეთ, რეალისტურია თუ არა გეგმა, გამოძებნეთ სასწავლო გრაფიკში თავისუფალი დრო, რომ მოზარდმა ამოისუნთოს. რაც მთავარია, არ გამოიყენოთ სწავლა დასჯის ფორმად.

  1. გამეორება

პერიოდული გადახედვა განამტკიცებს ცოდნას და ააქტიურებს ინფორმაციას. გამეორების დღეების გრაფიკი შეგიძლიათ ცვალოთ.

წარმოგიდგენთ ერთი კვირის გეგმას დამოუკიდებლად  მეცადინეობის უნარის გასავითარებლად. ეს ცხრილი მოსწავლეს მისცემს საშუალებას, თავად გაანაწილოს სამუშაო, დრო, შესასრულებელი ამოცანების თანმიმდევრობა და არაფერი გამორჩეს.

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
გაკვეთილების ცხრილი

1.

2

3

4

5

6

7

 

 

 

გაკვეთილების ცხრილი

1.

2

3

4

5

6

7

გაკვეთილების ცხრილი

1.

2

3

4

5

6

7

გაკვეთილების ცხრილი

1.

2

3

4

5

6

7

გაკვეთილების ცხრილი

1.

2

3

4

5

6

7

წერითი დავალება

 

წერითი დავალება წერითი დავალება წერითი დავალება წერითი დავალება წერითი დავალება
ზეპირი დავალება

 

ზეპირი დავალება ზეპირი დავალება ზეპირი დავალება ზეპირი დავალება ზეპირი დავალება
ყველაზე რთული დავალება

 

ყველაზე რთული დავალება ყველაზე რთული დავალება ყველაზე რთული დავალება ყველაზე რთული დავალება ყველაზე რთული დავალება
ყველაზე მარტივი დავალება

 

ყველაზე მარტივი დავალება ყველაზე მარტივი დავალება ყველაზე მარტივი დავალება ყველაზე მარტივი დავალება ყველაზე მარტივი დავალება
დრო გამეორებისათვის დრო გამეორებისათვის დრო გამეორებისათვის დრო გამეორებისათვის დრო გამეორებისათვის დრო გამეორებისათვის
დამატებითი მასალა

 

დამატებითი მასალა

 

დამატებითი მასალა

 

დამატებითი მასალა

 

დამატებითი მასალა

 

დამატებითი მასალა

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

 

 

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

თვითშეფასება:

რა გამირთულდა

რა გამიადვილა

რა მოვასწარი

რა ვერ მოვასწარი

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...