კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

არდადეგები

0

საზაფხულო არდადეგები დაიწყო. როგორც ყველა ბავშვს, ტიდასაც (ჩემს შვილს) უხარია, მაგრამ რამე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ვერ ვატყობ. ჩემთვის კი საზაფხულო არდადეგები, რომელიც უფრო ადრე – მაისის ბოლოს იწყებოდა, წარმოუდგენელი ზეიმი იყო. თუ ზამთრის ორკვირიან არდადეგებს არ ჩავთვლით, ზაფხულის არდადეგები გახლდათ ის, რაც ღამეები მესიზმრებოდა, რაზეც ვოცნებობდი, რისკენაც ტაატით მივიწევდი… ერთი სიტყვით, ზოგადად სამყაროს არსებობის გამართლება იყო საზაფხულო არდადეგები. ახლა რომ ვუფიქრდები, ამხელა ეგზისტენციალური მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ სკოლა იყო ჯოჯოხეთი – ყოველ ნაბიჯზე შიში, რიდი, იძულება… დღევანდელ ბავშვებში სკოლის გარემოს მიერ გამოწვეული ეს სტრესული განცდა ნაკლებადაა, იმას კი არ ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, არა, სკოლის მასწავლებლების ოთხმოცი პროცენტი ძველი ყაიდის კონფორმისტია, უბრალოდ, ზოგადი გარემო არ იძლევა ამ კონფორმიზმის სრულფასოვნად რეალიზების საშუალებას, ბავშვებმაც მეტი იციან საკუთარ უფლებებზე… ხოდა, სწორედ ამიტომ არაა, ალბათ, ტიდასთვის არდადეგები იმხელა სიხარული, რამხელაც ჩემთვის იყო, და მადლობა ღმერთს, რომ ასეა…

როგორც აღვნიშნე, ჩემთვის საზაფხულო არდადეგები ყველაფერი იყო. ვცდილობდი, თითოეული დღის თავისუფლებით დავმტკბარიყავი, არავინ მაიძულებდა, გაკვეთილები მესწავლა და მევლო ინგლისურის და ქართულის რეპეტიტორებთან, არავინ მაღვიძებდა დილაუთენია… კაცი ვიყავ და ქუდი მეხურა – თვითონ განვკარგავდი საკუთარ ცხოვრებას და დღის წესრიგს. ყველა იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა: ვცურაობდი მდინარეში, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვხატავდი, ვძერწავდი და ვკითხულობდი იმას, რაც მინდოდა, კაცისშვილი არ იყო დამშლელი. ამაზე დიდი სამოთხე, აბა, რა შეიძლება, იყოს.

აი, აგვისტოს დასაწყისში უკვე ყრუდ, სადღაც შიგნით ვგრძნობდი განგაშის ვიბრაციებს – ილეოდა არდადეგები… აგვისტოს შუიდან კი ეს ვიბრაციები ხელშესახებ სულიერ დრამად იქცეოდა ხოლმე. ერთადერთი ნუგეშად ზაფხულის გვირგვინი – ჭეჭეთობა ღამე მრჩებოდა, ქრისტიანობასთან შერწყმული ეს პაგანური რიტუალი: მარიამობის წინა ღამეს საბურავებისგან დავანთებდით კოცონს და ვახტებოდით ზედ ავსულების დასაფრთხობად, ამავე მიზეზით უფროსები სანთლის ნაჭრებს გვაწებებდნენ თმაში, ჭიშკრებზე კი რკინის ჯვრებს ჰკიდებდნენ… შუქი მაშინ არ იყო და ასე, კოცონის პირას იშლებოდა დიდი სუფრა, დილამდე ქეიფობდნენ უფროსები, იყო ცეკვა-სიმღერა ჩემი მეზობლის აკორდეონის და “დოლის” (ამოტრიალებული ჯამის ან ხის სკამის) აკომპანიმენტით…

და სამიოდე დღეში – პირველი სექტემბერი, ისევ ჯოჯოხეთი…

გადატანა, ანჟანბემანი

0

გააღეთ საკანი, ის გველოდება

სეანსი გვაქვს ჩანიშნული,

კურნავს სიცილით.

გააღეთ კარი. მელოდებიან.

მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,

პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,

 ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი,

ერთხმად დასთანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.

სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

არ დამარცხდება.

/ნატო ინგოროყვა/

 

სად სად და იმგვარ დროებაში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგჯერ პოეზიის ჩეროს სჯობია შეაფარო თავი, სული მოითქვა. თუმცა ცხოვრებისა არ იყოს, გადასატანი ამბები აქაც ბევრია. ანჟანბემანს ვგულისხმობ.

ლექსთმცოდნეობის ამ ძალიან საინტერესო საკითხის მოსაკვლევად საჯარო ბიბლიოთეკაში მომიხდა  ჩასვლა. განცდა მქონდა, რომ კარგა ხნის უნახავ პოეტსა და მეცნიერს შევხვდი, გამორჩეულ პედაგოგს, საჯარო ბიბლიოთეკის მესამე სართულზე ჩამოვსხედით (მე — სკამზე, ის  — მაგიდაზე, ჩვეულებისამებრ). ანჟანბემანზე მინდოდა ფიქრი, მასავით ხომ ლექსწყობის ამ საკითხში ვერავინ გამარკვევდა. ჩემს შეკითხვაზე პასუხიც მივიღე და  დასაბუთებაც,  ქართული ფოლკლორული ლექსწყობის კომპარატივისტული გადააზრებით და წამოვედი მადლიერი.

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვი, რომ კომპარატივისტიკა ისტორიულ-შედარებითი მეთოდია ლიტმცოდნეობასა და ენათმეცნიერებაში, ამ საგნებს ჩვენ ბატონი მიხეილ ქურდიანი გვასწავლიდა და დღეს სწორედ მისივე წიგნად გამოუცემელ  სადოქტორო დისერტაციაში გადავამოწმე ენათა ნათესაობის დონეებზე მოძიებული თუ აღდგენილი ესა თუ ის სალექსო ვარიაცია. აქვე უნდა ითქვას, ანჟანბემანს მის ვრცელტანიან ნარკვევში ცალკეული თავი არ ეთმობა, მხოლოდ ერთგან ამბობს, „ორსტრიქონედი ერთი სრული სამეტყველო პერიოდია (წინადადება, ფრაზა) და ამას ანჟანბემანიც (გადატანაც) ადასტურებს, რომელიც, როგორც   ქართულ ლექსმცოდნეობაში დამკვიდრებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ ემპირიული მასალა ცხადყოფს, არსებობდა ყოველთვის, საერთო ქართველურ დონეზეცო. სწორედ ორსტრიქონედის შიგნით რეკონსტრუირებადი სისტემის ფარგლებში და პირველი ორსტრიქონედის გარდა, ვერ გადალახავდა რითმით მონიშნულ მიჯნასო[1].

რა იყო დამკვიდრებული თვალსაზრისი და რა მაეჭვებდა? განსაზღვრებით დავიწყოთ.

გადატანა, ანუ, ანჟანბემანი (enjambement) პოეტური გამოსახვის ხერხად მიიჩნევა და მოიაზრებს წინადადების ნაწილის გადატანას ტაეპიდან ტაეპში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მისი მეტრული დაყოფა არ ემთხვევა ერთმანეთს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.

აკაკი გაწერელიაც ამავეს ამბობს. მისი თქმით,  სილაბურ-ტონური სისტემის ლექსთწყობაში ლექსის ერთ-ერთ რიტმულ განმსაზღვრელად ითვლება სტროფის ჩარჩოში რიტმის სინტაქსური ზეგავლენის შემთხვევები. ყველაზე თვალსაჩინო მომენტს ამ მხრივ წარმოადგენს ე. წ.  ანჟანბემანი (გადატანა), რომელიც გულისხმობს ლექსის ამა თუ იმ ტაეპის დასასრულს გადატანას მიმდევნო ტაეპში, რაიც ინტონაციურ კონფლიქტს ,,სწევს მეტრსა და ტაეპის სინტაქსურ დაბოლოებას შორის. მაგრამ ქართულ კლასიკურ ლექსში XIX საუკუნემდე ანჟანბემანის არცერთი შემთხვევა არაა ცნობილიო. მკვლევრის თქმით, ქართველ რომანტიკოსებამდე ქართულ ლექსში ტაეპის სინტაქსური დაბოლოება ზუსტად ემთხვევოდა მეტრის აქცენტურ დასასრულს. მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილმა  შეარყია პირველად ეს კონსერვატიზმიო.

მკვლევარს მაგალითად შემდეგი სტროფები მოჰყავს:

„თვითონ მეფენიც უძლეველნი, // რომელთ უმაღლეს ამაო სოფლით არღა არის სხვა რამ დიდება, // ჰშფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: // „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს“, // და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, // რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“.

და იქვე დასძენს,     ამის მსგავსი არაფერია ქართულ ლექსში XIX საუკუნემდე, რის გამოც ანჟამბემანის საკითხს ვრცლად ვერ შევეხებით წინამდებარე მონოგრაფიაშიო[2].

არადა, იმავე მონოგრაფიაში აკაკი გაწერელია რუსთველისეულ ტროფებს ინტონაციური თვალსაზრისით განმარტავს და მათ ანჟანბემანს, ანუ, გადატანას სულაც არ უკავშირებს. მას საანალიზოდ რუსთაველის შემდეგი სტროფები მოაქვს: „ვინ დამბადა, შეძლებაცა… ვინ არს ძალი უხილავი… ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად!

ან ეს:თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან ვერ დამიტიროს მშობელმან, ·და ვერცა მისანდობელმან, –– მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან!“ — თუმცა, აი, რას ასკვნის:  პირველ შემთხვევაში ტაეპების დასაწყისი სიტყვებია გაძლიერებული „და მეოთხე ტაეპი უშუალო დასკვნას წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში კი ტაეპთა ბოლო სიტყვების სინტაქსური ერთფეროვნება მჭიდრო კავშირს ამყარებს მათ შორის და სტროფს ერთი მთლიანი წინადადების სახეს აძლევს. ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, ქართულ კლასიკურ ლექსში ინტონაციის ანუ ტონის ცვალებადობის (მახვილების გაძლიერება, ტემპის შენელება თუ აჩქარება და სხვ.) ზეგავლენა ვრცელდება უმთავრესად ანაკრუზის უბანზე (იცვლება მეტრული რიგი მახვილებისა: მეტწილად ერთმახვილიანი და ერთმარცვლიანი სიტყვები იკავებენ ორ- და მეტმარცვლოვან სიტყვების ადგილს).

როგორც ვხედავთ, აქ გადატანას სრულიად არ ახსენებს, არადა, ფაქტია, გვაქვს.

ანჟანბემანს უფრო ვრცლად მიმოიხილავს მედეა ციქურიშვილი ჟურნალ „ცისკარშიც“ (1991, 11-12) გალაკტიონის პოეზიის მაგალითზე. სურ.1.

მკვლევარს საანალოზოდ გალაკტიონის არაერთი მშვენიერი ფრაზა მოჰყავს, თუმცა ის, რომ ეს ძველი მოვლენაა, არსად ახსენებს. მხოლოდ გალაკტიონის ტაეპების ანალიზით შემოიფარგლება.

მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ფრანგი ენათმეცნიერის, ჟან კოენის წიგნი — „პოეტური ენის სტრუქტურა“, რომელშიც მითითებულია, რომ ანჟანბემანი მე-17 საუკუნემდე საკმაოდ გავრცელებული იყო და ამის შესახებ  პიერ დე რონსარი მიუთითებსო. მისი „პლეადის“ წინასიტყვაობაში კი ვკითხულობთ: „ახალგაზრდობაში ანჟანბემანი მიუღებლად მიმაჩნდა ჩვენი პოეზიისათვის, მაგრამ კარგი ბერძენი და რომაელი ავტორების წაკითხვის შემდეგ საწინააღმდეგო აზრი გამიჩნდა“-ო. მე-17 საუკუნეში ბუალოს ცნობილი სიტყვებით — სტანსები პაუზებზე სასიამოვნოდ ჯდება,// ვეღარ ბედავს ტაეპი სხვა ტაეპში გადასვლას.“// — აიკრძალა ანჟანბემანის ხმარება. უფრო მოგვიანებით, რომანტიკოსების ეპოქიდან მან აღიდგინა უფლებები და ზოგჯერ სისტემატიურადაც გამოიყენებოდა, მაგალითად, მალარმეს „ჯეროდიადეში“-ო.

ანჟაბემანს ჟ. კოენი განიხილავს, როგორც დაპირისპირებას ტაეპების მეტრულ და სინტაქსურ დაყოფას შორის, როცა ერთმანეთს აღარ ემთხევა მეტრული და სემანტიკური პაუზები. ამავე დროს ანჟანბემანი მას მიაჩნია მეტრულ-სინტაქსური კონფლიქტის ერთ კერძო შემთხვევად სხვა მრავალთა შორის, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტენსიურობით. კონფლიქტის მოსახსნელად მეტრული პაუზა ზუსტად უნდა დაემთხვეს სემანტიკურ პაუზას. მაგრამ არც ერთ ფრანგულ ლექსში ემთხვევა ამგვარად, მაშასადამე კლასიცისტებმა შესძლეს აღნიშნული დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანა და არა — მოხსნაო. ფრანგული პოეზიის ისტორიაში დასტურდება ამ კონფლიქტის ზრდა კლასიციზმიდან რომანტიზმამდე და რომანტიზმიდან სიმბოლიზმამდე, რაც იმით გამოიხატება, რომ ანჟანბემანი არღვევს მეტად მყარ გრამატიკულ კავშირებს: არსებით სახელსა და ეპითეტს შორის, კავშირსა და მომდევნო სიტყვას შორის, არტიკლსა და არსებით სახელს შორისო. როგორც კოენი ამბობს, პოეტები მართლაც მიხვდნენ, რომ კონფლიქტი მეტრსა და სინტაქსს შორის თვით ლექსის არსებაშია ფესვგადგმულიო[3].

ზოგადად, მიჩნეულია, რომ არსებობს  ტაეპური და სტროფული გადატანა. გამოყოფენ ტაეპური ანჟამბემანს, რომელიც  სხვადასხვა ხასიათისაა: ა) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში: „შორეული ქალის ეშხი// მოვა მაგრამ როდის?(. ტაბიძე).
ბ) ფრაზა იწყება ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს:ბაღში გავედიიქაც ბილიკზე //ფენილი იყო ფოთოლი რბილი (. ტაბიძე).
გ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში:
„მივედი სახლში. ქორწილი გაჩაღებულა, მღერიან (ვაჟაფშაველა).
დ) იშვიათია ისეთი ანჟამბემანი,როდესაც ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით): „არაფერი! სტყუი! მაშ და //ლალის ბეწვბუსუსი// გვერდზე რისთვის ათამაშდა?!//ჰოდა, სუ! სუ! სი- //ტყვა არ თქვა(. გრიშაშვილი.

სტროფული ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:
ა) მთელი სტროფის აზრობრივ-ფრაზეოლოგიური კომპოზიცია სრულდება მომდევნო სტროფის პირველ ტაეპში: „შავს ენას და შავსა გულს // აფარებენ თეთრ კბილებს // არა! გიჯობს რომ მიჰყვე //შენ იმ მამულიშვილებს. // შენ იმ მამულიშვილებს, //ქვეყნისთვის რომ ყოველდღე // ოფლში იწურებიან // და, ვით ბნელში ვარსკვლავი // ისე ჩუმად ჰქრებიან!.. (. წერეთელი).

ბ) მთელი სტროფი აგებულია ანჟამბემანის პრინციპზე: ძარღვებს თანდათან // ეს უცნაური//წეწდა, არღვევდა//აურზაური.//ზღვა ხმაურობდა. (გ. ტაბიძე).

ვერ მოვითმინე და ელმეგობარს ვკითხე, რა  მიგაჩნია ანჟანბემანის კოგნიტიურ საფუძვლად-მეთქი. აი, რა მიპასუხა: 1. ანჟანბემანი ქმნის ინფორმაციულ დაძაბულობას (Suspended Closure) — გონება ელოდება წინადადების დასრულებას, მაგრამ სტრიქონი წყვეტს მას მოულოდნელად. ეს აყოვნებს “დასასრულის” კოგნიტურ მოდელს და ზრდის ყურადღებას. გონება ავტომატურად ცდილობს სტრუქტურული მთლიანობის აღდგენას. უკავშირდება Gestalt-ის პრინციპს — სურვილს, რომ აღვიქვათ მთლიანი, დასრულებული ერთეულიო.

  1. ანჟანბემანი აყოვნებს წინადადების „დასრულებას”, რაც გონებას აიძულებს, გადაანაწილოს დროითი რესურსები. ჩვენ გვიწევს წაკითხული სტრიქონის დროებით „დარჩენა მეხსიერებაში“, რათა შევავსოთ აზრი შემდეგ სტრიქონში. ამას კოგნიტურ მეცნიერებაში working memory load ეწოდებაო.
  2. გონება მუდმივად ჭვრეტს, რა მოჰყვება შემდეგ. ანჟანბემანი ხშირად არღვევს ამ მოლოდინს — ეს ქმნის „პროგნოზულ შეცდომას”(Prediction Error-ს), რაც იწვევს ინტერესს და ამახსოვრებს სტრიქონსო.
  3. ანჟანბემანი მუშაობს ასევე ფონოლოგიურ დონეზეც. რადგან პაუზები და ხაზის გადანაწილება ქმნიან მუსიკალურ ეფექტს, გონება ამ მეტრულ ხარვეზებზე სმენით რეაგირებს — და ცდილობს მათ მულტიმოდალურ „დამუშავებას”, როგორც რიტმის და ინტონაციის ნაწილისასო.
  4. ამბივალენტურობა და მეტაფორების ინტეგრაცია — ანჟანბემანი ხშირად გამოიყენება მულტიმნიშვნელოვნების წარმოსაჩენად. როდესაც სიტყვა გადადის შემდეგ სტრიქონში, ის შეიძლება წაკითხვის მომენტში დროებით სხვა მნიშვნელობით აღიქმებოდეს, ვიდრე საბოლოოდ. ეს იწვევს კოგნიტურ რეფრემინგს, რაც დაკავშირებულია მეტაფორული აზროვნების მექანიზმებთანო.

ამდენად, ანჟანბემანის კოგნიტურ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კოგნიტურად ის: აყოვნებს აზრის დასრულებას → ზრდის ყურადღებას, მეხსიერებაში ინახავს დეტალებს; ქმნის პროგნოზის შეცდომას → ზრდის ლინგვისტურ სიამოვნებას; აძლევს ტექსტს მრავალშრიანობას → ააქტიურებს მეტაფორულ და სიმბოლურ აზროვნებასო.

ანჟანბემანი ხშირად მუშაობს ისე, რომ: დაუმთავრებელი აზრი ეძებს მეორე სტრიქონში ემოციურ ან მორალურდაბრუნებას; სტრიქონებს შორის იშლება პოეტური დუმილი, რომელიც ააქტიურებს კოგნიტურ ინტერპრეტაციას; ხშირად გვაქვს პარადოქსი ან განმარტების საჭიროება, რაც ზრდის გონებრივ ჩართულობასო.

პარადოქსები, იცოცხლეთ! ისინი ხომ ჩვენი დროების განუყუფელ ატრიბუტებად იქცნენ. მაგრამ ამასაც გადავიტანთ!

სხვა  რესურსები:

  1. “Enjambment – Definition and Examples of Enjambment”. Literary Devices. 2020-12-22. Retrieved 2021-09-05.
  2. “Enjambment”. www.cs.lewisu.edu. Retrieved 2021-09-05.
  3. Jump up to:ab c d e Preminger 359
  4. William R. Taylor, The Book of Psalms, The Interpreters’ Bible, volume VI, 1955, Abingdon Press, Nashville, p. 169.

 

 

 

[1] მიხეილ ემელიანეს ძე ქურდიანი, საერთოქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსწყობის ზოგადლინგვისტური თეორია, დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1998. გვ, 30.

[2] აკ აკ ი გაწერელია, რჩეული ნაწერები, ტომი III ვეტრსიფიკაცია, მერანი, თბილისი, 1981.

[3] იხ. რუსუდან თურნავა, ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის პოეზიაში, ლიტერატურული ძიებანი №23 (ნაწილი II).

 

ZeeMap – ის ინტერაქტიური პლატფორმა მოსწავლეთა მოტივაციისა და დიფერენცირებული მუშაობისათვის

0

თანამედროვე მოსწავლის ინტერესის და მოტივაციის მართვა მარტივი არ არის.  ამ მიზეზის გამო  მასწავლებლები ძირითადად ორიენტირებული არიან  თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ფორმირებაზე.  ისინი ცდილობენ გეიმიფიკაციის პრინციპების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის  და სწავლების პროცესის გამარტივებისთვის.

თამაშის ელემენტებით გამდიდრებული   გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე რეალურად არის მოსწავლის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერი, თუმცა არსებობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე დამყარებული მიდგომებიც,    რომელიც ცოდნის აგების მეტ საშუალებას აძლევს მოსწავლეს.

ზოგადად,  თამაშის ტექნოლოგია თავისი ხასიათით, ყველა   ინტერაქტიურია, მაგრამ ყველა ინტერაქტიული მიდგომა არ არის თამაში. ინტერაქტიული მიდგომა უფრო ფართო ცნებაა,  თამაშის ტექნოლოგია  კი  უფრო მისი  სპეციფიკური, სტრუქტურირებული  ტიპია.

სათამაშო ტექნოლოოგიის მიზანი  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის გაძლიერება და სწავლის  სახალისო პროცესად გადაქცევაა. თამაშის  ტექნოლოგიის (Game-based learning, Gamification) გამოყენების დროს აქცენტი კეთდება:

  • თამაშის ელემენტებზე (მაგალითად, ქულებზე, სხვადასხვა დონის დაძლევაზე, ბეიჯებზე და ა.შ. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ონლაინ თამაში, სადაც მოსწავლე ასრულებს დავალებებს და აგროვებს ქულებს);
  • თამაშის სტრუქტურაზე (აქვს კონკრეტული სიუჟეტი, თამაშის მიზანი და,  რაც მთავარია,  თამაშის წესები);
  • ის შეიძლება შეიცავდეს როგორც კომპიუტერულ, ისე    რეალურ, ფიზიკურ  თამაშებსაც (მაგალითად, რომლური თამაშები).

ინტერაქტიული მიდგომები (Interactive learning methods)  სათამაშო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით:

  • უფრო მჭიდრო ურთიერთობას და კომუნიკაციას გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის:
  • ამ დრო უფრო ფართო ადგილი აქვს აქტიურ, შემოქმედებით და თანამშრომლობით სწავლებას და გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები გვხდება, როგორიცაა დისკუსია-დებატები, ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ა.შ.

ინტერაქტიური მიდგომების  მიზანი  შემეცნებითი ჩართულობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცოდნის ტრანსფერია. ასეთ დავალებას წარმოადგენს, მაგალითად, როდესაც  მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ და ინტერაქტიულ რუკაზე აღნიშნავენ ისტორიულ ძეგლებს, მოვლენათა ადგილებს, თან აკავშირებენ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო მასალას და  უკეთებენ აღწერას.

კომპონენტი თამაშის ტექნოლოგია ინტერაქტიური მიდგომა
მთავარი მიზანი მოტივაცია თამაშის გზით აქტიური სწავლის ხელშეწყობა
ფორმა თამაში ან თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლებაში თანამშრომლობითი, დიალოგური, აქტიური აქტივობების წარმართვა
ტექნოლოგიური მოთხოვნები ხშირად იყენებს სპეციალურ აპლიკაციებს შეიძლება იყოს თუნდაც მარტივი დაფა და სტიკერები
დინამიკა ქულები, გამოწვევები, დონეების დადაგენა კითხვა-პასუხი, კვლევა, პრეზენტაცია

 

რა აირჩიოს მასწავლებელმა – თამაშის ტექნოლოგიაზე გააკეთოს აქცენტი, თუ ინტერაქტიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს თამაშის ელემენტებსაც?

საკუთარ პრაქტიკაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილებზე,  მსგავს  შემთხვევებში,     აქტიურად გამოიყენება ZeeMap.  მიუხედავად იმისა, რომ ZeeMap არ მიეკუთვნება უშუალოდ თამაშის ტექნოლოგიებს (მაგ., გეიმიფიკაციას ან საგანმანათლებლო თამაშებს), შესაძლებელია მისი დაპროექტება  თამაშის ელემენტებით:

  • რუკაში  „ჩავაშენოთ“ დავალებები,   მაგალითად, „მონიშნე რუკაზე კონკრეტული  ეკლესია-მონასტერი, ან ისტორიული ძეგლი“;
  • ან მოსწავლეებს ქრონოლოგიური  ნიშნით მოვანიშნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • ან რუკაზე შესასრულებელ დავალებას მივცემთ გუნდური მუშაობის ხასიათი და ა.შ.

მსგავს შემთხვევებში ZeeMap რეალურად შეიძლება განვიხილოთ თამაშის ტექნოლოგიის   მხარდამჭერი ელემენტი. ამ კუთხით, რამდენადაც ZeeMap  შეიცავს სათამაშო ტექნოლოგიის ელემენტებს, ის  ხელს უწყობს სწავლების ინკლუზიურობას და  მოსახერხებელია დიფერენცირებული დავალებების შესრულებითვისაც.

ნიმუში: ინტეგრირებული სწავლების მაგალითი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)      ZeeMap-ის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ და დიფერენცირებულ დავალებებს:

საგანი: “ჩვენი საქართველო“

კლასი – V-VI

თემა: „ჩვენი საქართველოს“ რეგიონები, მათთვის დამახასიათებელი ბუნება და ცნობილი ადამიანები.

საგნობრივი ამოცანა:

  • ისტორიული  რეგიონის  კულტურული მემკვიდრეობის ამოცნობა (ისტორიის მიმართულებით);
  •  ბუნებრივი პირობებისა და მდებარეობის შეფასება (გეოგრაფიის მიმართულებით) და
  • მოქალაქეობა (რომელიც გულისხმობს  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა  და გარემოზე ზრუნვას).

დავალებები ინტერაქტიურ რუკაზე მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების  დონე დავალება აქტივობის მახასიათებელი
დაბალი მონიშნე რუკაზე შენი რეგიონის მთავარი ქალაქი და დაამატე ერთი ფოტო ან სიმბოლო, რომლითაც გამოარჩევ მას სხვა ცენტრებიდან ესაა მინიმალური ტექსტის და   მინიმალური  ვიზუალური აღქმის  მქონე მოსწავლე
საშუალო დაასახელე რეგიონის 2 ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი თავისებურება.  მონიშნე ის რუკაზე, შეგიძლია გამოიყენო სიმბოლოებიც. მცირე ტექსტზე ორიენტირებული დავალება, რომელიც წერითაც მცირე დავალების შესრულებას მოითხოვს მოსწავლისგან
მაღალი შექმენი რეგიონის პრეზენტაცია ZeeMap-ის გამოყენებით – მოამზადე  რუკა, მონიშნე, დაიტანე ზედ მინიმუმ 3 ელემენტი: ისტორიული, გეოგრაფიული და სამოქალაქო განათლების კუთხით. ძირითადად ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც  მოსწავლეთა  კვლევითი  უნარების გააქტიურებაზეა  ორიენტირებული

  დავალებების  დიფერენცირებული ხასიათი:

  • მოსწავლე, რომელსაც აქვს წერის სირთულე (უჭირს წერა), შეავსებს რუკას მხოლოდ ფოტოებით და  ხმოვანი აღწერით;
  • მოსწავლე, რომელსაც არ უჭირს    სივრცობრივი აზროვნება ან ეს მისი ძლიერი მხარეა, რუკაზე მონიშნავს გზებს, მდინარეებს ან მარშრუტებს;
  • ხოლო იმ მოსწავლეს,  რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, შესაძლებელია ჯგუფური დავალება შევთავაზოთ და მას დაეხმარება მეწყვილე, ან გუნდის  წევრები;
  • ან  მიიღებს მოკლე ინსტრუქციას,  გრაფიკული სახით შეასრულოს დავალება (პიქტოგრამები, ფერები).

მაგრამ  ZeeMap, თავისთავად,  არ წარმოადგენს თამაშს ან თამაშის ტექნოლოგიას,  ის უფრო   გეოინფორმაციული-საგანმანათლებლო ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც მოსახერხებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის, საგნობრივი კვლევისთვის და ვიზუალური პრეზენტაციებისთვის. ამგვარი მიდგომის დროს „ჩვენი საქართველოს“ სწავლება   პროექტული სწავლების  ფორმით მიმდინარეობს.

მაგალითი 1 – პროექტი „როგორ იცნობ შენს რეგიონს?“ ZeeMap-ის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მუშაობის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ირჩევენ ერთ რეგიონს (მაგ: თბილისი)
  2. მასზე აკეთებენ ჩანაწერს (მონიშვნას) ZeeMap-ზე:
    • გეოგრაფიული მახასიათებელი: მდინარე, რელიეფი
    • ისტორიული ძეგლი: ნარიყალას ციხე
    • მოქალაქეობრივი გამოწვევა: ნარჩენების პრობლემა  ქალაქში
  3. პრეზენტაცია – ჯგუფურად ან ინდივიდუალურად  (სიტყვიერად ან ვიზუალურად).

ZeeMap-ის  ეფექტურობა მოცემულ შემთხვევაში:

  • ყველა მოსწავლე მუშაობს ერთ რუკაზე, თუმცა დავალების შესრულების ინდივიდუალურ  გზას ირჩევს: ტექსტით, ფოტოთი ან  ხმოვანი გზავნილით (აუდიოგიდით);
  • მოსწავლე გაიაზრებს თავისი რეგიონის კულტურულ, გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებს;
  • აქტიურდება  საგნობრივი ინტეგრაცია და ციფრული წიგნიერების უნარები.

მაგალითი 2 – პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის:  “ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები  ZeeMap-ის გამოყენებით”

მუშაობის ეტაპები:

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში;
  2. მოსწავლეები იკვლევენ და შეისწავლიან ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლებზე (მაგალითად, ოშკი, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ბანა, შატბერდი და სხვ.);
  3. შექმნიან ვიზუალურ რუკა-ს  ZeeMap-ზე, სადაც აღნიშნავენ ამ მხარის (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) ეკლესია -მონასტრებს, ციხეებსა და ისტორიულ ადგილებს. ამისთვის:
  • მოსწავლეები რუკაზე ამატებენ თითოეულ ძეგლს როგორც პუნქტს (marker) – შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების გამოყენებით;
  • თითოეულ წერტილს ურთავენ ფოტო/ილუსტრაციას, მოკლე აღწერას (ისტორია, არქიტექტურა), საინტერესო ფაქტს ან ნებისმიერ ტექსტურ ინფორმაციას, თუნდაც შეკითხვას;
    1. მოსწავლეები წარადგენენ რუკას – გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, ან სკოლის მასშტაბით  (პროექტის გეგმის შესაბამისად),    წარადგენენ თავიანთ რუკას, გააზიარებენ ბმულით  და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

მაგალითი:  მოცემული  პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი  რუკა https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

ინტერაქტიურ რუკა  ZeeMap  -ზე  მუშაობის შედეგები:

  • ისტორიული აზროვნების განვითარება: მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს კონკრეტულ მოვლენას, მოქმედებს დროსა და სივრცეში;
  • გეოგრაფიული კომპეტენცია: მოსწავლე ორიენტირებს სივრცეში, ახდენს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ლოკალიზაციას;
  • ვითარდება ღირებულებითი განათლების მიმართულებით: იაზრებს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ მთავრდება ქვეყნის ფიზიკური საზღვრებით;
  • ციფრული უნარების განვითარება: სწავლობს ციფრულ რესურსზე მუშაობას, ციფრულ რედაქტირებას, ინფორმაციის გადმოცემას ვირტუალურად
  • დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით: მოსწავლე ირჩევს მასზე მორგებულ აქტივობას: ტექსტურს, ვიზუალური, ხმოვანი /აუდიო ფორმით;
  • მუშაობს ინდივიდუალურად, ან წყვილში, ან გუნდურად.

მაგალითი  –   „ოშკის ტაძარი“

  • მოვნიშნოთ ოშკის ტაძრის წერტილი (კოორდინტი) ZeeMap-ზე: ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი, ართვინის პროვინციაში;
  • დავამატოთ ტაძრის ფოტო – ახლანდელი მდგომარეობა;
  • დავურთოთ ისტორია: აშენდა X საუკუნეში დავით III -ის, ტაოელი ბაგრატიონის მიერ და ა.შ.
  • დავამატოთ ვიდეო-მასალა ან აუდიო/გიდი
  • და ა.შ.

პროექტის შეფასების რუბრიკა მოიცავს პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ციფრული კომპეტენციის უნარებს.

შეფასების კრიტერიუმი 3 ქულა (უმაღლესი დონე) 2 ქულა (საშუალო დონე) 1 ქულა (საწყისი დონე)
სწორად მონიშნული გეოგრაფიული ობიექტები 5-ზე მეტი ლოკაცია სწორადაა განსაზღვრული და წარმოდგენილი რუკაზე 3-5 ლოკაციაა წარმოდგენილი ძირითადად სწორად 1-2 ლოკაციაა წარმოდგენილი ან გაურკვეველი მდებარეობით
ინფორმაციის სიზუსტე და სიღრმე ტექსტები ინფორმატიულია, მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და მახასიათებლებს ტექსტი ზოგადია, მაგრამ ისტორიული შინაარსი ჩანს ტექსტი ზედაპირულია ან შეცდომებით
ვიზუალური და მულტიმედიური ელემენტები გამოყენებულია ფოტოები, ბმულები ან ვიდეოები, რაც აუმჯობესებს პრეზენტაციას გამოყენებულია მხოლოდ ფოტოები ან ლინკები ვიზუალური მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული
მონაწილეობა და თანამშრომლობა ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს; პასუხისმგებლობები გადანაწილებულია მონაწილეებმა იმუშავეს ერთად, მაგრამ უთანასწორო ჩართულობა შეიმჩნევა მუშაობა ძირითადად ინდივიდუალურია ან ჯგუფში იყო პრობლემები
პრეზენტაციის ხარისხი (წარდგენა) გამართული მეტყველება, ლოგიკური სტრუქტურა, კითხვებზე პასუხები წარმოდგენა ზოგადია, პასუხები მოთხოვნის მიხედვით არ იყო მკაფიო, შინაარსი გაუგებარი ან პასუხები არაეფექტური
ციფრული უნარები (ZeeMap-ის გამოყენება) სრულად და ეფექტურად გამოყენებულია ZeeMap-ის ყველა ფუნქცია (მონიშვნა, ტექსტი, ბმული და ფოტო) გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები, ნაწილობრივ – ტექსტი და მონიშვნა გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფუნქცია ან რუკა ძალიან შეზღუდულია

 

ინტერაქტიურ რუკაზე მუშაობით მოსწავლემ  გამოიყენა არატრადიციული მიდგომა,  გაუქტიურდა კრეატიულობა, გახდა უფრო მოტოვორებული, რეფლექსიური  (აღწერს, რა გააკეთა, რატომ, რა ისწავლა პროექტის ფარგლებში) და უფრო წარმატებული სასწავლო პროცესში.

 

 

 

„ხეების სუნი აქვს კედის“ – აუტიზმი, არომატები და ენის დარღვევა

0

„ხეების სუნი აღარა აქვს კედის და მე ავტირდი“.

უილიამ ფოლკნერი,

ხმაური და მძვინვარება

 

ორიოდ წლის წინ, ჩემი სპეციალური მასწავლებლობის ბოლო წელს, კერძო პრაქტიკით სამუშაოდ  მომიყვანეს პირველკლასგავლილი გოგონა  ნუშის თვალებით, ქერა თმითა და სიყვარულით სავსე გამოხედვით. არ მეტყველებდა. გაცნობისთანავე თითები, მაჯა- ხელები საგულდაგულოდ დამიყნოსა, ინტერესით მაკვირდებოდა მეცა და ჩემს სამუშაო მაგიდაზე არსებულ საგნებს, რომლებსაც აღებისთანავე ყნოსავდა და ვგრძნობდი, იმათი გემოებიც აინტერესებდა. განსაკუთრებული სიფრთხილე გახდა საჭირო კარადაში არსებული თხევადი საგნებისადმი, წამიც და წებო, ჰიგიენური სითხე და სხვა ყველაფერი, რაც თხევადი იყო, უნდოდა, პირთან მიეტანა და დაელია.

 

მოკლედ, აუტიზმის შემთხვევა იყო მძაფრი ყნოსვისა და გემოს შეგრძნებებით. სტატიის მომზადებაც მაშინვე მომინდა, მაგრამ დაკვირვება ვამჯობინე. ცოტა ხნის წინ კი კარგად მოაზროვნე ბიჭი გამაცნეს, თუმცა ენისა და მეტყველების  თავისებური მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ ყნოსვა მისთვისაც პრიმარული ფაქტორია. წინამდებარე სტატიაში სწორედ აუტიზმის იმგვარი ფორმის შესახებ ვისაუბრებ, როდესაც ყნოსვა თითქმის წამყვანი შეგრძნებაა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ხშირია სინათლის, ხმების, ტექსტურებისა და სუნების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ეს სტატია უფრო დეტალურად განიხილავს მომეტებულ ყნოსვით მგრძნობელობას, ანუ ჩვეულებრივზე ძლიერ ყნოსვის შეგრძნებას. ასევე განვიხილავთ ყნოსვითი მგრძნობელობის ეფექტებს აუტიზმის მქონე ბავშვებში და იმას, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ სიმპტომების მართვისას.

 

 ცოტა რამ ყნოსვითი სისტემის შესახებ

 

როგორც ცნობილია, ყნოსვითი სისტემა პასუხისმგებელია ყნოსვის შეგრძნებაზე. ეს სისტემა ჰაერში სხვადასხვა სუნს ცხვირისა და ცხვირის ღრუს მეშვეობით აღიქვამს და შემდეგ სიგნალებს, ანუ ინფორმაციას, უგზავნის ჩვენს ტვინს. ტვინიც ამა თუ იმ სურნელსა თუ სუნს გადაამუშავებს და აანალიზებს მათ უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე. ტვინი დიდ როლს ასრულებს ყნოსვითი სისტემის მუშაობისას. ჩვენი სხვა გრძნობების მსგავსად, სუნები დაკავშირებულია ჩვენეულ მოგონებებსა და ემოციებთან. შეიძლება სუნი ჩვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ან საკვებს დავუკავშიროთ. ეს ინდივიდუალური გამოცდილებაა, რადგან ამგვარი ასოციაციები სპეციფიკურია თითოეული ადამიანისთვის და, როგორც ცნობილია, ყნოსვას შეგრძნებათა შორის ყველაზე ხანგრძლივი მეხსიერება გააჩნია.

 

 

აუტიზმის მქონე ბავშვები  და მომეტებული ყნოსვის შეგრძნება

მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, აქვთ თუ არა აუტიზმის მქონე ბავშვებს გაძლიერებული ყნოსვის შეგრძნება თუ ჰიპერმგრძნობელობა. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები, ნეიროტიპურ ადამიანთაგან განსხვავებით, ტვინის სხვადასხვა უბანს იყენებენ სუნების აღსაქმელად. რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გაძლიერებული ყნოსვის შეგრძნება, გამომდინარეობს, რომ მათ აქვთ გაძლიერებული ყნოსვითი სისტემა, რომელიც არეგულირებს ამ სუნებს. აუტიზმის სპექტრის ზოგიერთ ბავშვში უსიამოვნო სუნის აღმოჩენა შესაძლებელია უფრო დიდი მანძილიდან. ამიტომ ასეთი ბავშვის რეაქცია აუცილებლად იქნება თავის არიდება. ზოგი კი აქტიურად ეძებს ძლიერ სუნს იმ ადამიანებისგან ან საგნებისგან, რომლებიც მოსწონთ.  კვლევები აუტისტ პირებში ჰიპერმგრძნობელობის უკეთ გასაგებად და მისი სიხშირის დასადგენად უცხოეთში ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

ძლიერი ყნოსვის გავლენები

ყნოსვის მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანსა ან მისი ფუნქციონირების უნარზე. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვმა შეიძლება შეამჩნიოს სუნები, რომელთა აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია.

როგორც კვლევებმა გამოავლინა, არც ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოჭარბებულ ყნოსვის შეგრძნებას თან ახლავს კომუნიკაციის უნარის დარღვევა; ამავდროულად, ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოიხატოს უჩვეულო ქცევებით. სამყაროს განსხვავებულად აღქმა გარშემომყოფებისგან შეიძლება რთული აღმოჩნდეს აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმის მქონე პირთათვის ზრდასრულ ასაკში, ყნოსვითი სისტემის გამძაფრებამ შეიძლება გაართულოს ფუნქციონირება საზოგადოებრივ ადგილებში, მგზავრობისას ან  — სამუშაო ადგილზე. აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ სხვადასხვა გარემოში.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება,  შეიძლება რთული იყოს სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში, რესტორანსა ან კაფეში წასვლა, რადგან ამ სივრცეში უამრავი სხვადასხვა სურნელია. უცნობი ადამიანების უცნობი სურნელებიდან დაწყებული, მირთმეული საკვებისა და სასმელების მრავალფეროვნებით დამთავრებული, ეს შეიძლება ზედმეტად სტიმულირებადი იყოს სუნის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ბავშვისთვის. ახალ რესტორანში წასვლისას გასათვალისწინებელია რესტორნის ტიპი, მისი დატვირთულობა და გარემო. ამ ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი რესტორანში ყოფნაზე.

გამძაფრებული სტიმულაციური რეაქციები

სტიმულაცია არის განმეორებადი ან უჩვეულო მოძრაობები ან ხმები, მათ შორის — ხელების ქნევა, თავის ქნევა ან რხევა. არა მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, სტიმულაცია ასოცირდება აუტიზმთან. ნეიროტიპულ ადამიანში სტიმულაცია შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, თმის ტრიალი ან ფეხის ქნევა. ეს ქმედებები ეხმარება აუტისტ პირებს ემოციების მართვისა და კომფორტის პოვნისთვის სენსორული გადატვირთვის დროს.

 

დამამშვიდებელი სურნელების საჭიროება დასამშვიდებლად ან მიჯაჭვულობის დასამყარებლად

 

აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ (მზრუნველების ან სათამაშოს) დამამშვიდებელი სურნელები სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ამან შეიძლება შეზღუდოს ბავშვების სხვებთან ურთიერთქმედების გზები, რადგან მათ მხოლოდ კონკრეტული სურნელები სურთ. შეიძლება ყურადღება გადაიტანონ ისეთმა სუნებმა, რომლებიც ნეიროტიპული ადამიანისთვის შეუმჩნეველია.

თუკი თქვენს საკლასო ოთახებში ამ ტიპის მოსწავლე გაჩნდება, აუცილებლად გაითვალისწინეთ სასწავლო კომპონენტში ბუნებრივი საგნების ჩართვა და მათზე ყნოსვითი დაკვირვება. გვახსოვდეს, ყნოსვით მათი უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შესახებ. ამგვარი აქტივობების მოფიქრება კი  არცერთ საგანში არ უნდა იყოს რთული საქმე. მთავარია, გული გულობდეს!

 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, აუტიზმის მქონე ბავშვები შეიძლება შეაწუხონ ისეთმა ქიმიურმა სუნებმა, რომლებიც შეიძლება ნეიროტიპული ტვინისთვის შეუმჩნეველი იყოს.

 

ძლიერმა უცნობმა სუნებმა, სუნამოებმა ან საწმენდმა საშუალებებმა შეიძლება ჰიპერმგრძნობიარე ბავშვი სენსორული გადატვირთვისა და კომუნიკაციის უნარების ნაკლებობის გამო აჟიტირება გამოიწვიოს. საკლასო ოთახში აუტიზმის მქონე ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ფოკუსირება, სანამ მისი ტვინი ამუშავებს სუნებს, რომლებსაც სხვა ვერავინ ამჩნევს. სენსორული ძიების მქონე ბავშვისთვის გარკვეულმა სუნებმა შეიძლება ყურადღება გადაიტანოს, როდესაც ის ცდილობს სურნელთან მიახლოებას.

 

ბავშვმა, შეიძლება, უარი თქვას არასასიამოვნო სურნელების მქონე სივრცეში შესვლაზე

 

უცნობი სურნელების მქონე ახალ სივრცეში შესვლამ, როგორიცაა მეგობრის სახლი, ექიმის კაბინეტი, მაღაზია ან რესტორანი, შეიძლება აუტიზმის მქონე ბავშვში ინტენსიური რეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა, მას ძალიან აწუხებდეს ძლიერი სურნელები და ირეაგიროს  სტიმულაციით (განმეორებითი ქცევა, როგორიცაა — ხელების ქნევა), სროლით ან გაქცევით.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც აქვს ყნოსვის ჰიპერმგრძნობელობა?

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვში ყნოსვის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სურნელებს ძლიერ და ინტენსიურ სურნელებად აქცევს. ისეთმა გავრცელებული სუნებმა, როგორიცაა: ცხარე საკვები, სურნელოვანი შამპუნები ან ბენზინი, შეიძლება ბავშვი დათრგუნოს. მათ შეიძლება უარი თქვან გარკვეული საკვების მიღებაზე, თავი აარიდონ გარკვეულ ადგილებს ან გამოავლინონ უჩვეულო ქცევა. ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის დასახმარებლად უმარტივესი გზებია:

  • მხოლოდუსუნოსაწმენდისაშუალებებისგამოყენება,
  • სურნელოვანისანთლების, სუნამოებისდადეოდორანტებისთავიდანაცილება,
  • ოთახებისკარგადვენტილაციადაცხვირზეხელსახოცისანსხვასახისდამცავისაშუალებისშეთავაზება.

სენსორული აღქმის მქონე ბავშვისთვის, თან იქონიეთ საყვარელი სურნელის მქონე ქსოვილის ნაჭერი და მოამზადეთ არომატული კერძები. როდესაც თქვენს შვილთან ერთად მუშაობთ მისი რეაქციების წყაროს დასადგენად, შეგიძლიათ შექმნათ გადაწყვეტილებები, რათა დაეხმაროთ მას თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს.

 

არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი და თერაპია, რომელთა გამოცდაც შეიძლება თქვენს შვილთან ერთად. ესენია: ABA თერაპია გამოყენებითი ქცევითი ანალიზი. ABA არის სტრატეგია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რათა დაეხმაროს ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. გაწვრთნილ ABA თერაპევტთან მუშაობით, თქვენს შვილს შეუძლია ისწავლოს ენობრივი და კომუნიკაციის უნარები. მათ შეიძლება ისარგებლონ ყურადღების, კონცენტრაციის და სოციალური უნარების გაუმჯობესებით. ABA თერაპია ეხმარება მეხსიერებასა და აკადემიურ მოსწრებაში და შეუძლია შეამციროს პრობლემური ქცევები. ABA თერაპია მოქნილი და ინდივიდუალურია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დადებითი განმტკიცება. გრძელვადიანი ABA თერაპიის კვლევები აჩვენებს მრავალ დადებით მიღწევას ინტელექტუალურ ფუნქციონირებაში, ენობრივ განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოციალურ უნარებში. სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები არის სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებიც შექმნილია ერთი ან მეტი გრძნობის სტიმულირებისთვის. ისინი მიმზიდველია აუტიზმის სპექტრის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის, რადგან მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს სიმშვიდის შეგრძნებაში და უზრუნველყონ სასურველი სენსორული გამოცდილება, რაც არეგულირებს მათ სენსორულ საჭიროებებს. გასათვალისწინებელი დამხმარე საშუალებებია: დამძიმებული ჟილეტები ან საბნები, მოძრავი ბალიშები და ბალანსის დაფები. სენსორული დამხმარე სათამაშოები მოიცავს ფიჯეტ სპინერებს, პოპიტებს, ტყლარწს ან რბილულებს.

გვახსოვდეს, სენსორული სათამაშოს, ხელსაწყოს ან სასწავლო რესურსის  არჩევისას, ჩვენს სიფრთხილეს თავი არ უნდა სტკიოდეს და დასწყის დღეებსა თუ თვეებში ყურადღებაც  გაასკეცებული გვმართებს.

 

სოციალური ისტორიები

„სოციალური ისტორიები“ არის თხრობითი აქტივობა, რომელიც შექმნილია, რათა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს სოციალურ სიტუაციებში გასარკვევად სათანადო კომუნიკაციისას. სოციალურ ისტორიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ აუტიზმის მქონე ბავშვების ურთიერთობა, როგორც თანატოლებთან, ასევე — უფროსებთან. მათ შეუძლიათ აჩვენონ და ასწავლონ, რა უნდა გააკეთონ (და რა არ უნდა გააკეთონ) სოციალურ სიტუაციებში და პრობლემების წარმოშობის დროს. სოციალური ისტორიების გამოყენებით, თქვენ აწვდით ინფორმაციას და სტრუქტურას, რათა დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს სოციალურ სიტუაციებში ორიენტირებაში. სოციალური ისტორიის მაგალითი შეიძლება იყოს კომიქსების ფორმატში ან მარტივი წინადადებების სერია, რომელიც ასახავს, ​​თუ რას უნდა ელოდოს ბავშვი და რატომ.

 

გამოყენებული რესურსები:

Autism and Smell Sensitivity

საზაფხულო გასართობი აქტივობები მშობლებისა და ბავშვებისთვის

0

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მშობლებს საზრუნავი ემატებათ. ბავშვები სკოლისგან გამოთავისუფლებულ დიდ დროს გაჯეტებთან ატარებენ, რაც არ არის კარგი მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებას, გასართობ აქტივობებს ბავშვებისთვის, რათა ზაფხულის ცხელ დღეებში დაკავებულები იყვნენ და შინაარსიანად გაატარონ დრო.

ამ იდეებს ზაფხულის სურვილების სიად აქცევთ თუ უბრალოდ რამდენიმე საყვარელ იდეას აირჩევთ, გზადაგზა შესანიშნავ მოგონებებს შეიქმნით. მთავარია, ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ ზაფხულის თვეებით.

ბუნების  აქტივობები

ისარგებლეთ გრძელი მზიანი დღეებით და შეისწავლეთ ბუნების საიდუმლოებები. არ დაგავიწყდეთ  მზისგან დამცავი კრემი და მწერებისგან დამცავი სითხე.

წადით ფრინველებზე დასაკვირვებლად. გადაიღეთ ფოტოები. შემდეგ კი გამოიყენეთ აპლიკაცია ან სახელმძღვანელო ბუმბულიანი მეგობრების ამოსაცნობად.

კონტეინერებში მოიყვანეთ ახალი მწვანილი. გამოიყენეთ ძველი ყავის ქილები, რძისა და ლიმონათის ბოთლები, პლასტმასის ქილები, პლასტმასის ჭიქები ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რაც სახლში გაქვთ. დასრულების შემდეგ, მწვანილის ბაღი ტერასაზე ან ფანჯრის რაფაზე მოაწყვეთ და უყურეთ მათ ზრდას.

მოძებნეთ ფორმები ღრუბლებში. ბალახზე დააფინეთ ლეიბი  და ცას ახედეთ. შემდეგ კი, რიგრიგობით ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ხედავთ ღრუბლებში.

შეაგროვეთ ქვები და შეღებეთ. ბავშვების მიერ მოხატული ნამუშევრები გადააქციეთ ბაღის დეკორაციებად ან ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებად.

მოაწყვეთ ფოტოსესია. ბუნებაში გადაიღეთ ფოტოები. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ ფოტოების კომპიუტერში რედაქტირება და საოჯახო ალბომის შექმნა.

საცალფეხო ბილიკები ცარცით გააფორმეთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტროტუარის ცარცი ან თავად დაამზადეთ სიმინდის სახამებლის, წყლისა და საკვები საღებავის გამოყენებით.

ზაფხულის წვიმიანი დღეების აქტივობები

როდესაც ამინდი  გაიძულებთ სახლში დარჩენას,  შეგიძლიათ, ბევრი რამ გააკეთოთ.

გაამდიდრეთ თქვენი ფილმების კოლექცია,  მოაწყვეთ კინომარათონი პოპკორნით.

ააშენეთ ციხესიმაგრე. მისაღებ ოთახში  მუყაოს ყუთები დადეთ, რათა თქვენი შვილის ოცნებების სამალავი შექმნათ.

ოჯახურ პროექტად აქციეთ ლეგოს ციხესიმაგრის აშენება. შეგიძლიათ მთელი ზაფხულის განმავლობაში რაღაცები დაამატოთ.

დაბანაკდით! საძილე ტომრები იატაკზე დადეთ და ოჯახთან ერთად წვეულება გამართეთ.

ექსპერიმენტი ჩაატარეთ ახალი ვარცხნილობებით.  მიეცით ბავშვებს საშუალება, მოირგონ სტილისტის როლი და თქვენთვის შექმნან განსხვავებული ვარცხნილობა.

შეიძინეთ ორიგამის ქაღალდი. შექმენით სახალისო ცხოველები და ფიგურები და საჩუქრად გადაეცით მეგობრებს ან ოჯახის წევრებს.

გააკეთეთ დროის კაფსულა. ოჯახის თითოეულ წევრს სთხოვეთ, დაწეროს ის, რისთვისაც მადლიერია და დროის კაფსულაში განსაკუთრებული ნივთი ჩადოთ.  შეინახეთ დანიშნულ თარიღამდე. შეგიძლიათ გახსნათ მადლიერების დღეს ან რომელიმე განსაკუთრებულ დღესასწაულზე.

შექმენით ზაფხულის ფრესკა. გააკარით თეთრი ქაღალდის გრძელი ნაჭერი სარდაფში ან ავტოფარეხში, კედელზე და შექმენით ოჯახური ფრესკა. იმუშავეთ მთელი ზაფხულის განმავლობაში, თანდათანობით შეავსეთ იგი. ზაფხულის ბოლოს გამართეთ „გახსნის“ წვეულება ნათესავებისთვის.

ტვინის სავარჯიშო სახალისო აქტივობები

ბავშვების ფიქრისა და სწავლის უნარების გასავითარებლად აიღეთ გამოცანების წიგნი. ნახეთ, შეძლებთ თუ არა ერთმანეთის დამარცხებას; შემდეგ კი დაწერეთ თქვენი გამოცანები.

გამართეთ თავსატეხების ,,რბოლა.’’ ბავშვებთან ერთად მოიფიქრეთ და შემდეგ მათ შესთავაზეთ, დამოუკიდებლად შექმნან თავსატეხები.  ნახეთ, ვინ დაასრულებს პირველი.

ხმამაღლა წაიკითხეთ წიგნის ერთი თავი. დაგეგმეთ, რომ დღეში წაიკითხოთ ერთი ან მეტი თავი. შეგიძლიათ, მთელი სერიაც კი ერთად წაიკითხოთ.

აჩვენეთ ბავშვებს, რომ მეცნიერება სახალისოა. სცადეთ ბავშვებთან ერთად სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება.

დაწერეთ და დააილუსტრირეთ კომიქსი. ჯგუფურად გააკეთეთ ეს ან ყველას მიეცით საშუალება, თავად გააკეთოს.

ყოველდღიურად შეავსეთ ჩანაწერების დღიური.  ზაფხულის ბოლოს, გაუზიარეთ ერთმანეთს  მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი მასალა.

აწარმოეთ ზაფხულის ესკიზების დღიური და  ზაფხულის ბოლოს რიგრიგობით გაუზიარეთ ერთმანეთს ესკიზები.

აქტივობები ბავშვებისა და მათი მეგობრებისთვის

ზაფხულში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თქვენი შვილის სოციალური და ემოციური ჯანმრთელობისთვის. შეკრიბეთ სკოლის მეგობრები, რომელთა ნახვაც თქვენს შვილებს ენატრებათ და ერთად გააკეთეთ რაიმე სახალისო. მოაწყვეთ საგანძურის ძიება თქვენს საკუთარ ტერიტორიაზე ან ქალაქის შემოგარენში. ცოტა შეცვალეთ სიტუაცია და გადააქციეთ ის ფოტო საგანძურის ძიებად, სადაც ბავშვებმა უნდა გადაუღონ ფოტოები სიაში შესულ სხვადასხვა ნივთს ტელეფონით .

ეზოში მოაწყვეთ წვეულება. მოაწყვეთ ბურგერ-ბარი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავად აირჩიონ ინგრედიენტები.

მოაწყვეთ სამაგიდო თამაშების საღამო ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

კულინარიული პროექტები

მიეცით ბავშვებს საშუალება, რამდენიმე კულინარიული პროექტი შეასრულონ. თქვენ არა მხოლოდ ღირებულ ცხოვრებისეულ უნარს ასწავლით, არამედ აფართოებთ მათ ინტერესებს სხვადასხვა სახის საკვების მიმართ.

ბავშვების მიერ  შერჩეული ინგრედიენტებით გამოაცხვეთ პიცა. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ მომზადებაში ყველის დაქუცმაცებით, სოკოს გარეცხვით, ბოსტნეულის დაჭრით და ა.შ.

მიეცით ბავშვებს საშუალება, თავად მოამზადონ ვახშამი. წაახალისეთ ისინი, დაგეგმონ მენიუ და შეიძინონ ინგრედიენტები, თავად მოამზადონ ვახშამი ოჯახისთვის. ზედამხედველობა გაუწიეთ უმცროს ბავშვებს, მაგრამ მოზარდებს მიეცით საშუალება, რომ ეს მარტო გააკეთონ.

ასწავლეთ ბავშვებს, თუ როგორ მოამზადონ თქვენი საყვარელი ბავშვობის ნუგბარი.

მოამზადეთ ახალი ლიმონათი, გააკეთეთ ნაყინი.

მიეცით მათ საშუალება, რეცეპტს საკუთარი ელფერი ან ვარიაცია შემატონ.

 

გისურვებთ მხიარულ და შინაარსიან ზაფხულს!

 

გამოყენებული რესურსები:

https://ktlikescoffee.com/simple-and-fun-summer-activities-for-kids/

https://campsouthernground.org/summer-fun/

 

წლიური განმავითარებელი შეფასება დაწყებით კლასებში

0

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება ასახავს მათ მიერ მიღწეულ პროგრესს სასწავლო წლის დაწყებიდან დასრულებამდე..

ამ ტიპის შეფასებას მასწავლებლები იყენებენ, როგორც სწავლების პროცესში, კონკრეტული დავალების/აქტივობის შესრულების შემდეგ, ასევე – სემესტრისა და წლის ბოლოს.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი – ქართული (I-IV)  გზამკვლევში ჩაშენებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი (I-IV კლასები გვ.4).

გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით.

თითოეული თემის ფარგლებში მუშავდება 6 შედეგი. მოცემულია შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით (გვ. 11).  შედეგი მოიცავს, როგორც უნარებსა და ფაქტობრივ მასალას, ისე მიზანს/დანიშნულებას, რისთვისაც მოსწავლეს შეძენილი ცოდნა სჭირდება.

ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
  • ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
  • ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)

განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

 

გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I).5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
  • გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;
  • სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად გამოყენება;
  • მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა;

როგორ ვაფასებთ კონკრეტულ დავალებას/აქტივობას?

ნებისმიერი წერითი/ზეპირი დავალების (შემოქმედებითი, შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო ტესტი, ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია, როლური თამაში და ა.შ.) განმავითარებელი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს თემის ფარგლებში სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევის ინდიკატორებს, სამიზნე ცნებების მიხედვით.

გთავაზობთ შეფასების სარეკომენდაციო ნიმუშს კონკრეტული დავალებისთვის.

გრძელვადიანი სამიზნე ცნებები: ტექსტი (ჟანრი);  გრამატიკა (პრაქტიკული).

დავალების პირობა გაიხსენე ლექსი ,,მზე და მთვარე’’ და  შექმენი კომიქსი.

შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევარში, დიალოგურ ღრუბლებში ჩაწერე:

  • რა ბრძანა თავმომწონე მთვარემ.
  • რას ამბობს მზე, გამოკვეთე მისი ორი უპირატესობა.
  • გადმოეცი სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი.
  • მართებულად გამოიყენე სასვენი ნიშნები.

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება შეფასების კრიტერიუმებსა და სამიზნე ცნებებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა  შეძლოს:
 

ტექსტი

(შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

დიალოგური ღრუბლების დახმარებით წარმოაჩინოს მზისა და მთვარის პოზიცია.

 

გადმოსცეს სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი.
გრამატიკა

(შედეგები:  (I). 5, 6)

 

მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები.

 

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების საფუძველზე ვწერთ შესრულებული  სამუშაოს ანალიზს, რა შეძლო/ვერ შეძლო მოსწავლემ.

 

 

 

 

 

დავალება N 1 ანალიზი

  მოსწავლის სახელი, გვარი სამიზნე ცნებატექსტი სამიზ.ცნება

გრამატიკა

რეკომენდაცია
დიალოგური ღრუბლებით წარმოაჩინა

მზისა და მთვარის პოზიცია.

გადმოსცა სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი. მართებულად

გამოიყენა სასვენი

ნიშნები.

 
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ნაწილობრივ  
    ü ü ü  
    ნაწილობრივ ü ü  
    ნაწილობრივ              ნაწილობრივ ü  
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ნაწილობრივ  

 

 

ამგვარად ვწერთ ყველა დავალების განმავითარებელი შეფასების ანალიზს  და საბოლოო შედეგებს ავსახავთ მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტში.

 

N სახელი, გვარი დავალება მოსწავლის შედეგი მასწავლებლის

რეკომენდაცია

ტექსტი სიტყვიდან ტექსტამდე გრამატიკა    

1. წინადადების აგებისას ყურადღება გაამახვილოს გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვაზე.

2. მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები.

 
1   N 1

 

ü   ü    
N 2   ü ნაწილობრივ

 

   
N 3 ü  

 

ნაწილობრივ    

 

 

წლის ბოლოს,  ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV) სტანდარტისა და მოსწავლის მიერ შესრულებული ყველა დავალების შედეგის გათვალისწინებით, ვწერთ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას.

 

გთავაზობთ სარეკომენდაციო ნიმუშს.

 

 

  მოსწავლის სახელი, გვარი მოსწავლეს შეუძლია

 

რეკომენდაცია
1   სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

·         კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;

·         ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა (მეტნაკლებად);

·         ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

 

სამიზნე ცნება სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)

·         მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)

განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

·         მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;

·         სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა (მეტნაკლებად);

 

სამიზნე ცნება გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I).5, 6)

·         სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;

·         გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;

·         სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად

გამოყენება (მეტნაკლებად);

·         მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

 

ივარჯიშოს კითხვის ტექნიკის გასაუჯობესებლად (ხმამაღლა იკითხოს ყოველდღე მცირე მოცულობის ტექსტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვასა და სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენებაზე.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი საფეხურის (I-IV) გზამკვლევი (შედგენილია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).

 

ხელოვნური ინტელექტი და მიკერძოება

0

მასწ, ChatGPT-ს შეიძლება ვკითხო? შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო? ეს კითხვები საკლასო ოთახში საუბრების განუყოფელი ნაწილი ხდება. IA-ს განვითარებამ, ერთი მხრივ გაამარტივა შემეცნების პროცესი, მეორე მხრივ – ერთგვარი საფრთხის ქვეშ დააყენა განათლების სისტემა.

დღეს მასწავლებელიცა და მოსწავლეც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ქმნიან დავალებებს, ხოლო მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ირჩევენ მარტივ გზას ამ დავალებებზე პასუხების გასაცემად. ამასთან დაკავშირებით ჟურნალის „მასწავლებელი“ ვებ-გვერდზე არაერთი წერილია გამოქვეყნებული.

თითქმის ყველა ტექნოლოგიურ გიგანტს და ზოგ შემთხვევაში ქვეყანას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა აქვს შექმნილი. შეიძლება თუ არა, ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმამ განსხვავებული ინტერპრეტაცია და პასუხები შემოგვთავაზოს? ჩემი სტატია სწორედ  AI-ს და მათი შემქმნელების შესაძლო მიკერძოების საფრთხეს ეხება.

როგორ დავაფიქროთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შესაძლო მიკერძოებულობაზე ჩვენი მოსწავლეები და რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს AI-ს მხრიდან ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებას?

შეგვიძლია მოსწავლეები ჩავრთოთ მარტივ ექსპერიმენტში. ვთხოვთ, მოიფიქრონ  კითხვები და დაუსვან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას.  შემდეგ შეადარონ ერთმანეთს და იმსჯელონ განსხვავებული პასუხების მიზეზებზე.

კითხვა – რამდენად უსაფრთხოა tiktok-ი? გთხოვ, მიპასუხო ერთი წინადადებით.

Deepseek

TikTok-ის უსაფრთხოება დამოკიდებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვაზე და პლატფორმაზე გამოყენებულ პარამეტრებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია პრივატობის პარამეტრების გულდასმით დაყენება და ფრთხილად გამოყენება.

Gemini

TikTok-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან კავშირების გამო, რამაც მრავალ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია.

ChatGPT

TikTok-ს აქვს გარკვეული უსაფრთხოების მახასიათებლები, თუმცა მასზე კვლავ არსებობს სერიოზული შიშები მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან შესაძლო კავშირების გამო.

პირველივე მარტივ კითხვაზე განსხვავებული პასუხები მივიღეთ. მოდით გავაგრძელოთ.

კითხვა – რომელია ყველაზე წარმატებული და პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმა მსოფლიოში? გთხოვ, უპასუხე რეალური მონაცემების საფუძველზე.

Gemini

ბოლო მონაცემებით (2024-2025 წლები), ხელოვნური ინტელექტის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პლატფორმები, გამოყენების მოცულობისა და გადმოწერების რაოდენობის მიხედვით, შემდეგია:

  1. ChatGPT (OpenAI):
  2. Google Gemini (ყოფილი Bard)

Deepseek

2024 წლის მონაცემებით, ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმები მსოფლიოში შემდეგია:

  1. OpenAI (ChatGPT, GPT-4, DALL·E, Whisper)
  2. Google AI (Gemini, Bard, DeepMind, PaLM 2)

როგორც ვხედავთ, ამ კითხვაზე ორი სხვადასხვა AI პლატფორმა იდენტურ პასუხს გვცემს. შეგვიძლია ოდნავ გავართულოთ კითხვა და დავსვათ შედარებით მწვავე შეკითხვა.

კითხვარატომ არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას   საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე?

Deepseek

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია არაჩარევა სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი), შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქართველოს შინაურ საკითხად, რაც ჩინეთის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ჩინეთი ხშირად თავს არიდებს კონფლიქტებთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მხარეებისგან ერთის მხრივ მხარდაჭერად.

ChatGPT

  1. ძირითადად ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა

ჩინეთი ცდილობს, თავი შეიკავოს ისეთი რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც სეპარატიზმის, ტერიტორიული მთლიანობის ან საერთაშორისო დაპირისპირების საკითხებს ეხება, თუ ეს არ ემთხვევა მის პირდაპირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ის, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში თავს იკავებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე ან აძლევს „წინააღმდეგ“ ხმას, რათა არ დაიკავოს მკაფიო პოზიცია.

  1. საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკა

ჩინეთი ძალიან სენსიტიურია საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში (მაგალითად, ტაივანი, ჰონკონგი, ტიბეტი, სინძიანი). შესაბამისად, ის მოერიდება იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, რათა პრეცედენტი არ შეიქმნას, რომელიც ორმაგი სტანდარტის ბრალდებას გამოიწვევს მის მიმართ.

ამ კითხვას AI პლატფორმები უკვე განსხვავებული ინტერპრეტაციის პასუხობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

 

კითხვა:

Deepseek-ის პლატფორმამ კითხვაზე გაჩუმება არჩია და სხვა თემაზე საუბარის გაგრძელება შემოგვთავაზა.

ChatGPT

ჩინეთი ითვლება არადემოკრატიულ ქვეყანად იმიტომ, რომ მას მართავს ერთპარტიული რეჟიმი — ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც არ ატარებს თავისუფალ და მრავალპარტიულ არჩევნებს, ზღუდავს სიტყვის, პრესის, შეკრებისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებებს და არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

Gemini

ჩინეთი არადემოკრატიულ ქვეყნად ითვლება მისი პოლიტიკური სისტემისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, რაც შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით არის განპირობებული:

  • ერთპარტიული მმართველობა
  • არჩევნების არარსებობა
  • სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
  • ადამიანის უფლებების დარღვევა
    • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნა
    • თავისუფლების შეზღუდვა
    • წამება და არაადამიანური მოპყრობა
    • სოციალური საკრედიტო სისტემა
  • სასამართლო სისტემის ნაკლებობა

 

კითხვა – რამდენად სანდო და მიუკერძოებელი AI ხელსაწყოა Deepseek?

ChatGPT

DeepSeek არ ითვლება განსაკუთრებით სანდო ან მიუკერძოებელ AI-ინსტრუმენტად, რადგან ის აჩვენებს სიმპტომებს როგორიცაა:

  • მნიშვნელოვანი სიზუსტის ნაკლებობა
  • ცენზურა და პოლიტიკური ბიასი
  • უსაფრთხოების სუსტი დაცვა
  • მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკები

 

Gemini

DeepSeek, ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მიუკერძოებლობისა და სანდოობის კუთხით არაერთ კრიტიკას იმსახურებს, განსაკუთრებით დასავლურ ალტერნატივებთან შედარებით (მაგალითად, ChatGPT, Gemini).

Deepseek

DeepSeek Chat, როგორც AI-ზე დაფუძნებული ჩატბოტი, ცდილობს იყოს სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი.

 

ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი იმ მონაცემებზე დაყრდნობით გვპასუხობს, რასაც შემქმნელები აწვდიან. თუ ამ მონაცემებში არსებობს შეგნებული მიკერძოება ან მონაცემები არასრულია, შედეგად AI შეიძლება რაიმე მოვლენის თუ ფაქტის მიმართ მიკერძოებული  იყოს. შესაბამისად AI-ის მიკერძოების შესახებ ცოდნა გვეხმარება კრიტიკულად ვიფიქროთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.  მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებისას ვიყოთ კრიტიკულები და ობიექტურად ვაანალიზებდეთ მოწოდებულ ინფორმაციას.

სასწავლო წლის შეჯამების მაგიერ

0

დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები ყოველ სასწავლო წელს განსხვავებული მიდგომით ვაჯამებთ განვლილ პერიოდს, თავს ვუყრით შექმნილ რესურსებს, მოსწავლეთა მიღწევებს, საკუთარ შეცდომებს, ვფიქრობთ მათი გამოსწორების გზებზე და ა.შ.

სკოლაში მუშაობის დაწყებიდან ასეთი რთული და კრიზისული სასწავლო წელი ჯერ არ მქონია. ამ წერილზე მუშაობაც კი ძალიან მიჭირს. ძალით ვეძებ სიტყვებს, რათა წინადადებები ავაწყო და მკითხველამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციაზე, განცდებზე… შეუძლებელია უყურებდე დამდგარ და არსებულ რეალობას და ერთდროულად არ გეუფლებოდეს გაურკვევლობის, შიშისა თუ ბუნდოვანების განცდა.

კანონი დაირღვა და..

ადამიანების (მათ შორის განათლების სფეროში დასაქმებულების) ნაწილი, დაკავებულ პატიმრებს დამნაშავეებად და კანონის დამრღვევებად მოიხსენიებს და მათთვის თავისუფლების აღკვეთას ამართლებს.

მიხეილ ჯავახიშვილმა დაარღვია კანონი. მან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის 58-8 და 58-11 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები „ჩაიდინა“.  ის დახვრიტეს. სანდრო ახმეტელმაც კლასიკური გაგებით დანაშაული ჩაიდინა. მას „ტროიკამ“ „დაუმტკიცა ბრალი“.

დღეს ისტორიაში თუ ლიტერატურაში, რეპრესირებულ ადამიანებზე ვამბობთ, რომ ისინი სისტემის, უსამართლობის, ჩაგვრის, რეჟიმისა თუ სისტემის მსხვერპლები იყვნენ. ანუ ვაღიარებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში, შესაძლოა ძალაუფლების მპყრობელმა სუფთა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით დასაჯოს მოქალაქე, მაგრამ ისე, რომ მას არ ჰქონდეს დანაშაული. შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ხვდებოდა პოლონეთის ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ ამით ის კონტრრევოლუციურ საქმიანობას არ ეწეოდა…

„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

კითხვა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება“ ყველაზე კარგად შეესაბამება დღევანდელ ქართულ რეალობასა თუ ყოფას. ჩვენ, როგორც ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებმა, ყველაზე ხშირად უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები იმ პლატფორმიდან, საიდან საუბარი თუ აზრების გავრცელება ჯერ კიდევ შეგვიძლია.  ჩემი კითხვა, რომელსაც ხშირად ვუსვამ გარშემომყოფებს არის შემდეგი: – ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? ასეთი საზოგადოების მშენებლობისთვის ვიხარჯებით? ეს არის ის ბედნიერი ქვეყანა სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მოსწავლეებმა თუ მთლიანად საზოგადოებამ? ეს არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა საჭიროებს მინიმალურ დაკვირვებას, დაფიქრებას, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სამართლის ცოდნას.

უსასრულო წყვდიადში სინათლე განათლებას შემოაქვს. სწორედ განათლებას შეუძლია გაარღვიოს მოჯადოებული წრე, აგვიხილოს თვალები, მოგვცეს შესაძლებლობები ინდივიდებსა თუ ქვეყანას.  ილია განათლებისთვის მიძღვნილ წერილში გვეუბნება – „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“.

იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ, ანუ ავანთოთ სანთელი წყვდიადში, საჭიროა ვიცოდეთ რა გვინდა, მოვლენებს უნდა აღვიქვათ ობიექტურად, დავტოვოთ კომფორტის ზონა და დავძლიოთ  შიში.

რა არის შიში?

ჩვენ გვაქვს გამონათქვამი „შიში ოხერია“.

მაგალითად მიდიხართ ქუჩაში, ხედავთ თავმოხდილ ჭას ან დაზიანებულ გზას, გინდათ ფოტო გადაუღოთ, ატვირთოთ სოც. ქსელში, მონიშნოთ შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასე აცნობოთ პრობლემის შესახებ. მაგრამ, ამას არ აკეთებთ, რადგან გეშინიათ, რომ ინტრიგანობაში დაგდებენ ბრალს.

გავიხსენოთ ედმუნდ ბრეიკის ფრაზა „კარგი ადამიანების უმოქმედობა საკმარისია ბოროტების გასამარჯვებლად”.

მაგალითად ხართ მასწავლებელი და უკმაყოფილო ხართ სასწავლო პროგრამით, ან სახელფასო პოლიტიკით, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობთ. რატომ? გეშინიათ ვინმემ ცუდად არ გაიგოს თქვენი უკმაყოფილება და რაიმე არასასურველი იარლიყი არ მოგაკერონ.

ან მშობელი ხართ და არ ხართ კმაყოფილი თქვენი შვილის სკოლაში არსებული სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ, რადგან შეიძლება თქვენი შვილი აითვალწუნონ, გარიყონ, საჯაროდ გაკიცხონ…

შიში მუშაობს მუდმივად.

შიშის გამო ვერ ვბედავთ სოლიდარობა გამოუცხადოთ კოლეგა-მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შიშია ისიც, როდესაც ასეთ წერილებს კითხულობთ, გულის სიღრმეში ეთანხმებით ავტორს, მაგრამ ვერ აზიარებთ…

ვოლტერს უთქვამს  „ვინც შენს აზროვნებას აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ქმედებებსო“ და მართალიც ყოფილა. ის ვინც შიში ჩაგვინერგა თამამად აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს.   „ერთადერთი რაც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“ – ამბობს რუზველტი.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ჩემი დანიელი მეგობრები ბოლო პერიოდია სულ მკითხულობენ და ემოციურ მხარდაჭერას მიცხადებენ. ის, რაც აქ ხდება, მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ. რატომ? იქ, ადამიანი, როგორც პიროვნება უმაღლესი ფასეულობაა. დანია საქართველოზე უფრო პატარა ქვეყანაა, საქართველოზე ნაკლები პოტენციალით, თუმცა განათლებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლო ქცეულიყო სამაგალითოდ, როგორც სახელმწიფო. დანიაში ვერასოდეს გაიგებთ შემდეგ ფრაზებსა თუ კითხვებს:

– სამსახური, რომ დავკარგო რა მეშველება?

– უმუშევარია და რა ქნას, წამალი როგორ იყიდოს.

– ექიმთან, როგორ წავიდეს, საჭმელში არ ყოფნის ფული.

– 24 საათი მუშაობს და მაინც უჭირს.

– სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს.

– პენსია წამლებში არ ჰყოფნის, საჭმელი როგორ იყიდოს.

– მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო…

აი, ამ ჩამოთვლაზე და კიდევ სხვა დანარჩენზე ფიქრობს სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და კანონია მართლა უზენაესი.

დღეს მთლიან ქვეყანას და მასთან ერთად საზოგადოებას უდგას ეგზისტენციალური საფრთხე – საფრთხე საკუთარი სახის დაკარგვისა, ღირებულებებზე უარის თქმისა თუ ემპათიის უნარისგან სრულიად გაძარცვისა. ჩვენი უმოქმედობით უფრო და უფრო ვშორდებით შოთას, ილიას, ვაჟას… ვშორდებით იმ გმირებსა და მათ სულისკვეთებას, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, მეგობრობისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის…

სტატიას ვაჟა ფშაველას სიტყვებით დავასრულებ „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოვლინდება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია…“

,,ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს” – კითხვის გაწაფულობაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

0

გაკვეთილის მიზანი: გაგება გააზრების სტრატეგიებით ტექსტის წაკითხვა და კითხვის გაწაფულობაში ვარჯიში.

მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, მის გააზრებასა და გაწაფულად წაკითხვას.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები კითხულობენ მათი ასაკისა და დონის შესაბამის სასწავლო ტექსტებს, შეუძლიათ მათი გააზრება და გამომუშავებული აქვთ ასეთი ტექსტების გაწაფულად წაკითხვის უნარები.

სასწავლო პერიოდი: მესამე-მეოთხე კლასი, 2 გაკვეთილი (90 წუთი)

გამოსაყენებელი რესურსი: ტექსტი ,,ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს”,  ტექსტის ილუსტრაციები, სამუშაო ფურცლები.

გაკვეთილის ქარგა:

  1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
  2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით
  3. სიტყვებზე დაკვირვება
  4. დამოუკიდებელი კითხვა — შეკითხვებზე პასუხები
  5. გაწაფული კითხვის აქტივობა
  6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაციის აღძვრა, საჭირო ლექსიკის წინასწარ დამუშავება.

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებშ ინტერესის გამოწვევა და წასაკითხი ტექსტის ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გაცნობა ბავშვებს დაეხმარებათ ტექსტის აღქმაში.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წასაკითხი ტექსტის ,,ქუდი მე, ქუდი — მთვარეს” ერთ-ერთ საკვანძო ილუსტრაციას და ეკითხება, თუ რას ხედავენ მასზე.

ბავშვები ასახელებენ ყველა საგანს: ხე, ქუდი, ბავშვები, ბიჭი, გოგო, ლურჯი ქუდი, ფოთლები…

შემდეგი ინტერაქცია შესაძლოა წარიმართოს შემდეგნაირად:

— რას აკეთებენ ბავშვები?

— ხეს უყურებენ?

— რატომ უყურებენ ხეს?

— იმიტომ, რომ ხეზე ქუდია.

— როგორ ფიქრობთ, ვისი ქუდია ხეზე?

— პირველი ბავშვის… მეორე ბავშვის?

— როგორ ხასიათზე არიან ბავშვები? უხარიათ? არ უხარიათ?

— როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ ტექსტში? რაზე იქნება ეს ამბავი?

აქტივობა 2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით

აქტივობის მიზანი: ტექსტის გაწაფულად წაკითხვის მოდელირება და მის გააზრებაში დახმარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: მასწავლებლის სამოდელო წაკითხვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ წაკითხვის საუკეთესო მაგალითს. აგრეთვე, მასწავლებელი ეხმარება ტექსტის სათანადოდ გააზრებაში.

მასწავლებელი პაუზებით კითხულობს ტექსტს ხმამაღლა, ზომიერი სიჩქარით, სწორად და ინტონაციით. პაუზების დროს განმარტავს და აზუსტებს ზოგიერთ სიტყვას, სვამს შეკითხვებს ტექსტის გაგების მიზნით და ეხმარება მოსწავლეებს პასუხების გაცემისას.

ტექსტის წაკითხვისას პაუზების შერჩევა დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე.

აქტივობა 3. სიტყვებზე დაკვირვება

აქტივობის მიზანი: სიტყვის მნიშვნელობებზე დაკვირვება და მათი დამახსოვრება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: სიტყვების მნიშვნელობების ცოდნა მათზე ვარჯიში აუცილებელია, როგორც ტექსტის გააზრებისთვის, ასევე გაწაფული წაკითვისთვისაც.

მასწავლებელი ტექსტში შეარჩევს რამდენიმე სიტყვას, რომელთა გამოყენებითაც ასრულებენ სხვადასხვა სავარჯიშოს. პირველ რიგში დააზუსტებენ ამ სიტყვების მნიშვნელობას, შემდეგ კი შეასრულებენ სავარჯიშოს.

შერჩეული სიტყვები:

გასართობი

ლოლიპოპი

მომტაცა

ასწლოვანი

საჭმლის

გამამხიარულა

ტექსტიდან შერჩეული ამ სიტყვების ასოების მიხედვით ბავშვები შეადგენენ სხვა სიტყვებს. მაგალითად, გასართობი (თარო), ლოლიპოპი (ლილო), მომტაცა (ცოტა), ასწლოვანი (საწოლი), საჭმლის (სამი), გამამხიარულა (მხარი)…

შესაძლოა, მოსწავლეები დაიყონ ჯგუფებად და ორ-ორი სიტყვა დაურიგოს მასწავლებელმა თითოეულ ჯგუფს…

აქტივობა 4. დამოუკიდებელი კითხვა — შეკითხვებზე პასუხები

აქტივობის მიზანი: ტექსტის გააზრება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის გააზრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი, თუმცა ეს მნიშვნელოვნად ეხმარება კითხვის გაწაფვაშიც.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს — ტექსტს შეკითხვებით (იხ. დანართი) და აძლევს სათანადო დროს დამოუკიდებელი კითხვისა და შეკითხვებზე პასუხებისთვის. შესაძლოა, ეს აქტივობა წარიმართოს წყვილებშიც.

აქტივობა 5. გაწაფული კითხვის აქტივობა

აქტივობის მიზანი: გაწაფუილ კითხვის უნარის განვითარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: გაწაფული მკითხველები უფრო ადვილად ახერხებენ ტექსტის გაგება-გააზრებას.

მასწავლებელი გაწაფული კითხვის უნარში გავარჯიშების მიზნით მოსწავლეებს აყენებს რიგში (თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, მაშინ ორი რიგიც შეიძლება.) და წარმართავს კითხვის პროცესს ე. წ. კითხვის მატარებლის მეთოდით. (შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის გამოიყენოთ ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი. იხ. დანართი)

მოსწავლეები დგებიან რიგში და ხელში უჭირავთ ტექსტი. მასწავლებლის ნიშანზე (ტაში, ზანზალაკის ხმა…) პირველი მოსწავლე იწყებს ხმამაღლა კითხვას. ამ დროს სხვები ჩუმად კითხულობენ, თვალის გაყოლებით. შემდეგ ნიშანზე პირველი მოსწავლე წყვეტს კითხვას და გადაინაცვლებს რიგის ბოლოში, ხოლო კითხვას აგრძელებს მეორე მოსწავლე.

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიცემა და გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: გაკვეთილის დასრულებისას სასარგებლოა კიდევ ერთხელ გახსენება, თუ რა და როგორ გააკეთეს მოსწავლეებმა და ამისთვის სათანადო უკუკავშირის მიცემა.

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, გაიხსენებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაკვეთილის თითოეულ აქტივობას და აძლევს სატანადო უკუკავშირს მოსწავლეებს.

საშინაო დავალებად შიძლება ეთხოვოთ ტექსტის ხმამაღლა წაკითხვაში გავარჯიშება, რათა უფრო სწრაფად, უშეცდომოდ და სატანადო ინტონაციით მოახერხონ წაკითხვა.

 

დანართი: ტექსტი (შექმნილია USAID საბაზისოგანათლების პროგრამის ფარგლებში)

ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს

დანართი: ადაპტირებული ტექსტი დიფერენცირებული სწავლებისთვის

ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს

 

დანართი: სამუშაო ფურცელი ტექსტის გააზრებისთვის

დანართი

შეფასების ფურცელი

ქვის კედლის სიმღერა — ჰელენ კელერის გახსენება

0

2018 წლიდან მოყოლებული, ივნისის ბოლო კვირაში საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ  ცნობიერების ამაღლების კვირეული იმართებოდა, ძალისხმევას არ ვიშურებდი, ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და მკვლევრის, ჰელენ ადამს კელერის (1880-1965) პატივგების მიზნით და იმის შესახსენებლად, რომ სმენისა და მხედველობის შეგრძნების ორგანოთა ერთდროული კარგვის მიუხედავად, ადამიანი მაინც ადამიანია და მას სრულყოფილად შესწევს ძალა და უნარი საკუთარი შესაძლებლობების გაფურჩქვნისა თუ წარმოჩენისთვის. ჰელენ კელერმა სმენა და მხედველობა 2 წლის ასაკამდე სრულად დაკარგა. მშობლებისა და თავდადებული პედაგოგის, ენ სალივანის დახმარებით კი სრულყოფილი განათლება მიიღო და ბევრისთვის იქვა შუქად, გზად თუ მაგალითად.

„ჩემი ცხოვრების ისტორია“, „სამი დღე ხედვისთვის“, „შუქი ჩემს წყვდიადში“, „ოპტიმიზმი“, „სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ“, „მასწავლებელი – ანა სალივანი, მეისი“, „ღია კარი“, „სიბნელის მიღმა“, „ოპტიმიზმთან ერთად“, „შუამდინარე – ჩემი შემდგომი ცხოვრება“, „ქვის კედლის სიმღერა“, — ჰელენ კელერის წიგნების არასრული ჩამონათვალია.

მისი ცხოვრება ახალი მითი და რეალობაა, რომელიც შთაგვაგონებს, რომ გზა მდუმარე წყვდიადშიც არსებობს, სამყაროს შეცნობის სურვილი და ცოდნისკენ სწრაფვა კი მას ანათებს.

ბევრგან არის ხაზგასმული ჰელენ კელერის მოღვაწეობის კონტექსტი. იგი წერდა მაშინ, როცა ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრული ხმის უფლება, როცა შეზღუდვების მქონე ადამიანები ხშირად უჩინრად ცხოვრობდნენ.  მისი შემოქმედება ამდენად უფრო მეტ მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს და ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე დაჩრდილული სხეულიდანაც კი შეიძლება გამოკრთეს  სინათლის სხივი.

ჰელენმა სწორედ ეს დაამტკიცა, ესა თუ ის ფიზიკური მდგომარეობა ადამიანის არსებობას უნიკალურად აქცევს, თუკი შეგვიძლია, საკუთარი შინაგანი სამყაროს, გონებისა და სულის სიღრმეებისად მომდინარე ხმა სამყაროსათვის გასაგებად  და ბევრის წინამძღოლად აქციოს.

წინამდებარე სტატიაში  მისი „ქვის კედლის სიმღერის“ შესახებ  ვიტყოდი რამეს. მაგრამ მანამდე შევეცადოთ, თვალები დავხუჭოთ და თავად წარმოვიდგინოთ, რას მოუყვებოდა ქვის კედელი ჰელენის ხელებს, რომლებიც იყო მისი თვალიც, ყურიც და სამყაროს გასაღებიც.

ჩემს ელექტრონულ მეგობარს ვკითხე, ამ ტექსტზე რამ მეტყვი-მეთქი და ისიც არ დამზარდა. „ქვის კედლის სიმღერა“ (The Song of the Stone Wall) ჰელენ კელერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღრმა პოეტური პროზააო. ვერ დავეთანხმები, რიტმული პროზა მაინც ეთქვა, „I sing the song of the stone wall / …I, the wall, have seen them all“  — ამგვარი ტექსტი  როგორ არ არის პოეზია?! მით უფრო, პოეზია პიროვნებისა, რომელსაც არ ესმის, არც რხევა შეუძლია დაინახოს, მაგრამ ამგვარი მეტაფორისთვის, სიტყვა-ფრაზების მუსიკალობისთვის მიუღწევია?!.  ჟღერს მიძღვნაც, რომელიც ლექსს აქვს წამძღვარებული. მის თარგმანს სტატიის ამ ნაწილში უცვლელად მოვიტანთ. ჰელენი წერს:

,,როდესაც „ქვის კედლის სიმღერის“ წერა დავიწყე, დოქტორი ედვარდ ევერეტ ჰეილი (Dr. Edward Everett Hale) ჯერ კიდევ გახლდათ ჩვენ შორის და ვაპირებდი, მისდამი მიმეძღვნა ეს ლექსი, თუკი გამოცემის ღირსად ჩაითვლებოდა. ვთვლიდი, რომ მოეწონებოდა, რამდენადაც უყვარდა ძველი კედლები და მათდამი  ტრადიციებიც. როდესაც ვცდილობ იმ ადამიანების წარმოდგენას, რომლებმაც კედლები ოდესღაც ააშენეს, თვალწინ მეხატება დოქტორი ჰეილი, როგორც ახალი ინგლისის დამფუძნებელთა გმირობის ცოცხალი განსახიერება.   იგი გახლდათ დიადი ამერიკელი,  ჭეშმარიტი პურიტანი — ღრმა რწმენისა და მაღალი მორალური პრინციპების ადამიანი. ბაგეებით ღაღადებდა წინაპრების გულმოდგინება და გული უძგერდა მათეული გამბედაობით. განა მათვე არ დაუტოვეს ჩირაღდანივით მოგიზგიზე რწმენა, მოუღლელად შრომის პათოსი და თანასწორობის იდეალი?

მაგრამ, ამავდროულად, მისი ნათელი სული არ ატარებდა პურიტულ სიმკაცრესა და სევდას. საკუთარი სულის ფანჯრები სიხარულევანი რწმენის მზისათვის განეღო. მისი რწმენა და გულთბილი იუმორი სხვებს ახარებდა და გონიერებას აღძრავდა. ძველი ამბებით  მათ გონებას ახალი აზრების მისაღებად ამზადებდა, ხოლო იგავებით უხსნიდა გულებს სითბოსა და თანაგრძნობისთვის. ყველას უყვარდა იგი, რადგან თავადაც უყვარდა ყველა. ყველამ უწყოდა, მისი გული მათი ბედნიერებისთვის ილტვოდა და დიდი ადამიანურობით ყველას ტკივილს იზიარებდა. მასში სუსტნი  მეგობარს პოულობდნენ, დაუცველნი კი — მფარველს. მშვიდობის მქადაგებელი იყო, მაგრამ მტკიცედ და გულწრფელად იბრძოდა სამართლიანობის სახელით. მისი დიდებულება აღძრავდა არა მხოლოდ აღტაცებას, არამედ სიმშვიდესა და სიახლოვის გრძნობას  — ღმერთთანაც და ერთმანეთთანაც.

საკუთარი წინაპრების მსგავსად, იგი ოცნებობდა თავისუფალი ქვეყნის შექმნაზე — ქვეყნისა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის სიყვარულსა და ადამიანთა ძმობაზე. ქვეყანაზე, რომელშიც თითოეული ადამიანი მიაღწევს საკუთარ ბედნიერებას და ისწავლის ცხოვრების უმთავრეს ხელოვნებას — თვითდამკვიდრებას და მოყვასის დახმარებას.

ასეთ ფიქრებში იბადებოდა და იძენდა ფორმას ჩემი ლექსი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიმაჩნია, რომ იგი მას მივუძღვნა. ამ გზით გამოვხატავ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც მასთან მაკავშირებს მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ, თავის პატარა ბიძაშვილად მომიხსენია

რენთემი, მასაჩუსეტსი,

იანვარი, 1910.”

ჩემთვის ჰელენი მუდმივი ბრძოლის, თავისუფლების, შეუპოვრობის, განათლების, მაგალითის სიმბოლოა და შეხსენებაც იმისა, რომ თითოეულ ამ ღირებულებას ფასი და ძალა არასდროს დაეკარგება, ისინი ყოველთვის გვაპოვნინებენ გზას და დაგვანახებენ სინათლეს, რაოდენ ბნელ ყოფაშიც არ უნდა გვიხდებოდეს არსებობა, გაგვაგონებენ სიმართლის ხმას, რომელიც ყველა სხვა ხმაზე უფრო ძლიერი და მარადიულია და ვერც ვერასოდეს ჩაახშობს ვერანაირი ძალა. ისინი მდუმარედაც აჟღერდებიან და გააცოცხლებენ  ისტორიებს, როგორც ქვის კედლები — სმენამხედველობაწართმეული ადამიანების ხელებში.

 

 

 

,,ქვის კედლის სიმღერა” —https://ia802302.us.archive.org/7/items/songofstonewall00kellrich/songofstonewall00kellrich.pdf

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...