კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

მდიდრები და ღარიბები. ყოფილი მეტროპოლიები და კოლონიები

0

თანამედროვეობის დილემა, თუ მანკიერი სისტემა, რომელსაც სხვადასხვა თეორიით ამართლებენ?

(ნაწილი მეორე)

„ლაბუჰან-დელის (კ. სუმატრა, ინდონეზია] სულთანი, მა’მუნ ალ-რაშიდ პერკასა ალამი (1853-1924), დიდად დაინტერესდა დელის ტერიტორიის, როგორც თამბაქოს პლანტაციის განვითრებით. მან მისცა ბ-ნ იაკობ ნეიჰაუსს (Jacob Nienhuys), ჰოლანდიელ თამბაქოს ვაჭარს, კონცესია ამ მიწებზე, თამბაქოს კულტურის მოსაყვანად.  პრობლემა, რომელიც ნეიჰაუსს შეექმნა, გახლდათ მუშახელის სიმცირე – ადგილობრივ მალაელებს და ბატაკებს არ სურდათ პლანტაციებში შრომა! ნეიჰაუსმა ეს პრობლემა, 1864 წელს, მალაიზიის პენანგიდან 120 ჩინელი მუშის ჩამოყვანით მოაგვარა და დაიწყო საქმე, რომელმაც დასაბამი მისცა ევროპასა და ამერიკაში სუმატრის თამბაქოთი მომგებიანი ვაჭრობას. 1890 წელს, ჰოლანდიელებმა ლაბუჰან-დელის პლანტაციებში სამუშაოდ უკვე 20,000-ზე მეტი ჩინელი მუშა ჩაიყვანეს. იაფი მუშახელის მეშვეობით, თამბაქოს კომპანიებმა უზარმაზარი მოგება მიიღეს. 1896 წელს, ამსტერდამში 190,000 შეკვრა თამბაქო გაიყიდა, რამაც 32 მილიონი გულდენის შემოსავალი მოიტანა – დღევანდელი დოლარებით ეს სულ მცირე $450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს! …1864 – 1938 წლებში, მხოლოდ ლაბუჰან-დელის პლანტაციებიდან მიღებული თამბაქოს გაყიდვებმა დაახლოებით $40 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა! “  

პროფესორი ბუდიმან მინასნი (Budiman Minasny),

სიდნეის უნივერსიტეტი, ავსტრალია

1930 წლის მარტში, მაჰათმა განდი, თანამოაზრეებთან ერთად, შეუდგა თითქმის 400 კმ-ი სიგრძის ფეხით მსვლელობას ინდოეთის დასავლეთში,  არაბეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ დანდისკენ (გუჯარათის შტატი, ინდოეთი), რომლის მეშვეობითაც განდი ხმამაღლა აცხადებდა ინდოეთის ხალხის უფლებას, საჭმელი მარილის მოპოვებასა და გადამუშავებაზე.

მსგავსად ბევრი სხვა საქონლისა,  ბრიტანეთის სამეფო, ინდოეთის კოლონიზაციის დროს, XIX ს. დასაწყისიდან, სრულად ინარჩუნებდა მონოპოლიას ინდოეთში მარილით ვაჭრობაზე. ეს კოლონიური „წესი“ უკრძალავდა ინდოეთის მკვიდრთ მარილის დამზადებას და ვაჭრობას და აიძულებდა უზარმაზარი მოსახლეობის მქონე ინდოეთს, მარილი მხოლოდ ბრიტანელი ვაჭრებისგან შეეძინა. ინდოეთის ნესტიანი და ცხელი ჰავის გათვალისწინებით, საჭმელი მარილი, საკვებ აუცილებლობას წარმოადგენდა მთელი ინდოეთისათვის. სწორედ ამიტომაც, მაჰათმა განდი ბრიტანელთა „მარილის კანონებს“ უპატიებელ ბოროტებად თვლიდა და ამ კანონების წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო მისი და მთელი ინდოეთის უკომპრომისო არაძალადობრივი წინააღმდეგობა, „სათიაგარჰა“ (satyagraha), რაც სიმართლის გამოვლენასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა, ძალადობის გამოყენების გარეშე.

მაჰათმა განდის ბევრ თანამებრძოლს თავიდან გაუჭირდა „მარილის წინააღმდეგობის“ დაკავშირება დიად ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მიზნებთან. „ჩვენ ყველანი სახტად დავრჩით ვერ ვიგებდით თუ რა კავშირი იყო ეროვნულ ბრძოლასა და ჩვეულებრივ მარილს შორის“, ამბობდა ინდოეთის კიდევ ერთი დიდი შვილი, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი და განდის მარჯვენა ხელი, ჯავაჰარლალ ნერუ 91889-1964). სხვები განდის „მარილის პროტესტს“ უროთი კოღოს დევნას ადარებდნენ. თუმცა განდისათვის, მარილის მონოპოლია გახლდათ მკვეთრი მაგალითი იმისათუ რამდენად უსამართლო იყო ბრიტანელების დამოკიდებულება რაჯის (ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებული ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ტერიტორიების საერთო სახელი, ლ.ა.) და მისი მოსახლეობის მიმართ, ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი და საბაზო ნივთიერების, საჭმელი მარილის მიმართ. განდის ბრძოლა გასაგები და მისაღები იყო დიდი ინდოსტანის ყველა მკვიდრისთვის, ჰინდუ იქნებოდა ის თუ მუსლიმი, მდიდარი თუ ღარიბი!

ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს რომ ევროპელი კოლონიზატორები, დიდი ტერიტორიისა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პირობებში (ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, ბირმა, სხვა), აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მექანიზმებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად გაეზარდათ თავიანთი მოგება და გაუსაძლისი პირობები შეექმნათ ადგილობრივი ხალხებისათვის.

კოლონიური ინსტიტუტები და მათი წინაღმდეგობრივი შინაარსი

ამერიკელი ეკონომიისტების, 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების სტატიაში, ცალკე თავი ეთმობა ეკონომიკურ თეორიას, რომელიც ევროპელთა კოლონიზაციის სხვადასხვა ასპექტებს აღწერს. პროფესორები. დარენ აჯემოღლუ, საიმონ ჯონსონი (ორივე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, აშშ) და ჯეიმს ა. რობინსონი (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), გვამცნობენ რომ ევროპელების მიერ მსოფლიოს დიდი ტერიტორიების კოლონიზაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ფორმმ და შინაარსი. აგრამ ეს, მეცნიერთა მოსაზრებით, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვანაირად მოხდა: ზოგიერთ კოლონიაში, კოლონიზაციის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლოატაცია და იქ არსებული სასრგებლო წიაღისეულის საბადოებიდან ძვირფასი მადანის ამოღება გახლდათ. სხვა შემთხვევებში, კოლონიზატორებმა ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები შექმნეს, რაც ევროპელი კოლონიზატორების კეთილდღეობისთვის იყო განზრახული.

კიდევ ერთი მნიშვნელვანი ფაქტორი, რომელმაც გავლენა იქონია კოლონიის რაობაზე და ტიპზე და რომელსაც ხაზს უსვამენ ნობელიანტი ეკონომისტები, გახლავთ კოლონიზაციის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვე. რაც უფრო მჭიდროდ არის დასახლებული ტერიტორია ადგილობრივების მიერ, მით უფრო მეტი წინააღმდეგობაა რის მოსალოდნელი მათგან. მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა, მათი დამარცხების და/ან დამორჩილების შემთხვევაში, კოლონიზატორებს სთავაზობს ძალიან მიმზიდველ შესაძლებლობას – იაფ მუშახელს! ამან გამოიწვია ის, რომ მჭიდროდ დასახლებულ კოლონიებში ნაკლები რაოდენობის ევროპელი კოლონისტები ჩავიდნენ (ინდოეთი, ბანგლადეში, ბირმა და პაკისტანი, ლ.ა.); იმ კოლონიებში, სადაც მოსახლეობა მეჩხერად იყო დასახლებული (დღევანდელი აშშ-ს და კანადის ვრცელი ტერიტორიები, ლ.ა.), ადგილობრივების წინააღმდეგობა ნაკლები იყო, თუმცა ასევე მწირი იყო იაფი მუშახელის რაოდენობაც. ეს თავის მხრივ საშუალებას სთავაზობდა ევროპელ კოლონიზატორებს (სხვა სახელი – ახალმოსახლეები, ლ.ა.) ადვილად გადასულიყვნენ „ახალ ადგილებში“ და მალე მოეხდინათ ამ ტერიტორიების კოლონიზაცია.

ზემოთ ხსენებულმა გარემოებებმა, თავის მხრივ, გავლენა მოახდინეს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე, რომლებიც  „ახალ ტერიტორიებზე“, ზღვისგაღმა კოლონიებში ჩამოყალიბდა.

კოლონიზატორთა მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ისინი აარსებდნენ ან მიითვისებდნენ სხვადასხვა სამთო-მოპოვებით ორგანიზაციებს, რომელიც აქცენტს აკეთებდნენ ადგილობრივ ელიტებზე, რომელბიც თავის მხრივ უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ექსპლოტაციას (ინდოეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ლ.ა.). ამ პირობებში და ამ კოლონიებში არ არსებობდა პოლიტიკური უფლებები და თავისუფალი არჩევნები. ყველაფერი კოლონიზატორების და ადგილობრივი ელიტების ხელში იყო კონცენტრირებული (ჩილე, პერუ, კოლუმბია, ბოლივია, სხვა).

ამის საპირისპიროდ, იმ კოლონიებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მცირე იყო, ხოლო დასახლებების სისტემა – მეჩხერი (აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია), ბევრი კოლონისტი ჩადიოდა ევროპიდან და ისინი კოლონისტების ახალ დასახლებებს აარსებდნენ. ამ შემთხვევეაში, ახალ კოლონისტებს ესაჭიროებოდათ ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტები, რაც წაახალისებდა ახალ მოსახლეებს ემუშავად ეფექტურად და მოეხდინათ მნიშვნელოვანი სახსრებისა და ენერგიის ინვესტირება მათ ახალ „სამშობლოში“. სანაცვლოდ, ახალი მოსახლეები ითხივდნენ მეტ პოლიტიკურ უფლებებს და მონაწილეობას მოგებაში, რომელსაც ახალი ტერიტორიები იძლეოდნენ. რა თქმა უნდა, ადრეულ ევროპულ კოლონიებს (ახალ სამყაროში, ავსტრალიაში) ვერავინ დაარქმევდა ‘დემოკრატიას’, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ კოლონიებთან შედარებით (სადაც ევროპელების მხოლოდ მცირე რაოდენობა გადასახლდა), ახალმოსახლეთა ახალი კოლონიები ბევრად მეტ პოლიტიკურ უფლებებს გულისხმობდნენ.

საზღვრით გაყოფილ ქალაქ ნოგალესში (აშშ და მექსიკა) დღეს არსებული განსხვავებები, რომელიც წინა წერილში განვიხილეთ, უმეტესწილად, ინსტიტუციებს შორის სხვაობით არიან გამოწვეულნი – ერთგან ამერიკული კოლონიის წესები ჩამოყალიბდა (მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით და მეტი ევროპული მოსახლეობით), რომლისგანაც დღევანდელი აშშ შეიქმნა ხოლო მეორეგან – ესპანური კოლონიის წესები, რაც შემდეგ მექსიკად გადაიქცა, სადაც ოდითგანვე ჭარბობდა ადგილობრივი ავტოქტონური მოსახლეობა (ოლმეკები, ზაპოტეკები, აცტეკები, ტოლტეკები, მაია, სხვა), რომელბსაც დასახლებების ინსტენსიური ქსელი ჰქონდათ ცამოყალიბებული (ტეოტიჰუაკანი და ტენოჩტიტლანი). კოლონიების განვითრებისა და ჩამოყალიბების ეს სქემა საერთოა მთელი კოლონიზირებული სამყაროსათვის და დიდად არ არის დამოკიდებული თუ რომელი ქვეყანა იყო კოლონიზატორი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანისა, ესპანეთი თუ პორტუგალია.

შესაძლოა ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა კოლონიების, კოლონიზატორებისა და ქვეყნების განვითარება-ჩამოყალიბებისა თუ სიღარიბე-სიმდიდრის შესახებ,  წინააღმდეგობრივად ან არასწორად მიიჩნიოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მეცნიერებაში ყოველთვის ასეა, სამეცნიერო თეორია უნდა მოიცავდეს ბუნების ან საზოგადოების ამა თუ იმ მოვლენის კარგად ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებას, მაგალითებს და ფაქტებით ან ექსპერიმენტებით მის დადასტურებას. დღეს წარმოდგენილი ვრცელი მსჯელობა ევროპელთა მიერ კოლონიზაციის თავისებურებებისა და სიმდიდრე-სიღარიბის შესახებ, საინტერესო და ნიშანდობლივია, რადგან მეცნიერება (და საზოგადოების ნაწილი ევროპასა და ამერიკაში) უკვე ხმამაღლა საუბრობს იმ სქემებსა და პოლიტიკაზე, რომელმაც დედამიწაზე შესაძლებელი გახადა ქვეყნებისა და ხალხების კოლონიზაცია, მონებით ვაჭრობა, დაპყრობილთა ექსპლოატაცია და ჩაგვრა.

შესაძლოა ასეთმა ღია და გულახდილმა საუბარმა, მეტი სინათლე შეიტანოს ევროპელთა მიერ ჩატარებულ კოლონიზაციაში, რომელიც შესაძლოა, დღევანდელ მსოფლიოში გაბატონებული უთანასწორობის, სიღარიბისა და დაუსრულებელი კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენს.

(სტატიის დასასრული)

გამარჯობა, მე ვარ მასწავლებელი და მე არ ვარ იდეალური!

0

დედა მასწავლებლის ფიქრები.

მოდი გამოვტყდები, მე ქართულის მასწავლებელი ვარ და ჩემი შვილი ქართულს ვერ იტანს. ამის აღიარება, მართალი გითხრათ,  ძალიან გამიჭირდა და შეიძლება ითქვას წლები დამჭირდა. დედები და ალბათ მამებიც, ხშირად ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რომ ვერ ვართ იდეალური მშობელი, რომ ყველაფერი ისე ვერ გამოგვდის, როგორც წარმოგვიდგენია. რომ ჩვენი შვილი არ არის საკმარისად კარგი, საკმარისად ბეჯითი და აკადემიურად მაღალი მოსწრების მქონე. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასწავლებლებს შვილებისთვის დრო თითქმის არ გვრჩება, ჩვენ მთელ ენერგიას და რესურსს სკოლაში ვტოვებთ, ბოლომდე ვიხარჯებით გაკვეთილებზე, თითოეული მოსწავლის წარმატებას თუ წარუმატებლობას საოცრად განვიცდით, გვიხარია, გვწყინს – დაუმსახურებელი თუ დამსახურებული შენიშვნები, მასწავლებლები ხომ სცენის შუაგულში ვდგავართ და მთელი “პუბლიკის“ მზერა ჩვენზეა მომართული, რომ არაფერი შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, თითოეულ მოსწავლეს სათანადო ყურადღება მივაქციოთ, ვიღაც არ დაგვეჩაგროს, ვიღაც არ დაგვავიწყდეს, მოკლედ – ვშრომობთ, არა მხოლოდ გონებრივად,  უფრო მეტს – ემოციურად. და მოვდივართ სახლებში, გამოფიტულები, დაღლილები. ჰოდა, შვილს დახმარება რომ სჭირდება, ქართულის თემა აქვს დასაწერი, რაღაც ვერ გაიგო,  რომ უამრავი კითხვა აქვთ, რომ სჭირდებათ უბრალოდ დედა გვერდით, რომელიც დაუჯდება, მოუსმენს, აუხსნის, საკუთარ პროფესიას ახლა შვილთან გამოიყენებს, ახლა შვილთან იქნება დედა-მასწავლებელი, თან უფრო მეტადაც, რომ აი, ყველაზე მეტად ხომ შვილს სჭირდები, მაგრამ ვერ გამოდის, შეუძლებელია მთელი დღე მომართული იყო, შეუძლებელია მთელი დღე ასწავლო, მთელი დღე ახსნა, მთელი დღე ისაუბრო, დააწერინო, გამოათვლევინო, წააკითხო, მოაძებნინო. ვერ გამოდის, სადღაც უნდა გაჩერდე, დაჯდე, ამოისუნთქო. სადღაც უნდა იპოვო თავისუფალი სივრცე, სადაც უბრალოდ რაღაცების დაზარებას შეძლებ, გადადებ, უბრალოდ დაჯდები, ტელეფონს ასქროლავ, თან ველურ ბუნებაზე დოკუმენტურ ფილმს უყურებ მონოტონური გახმოვანებით, უბრალოდ არაფერზე აღარ იფიქრებ, ყველაფერი მოსწრებული გაქვს, ჟურნალი შევსებულია, დავალებები ატვირთული და შვილი? შვილი მოიცდის, მერე რაა, აი, ხვალ დაუჯდები, შაბათ-კვირა მოდის, მომავალ კვირას მაინც აუცილებლად. ამასობაში გადის წლები და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ შენს შვილს თურმე თემების წერა უჭირს, თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურა გამოუტოვებია, ინანიშვილი არ წაუკითხავს, არ მოგწონს, როგორ წერს, არ იცავს გრამატიკულ წესებს, შეებმები ამ მოცემულობას, შეასკდები და პირში მოხლილ სიმართლესაც კარგად შეირგებ: შენ ჩემთვის არასდროს გეცალა, შენი მოსწავლეები უფრო გიყვარს, ისინი უფრო მნიშვნელოვნები არიან! გაბრაზდები, ჯერ სკოლაზე, მერე შენი შვილის მასწავლებლებზე, ინანებ, რომ სკოლას მიენდე, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღიარებ, რომ შენი მოსწავლეების განათლება გინაცვალებია შვილის განათლებისთვის, რას იზამ, ეს ასეა, გინდ მარცხნიდან მოვაბათ ქოთანს ყური და გინდ მარჯვნიდან, უბრალოდ რეალობაა.

წელს დავიწყე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ სხვა მასწავლებლებმაც გამანდეს, რომ ჩვენც ასე ვართო! ჩემი მეგობარი უცხო ენებს ასწავლის და მის შვილს იმდენად უჭირს, რომ სხვა მასწავლებელთან მიიყვანა სამეცადინოდ, მე ესეც ვერ შევძელი, ალბათ უფრო არ, იმიტომ, რომ მეგონა, ჩემნაირად ვერავინ ვერ ასწავლიდა, მე კი არასდროს არ მეცალა. როდესაც ჩემს კლასში მასწავლებლის შვილებს აღმოვაჩენ ხოლმე, ვცდილობ,  განსაკუთრებით ყურადღებით მათ მიმართ ვიყო, განსაკუთრებით შევუწყო ხელი, დავალებების არქონაც ვაპატიო. არა იმიტომ, რომ ბავშვებს ვარჩევ და ისინი მეტად მიყვარს, არა, უბრალოდ მათი დედები თუ მამები მასწავლებლები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვილებისთვის უბრალოდ ენერგია, ემოცია აღარ რჩებათ და ეს გასაგებია, ძალიან გასაგები და ალბათ ძალიან ადამიანური, მასწავლებლური.

ჩვენ, მასწავლებლები, ზედმეტად გულჩვილი ხალხი ვართ, ადვილად გვწყინს და ადვილად გვიხარია, ადვილად გვადგება თვალზე ცრემლი, გულიანად გვიტირია კიდეც და გულიანად გვიცინია სულ პატარა შენიშვნაზე, უსამართლო საყვედურზე და უბრალოდ კარგ სიტყვაზე.

ჩვენ მასწავლებლები სანამ კლასში შევალთ, პალტოსავით ვიხდით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს პრობლემებს, ვიცვამთ ემოციურ აბჯარს და გავდივართ სცენაზე, სადაც ჩვენი ფიქრებით, აზრებით, გონებით ვძერწავთ კარგ მოქალაქეებს, პატრიოტ და უბრალოდ კარგ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ და ესაა ჩვენი მიზანი, როგორ გამოგვდის ამას დრო გვიჩვენებს.

ჩვენ, მასწავლებლები, უამრავი ადამიანის წინაშე ვართ პასუხისმგებლები, პირველ რიგში კი ჩვენი მოსწავლეების წინაშე. უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ვცდილობთ, არაფერი არ შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, ვიყოთ იდეალურები. ალბათ ყველაზე მეტი პერფექციონისტი სამყაროს მასწავლებლებს შორის ჰყავს, იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ ყველაზე დიდი მოთხოვნებია, იმიტომ, რომ შეცდომები ძნელად ან არ გვეპატიება. იმიტომ, რომ მასწავლებლები ვართ და აბა, როგორ!

გვეშინია, ძალიან გვეშინია, რომ ეს ჩვენი მონდომება, შეიძლება ითქვას, თავგანწირვაც კი უბრალოდ ვიღაცის ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ წყალში არ ჩაგვიყაროს, არ დაგვიწუნონ მასწავლებლობა, ამიტომ ვართ ასეთი გაფაციცებულები, ასეთი დაძაბულები, ამიტომაა, რომ სახლში მისულებს ენერგიის წვეთიც აღარ გვაქვს შერჩენილი და ამიტომაა, შვილებთან აღარ გამოგვდის სწავლება.

გვინდა, რომ გვენდონ, გვინდა, რომ დაგვიჯერონ, გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეების სწავლება ჩვენ დავგეგმოთ, ჩვენ წარვმართოთ ჩვენი სწავლების პროცესი. გვინდა, რომ სპონტანურები ვიყოთ და როცა გარეთ გავიხედავთ და შემოდგომის პეიზაჟი დაგვაფიქრებს, ბავშვებს პოეზიაზე ვისაუბროთ, ან უბრალოდ დავხატოთ წვიმაში მდგომი შიშველი ხე, რომელიც გაზაფხულზე ოცნებობდა.

ჰო, ჩვენ შვილებს ვერ ვასწავლეთ. ჩემი შვილი ხშირად იგონებს ბავშვობის ამბებს, როგორ მთხოვდა დახმარებას, როგორ უჭირდა ქართული და დედას არ ეცალა, დაღლილი იყო, ვერ ეხმარებოდა. როგორ რცხვენოდა, რომ სწორად ქართული არ გამოსდიოდა საუკეთესოდ. თუმცა, ალბათ, გადავლახეთ ეს ამბავიც, რადგან საუბარი დავიწყეთ და რაზეც საუბრობ, ის უკვე გადახარშულია, ასე ამბობენ.

ჰოდა, მოვუფრთხილდეთ თავებს, შევიყვაროთ და გვეყოს დადანაშაულება, შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი ამბავია, ამაში ტრაგიკული არაფერია, რომ ერთი გულწრფელი აღიარება მოსწავლეებთან ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები, რომ საკუთარი თავები ცოტათი მაინც გადავინახოთ შვილებისთვის მაინც, რომ აბა ვკითხოთ კოლეგას ერთხელ, გულწრფელად, როგორ ხარ?

ვოცნებობ, ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც შევიკრიბებით მასწავლებლები, ხალიჩაზე დავსხდებით წრეზე (როგორც ჩვენი მოსწავლეები),  ჩავჭიდებთ ხელებს, მოვიკრებთ ძალებს და როგორც იქნა  დავიწყებთ:

გამარჯობა, მე ვარ მასწავლებელი და მე არ ვარ იდეალური!

ბექა ახალაია „ ბოლოდან მეორე მოჰიკანი“

0

ბექა ახალაია გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მისი ლექსები, ლირიკული პოემები თუ ლიტერატურული წერილები, რაც არანაკლებ ოსტატურად გამოსდის, 2007 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. ხოლო მისი სადებიუტო კრებული „ ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“- გამოცემისთანავე გახდა დამსახურებული ინტერესის საგანი, რადგან ეს კრებული ამტკიცებდა რომ მისი ავტორი ჭეშმარიტი პოეტია, ამ სიტყვის მთელი სისრულით. ბექა ახალაის ყველა კრებული ნამდვილი პოეზიის მძებნელთათვისაა.

კომპოზიციური სრულყოფა და ლექსის ტექნიკური მხარე, ბექას ნიშა და ხელწერაა. ლექსმცოდნეობის, მეტრული წყობისა და თეორიების პროფესიონალური ცოდნა მის ყველა ლექსს ეტყობა. თუმცა ამ პროფესიული ხედვის მიღმა არ რჩება ემოცია და შიშველი შეგრძნებები,მისი ლექსები ამ კუთხითაც სრულყოფილია. საინტერესო და ნაყოფიერი იყო ბექას „ბედის ცდა“ რომანისტიკაშიც, მისი რომანი „გველები მაზუთის გუბეში“ 2023 წელს გამოიცა და თანამედროვე რომანის საინტერესო სახეს წარმოადგენს.

„ბოლოდან მეორე მოჰიკანი“ რომელიც შესულია მის უახლეს კრებულში „ კანალიზაციის ანგელოზები“,  პატრიოტული ხასიათის ვერბლანია, როგორც თავად პოეტიც აღნიშნავს, თანამედროვე პოეზიაში თითქოს გაცვეთილ და „პაპსა“ თემად აღიქმება პატრიოტული ლირიკა,  სწორედ ამ სტერეოტიპის დარღვევა სურდა ბექა ახალაიას, რაც გამოუვიდა კიდეც.

სამშობლოს საინტერესო მეტაფორა, უფრო ზუსტად კი პოზაა „ბოლოდან მეორე მოჰიკანობა“-  მარადიულად გაქრობის საფრთხის წინაშე დგომა და ყოფნასა და არყოფნას შორის ბრძოლა საქართველოს მუდმივი მყოობადია.

„კლდის წვერზეა წამომართული ციხე-სიმაგრე,

ოთხასი თუ ხუთასი წლის წინ (უფრო – ხუთასი)

ააშენეს, როგორც ამბობენ მეცნიერები.

აღარავის ახსოვდა თუნდაც ოცი წლის უკან,

ეკალ-ბარდით დაფარული და მივიწყებული –

იდგა მარტო, თავისთვის იდგა და ვერც ხვდებოდა,

რისთვის იდგა… მერე მოვიდნენ ქალაქიდან და

გულმოდგინედ გაასუფთავეს იქაურობა.

გზაც, მანამდე დაკარგული რომ იყო ტყე-ღრეში,

მოასწორეს… ახლა კი ხშირად, ხშირად ადიან

ტურისტები – უცხოელებიც, აქაურებიც…  „ [ ახალაია ბ, : გვ.15]

ციხე-სიმაგრე  ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მეტაფორაა, რომელიც უკაცრიელად ყოფნისთვის არ უნდა გაიწიროს, ფუნქცია არ უნდა დაეკარგოს („ვერც ხვდებოდა რისთვის იდგა“). თუმცა სამშობლოს ცნების გაგება არ შემოიფარგლება დამთვალიერებლის პოზიციით.

საფართობე ყანებს, გვერდიგვერდ მართკუთხედებად

ჩამწკრივებულთ, აცრის, ჯერ კიდევ მოუხნავია.

შარშან ამ დროს მოხნული იყო, წელს – დაგვიანდა.

ამ დღეებში, ალბათ, იზამენ – მთელ სიგანეზე,

ერთიანად მოხნავს ტრაქტორი. დატრიალდება

მიწის სუნი – მიწის სურნელი – და იტრიალებს,

იტრიალებს კარგა ხანს, მერე გაქრება უცებ. [ახალაია ბ, : გვ.15]

მიწის სურნელი სამშობლოს სუნად აღიქმება, ნახნავების ყანების პეიზაჟებში ყველაზე ცხოვლად აღიქმება სამშობლო.  მიწას ქართველისთვის აუცილებლად ახლავს თან სამშობლოს ცნება, ხოლო მიწა რომელსაც მოშორდება სამშობლოს კონოტაცია, გადაიქცევა „ბერწ“ მიწად.  მიწის სურნელს თან ახლავს ყველაზე ავთენტური ტოპოსი- სოფელი.  ნაივური სივრცე, სუფთაა, ალალი და მაღალზნეობრივი. ამ კუთხით შეიძლება ნათესაობრივი კავშირი ვიპოვოთ პაოლო იაშვილის ლექსთან „წერილი დედას“-  ბექა ახალაიაც ურბანული და პრულალური სივრცის კონტრასტულ სახეებს გვთავაზობს.

ეკლესიების განათება პროჟექტორებით, მტვრის სიმუქე, მანქანების ნათება, თითქოს ურბანული ქაოსის შეგრძნებას ბადებს, ედვარდ მუნკი  „კივილის“ გმირის პოზაში „მშვიდობის“ ხიდზე მდგარ პოეტს წარმოგტადგენინებს, თუმცა ამ ქალაქს ჯერ კიდევ შერჩა რაღავ ცოცხალი.

პოეზიაში  ასე ბუნებრივი და ფესვგადგმული სურათი, ცაზე მწკრივად მფრინავი ჩიტების გუნდი, სრულიად ახალმა, ქაოტურმა, უსულო და უესთეტიკო სურათმა ჩაანაცვლა-მასკის მფრინავმა სატელიტებმა.

ლექსი პირობითად, შეგვიძლია სამ ნაწილად გავყოთ, სამ სურათად, პირველი, კლდის წვერზე მდგარი ციხე-სიმაგრის, მეორე სოფლისა და მესამე-ქალაქის პეიზაჟი. სამივე სურათის დანახვას მოჰყვება ფიქრი, გაფიქრება რომელიც რეფრენის სახით გვხვდება ლექსში :

“სამშობლოვ, დიახაც ლამაზო,

მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს,

რამდენი წელია, თამაშობ,

ბოლოდან მეორე მოჰიკანს?!” [ახალაია ბ, : გვ.15]

ყოველი გაფიქრება იწყება მესამე პირის ნაცვალსახელით („შენ კი გაჰყურებ….“) თუმცა მაინც პოეტური აპლომბია, რადგან ლირიკული გმირი თავადაა პოეტი და პოეტური მზერაც საკუთარ თავშია ჩაბრუნებული. სამშობლოს მიმართ შეძახილიც პოეტისვეა.

როგორც ვთქვით, ბექა ახალას პოეტური სტილია კომპოზიციური სრულყოფა, ამ კუთხით არც ეს ლექსია გამონაკლისი. იგი ვერბლანს წარმოადგენს,არ გვხვდება რითმა,მაგრამ გვაქვს მარცვალთა მოწესრიგებული რაოდენობა, ყოველი სტრიქონი 14 მარცვლიანია (4/5/5),  ხოლო 9 მარცვლიან რეფრენში გვხვდება არაზუსტი რითმა.

ლექსის ემოციურ მხარეში მთავარ როლს რეფრენი თამაშობს, ვფიქრობ რაღაც ახლებური და კონგენიალური სამშობლოსადმი მიმართვის ფორმა შემოგვთავაზა პოეტმა, უამრავი პოზიცია წაგვიკითხავს სამშობლოს მისამართით, აღმატებულიც, გაღმერთებულიც, მოკრძალებული თუ სხვ. მაგრამ ასეთი „ახლობლური“, უპირობო სიყვარულის დამტევი იშვიათად თუ შემხვედრია. ეს რეფრენული სტროფი თავისი ჟღერადობის წყალობითაც მარტივად ასაკვიატებელია. თითქოს მანტრაა სამშობლოსთვის საღიღინო.

 

 

ნაწყვეტი რომანიდან

0

თირთე ბაწაშს ყველაფერზე მეტად კითხვა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიაში სწავლის დროს კარგი მოსწავლე იყო, წიგნს ვერ იტანდა. კითხვა გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაიწყო. ერთხელ, სახლიდან მორიგი გაქცევის დროს, ბედისასთან იყო. ბედისას ოცდაათამდე თუ ორმოცამდე, თავისი საყვარელი წიგნი ჰქონდა თაროებზე ჩამწკრივებული, მაგრამ თირთეს ამ წიგნებისადმი დიდი ინტერესი არასოდეს გამოუხატავს, თეჯი უფრო ეტანებოდა და, პოეზიის გარდა, ყველა მათგანი ჰქონდა წაკითხული. ერთხელ კი, როცა ბედისა და თირთე ნარდს თამაშობდნენ, ბედისამ თამაშის გამწვავება გადაწყვიტა:
– რამეზე ვითამაშოთ.
– მაინც რაზე?!
– თუ წააგებ, ჩემს ამორჩეულ ერთ წიგნს წაიკითხავ და მერე შინაარს მომიყვები.
– და შენ თუ წააგებ?!
– მე თუ წავაგებ… – ჩაფიქრდა ბედისა.
– ჩვენს სახლში მოხვალ. რამდენი წელია, არ ყოფილხარ. – თვალები აუციმციმდა თირთეს.
– მგონი, სულ გააფრინე.
– უბრალოდ, ეზოში შეხვალ და უცებ გამოხვალ უკან.
– გეყოფა, ახლა, ეგეთებს არ ვართ. – გაეღიმა ბედისას, მაგრამ ეტყობოდა, ცოტა მიწოლაღა უნდოდა.
– მაშინ საერთოდ არ ვითამაშებ! – გაჯიუტდა თირთე.
– რა ხარ შენ! კარგი, მასე იყოს!
თირთეს წიგნის წაკითხვის პერსპექტივა ტანში ზარავდა, მაგრამ ბედისას მხრიდან თამასა ისე მაღლა იყო აწეული, რომ უკან დახევა არაფრით შეიძლებოდა. დათქმული ექვსი ხელი ითამაშეს და თირთემ წააგო. ბედისამ დიდი ფიქრის შემდეგ “მადამ ბოვარი” გადმოიღო თაროდან და ძმისშვილს მისცა, სამ დღეში უნდა დაესრულებინა. თირთე ფეხს ითრევდა, მთელი იმ საღამოს და მეორე დღის განმავლობაში რას არ აკეთებდა, რომ საწოლთან, სკამზე დადებული წიგნი არ გადაეშალა, ისეთ რამეებსაც აკეთებდა, რასაც ადრე ვერ იტანდა, სკიდან ფიჭის ამოღებაშიც კი დაეხმარა ბედისას. ტყუილად დებ მაგ საქმეს, მაინც მოგიწევს წაკითხვა, რაც უფრო მალე დაიწყებ, უფრო მალე დაამთავრებო, გააფრთხილა მამიდამ. თირთეს სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომ საღამოს, ლამფის შუქზე, წიგნი გადაშალა და კითხვამ ისე შეიყოლა, რომ ვერც გაიგო, როგორ გადავიდა შუაღამე. მეორე დღეს თვალის გახელისთანავე გააგრძელა კითხვა, საუზმე ლოგინში მოუტანა ბედისამ. “მადამ ბოვარის” წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რამხელა რაღაცას იკლებდა მთელი იმ დროის განმავლობაში. სოფლის მოსაწყენ ერთფეროვნებასთან საბრძოლველად საოცარი საშუალება აღმოაჩინა. ბედისას ყველა წიგნი წაიკითხა და მერე დაბის ბიბლიოთეკიდან დაიწყო წიგნების გამოტანა. რამე ფულს თუ მოიგდებდა ხელში, მაღაზიაში ან ბუკინისტებში ყიდულობდა წიგნებს და რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მოუგროვდა. ჭკუიდან იშლებოდა, როცა ვამეხი და ვაჩე პარავდნენ ხოლმე წიგნებს და ყდას – მასრის საცობად, ფურცლებს კი ორთქლის ძრავის ღუმელის დასანთებად იყენებდნენ სამხერხაო-სახელოსნოში. ყოველთვის ხვდებოდა, როცა წიგნი აკლდებოდა მის ბიბლიოთეკას. მგონი, ყოველ დილით ითვლის ეს შობელძაღლიო, თავს აქნევდა ვამეხი.
– ხელი არ დააკაროთ ჩემს წიგნებს, თქვე უწიგნურებო! თქვენთვის წიგნს და შალაშინს ერთი ფასი აქვს! – ისტერიკაში ვარდებოდა თირთე. ბოლოს ბოქლომი იყიდა და ჩაკეტა თავისი და თავისი დის (მაშინ თეჯი ჯერ კიდევ არ იყო გათხოვილი) ოთახის კარი. გასაღები გულზე ეკიდა. ბოქლომს მეორე გასაღებიც მოჰყვებოდა, მაგრამ თეჯის არ მისცა, ბოთე ხარ, ან გამოგტყუებენ ან მოგპარავენო. ამიტომ, როცა ოთახში შესვლა უნდოდა თეჯის, თირთესთვის უწევდა გასაღების თხოვნა. ამის გამოც სულ ჩხუბი ჰქონდათ:
– რა ვქნა, გადავიდე ამ სახლიდან?! მარტომ იცხოვრე მაგ ოთახში ბარემ! – უყვიროდა თეჯი, მაგრამ თირთე პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ზოგჯერ, როცა ვამეხი და ვაჩე სანადიროდ დააპირებდნენ წასვლას და ვაზნები იყო დასატენი, რატის მიუგზავნიდნენ ხოლმე თირთეს, იქნებ რამე სქელყდიანი წიგნი ჰქონდეს, რომელიც არ ჭირდებაო.
– ყველა წიგნი მჭირდება! – არ ტყდებოდა თირთე.
– ამდენი რაში გჭირდება?! – თვალს ააყოლებდა ხოლმე გაკვირვებული რატი თავის აწყობილ თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს. – ყდა მაინც შემოვაცალოთ, ყდა რაღათ უნდა.
– ბიჭო, გამასწარი ახლა აქედან! – ძმისკენ იწევდა თირთე.
ზოგჯერ რატი რომელიმე სქელტანიან წიგნს გადმოიღებდა თაროდან და დას ჰკითხავდა, ეს თუ გაქვს წაკითხულიო. კიო, ეუბნებოდა თირთე. კი, აბა, მაგას დაგიჯერებ, რომ ამხელა წიგნი წაიკითხეო, ეჭვით აქნევდა თავს რატი და ხელით წონიდა უშველებელ წიგნს. დადე ეგ წიგნი თავის ადგილზეო, ეღიმებოდა თირთეს. ზოგჯერ, დალაგების დროს, ქეთევანიც ახედავდა ხოლმე თაროებს, იცოდა, მის უმცროს ქალიშვილს ყველა წიგნი რომ ჰქონდა წაკითხული და თავისთვის ჩაილაპარაკებდა, შვილო, ამდენი წიგნი როგორ გეტევა მაგ თავშიო. ქეთევანი, თავისი დისგან განსხვავებით, წიგნთან ვერ მეგობრობდა. მისი და ცნობილი ქალი იყო – მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი. გოგოობაში ქეთევანზე უფრო დამყოლი გახლდათ, ქეთევანის გათხოვების მერე მამამ ისიც გარიგებით გაათხოვა. კითხვა ქმრის სახლში ისწავლა და მერე წიგნიდან თავი არ აუღია (მამამთილს, რომელიც მასწავლებელი იყო, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა), ინტელექტთან ერთად სითამამეც ემატებოდა და რამდენიმე წელიწადში სრულიად სხვა ადამიანი გახდა, მისი სიმორცხვე და დამყოლი ხასიათი სადღაც გაქრა. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი და იქიდან ამოკითხული იდეებით დაიწყო ცხოვრება, საოჯახო საქმეებს თავი მიანება, მეზობელ ქალებსაც იმავეს ჩასჩიჩინებდა და ზოგიერთი მათგანი აიყოლია კიდეც. ქალების ქმრებმა მის ქმარს შესჩივლეს, ცოლი აზრზე მოიყვანეო, ქმარმაც მისი ჟურნალების დაწვა სცადა და წინააღმდეგობას რომ წააწყდა, თმაში ჩაავლო ხელი და მთელ ეზოში ათრია. ქალი მამამთილის თანადგომას ელოდა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც მას უგებდა, თუმცა მანაც ზურგი შეაქცია, ამიტომ მესამე დღეს, კარგად ნაცემი, გაიპარა და თავის სახლში დაბრუნდა. იმავე საღამოს ყვირილით და გინებით მიაკითხა ქმარმა, მაგრამ ქეთევანის დამ ფანჯრიდან თოფი დაუშინა, ქმარი და მისი თანმხლებნი ამას არ ელოდნენ და უკანმოუხედავად გაიქცნენ, ქმარი მერე აღარ მოსულა, კაცი გამოუგზავნა, დაბრუნდიო, თუმცა ქეთევანის დამ ისიც უარით გაისტუმრა. ამის შემდეგ გადაფერდებული და თითქმის დაქცეული სახლი რამდენიმე ნათესავს გაამაგრებინა, შეძლებისდაგვარად გაამართინა და იქ ცხოვრობდა მარტო რამდენიმე წლის მანძილზე. თირთეს უყვარდა დეიდასთან სტუმრობა. ქეთევანი ვამეხს ატყუებდა ხოლმე, მოხუცი მამიდის სანახავად მივდივარო, სინამდვილეში კი თავის დასთან მიდიოდა და თირთე და თეჯიც მიჰყავდა. ვამეხს გულზე არ ეხატებოდა ცოლისდა, ცოლისდასაც ეზიზღებოდა ვამეხი, რადგან მშვენივრად იცოდა, როგორ ექცეოდა ქეთევანს. ერთხელ თეჯის წამოცდა, რომ წინა დღით დეიდასთან იყვნენ და ვამეხმა ქეთევანი ცემა:
– რომ გენდობი, ასე მიხდი სამაგიეროს, არა?! – ყვიროდა ვამეხი. – მაგ ბოზმა ბავშვებს კარგი რა უნდა ასწავლოს! გინდა, შენი შვილებიც მასეთი არანორმალურები გაიზარდონ?!
– უმცროსი დაა ჩემი, რა ვქნა, მარტო როგორ მივაგდო… – კნაოდა ქეთევანი.
– მერე შენ იარე, ბავშვები სად დაგყავს ან მე რას მატყუებ! – თმით ეჭირა ვამეხს ძირს დავარდნილი ცოლი და შეჰყვიროდა სახეში.
– ბავშვებიც მისი სისხლი და ხორცი არიან… – უჩვეულო სიმტკიცეს იჩენდა ქეთევანი.
– შენ რამდენს ლაპარაკობ! ახლა გაჩვენებ სისხლს! – იყვირა ვამეხმა და მარჯვენა მუშტი ორჯერ ჩაარტყა სახეში, ქეთევანს ცხვირიდან შადრევანივით წასკდა სისხლი. ვამეხი მიხვდა, რომ საკმარისი იყო, წამოდგა და მუცელში ჩააზილა წიხლი, მერე კი კართან მდგარ, აკივლებულ თირთეს და თეჯის აუარა გვერდი და გარეთ გავიდა. მამა გასული ნახეს თუ არა, ბავშვები დედასთან მიცვივდნენ და ჩაეხუტნენ. სახეგასისხლიანებული ქეთევანი ძლივს წამოიმართა, სკამზე დაგდებულ მოსასხამს მიწვდა და თავისი შარდის გუბეს დააფარა (ყოველი ცემის დროს ასე ემართებოდა, შარდს ვერ იკავებდა), არ უნდოდა, ბავშვებს ენახათ. სისხლის გუბეს არაუშავდა, მაგრამ შარდი არ უნდა ენახათ. არადა, შემდეგ, როცა თირთე წამოიზარდა და ახსენდებოდა ხოლმე, როგორ სცემდა მამა დედას, ერთმანეთში არეული შარდის და სისხლის გუბეები ედგა თვალწინ სულ. ქეთევანი იატაკზე იწვა და ტირილის თავიც არ ჰქონდა, ერთადერთი, რასაც ახერხებდა, ის იყო, რომ აკივლებული ბავშვები ჰყავდა მკერდში ჩახუტებული და ჩურჩულებდა, დაწყნარდით, კარგად ვარ, დედიკო კარგადააო. საკმაო ხანს იწვნენ ასე, ბავშვები გაჩუმდნენ და ტირილით დაღლილებს, ლამის იყო, ჩასძინებოდათ, ძლივს ახელდნენ თვალებს, ახლაღა იგრძნეს სისხლის და შარდის სუნი, მაგრამ ისე ტკბილად ედოთ თავები დედის მკერდზე, რომ აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ერთმანეთს შესცქეროდნენ სახეში. თეჯიმ დაინახა, უცებ როგორ გაუფართოვდა თირთეს დაწვრილებული თვალები და როგორ აევსო ბრაზით, როგორ აიღო თავი დედის მკერდიდან და მას დააჩერდა ზევიდან:
– შენი ბრალია! შენი ბრალია! რატომ ჩაუშვი დედა?!
თეჯიც გამოფხიზლდა, ახლაღა გააცნობიერა თავისი დანაშაული.
– გაჩუმდი, გოგო! მისი ბრალი არ არის! – ძლივს ამოთქვა ქეთევანმა.
– კი, მისი ბრალია. მას რომ არ ეთქვა, მამა საიდან მიხვდებოდა, სად ვიყავით?!
– არ არის მეთქი მისი ბრალი!
თეჯი კარგად ხვდებოდა, რომ მისი ბრალი იყო და დედის თანადგომამ ისე აუჩუყა გული, ტირილი მოუნდა, მაგრამ წეღან იმდენი იტირა, ერთი წვეთი ცრემლიც არ გადმოუვიდა, მხოლოდ დამანჭულ სახეს მალავდა დედის მკერდში. სანამ ქეთევანი კიდევ ამოთქვამდა რამეს, თირთემ დას თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ გადაათრია:
– ჩამშვებო! მოღალატე! ნაგავო! – კიოდა და სახეში ურტყამდა გაშლილ ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ თეჯი თირთეზე უფროსი და ტანითაც უფრო დიდი იყო, თირთე ყოველთვის ერეოდა მოუქნელ და მშიშარა უფროს დას. ერთადერთი, რაც ჩხუბის დროს თეჯის შეეძლო, მოკუნტვა იყო, ისე იკუნტებოდა, ლამის ბარძაყებს შორის ჰქონდა თავი ჩარგული, და სახეზე იფარებდა ხელებს. არადა, ერთი მკლავი რომ მოექნია, კედელზე მიანარცხებდა უმცროს დას, მაგრამ სად ჰქონდა მაგისი გამბედაობა. მერეც, დიდობაში, როცა ხუმრობით დაეჭიდებოდნენ ერთმანეთს, გამხდარი თირთე ისე მარტივად წააქცევდა ხოლმე ძვალმსხვილ თეჯის, საყურებლად სასაცილოც კი იყო. თეჯი ახლაც მოკუნტული იწვა, ზურგით დედის ბარძაყს იყო მიკრული და დანაშაულის გრძნობა ხმის ამოღების საშუალებასაც არ აძლევდა. ქეთევანი რაღაცას ჩურჩულებდა და უღონო მკლავებით ამაოდ ცდილობდა, უმცროსი ქალიშვილი უფროსისთვის მოეშორებინა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ისევ იატაკზე დაწვა, რაც კი ძალა ჰქონდა შემორჩენილი, მოიკრიბა და იკივლა:
– გაჩერდი!
თეჯი უცებ მოეგო გონს, დის ცემა შეწყვიტა და დედას შეხედა, რომელსაც უცებ ისტერიული ტირილი აუვარდა. როცა ვამეხი ცემდა, არასოდეს არ ტიროდა ხოლმე, არც წეღან უტირია, ამ ყველაფერს იმის გამო კი არ აკეთებდა, ქმრისთვის ენახებინა, რა მაგარი ვარო, არა, უბრალოდ, არ ეტირებოდა ხოლმე. ახლა კი, რაც შიგნით ჰქონდა დაგუბებული, ერთ წამოკივლებას ამოაყოლა. ტიროდა მთელი არსებით და დაბეგვილი გვერდები ტკიოდა, ცრემლმა გახეთქილი ტუჩი აუწვა. ვერაფრით ჩერდებოდა.
– დე, ნუ ტირი, გთხოვ! – ეხვეწებოდნენ ბავშვები და თმაზე ეფერებოდნენ.
– ნახე, შევრიგდით, აღარ ვეჩხუბები. ნახე, როგორ ვეფერები. – ეუბნებოდა თირთე, თეჯის სახეზე უსვამდა ხელს და ეხუტებოდა. ქეთევანს კი მათი ბავშვური დამშვიდება კიდევ უფრო ატირებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ძლივს დამშვიდდა.
ამის შემდეგ დასთან კარგა ხანს არ წასულა. გულში დას ადანაშაულებდა, დატეულიყო ქმართან, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდაო, თითქოს, ისე აკლდა ცემა-ტყება. ბოლოს მაინც დაიწყო დასთან სიარული, ოღონდ ბავშვები აღარ დაჰყავდა. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ქმარს გაშორდა და სახლში დაბრუნდა, ქეთევანის და ერთხელაც არ მისულა მშობლების საფლავზე, მიზეზი მამა იყო, თორემ დედას არაფერს ერჩოდა, მაგრამ დედის საფლავზე თუ მივიდოდა, ეს მამის საფლავზე მისვლასაც ნიშნავდა, ამიტომ ერჩივნა, საერთოდ არ მისულიყო. მამაა მაინც, შენი მშობელიაო, ეუბნებოდა ქეთევანი.
– მამა კი არა, ეგოისტი ნაბიჭვარი იყო! ნივთებივით გაგვაჩუქა ორივე!
– ეგ ჩვენს სასიკეთოდ გააკეთა. – მამის გამართლებას ცდილობდა ქეთევანი, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ უმცროსი და სიმართლეს ამბობდა.
– შენ რა, სულელი ხარ?! რომელს გაგვიკეთა მაგით სიკეთე?! – ბრაზობდა უმცროსი და, გახედვაც არ უნდოდა იქითკენ, სადაც სასაფლაო იყო. რამდენიმე წლიანი მარტო ცხოვრების შემდეგ ქეთევანს მოეთათბირა, სახლი და საფართობე ყანა გაყიდა და საგუბერნიო ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად (აღებული ფულიდან ქეთევანსაც ეკუთვნოდა წილი, მაგრამ არ გამოურთმევია). ქალაქში წასვლის წინა საღამოს ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: პირველი ის იყო, რომ მშობლების საფლავზე მივიდა, რადგან იცოდა, იქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოიხადა შვილის ვალი. როცა იქაურობას ასუფთავებდა, ძალიან ეცადა, არ ეტირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჩაიცუცქა, შუბლი მუხლებზე დაწყობილ მკლავებზე ჩამოდო და კარგა ხანს ტიროდა უხმოდ. მერე საკუთარ თავზე გაბრზადა სისუსტის გამოვლენისთვის, უცებ მიხვდა, რომ, რაც არ უნდა ძლიერი ქალის როლი ეთამაშა, შინაგანად მაინც გულჩვილი და სუსტი იყო, ამ აღმოჩენამ გააცოფა და სწორედ ამის საკომპენსაციოდ გააკეთა ის მეორე რამ, თორემ არც ჰქონდა გეგმაში. სახლში დაბრუნდა, დანა აიღო, მეზობლისგან ნათხოვარ ცხენზე შეჯდა და ყოფილი ქმრის სახლისკენ გაუდგა გზას. გასულ წელს მისმა ყოფილმა ქმარმა სხვა ცოლი მოიყვანა. ეს რომ გაიგო, შვებით ამოისუნთქა, საბოლოოდ მოვიშორეო. ორი კვირის წინ კი დაბაში შორიდან ნახა ყოფილი ქმარი, მისი ცოლი და მათი შვილი, რომელიც ცოლს ეჭირა ხელში. გულში მწარედ ჩაწყდა რაღაც, რადგან ყოველთვის ეგონა, მისი ქმარი იყო უნაყოფო და სწორედ ამიტომ არ უჩნდებოდათ ბავშვი, სინამდვილე კი სულ სხვა აღმოჩნდა. ახლაც ამის გამო უფრო გახლდათ გაბრაზებული, მაგრამ თავს ირწმუნებდა, შურისძიების მიზეზი ეგაა, რომ მცემაო. როცა ყოფილი ქმრის სახლამდე მიაღწია, ცხენი მოშორებით მიაბა ხეზე, თვითონ კი ეზოში ჩუმად შეიპარა, ეზოში ორი სახლი იდგა – ოდა და პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ. პატარა სახლის ლაფაროს ამოეფარა და ფანჯარაში შეიხედა, მთელი ოჯახი მაგიდასთან იჯდა და ვახშმობდა. იმ სოფლამდე, დაბასთან სიახლოვის გამო, ელექტროენერგია მოყვანილი იყო, და განათებულ ოთახში კარგად ჩანდა სუფრასთან მსხდომთა სახეები, ყოფილი დედამთილი და მამამთილი საგრძნობლად მობერებულიყვნენ, მას შემდეგ არ უნახავს, რაც იქიდან წავიდა. დედამთილ-მამამთილთან (უფრო – მამამთილთან) ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველა მათგანი ეზიზღებოდა, ვინც სუფრასთან იჯდა, პატარა ბავშვიც კი, დედამისს რომ ეჭირა ხელში და აჭმევდა. მაშინ, დაბაში, ყოფილი ქმრის ცოლის სახე კარგად ვერ შეათვალიერა, ბავშვის ნახვამ ისე იმოქმედა მასზე, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა, ახლა კი შეეძლო, ენახა, როგორი იყო. შეუხედავი არ ეთქმოდა, მაგრამ სილამაზით მისი ნახევარიც არ გახლდათ და ამან ცოტა გამოუკეთა ხასიათი. ყოფილმა მამამთილმა დოქიდან წყალი დაისხა და მერე დოქი, ალბათ – ცარიელი, თავის ვაჟიშვილს გაუწოდა. ეს უკანასკნელი ადგა და კარისკენ წამოვიდა. ქეთევანის და ისევ ლაფაროს ამოეფარა და სახლის კიდიდან უყურებდა, დერეფანში გამოსულმა მისმა ყოფილმა ქმარმა როგორ აანთო შუქი, მერე დერეფნის გვერდითა კედელზე მიდგმულ ძელსკამზე ჩამწკრივებული სათლებიდან ერთ-ერთი აიღო და დოქის ავსება დაიწყო წყლით. წინ იყო გადახრილი, მის ზურგს და უკანალს ხედავდა, ძალიან ხელსაყრელი დრო იყო და გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ რაღაცამ შეაყოვნა, ამასობაში კაცმა სათლი ისევ ძელსკამზე დადო, დოქი აიღო და შინ შევიდა. ქეთევანის დამ ქვედა ტუჩზე მაგრად იკბინა წეღანდელი ორჭოფობის გამო, არც იცოდა, ასეთი შანსი ხელმეორედ მიეცემოდა თუ არა. ერთი პირობა, სახლში წასვლაც კი დააპირა, მაგრამ მერე დარჩენა არჩია. იცოდა, იმ ოჯახში ვახშმობა ხანგრძლივი რიტუალი იყო და კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი, სანამ მორჩებოდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდა, ვისთან ერთადაც არ უნდა გამოსულიყო გარეთ მისი ქმარი, გასაკეთებელი მაინც გაეკეთებინა. ამობრუნებულ, ძირგატეხილ ქვაბზე ჩამოჯდა, რომელიც ლაფაროში ეგდო, და ეზოს გახედა, მთვარიანი ღამე იყო. ეზოში შემოსვლისთანავე შეამჩნია, რომ მისი საყვავილე ბოსტნისთვის მიეერთებინათ, სადღა იყო მისი ნალოლიავები ყვავილები. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალის დამატება ყვავილების ჯიშებს და მათი მოვლა-გახარების წესებს ეთმობოდა, მითითებული იყო ასევე მაღაზიის მისამართი, საიდანაც თესლების გამოწერა შეიძლებოდა. ქეთევანის დამ უამრავი ყვავილის თესლი გამოიწერა და მშვენიერი ყვავილნარი მოაწყო, რომელიც სახლიდან ჭიშკრამდე გასდევდა ბოსტნის ღობეს. როცა აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, თავიდან შვება იგრძნო, რადგან ნორმალურ სახლში მაინც ცხოვრობდა და, არც საჭმელი აკლდა, თავის სახლში კი ხშირად მშიერი იყო. მარტო დარჩენილ მამას ნათესავი ქალი უვლიდა და ყოველ კვირა მათაც უგზავნიდა სამყოფ საჭმელს. მერე, როცა წიგნების და ჟურნალის კითხვა დაიწყო, ის შვება სადღაც გაქრა, ახლა უკვე აღარ მოსწონდა აქ ყოფნა, გააცნობიერა, მისდა დაუკითხავად, როგორ გაასხვისეს ნივთივით. მაშინ მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა აგრესიას მის მიმართ. თავიდან ქმარი შეუყვარდასავით, თუმცა უკვე ისიც სრულიად უცხო გახდა, რაღაც სხვა უნდოდა, არ ხიბლავდა ოჯახის ქალობა, ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ამას დიდად არც არავინ აძალებდა, თვითონ ხატავდა თავის ყოფას ზედმეტად დრამატულად, მეზობლის ქალებთან შედარებით დედოფალივით ცხოვრობდა, მაგრამ მაინც კაცების მსხვერპლად, დამონებულ ქალად მოჰქონდა თავი, ერთადერთი შვება ყვავილების მოვლა იყო. ყვავილნარის გადახურვას და ორანჟერეის გაკეთებას აპირებდა, ქმარიც დაითანხმა, თუმცა არ დასცალდა. თუ ყვავილებს არ უვლიდა, ეზოს კუთხეში მდგარ ფანჩატურში, მეზობლის ქალებს უკითხავდა ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებს და მონდომებით ცდილობდა, მათი თვითშეგნების ამაღლებას. ახლა აღარც ფანჩატური იყო და აღარც – მისი ყვავილნარი. როცა აქედან გაიქცა, ერთადერთი, რაც ენატრებოდა, ყვავილნარი გახლდათ. პირველ თვეებში რამდენჯერმე მოვიდა ჭიშკართან და მალულად გადმოხედა თავის ყვავილებს, მერე თავი აიძულა, რომ ეგენიც დაევიწყებინა, და დაივიწყა კიდეც. მეზობლის ეზოში ძაღლმა დაიყეფა და ფიქრებიდან გამოარკვია, წამოდგა და ისევ ფანჯარაში შეიხედა, ახლაღა შეამჩნია, რომ ისევ ის ძველი, ნაცრისფერი ფარდა ეკიდა, რომელიც სულ ნერვებს უშლიდა, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა. ფარდის კუთხიდან ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, ისევ ვახშმობდნენ. ის იყო, ლაფაროში დაბრუნებას აპირებდა, რომ დედის კალთაში მჯდარი ბავშვი მაგიდის კიდეზე დადგმულ დოქს წაეპოტინა და გადმოაგდო. დოქი ნამსხვრევებად იქცა, ბავშვს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო, ძლივს დააწყნარეს. დედამთილმა ნამსხვრევები მოგავა, იატაკი მოწმინდა და ისევ მაგიდას მიუჯდა. ყოფილმა ქმარმა კი ახალი დოქი ჩამოიღო თაროდან და ისევ დერეფნისკენ წამოვიდა. ეს უკანასკნელი შანსი იყო, ქეთევანის და ისევ ლაფაროს აეკრა და დანა მაგრად ჩაბღუჯა. კაცმა შუქი აანთო, ჯერ ცოტა წყალი ჩაასხა დოქში, შეანჯღრია და გადმოღვარა, მერე კი სათლი ისევ აიღო და გამოვლებული დოქის ავსებას შეუდგა. ისევ იმ პოზაში იდგა, როგორც წინა გამოსვლის დროს. ქეთევანის და ფეხაკრეფით მიეპარა და დანა ჯერ – ერთ დუნდულში, შემდეგ კი მეორეში გაუყარა. კაცს სათლი გაუვარდა ხელიდან, ტკივილისგან აყვირებულმა ჩაიჩოქა და ძელსკამს ორივე ხელით წაეპოტინა, ძელსკამი გადმოყირავდა და სათლები ჩამოვარდა. სანამ ოჯახის წევრები ყვირილზე და ხმაურზე გარეთ გამოცვივდებოდნენ, ქეთევანის დამ კარი გარეთა რაზით ჩაკეტა და ყოფილ ქმართან დაბრუნდა. ეს ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მარცხენა თეძოზე გაწოლილ კაცს ეგონა, კიდევ უპირებდა დანის დარტყმას, ცარიელ სათლს იფარებდა ტანზე და სასაცილოდ აფართხალებდა ფეხებს:
– დღესვე გავუშვებ ცოლს და შენ მოგიყვან, თუ გინდა. ოღონდ არ მომკლა! სულ სხვანაირი ქმარი ვიქნები! – ლუღლუღებდა საცოდავად.
– ვის რად უნდა შენი ცოლობა, შე საცოდავო! – ეცინებოდა ქეთევაის დას. – ეგ იმისთვის, რომ მცემე!
სანამ სახლში მყოფები უკანა კარიდან გამოსვლას მოიფიქრებდნენ, ქეთევანის და ეზოდან გავიდა, ცხენს მოახტა და სახლისკენ გააჭენა. ეს იყო პირველი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი მის ცხოვრებაში, საოცარ სიხარულს გრძნობდა. სულ რამდენიმე საათის წინ თუ ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში, ახლა დარწმუნებული იყო, რომ ამიერიდან ვერავინ დაჩაგრავდა. ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან მისი ქმარი, უხერხულ ადგილას დაჭრის გამო, ამ ამბავს არ გაახმაურებდა. უცებ ყვირილი მოუნდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, ცხენმა უფრო უმატა სირბილს, ფლოქვების ყრუ ხმა ისმოდა ღამის სიბნელეში.
დილით საგუბერნიო ქალაქში გაემგზავრა და სახლ-კარის და საფართობე მიწის გაყიდვიდან აღებული ფულით პატარა სახლი იყიდა. ქეთევანს უნდოდა, თირთეს და თეჯის დეიდასთან ეცხოვრათ, როცა გიმნაზიაში დაიწყეს სწავლა, მაგრამ ვამეხისთვის ამის თქმა მორიგ ჯერზე წიხლქვეშ გაგდებას ნიშნავდა. გოგოები ნათესავებს მიაბარეს, მაგრამ თირთე, ცოტა რომ წამოიზარდა, სულ დეიდასთან დადიოდა ხოლმე. თეჯის დიდად არ უყვარდა დეიდასთან წასვლა, რადგან ეს უკანასკნელი სულ შენიშვნებს აძლევდა თავისი შემგუებლური და დამყოლი ხასიათის გამო, თეჯის ასაკში თვითონაც ეგეთი იყო, ხოდა, მისი ყურება თავის თავს ახსენებდა და ცუდ ხასიათზე დგებოდა ხოლმე. თირთეზე გიჟდებოდა, რადგან ხედავდა, რომ თავს არავის დააჩაგვრინებდა. ნეტავ, მეც ასეთი ვყოფილიყავი ბავშვობიდან, დამცირებაში გატარებულ იმ წლებს ხომ ავიცილებდი თავიდანო, ფიქრობდა თავისთვის. თირთეს კი ეუბნებოდა, ჩემი და მამიდაშენის ხასიათი მხოლოდ შენ დაგვყვა, ეს შენი და ბატია ჩვეულებრივიო. ის და ბედისა დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენჯერმე იყვნენ შენახვედრი.
– გიჟი გიჟს ცნობს! – ხუმრობდა ხოლმე ვამეხი, რომელმაც კარგად იცოდა თავისი დის და ცოლისდის ურთიერთსიმპათიის შესახებ. როცა ქალიშვილების მოსანახულებლად ჩადიოდა ქალაქში, ნათესავებს თხოვდა, ბავშვები მაგ ქალს არ გააკაროთო. არა, როგორ გეკადრებაო, უარობდა ნათესავი ცოლ-ქმარი, მაგრამ, როცა სტუმარს წასულს დაიგულებდნენ, თირთეს ისევ უშვებდნენ დეიდასთან, რადგან სახლშიც სიწყნარე იყო და, არც საჭმელი ეხარჯებოდათ. დეიდას თირთე დემონსტრაციებზე დაჰყავდა, ხან გენერალ-გუბერნატორის სასახლესთან ითხოვდნენ ქალთა საარჩევნო თუ სხვა უფლებებს, ხან კი დედაქალაქში ჩადიოდნენ და, იქაურ თანამებრძოლებთან ერთად, მეფისნაცვლის სასახლის წინ ითხოვდნენ იმავეს.

იმიტაციები

0

მაინც ვინ არის დიდი პოეტი?! – დიდი პოეტი ისაა, ვინც ქმნის თავის საავტორო მეტრულ-რიტმულ სისტემას ან ძველ ფორმებს ღრმად ინდივიდუალურ ინტონაციურ აკუსტიკას სძენს. ერთი სიტყვით, დიდი პოეტი ისაა, ვისი პოეტიკის იმიტირება, პაროდირება ან პასტიში შესაძლებელია. დანარჩენები, უბრალოდ, კარგი ან მაგარი პოეტები არიან.

პოეზია, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, იცნობს თავშესაქცევ პოეტურ მიმართულებას, რომელსაც ცენტონი ჰქვია და, რომელიც ერთი ან რამდენიმე პოეტის ტაეპთა კომპილაციით ლექსის აწყობას გულისხმობს. ცენტონი შეიძლება, ნებისმიერი პოეტის (თუნდაც საშუალო დონის პოეტის) ლექსებიდან აიკინძოს, თუმცა ინტონაციურ-ფორმობრივი იმიტაცია-პაროდია-პასტიში მხოლოდ დიდ პოეტთან არის შესაძებელი, რადგან იმ ხარისხის ინდივიდუალიზმი, რომლის მიბაძვაც შეიძლება, მხოლოდ დიდ პოეტს გააჩნია.

ქართულ პოეზიაში მხოლოდ გივი ალხაზიშვილი იყო ის პოეტი, რომელსაც ვერსიფიკაცია იმ დონეზე ჰქონდა ათვისებული, რომ დიდი ქართველი პოეტების პოეტიკების იმიტირება (უმაღლესი ხარისხით) შეეძლო და აქვს კიდეც ასეთი ციკლი.

ქვემოთ მოხმობილ ლექსებში, თავშესაქცევად, მეც ვცადე იმავეს გაკეთება, ავიღე ყბადაღებული და მარტივი თემა – “პირველი თოვლი” – და რამდენიმე დიდი ქართველი პოეტის (რომელთა პოეზიაშიც აღნიშნული თემა ერთ-ერთი პრევალენტურია) პოეტიკების იმიტაციით დავწერე ლექსები. მე მხოლოდ ოთხი პოეტით შემოვიფარგლე, თორემ, ცხადია, თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე პოეტის დამატება. იმიტაციის ობიექტებს არ დავასახელებ, იმედი მაქვს, მკითხველი ისედაც მარტივად მიხვდება.

***
თოვს და ეს თოვლი არ არი თითქოს
(რაც არ არსებობს, არა აქვს კიდე),
ვდგავართ ამ თოვლში და სუნთქვით გითბობ
გათოშილ მაჯებს, პეშვებს და თითებს.

თოვლი მიწაზეც გაჩნდება მალე –
შეკავებული რისხვით თუ ბრაზით…
გვაცვივა თოვლი, პირველი თოვლი…
მიჰყვება ქუჩას ტრამვაის ხაზი.

***
სად, სად შეიმალნენ
საწყალი ბეღურები,
სად, სად აფარებენ,
მითხარი, თავს?
პირველი თოვლია,
ხომ არ ეხუმრები!!!
ცოტაც და, ცოტაც და
დაფარავს გზას.

მოცვივა ფიფქები,
ფიფქების ქორწილია,
ეული ნათურა
ანათებს შორს.
ფიფქები, ფიფქები
რარიგად მოცვივიან,
შეხედე, თუ ძმა ხარ –
ზღაპრულად თოვს!

***
ამ სითეთრეში თოვლისაში
ჩასთვლემს ქალაქი,
მაქვს დილიხორი
პირველ თოვლში
გარონიების,
სურვილი ესე
მე აღმიტანს
სულით და ხორცით,
სურვილი –
ყოვლად კანონიერი.

ჩაიტკარცალეს
გათქვირულმა ქალიშვილებმა,
ვაჟნი გზისპირა ფანჯრებიდან
იწვდიან კისრებს…
დიდ სითეთრეში თოვლისაში
ჩაწვა ქალაქი,
როგორაც ბალღი საბანში, ისე.

***
ეცემა თოვლი საფლავის ლოდებს
და ეს არ არის რაღაც მისნობა,
ჩამოდის თოვლი, ჩამოდის ციდან
და თან ჩამოაქვს მარადისობა.

სადღაც დგას ქალი ჩუმი იერით
და დამზრალი აქვს სველი თითები.
დღეს მე ეს თოვლი მაბედნიერებს,
დღეს მე ამ თოვლში გარდავიცვლები.

რეფორმები და მასწავლებელი

0

თანამედროვე ქართული განათლების სისტემა და სკოლა საკუთარი თავის ძიებაშია. ჩემი მასწავლებლობის 10 წლიან პერიოდში, რამდენიმე ხმაურიანი რეფორმა გატარდა, რომლების პირდაპირ ეხებოდა მასწავლებლებს. ჩემი აზრით, ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ თუ დაწყებულ რეფორმებს ორი ძირითადი მიზანი უნდა ჰქონდეს:

  1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
  2. სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციით იწვევს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ზრდასა და სხვადასხვა კვლევაში მათი შედეგების გაუმჯობესებას (PISA, TIMSS, PIRLS).

რამდენად შეიცვალა ძირეულად დამოკიდებულებები სკოლის მიმართ? გაიზარდა სწავლა-სწავლების ხარისხი? ამაღლდა მასწავლებელთა კვალიფიკაცია? გაუმჯობესდა მოსწავლეთა შედეგები? ეს ის ფუნდამენტური კითხვებია, რომლებიც უნდა დავსვათ ამა თუ იმ რეფორმის შეფასების დროს.

მოკლედ მიმოვიხილოთ 2013 წლიდან სკოლებში გატარებული რეფორმები და ბოლოს ვეცადოთ გავცეთ პასუხები ზემოთ წამოჭრილ კითხვებზე.

2014-2015 წელი

დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვა. შემოღებულ იქნა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელმაც მასწავლებლები ოთხ (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) კატეგორიად დაყო. დოკუმენტით განისაზღვრა თითოეული საფეხურის შენარჩუნებისა და შემდეგ საფეხურზე გადასვლისთვის აუცილებელი აქტივობები და მოთხოვნები. შემოვიდა კრედიტ-ქულების ცნება. სკოლებში შეიქმნა შიდა სასკოლო შეფასების გუნდები.[1] გაჩნდა ფასილიტატორის პოზიცია (რაც მოხალისეობრივ შრომას გულისხმობდა).

სქემა მასწავლებლებს ავალდებულებდა:

  • საკუთარი პრაქტიკის კვლევას;
  • შიდა სასკოლო შეფასების გავლას;
  • სპეციალური ტრენინგ-მოდულების გავლას;
  • საგაკვეთილო პროცესის ვიდეო გადაღებას;
  • სასწავლო წლის დაწყებამდე თვითშეფასების დოკუმენტის შევსებას და ა.შ.

2017 წელი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შედის პირველი ცვლილებები, მაგალითად: „2017 წელს სქემაში გაუქმდა ჩანაწერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში უნდა დაეგროვებინა შესაბამისი კრედიტქულები სხვადასხვა პროფესიული აქტივობის ხარჯზე და გამხდარიყო უფროსი მასწავლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდებოდა სტატუსი.“[2]

ამავე პერიოდში, სქემით გათვალისწინებული სავალდებულო აქტივობა – გაკვეთილის ვიდეო გადაღება, ჩანაცვლდა გარე დაკვირვების გავლით. იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სურდათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება, საკუთარი პრაქტიკის კვლევის ჩატარების შემდეგ, მოეთხოვებოდა ხუთი გაკვეთილის დეტალური გეგმის წარდგენა. გარე დაკვირვების ჯგუფი ირჩევდა სასურველ გაკვეთილს, ესწრებოდა და აფასებდა პედაგოგს.

2019-2021 წლები

2019-2021 წლებში[3] მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მორიგი ცვლილებები შედის. ცვლილებებით უქმდება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და იცვლება სტატუსის მინიჭების წესი. ძალას კარგავს კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა. [4]მასწავლებლებს მოეთხოვებათ საგნის გამოცდის ჩაბარება. ამასთან ერთად, მასწავლებლებს ევალებათ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. შემოდის ბარიერების სისტემა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.[5] ამავე ცვლილებებით სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ.

აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება);
  • პორტფოლიოს შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლამდე, პროცესი იყო შეფერხებული და დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებლები ვერ ახერხებდნენ სტატუსის ცვლილებას.

2022-2023 წლები

2022 წელს პირველად (და უკანასკნელად) ტარდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების მსურველთა გამოცდა. 2023 წელს შესაბამისი გამოცდა აღარ ჩატარდა, რის მიზეზადაც, პორტფოლიოების შეფასების ეტაპი დაასახელა.[6]

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა ჩაბარებულ (ბარიერგადალახულ) მასწავლებლებს ევალებოდათ პორტფოლიოების წარმოება, მათი მომზადება და სკოლის დირექტორის მიერ წარდგინების შემდეგ eschool-ის ბაზებში ატვირთვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფები. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარდგინებით, მომიწია საგან მოქალაქეობის მასწავლებელთა პორტფოლიოს შეფასების ჯგუფის წევრობა (არაანაზღაურებადი შრომა) და შეფასების პროცესში მონაწილეობა.

როგორც პროცესში ჩართულმა პირმა, დავინახე რამხელა შრომის გაწევა მოუწიათ მასწავლებლებს პორტფოლიოების მოსამზადებლად და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მაგალითად, მასწავლებელს მოეთხოვებოდა შემდეგი მტკიცებულებების წარმოდგენა:

  • განხორციელებული კომპლექსური დავალება;
  • კომპლექსური დავალების პროდუქტის შეფასების სქემა;
  • საგნობრივი კურიკულუმი;
  • საგნობრივ კურიკულუმში განხორციელებული შესაბამისი ცვლილება და მისი დასაბუთება და ა.შ.

2019-2024 წლები

2019 წელს, საპილოტე რეჟიმში დაიწყო ხმაურიანი პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. თავდაპირველად შერჩეული იყო სამოცდახუთი[7] სკოლა. შემდეგ  ეტაპობრივად ემატებოდა სკოლების რაოდენობა. ახალი სკოლის მოდელის დანერგვასთან ერთად გაჩნდა ტერმინები: მატრიცა, კურიკულუმი, კომპლექსური დავალება, სამიზნე ცნება, ქვეცნება და ა.შ.

პანდემიის შემდეგ, „ახალი სკოლის მოდელმა“ სახელი იცვალა და გადაკეთდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტად. საბოლოოდ მესამე თაობის ესგ-ს დანერგვა უნდა დასრულებულიყო 2024-2025 სასწავლო წელს[8], მე-12 კლასელებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდებით. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, გრიფირების პროცესი არ/ვერ ჩატარდა. XII კლასის მოსწავლეები რჩებოდნენ სახელმძღვანელოების გარეშე, რის გამოც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თვითონ მოუწია ავტორთა ჯგუფების ფორმირება სახელდახელო რესურსების (არა სახელმძღვანელოების) შექმნა.

ახალი სკოლის მოდელის დანერგვას დაემთხვა პანდემია, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

მნიშვნელოვანია, რომ პილოტირებიდან საყოველთაო დანერგვაზე გადასვლა მოხდა კვლევის შედეგების გამოქვეყნების გარეშე. მასწავლებლებისთვის და განათლების სპეციალისტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართა პროცესი საპილოტე სკოლებში და რამდენად კმაყოფილები იყვნენ პილოტირების პროცესში ჩართული სკოლები/მასწავლებლები.

სახელფასო პოლიტიკა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის დანამატი პერიოდულად იზრდებოდა. 2024 წლის ივნისისთვის უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენდა 795, წამყვანი მასწავლებლის 1175, ხოლო მენტორი მასწავლებლის 1475 ლარს.

მიმდინარე წლის ზაფხულში მზის სინათლე იხილა ახალმა სახელფასო ფორმულამ. ცვლილების მთავარი არსი  საათობრივი ანაზღაურების ზრდაში მდგომარეობდა. რეფორმამ მასწავლებლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი ძირითადი ნაკლად დასახელდა, ის რომ:

  • ახალისებს დიდ საათობრივ დატვირთვას (რაც, თავის მხრივ, აფერხებს ახალი კადრების შემოდინებას);
  • აქვეითებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას;
  • არ ითვალისწინებს სასკოლო თემის განვითარებაზე ზრუნვას (საკლუბო თუ საწრეო მუშაობას);
  • ქმნის სკოლაში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის შეფერხების საფრთხეს და ა.შ.[9]

სახელფასო ფორმულით უკმაყოფილოები დარჩნენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, რადგან, მათ რეალურად ხელფასი დააკლდათ. ამის გამო, ფორმულის ავტორებმა ასეთ მასწავლებლებს, მხოლოდ ორი წლით შეუნარჩუნეს ძველი წესით არსებული ანაზღაურება და დაუმატეს 200 ლარიანი მატება.

სკოლების ავტორიზაციის პროცესი

2023 წლიდან დაიწყო (თუ გაგრძელდა) ავტორიზაციის პროცესი. ამ შემთხვევაშიც, სკოლის დირექციასთან ერთად, ცენტრალურ როლს სწორედ მასწავლებლები თამაშობდნენ, რადგან მოეთხოვებოდათ კურიკულუმების შემუშავება და სხვა დოკუმენტაციის წარმოება.

ეთნიკური უმცირესობების სკოლები

ერთ-ერთმა კოლეგამ გამიზიარა მოსაზრება, რომ მათ სკოლაში როდესაც უნდა მიაღწიოს ქვეყანაში დაწყებულმა რეფორმამ, ზუსტად იმ დროს, ის კარგავს აქტუალობას. მე არ მახსენდება განათლების სისტემაში დაწყებული ხმაურიანი პროექტი, რომელიც სრულყოფილად ამოქმედებულიყო ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა თუ სხვა რეგიონების აზერბაიჯანულენოვან თუ სომხურენოვან სკოლებში.

ამ კუთხით განსაკუთრებულ გამოწვევებს წარმოადგენს:

  • მესამე თაობის ესგ-ს ფორსირებული დანერგვის პროცესი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საკითხის ბუნდოვანება;
  • სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები;
  • მასწავლებელთა დეფიციტი და ახალი კადრების შემოდინების პროცესი და ა.შ.[10]

შეჯამება

ნებისმიერი ცვლილების გატარებას სჭირდება ფინანსები.  ამ პროცესში არც თუ პატარა ფინანსური რესურსი დაიხარჯა. რას გვეუბნება შედეგები?

ფაქტები მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე:

  • იწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი. რაც პირდაპირ მეტყველებს სკოლებში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე;
  • რეპეტიტორის, იგივე შინ მომზადების პრაქტიკა ძლიერდება. აბიტურიენტების ოჯახებს უწევთ არც თუ მცირე თანხის გადახდა მასწავლებლებისთვის შვილების მომზადების სანაცვლოდ;
  • მასწავლებლებს უჭირთ საგნის გამოცდის სრულყოფილად ჩაბარება და კვალიფიკაციის დადასტურება. სისტემას მოუწია კრედიტ ქულების სისტემის შემოღება და კომპრომისზე წასვლა. საგნის გამოცდის 30%-იან შედეგზე ჩაბარების სანაცვლოდ, ბევრ მასწავლებელს მიეცა კარიერული წინსვლის საშუალება;
  • საერთაშორისო კვლევებში ჩვენი მოსწავლეების შედეგები უარესდება. რის მიზეზადაც სახელდება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სიღარიბე და სოციალური ფაქტორები, არასახარბიელო სასკოლო ინფრასტრუქტურა, განათლების პოლიტიზება და ა.შ.[11]

პოლიტიკური ფაქტორი

ხშირ შემთხვევაში, განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები, მოტივირებული იყო ვიწრო პოლიტიკური სარჩულით.  მოახლოებულმა საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გადაწყვეტილების მიმღები პირები აიძულა გადაედგათ პოპულისტური ნაბიჯები მასწავლებლების გულების მოსაგებად. ამის ნათელი მაგალითია ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც ზემოთ ვრცლად მიმოვიხილეთ.

მასწავლებლების ემოციური მდგომარეობა და პროფესიული გადაწვის საფრთხე

ზემოთაღნიშნული რეფორმების გატარება ცხადია დაკავშირებული იყო გაუთავებელ ტრენინგებთან, წვრთნასთან. მაგალითად, მესამე თაობის ესგ-ს დანერგვის, ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული შეხვედრები საღამოს 19:00 საათზე იწყებოდა და ხშირ შემთხვევაში, 22:00 საათამდე გრძელდებოდა.  მეორე დღეს, მასწავლებელს ღიმილითა და საუკეთესო განწყობით უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილები, ემართა კლასი, დაენერგა ახალი მიდგომები. პარალელურად ეზრუნა ოჯახზე, გასძღოლოდა შინამეურნეობას და ა.შ.

მახსოვს ამ ტრენინგებზე რასაც გვასწავლიდნენ ტრენერები (ქოუჩები), რამდენიმე დღეში უკვე აღარ იყო ვალიდური, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა…

ფაქტია, რომ მუდმივი, გაუთავებელი და ქაოსური ცვლილებები აბრკოლებს დარგის განვითარების პროცესს და უარყოფითად მოქმედებს მასწავლებლების მოტივაციაზე.

ტალინის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა. ერთ-ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი უკავშირდება სტაბილურობის შეგრძნებას განათლების სისტემაში. ესტონელ მასწავლებლებს და სპეციალისტებს, რომლებიც ზრუნავენ განათლების სისტემის ეფექტურობასა და ეფექტიანობაზე არ აშინებთ ხელისუფლების თუ გადაწყვეტილების მიმღებთა ცვალებადობის. მათ აქვთ ხანგრძლივი სტრატეგია, რომელზეც მუშაობენ მიუხედავად იმისა ვინ და რომელი პარტია იქნება ხელისუფლების სათავეში.

ესტონეთის განათლების სტრატეგიის 2021-2035 [12]მთავარი საყრდენი სწორედ მასწავლებელია, რომელიც გულისხმობს მათ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას, კურიკულუმების განვითარებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მასწავლებელთა მომავალი თაობის მომზადებას, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა. ქართულ რეალობაში, სწორედ ასეთი გრძელვადიანი ხედვები და სტრატეგიები გვაკლია.

 

[1] https://edu.aris.ge/news/pedagogis-romel-aqtivobebs-daakvirdeba-da-gansazgvravs-ianvridan-shida-shefasebis-djgufi.html

[2] https://edu.aris.ge/news/praqtikosi-maswavleblebis-50-ze-meti-ver-asrulebda-aqtivobebis-25-s-ra-gamoavlina-sami-wlis-monacemebma.html

[3] იხილეთ: „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება“, მასში შესული ცვლილებებით დადგენილება N714, 27.11.2020 და N628, 30.12.2021

[4] https://edu.aris.ge/news/maswavlebelta-kreditqulebis-dagrovebis-sistema-uqmdeba-berika-shukakidze.html

[5] https://edu.aris.ge/news/ra-gamowvevebis-winashe-dganan-maswavleblebi-2022-wlis-zafxulshi-chasatarebeli-gamocdisa-da-statusis-amaglebis-molodinshi.html

[6] https://www.sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/mastsavleblis-statusis-asamaghlebel-gamotsdaze-registratsia-2024-tslamde-gadavadda

[7] https://publika.ge/article/122/

[8] https://edu.aris.ge/news/mesame-taobis-esg-is-danergvis-vadebi-raze-mushaobs-skolamdeli-da-zogadi-ganatlebis-ganvitarebis-departamenti.html

[9] https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/33008305.html

[10] https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_1606470068.pdf

[11] https://idfi.ge/public/upload/Analysis/PIsa%202022%20final.pdf

[12] https://www.hm.ee/sites/default/files/documents/2022-10/haridusvaldkonna_arengukava_2035_kinnittaud_vv_eng_0.pdf

ნეტავ, რას ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები?

0

რამდენიმე აქტივობა მათ უკეთ გასაცნობად და წარმოსახვის განვითარებისთვის.

ხანდახან საჭიროა გვერდზე გადავდოთ გაწერილი გეგმები და კურიკულუმები, და ბავშვებს უბრალოდ ვკითხოთ: რა ხდება თქვენს გონებაში? როგორ ხართ? რას ხედავთ? რა გგონიათ?

განსაკუთრებით დაწყებით კლასებში სწორად დასმული კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს ამ ასაკში უყვართ ხატვა და მათი წარმოსახვა ჯერ კიდევ შეუზღუდავია ათასგვარი სტერეოტიპითა და წარმოდგენით, ისინი თავისუფლები არიან და სწორედ იმას ხატავენ ან იმას წერენ რაც ნამდვილად მათია, რასაც ნამდვილად ფიქრობენ და რასაც ნამდვილად განიცდიან.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი უნდა ინტერესდებოდეს რომ მათ მოსწავლეებს წარმოსახვა და ფანტაზია განუვითარდეთ, ყოველგვარი გამოგონებისა და საოცარი იდეის წინაპირობა ფანტაზიაა, თან დაწყებით ასაკში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგვიძლია გავააქტიუროთ ბავშვების წარმოსახვა, მათ მხოლოდ ერთი პატარა ბიძგი სჭირდებათ, ერთი პატარა წახალისება და ბავშვის სამყარო კოსმოსივით ვრცლად გადაიშლება, სადაც უმარავი რამის აღმოჩენას და ჩაჭიდებას შეძლებს კარგი მასწავლებელი.

სულ ვფიქრობ, რა რთულია ბავშვებთან მუშაობა, რამდენი რამის გათვალისწინება და გააზრება გჭირდება რომ ჰარმონიული, კარგი პიროვნების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ყველანაირი შიში, კომპლექსი, სიძულვილი ხომ ძირითადად ბავშვობიდან მოდის.

ამ წერილში გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო რესურს, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ რაზე ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები, რას ხედავენ, როგორ გრძნობენ თავს და რას წარმოიდგენენ ხოლმე. ეს ინფორმაცია კი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვის წინაპირობაცაა.

მოდი დავიწყოთ

ოქტომბრისთვის ჩანაწერები

0

 

 

სოფელში, ეზოს შესასვლელ ჭიშკართან ახლოს თუ ჭა არის, ჭის გვერდით ჯერ კიდევ დგას ქალი, ასე 60 – 63 წლის. დგას სახელოებდაკაპიწებული და ხელებზე ძარღვები უცნაურად ლურჯი აქვს, თითქოს კანს გაადაკრესო ზერელად და სადაცაა ქარი აყრის. დგას და ცივი წყლით ქმრის და შვილების ტანსაცმელს რეცხავს. გვერდით სარეცხის ფხვნილის კოლოფი უდგას და ისე ფრთხილად ყრის ფხვნილს, იფიქრებ, რამე სასიცოცხლოდ ძვირფასია – თუმცა, ეს სიფრთხილე უკვე ჩვევა უფროა მგონი – ფხვნილი შეიძლება აღარც უჭირს. თვალები ისეთი შორს გამქცევი აქვთ ამ ქალებს, ძნელად მოიხელთებ, ფიქრითაც რომ სდიო. როცა მათ ვხედავ, კიდევ ვხედავ მოლურჯო ალბომს, გარეკანზე ორ ვარდ მიხატულ ალბომს და ალბომში ქორწილის კიდეებგაფერმკრთალებულ სურათებს – უკან ხალიჩა. ლარნაკში მიხაკები. შამპანურის ბოთლი. ტორტი. სხვა ლარნაკი შოკოლადებით. გვერდით გაღიმებული მეჯვარეები. ნეფე-პატარძალიც გაღიმებული. ზოგჯერ უნებლიე ნათესავი ბავშვი კადრში. ზოგჯერ კიდევ უფრო უნებლიე კლასელი. უკვე მთვრალი კლასელი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ავარიაში მოკვდა. მგონი სამტრედიამდე არმისული.

ცოტა რამ არის ამ ალბომებზე უფრო სევდიანი. მე რომ ცხოვრების დარდზე რამე სურათოვანი სანახავის შექმნა მთოხოვონ, სწორედ მოლურჯო ალბომებს გადმოვიღებდი წიგნების კარადის მეორე თაროდან, სადაც ოდესღაც შემოდეს და მხოლოდ სტუმრები ათვალიერებდნენ ხოლმე. შემოდეს და ცხოვრება გაგრძელდა ჭის გვერდით, სახელოებაწეული და გაქცეული მზერით.

 

////

 

ოქტომბრის მიწურულს იწყებოდა ხერხვა. ხერხვა მოხურულაში. ხერხვა სასიამოვნო რამ არის. ოღონდ, ასე 12-13 წუთი. მერე იღლები, ცალკე – ხელის გაწევით, ცალკე – ერთფეროვნებით. მაგრამ დაღლაზე ბლომად უარესია, თუ მეზობელთან მისი ნათესავი და შენი იმდროინდელი სიზმარი მოვიდა სტუმრად. მაგალითად – ფატიმა ბერიძე.

– ,,პაწა, მევიცადოთ, წავა იი გოგო და გავაგძელოთ მერე!”

– ,,რეიზა?”

– ,,იმიზა, რომე მცხვენია ასე ხერხით ხელში!”

– ,,რაია, კი მარა ხერხვაში და მუშავში სამარცხვინო? თან არ გქონდეს შენც ახლა ცხრაი მაშინა შეშა დასაპობი! ხერხვა კაია პირიქით!”

– ,,რაფერაა კაი? სა წერია რომ ხერხვა კაია?”

,,ლომონოსოვი! – თქვა მამაჩემმა მტკიცედ და ხერხი მიიზიდა – ლომონოსოვი სკოლაში ჩვიდმეტი წლის შევიდა, მანამდე მუშაობდა ხან თევზის ბაზარში მწონავად და ხან შეშის მჭრელად და მერე რაი? გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა!”

მე წარმოვიდგინე რუსულის კაბინეტში ,,ნეზნაკომკას” და ,,აპიატ დვოიკას” შუაში დაკიდებული ნახატი ,,ლომონოსოვი მიდის სკოლაში” – შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა და ამ დროს ისევ მამაჩემის ხმა მომესმა:

,,აგერ, შაქროიას კითხე, ჩემი თუ არ გჯერა!”

,,კი, ლომონოსოვი მაგარი იყო!” – თქვა ცოტა გულსგარეთ შაქროიამ, აქეთა მეზობელმა, რომელიც ჩეჩმას ხურავდა – ,,მაგარი იყო, გეუბნებით; ერთ დღეში დაწერა მაგან მენდელევის ტაბულა…მარა, ამბობენ, დეესიზმრაო და რა ვიცი, მარა ნაღდია, რომ მაგარი იყო – მენდელეევის ტაბულას რომ კაცი დაწერ!”

ის გოგო ძაღლს ეთამაშებოდა და ვიცი მხედავდა. ვიცი ისიც, რომ ხვდებოდა, შემრცხვებოდა და ამიტომაც ის გოგო ძაღლს ისე ეთამაშებოდა, თითქოს ოზურგეთი უდაბნოდ ქცეულიყო და მხოლოდ ის და ძაღლი შემორჩენილიყვნენ უკაცრიელ ნაქალაქარს.

ეგეთია სიყვარული. ხან ისეთ ჩიხში მიგიმწყვდევს, დანებდები – შენ აქ ძველი ბუშლატით და თავზე გერმანიის რომელიღაც ქარხნის სახელიანი ქუდით ხერხავ, ვიღაც კიდევ… ეგ ვიღაც ან არსებობს ან არა, მაგრამ წარმოიდგენ და ასე, წამში, ხერხის ოთხ გასმა-გამოსმაში კარგავ ფატიმას. ძნელია. კაცმა რომ თქვას, ვერც გადარჩებოდი, მაგრამ კიდევ კარგი, სიზმრები იცვლებიან. თან თავისით. კიდევ კარგი, ადამიანი ასეთად გაჩნდა.

 

///

 

– მეიცა, საცხაიდან მეცნობი! – მეუბნება ბათუმელი ტაქსის მძღოლი.

– ეგ არაფერი. – ვეუბნები მე.

– მეიცა, შენ იიი არ ხარ? იმასრომშობი?

– კი! – დარწმუნებით ვპასუხობ მე.

ვიღიმით და ერთმანეთს ხელს ვართმევთ.

გურულს და აჭარელს შორის ყველაფერი გასაგებია. აფერი არაა გუუგებარი.

 

 

 

ოდნავ მკვახე შეძახილი

0

 

ვიღაც მარადამღელვარე ხალხი აღელვებულა ჩემი ახალი წიგნის გამო. წინასწარ და წაუკითხავად. წიგნის გამო, რომელიც საოცარი ადამიანის, დევნილი დედის დაუჯერებელ ისტორიას, ამ ისტორიის თანმდევ ოკუპაციას, სისხლს და ლტოლვილობას ეხება – იმას, რაც ჩვენი ახალი დროის მკაფიო ნიშანია და აუცილებელ შეხსენებას მოითხოვს. ეგ ხალხი, როგორც მითხრეს, ადრე სხვა წიგნის გამოც ღელავდა. იტალიელ მკითხველს ერთი შესანიშნავი ფეხბურთელის გამოისობით საქართველოზე და სამეგრელოზე რომ უყვებოდა – იმის. და რა გასაკვირია, რომ ახლაც აღელდნენ. კი, ამ წიგნის არსი სრულიად სხვაა, მაგრამ ცალკე სპორტსმენზე რომ დაწეროს კაცმა, თან ისეთზე, ვისზეც უკვე ფილმები გადაუღიათ, ეგ რა გასაკვირია. მაგრამ არის ხალხი, ვისაც ყველაფერი უკვირს – ან უფრო ცხადად და გულწრფელად რომ დავაზუსტოთ – ძალად იკვირვებს. მიზეზი ერთია და სულხან-საბა მას ძალიან პოეტურად განმარტავს. ჩაიხედეთ.

ისე, ზერელე ცნობისთვის, სპორტზე და უფრო ფეხბურთზე წერა, ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი ხაზია. კიდევ ვაპირებ – მესხი და გუცაევია სამუშაო მაგიდაზე.ბავშვობაზე წერა – სხვა ხაზი გახლავთ. ბავშვებისთვის – სხვა.

ზოგადად, თუ სხვა ,,ხაზები” გაინტერესებთ კიდევ ჩემი, რამდენიმე წიგნწაკითხულ მეგობარს ჰკითხეთ – აი, მათ, ვისაც თუნდაც თანამედროვე ქართული პოეზია გაუგია. ჰკითხეთ – გიპასუხებენ. ან – არ. არ ვიცი. მათი საქმეა. არა, როგორ არ ვიცი, რომ ამას აისხლეტთ და წაიყრუებთ – განა რამე – ისე, ვამბობ, ჩემთვის. იმ ცალკე ანეკდოტისთვის, მე რომ ვიღაცაზე წერა ,,მჭირდება”.

ჰოდა – სპორტი ნუ გაშინებთ. თქვენც ხომ სპორტსმენები ხართ და რა საქმეში – თავადაც იცით.

მაგრამ, როგორც გითხარით, ეს წიგნი სპორტზე არ არის. მას სპორტული წარმატება აგვირგვინებს. და თუ ამონარიდებს წაიკითხავთ – სოხუმის, ჭუბერის, ემიგრაციის და ა.შ. და უამრავ გამოხმაურებას გაეცნობით, იოლად მიხვდებით, რომ ეს ამონარიდიც კი ყოფნის იმ განზრახულობას, რაც მას ჰქონდა. ეს წიგნი აუცილებელად ბესტსელერი გახდება. ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. ხალხი შეიყვარებს. და რასაც ხალხი შეიყვარებს – შეგძულდებათ თქვენ – ნაცადი ალგორითმია.

ჰოდა, კიდევ, ზოგადი ცნობისთვის, ნამდვილად ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ხალხი, ახლა რომ ღელავს და თავს თავს, შესაძლოა, რამის მცოდნედ და პროგრესულად გაჩვენებთ, არის ასმაგი სტანდარტით აღსავსე და სრულიად ყველაფრის მკადრებელი – აგერ, საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებენ და ამავდროულად მენტალურ ჯანმრთელობაზე და სუიციდზე ღლიცინებენ ხოლმე. არის დიდწილად სრულიად უვიცი, ნიჭგამოცლილი, ზედაპირული, თუნდაც ლიტერატურის არსის ძნელად მცოდნე, შესაბამისად – წარუმატებელი და მოშურნე. რაღა დაგიმალოთ და ალბათ ძალიან ბოროტებიც გახლავან – მაგრამ ეს მათი სპორტია, საკუთარი მცირე მაყურებლით. ყველაზე სასაცილო ის არის ხოლმე, რომ რასაც მიჩვენებენ და გადავხედავ, იმ ათეულთაგან (მეტი არ არიან) – უმეტესს, ჩემი ქებით ენა ჰქონდა სხვა წლებში გადატყავებული, ზოგს რაღაც ვალი აქვს, ზოგს სხვა რამ ჰმართებს – პასუხისმგებლობის გაუქმების საუკეთესო გზა ხომ უმადურობა და აქეთ ,,შემოტევაა”. ეგეც ვიცი.

ახლა, ის არ მითხრათ, კრიტიკა უნდა მიიღო. კრიტიკას მივიღებ. მაგრამ: პირველი – კრიტიკა და წინასწარ მოტივირებული ბოდვა ღრმად სხვადასხვაა საქმეებია. ეს ერთი. და მეორე – ჩემივე უფლებაა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო ხოლმე, თუ ჩავთვლი, რომ უვარგისია.

ჰოდა, თქვენ, არცთუ ისე ძვირფასო მეგობრებო – არავითარი შანსი ჩემთან პერსონალურ ომში წარმატების არ გაქვთ. ეგ თქვენს უსაგნო, შურით ნაკარნახევ და სასარგებლოდ იდიოტურ მცდელობებს კი არა – გამძვინვარებულ მანქანებს ვერ გამოუვიდათ. მე შეიძლება, ჩემმა თავმა დამამარცხოს – რაც უქნია და ახლაც ვებრძვი, მაგრამ თქვენ – ვერა – საკუთარ თავს თუ დაიზარალებთ საბოლოოდ. სხვა რომ არაფერი, დრომ ეგრე მოიტანა და იმ საქმეების გამო, რასაც ეს წლებია, ბედის განგებით, სათავეში ვუდგავარ და მართლა კატორღული მუხლჩაუხრელობით ვაკეთებ, უამრავი ადამიანის წარმოუდგენლად დიდ სიყვარულს ვგრძნობ ყველა კუთხე-კუნჭულში – იმაზე გაცილებით მეტის, ვიდრე თქვენ ხართ, თუნდაც საკუთარი თავი ასზე გადაიმრავლოთ. რიცხვითაც და არსითაც – ეს მეორე ხომ გაცილებით ფასობს. მიხარია, რომ ახალგაზრდები, ვისთანაც მიტმასნებას თავ-ფეხით ცდილობთ, არაფრად გთვლიან. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი გამოერკვა, მანდ რა ჭაობსაც რწყავდა და სხვაგვარ გზას დაადგა.

კი, არსით და რიცხვითაც იმდენად მწირი ხართ, პასუხადაც არ ღირდით ალბათ და ეს პასუხიც იმ რამდენიმე შემცდარი ადამიანის გამო უფროა, ვინც თქვენგან გამოფხიზლებას ლამობს, ვიდრე თქვენთვის. ბევრს ამ ამბავზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. უფრო სწორედ – საერთოდ აღარ ვაპირებ. კომიკური იქნება. ეს წერილი დარჩეს ყველა სხვა სამომავლო ,,აღელვებების” პასუხადაც. რაც, გპირდებით – ბლომად იქნება.

P.S.

ისე, ისიც ხომ ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე, როცა დაგჭირდებათ, ისევ ჩემს კარს მოუკაკუნებთ. ერთი ყოფილხართ თუ ორი ასეთი. აგერ – გუშინ. და იმ ,,ერთი-ორს” შესანიშნავად ახსოვს, რომ კარი ფართოდ გავუღე და ისე მივიღე, თითქოს არაფერი ვიცოდი. არაფერი მომხდარა. ხვალაც იგივეს ვიზამ. ეგ არის ჩემი სისუსტეც და ძლიერებაც.

 

 

სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI)

0

ბუნების დაცვა რომ შევძლოთ, უნდა გვესმოდეს, როგორ იცვლება გარემო დროსა და სივრცეში.

WWF-ის (მსოფლიო ბუნების ფონდი) 2024 წლის მოხსენებაში „ცოცხალი პლანეტა“ დაფიქსირებულია მნიშვნელოვანი მაჩვენებელი – სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (ცოცხალი პლანეტის ინდექსი – LPI), რომელიც ასახავს ფრინველების, ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლებისა და თევზების 10 ათასამდე სახეობას. 1970 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 58%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველების თითქმის ნახევარი უბრალოდ გადაშენდა, რადგან ვერ შეეგუა ბუნების ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა: გაჩეხილი ტყეები, მოწამლული წყალი და ნიადაგი.

ცოცხალი პლანეტის ინდექსი (LPI) შემუშავდა 1997 წელს, რათა გაეზომა მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების ცვალებადი მდგომარეობა ცხოველთა მრავალფეროვნებისა და სიმრავლის ზრდისა და შემცირების შესწავლით.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამოსცემს პლანეტაზე სიცოცხლის შესახებ ანგარიშს, რომლის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წამყვან ექსპერტებსა და ორგანიზაციებს.

ანგარიშში წარმოდგენილია პლანეტის სიჯანსაღის მეცნიერული შეფასება, რაც ასახავს რა მდგომარეობაშია ცოცხალი ბუნება, რა საფრთხეების წინაშეა იგი და რას ნიშნავს ეს ყოველივე ადამიანებისთვის. მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები ეფუძნება სხვადასხვა მეთოდით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI).

მსოფლიოს ექსპერტები პერიოდულად აფასებენ დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველთა ათასობით სახეობის პოპულაციებში მიმდინარე ცვლილებებს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები ქმნიან მონაცემთა ბაზებს და აანალიზებენ მათ, რათა განსაზღვრონ პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI). ამისთვის იყენებენ მხოლოდ იმ სახეობების შესახებ შეგროვებულ მონაცემებს, რომლებზეც 1970 წლიდან (ათვლის საბაზისო წელი) რომელიმე გარკვეულ პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ მაინც განხორციელებულა მონიტორინგი. თუმცა, ამ პირობებშიც კი, პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსის (LPI) მეშვეობით შესაძლებელი ხდება ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების 5,230 სახეობის 32,000-ზე მეტ პოპულაციაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება. ეს მონაცემები კი მეცნიერებს უფრო მასშტაბური ეკოსისტემების სიჯანსაღის შესახებ დასკვნების გამოტანაში ეხმარება.

ცოცხალი პლანეტის ინდექსი

ცოცხალი პლანეტის ინდექსი (LPI) ზომავს ველური ბუნების პოპულაციების საშუალო შემცირებას 1970 წელთან შედარებით (ანუ 1970 = 100%).

წყარო: https://ourworldindata.org/2024-living-planet-index

2022 წლის ცოცხალი პლანეტის ინდექსი გვიჩვენებს საშუალოდ 69%-იანი კლებას 1970 წლიდან. 2024 წლის განახლებაში კი კლება 73%-ია. ბოლო 2 წლის მონაცემებით ველური ბუნების პოპულაციები კიდევ 4%-ით  შემცირდა.

თუმცა, თითქმის არცერთი ეს ცვლილება არ დაწყებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ახალი LPI არ უნდა განიხილებოდეს როგორც წინას უბრალო გაფართოება.  რადგან პროექტს წვდომა მეტი პოპულაციისა და სახეობის მონაცემზე აქვს, შეცვალა ინდექსის გასაზომი პოპულაციების რაოდენობა და მასთან ერთად LPI-ის მთელი ტენდენციის ხაზი. კერძოდ, LPI-ში პოპულაციების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 3000-ით (10%-იანი ზრდა), ხოლო სახეობების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 250-ით (5%-იანი ზრდა).

LPI არის მრავალ ინდიკატორთა შორის ერთ-ერთი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიომრავალფეროვნების მოცულობა საგრძნობლად იკლებს. ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის ცვლილება 1970 წლიდან მკვეთრ ვარდნას განიცდის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველთა პოპულაციები შემცირებას განაგრძობს. უაღრესად მნიშვნელოვანია, დროულად ვიმოქმედოთ ამ ტენდენციის შესაცვლელად და ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ამ პროცესის შეჩერებას, არამედ ასევე მის აღსადგენად საჭირო ცვლილებებს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ, თუ ზომებს დროულად მივიღებთ და კარგად გავიაზრებთ, რომ ცოცხალი სისტემის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ და მივიღოთ უფრო ჯანსაღი და გამძლე ველური ბუნება.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ადარებს LPI-ს 2022 და 2024 წლებში გლობალურად და სხვადასხვა რეგიონისთვის.

ცოცხალი პლანეტის ინდექსის შედარება მოხსენებებში

შედარებისთვის ნაჩვენებია 2022 და 2024 წლის ანგარიშში გამოქვეყნებული LPI.

ამ ანგარიშში ყველაზე დიდი ძვრები, წინასთან შედარებით, ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაშია.

აფრიკაში ცვლილების მიზეზი არის პოპულაციის რაოდენობის 45%-იანი ზრდა, თუმცა ბევრი მათგანი მცირდება. ამან გამოიწვია ამ რეგიონის LPI-ის შემცირება.

მთლიანი მონაცემთა ნაკრების მიხედვით, პოპულაციის ზუსტად 50% შემცირდა; იზრდებოდა 43%; ხოლო დანარჩენი 7% სტაბილური იყო.

პოპულაციების შემცირების სიდიდის შეფასებები განახლებულია ცოცხალი პლანეტის ინდექსის ყოველი ანგარიშით, მაგრამ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ძირითადი ფაქტორები იგივე რჩება.

პირდაპირი ზეწოლა – მათ შორის ტყეების განადგურება , ჰაბიტატის დაკარგვა, ნადირობა, გადაჭარბებული თევზაობა და საკვების წარმოება – ყველაზე დიდი მიზეზია.

კლიმატის ცვლილება ასევე გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. მაგალითად, სახეობები გადადიან პოლუსებისკენ და უფრო მაღალ სიმაღლეებზე, რათა იპოვონ შესაბამისი კლიმატი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე ამჟამად ნაკლებად არსებითია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პირდაპირი ზეწოლა, მოსალოდნელია, რომ ის გაძლიერდება გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად.

რა უნდა გავაკეთოთ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესანელებლად? საჭიროა შევამციროთ სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი მიწების რაოდენობა, შევწყვიტოთ ტყეების განადგურება, უპრიანია სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უფრო ეფექტურად (…) გამოყენება, ასევე ზედმეტი თევზაობის შემცირება და სახეობებისა მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ტერიტორიების დაცვა.

აღდგენისა და რეინტროდუქციის პროგრამებთან ერთად, შესაძლებელია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შენელება, არამედ ასევე შეგვიძლია სახეობების გადარჩენა. ჩვენ ვნახეთ ეს ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა ევროპული ბიზონი, ევრაზიული თახვი და მგლები მთელ ევროპაში.

მსოფლიოს ველური ბუნების ბევრ პოპულაციას უჭირს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგომარეობას შეცვლის.

 

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://ourworldindata.org/2024-living-planet-index

https://wwfeu.awsassets.panda.org/downloads/lpr2022_youth_edition_geo.pdf  https://www.livingplanetindex.org/documents/LPR2024_Technical_Supplement.pdf

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...