შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

რეფორმები და მასწავლებელი

თანამედროვე ქართული განათლების სისტემა და სკოლა საკუთარი თავის ძიებაშია. ჩემი მასწავლებლობის 10 წლიან პერიოდში, რამდენიმე ხმაურიანი რეფორმა გატარდა, რომლების პირდაპირ ეხებოდა მასწავლებლებს. ჩემი აზრით, ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ თუ დაწყებულ რეფორმებს ორი ძირითადი მიზანი უნდა ჰქონდეს:

  1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
  2. სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციით იწვევს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ზრდასა და სხვადასხვა კვლევაში მათი შედეგების გაუმჯობესებას (PISA, TIMSS, PIRLS).

რამდენად შეიცვალა ძირეულად დამოკიდებულებები სკოლის მიმართ? გაიზარდა სწავლა-სწავლების ხარისხი? ამაღლდა მასწავლებელთა კვალიფიკაცია? გაუმჯობესდა მოსწავლეთა შედეგები? ეს ის ფუნდამენტური კითხვებია, რომლებიც უნდა დავსვათ ამა თუ იმ რეფორმის შეფასების დროს.

მოკლედ მიმოვიხილოთ 2013 წლიდან სკოლებში გატარებული რეფორმები და ბოლოს ვეცადოთ გავცეთ პასუხები ზემოთ წამოჭრილ კითხვებზე.

2014-2015 წელი

დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვა. შემოღებულ იქნა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელმაც მასწავლებლები ოთხ (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) კატეგორიად დაყო. დოკუმენტით განისაზღვრა თითოეული საფეხურის შენარჩუნებისა და შემდეგ საფეხურზე გადასვლისთვის აუცილებელი აქტივობები და მოთხოვნები. შემოვიდა კრედიტ-ქულების ცნება. სკოლებში შეიქმნა შიდა სასკოლო შეფასების გუნდები.[1] გაჩნდა ფასილიტატორის პოზიცია (რაც მოხალისეობრივ შრომას გულისხმობდა).

სქემა მასწავლებლებს ავალდებულებდა:

  • საკუთარი პრაქტიკის კვლევას;
  • შიდა სასკოლო შეფასების გავლას;
  • სპეციალური ტრენინგ-მოდულების გავლას;
  • საგაკვეთილო პროცესის ვიდეო გადაღებას;
  • სასწავლო წლის დაწყებამდე თვითშეფასების დოკუმენტის შევსებას და ა.შ.

2017 წელი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შედის პირველი ცვლილებები, მაგალითად: „2017 წელს სქემაში გაუქმდა ჩანაწერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში უნდა დაეგროვებინა შესაბამისი კრედიტქულები სხვადასხვა პროფესიული აქტივობის ხარჯზე და გამხდარიყო უფროსი მასწავლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდებოდა სტატუსი.“[2]

ამავე პერიოდში, სქემით გათვალისწინებული სავალდებულო აქტივობა – გაკვეთილის ვიდეო გადაღება, ჩანაცვლდა გარე დაკვირვების გავლით. იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სურდათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება, საკუთარი პრაქტიკის კვლევის ჩატარების შემდეგ, მოეთხოვებოდა ხუთი გაკვეთილის დეტალური გეგმის წარდგენა. გარე დაკვირვების ჯგუფი ირჩევდა სასურველ გაკვეთილს, ესწრებოდა და აფასებდა პედაგოგს.

2019-2021 წლები

2019-2021 წლებში[3] მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მორიგი ცვლილებები შედის. ცვლილებებით უქმდება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და იცვლება სტატუსის მინიჭების წესი. ძალას კარგავს კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა. [4]მასწავლებლებს მოეთხოვებათ საგნის გამოცდის ჩაბარება. ამასთან ერთად, მასწავლებლებს ევალებათ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. შემოდის ბარიერების სისტემა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.[5] ამავე ცვლილებებით სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ.

აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება);
  • პორტფოლიოს შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლამდე, პროცესი იყო შეფერხებული და დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებლები ვერ ახერხებდნენ სტატუსის ცვლილებას.

2022-2023 წლები

2022 წელს პირველად (და უკანასკნელად) ტარდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების მსურველთა გამოცდა. 2023 წელს შესაბამისი გამოცდა აღარ ჩატარდა, რის მიზეზადაც, პორტფოლიოების შეფასების ეტაპი დაასახელა.[6]

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა ჩაბარებულ (ბარიერგადალახულ) მასწავლებლებს ევალებოდათ პორტფოლიოების წარმოება, მათი მომზადება და სკოლის დირექტორის მიერ წარდგინების შემდეგ eschool-ის ბაზებში ატვირთვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფები. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარდგინებით, მომიწია საგან მოქალაქეობის მასწავლებელთა პორტფოლიოს შეფასების ჯგუფის წევრობა (არაანაზღაურებადი შრომა) და შეფასების პროცესში მონაწილეობა.

როგორც პროცესში ჩართულმა პირმა, დავინახე რამხელა შრომის გაწევა მოუწიათ მასწავლებლებს პორტფოლიოების მოსამზადებლად და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მაგალითად, მასწავლებელს მოეთხოვებოდა შემდეგი მტკიცებულებების წარმოდგენა:

  • განხორციელებული კომპლექსური დავალება;
  • კომპლექსური დავალების პროდუქტის შეფასების სქემა;
  • საგნობრივი კურიკულუმი;
  • საგნობრივ კურიკულუმში განხორციელებული შესაბამისი ცვლილება და მისი დასაბუთება და ა.შ.

2019-2024 წლები

2019 წელს, საპილოტე რეჟიმში დაიწყო ხმაურიანი პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. თავდაპირველად შერჩეული იყო სამოცდახუთი[7] სკოლა. შემდეგ  ეტაპობრივად ემატებოდა სკოლების რაოდენობა. ახალი სკოლის მოდელის დანერგვასთან ერთად გაჩნდა ტერმინები: მატრიცა, კურიკულუმი, კომპლექსური დავალება, სამიზნე ცნება, ქვეცნება და ა.შ.

პანდემიის შემდეგ, „ახალი სკოლის მოდელმა“ სახელი იცვალა და გადაკეთდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტად. საბოლოოდ მესამე თაობის ესგ-ს დანერგვა უნდა დასრულებულიყო 2024-2025 სასწავლო წელს[8], მე-12 კლასელებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდებით. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, გრიფირების პროცესი არ/ვერ ჩატარდა. XII კლასის მოსწავლეები რჩებოდნენ სახელმძღვანელოების გარეშე, რის გამოც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თვითონ მოუწია ავტორთა ჯგუფების ფორმირება სახელდახელო რესურსების (არა სახელმძღვანელოების) შექმნა.

ახალი სკოლის მოდელის დანერგვას დაემთხვა პანდემია, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

მნიშვნელოვანია, რომ პილოტირებიდან საყოველთაო დანერგვაზე გადასვლა მოხდა კვლევის შედეგების გამოქვეყნების გარეშე. მასწავლებლებისთვის და განათლების სპეციალისტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართა პროცესი საპილოტე სკოლებში და რამდენად კმაყოფილები იყვნენ პილოტირების პროცესში ჩართული სკოლები/მასწავლებლები.

სახელფასო პოლიტიკა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის დანამატი პერიოდულად იზრდებოდა. 2024 წლის ივნისისთვის უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენდა 795, წამყვანი მასწავლებლის 1175, ხოლო მენტორი მასწავლებლის 1475 ლარს.

მიმდინარე წლის ზაფხულში მზის სინათლე იხილა ახალმა სახელფასო ფორმულამ. ცვლილების მთავარი არსი  საათობრივი ანაზღაურების ზრდაში მდგომარეობდა. რეფორმამ მასწავლებლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი ძირითადი ნაკლად დასახელდა, ის რომ:

  • ახალისებს დიდ საათობრივ დატვირთვას (რაც, თავის მხრივ, აფერხებს ახალი კადრების შემოდინებას);
  • აქვეითებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას;
  • არ ითვალისწინებს სასკოლო თემის განვითარებაზე ზრუნვას (საკლუბო თუ საწრეო მუშაობას);
  • ქმნის სკოლაში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის შეფერხების საფრთხეს და ა.შ.[9]

სახელფასო ფორმულით უკმაყოფილოები დარჩნენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, რადგან, მათ რეალურად ხელფასი დააკლდათ. ამის გამო, ფორმულის ავტორებმა ასეთ მასწავლებლებს, მხოლოდ ორი წლით შეუნარჩუნეს ძველი წესით არსებული ანაზღაურება და დაუმატეს 200 ლარიანი მატება.

სკოლების ავტორიზაციის პროცესი

2023 წლიდან დაიწყო (თუ გაგრძელდა) ავტორიზაციის პროცესი. ამ შემთხვევაშიც, სკოლის დირექციასთან ერთად, ცენტრალურ როლს სწორედ მასწავლებლები თამაშობდნენ, რადგან მოეთხოვებოდათ კურიკულუმების შემუშავება და სხვა დოკუმენტაციის წარმოება.

ეთნიკური უმცირესობების სკოლები

ერთ-ერთმა კოლეგამ გამიზიარა მოსაზრება, რომ მათ სკოლაში როდესაც უნდა მიაღწიოს ქვეყანაში დაწყებულმა რეფორმამ, ზუსტად იმ დროს, ის კარგავს აქტუალობას. მე არ მახსენდება განათლების სისტემაში დაწყებული ხმაურიანი პროექტი, რომელიც სრულყოფილად ამოქმედებულიყო ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა თუ სხვა რეგიონების აზერბაიჯანულენოვან თუ სომხურენოვან სკოლებში.

ამ კუთხით განსაკუთრებულ გამოწვევებს წარმოადგენს:

  • მესამე თაობის ესგ-ს ფორსირებული დანერგვის პროცესი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საკითხის ბუნდოვანება;
  • სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები;
  • მასწავლებელთა დეფიციტი და ახალი კადრების შემოდინების პროცესი და ა.შ.[10]

შეჯამება

ნებისმიერი ცვლილების გატარებას სჭირდება ფინანსები.  ამ პროცესში არც თუ პატარა ფინანსური რესურსი დაიხარჯა. რას გვეუბნება შედეგები?

ფაქტები მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე:

  • იწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი. რაც პირდაპირ მეტყველებს სკოლებში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე;
  • რეპეტიტორის, იგივე შინ მომზადების პრაქტიკა ძლიერდება. აბიტურიენტების ოჯახებს უწევთ არც თუ მცირე თანხის გადახდა მასწავლებლებისთვის შვილების მომზადების სანაცვლოდ;
  • მასწავლებლებს უჭირთ საგნის გამოცდის სრულყოფილად ჩაბარება და კვალიფიკაციის დადასტურება. სისტემას მოუწია კრედიტ ქულების სისტემის შემოღება და კომპრომისზე წასვლა. საგნის გამოცდის 30%-იან შედეგზე ჩაბარების სანაცვლოდ, ბევრ მასწავლებელს მიეცა კარიერული წინსვლის საშუალება;
  • საერთაშორისო კვლევებში ჩვენი მოსწავლეების შედეგები უარესდება. რის მიზეზადაც სახელდება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სიღარიბე და სოციალური ფაქტორები, არასახარბიელო სასკოლო ინფრასტრუქტურა, განათლების პოლიტიზება და ა.შ.[11]

პოლიტიკური ფაქტორი

ხშირ შემთხვევაში, განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები, მოტივირებული იყო ვიწრო პოლიტიკური სარჩულით.  მოახლოებულმა საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გადაწყვეტილების მიმღები პირები აიძულა გადაედგათ პოპულისტური ნაბიჯები მასწავლებლების გულების მოსაგებად. ამის ნათელი მაგალითია ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც ზემოთ ვრცლად მიმოვიხილეთ.

მასწავლებლების ემოციური მდგომარეობა და პროფესიული გადაწვის საფრთხე

ზემოთაღნიშნული რეფორმების გატარება ცხადია დაკავშირებული იყო გაუთავებელ ტრენინგებთან, წვრთნასთან. მაგალითად, მესამე თაობის ესგ-ს დანერგვის, ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული შეხვედრები საღამოს 19:00 საათზე იწყებოდა და ხშირ შემთხვევაში, 22:00 საათამდე გრძელდებოდა.  მეორე დღეს, მასწავლებელს ღიმილითა და საუკეთესო განწყობით უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილები, ემართა კლასი, დაენერგა ახალი მიდგომები. პარალელურად ეზრუნა ოჯახზე, გასძღოლოდა შინამეურნეობას და ა.შ.

მახსოვს ამ ტრენინგებზე რასაც გვასწავლიდნენ ტრენერები (ქოუჩები), რამდენიმე დღეში უკვე აღარ იყო ვალიდური, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა…

ფაქტია, რომ მუდმივი, გაუთავებელი და ქაოსური ცვლილებები აბრკოლებს დარგის განვითარების პროცესს და უარყოფითად მოქმედებს მასწავლებლების მოტივაციაზე.

ტალინის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა. ერთ-ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი უკავშირდება სტაბილურობის შეგრძნებას განათლების სისტემაში. ესტონელ მასწავლებლებს და სპეციალისტებს, რომლებიც ზრუნავენ განათლების სისტემის ეფექტურობასა და ეფექტიანობაზე არ აშინებთ ხელისუფლების თუ გადაწყვეტილების მიმღებთა ცვალებადობის. მათ აქვთ ხანგრძლივი სტრატეგია, რომელზეც მუშაობენ მიუხედავად იმისა ვინ და რომელი პარტია იქნება ხელისუფლების სათავეში.

ესტონეთის განათლების სტრატეგიის 2021-2035 [12]მთავარი საყრდენი სწორედ მასწავლებელია, რომელიც გულისხმობს მათ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას, კურიკულუმების განვითარებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მასწავლებელთა მომავალი თაობის მომზადებას, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა. ქართულ რეალობაში, სწორედ ასეთი გრძელვადიანი ხედვები და სტრატეგიები გვაკლია.

 

[1] https://edu.aris.ge/news/pedagogis-romel-aqtivobebs-daakvirdeba-da-gansazgvravs-ianvridan-shida-shefasebis-djgufi.html

[2] https://edu.aris.ge/news/praqtikosi-maswavleblebis-50-ze-meti-ver-asrulebda-aqtivobebis-25-s-ra-gamoavlina-sami-wlis-monacemebma.html

[3] იხილეთ: „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება“, მასში შესული ცვლილებებით დადგენილება N714, 27.11.2020 და N628, 30.12.2021

[4] https://edu.aris.ge/news/maswavlebelta-kreditqulebis-dagrovebis-sistema-uqmdeba-berika-shukakidze.html

[5] https://edu.aris.ge/news/ra-gamowvevebis-winashe-dganan-maswavleblebi-2022-wlis-zafxulshi-chasatarebeli-gamocdisa-da-statusis-amaglebis-molodinshi.html

[6] https://www.sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/mastsavleblis-statusis-asamaghlebel-gamotsdaze-registratsia-2024-tslamde-gadavadda

[7] https://publika.ge/article/122/

[8] https://edu.aris.ge/news/mesame-taobis-esg-is-danergvis-vadebi-raze-mushaobs-skolamdeli-da-zogadi-ganatlebis-ganvitarebis-departamenti.html

[9] https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/33008305.html

[10] https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_1606470068.pdf

[11] https://idfi.ge/public/upload/Analysis/PIsa%202022%20final.pdf

[12] https://www.hm.ee/sites/default/files/documents/2022-10/haridusvaldkonna_arengukava_2035_kinnittaud_vv_eng_0.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“