პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

ჩვენი ერთი დღე – სახალისო პროექტი

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეებში  ენის  ფუნქციური გამოყენების უნარის განვითარებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ კომუნიკაციურ სიტუაციებში გამოხატონ საკუთარი აზრი და გამოცდილება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც აერთიანებს საგნობრივ მიზნებს, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, თანამშრომლობასა და სხვადასხვა უნარების ინტეგრირებულ განვითარებას.
იტალიური ენის პროექტი „ჩვენი ერთი დღე“ V კლასში სწორედ ამ მიზნებს ემსახურება — მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უცხო ენის შესწავლა რეალურ და მათთვის ახლობელ თემაში გააერთიანონ. პროექტი ეხმარება მათ არა მხოლოდ ახალი ლექსიკის ათვისებაში, არამედ საკუთარი დღის აღწერის უნარის განვითარებაში წერითი და ზეპირი ფორმით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს თვითგამოხატვის, პრეზენტაციისა და კულტურული ცნობიერების კომპონენტებს.

პროექტი: „ჩვენი ერთი დღე“

კლასი: V

პროექტის აქტუალობა:

პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში უცხო ენის  გამოყენების პრაქტიკის გაღრმავებას, აძლევს მათ მოტივაციას ახალი ლექსიკის შესწავლისა და საკუთარი თავის გამოხატვისთვის იტალიურ ენაზე. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც კომუნიკაცია მრავალენოვან გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის პროექტები ავითარებს მოსწავლეების ინტერკულტურულ ცნობიერებასა და კომუნიკაციის უნარებს.

პროექტის მიზნები:

  • მოსწავლის ლექსიკური მარაგის გაღრმავება იტალიურ ენაში;
  • მოსმენის, კითხვის, წერითი და ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • გუნდურ მუშაობაში ჩართვისა და თანამშრომლობის უნარის გაუმჯობესება;
  • ინფორმაციის სისტემატიზაცია და საკუთარ ტექსტში გადმოცემის უნარის დახვეწა;
  • პრეზენტაციის, შემოქმედებითი წერისა და ვიზუალური წარდგენის უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხო ენა (იტალიური), II საფეხური

  • კომუნიკაცია: შედეგები 1, 2, 3, 4, 5, 8
  • წერითი კომუნიკაცია: შედეგები 1, 2, 3, 6, 7, 8
  • ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობა
  • IIუცხ.დაწყ.1 – მოსმენის უნარის განვითარება ლექსიკურ-გრამატიკული სტრატეგიების გამოყენებით
  • IIუცხ.დაწყ.4 – წერითი კომუნიკაციის განხორციელება სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმატში
  • სამეტყველო ქმედება: შედეგები 3, 4, 5, 6
  • ენობრივი საშუალებები: შედეგები 1, 2, 3, 4, 5, 6

მონაწილეთა ასაკი:

11–12 წელი

ხანგრძლივობა:

3–4 კვირა

საჭირო რესურსები:

ინტერნეტი, კომპიუტერები, მუყაოს ქაღალდები, ფერადი ფანქრები, კალმები, საღებავები,  წებო.

პროექტის ეტაპები და განხორციელების გზები:

ეტაპი აღწერა
I. პროექტის დაწყება მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის მიზნებს, მიზნობრივ შედეგებსა და საბოლოო პროდუქტს. ინიცირდება საუბარი დღის გეგმაზე.
II. ლექსიკის შესწავლა სწავლება კონტექსტში: ყოველდღიური მოქმედებები, დრო, ადგილები, საგნები. ტარდება ენობრივი აქტივობები და თამაშები.
III. პრაქტიკული სავარჯიშოები მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტებს ყოველდღიური აქტივობების შესახებ; ქმნიან დიალოგებს და მონაწილეობენ როლურ თამაშებში.
IV. ტექსტის შექმნა თითოეული მოსწავლე ქმნის პატარა ტექსტს თავისი დღის შესახებ იტალიურ ენაზე.
V. ვიზუალური გაფორმება მოსწავლეები აფორმებენ ტექსტებს ფოტოსურათებით, ნახატებით.
VI. პრეზენტაციის მომზადება მოსწავლეები ეუფლებიან პრეზენტაციის ტექნიკას; მზადდება საერთო პროდუქტი – დიდი წიგნი და მისი პრეზენტაცია.
VII. საჯარო წარდგენა მოსწავლეები თავიანთი ტექსტების წარდგენას ახორციელებენ კლასში – ზეპირსიტყვიერად, შესაბამისი ინტონაციით.
VIII. შეფასება და ანალიზი ნამუშევრები და პროცესი ფასდება SOLO-ს სტრუქტურით შექმნილი რუბრიკის საფუძველზე. მოსწავლეები იღებენ უკუკავშირს.

 

შეფასების რუბრიკა

(SOLO ტაქსონომიის მიხედვით – პრეზენტაციაზე)

დონე ტექსტის შინაარსი ვიზუალური კომპონენტი პრეზენტაციის შესრულება
1. პრესტრუქტურული ვერ აღწერს დღის მიმდინარეობას; ტექსტი თემასთან კავშირში არ არის ან გაუგებარია. არ აქვს ან შემთხვევით შერჩეული ელემენტები, რომლებიც ტექსტს არ ეხმიანება. ვერ ახერხებს ტექსტის წარდგენას; კითხულობს არასწორად ან წყვეტს საუბარს.
2. უნისტრუქტურული აღწერს დღის მცირე ნაწილს ფრაგმენტული წინადადებებით; ხშირია ენობრივი შეცდომები. წარმოდგენილია მინიმალური ვიზუალური მასალა, თემასთან ნაწილობრივ კავშირში. კითხულობს ნაწყვეტებს გაუბედავად; ინტონაცია არასათანადოა.
3. მულტისტრუქტურული დღე აღწერილია რამდენიმე წინადადებით; წარმოდგენილი იდეები ზოგადია. წარმოდგენილია რამდენიმე შესაბამისი ვიზუალური ელემენტი. ტექსტი წარდგენილია ინტონაციური და გამოთქმის ხარვეზებით.
4. მიმართებითი ტექსტი ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოსცემს დღის აღწერას; ენა ზუსტია. ვიზუალური მასალა სრულად შეესაბამება ტექსტის შინაარსს. პრეზენტაცია გამართულია; ინტონაცია და გამოთქმა ძირითადად სწორია.
5. გაფართოებული ტექსტი კრეატიულია, ენით მდიდარი, გამოირჩევა ინდივიდუალური სტილით. ტექსტი და ვიზუალური კომპონენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს; ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდგომა თვალსაჩინოა. ტექსტი წარდგენილია დამოუკიდებლად, ემოციურად და თავდაჯერებულად; ინტონაცია ბუნებრივია.

 

პროექტი „ჩვენი ერთი დღე“ წარმატებით აერთიანებს ენის სწავლების მიზნებს პიროვნული განვითარების ამოცანებთან. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ყოველდღიური გამოცდილების ანალიზი, გამოხატვა და პრეზენტაცია იტალიურ ენაზე — რაც მათ ენობრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ამყარებს. პროექტი ეფექტურად უწყობს ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისი უნარების განვითარებას, ხელს უწყობს ენობრივი კომპეტენციების გაძლიერებას, გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და შემოქმედებითი აზროვნების წახალისებას.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა, ენაზე მუშაობის პროცესისადმი ინტერესისა და პასუხისმგებლობის გამომჟღავნება. პროექტის საბოლოო პროდუქტებმა – ტექსტებმა, ნახატებმა და პრეზენტაციებმა – ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება უცხო ენის სწავლება იყოს სასიამოვნო, შინაარსიანი და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული პროცესი.

„This Land is Mine „-როცა მასწავლებელი გმირი ხდება

0

ჟან რენუარის 1943 წლის ფილმი „This Land is Mine“, უპირველესად, ადამიანის პიროვნულ ტრანსფორმაციაზეა, იმაზე, როგორ შეიძლება, შიში, სიჩუმე და ისტორიისთვის თავდაუზოგავი თავის არიდება საბოლოოდ თვითგადარჩენის ნაცვლად თვითშეგნებად იქცეს. ფილმი გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ევროპაში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ომის შედეგი, როდესაც ფაშიზმი არა მარტო მტრის ხატად, არამედ გარდაუვალ პოლიტიკურ რეალობად განიხილებოდა. ამ კონტექსტში ფილმი უფრო მეტია, ვიდრე მხატვრული ტექსტი – ეს არის პირდაპირი მიმართვა, სამოქალაქო სიმამაცისა და შინაგანი გარდატეხის ისტორია, რომელიც დღესაც შეიძლება იქცეს რესურსად მათთვის, ვისთვისაც მასწავლებლობა არა მარტო პროფესიულ, არამედ ღირებულებით  საქმეს ნიშნავს.

ფილმის მთავარი გმირი, ალბერტ ლარი, მორცხვი, შეუმჩნეველი, თითქოს შიშით დამორჩილებული მასწავლებელია. მისი არქეტიპი იმ თაობების წარმომადგენელია, რომლებიც ძალაუფლების წნეხის ფონზე საკუთარ თავში მხოლოდ მორჩილებით პოვებდნენ სიმშვიდეს. მაგრამ რენუარის ნარატივი არ გვაჩვენებს მხოლოდ დამორჩილებულ ადამიანებს – ის გვიჩვენებს, როგორ იქცევა მორალური შოკი, სხვაზე პასუხისმგებლობა და აზრის თავისუფლების შიმშილი ტრანსფორმაციის საწყისად. ალბერტი ეტაპობრივად იძენს ხმას, თავდაპირველად – ხმადაბალი სიტყვით, მერე – საჯაროდ და ბოლოს — სასამართლო დარბაზში წარმოთქმული მონოლოგით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ ლიტერატურულ ტექსტად.

ეს მონოლოგი თავისი მაღალი ზნეობრიობით და მოქალაქეობრივი დატვირთვით აცდენილია უბრალო სასამართლო სცენის ჩარჩოებს და გვახსენებს კლასიკური გმირების მონოლოგებს ლიტერატურაში. ალბერტ ლარი დგება იქ, სადაც პედაგოგის მორალური პასუხისმგებლობა სცდება მისი საგნის ფარგლებს და პიროვნების ხასიათად ყალიბდება. განათლება როგორც თავისუფლების წინაპირობა არა მარტო თეორიულად, არამედ ემპირიულადაც აისახება ფილმში. სწავლება იქცევა წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ახალ თაობაზე ორიენტირებულ ფორმად, რაც ფილმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით იმ საზოგადოებებში, სადაც ისტორიული მეხსიერება კვლავ აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ და კულტურულ აწმყოში.

ქართულ რეალობაში ეს თემა ორმაგად რეზონანსულია. თაობების მეხსიერებაში ჩარჩენილი საბჭოთა პერიოდის წნეხი ქმნის ფონს, რომელზეც რენუარის ფილმი წარმოუდგენლად თანამედროვე ტექსტად აღიქმება. ალბერტ ლარი შეიძლება დაინახო როგორც პედაგოგი, რომელიც არსებობდა როგორც 1937 წელს, ისე დღევანდელ სოფლის სკოლაში, სადაც მასწავლებელი ხშირად კვლავ დგას არჩევანის წინაშე – გადარჩეს მორალურად თუ დარჩეს ჩრდილში.

 

ამ თვალსაზრისით, სასწავლო პროცესში ფილმის გამოყენება ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა. შეიძლება, დისკუსიის ფორმატში დაისვას კითხვები: როგორ გვეხმარება ცოდნა უკეთესი საზოგადოების აშენებაში? რას ნიშნავს სიმამაცე მაშინ, როცა მას თან ახლავს მარტოობა? პედაგოგი მხოლოდ ცოდნის გადამცემია თუ მისი სიტყვა ფუნდამენტურად უკავშირდება იმას, თუ როგორი მოქალაქეები გაიზრდებიან კლასში? ამ კითხვებზე მუშაობა მოზარდებთან არა მხოლოდ კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს მათ, არამედ თავად მასწავლებელსაც ახსენებს, რომ სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს, როცა მისი დრო დგება.

„This Land is Mine“ (ეს ჩემი მიწაა) წარმოგვიდგენს განათლებას როგორც სიმშვიდის, თანაგრძნობის და ხანდახან წინააღმდეგობის ენას. ალბერტ ლარი არ ხდება რევოლუციონერი, არ იღებს იარაღს ხელში, მაგრამ მის იარაღად იქცევა სიტყვა. ეს სიტყვა გადის შიშზე, მარტოობაზე, უნდობლობაზე და საბოლოოდ იქცევა საჯარო აქტად. მასწავლებლის ხმა, რომელიც ფილმის დასაწყისში დაფის ხმაურს ერწყმის, დასასრულს საზოგადოებრივ დარბაზს ავსებს და მაყურებელს არწმუნებს, რომ ზოგიერთი ხმა არ ექვემდებარება ჩახშობას, თუნდაც მას დრო დასჭირდეს.

ჟან რენუარის ეს ფილმი, თითქოს შავ-თეთრი სიჩუმით მოთხრობილი ამბავი, სინამდვილეში ხმაურიანად ჰყვება იმაზე, რაც პედაგოგის სიჩუმის მიღმა დგას: სამოქალაქო პოზიციაზე, ღირებულებებსა და გამბედაობაზე. ამიტომ „This Land is Mine“ დღესაც რჩება ნამუშევრად, რომელიც მასწავლებელს აძლევს საშუალებას, თავისი პროფესია კიდევ ერთხელ განიცადოს როგორც მორალური სივრცე, სადაც სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ თავად პედაგოგიც.

Canva საგანმანათლებლო სივრცეში – სწავლების, შეფასებისა და უკუკავშირის ინოვაციური ინსტრუმენტი

0

ციფრული დიზაინის პლატფორმა

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მუდმივად მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, საკლასო ოთახებში თუ მათ მიღმა ტექნოლოგიების ინტეგრაციას და მსოფლიოში ამ კუთხით მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას. ასეთი მიდგომა  ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ვიზუალური წიგნიერება და ციფრული კომპეტენციები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს Canva, რომელიც თავისი მრავალფუნქციურობით და სასწავლო პროცესში ინტეგრირების სიმარტივით სულ უფრო მეტ აღიარებას პოვებს პედაგოგებისა და მოსწავლეების მხრივ.[1] წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს Canva-ს არსი და მისი შესაძლებლობები პრაქტიკული მაგალითების მოხმობით, ასევე – მისი პოტენციალი უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტად გამოყენების კუთხით.

 

რა არის canva?

Canva არის გრაფიკული დიზაინის ონლაინპლატფორმა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მათ შორის – მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შექმნან მაღალი ხარისხის გრაფიკული პროდუქტი. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მზა შაბლონების, დიზაინის ელემენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური შიგთავსის შესაქმნელად. Canva-ს ხელსაწყოები მარტივია და მომხმარებელს შეუძლია, დიზაინის სპეციალური ცოდნის გარეშეც კი შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა.

Canva გვთავაზობს როგორც უფასო, ისე პრემიუმ (Canva Pro) ვერსიებს, ასევე – სპეციალურ პაკეტ Canva for Education-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სისტემაზე და კომფორტულია სამუშაოდ.

მისი შესაძლებლობებიდან გამოვყოფდი:

  • მზა შაბლონებს და მდიდარ ვიზუალურ მასალებს;
  • რამდენიმე მომხმარებლის ერთდროული მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროექტების გაზიარებას რედაქტირების ან მხოლოდ ნახვის უფლებებით;
  • კომენტარების სისტემას უკუკავშირისა და შეფასებისთვის.

 

როგორ დავრეგისტრირდეთ პლატფორმაზე?

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს ვუთითებთ სტატუსს (მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, უმაღლესი დაწესებულების აკადემიური პერსონალი), რაც საშუალებას აძლევს პლატფორმის ალგორითმს, შეარჩიოს და შემოგვთავაზოს ჩვენზე მორგებული დიზაინის შაბლონები. 2018 წელს დავრეგისტრირდი როგორც მასწავლებელი. გარკვეული ხნის შემდეგ მომივიდა საგანმანათლებლო პაკეტზე უფასო წვდომის შემოთავაზება. ამისთვის უნდა ამეტვირთა/გამეგზავნა ჩემი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან). აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ ადმინისტრაციამ მომცა წვდომა საგანმანათლებლო პაკეტზე.

 

როგორ შეიძლება გამოიყენონ Canva მასწავლებელმა და მოსწავლემ?

სასწავლო პროცესში Canva-ს ინტეგრაცია მრავალი ფორმით შეიძლება. ის ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ინფორმაციულად მდიდარი ფორმით წარდგენაში, ხოლო მოსწავლეებს – შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, ციფრული წიგნიერებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.

კოვიდის პანდემიის შემდეგ Canva-ს აქტიურად ვთავაზობ მოსწავლეებს და ვნერგავ სწავლა-სწავლების პროცესში:

  1. საშინაო დავალებების შესასრულებლად;
  2. ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ პროექტებზე სამუშაოდ;
  3. შეფასებისა და უკუკავშირისთვის.

პლატფორმის გამოყენებას ვიწყებ მე-7 კლასიდან მოქალაქეობისა და გეოგრაფიის საგნობრივ დისციპლინებში. უპირველეს ყოვლისა, ვასწავლი პლატფორმის გამოყენებას, რის შემდეგაც გადავდივართ მარტივი დავალებების შესრულებაზე.

მოსწავლეები ქმნან ციფრულ პორტფოლიოს, რომელშიც ათავსებენ  ნამუშევრებს, დავალებებსა და პროექტებს. შემდეგ ამ პორტფოლიოზე წვდომას აძლევენ მასწავლებელს, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა. მოსწავლე მასწავლებელს ამატებს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან მომხმარებლის სახელის ჩაწერით, შეტყობინება კი მოდის ელექტრონულ ფოსტაზე. მასწავლებელი საკუთარ კაბინეტში ხედავს ყველა პროექტს, დავალებასა თუ პრეზენტაციას, რომლებიც მოსწავლეებმა გაუზიარეს.

ჯგუფური პროექტის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთდროულად მოამზადონ პრეზენტაცია სკოლაში ან შინიდან. ამისთვის გაზიარების ღილაკის გამოყენებით ამატებენ ერთმანეთს რედაქტირების უფლებით. ეს კომპონენტი ხელს უწყობს თანამშრომლობითი მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.

შეფასება და უკუკავშირი Canva-ს გამოყენებით

Canva იდეალურია პროექტზე დაფუძნებული შეფასებისთვის. მოსწავლეები ქმნიან ისეთ კომპლექსურ/შემაჯამებელ პროდუქტებს, როგორიცაა პრეზენტაცია, პოსტერი, ინფოგრაფიკა და სხვ.

შემაჯამებელი შეფასებისა და უკუკავშირისთვის აქტიურად ვიყენებ კომენტარის ფუნქციას. ამ ფუნქციის გამოყენება შეძლება როგორც მთლიან პროდუქტზე/პრეზენტაციაზე, ისე ცალკეულ გვერდებსა თუ სლაიდებზეც. თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეფასების მიმართ.

პედაგოგის მიერ გაცემული უკუკავშირი თუ გაკეთებული შეფასება მისდის მოსწავლეს/ჯგუფს. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, რედაქტირება და ა.შ.  გარდა ამისა, პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მასწავლებელს, შექმნან თვითშეფასების ფორმები/რუბრიკები, შეფასების რუბრიკები და სხვა.

 

შეჯამება

Canva წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესს. სასწავლო გარემოში მისი ინტეგრაცია მრავალმხრივ სასარგებლოა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, განსაკუთრებით – ვიზუალური კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების კუთხით.

საგანმანათლებლო კონტექსტში Canva-ს გამოყენება ხელს უწყობს:

  • სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური ფორმით წარდგენას;
  • მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ამაღლებას;
  • 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას;
  • შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის გამდიდრებას.[2]

 

 

[1]Nabila Farhana Jamaludin,  Siti Farahin Sedek (2024). ” CANVA as a Digital Tool for Effective Student Learning.”

https://www.researchgate.net/publication/382628607_CANVA_as_a_Digital_Tool_for_Effective_Student_Learning_Experience

 

[2] “Canva Tool Students’ Views on Using Canva as an All-In-One Tool for Creativity and Collaboration.” file:///C:/Users/User/Downloads/CanvaTool.pdf

 

რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება?“

0
(IV1 და IV2 კლასების მოსწავლეთა ინიციატივა)

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანი „მე და საზოგადოება“ წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი, ოჯახი, საზოგადოება, კულტურა და სახელმწიფოში არსებულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესები.
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესით შესაძლებელია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეთა კრიტიკული და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაც.
საგნის პოპულარიზაციისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი – „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IV1 და IV2 კლასების მოსწავლეებმა.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი იყო:

  • საგნისადმი ინტერესის გაღვივება დაწყებით კლასებში;

  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით;

  • საგნობრივი უნარების განვითარება – თვითგამოხატვა, კრიტიკული აზროვნება, წერა, სოციო-ემოციური კავშირების დანახვა;

  • თანატოლებში „მე და საზოგადოება“ საგნის ღირებულებების გავრცელება მოსწავლეთა ნააზრევისა და ნამუშევრების პრეზენტაციით.

პროექტის ამოცანები

  1. მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რატომ სწავლობენ საგანს „მე და საზოგადოება“.

  2. მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი დამოკიდებულება საკუთარი წიგნის შექმნის გზით გამოეხატათ.

  3. განევითარებინათ ისეთი უნარები, როგორიცაა დაგეგმვა, კვლევა, შეჯამება და პრეზენტაცია.

  4. განმტკიცებულიყო პასუხისმგებლობისა და თანადგომის განცდა ჯგუფური მუშაობით.

პროექტი განხორციელდა შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • საგნის ღირებულებების გააზრება: მასწავლებელმა მოსწავლეებს შეკითხვით მიმართა: რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება“?
    დაიწყო დისკუსიები, რომლის დროსაც ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები და იდეები გამოთქვეს.

  • წიგნების შექმნა: თითოეულმა მოსწავლემ შექმნა პერსონალური წიგნი, რომელშიც აისახა მათი დამოკიდებულება საგნის მიმართ. წიგნში გაერთიანდა ტექსტები, ილუსტრაციები, თემატური ისტორიები და მოსწავლეთა ემოციური რეფლექსიები.

  • ჯგუფური აქტივობები: მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობდნენ. ერთმანეთის ნამუშევრებს კითხულობდნენ, აზიარებდნენ აზრებს და სწავლობდნენ თანატოლებისგან.

  • საჯარო პრეზენტაცია და ვიდეოგადაღება: საბოლოოდ, პროექტი წარედგინა სკოლის საზოგადოებასა და მშობლებს. დამზადდა ვიდეო, რომელიც ასახავს მოსწავლეთა შთაგონებას, შრომას და შემოქმედებითობას.
    ვიდეოს ბმული

შედეგები

პროექტის შედეგად:

  • მოსწავლეებმა გააზრებულად შეიყვარეს საგანი – „მე და საზოგადოება“;

  •  შინაგანი მოტივაცია – ბავშვებმა იგრძნეს, რომ მათი აზრი და ხმა მნიშვნელოვანია;

  • განვითარდა წერითი და ვერბალური უნარები, წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება;

  • გაჩნდა თანატოლების მხრიდან ინტერესი საგნის მიმართ, რასაც მოჰყვა შემდგომი ინიციატივები;

  • მშობლების და კოლეგების ჩართულობა გააძლიერა საგნისადმი პატივისცემამ და მოტივაციამ.

სასწავლო პროცესი განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ვაძლევთ სივრცეს თვითგამოხატვისა და აზროვნებისთვის. პროექტმა „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“ ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ გახდნენ საგნის ელჩები, თუ ვუზრუნველყოფთ მათთვის საინტერესო, შემოქმედებით და შინაარსიან აქტივობებს.

ეს ინიციატივა არა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა იყო, არამედ მოსწავლეთა განვითარების რეალური ბიძგი – ცოდნის, თვითშეფასების, მოქალაქეობრივი და სოციალური უნარების განვითარებისკენ.

ჟან-ჟაკ  რუსო (1712-1778) – რა უფრო მნიშვნელოვანია, პიროვნება თუ მისი იდეალები?

0

ფრანგული განმანათლებლობის დემოკრატიული ფრთის ეს ბელადი, შვეიცარიელი მესაათის შვილი, დიდი პედაგოგი, მწერალი და ფილოსოფოსი, შეიძლება, საერთოდაც, ფრანგული განმანათლებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩაითვალოს. 1750 წლიდან მოყოლებული (როცა მისი პირველი ძირითადი ნაშრომი გამოქვეყნდა) მისი გავლენა ევროპული კულტურის მთელ ისტორიაზე აშკარაა. ხოლო თავად რუსო არც მეცნიერად, არც რომელიმე პარტიის მომხრედ, არც რაიმე სისტემის მქონედ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტების მეგობრად მიიჩნევდა თავს.

 

თავის შრომებში იგი ქადაგებდა ადამიანთა თანასწორობის, თავისუფლებისა და უცვლელი ღირებულებების მაღალ იდეებს, ხელს უწყობდა მათ გავრცელებას. კანტი აღნიშნავდა, რომ მან რუსოსგან ისწავლა ადამიანის, როგორც გვარის წარმომადგენლის, პატივისცემა, დამოუკიდებლად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ განათლებისა. რუსო მისთვის მეორე ნიუტონი იყო და როგორც ნიუტონმა დაასრულა მეცნიერება გარეგან სინამდვილეზე, ისე რუსომ დაამკვიდრა ჩვენი შინაგანი უნივერსუმის (სოციალურ-ზნეობრივი ცნობიერების) ძირითადი პრინციპები.

 

რუსოსთვის ამოსავალი იყო იმისი რწმენა, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა; იგი კეთილია იმთავითვე და მხოლოდ საზოგადოების გავლენით ხდება ბოროტი. რუსოს მიზანი იყო, ნათელი გაეხადა პასუხისმგებლობასთან ადამიანის თავისუფლების აუცილებელი კავშირის ცნობიერება.

 

რუსომ თავისი ცხოვრება საოცრად გულახდილად აღწერა ავტობიოგრაფიაში და მას „აღსარება“ უწოდა, რომელიც რუსოს სიკვდილის შემდეგ გამოიცა, 1781 წელს. ეს გახლავთ დევნილი გენიოსის თავგადასავალი, რომლისთვისაც სიცრუისა და ვინმეს წინაშე ქედმოდრეკილობის გარდა, „არაფერი ადამიანური უცხო არ არის“.

 

მტკიცება იმისა, რომ ბუნებით კეთილ ადამიანს საზოგადოება აქცევს ბოროტად, უარყოფით „პერსონაჟად“ ცხოვრებისა, მაინცდამაინც, არ ეთანხმება რუსოს მტკიცებას ადამიანისთვის თავისუფალი ნების, ანუ მისი განუსხვისებელი არსების, მისი პიროვნულობის გარანტის შესახებ. 16 წლის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი რუსო სახლიდან გაიქცა და ცხოვრობდა მასზე გაცილებით უფროსი ქალის ხარჯზე, რომელიც მისთვის დედასავითაც იყო და საყვარელიც. ამ ქალს არავითარი ინტელექტუალური ინტერესები არ ჰქონდა, თუმცა რუსოზე დიდი გავლენით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ სწორედ ამიტომ გადავიდა რუსო კალვინისტობიდან (რომლისადმი გარკვეული ინტერესი მას ბოლომდე შერჩა) კათოლიციზმზე. თუმცა მოგვიანებით, როცა მან შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო, ისევ კალვინიზმს დაუბრუნდა. იგი ამაყობდა შვეიცარიით, თითქოს, იქ განხორციელებულიყოს ის, რისთვისაც იგი საფრანგეთში იბრძოდა. შვეიცარია, მისი თეორიის თანახმად, როგორც პატარა სახელმწიფო, ყველაზე შესაფერისი იყო დემოკრატიისთვის; ხოლო საშუალო სახელმწიფო – არისტოკრატულის, დიდი სახელმწიფო კი – მონარქიული მმართველობისთვის.

 

რუსო დაქორწინდა დაბალი წარმოშობის ქალზე, ტერეზაზე, რომელმაც, უწიგნურობასთან ერთად, საათის ცნობაც კი არ იცოდა. მისგან საფრანგეთის დიდ განმანათლებელს ხუთი შვილი ეყოლა. მამამ კი ყველა მათგანი ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა იმ საბაბით, რომ მას მათთვის შესაბამისი აღზრდის მიცემის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა როცა ეს საშუალება მიეცა და შვილების ძებნა დაიწყო, ვერცერთი ვეღარ იპოვა. მუდმივმა კონფლიქტებმა, საკუთარი თავით უკმაყოფილებამ თუ საზოგადოებრივმა უსამართლობებმა სერიოზულად შეარყია მისი ჯანმრთელობა. როცა დ. ჰიუმმა იგი ინგლისში მიიპატიჟა, რომ ცხოვრებისა და მუშაობის ნორმალური პირობები შეექმნა მისთვის, ფსიქიკურად უკვე სერიოზულად დაავადებული რუსო მასაც წაეჩხუბა. ვოლტერმა სწორედ რუსოსთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ადამიანში მხოლოდ მისი ნიჭია დასაფასებელიო.

 

„აღსარებაში“ რუსოს თეორიული საფუძველი და მიზანი ჰქონდა – ადამიანი საზოგადოებრივი პროდუქტია და თუ საზოგადოება მანკიერ პიროვნებებს წარმოშობს, ის უნდა შეიცვალოს. ასე რომ, რევოლუცია მოამზადა როგორც რუსოს პედაგოგიურმა შრომებმა, ისე მისმა „ხელშეკრულების თეორიამ“ და ნარკვევმა „უთანასწორობის წარმოშობის შესახებ“. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ რუსოს წიგნი „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“, პარლამენტის დადგენილებით, დაწვეს. მაგრამ რევოლუციის რადიკალები მას თავიანთ ბელადად მიიჩნევდნენ. ო. რობესპიერი (1764-1794) თავს რუსოს მიმდევრად აცხადებდა. 1791 წელს, ასევე პარლამენტის დადგენილებით, რუსოს ნეშტი პანთეონში გადაასვენეს და ვოლტერის საფლავის გვერდით დაკრძალეს, თუმცა რესტავრაციის დროს ორივეს ცხედარი ამოყარეს.

 

რუსო თვლის, რომ ადამიანი ერკვევა ავ-კარგში, მაგრამ უსამართლო საზოგადოებაში მიღებული აღზრდა ახშობს ამ ცოდნას. სასურველი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე რუსოს თავისი პედაგოგიური თეორიის იმედი აქვს. მისი აზრით, პედაგოგმა უნდა აირჩიოს, ადამიანი აღზარდოს თუ მოქალაქე. ორივე ერთად შეუძლებელიაო. რუსო ირჩევს მოქალაქის აღზრდას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული ადამიანის ბუნებრივი მონაცემები, უფრო ზუსტად კი – მისი მიზანია, ადამიანი შენარჩუნებული იქნეს ისეთი, როგორიც ის ბავშვობაშია.

 

საინტერესოა საკითხი, რატომაა საჭირო ბავშვების კეთილად თუ მეცნიერად აღზრდის დაპირისპირება. რუსო იცნობს აღზრდის იმ პროგრამას, რომლის შედეგადაც ყმაწვილს შეეძლო, საკმაოდ მაღალ დონეზე დაუფლებოდა მეცნიერებას. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსო მიიჩნევს, რომ უმთავრესია, ბავშვმა ჯანმრთელობა გაიკაჟოს ისე, რომ 12 წლისამ შეიძლება არც იცოდეს, რა არის წიგნი, რადგან წიგნი ბავშვების უბედურების უდიდესი იარაღია.

 

რუსოსთვის სამაგალითო იყო ამერიკის კონტინენტზე არსებული, დაბალი სოციალური განვითარების საფეხურზე მყოფი ხალხები. ცნობილია, რომ კეთილშობილი ველურის ასეთი გაიდეალებული სახე თ. მორიდან (1478-1535) მოდის. არსებობს ევროპელ მოგზაურთა ნაჩქარევი დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, ამ ხალხების ზნეობა სანიმუშოდაა მიჩნეული. რუსო თავის ემილის 10 წლამდე სოფლად ზრდიდა და მხოლოდ დ. დეფოს (1660-17310) „რობინზონ კრუზოს“ აკითხებდა, რომელშიც აღწერილია უდაბურ კუნძულზე მოხვედრილი ევროპელი რობინზონისა და მის მიერ გადარჩენილი, მეზობელი კუნძულის ბინადართა მიერ ადგილობრივი ღვთაებისთვის შესაწირად განწირული ახალგაზრდის (პარასკევას) ხანგრძლივი ურთიერთობა.

 

რუსო აშკარად უტევდა დრომოჭმულ საზოგადოებრივ წყობილებას – კერძო საკუთრების საფუძველზე ადამიანთა შორის იმგვარ ურთიერთობას რომ აკანონებდა, რომლის მიხედვით, ერთი ადამიანი შეიძლება მეორის მონა ყოფილიყო (თუნდაც ნებაყოფლობით გაეყიდა საკუთარი თავისუფლება). ეს დაიწყო 1749 წლიდან, როცა რუსო დაპატიმრებული დიდროს სანახავად მიდიოდა. გზად წაუკითხავს გაზეთში დიჟონის აკადემიის განცხადება საკონკურსო თემის შესახებ, სათაურით: „ხელი შეუწყო თუ არა რენესანსიდან დაწყებულმა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ზნეობრივ პროგრესს?“. მე სხვა სამყარო დამანახვა ამ კითხვამ და ადამიანი გავხდიო, წერდა რუსო შემდგომ. 1750 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ნარკვევი მეცნიერებასა და ხელოვნებაზე“, რომელმაც პრემია დაიმსახურა, რუსომ ზემოხსენებულ კითხვას კატეგორიული პასუხი გასცა – „არა“.

 

რუსო არ ეთანხმება არც სოკრატესგან მომდინარე დებულებას და არც ფრ. ბეკონს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერება და ტექნიკა, ბუნებაზე ადამიანის გაბატონებასთან ერთად, მექანიკურად მოიტანდა საზოგადოების კეთილდღეობასა და ზნეობრივ სრულყოფას. აღნიშნულ ნაშრომში რუსომ საკითხი დააყენა მეცნიერებისა და, საერთოდ, კულტურის ღირებულებაზე. იგი შთამბეჭდავად მსჯელობს კულტურულად დაბალი დონის ხალხის ბედნიერებაზე, მათ ზნეობრივ სიწმინდეზე, რაც განპირობებულია მათთან ადამიანთა შორის უთანასწორობის, მდიდრისა და ღარიბის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის არარსებობით. განვითარებულ ხალხებში კი, მეცნიერება, ტექნიკა, ხელოვნება რაფინირებულს ხდის ჩაგვრას: ხელს უწყობს მას, თანაც ფარავს კიდეცო. ამ კონტექსტში რუსო შესთხოვს ღმერთს: „გვიხსენ ჩვენ მამათა განათლებისაგან, დაგვიბრუნე გულუბრყვილობა, უდანაშაულობა და სიღარიბე, რადგან მხოლოდ ისინია აუცილებელი ჩვენი ბედნიერებისთვის“.

 

რუსოს მიერ ადამიანთა პირველყოფილი მდგომარეობის პრიორიტეტის ხაზგასმა ბევრმა გაიგო, როგორც სიველურისკენ დაბრუნებისკენ მოწოდება, მათ შორის, ვოლტერმაც. როცა ამ უკანასკნელმა რუსოს მიერ დაწერილი წიგნი წაიკითხა, მისწერა: თქვენი წიგნის წაკითხვისას კაცს ოთხ ფეხზე დგომა მოუნდება… მე საკმაოდ მოხუცი ვარ საამისოდ… გარდა ამისა, ველურები ჩვენ უკვე გავაფუჭეთო. რაც შეეხება კანტს, მან სწორად გაუგო რუსოს და ჩათვალა, რომ რუსო ველურობისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ აჩვენებდაო, რა ძნელია, ადამიანმა საკუთარი დანიშნულება შეასრულოს.

 

უნდა ითქვას, რომ რუსო ყველანაირი კერძო საკუთრების მოსპობას  არ მოითხოვდა, ისევე, როგორც არ მოითხოვდა ველურობაში დაბრუნებას, როგორც ეს ვოლტერმა გააშარჟა. რუსო ეძებდა საშუალებას, მაქსიმალურად შეემცირებინა, აერიდებინა ცივილიზაციასთან დაკავშირებული მანკიერებანი. თავისი დროისთვის, არისტოტელეს მსგავსად, რუსოს მისაღებად მიაჩნდა საშუალო სიმდიდრის ფლობა, ანუ ისეთი კერძო საკუთრება, რომელიც ისე დიდი იქნება, რომ თავისუფლება წაართვასო თანამოქალაქეს, დაიმონოს ის და არც ისე მცირე, რომ იძულებული გახდეს კაცი, საკუთარ თავისუფლებაზე უარი თქვას.

 

კერძო საკუთრების წარმოშობისა თუ ბუნების ეს, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო ახსნა, რუსოს საკუთარი პოზიციის გამოსაკვეთად და მასების მისამხრობად სჭირდებოდა. გაკაფა რაო ეს გზა, მან წამოაყენა ის ღრმად დიალექტიკური მოსაზრება, რომელიც ძალიან მოსწონდა ფ. ენგელსს (1895-1973) და რომელიც, შეცვლილი სახით, დასავლური მარქსიზმის კორიფეების ძირითად დებულებად იქცა.

 

რუსოს ნარკვევი, რომელშიც იგი დარწმუნებულია ადამიანის მიერ ადამიანის დამონების, როგორც გადაგვარების მწვერვალის და მისი მოხსნის აუცილებლობის შესახებ, „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“, წიგნად გამოიცა და 1789 წელს, რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთის კონსტიტუციის საფუძველი გახდა.

 

ოჯახი რუსოსთვის არის „უძველესი და ერთადერთი ბუნებრივი საზოგადოება“, თუმცა იქაც კი ადამიანი თურმე თავისუფალი არ იბადება (ეს მისივე აზრს ეწინააღმდეგება, რომ ადამიანი თავისუფალი იბადებაო). ამ საკითხს რუსო არ უღრმავდება, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ ადამიანებმა დაკარგეს თავისუფლება და ვისაც ბატონი ჰგონია თავი, „სინამდვილეში მათზე არანაკლები მონაა“. თუმცა ადამიანი ბუნებით თავისუფალი იბადება, სანამ საზოგადოებრივი პირობითობები მას ამ თავისუფლებას წაართმევს.

 

მაინც გაურკვეველია, რომელ თავისუფლებაზეა საუბარი და რას გულისხმობს რუსო – სხეულებრივ თუ სულიერ მონობას… რუსოს სურდა მთელი საზოგადოება მიემართა საფრანგეთში არსებული აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ. იგი დესპოტიზმის ძალით დამხობას სავსებით გამართლებულად თვლიდა. ამით, მისი აზრით, თავისუფლება აღდგებოდა უმაღლესი გამოვლინებით. რუსოს ლოზუნგია სწორედ: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.

 

ჟან-ჟაკ რუსო წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო, ცხოვრებაშიც და სამეცნიერო თუ ლიტერატურულ შრომებშიც. თუმცა ყველგან და ყოველთვის ერთი, კონკრეტული ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დამცველად რჩებოდა. რუსოს, ამ დიდი მოაზროვნის, მემკვიდრეობა სამი სახით წარმოგვიდგება: I – ადამიანთა თანასწორობისა და ძმობის თანამიმდევრული დაცვა, ფილოსოფიაში, პედაგოგიკასა და ლიტერატურაში უკომპრომისო ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის; II – გერმანული იდეალიზმის (კანტი, ჰეგელი) ინტერპრეტაციით, ყოველი ადამიანის თავისუფლებისა და მისი შეუცვლელი ზნეობრივი ღირებულებების დაფუძნება; III – ბეკონისგან განსხვავებით, წარმოსახვის ძალის, როგორც საერთოდ ადამიანის შემოქმედებითობის (მათ შორის, მეცნიერული კვლევის) ძირითადი წყაროს გაგების დაცვა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა რუსოსთვის სპეციფიკურად ადამიანის მახასიათებელია, რუსოს აზრით, ცხოველს ის არ აქვს და არც უვითარდება. ასევე აქტუალურია რუსოს დებულება, რომ ადამიანის ენა მისი წარმოსახვისგან წარმოიშვა.

 

როგორც ინგლისელი მოაზროვნე, მე-19 საუკუნეში თავისუფლების იდეის ერთ-ერთი დიდი აპოლოგეტი, ჯ. სტ. მილი, ამბობდა თავის ნარკვევში „თავისუფლების შესახებ“ რუსოს მსოფლმხედველობაზე: „ეს ის იდეებია, რომელთა კვალი, რუსოს შემოქმედების შემდეგ, არასდროს გამქრალა მოაზროვნე ადამიანთა გონებიდან. დროთა განმავლობაში ისინი სათანადო შედეგს გამოიღებენ, თუმცა მათი ჭეშმარიტებაც, ისევე როგორც ნებისმიერი იდეისა, საქმით უნდა დამტკიცდეს, ვინაიდან სიტყვებმა უკვე ძალა დაკარგა“.

 

 

 

 

ქერქეჭელა „ემინე“

0

 

დილის შვიდ საათზე უკვე ჩაცმული და ნასაუზმები ვარ. ნასაუზმები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ყავა დავლიე და ფაფა მოვიხარშე. დანარჩენს გზაში შევჭამ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყლის ქერქეჭელა უნდა ჩავდგა. სიტყვა „ჩავდგაც“ ხმამაღალი ნათქვამია, მე გემზე ვიდგები და „ოჰოჰოიას“ ძახილით გავამხნევებ იმ ხალხს, რომლებსაც რეალურად ევალებათ კონტრაქტით ამხელა აპარატურის ზღვაში ჩაშვება. ქერქეჭელა ზღვის წყლის ქიმიურ ანალიზს გააკეთებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.

ქერქეჭელა ზღვაში EfxiNNOs პროექტის ფარგლებში განთავსდება.

EfxINNOs მიზნად ისახავს ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შავი ზღვის რეგიონში და პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის პლატფორმის ახალი, იაფი, ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი ქსელის შექმნას.

პროექტი აერთიანებს პარტნიორებს ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან, რაც მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და საზღვაო ინოვაციების განვითარებას.

ჩემი მეგზური თურქული ფოლკლორის მოტრფიალეა. სიმართლე გითხრათ, მეც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე, რადგან ზოგჯერ ასეთი ხალხური მელოდია და ტექსტებიც სასიამოვნო მოსასმენია. ახლა, ვინმემ არ მითხრას, ქართულ ფოლკლორს მოუსმინე, რაღა თურქული ჩაგირთავსო. ვუსმენ ბატონო და უფრო დიდი რაოდენობითაც. ეს კი იმ დღეს მეგზურმა აირჩია და შენი სიცოცხლე ვის ხელშიც არის და ვინც საჭეს ატრიალებს, არ უნდა გაანაწყენო და ყველაფერზე კვერი უნდა დაუკრა. თორემ, ვნახეთ გრიგოლეთთან ავარია, სადაც საცობში 40 წუთიც ვიდექით და სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.

ჰოდა, არის ასეთი მომღერალი „Ibrahim Tatlı Ses“ – ტკბილხმიანი იბრაჰიმიო. ჩემი აზრით, ყველაზე ტკბილი ხმა ჰამლეტ გონაშვილს ჰქონდა, მაგრამ იბრაჰიმსაც არა უშავს რა.

https://www.youtube.com/watch?v=epSGrMu8Kbc

 

„ოი, ოი, ოი ემინე,

არ მომიშორო გვერდიდან, რადგან ცხოვრებაში შენ და ჩემი რწმენა მყავხართ…

ძალიან მიყვარხარ, ემინე….“ და ა.შ. და ა.შ.

სახელი „ემინე“, იმდენჯერ მოვისმინე, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავედი, მტკიცედ გადავწყვიტე, ჩვენს ქერქეჭელას „ემინე“ დავარქვა.

მაშ ასე, ქერქეჭელა „ემინე“ ჯერ ნაპირზე გაიტესტა, მერე გემზე გადაინაცვლა და კაპიტანმაც ბრძანება გასცა:

 

  • ახსენით ღუზა!

 

ბევრი ვიცურეთ თუ ცოტა, დანიშნულების ადგილზე მივცურეთ და ყვითელ ბანტიანი „ემინე“ ზღვაში განვათავსეთ.

 

 

ნაპირზე დაბრუნებულმა სპეციალური აპლიკაცია გავხსენი, სადაც „ემინე“ უკვე ყველა მონაცემს აქტიურად გვაწვდიდა.

 

მაშ ასე, რას ზომავს „ემინე“?

წყლის ტემპერატურა, სიმღვრივე, გამტარობა, ქლოროფილის კონცენტრაცია, ჟანგბადის კონცენტრაცია, ჟანგბადით გაჯერება, ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილება (BOD).

 

ყველა პარამეტრის საშუალო მონაცემები 1-9 მაისის ჩათვლით შემდეგნაირად გამოიყურება.

ამ მონაცემებიდან, ზოგიერთის გაზომვა ლაბორატორიაშიც შესაძლებელია. მაგ. ჟანგბადის კონცენტრაციის ლაბორატორიაში გასაზომად შემდეგი პროტოკოლი გამოგვადგება.

 

საჭირო მასალები:

 

  1. წყლის ნიმუში: ნიმუში, რომლის ჟანგბადის შემცველობა (BOD) უნდა გაიზომოს;
  2. ჟანგბადის შემცველობის (BOD) ბოთლები: 300 მლ ბოთლები, რითაც ნიმუშში დაბინძურებას შევამცირებთ;
  3. ვინკლერის რეაგენტი: მანგანუმის სულფატი (MnSO₄) და ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი;
  4. ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი (0.025 N): გამოიყენება გატიტვრისთვის;
  5. სახამებლის ხსნარი: გატიტვრის ინდიკატორი;
  6. კონცენტრირებული გოგირდმჟავა (H₂SO₄): ნალექის გასახსნელად;
  7. გამოხდილი წყალი: განზავებებისა და ანალიზებისთვის;
  8. ინკუბატორი: ინკუბაციისთვის ინახება 20°C ტემპერატურაზე;
  9. პიპეტები და ბიურეტები: ზუსტი გაზომვებისთვის.

 

მეთოდოლოგია:

 

BDO-ს საწყისი განსაზღვრა

  1. მომზადება:

წყლის ნიმუში შეაგროვეთ 300 მლ-იან BOD ბოთლში, დარწმუნდით, რომ ჰაერის

ბუშტები არ არის ჩაჭედილი.

თუ ნიმუში მდიდარია ორგანული ნივთიერებით, გააზავეთ გამოხდილი წყლით.

დაამატეთ ვინკლერის რეაგენტი:

1 მლ. მანგანუმის სულფატის ხსნარი, შემდეგ 1 მლ ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი.

ფრთხილად დაახურეთ თავსახური ბუშტების თავიდან ასაცილებლად.

შეანჯღრიეთ ბოთლის რამდენჯერმე გადაბრუნებით. ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში ყავისფერი ნალექი (MnO₂) წარმოიქმნება.

 

ნიმუშის ფიქსაცია:

დაამატეთ 1 მლ. კონცენტრირებული გოგირდმჟავა. კვლავ გადააბრუნეთ ბოთლი ნალექის სრულად გასახსნელად.

 

გატიტვრა:

ჩაასხით ფიქსირებული ნიმუშის ნაწილი კონუსურ კოლბაში. დაამატეთ სახამებლის ხსნარის რამდენიმე წვეთი (ინდიკატორი).

გატიტვრა მოახდინეთ ნატრიუმის თიოსულფატით, სანამ ლურჯი ფერი არ გაქრება. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.

 

ჟანგბადის შემცველობის საბოლოო განსაზღვრა. ინკუბაცია: შეინახეთ დარჩენილი წყლის ნიმუში დალუქულ BOD ბოთლში 20°C ტემპერატურაზე, სიბნელეში 5 დღის განმავლობაში. ეს ხელს უშლის წყალმცენარეების აქტივობას ან ჟანგბადის  სინათლით გამოწვეულ ცვლილებებს.

კიდევ ერთხელ განსაზღვრეთ ჟანგბადის შემცველობა.

5 დღის შემდეგ გაიმეორეთ ფიქსაციის, მჟავიანობის და ტიტრაციის ეტაპები, როგორც პირველ დღეს. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.

სამუშაო ფორმულა:

BOD (მგ/ლ)=(V1-V2)XNX8

სადაც:

V1: თიოსულფატის მოცულობა საწყის DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;

V2: თიოსულფატის მოცულობა საბოლოო DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;

N: თიოსულფატის ნორმალობა;

8: ჟანგბადის ეკვივალენტური რაოდენობა.

უკანა გზაზე მხოლოდ საღამოსღა გამოვბრუნდით. გზად კვლავ იბრაჰიმის ტკბილი ხმა „ემინეს“ უმღეროდა. ოღონდ, ახლა „ემინეზე“ არა მხოლოდ სიმღერას ვისმენდი, მის გადმოცემულ მონაცემებსაც ვადევნებდი თვალს.

ხალისით „ჰობიზე“

0

 

უცხო ენის სწავლის პროცესში მოსწავლეებს საუბრისა და წერისას შეცდომების დაშვების შიში უჩნდებათ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება შემაფერხებელ გარემოებად იქცეს. ამიტომ  ჰუმანისტური მეთოდის გამოყენება და ემპათიის გამოჩენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მეექვსე კლასში ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ლოიალურობის გამოჩენასა და მოსწავლეთა წახალისებას უკეთესი შედეგის მოტანა და მათი აქტიურობის პროვოცირება შეუძლია.

გაკვეთილის თემა იყო „Хобби“. თავდაპირველად მოსწავლეებს ავუხსენი სიტყვების: Увлечение (გატაცება), Увлекаться (იყო გატაცებული) მნიშვნელობა. შემდეგ კი ამ სიტყვებთან გამოსაყენებელი არსებითი სახელის ბრუნვა (Творительный Падеж).

იმისთვის, რომ გაკვეთილი მათთვის ბევრად სახალისო და საინტერესო გამოსულიყო, გადავწყვიტე, გვემსჯელა Н.Носов-ის ზღაპრიდან  „Приключения незнайки“ მთავარი გმირის, Незнайка-ს ჰობიზე.

კონსტრუქტივიზმის მეთოდის გათვალისწინებით,  მოსწავლეებს დავავალე გაეკეთებინათ და წარმოედგინათ პრეზენტაცია, სახელწოდებით,  „ჩემი ჰობი“. ჰუმანისტური მიდგომის თანახმად, ვეცადე მათთვის მეტი თავისუფლება მიმეცა და მოვუწოდე, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად გახსნილი.

განვუმარტე, რომ, რასაკვირველია, გრამატიკული წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შეცდომები ამ შემთხვევაში შეფასებაზე არ იმოქმედებდა. ისინი მოტივაციისა და ძალისხმევის გამოჩენის კვალობაზე შეფასდებოდნენ. ამ პირობამ მათზე დადებითად იმოქმედა და ავტოპრეზენტაციას დიდი მონდომებით შეეცადნენ.

დაპირებისამებრ, ემპათია გამოვიჩინე. ყოველი მოსწავლის გამოსვლისას, მათი ნაშრომის წვრილმან დადებით დეტალებსაც კი შესაბამისად ვიღებდი. დადებითი უკუკავშირი მათთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა. ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ პროცესში, წარმოადგინეს პრეზენტაციები, ერთმანეთს დაუსვეს კითხვები, ხალისით ჰყვებოდნენ თავიანთ გატაცებებზე და კლასს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. არ ჰქონდათ უხერხულობის გრძნობა, რაც განსაკუთრებით მომეწონა.

ეს  ერთ-ერთი მოსწავლის (გ. ჭარელიძე) პრეზენტაციაა.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ საგანგებოდ ვამახვილებინებდი ყურადღებას იმ სიტყვებზე, რომლებიც არასწორად წარმოთქვეს, რათა სწორი ფორმით შესძლებოდათ მათი დამახსოვრება. აღმნიშნავდი პოზიტიურ მომენტებს.

საბოლოოდ, ჩემი მიდგომა ძალიან ეფექტური გამოდგა, რადგან ბავშვებმა მონდომება გამოიჩინეს, ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს და სწორი ფორმით იწერდნენ და იმახსოვრებდნენ სიტყვებს.

 

 

თამაში, რომელსაც გონება მიჰყავს გამარჯვებამდე ანუ ინტელექტუალური თამაშების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0

ამას წინათ მეგობარმა მთხოვა, გამეგზავნა კითხვები სკოლაში მიმდინარე ინტელექტუალური კონკურსისთვის „რა? სად? როდის?“

ამ კონკურსში სკოლა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული და ბავშვებიც ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ მის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

გასულ წელსაც იგივე თხოვნა მივიღე და მეც საკმაოდ ვიხალისე კითხვების შედგენისას. წელს კი დავფიქრდი იმაზე, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მსგავს საგანმანათლებლო თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსით მოსწავლეებისთვის და რამდენად ეფექტური და ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის.

თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება აუცილებლობა, რომ სწავლება არ იყოს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა — ის უნდა იქცეს შემოქმედებით, ინტერაქციულ პროცესად. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, ვფიქრობ, არის ინტელექტუალური თამაშები.

სკოლაში, სადაც მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნება რთულია, ამგვარი აქტივობების ჩართვა სწავლას აქცევს საინტერესო, აზარტულ და მრავალმხრივ განვითარებად პროცესად.

რატომ ინტელექტუალური თამაშები?

ინტელექტუალური თამაშები (როგორებიცაა რა? სად? როდის?, ვიქტორინა, ლოგიკური დავალებები თუ გამოცანები) არ არის მხოლოდ გართობა:

  • მოტივაციას ზრდის — სახალისოა ბავშვებისთვის;
  • აქტიურად მუშაობს გონება — ლოგიკური, კრეატიული, ასოციაციური და კრიტიკული აზროვნება ერთდროულად ერთვება;
  • მოსწავლეებს უმაღლდებათ თვითშეფასება — სწორი პასუხი, ერთგვარად, გამარჯვებასთან ასოცირდება;
  • ავითარებს გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს — თამაშების უმეტესობა გუნდურ ფორმატში ტარდება.

რომელ საგნებში შეიძლება გამოყენება?

ინტელექტუალური თამაშები უნივერსალურია. მათი ადაპტაცია თითქმის ყველა საგნისთვის შეიძლება.

გარდა ამისა, ინტელექტუალური თამაშები კომპლექსურად ავითარებს მრავალფეროვან საბაზისო და მეტაკოგნიტურ უნარებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაც არის განსაზღვრული:

  • ლოგიკური აზროვნება
  • კრიტიკული და ანალიტიკური წვდომა ინფორმაციაზე
  • გუნდური მუშაობა და დისკუსია
  • ემოციური ინტელექტი — სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა
  • სიტყვის გამართულობა და აზრის ჩამოყალიბება
  • დროის მართვა და სტრატეგიული აზროვნება

ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან. ინტელექტუალური თამაში გართობას და გამოწვევას აერთიანებს — ეს ერთგვარი გონებრივი „სპორტია“, რომელიც მათი ასაკისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია.

განსაკუთრებით შედეგიანია თემატური თამაშები (მითოლოგია, დეტექტივი, სამეცნიერო ვიქტორინა), ნაკლებად ფორმალური გარემო (წრეებში, გუნდებში, კლასგარეშე გაკვეთილებზე), ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებასთან (ცნობილი ფრაზების ან სიმბოლოების ახსნა ყოველდღიურ კონტექსტში)…

პრაქტიკული მაგალითები

  • სიმბოლოს გამოცნობა ლიტერატურაში: მოსწავლეებს წარედგინებათ აღწერა, და მათ უნდა გამოიცნონ სიმბოლო (მაგ. ცეცხლი, მზე, რძე).
  • ვინ იყო ეს? ისტორიაში: მინიშნებებით თანდათან იხსნება ისტორიული პირის ვინაობა.
  • გადაარჩინე გმირი! ბუნებისმეტყველებაში: მოსწავლეებმა ლოგიკით უნდა დაადგინონ, როგორ დააღწიონ თავი საფრთხეს.

ინტელექტუალური თამაშები საგაკვეთილო პროცესში არ არის მეორეხარისხოვანი  — ის, შესაძლოა, იქცეს სასწავლო პროცესისთვის მთავარ მოტივატორად.
ისინი აერთიანებს ცოდნას, აზროვნებასა და თამაშით შეძენილ გამოცდილებას — სწორედ იმ ასპექტებს, რომლებიც ბავშვების ნამდვილ განვითარებას უწყობს ხელს.

მასწავლებლის როლიც იცვლება — ის ხდება მოთამაშემმართველი, რომელსაც შეუძლია ბავშვებს დაუტოვოს სივრცე იფიქრონ, იკამათონ.

კითხვა განსჯისთვის:
შეიძლება კი ისეთი გაკვეთილი, რომელშიც ბავშვები „თამაშობენ“, აღმოჩნდეს გაცილებით პროდუქტიული, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილი?
ვფიქრობ, შეიძლება.

თქვენ რას ფიქრობთ?

როგორ დავგეგმოთ ინტელექტუალური თამაში:

  1. განსაზღვროთ მიზანი

რა გვინდა, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ან განიმტკიცონ ამ თამაშით:

  • ლიტერატურულ პერსონაჟებთან ასოციაციური კავშირი,
  • ისტორიულ მოვლენათა თანმიმდევრობა,
  • ლოგიკური აზროვნების სტიმულირება.
  1. შექმნათ შესაბამისი კითხვები, რომლებიც მოსწავლემ შეიძლება გამოიცნოს მინიშნებებით, არ მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას, იწვევს მსჯელობას ან კამათს გუნდში (თუმცა, ზოგჯერ ფაქტობრივი ცოდნის გააქტიურებაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, სხვადასხვა საკითხზე ფოკუსირებისთვის).
  2. კითხვები (და პასუხებიც ) ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ ორაზროვნება გამოირიცხოს.
  3. მოსწავლეები დავყოთ 3-5 კაციან ჯგუფებად.
  4. 5. ყურადღება მივაქციოთ დროს: კითხვაზე — მაქსიმუმ 1 წუთი.
    შესაძლოა, წინასწარ განვსაზღვროთ კიდეც გუნდის სპიკერი, რომელიც პასუხს გამოაცხადებს.

ძალიან ხშირად ინტელექტუალური თამაშები სცილდება ვიწრო საგაკვეთილო პროცესს და საერთო სასკოლო აქტივობად იქცევა ხოლმე, რასაც უკვე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეებისთვის ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობას, ამაზე, ვფიქრობ, მასწავლებლების მოსაზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია:

ნათელა წულაია, სსიპ ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ინტელექტუალური თამაშის, „აბას“ ორგანიზატორი
„ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, საწინააღმდეგო აზრის კორექტულად დაფიქსირებას. უჩნდებათ ინტერესი სხვადასხვა საგნის მიმართ, ბევრს კითხულობენ, უყურებენ ფილმებს, სპექტაკლებს, უსმენენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და იძიებენ უამრავ ინფორმაციას, ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მუშაობენ ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო საგნებში, იფართოებენ და იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, ეს თამაშები ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, მხარში დგომასა და მხარდაჭერას სწავლობენ. ყოველწლიურად იკვრება კარგი ინტელექტუალური გუნდი, რომელიც სკოლის სახელით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს და ჩვენთვის კარგი დასაყრდენია. უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა და ახალბედა, გამოუცდელ ბავშვებს უფროსები ყველაფერში მხარში უდგანან და ეხმარებიან.

ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესია, ვცდილობთ, ისეთი კითხვები შევადგინოთ, რომ გავითვალისწინოთ მათი ასაკი, შესაძლებლობები. თამაშისას ხშირად შეგვიცვლია კითხვები, როცა რომელიმე გუნდი ზედიზედ ვერ ახერხებს ქულის აღებას – მარტივ შეკითხვას ვაძლევთ ხოლმე, რომ მოტივაცია მიეცეთ. ამით თამაში ცოცხლდება და პროცესი ისევ იძენს აზარტს.

რაც მთავარია, გუნდები შეთანხმებულად, ურთიერთშეთანხმებით მუშაობენ და ეხმარებიან ერთმანეთს“.

ნათია დავითაია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი:

„ჩვენი სკოლა ფეხს ნამდვილად უწყობს გამოწვევებს და ცდილობს, მხოლოდ სასკოლო საგნებზე არ იყოს ორიენტირებული, მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეს და გარკვეული აქტივობებით განუვითაროს ის უნარები, რომლებიც აუცილებელია სამომავლოდ. ამიტომ სწავლებისას მიზნად ვისახავ, ვიპოვო და მოსწავლეებამდე მივიტანო სწავლების ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ისინი მეტს ისწავლიან და სკოლაც აღარ იქნება უწინდებურად მოსაწყენი.  ვფიქრობ, მხოლოდ სწავლების შინაარსი კი არ უნდა იყოს მასწავლებლის ყურადღების ცენტრში, არამედ იმ მეთოდების პოვნაც, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისით აითვისებენ თემას.

ამ მიზნის მისაღწევად  წლების განმავლობაში არაერთი თამაში თუ აქტივობა შემიქმნია. მათ შორის გამორჩეულია „რა? სად? როდის?“ – ზუსტი სატელევიზიო ფორმატით. აღნიშნული მეთოდი სასკოლო სივრცისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა. გარდა იმისა, რომ ამ თამაშებმა მათ მისცა მოტივაცია, უფრო მეტი განათლება მიეღოთ, ასევე მისცა საშუალება, გამოევლინათ მრავალფეროვანი უნარები: დაგეგმვის, სცენარის შექმნის, ჯგუფური მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემის. მსგავსი გარემო ურთიერთობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა. ამ დროს მოსწავლეები საერთო მიზნის, ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან, ერთმანეთისადმი ნდობა და პატივისცემა უყალიბდებათ.

პირველი სეზონის დასაწყისში პროცესს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა უკვე მესამე წელია გრძელდება და აქტუალურობას არ კარგავს. ყოველი სასწავლო წლის მეორე სემესტრის დადგომას ჩვენს სკოლაში ახალი სეზონის მოლოდინი ახალისებს. სეზონისთვის მზადებას კი მოსწავლეები თავად იწყებენ, ყოველგვარი ძალდატანებისა და მითითებების გარეშე.

ბედნიერი ვადევნებ თვალს ამ ფაციფუცს და ვფიქრობ, დიახ,  მიზანს მივაღწიე.“

ინტელექტუალური თამაშები სასკოლო გარემოში ხელს უწყობს როგორც საგნობრივი უნარების განვითარებას, ისე სოციალიზაციასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

ინტელექტუალურ თამაშებს გაკვეთილზე სიხარული, ინტერესი და კვლევის სურვილი შემოაქვს. როცა ბავშვები სწავლობენ თამაშით, ისინი აღარ ეძებენ სწავლისგან გაქცევის გზებს — ისინი თვითონ ეძებენ ცოდნას. ასეთ გარემოში გაკვეთილი აღარ არის რუტინა, არამედ ხდება თავგადასავალი, სადაც ბავშვები სწავლობენ აზროვნებას, თანამშრომლობას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ინტელექტუალური თამაშები არ უნდა იყოს მხოლოდ პერიოდული აქტივობა — ისინი უნდა იქცეს სწავლების ბუნებრივ ნაწილად. ასე აღვზრდით შემოქმედ და მოაზროვნე თაობას, რომელსაც სწავლა უყვარს.

ისკარიოტის ეკლები – ბრალი თუ გამართლება

0

 ფიქრები მაკა ჯოხაძის რომანზე „ისკარიოტის ეკლები“

ამ წერილის დასაწერად ჯერ კიდევ აღდგომის მარხვაში ვემზადებოდი. წიგნის კითხვაც იმ დროს დავასრულე. დიდი წონასწორობის განცდამ შემიპყრო – თითქოს წიგნებიც, წასაკითხად, სრულიად არაშემთხვევით დროს გვეძლევა. ზუსტად იმ დროს, როცა მათი ენერგია სამყაროს უმთავრეს ვიბრაციულ ტალღებს ემთხვევა და როგორც პოეტი იტყოდა, „გაღებულია სამოთხის კარი“… სწორედ დიდმარხვაში, აღდგომის მოლოდინში უნდა წამეკითხა ეს წიგნი.

მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“.

არამხოლოდ შინაარსის გამო; არც იმის გამო, რომ ეს ზღვასავით ღრმაწყლოვანი წიგნი სახარებისეულ ამბებთან ერთად მის ატმოსფეროსაც ინარჩუნებს და რაღაც მისტიკურ, ერთდროულად უცხო და ნაცნობ სამყაროში შეჰყავხარ.

მიზეზი რამდენიმეა და მათგან მთავარი მაინც ის მგონია, რამაც პირადად ჩემზე იმოქმედა – ეს წიგნი შენში რაღაცას ცვლის. მხატვრულ-ესთეტიკური სიამოვნების გარდა, დიდ დარდსაც განიცდი, დარდი კი, ხომ ვიცით, რა მანათობელიცაა… ადამიანობის გამღვიძებელი და გამღვივებელი.

მაკა ჯოხაძე პირველად წერილების კრებულით გავიცანი. „მზერის გადანაცვლება“ – ასე ჰქვია ამ კრებულს, თუმცა მე რომანივით წავიკითხე. საერთოდაც, ყველაფერი, რასაც ამ მწერლის ფიქრი და სიტყვა შეეხება, რენესანსული მასშტაბით და ძალმოსილებითაა სავსე, დოკუმენტური მოვლენა და მასალაც მხატვრულ სინამდვილედ იქცევა და კრიტიკული მსჯელობაც ღრმა ფილოსოფიურ ფიქრად.

ჯერჯერობით „ისკარიოტის ეკლები“ მისი ბოლო რომანია, რომელიც ცოტა ხნის წინ „ინტელექტმა“ დასტამბა. სათაურიდანვე ცნაურდება, თუ ვინ უნდა იყოს მისი მთავარი გმირი – ქრისტეს ისკარიოტელი მოწაფე, ქრისტიანობის ორიათასწლოვან ისტორიაში გაცემისა და ღალატის არქეტიპად ქცეული ანტიგმირი – იუდა.

ეს ის პერსონაჟია, ვინც დღემდე აფორიაქებს არამხოლოდ მორწმუნეებს, არამედ (და, ალბათ, უპირველესად) ხელოვანებს, ფილოსოფოსებს და მოაზროვნეებს. რადგან, იშვიათია იმგვარად წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული პერსონაჟი, როგორიც იუდაა. შეიძლება ითქვას, რომ ის სახარების – ამ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული წიგნის – ჩრდილოვანი მხარეა, ქრისტეს მეორე ნაპირია, სადაც მაცხოვრის ადამიანური არსებობა უნდა დასრულდეს. იუდა სიკვდილის ანგელოზია. ამ წინააღმდეგობრიობას მის მიმართ კაცობრიული დამოკიდებულებაც ქმნის – მასზე მსჯელობენ, განჩხრეკენ, ეძიებენ, სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩენენ; ვინ არის იუდა – მოღალატე თუ „ანტირჩეული“? ქრისტეს ნების აღმსრულებელი თუ უსინანულო თვითმკვლელი?..

წმინდა ოთხთავში იუდას შესახებ მოციქულები ძუნწად ჰყვებიან: ყველაზე ადრინდელ – მარკოზის სახარებაში, ავტორი მას უბრალოდ „იესოს გამცემს“ უწოდებს; მათეს სახარებაში იუდას ღალატის მიზეზი ანგარებაა; იოანეს სახარებაში იუდა არა მარტო ხარბი, არამედ ქურდიცაა; თუმცა, იოანესთანაც, ისევე როგორც ლუკასთან, ჩნდება კიდევ ერთი აქცენტი – „სატანა შევიდა იუდაში“ – ეს ფაქტი, თითქოს ათავისუფლებს კიდეც იუდას ზნეობრივი პასუხისმგებლობისგან.

ნეტარი ავგუსტინესთვის, ყველაზე მეტად დასაგმობი იუდას ისტორიაში არა გაცემა, არამედ მისი თვითმკვლელობაა. ამით მან მონანიების მისტერიაზე თქვა უარი. თუმცა, შუა საუკუნეების ხელოვნებაში ნეტარი ავგუსტინეს საპირისპირო აზრიც გამოითქვა – არაერთი მხატვრის, მუსიკოსის თუ მწერლის მიერ დამუშავებულ იუდას თემაში, ამ უკანასკნელის თვითმკვლელობა სწორედაც რომ მონანიების უკიდურეს აქტად მოიაზრება.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნში „იესო ძე კაცისა“, იუდას დედა შვილის განსაკუთრებულ პატრიოტიზმზე საუბრობს. ჩვიდმეტი წლისა უკვე ატანილი იყო რომაელთა სიძულვილით და შეიპყრეს კიდეც, ისრები რომ ესროლა რომაელ ლეგიონერებს, ჩვენს ვენახთან როცა ჩაიარეს. ჯერ კიდევ ამ ასაკში ისრაელის დიდებაზე ელაპარაკებოდა სხვა ჭაბუკებს და იმდენ უცნაურ რაღაცას ამბობდა, მე დიდი არაფერი გამეგებოდა...“. სიბორეას, იუდას დედის ამ ნათქვამში ფარული აზრია – იუდა იესოსგან ისრაელის ხსნას ელოდა, რასაც ქადაგებდა კიდეც ნაზარეველი წინასწარმეტყველი, თუმცა მისგან მხოლოდ კურნებასა და სხვა სასწაულებს ხედავდა, რომაელებთან აშკარა წინააღმდეგობას კი ვერა… იუდას მოტივაციად, მისი პატრიოტული გრძნობის მოხმობა სხვა ხელოვანებთანაც გახმიანდა…

მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ სრულიად ახალი სიტყვაა იუდას თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს შორის. მწერალმა ურთულესი ამოცანა დაისახა – იუდას ისტორიის „კანონიკური“ თხრობა, რომლის შედეგადაც ამ ტრაგიკული გმირის ახალი მხატვრული სახე შეიქმნა.

წიგნის კონცეფცია სახარებისეულ გადმოცემას ეფუძნება – ცოდვით დამძიმებულ სამყაროს ღმერთი თავის ძეს მოუვლენს მხსნელად, ხოლო მისივე მოციქული გასცემს მესიას… სწორედ ამ მოცემულობის არქეოლოგია იშლება ჩვენს თვალწინ – მაკა ჯოხაძე იმ პირველსაწყის მიზეზებს ეძიებს, საიდანაც იუდას პიროვნება უნდა ამოიზარდოს.

რომანი, შეიძლება ითქვას, რომ ორ ნაწილად იყოფა – ქრისტეს (ჭეშმარიტების) გამოჩენამდე და ქრისტესთან ერთად. ამ ორ ფაზაშია მოქცეული იუდას დრამატული, შფოთითა და ცოდვით სავსე თავგადასავალი. თხრობის პირველი (ქრისტემდელი) ეტაპი იუდას დაბადებისა და „გამოსვლის“ ამბავს აღწერს – სიზმარ-ხილვებით, მისი დევნილობითა და სისასტიკით დამუხტულს. ამ ამბის უმთავრესი ხატი კი დედაა – აბიგაილი – შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერებით სავსე, ნატიფი და მისტიკური ქალი, რომელიც შვილის მსგავსად, თავადაც სახარებისეული გარდამოცემის „მსხვერპლია“.

დიდი ხნის უშვილო ცოლ-ქმარი – აბიგაილი და სიმონ-როველი, ერთ დღეს შეიტყობენ, რომ მალე მშობლები გახდებიან. თუმცა, მათი სიხარული დარდით და ძრწოლით იცვლება – აბიგაილს საშინელი სიზმრები/ხილვები ტანჯავს, მის შფოთს კი მისი მეუღლეც იზიარებს. ეს სიზმარ-ხილვები ქალს მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებენ, რაღაც გარდაუვალ ბოროტებაზე მიანიშნებენ. „ამის გაჩენას მირჩევნია, მოვკვდე…“, – ამბობს დედა, რომელიც მშობიარობის შემდეგ, ქმართან ერთად, საკუთარ პირმშოს შეთქმულებას მოუწყობს – ხის პაწია ხომალდში აწვენენ და თავიდან იშორებენ…

აბიგაილის ეს საქციელი მისი დედური ალღოს ჯანყია იმ როლის წინააღმდეგ, რომელიც ამ უცნაურ, სამყაროსეულ ამბავში მას დაეკისრა. მშობლის წიაღიდან განკვეთილ ჩვილს კი თან მიაქვს დაუფარავი ბოღმა და შურისძიების ჯერჯერობით სუსტი წყურვილი, რომელსაც საკუთარი სხეულივით გამოზრდის და საშინელ პასუხად დაუბრუნებს მათ, ვინც წესით, ყველაზე ძვირფასია… ღრმა ფსიქოლოგიური პლასტებით იხატება იუდას დედის პორტრეტი, ზღაპრის პასაჟით დაწყებული (მის შიშველ მკერდზე მიკრული ჩვილი იუდა, დედას ძუძუს კერტს მოაჭამს), ოიდიპოსური ტრაგიზმით დამთავრებული (მრავალი წლის შემდეგ, იუდა საკუთარ მამას კლავს, დედა კი ცოლად მოჰყავს, ოღონდ გვიანღა გაიგებს, რომ აბიგაილი დედამისია). უშურველი სინაზით შექმნილ ამ პორტრეტში („აგვისტოს ხვატში მოულოდნელად ჩამოვარდნილ თოვლის ფიფქს ჰგავდა აბიგაილი“) მაინც მჟღავნდება მწერლის სინანული – აბიგაილს რომ ეს შფოთვა და შიში დაეძლია, არც სიყვარული დაეშურებინა და არც შუა ზღვაში მიეტოვებინა უმწეო ჩვილი, იქნებ სულ სხვანაირად გაგრძელებულიყო იუდას ამბავი? იქნებ შეცვლილიყო რაღაც სამყაროს წონასწორობაში და ერთი ცოდვილი სული გადარჩენილიყო, რადგან არავის აქვს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე დედას და აბიგაილიც არ იყო შემთხვევითი ქალი!.. თუმცა, ვერც ის აღმოჩნდა სათანადოდ ძლიერი და დაისაჯა კიდეც. მასთან ერთად კი, მისი შვილი და მთელი კაცობრიობაც.

საერთოდაც, „ისკარიოტის ეკლები“ დიდი შინაგანი ვიბრაციებით დამუხტული რომანია, რომელიც მუდმივად უტრიალებს სწორედ არჩევანის შესაძლებლობის თემას. იმ საკრალურ მოცემულობაშიც კი, სადაც ათასწლოვანი წინასწარმეტყველებითაა დამოწმებული ყველა როლი და მოვლენა, მუდმივად არსებობს ეს შესაძლებლობათა ველი, ამბის გარდაქმნის, გმირის სულიერი გარდატეხის, არჩევანის ცვლილების პერსპექტივა. ამის გამოც არის სახარება ასეთი უნიკალური ტექსტი და ამიტომაცაა, ზოგადად, ქრისტიანობა, თავისუფლების წარმოუდგენლად ძლიერი სულით სავსე. „ისკარიოტის ეკლებში“ ეს პერსპექტივები მუდმივად იგრძნობა – მაშინაც, როცა ყოველი ცოდვით დაცემის შემდეგ, იუდას ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან, ვინც გადარჩენის შანსს აძლევენ მას და, მაშინაც, როცა თითქოს ყველაფრით „ვალმოხდილი“ და ქრისტეგაცემული გამოსავალზე ფიქრობს.

რას ნიშნავს ისკარიოტის ეკლები? ეს ყველა ის ვნება და შეცოდებაა, ბოროტება და სისუსტეა, რომლებიც გვბოჭავენ და აღარ გვაძლევენ საკუთარი არჩევანის შესაძლებლობას. იუდას შემთხვევაში ეს – მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, შური, ვერცხლისმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარულია. მას არ უყვარს ოცნება და განსჯა. არ აქვს წარსული, რადგან „მხოლოდ უწარსულო აწმყოა მსუბუქი და სანატრელი, დარდისა და სინანულისგან დაცლილი“. უყვარს ამ ადამიანური ჭმუნვებისგან თავისუფალი სიმსუბუქე, უფრო სწორად – სიცარიელე, რომელსაც არა აქვს ფესვი. მხოლოდ ეკლები აქვს. და ისინი ისკარიოტის მიწისფერია.

მაკა ჯოხაძე ხატავს იუდას, რომელიც დაბადებიდანვე ამ ეკლებითაა გულდაჩხვლეტილი. ყველაფერი დესტრუქციულია მასში და რასაც ეხება, ანგრევს, ანადგურებს. თითქოს სამყარომ სწორედ თავისი ბოროტების გამო გამოარჩია იმ როლისთვის, მესიის ისტორიაში რომ უნდა ითამაშოს… მისი ცხოვრების სამივე ტოპოსში – ისკარიოტი-იერუსალიმი-კაპერნაუმი – მისი სულიერი ხაზი უიმედოდ დაღმავალია, ის ვერც ვერაფერს სწავლობს და არც აქვს ამის სურვილი. მკითხველი კი დაძაბული მოლოდინით ელოდება მისი თავგადასავლის მთავარ გარდატეხას – ნაზარეველ წინასწარმეტყველთან მის შეხვედრას…

საინტერესოა, რომ თუკი ამ მომენტამდე, ძირითადად, მწერლის ფანტაზიით შეთხზულ სამყაროში ვმოგზაურობდით, ამის შემდეგ – კაპერნაუმში, ქრისტესთან მისი შეხვედრის წუთიდან – უკვე სახარების ნაცნობი ეპიზოდებით გრძელდება თხრობა. იუდაც ამ ეპიზოდებს იერუსალიმის სასახლის პალატებივით გაივლის… ყველა დეტალი ნაცნობია (მეძავის ამბავი, მარიამის ისტორია, ორი ავაზაკი), თუმცა მაინც არ გტოვებს მძლავრი განცდა რაღაც მოულოდნელობისა, რაღაც ისეთისა, რაც თუნდაც ორიათასწლოვან ისტორიაში, პირველად უნდა აღმოაჩინო, ან, იგრძნო, რომ ამაზე შენც არაერთხელ გიფიქრია, უბრალოდ, სახელი ვერ დაგირქმევია…

იუდა ქრისტესთან არა სინანულმა, არამედ ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა. არა სულიერმა კრიზისმა და ხსნის სურვილმა (როგორც მის გარშემო ათასები), არამედ იმ ძალაუფლების ხიბლმა, რომელსაც ხალხით გარშემორტყმული მაცხოვარი ასხივებდა. მანამდე ჰეროდე ანტიპას ქვეშევრდომიც იყო და ძალაუფლების სილამაზით იქაც ტკბებოდა. ახლა კი ქრისტეს აედევნა, ეგონა, რომ მალე გამეფდებოდა და მასაც გვერდით ამოიყენებდა, მით უფრო, რომ თავიდანვე უთხრა მაცხოვარმა – მონად კი არა, მეგობრად მიგიღეო. მიიღო კიდეც – მოწაფეების საშემოსავლო სალარო მას ჩააბარა. იუდა განკარგავდა ყველა ვერცხლს, ანგარიშობდა და ფლობდა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გაუგო – არ ესმოდა მისი უანგარო და უშურველი სიკეთე, მადლიერების გამოსახატად ქრისტესათვის „დაქცეული“ ნელსურნელება, მოძღვრის „ფუჭად“ გაფანტული ძალა, მაშინ, როცა შეიძლებოდა, ამ სასწაულებრივი ნიჭებისგან ძალაუფლების სრულიად სხვა გოდოლები აეშენებინათ!..

იუდას ისევ თავისი ეკლები ღუპავს – ცოდვის სამსჭვალები გულში. და მერე, ყველაფერი ისეა, როგორც სახარებაში – 30 ვერცხლად გასცემს, ქრისტეს ჯვარს აცვამენ, იუდა კი თავს იკლავს…

თითქოს მთელი ეს პერსპექტივა, რომლითაც აქამდე რომანის შინაგანი სივრცეები ელვარებდა, უეცრად იქუფრება და ვიწროვდება… და უცებ, იმ დროს, როცა ხეზე ჩამოკიდებული საბელი ყელზე ყულფად მოიხვია იუდამ, გოლგოთის თხემზე, ჯვარცმულ იესოს აღმოხდა: მწყურია!

„იესოს წყალი კი არა, იუდას სინანული სწყუროდა“.

აქ იხსნება საბოლოო კვანძი და მთელი რომანის სათქმელიც ცნაურდება – ეს წიგნი სინანულზეა, დიდ სინანულზე, ამქვეყნად ყველაზე მაფხიზლებელ გრძნობაზე, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს მომაკვდინებელ ცოდვას…

იუდამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მისი განაჩენი მისივე უპერსპექტივობაა, ხოლო მისი ტრაგედია – გაკვეთილი კაცობრიობისთვის;

მათთვის, ვინც ღალატის და გაცემის მეტაფორას დღემდე იუდას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ამბავი ამით სრულდება;

ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ განაჩენია ისკარიოტის ეკლები.

მაკა ჯოხაძის რომანი სინანულის დიდი წიგნია და პიროვნული აღდგომის დამმოწმებელი.

 

თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა – გეოგრაფიული განედისა და ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით

0

ადამიანის ფიზიკური არსებობა მჭიდროდ უკავშირდება მიწას – ვდგავართ, ვმოძრაობთ, ვხტებით და საბოლოოდ ისევ მას ვუბრუნდებით. ნებისმიერი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია დამოკიდებულია იმ უხილავ ძალაზე, რომელიც დედამიწისკენ გვიზიდავს. სწორედ ამ ურთიერთქმედებაზე დაკვირვებამ წარმოშვა ფიზიკის კანონები, რომლებიც ხსნის და განმარტავს ბუნებაში მოქმედ მრავალ პროცესს.

სამყაროში მიმდინარე ფიზიკური მოვლენები ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებით აიხსნება – ძლიერი, სუსტი, გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური. აქედან გრავიტაცია ყველაზე ნაცნობია და ამავდროულად – ყველაზე იდუმალი. ის არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობას განსაზღვრავს, არამედ მთელ სამყაროზე ახდენს გავლენას – პლანეტების მოძრაობიდან დაწყებული, ვარსკვლავების სიცოცხლემდე და კოსმოსის სტრუქტურამდე. გრავიტაციის ყოველდღიური, ჩვენთვის „ახლობელი“ გამოვლინებაა სიმძიმის ძალა – სწორედ ის, რაც ჩვენს სხეულსა და დედამიწას აკავშირებს.

ზოგადად, სიმძიმის ძალის აჩქარება მუდმივ სიდიდედ ითვლება, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მისი მნიშვნელობა განსხვავებულია ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. სიმძიმის ძალის აჩქარება (g), მცირედით იცვლება გეოგრაფიული განედის, სიმაღლისა და დედამიწის ბრუნვის გამო.

ეს ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა მეცნიერებისთვის მათი ზუსტად ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამ მცირე განსხვავებების გათვალისწინებით ვიგებთ, რამდენად ფრთხილად, ზუსტად არის მოწყობილი ბუნება და როგორ აისახება თითქოს შეუმჩნეველი განსხვავება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ამ სტატიაში განვიხილავთ სიმძიმის ძალის აჩქარების დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორზე; როგორ გამოითვლება მისი მნიშვნელობა, რაზეა დამოკიდებული და როგორ ვზომავთ მას თანამედროვე ინსტრუმენტებით – მაგალითად, გრავიმეტრით; გავეცნობით იმ ფორმულებს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ იცვლება g გეოგრაფიული განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის შესაბამისად. სტატიაში წარმოდგენილი პრაქტიკული სამუშაოს მაგალითები და ცხრილები მოსწავლეებისთვისაც საინტერესო და გამოსადეგი იქნება.

იხილეთ ვრცლად

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...