რამდენიმე ხნის წინ ერთი კარგი ბიჭი გავიცანი, მეშვიდეკლასელი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი. რატომღაც გული გადამიშალა და მესაუბრა იმაზე, რა ხდება მის სკოლაში, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, ერთ-ერთი ქალაქის პრესტიჟული საჯარო სკოლა აღმოჩნდა. ბიჭუნა მომიყვა, რომ კლასის ბიჭები ორ ნაწილად არიან გაყოფილი, მათ შორის მუდმივი დაპირისპირება და ჩხუბია. დანებიც კი დააქვთ თან, რადგან დაჩაგვრის ეშინიათ. აღმოვაჩინე რომ ე.წ. ქურდული მენტალობის რომანტიზება ისევ ძალას იკრებს, რომ „საქმის გარჩევები“ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. გაოცებული ვუსმენდი და ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: „სად არის მასწავლებელი? რას აკეთებს მასწავლებელი? ან სად არიან მშობლები? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მათი შვილები უსასრულო შავ ხვრელში ეშვებიან?!“
პასუხი მარტივი და ამავე დროს მწარე იყო: მასწავლებელს არ სცალია და თითქოს „არ იცის“, „ვერ (თუ არ?) ხედავს“ პრობლემას, ხოლო მშობლები… ისინი უმთავრესად ემიგრაციაში არიან, ბებია-ბაბუებს კი პრობლემისთვის თავის გასართმევად საკმარისი ენერგია ალბათ აღარ აქვთ.
პრობლემა კი მწვავე და ღრმაა. ძალადობა და, სამწუხაროდ, მკვლელობები, რომელთა ამბებს ყოველდღე ვიგებთ სოციალური ქსელიდან, ამ ყველაფრის სავალალო შედეგია. ბულინგმა მოიცვა დღევანდელი სამყარო და ამ ყველაფრის მაგალითს, სამწუხაროდ, ჩვენ – დიდები, უფროსები ვიძლევით.
ვერც ჩვენი თაობა, ვერც ჩვენი წინა თაობა და ვერც იმის წინა ვერ გამოვედით სიძულვილის დასურულებელი დერეფნიდან, ვერ გავარღვიეთ მოჯადოებული წრე, ვერ გადავლახეთ ეგო, ვერ ვისწავლეთ ადამიანების მიღება, ვერ ვისწავლეთ უპირობო სიყვარული. დღევანდელი ტელევიზიები, სოციალური ქსელები, ქუჩები, მარკეტები, სკოლები და ბაღებიც კი სავსეა დამთრგუნველი ენერგიით, და ამ ენერგიით ვკვებავთ სიძულვილის, შიშისა და ნგრევის დემონებს. და ამ მტრულ გარემოში, თავმოხდილი ჭებით (სასიკვდილო უფსკრულებით) სავსე ქუჩებში, გამოყენებული ნემსებითა და სიგარეტის ნამწვებით სავსე საბავშვო სკვერებში, გვინდა ჯანსაღი თაობის გაზრდა, იმ თაობის, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს გარემოს, ენერგიას, იზრდება შიშსა და შფოთვაში, მონატრებასა და აუხდენელ სურვილებში, იზრდება და ამდენი წლის დალექილ უხეშ სიტყვებს, გულგრილობას, მიტოვებას, სიძულვილსა და ყოველდღიურ ძალადობას ერთ დღესაც შადრევანივით ამოაფრქვევს. მერე გვიკვირს: რატომ? მერე ვდარდობთ, ეს როგორი თაობა მოდისო, მერე ვიწყებთ გადაბრალებას: ინტერნეტის ბრალია, გაჯეტების ბრალია, მეგობრების ბრალია, ტიკ-ტოკის ბრალია, დროების ბრალია, ამის ბრალია, იმის ბრალია…
დამნაშავეა ყველა და ყველაფერი, ოღონდ ჩვენ არა. ჩვენი სიძულვილი ჩვენთვის უხილავია, ჩვენს მიერ გამოკვებილი დემონები კი ახლა ჩვენი შვილებისკენ იცქირებიან და ხელების ფშვნეტით ელიან ახალ ლუკმას. და ეს ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება, თუ ისევ ჩვენ არ მოვინდომეთ მისი გაწყვეტა, თუ ისევ ჩვენ არ ჩავეხსენით, აი, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით ხოლმე და თამაშიდან გავდიოდით: აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში. უნდა გავიდეთ ამ თამაშიდან და, ბოლოს და ბოლოს, ვკითხოთ ჩვენს შვილებს, როგორ არიან, ხომ არაფერი უჭირთ.
ბოლო დროს მსოფლიო შეძრა ბრიტანულმა მინი სერიალმა „გარდატეხის ასაკი“, რომელშიც ცხადად გამოჩნდა ჩვენი ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების პრობლემები, თურმე რამხელა უბედურებასთან უხდებათ ბრძოლა, თურმე სკოლებიც რა საზარელ ადგილად ჩამოყალიბებულა, სადაც არავის არაფერი ესმის და არავინ არაფერი იცის. ბრძოლა მარტივი არ არის, ბრძოლაში მებრძოლები იცვლებიან, ისინი აღარ იქნებიან უწინდებურად უდარდელები, უწინდებურად კეთილები და უწინდებურად ბავშვურები, ბრძოლა აფიქრებს, აბერებს და ასხვაფერებს ადამიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მხარე მილიონთავიანი ურჩხულია და გვებრძვის უამრავი სოციალური ქსელის, შიშებისა და კომპლექსების საშუალებით. თან ბავშვები, როგორც ჩანს, მარტოები არიან – მშობლებს არ სცალიათ, მასწავლებლები ვერ ხედავენ.
რა ვქნათ, როგორ მოვიგერიოთ ასე მომრავლებული ურჩხულები და დემონები, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები, რომ ბრძოლამ მათ არ წაართვას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ბავშვობა და უდარდელობა? როგორ ავარიდოთ საფრთხეს, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა?
ბავშვები ყველაზე უკეთ მაგალითებით სწავლობენ, მაგალითი კი ძალიან ბევრია: პირადი ისტორიები, კინოფილმები, ანიმაციები, წიგნები.
ერთმა წიგნმა შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს, ამიტომ მოდი, დავიწყოთ წიგნებით, წავიკითხოთ, გავიაზროთ, ვისაუბროთ, მოვაწყოთ დებატები, ვიფიქროთ პრობლემებზე.
ნიკოლო ამანიტი – „მე და შენ“
ლორენცო კუნი საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭია, მეგობრები არ ჰყავს და კლასელებიც ხშირად იგდებენ აბუჩად. ის ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: სხვებს უნდა დაემსგავსოს და ისე მოიქცეს, „როგორც ბუზი, რომელიც საშიშ კრაზანას ბაძავს“. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო მარტოობაში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღეც მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს.
წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულად: https://www.lit.ge/book/282523-me-da-shen-nikolo-amaniti/
ლორი ჰოლც ენდერსონი – „ილაპარაკე“
„ბოლო ათ წელიწადში, „ილაპარაკეს“ შესახებ ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს ვესაუბრე. მიღებული და წაკითხული წერილებისა თუ მეილების თვლას, დიდი ხანია, თავი დავანებე. არც კი ვიცი, რამდენმა მკითხველმა დაღვარა ცრემლი ჩემს მხარზე, როცა მიყვებოდნენ, მელინდას ბრძოლაში საკუთარ ბრძოლას ვხედავთო. თქვენ ხმის ამაღლება მოგწყურებიათ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ, ზრდასრულებმა მოგისმინონ. იმაზე ფიქრი მახარებს, რომ „ილაპარაკე“ საკუთარი ხმის პოვნაში მცირედ, მაგრამ მაინც გეხმარებათ. მაგრამ „ილაპარაკე“ მხოლოდ იარაღია. ნამდვილი გმირები ისინი ხართ, რომლებმაც საკუთარ თავში მხნეობა იპოვეთ, გადალახეთ შიში, სირცხვილი, დეპრესია, ბრაზი და თქვენი ცხოვრების ამბების მოსაყოლად ალაპარაკდით. მე თქვენ დიდ პატივს გცემთ“, – წერს წინასიტყვაობაში წიგნის ავტორი. სხვადასხვა დროს მრავალი ადამიანი აღმოჩენილა ძალადობის, დაცინვის, ბულინგის მსხვერპლი. ამ ყველაფრისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ლაპარაკია – პრობლემებზე, მოძალადეზე, შიშებზე… „ილაპარაკე“ სწორედ ამ, საკუთარი თავიდან, შიშიდან, ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლის აუცილებლობაზეა.
https://www.lit.ge/book/193929-ilaparake-lori-holc-endersoni/
არ ჯეი პალასიო – „საოცრება“
https://sulakauri.ge/wignebi/saotsreba/
ერნე სვინგენი – „ბალადა გატეხილ ცხვირზე“
https://sulakauri.ge/wignebi/balada-gatekhil-tskhvirze/
ქეთრინ ერსკინი – „ჯაფარა“
https://sulakauri.ge/wignebi/japhara/
ჯეი აშერი – „ცამეტი მიზეზი“
https://saba.com.ge/books/details/3667
ლინდა მალალი ჰანთი – „თევზი ხეზე“
https://sulakauri.ge/wignebi/thevzi-kheze/
ჯესიკა სკოტ-უაიტი – „კლუბი ასპარაგუსი“
https://sulakauri.ge/wignebi/klubi-asparagusi/
მასწავლებელს ასი თვალი და ასი ყური სჭირდება, არც ერთი ყურმოკრული უხეში ფრაზა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ, არც ერთი მოწყენილი სახე და სევდიანი ღიმილი. შეიძლება საკლასო ოთახში ანონიმური ყუთის დადგმაც და კლასის „ბულინგის საწინააღმდეგო კოდექსის” შექმნაც, რომელსაც ბავშვები თავად შეიმუშავებენ და თავადვე დააწესებენ ამ კოდექსის დარღვევისთვის „ჯარიმებს“.
ხდება ისეც, რომ საკლასო ოთახში სიმშვიდეა, მაგრამ კიბერბულინგი მძვინვარებს. ხშირად გამიგონია მასწავლებლებისგან, ამ დროს ოჯახია უფრო მნიშვნელოვანიო, მასწავლებელმა რა უნდა ქნასო. მესმის მათიც, ხანდახან რაღაცნაირად ძალიან უსუსურები ვართ აუტანლად დიდი აგრესიისა და დაუნდობლობის წინაშე, მაგრამ, მოდი, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენ ნუ გავიხედავთ გვერდზე, როდესაც სკოლის გარეთ ბავშვები საქმეს არჩევენ, ჩვენ ჩვენი ვცადოთ.
ამ შესანიშნავ საიტზე ვნახავთ უამრავ მოკლე ანიმაციასა და ფილმს ბულინგის შესახებ. ეს დაგვეხმარება ბულინგის არსის გააზრებაში, გაკვეთილების დაგეგმვაში.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა სცადოს ამ მრავაწლიანი თამაშიდან გასვლა, ჩვენი შვილები მაინც უნდა გავიყვანოთ მოჯადოებული წრიდან, თუ ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ისინი, ვისაც ჩვენ გავიყვანთ სამშვიდობოს, მერე თავად გამოგვიწვდიან ხელს და თავად იქცევიან იმ ხიდად, თაობებს შორის რომ გაიდება და ამ ხიდის მთავარი აგური ჩვენი დადებული იქნება.