კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

მშობლები სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის

 

სკოლებში სისუფთავის დაცვა სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და  მოსწავლეთა მშობლების მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს, სისუფთავის დაცვის სანიმუშო პრაქტიკა ბევრ სკოლაში არ გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევა ადასტურებს, რომ სკოლების გარკვეული ნაწილი სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისას სირთულეებს აწყდება. ამავე ანგარიშის მიხედვით აღნიშნული სიტუაციის განმაპირობებელი მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს: ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას, პასუხისმგებლობების გადანაწილების მხრივ ხარვეზებს, სველი წერტილების მოწესრიგებაში ჩართული ადამიანური რესურსების ნაკლებობას და მათი შრომის ანაზღაურების სიმცირეს. ასევე, გამოწვევად რჩება მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის საკითხიც.

სპეციალისტების დასკვნით, უსაფრთხო სანიტარიული სისტემების არ არსებობა ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. სველი წერტილით სარგებლობისაგან თავის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა (მაგ. შეუკავებლობა), საშარდე გზების ინფექციები და სხვა დაავადებები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში აუცილებელია სათანადოდ აღჭურვილი, მოხერხებული, პრივატული, დაცული, სუფთა და საზოგადოების კულტურული განვითარების დონისათვის შესაფერისი ტუალეტების მოწყობა ყველა სკოლაში.

ამასთან, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო პრაქტიკის სწავლება, მოსწავლეთა მოტივირება, მოუფრთხილდნენ გარემოს, თავადაც დაიცვან ჰიგიენის წესები და თანატოლებშიც გაავრცელონ სასარგებლო ქცევითი „მესიჯები“. ამ მიზნის მისაღწევად კი სკოლისა და ოჯახის გაერთიანება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

იმისთვის რომ მოსწავლეებმა შეიძინონ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, კარგი საშუალებაა დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანია თავად მოსწავლეთა და მათი მშობლების მონაწილეობით. ოჯახის ზრდასრულ წევრებს უდიდესი გავლენა აქვთ ბავშვებზე. მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის გაუმჯობესებისთვის.

კამპანიაში შემავალი აქტივობები მიმართული უნდა იყოს იქით, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს მათი ჯანმრთელობისთვის. ამავე დროს, დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ ყოფნა. ასეთი კამპანია დაუკავშირდება კანონის უზენაესობის პრინციპს და წესების დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას.

სასკოლო საკითხზე ცნობიერების ამაღლების კამპანია სკოლის წიაღში უნდა დაიგეგმოს. სასურველია, ინიციატივა სკოლის წარმომადგენლებს ეკუთვნოდეთ და ორგანიზებასაც ისინი უწევდნენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესშივე მონაწილეოდნენ აქტიური უფროსკლასელები და  მშობლები. მრავალფეროვანი საორგანიზაციო ჯგუფის არსებობა განაპირობებს იმას, რომ კამპანია ყველა კატეგორიის მოსწავლეს მიწვდება, რაც სასურველი შედეგების წინაპირობაა.

საინფორმაციო კამპანიის აქტივობები ყველა სკოლაში განსხვავებულად შეიძლება შედგეს. განმსაზღვრელია, რა ტიპის პრობლემა დგას სკოლაში და რისი გაუმჯობესება გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ბავშვების ასაკობრივი შესაძლებლობები და თავისებურებები, ასევე, მშობელთა წარმოდგენები, სურვილები და რესურსები.

მშობელთა გამოკითხვა:

კამპანიის დასაწყისისთვის გონივრულია მშობელთა გამოკითხვის ჩატარება, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს. კითხვარისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ შემდეგი შეკითხვები:

  • გთხოვთ, გაგვიზიაროთ, რა ინფორმაციას ფლობთ სკოლის სველ წერტილების შესახებ

o          სველ წერტილებში არის ხელის დაბანის შესაძლებლობა

o          სველ წერტილებში არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა

o          სველი წერტილები სუფთაა

o          სველი წერტილები არ სუფთავდება სათანადოდ

o          სველ წერტილებში მუდმივად არის საპონი და ქაღალდი

o          სველ წერტილებში ხშირად არ არის საპონი და ქაღალდი

o          საპირფარეშოს კაბინის კარი იკეტება და უსაფრთხოა.

o          საპირფარეშოს კაბინის კარი არ იკეტება.

 

  • გთხოვთ კომენტარის ველში მიუთითოთ რას გააუმჯობესებდით სკოლის სველ წერტილებში _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

  • თქვენი აზრით, რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებს სკოლაში

          იცავენ

          არ იცავენ

          არ მაქვს ინფორმაცია

 

  • რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებს სახლში

          ზედმიწევნით იცავენ

          ნაწილობრივ იცავენ

          არ იცავენ

 

  • თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ ბავშვები მოუფრთხილდნენ სკოლის ინვენტარს და შემცირდეს ვანდალიზმის ფაქტები სველ წერტილებში?

————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

  • თუ სურვილი გაქვთ, დაგვეხმაროთ ბავშვებისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვის სწავლებაში, გთხოვთ, მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე აქტივობა:

 

  • მზად ვარ მივიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და წვლილი შევიტანო ცნობიერების ამაღლებაზე გამიზნული კამპანიის შინაარსის შექმნაში.
  • მზად ვარ მივიღო მონაწილეობა დისკუსიაში „ვის რა როლი გვაქვს სკოლაში ჰიგიენის დაცვის საქმეში“
  • ვარ პროფესიით ექიმი და სურვილი მაქვს, ვესაუბრო ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
  • ვარ პროფესიით იურისტი და სურვილი მაქვს, ვესაუბრო ბავშვებს სკოლაში არსებული წესების დაცვის აუცილებლობაზე.
  • ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია დისკუსიის ფასილიტაცია სასკოლო ვანდალიზმზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე.
  • ვარ აქტიური მოქალაქე და სურვილი მაქვს ვესაუბრო ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის სწორი ჰიგიენური ქცევა სისუფთავის შენარჩუნებაში.
  • ვმუშაობ გარემოს დაცვის სფეროში. შემიძლია ვესაუბრო ბავშვებს სუფთა და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.
  • ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. შემიძლია ვესაუბრო ბავშვებს ჰიგიენის ნორმების დარღვევასა და ინფექციური დაავადებების გავრცელებას შორის კავშირზე.
  • ვარ მხატვარი/გრაფიკული დიზაინერი და შემიძლია დავეხმარო ბავშვებს პოსტერების შექმნაში.
  • შემიძლია ორგანიზება გავუწიო სხვადასხვა სპეციალისტების ვიზიტს სკოლაში, რომლებიც შეხვდებიან ბავშვებს და განიხილავენ ჰიგიენის დაცვის საკითხებს.
  • შემიძლია დავეხმარო ორგანიზატორებს და შევასრულო მცირე დავალებები საერთო მიზნისთვის.
  • შემიძლია წელიწადში ერთხელ ჩემს შვილთან ერთად მონაწილეობა მივიღო სკოლის დასუფთავებაში.

გამოკითხვის შედეგებიდან გამოიკვეთება მშობელთა რესურსები, სურვილები და დამოკიდებულებები, რაზეც შეიძლება დანარჩენი აქტივობები დაშენდეს.

 

დისკუსია კლასებში

სასურველია ყველა კლასში ერთდროულად ჩატარდეს დისკუსია, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი ერთობლივად გაუძღვებიან. სადისკუსიო შეკითხვებად შესაძლოა განვიხილოთ:

  1. როგორ გარემოში მომწონს ცხოვრება?
  2. როგორ გავხდე სკოლაში წესრიგისა და სისუფთავის თანამონაწილე?
  3. რას ვგრძობ, როცა საპირფარეშო არ არის სუფთა?
  4. რატომ დგას ეს პრობლემა ჩვენ სკოლაში და რა შეიძლება მოვიფიქროთ, მის გადასაჭრელად?

დისკუსიაში მონაწილე ბავშვები არაერთ საინტერესო იდეას წამოჭრიან,  რომელთა შორისაც რამდენიმეს მაინც მომდენო ერთი თვის განმავლობაში განახორციელებენ. ამ ყველაფრის ორგანიზებასა და მონიტორინგში კი ფასილიტატორი პედაგოგი და მშობლები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული. ეს შეიძლება იყოს კედლის პოსტერების მომზადება, უფროსკლასელების შეხვედრა უმცროსკლასელებთან, საინტერესო ადამიანის მოწვევა და მასთან საუბარი, ექსპერიმენტის ჩატარება და სხვ.

ჰიგიენური ქცევის წესების განხილვა

სკოლაში ჰიგიენური ქცევის წესებს რეგულარულად განიხილავენ პედაგოგები, თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ყველა მხარის მონაწილეობით იშვიათად ხდება. უმეტესად, წესების განხილვას დიდაქტიკური ხასიათი აქვს და ბავშვებისთვის მოსაწყენია. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო ცოცხალი და რაც მთავარია, შედეგიანი გახდეს, კარგი იქნება სკოლის ჩარჩოში საჯარო განხილვების ფორმატის შემოტანა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სკოლის კურსდამთავრებული, მოწვეული სპეციალისტები და/ან სხვა პირები. საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი კონკრეტული საკითხი, რომელსაც წარადგენს მოდერატორი. შესაძლოა, აჩვენოს პრეზენტაცია, სადაც ახსნილი და აღწერილი იქნება პრობლემის არსი. ხოლო მონაწილეებს აქტიურად უნდა შეეძლოთ საუბარი მის გარშემო. ასეთი განხილვისთვის შესაფერისი ბევრი თემაა, მაგალითად, ვანდალიზმი, სკოლის ინვენტარის დაზიანება ან დაბინძურებულ გარემოში ვირუსებისა თუ ინფექციების გავრცელების რისკი.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა არ შეიძლება სავალდებულო იყოს. ორგანიზატორების ამოცანა უნდა გახდეს ისეთი აქტივობების მოფიქრება, რაც მოსწავლეებს დასწრების მოტივაციას გაუჩენს.

ცხადია, საჯარო განხილვის ფორმატში აკრძალული უნდა იყოს პერსონალური ინფორმაციების გაზიარება და ცალკეული პირის შერცხვენა ან გაკიცხვა. ამის შესახებ ყველა მონაწილე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. ასეთი შეხვედრის მიზანია, სხვადასხვა პერსპექტივიდან საკითხის განხილვა და სასკოლო საზოგადოების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო.

 

სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზება მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან

ექიმებს, იურისტებს, ფსიქოლოგებს, გარემოს დამცველებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებსა და სხვა არაერთი საჭირო პროფესიის ადამიანს სკოლაში ერთი საერთო სტატუსი აქვს. ეს არის მოსწავლის მშობელი. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია მოიწვიოს ისინი, როგორც პროფესიონალები და მისცეს შესაძლებლობა, შეხვდნენ ბავშვებს და პედაგოგებს. გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და ამით აამაღლონ სასკოლო საზოგადოების ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებაც. უცნობი ადამიანის სკოლაში ვიზიტის დროს განსხვავებული და ბავშვებისთვის საინტერესო ატმოსფერო იქმნება. გარდა ამისა, ერთი საკითხის სხვადასხვა პროფესიულ ჭრილში განხილვა და მოსწავლეთა დაფიქრება, კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს მიზანთან.

 

მოსწავლეებისა და მათ მშობლების აქტიური მონაწილეობა და მათი ინფორმირება

სხვადასხვა საგნის პედაგოგებს შეუძლიათ მოსწავლეებს დაავალონ სკოლაში სველი წერტილების რაოდენობის განსაზღვრა. მშობლებთან ერთად დამლაგებლების გამოკითხვა, რამდენი საპონი, ქაღალდი და ხელსაწმენდი სჭირდება ყოველდღიურად ერთ საპირფარეშოს. კიდევ რა რესურსი იხარჯება სისუფთავის შენარჩუნებაზე. ისევ მშობლების დახმარებით ადმინისტრაციაში გარკვევა, ვინ და რამდენით აფინანსებს ამ ინვენტარის შეძენას. რა თანხა სჭირდება სკოლას ამ ყველაფრისთვის დღეში და წელიწადში.

გარდა იმისა, რომ ასეთი დავალებების შესრულება მოსწავლეებს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს გაუუმჯობესებს, გაზრდის მათ ცოდნას ამ საკითხის მიმართ, რაც შეიძლება გახდეს რესურსების მოფრთხილების წინაპირობა.

 

მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით სკოლაში ჰიგიენის დაცვის შესახებ  ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის კიდევ მრავალი აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. ყველაზე ეფექტურად კამპანია იმ შემთხვევაში დაიგეგმება, თუ ის ადამიანები ჩაერთვებიან, ვისაც ეს პირადად ეხება. მრავალფეროვანი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და იმუშავებს მოსწავლეებში დადებითი ჰიგიენური ჩვევების გამომუშავებაზე,  ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“