შაბათი, ივლისი 26, 2025
26 ივლისი, შაბათი, 2025

სკოლის მართვაში მშობელთა მონაწილეობის საერთაშორისო პრაქტიკა

ქართული კანონმდებლობის თანახმად, სკოლა მშობლებს თანაბარუფლებიან პარტნიორებად მოიაზრებს. საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონი მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს უფლებას ანიჭებს, მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვასა და მათი შვილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისთვის ყველა საჯარო და ზოგიერთ კერძო სკოლაში არსებობს სამეურვეო საბჭო, თუმცა მისი გამართული ფუნქციონირება ამ დრომდე პრობლემაა.

გადაწყვეტილების მიღებაში მშობელთა მონაწილეობა ზრდის ნდობას და უზრუნველყოფს, რომ სკოლის პოლიტიკა საზოგადოების საჭიროებებს ასახავდეს, ამიტომ მოწინავე დემოკრატიის ქვეყნებში სკოლები ახალისებენ მშობელთა გააზრებულ ჩართულობას მშობელთა ოფიაციალურ ორგანიზაციებში, სკოლის სამეურვეო საბჭოებში, მრჩეველთა საბჭოებში ან მშობელთა ლიდერობისა და მონაწილეობის კომიტეტებში. სკოლები ეხმარებიან მშობლებს, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობდნენ და თანამშრომლობდნენ.

განვიხილოთ რამდენიმე ისეთი ქვეყნის მაგალითი, სადაც განათლების ყველაზე განვითარებული სისტემები აქვთ.

აშშ: მშობელ-პედაგოგთა ასოციაციები (PTA) მრავალ ამერიკულ სკოლაშია. არსებობს მასწავლებლებისა და მშობლების ეროვნული ასოციაციაც. ეს ორგანო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წევრი მშობლები რეგულარულად მონაწილეობენ შეხვედრებში, რომლებზეც სკოლის პოლიტიკას, ბიუჯეტის განაწილებას და ფინანსურ აქტივობებს განიხილავენ. მშობლებს აქვთ ხმის უფლება და სწორედ ამ მექანიზმით არის უზრუნველყოფილი მათი ქმედითი ჩართულობა.

ფინეთი: ფინური სკოლების მმართველ საბჭოებში მშობელთა წარმომადგენლები შედიან. ეს საბჭოები პასუხისმგებელნი არიან საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაზე, სკოლების გამართულ ფუნქციონირებაზე, სასწავლო გეგმის ცვლილებებსა და რესურსების განაწილებაზე. ეს სტრუქტურა ხელს უწყობს თანამშრომლობით გარემოს, სადაც მშობლებს პირდაპირი გავლენა აქვთ საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

იაპონია: მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია და მოხალისეთა კომიტეტები საშუალებას აძლევენ მშობლებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ სკოლის აქტივობებში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღონისძიებების ორგანიზებაში, თანხების შეგროვებასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

ესტონეთი: ესტონეთში, საქართველოს მსგავსად, მოქმედებს სამეურვეო საბჭო, რომელშიც ყველა კლასიდან ერთი მშობელი მაინც არის წარმოდგენილი. მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, განიხილავენ სწავლასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს, სკოლის ბიუჯეტის ხარჯვას. მათი მოვალეობაა მშობლებისთვის უკუკავშირის მიღებაც, რისთვისაც რეგულარულად ატარებენ გამოკითხვებს, მიღებულ შედეგებს სკოლის დირექტორთან განიხილავენ და ერთობლივ გადაწყვეტილებებს იღებენ.

გერმანია: ბერლინის სკოლებში მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობისთვის სამი პლატფორმა არსებობს, საკლასო, სასკოლო და საკონფერენციო.  ყველა კლასიდან ორი წარმომადგენელი ირჩევა. მშობელი, რომელიც არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს, ავტომატურად წარმოადგენს თავისი შვილის კლასის ინტერესებს მშობელთა სასკოლო შეკრებებზე. ყველა მშობელს აქვს ორი ხმა. მათ ნაცვლად ხმის მიცემა ოჯახის სხვა სრულწლოვან წევრსაც შეუძლია. საკლასო შეკრებების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, მშობლებსა და პედაგოგებს შორის ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლაა. სასკოლო შეკრება მშობლების ინტერესების გამოთქმისა და დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. ამ შეკრებაზე განიხილება ზოგადი და კონკრეტული აქტუალური სასკოლო საკითხები. მათ უძღვება სკოლის დირექტორი. სასკოლო შეკრებაზე ძირითადად მშობლების მიერ წამოჭრილ საკითხებს განიხილავენ – მათ, რომელთა შესახებაც სურთ მშობლებს ინფორმაციის მიღება სკოლის ადმინისტრაციისგან ან რომელთა შესახებაც აქვთ რაიმე ინიციატივა და აუდიტორიისთვის მის გაზიარება-გაცნობას აპირებენ. თუ ეს იდეები ლოკალური ხასიათისაა და ფართო განხილვას არ მოითხოვს, სკოლის ადმინისტრაცია იქვე ადასტურებს თანხმობას ინიციატივის შესრულებაზე ან პასუხობს მშობლების მიერ კითხვებს პრობლემის ირგვლივ. კონფერენცია სასკოლო ცხოვრებაში ყველაზე მაღალი ინსტანციაა, რომელზეც მშობლებისა და სკოლის მიერ დასმული საკითხები არა მხოლოდ განიხილება, არამედ ხმის მიცემის საფუძველზე წყდება კიდეც. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიულ პრინციპს ეფუძნება.

 

მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ  სკოლაში საუკეთესო გადაწყვეტილებები სწორედ მშობლების, მასწავლებლებისა და თავად ბავშვების მონაწილებით მიიღება. განათლების სისტემის  სამართლიანობასა და ეფექტიანობას სხვა ფაქტორებთან ერთად სკოლის მართვის დემოკრატიული კულტურაც განაპირობებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ნეტავი რადმე მაქცია…

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“