კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

აღარ მინდა თამაში! – გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და დავამარცხოთ სიძულვილის დემონები

.რამდენიმე ხნის წინ ერთი უკარგესი ბიჭი გავიცანი, მეშვიდე კლასელი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი. რატომღაც გადამიშალა გული და მესაუბრა რა ხდება მის სკოლაში, რომელიც ჩემდა გასაოცრად ერთ-ერთი ქალაქის პრესტიჟული, საჯარო სკოლა აღმოჩნდა. ბიჭუნა ყვებოდა რომ კლასის ბიჭები ორ ნაწილადაა გაყოფილი, მათ შორის მუდმივი დაპირისპირება და ჩხუბებია. ბიჭებს დანებიც დააქვთ თან, რადგან ეშინიათ დაჩაგვრის. აღმოვაჩინე რომ ე.წ. „ქურდული“ მენტალობის რომატიზება ისევ ძალას იკრებს, რომ „საქმის გარჩევები“ – ძალიან ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. გაოცებული ვუსმენდი და ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: სად არის მასწავლებელი? რას აკეთებს მასწავლებელი? თუ ეს ყველაფერი სკოლაში ხდება და სად არის მშობელი  ნუთი ვერ ხვდება რომ შვილები ერთ ძალიან დიდ, უსასრულო და შეუქცევად შავ ხვრელში ეშვებიან?

პასუხი ძალიან მარტივი და ამავე დროს ძალიან მწარეც იყო: მასწავლებელს არ სცალია და თითქოს „არ იცის“, „ვერ (თუ არ?) ხედავს პრობლემას, ხოლო მშობელი… ისინი ძირითადად ემიგრაციაში არიან, ბებია-ბაბუას პრობლემის აღმოსაჩენად საკმარისი ენერგია ალბათ აღარ აქვთ.

რომ დავუკვირდეთ პრობლემა ძალიან მწვავე და ღრმაცაა. სოციალურ ქსლებში გავრცელებული ძალადობები და სამწუხაროდ მკვლელობებიც, ამ ყველაფრის სავალალო შედეგია. ბულინგმა მოიცვა დღევანდელი სამყარო, და ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითიც, სამწუხაროდ, ჩვენ – დიდები, უფროსები ვართ.

ჩვენი თაობა და ჩვენი წინა თაობაც და იმის წინაც  ვერ გამოვედით დასურულებელი სიძულვილის  დერეფნებიდან, ვერ გავარღვიეთ მოჯადოებული წრე, ვერ გადავლახეთ ეგოები, ვერ ვისწავლეთ ადამიანების მიღება, და ვერ ვისწავლეთ უბრალოდ უპირობო სიყვარული. მთელი დღევანდელი ტელევიზიები, სოციალური ქსელები, ქუჩები, მარკეტები, სკოლები და ბაღებიც კი  – სავსეა ძალიან დამთრგუნველი ენერგიით, და ამ ენერგიით ვკვებავთ კარგა ხანია სიძულვილის, შიშისა და ნგრევის დემონებს. ამ მტრულ გარემოში, თავმოხდილი ჭებით სავსე (სასიკვდილო უფსკრულებით) ქუჩებში, გამოყენებული ნემსებითა და სიგარეტის ნაწმვავებით სავსე საბავშვო სკვერებში – გვინდა ჯანსაღი თაობის გაზრდა, იმ თაობის რომლებიც ღრუბელივით ისრუტავენ გარემოს, ენერგიებს, იზრდებიან შიშებსა და შფოთვებში, მონატრებებსა და აუხდენელ სურვილებში, იზრდებიან და ამდენი წლის დალექილ უხეშ სიტყვებს, გულგრილობებს, მიტოვებას, სიძულვილსა და ყოველდღიურ ძალადობებს შადრევანივით ამოაფრქვევენ, მერე გვიკვირს, რატომ? მერე ვდარდობთ, ეს როგორი თაობა მოდის, მერე ვიწყებთ გადაბრალებებს: ინტერნეტის ბრალია, გაჯეტების ბრალია, მეგობრების ბრალია, ტიკ-ტოკის ბრალია, ამ დროების ბრალია, ბრალია, ბრალია…

ყველა და ყველაფერია დამნაშავე, ოღონდ ჩვენ არა, ჩვენი სიძულვილი ჩვენთვის უხილავია, ჩვენს მიერ გამოკვებილი დემონები კი ახლა ჩვენი შვილებისკენ იცქირებიან და ხელების ფშვნეტით ელიან ახალ ლუკმებს, ახალ საკვებს. და ეს წრე უსასრულოდ გრძელდება, თუ ისევ ჩვენ არ მოვინდომეთ მისი გაწყვეტა, თუ ისევ ჩვენ არ ჩვეხსენით, აი ბავშვებობაში რომ ვთამაშობდით ხოლმე და თამაშიდან გავდიოდით: აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში. უნდა გავიდეთ ამ თამაშებიდან და ბოლობოლო უნდა ვკითხოთ ჩვენს შვილებს, როგორ არიან, ხომ არაფერი უჭირთ.

ამ ბოლო დროს შეიძლება ითქვას რომ, მსოფლიო შეძრა ახლმა ბრიტანულმა მინი სერიალმა „გარდატეხის ასაკი“, სადაც ძალიან პირდაპირ, ძალიან ცხადად გამოჩნდა ჩვენი ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების პრობლემები, თურმე რასთან, რამხელა უბედურებასთან უხდებათ ბრძოლა და გამკლავდება, თურმე ამასობაში სკოლები როგორ საზარელ ადგილად ჩამოყალიბებულა, სადაც არავის არაფერი ესმის და არავინ არაფერი იცის. ამის მიღმა კი რამხელა ურჩხულთან უწევს გამკლავება ბავშვებს. ბრძოლა მარტივი არ არის, ბრძოლაში მებრძოლები იცვლებიან, ისინი აღარ იქნებიან უწინდებურად უდარდელები, უწინდებულად კეთილები და უწინდებულად ბავშვურები, ბრძოლა აფიქრებს, აბერებს და ასხვაფერებს ადამიანებს. განსაკუთრებით თუ ერთი მხარე ისეთი ურჩხულია, რომელსაც მილიონი თავი აქვს და გვებრძვის უამრავი სოციალური ქსელის, შიშებისა და კომპლექსების საშუალებით, თან ბავშვები როგორც ჩანს მარტოები არიან, მშობლებს არ სცალიათ, მასწავლებლები ვერ ხედავენ.

ჰოდა, რა უნდა ვქნათ, როგორ მოვიგერიოთ ასე მომრავლებული ურჩხულები და დემონები, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები, ისე რომ ბრძოლამ მათ არ წაართვას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ბავშვობა და უდარდელობა, როგორ ავარიდოთ საფრთხეებს, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზეა?

ბავშვები ყველაზე უკეთ მაგალითებით სწავლობენ, მაგალითები კი ძალიან ბევრია: პირადი ისტორიები, კინოფილმები, ანიმაციები, წიგნები.

ერთმა წიგნმა შესაძლებელია ბევრი რა შეცვალოს, ამიტომ მოდით დავიწყოთ წიგნებით, წავიკითხოთ, გავიაზროთ, ვისაუბროთ, მოვაწყოთ დებატები, ვიფქიროთ პრობლემებზე.

ნიკოლო ამანიტი: “მე და შენ” – წიგნის ანოტაცია: “„მე და შენ“ – ლორენცო კუნი საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭია, მეგობრები არ ჰყავს და კლასელებიც ხშირად იგდებენ აბუჩად. იგი ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: სხვებს უნდა დაემსგავსოს და ისე მოიქცეს, „როგორც ბუზი, რომელიც საშიშ კრაზანას ჰბაძავს“. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს.”

წიგნი ამ ეტაპზე ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი: https://www.lit.ge/book/282523-me-da-shen-nikolo-amaniti/

 ლორი ჰოლც ენდერსონი: “ილაპარაკე. “„ბოლო ათ წელიწადში, „ილაპარაკეს“ შესახებ ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს ვესაუბრე. მიღებული და წაკითხული წერილებისა თუ მეილების თვლას, დიდი ხანია, თავი დავანებე. არც კი ვიცი, რამდენმა მკითხველმა დაღვარა ცრემლი ჩემს მხარზე, როცა მიყვებოდნენ, მელინდას ბრძოლაში საკუთარ ბრძოლას ვხედავთო. თქვენ ხმის ამაღლება მოგწყურებიათ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ, ზრდასრულებმა მოგისმინონ. იმაზე ფიქრი მახარებს, რომ „ილაპარაკე“ საკუთარი ხმის პოვნაში მცირედ, მაგრამ მაინც გეხმარებათ. მაგრამ „ილაპარაკე“ მხოლოდ იარაღია. ნამდვილი გმირები ისინი ხართ, რომლებმაც საკუთარ თავში მხნეობა იპოვეთ, გადალახეთ შიში, სირცხვილი, დეპრესია, სიბრაზე და თქვენი ცხოვრების ამბების მოსაყოლად ალაპარაკდით. მე თქვენ დიდ პატივს გცემთ.“ – წერს წინასიტყვაობაში წიგნის ავტორი. სხვადასხვა დროს, მრავალი ადამიანი აღმოჩენილა ძალადობის, დაცინვის, ბულინგის მსხვერპლი. ამ ყველაფრისგან თავის დაცვის ერთ-ერთი, ყველაზე მთავარი იარაღი ლაპარაკია – პრობლემებზე, მოძალადეზე, შიშებზე… „ილაპარაკე“ სწორედ ამ, საკუთარი თავიდან, შიშიდან, ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლის აუცილებლობაზეა.”

https://www.lit.ge/book/193929-ilaparake-lori-holc-endersoni/

პალაციო: “საოცრება” – https://sulakauri.ge/wignebi/saotsreba/

ერნე სვინგენი: “ბალადა გატეხილ ცხვირზე” – https://sulakauri.ge/wignebi/balada-gatekhil-tskhvirze/

ქეთრინ ერსკინი: “ჯაფარა” – https://sulakauri.ge/wignebi/japhara/

ჯეი აშერი: “ცამეტი მიზეზი”: https://saba.com.ge/books/details/3667

 

ლინდა მალალი ჰანთი: “თევზი ხეზე”: https://sulakauri.ge/wignebi/thevzi-kheze/

ჯესიკა სკოტ-უაიტი: “კლუბი ასპარაგუსი”: https://sulakauri.ge/wignebi/klubi-asparagusi/

მასწავლებელს ასი თვალი და ასი ყური სჭირდება, არც ერთი ყურმოკრული უხეში ფრაზა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ, არც ერთი მოწყენილი სახე და სევდიანი ღიმილი. შესაძლებელია კლასში ანონიმური ყუთის დადგმაც  და კლასის “ანტი ბულინგ კოდექსის” შექმნაც, რასაც ბავშვები თავად შეიმუშავებენ და თავადვე დააწესებენ ამ კოდექსის დარღვევის “ჯარიმებს”.

ხშირად საკლასო ოთახში სიმშვიდეა, მაგრამ კიბერბულინგი მძვინვარებს. ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან ფრაზა, ოჯახია ამ დროს უფრო მნიშვნელოვანიო, მასწავლებელმა რა უნდა ქნასო, მესმის მათიც, რაღაცნაირად ხანდახან ძალიან უსუსურები ვართ აუტანლად დიდი აგრესიისა და დაუნდობლობის წინაშე, თუმცა მოდი, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენ ნუ გავიხედავთ გვერდზე, როდესაც სკოლის გარეთ ბავშვები საქმეს არჩევენ, ჩვენ ჩვენი ვცადოთ.

https://www.stopbullying.gov/

ეს შესანიშნავი საიტი დაგვეხმარება ბულინგზე ინფორმაციის გააზრებაში, ვნახავთ უამრავ მოკლე ანიმაციასა და ფილმს ბულინგის შესახებ, დაგვეხმარება გაკვეთილების დაგეგმვაში.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ამ  მრავაწლიანი თამაშიდან გასვლა, ჩვენი შვილები მაინც უნდა გავიყვანოთ მოჯადოებული წრიდან, თუ ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდება, და ისინი, ვისაც ჩვენ გავიყვანთ სამშვიდობო მხარეს, შემდედ თავად გამოგვიწვდიან ხელს და თავად იქცევიან იმ ხიდად, თაობებს შორის რომ გაიდება. და ამ ხიდში, მთავარი აგური ჩვენი დადებული იქნება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“