სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ციფრული დიზაინი და ინფორმაციული ტექნოლოგიები გაკვეთილზე: ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები

0

სასწავლო პროცესის წარმართვის თანამედროვე მიდგომები და სწავლების ფორმები აუცილებლად გულისხმობს ისეთი კომპონენტების აქტიურად გამოყენებას გაკვეთილზე, როგორიცაა  ციფრული დიზაინი და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ისინი  ერთმანეთთან მჭიდროდ არიან  დაკავშირებული, მაგრამ მაინც განსხვავებული ცნებებია: გაკვეთილის ციფრული დიზაინი არის გეგმა და სტრატეგია, ხოლო
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება
ესაა ამ გეგმის განხორციელება გაკვეთილზე:

  • ციფრული დიზაინი გულისხმობს მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილ გეგმას, როგორ ჩაატაროს გაკვეთილი ციფრულად – რომელი ეტაპები უნდა გაიაროს, როგორ დავალებებს მიიღებენ მოსწავლეები ამა თუ იმ ეტაპზე და როგორ იქნება ისინი მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებს (ანუ   როგორ ვგეგმავთ გაკვეთილს ისე, რომ თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგია იყოს აზრიანად ჩართული) ანუ როდესაც  წინასწარ არის  გააზრებული გაკვეთილის სტრუქტურული ეტაპები და მიზნები სწორად არის დაგეგმილი ეს არის სწორი ციფრული დიზაინი. მათგან:
  • გაკვეთილის სტრუქტურირება ეტაპებად  მოიცავს:  პირველ ეტაპზე ჯგუფური მუშაობას;    შემდეგ შეფასებას; შემდეგ ეტაპზე კი ინდივიდუალურ  დავალებებს  და ბოლოს რეფლექსიას;
  • დიფერენცირებული დავალებების წინასწარი დაგეგმვა გულისხმობს, რომ მასწავლებელი წინასწარ მოიაზრებს, რა დავალებები უნდა მიიღონ მოსწავლეებმა საჭიროების მიხედვით (ვიღაც ვიდეოს უყურებს, ვიღაც პოსტერს ქმნის, ვიღაც წერს და ა.შ.);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები ის  პროგრამები და პლატფორმებია, რომლითაც ვამუშავებთ გაკვეთილის ციფრულ გეგმას, ანუ ის გულისხმობს ამ გეგმის განხორციელებას კონკრეტული პროგრამებით, მაგალითად: Kahoot, Canva, Google Docs, Vidnoz და სხვ. ის მოიცავს ციფრულ დაფას (smart board), ანიმაციებს, ვიდეოებს, პრეზენტაციებს, ონლაინ პლატფორმებს დავალებებისთვის, ონლაინთამაშის  აქტივობებს და ა.შ. მაგალითად,

 

  • VR აპლიკაციები (მაგალითად, Google Arts & Culture)   – ეს არის ტექნოლოგიის გამოყენება გაკვეთილზე. ის თავის თავში მოიცავს:  ვიზუალური და ინტერაქტიული მასალის დიზაინს, სწავლის მიზნებთან შესაბამის ტექნოლოგიების ინტეგრაციას, მოსწავლეთა ინტერესზე მორგებულ ციფრულ აქტივობებს;
  • Kahoot – მოსწავლეები თამაშის ფორმატში ამოწმებენ ცოდნას რომზე და ვახტანგზე – გულისხმობს, რომ ტექნოლოგია ეხმარება გაკვეთილის გახალისებაში;
  • Google Docs – როდესაც მოსწავლეები წერენ ტექსტს და მასწავლებელი სწრაფად აძლევს უკუკავშირს – ეს ხელს უწყობს სწავლის პერსონალიზაციას;
  • Canva, DreamLab, Vidnoz, Padlet, Quizizz, Wordwall და სხვ. პლატფორმები, სადაც  მოსწავლეები აწყობენ ვიქტორინას, ქმნიან პოსტერს, სურათს ან ვიდეოს რაიმე თემაზე – ეს არის  ინფორმაციული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება /ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩართულობა/გამოყენება გაკვეთილზე დასახული გეგმის მიხედვით/ ანუ  ტექნოლოგიები მოქმედებაში.

გაკვეთილის ციფრული დიზაინის (გეგმის და სტრატეგიის) ნიმუში:

  • მასწავლებელი ირჩევს  შესაბამის ციფრულ პლატფორმებს (მაგ. Blooket, Canva, Quizizz, Wordwall);
  • აყალიბებს გაკვეტილის მიზნებს და ადგენს  აქტივობებს;
  • წერს სცენარს: რა ეტაპზე, როგორ და რატომ გამოიყენებს  ტექნოლოგიას;
  • მასალას არგებს მოსწავლეების ინტერესებზე (ადაპტირებული დავალებები).

ხოლო როდესაც  ამ გეგმით მასწავლებელი ჩაატარებს გაკვეთილს –  ეს იქნება  ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება. ამ დროს მასწავლებელი:

  • დაეყრდნობა  smart board-ს, ვიდეოს, ანიმაციას, პრეზენტაციას;
  • გამოიყენებს  ონლაინ პლატფორმებს აქტივობებისთვის;
  • მოსწავლეები და მასწავლებელიც მიიღებს  საინტერესო ინტერაქტიულ გამოცდილებას;
  • მოსწავლეებს აქვთ საკუთარი ციფრული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობს.

მაგალითად, როცა   საქართველოს  ისტორიულ მხარეებს შეისწავლიან მოსწავლეები, მათ შეუძლიათ შექმნან 3D რუკა,  ელექტრონული წიგნი და სხვ. ამ დროს ისინი:

  1. გამოიყენებენ ციფრულ დიზაინს (ამისთვის აუცილებელია მასწავლებელის მიერ დაგეგმვა – როგორ და როდის ჩაერთვება ტექნოლოგია, რომ ბავშვებისთვის იყოს საინტერესო);
  2. ხოლო როცა ბავშვები გამოიყენებენ შესაბამის პროგრამებს და შექმნიან პროდუქტს –  ეს უკვე არის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე.

ციფრული დიზაინის დაგეგმვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ აღიქვამენ და იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს პედაგოგები სასწავლო პროცესში. ერთ-ერთი ასეთი კვლევის შედეგი, რომელიც ასახულია ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაში (იხ. სურ.1), ნათლად აჩვენებს  დამოკიდებულებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ:

სურ.1

როგორც ინფოგრაფიკიდან ჩანს,   ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა  სასწავლო პროცესში  ძალიან დიდია  (83%),  რაც მიუთითებს, რომ გაკვეთილის სწორად დაგეგმვა ტექნოლოგიური კომპონენტებით პირდაპირ ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და აქტიურობაზე. რაც შეეხება დანარჩენ  17% – ესაა მინიშნება  სხვადასხვა დაბრკოლებაზე, როგორიცაა წვდომა, ცოდნის დეფიციტი  და სხვ. რაც ცხადყოფს კიდევ ერთ საჭირო მიმართულებას: აუცილებელია  სასწავლო პროცესის მონაწილეთა ციფრული კომპეტენციების განვითარება!

ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ამდიდრებს სასწავლო პროცესს. შესაბამისად, ციფრული დიზაინი აღარ განიხილება მხოლოდ შინაარსობრივ  გეგმად, არამედ განიხილება  აქტიური, მოქნილი და ინტერაქტიური გარემოს შემქმნელ იარაღად. საგანმანათლებლო პლატფორმები ანუ  სპეციალიზებული ციფრული გარემო,  უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალებზე წვდომას, სასწავლო პროცესში მონაწილეებს შორის ურთიერთქმედებას და ცოდნის ავტომატიზებულ კონტროლს, რაც   ეხმარება მასწავლებელს ეფექტიანი, პროდუქტიული გაკვეთილის ჩატარებაში.

განვიხილოთ რამდენიმე ნიმუში ისტორიის სასწავლო კურსიდან:

ნიმუში I

თემა: საქართველო II საუკუნეში. ფარსმან ქველი

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის შესწავლა

მეთოდები: ციფრული პრეზენტაცია, ვიდეო, ინტერაქტიული რუკა, მინი-დისკუსია, სავარჯიშო Canva-ზე.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები: მოსწავლე  აღწერს ფარსმან ქველის ისტორიულ როლს; ასახელებს მის მნიშვნელობას რომის იმპერიასთან ურთიერთობაში; აანალიზებს მისი ქმედებების გავლენას საქართველოს განვითარებაზე; იყენებს ციფრულ რესურსებს ინფორმაციის გადასამუშავებლად და წარსადგენად.

აქტივობა 1. გაკვეთილის შესავალი ნაწილი – „სტარტერის“  გამოყენება  

  • გაკვეთილი იწყება მოკლე ანიმაციით (3 წუთი): ფარსმანი რომში – სცენა სენატში, სადაც ფარსმანს განსაკუთრებული პატივით იღებენ. ასეთი შესავალი შესაძლებელია გაკეთდეს Canva-ს ან Animaker-ის მეშვეობით.
  • მინი-დისკუსია: რატომ შეიძლებოდა სენატს ასეთი პატივი მიეგო ქართლის მეფისთვის?

აქტივობა 2.  ახალი მასალის შესწავლა:

  • მოსწავლეები ამ ეტაპზე იყენებენ ინტერაქტიულ რუკა და მასზე  მონიშნავენ ფარსმანის სამეფოს საზღვრებს, რომის იმპერიის საზღვრებს, სატრანსპორტო გზებს.
  • პრეზენტაცია: მასწავლებელი უჩვენებს Google Slides პრეზენტაციას, სადაც ეტაპობრივად იხილავენ ფარსმანის წარმომავლობას; მის სამხედრო ძალას; მის ურთიერთობას რომთან და პართიასთან;
  • დისკუსია: “რატომ შეიძლება ყოფილიყო ფარსმანი რომისათვის სასურველი პარტნიორი?“

აქტივობა 3.  გამტკიცება

  • დავალება Canva-ზე (ჯგუფური სამუშაო): მოსწავლეები ქმნიან პოსტერს თემაზე: „მე ვარ ფარსმანი –  გზავნილი მომავალს“;
  • პოსტერის შესაქმნელად გამოიყენებენ ისტორიულ ფაქტებს, სიმბოლოსა და ტექსტურ კომპოზიციას.

აქტივობა 4.  შემაჯამებელი ნაწილი 

  • Quizizz ან Wordwall: მასწავლებელი იყენებს ციფრულ ტესტს 5 კითხვით – ფარსმანის ქმედებების შესაფასებლად;
  • რეფლექსია: „როგორ ფიქრობ, დღესაც შეგვიძლია თუ არა ფარსმანის მსგავსად ვიმოქმედოთ ქვეყნის სახელით?“

გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული ციფრული რესურსები:

მოცემული გაკვეთილის ციფრული დიზაინის ეტაპები:

  1. მინი-ენარი: გაკვეთილი იწყება ვიდეომონტაჟით, სადაც ჩანს რომის სენატში ფარსმანის მიღების სცენა (შესაძლებელია AI ვიდეოგენერატორი ან ისტორიული ილუსტრაციებით შექმნილი PowerPoint გამოყენება).
  2. ინტერაქტიული რუკა: მოსწავლეები 3D რუკაზე ათავსებენ საქართველოს იმდროინდელ სამეფო საზღვრებს და სატრანსპორტო გზებს.
  3. დიალოგის სცენარის დაწერა: მოსწავლეები ქმნიან ფარსმანისა და რომის იმპერატორის დიალოგს – შეიძლება ჩაწერონ ვიდეო/ინტერვიუ.
  4. შემაჯამებელი პროდუქტები: თვითშეფასება Quizizz-ის მეშვეობით.

აქაც, ციფრული დიზაინი ეხმარება მასწავლებელს, რომ ფარსმან ქველის ისტორია ცოცხლად, მრავალმხრივად წარუდგინოს მოსწავლეებს და ამას მიაღწიოს  არამხოლოდ ტექსტით, არამედ   ვიზუალიზაციის გზით, ემოციის/ემპათიის/ თანაგანცდის გამოწვევისა და კრიტიკული ანალიზის გზით.

ნიმუში II

თემა: „პუნიკური ომები – რომისა და კართაგენის ბრძოლა მსოფლიო ლიდერობისთვის“

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის შესწავლა

მეთოდები: ვიდეო ანიმაცია, ქრონოლოგიური რუკა, ინტერაქტიური ვიქტორინა, ჯგუფური სამუშაო Canva-ზე.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები: მოსწავლე  ეცნობა რომსა და კართაგენს შორის არსებულ  დაპირისპირებას, სამხედრო სტრატეგიებსა და შედეგებს; ასახელებს პუნიკური ომების მთავარ მონაწილე მხარეებს; ხსნის ომების მიზეზებსა და შედეგებს; აღწერს ჰანიბალის ლაშქრობას და მის ტაქტიკას; იყენებს ციფრულ რესურსებს ინფორმაციის გადამუშავებისთვის და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვისთვის.

აქტივობა 1. გაკვეთილის შესავალი ნაწილი – „სტარტერის“  გამოყენება

  • ანიმაციური ვიდეო: „ჰანიბალი გადადის ალპებზე“ – მოკლე (2-3 წთ) დოკუმენტური ან ანიმაციური ვიდეო, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჰანიბალის ლაშქრობას.
  • მინი-დისკუსია: წარმოიდგინე, შენ ხარ რომის მოქალაქე… რას ფიქრობ ამ ამბავზე?

აქტივობა 2. ახალი მასალის შესწავლა

  • ინტერაქტიული რუკის გამოყენება: TimeMap ან Google Earth:
    მასწავლებელი აჩვენებს რომისა და კართაგენის საზღვრებს, ომის ძირითადი ფრონტებს, ჰანიბალის გადაადგილების მარშრუტს.
  • ქრონოლოგიური ცხრილის გამოყენება (Sutori ან Slides): ნაჩვენებია ომის პირველი ეტაპი (კონფლიქტი სირაკუზასათვის),    მეორე ომი და ჰანიბალის შეჭრა აპენინზე და მესამე ომი –  მესამე ომი  კართაგენის განადგურება.
  • დისკუსია: “რატომ გახდა რომი საბოლოოდ გამარჯვებული?“

აქტივობა 3. გამტკიცება:  

  • ჯგუფური სამუშაო Canva-ს გამოყენებით თემაზე – ჩვენი ქალაქი პუნიკურ ომში
    თითო ჯგუფი ქმნის მოკლე პოსტერ-ინტერვიუს იმდროინდელი მოქალაქის პოზიციიდან – რომიდან, კართაგენიდან ან ესპანეთიდან. აქ მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან  დიალოგი, ილუსტრაცია ან მოკლე ტექსტი.

აქტივობა 4. რეფლექსია: Kahoot- ვიქტორინა

  • მოსწავლეები პასუხობენ ომის მონაწილეებზე, მთავარ პერსონაჟებზე,   ომის  ძირითად მომენტებზე და  შედეგებზე (შეიძლება დავალება შესრულდეს წყვილშიც);
  • თვითშეფასება: მოსწავლეები პასუხობენ, თუ რა დაამახსოვრდათ ყველაზე კარგად ჰანიბალის ისტორიიდან.

გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული ციფრული რესურსები:

მოცემული გაკვეთილის ციფრული დიზაინის ეტაპები:

  1. სცენარის დაგეგმვა: გაკვეთილი იწყება   ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობით (მაგ. Google Earth), სადაც ნაჩვენებია რომისა  და კართაგენის  ტერიტორიების ცვლილება;
  2. ვიდეო და ანიმაცია: YouTube-იდან მოკლე ანიმაცია ჰანიბალის ალპებზე გადასვლის შესახებ;
  3. ვიქტორინა/თამაშები: ვიქტორინა Kahoot-ის გამოყენებით  თემაზე: „რომი და კართაგენი“;
  4. ინტეგრირებული დავალება: მოსწავლეები Canva-ში ქმნიან „ჰანიბალის ომის დღიურს“ (როგორი იყო ეს ომი ჰანიბალის თვალით).

მოცემულ მაგალითშიც, ციფრული დიზაინი განსაზღვრავს ტექნოლოგიის გამოყენების ფორმას და მიზანს, რაც უზრუნველყოფს წარსულის, საზოგადოების მიერ განვლილი ისტორიული პერიოდის   ემოციურ აღქმას და  ვიზუალური ხატი-სიმბოლოების შექმნა/გაცოცხლებას.  შედეგად კი ვიღებთ საინტერესო და ეფექტურ გაკვეთილებს (იხ. ცხრილი 1 – ციფრული დიზაინის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგალითები მოცემული გაკვეთილების მიხედვით ).

კატეგორია გამოყენებული ელემენტი მიზანი / ფუნქცია კონკრეტული მაგალითი გაკვეთილიდან
ციფრული დიზაინი გაკვეთილის დაყოფა ეტაპებად  (სტარტერი, ახალი მასალის შესწავლა, გამტკიცება, რეფლექსია) გაკვეთილის (სასწავლო პროცესის)  მიზნობრივი, სტრუქტურირებული წარმართვა ორივე გაკვეთილი იწყება მოტივაციით (ანიმაცია), გადადის აქტიურ კვლევაში და მთავრდება შეფასებით
ციფრული დიზაინი დავალებების წინასწარი დაგეგმვა მოსწავლეთა შესაძლებელობების გათვალისწინებით პერსონალიზებული სწავლების ხელშეწყობა მოსწავლეები წერენ დიალოგს  (მაგალითად,  ფარსმანზე,  ან იწერება  „ჰანიბალის დღიური“   (ანუ მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აქტივობები)
ციფრული დიზაინი თემატურად შერჩეული მულტიმედიური რესურსები ისტორიის გააზრება (ვიზუალურად, ემოციურად და ანალიტიკურად) ანიმაციური ვიდეოები (მაგალითად, ფარსმანის მიღებაზე სენატში.. ჰანიბალის ლაშქრობაზე..)
ინფორმაციული ტექნოლოგიები Canva შემოქმედებითი დავალებებისა  და ჯგუფური მუშაობის გამოყენებით პოსტერი: „მე ვარ ფარსმანი“; ინტერვიუ: „ჩვენი ქალაქი პუნიკურ ომში“
ინფორმაციული ტექნოლოგიები Google Slides ახალი მასალის წარდგენა სტრუქტურირებული  ფორმით ფარსმანის წარმომავლობის, სამხედრო ძალის და ურთიერთობების პრეზენტაცია
ინფორმაციული ტექნოლოგიები ინტერაქტიული რუკა (Google Earth ან TimeMap) გეოგრაფიული კონტექსტის ვიზუალიზაცია ფარსმანის სამეფოს და რომაული გზების მონიშვნა; კართაგენის ფრონტების ანალიზი
ინფორმაციული ტექნოლოგიები Kahoot / Quizizz / Wordwall ცოდნის შემოწმება, შემაჯამებელი დავალების შეფასება, თამაშის ელემენტის გამოყენება ფარსმანის შესახებ ტესტი; პუნიკური ომების Kahoot -ვიქტორინა
ინფორმაციული ტექნოლოგიები Animaker / PowerPoint ვიდეოები ისტორიული მოვლენის/ფაქტის გაცოცხლება ფარსმანის მიღების სცენის ანიმაცია..  ჰანიბალის ლაშქრობის ვიდეო..

ცხრილი 1.

რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინტეგრაცია  პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის ციფრულ დიზაინთან, გაკვეთილის ციფრული დიზაინიც არა მხოლოდ ტექნოლოგიების მექანიკური გამოყენება, არამედ მათი მიზნობრივად ინტეგრირებაა. ამიტომ მათი სწორად შერჩევა და იმ გზებისა და ხერხებს მოძებნა, რომელიც ეფქტიან შედეგებს მოგვცემს, აუცილებელია. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია წარმატებით გადავჭრათ თანამედროვე სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები.

 

ფიზიკოსების დეფიციტი

0

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში თანდათანობით იკვეთება კვალიფიციური ფიზიკოსების დეფიციტი. ეს ტენდენცია არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების ტემპს ანელებს, არამედ აისახება განათლებასა და ინოვაციაზე სხვადასხვა სფეროში — ტექნოლოგიიდან მედიცინამდე. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც ახალგაზრდების დაინტერესება ფიზიკით და ზოგადად მეცნიერებით, თანდათან კლებულობს.  დიპლომირებული, კვალიფიციური  ფიზიკოსების ნაკლებობას განიცდიან სასწავლო დაწესებულებები და უპირველესად სკოლა. სახელმწიფოებრივი აზროვნების თვალთახედვით, განსაკუთრებით ყურადსაღებია სკოლებში არსებული მდგომარეობა. ფიზიკის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემებით  შექმნილი რეალობა, უფრო მკაფიო გახდება  მომავალში. ეს მომავალი კი არც ისე შორსაა.

სპეციალისტების ვალდებულებაა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა – ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, პრობლემების იდენტიფიცირება,  შესაბამისი აღმოსაფხვრელი  გეგმების დასახვა და განხორციელება.

ქართველი ფიზიკოსები ხშირად სინანულით ხუმრობენ, რომ  უკვე წითელ წიგნშია შესატანი პროფესია ,,ფიზიკოსი“. სოციალურ ქსელებში, კერძო საუბრებსა თუ საქმიან შეხვედრებზე ხშირად განიხილება აღნიშნული საკითხი. მსმენია ბევრი ყურადსაღები მოსაზრება, რომელმაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს არსებული რეალობის შეცვლის მიმართულებით. პრობლემის ირგვლივ არგუმენტირებული შეხედულებების საჯაროდ ჩამოყალიბება მოითხოვს კომპეტენტური პირების ნააზრევის  გათვალისწინებას. სწორედ ამ მიზნით, ჩავატარე მცირე კვლევა და შევაჯამე რესპოდენტთა მოსაზრებები.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, ანალიზს და  რეკომენდაციებს. კვლევა ჩატარდა სოციალური ქსელის საშუალებით, ფიზიკოსთა დახურულ ჯგუფებში გაზიარებული კითხვარის საშუალებით. მასში მონაწილეობა მიიღო 130-მა  ფიზიკოსმა.  რესპოდენტთა უდიდესი ნაწილი არის  სკოლის მოქმედი მასწავლებელი. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი,   რეგიონის  პედაგოგთა გარკვეული ნაწილი პასიურია ზოგადად და არ არის გაერთიანებული ფიზიკოსთა სოციალურ ჯგუფებში. შესაბამისად,  ამ კვლევის ანალიზი იქნება რეალურ სურათთან   შედარებით  პოზიტიური.

მიღებული შედეგების  განზოგადებით, სკოლებში დასაქმებული ფიზიკის მასწავლებლების 79%  50  წელს  არის გადაცილებული. აქედან   20%  გახლავთ  65+  ასაკის.  იმედის მომცემია, რომ ფიზიკის პედაგოგთა  8%   35  წლამდე ახალგაზრდაა. ასევე,  კვლევის თანახმად ფიზიკის მასწავლებელთა 87%  ქალია,  13% კი არის მამაკაცი. რესპოდენტთა 58% ასწავლის ქალაქის სკოლებში, ხოლო 42% რეგიონებში.

 

კვლევაში მონაწილეთა  4%   ან კერძო რეპეტიტორია, ან სხვა სფეროშია დასაქმებული. ყურადსაღებია, რატომ არჩევს ფიზიკოსთა გარკვეული ნაწილიკერძო რეპეტიტორობას?! ფაქტია, ისინი თვალყურს ადევნებენ ფიზიკის მასწავლებელთა საქმიანობას და გული შეტკივათ არსებულ პრობლემებზე.  ეს მომენტი მოითხოვს დაფიქრებას და ამ ადამიანების დასაინტერესებლად, შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას.

მარტივი ლოგოკით, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ისწავლა უნივერსიტეტებში, მიიღეს ფიზიკოსის და ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია,  მაგრამ არ უფიქრიათ,  სკოლაში დასაქმება.  იმ რეალობაში, როდესაც რთულია იპოვო სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციით, გვაქვს ფიზიკის პედაგოგთა დეფიციტი.  შესაძლებელია, შევქმნათ რეალური მიმზიდველი გარემო, რაც დიპლომირებულ ფიზიკოსს დააინტერებს, მონაწილეობა მიიღოს მომავალი  თაობის აღზრდის საქმეში და ხელი შეუწყოს ფიზიკის სწავლების დონის ამაღლებას. ასეთ პირებს უნდა მივცეთ გარკვეული პერიოდი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად და ასევე, უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა წამახალისებელი დაინტერესება, მათ შორის ფინანსური.

გამოკითხულთა გარკვეული ნაწილი ფიზიკასთან ერთად ასწავლის ისტ-ს, მათემატიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. აქ იკვეთება ორი მიზეზი – ფიზიკაში მცირე საათების რაოდენობა და ასევე, მომიჯნავე საგნების პედაგოგთა  დეფიციტი.

 

კვლევის შედეგებს თუ განვაზოგადებთ, ფიზიკის მასწავლებელთა 16%  არ არის დიპლომირებული ფიზიკოსი.  მათ გარკვეულ ნაწილს დადასტურებული აქვთ კომპეტენცია ფიზიკაში. სასურველია, თუკი ასეთი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან და ფიზიკის სწავლების საქმეს შეუდგებიან. ამ  16%-ში არიან ისეთი პირებიც, რომელთაც მოქმედი სქემის მიხედვით აქვთ ფიზიკის სწავლების უფლება, მაგრამ კომპეტენცია დადასტურებული აქვთ სხვა საგნებში – მათემატიკაში, ისტ-ში,  ქიმიაში, ბიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში.

გამოკითხულთა 76%-ს დადასტურებული აქვს კომპეტენცია ფიზიკაში. 11% სამომავლოდ გეგმავს გამოცდაზე გასვლას.  საინტერესოა, რომ 13 % არ აპირებს ფიზიკაში გამოცდის ჩაბარებას.  ამ პირთა გარკვეული ნაწილი იყო უკვე გამოცდაზე და თვლიან, რომ ეს მათთვის არ არის გამოცდის მისაღები ფორმა. ისინი სხვა საგნის საშუალებით არიან დღეს მოქმედი პედაგოგები და  სამომავლოდაც ასე აპირებენ  მუშაობის გაგრძელებას.

გამოკითხულთა 10,5% გახლავთ უსტატუსო მასწავლებელი. მათი გარკვეული ნაწილი  მაძიებელია. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ არ დაკარგონ მოტივაცია და სამომავლოდ ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის უფლება სქემის მიხედვით განსაზღვრული სტატუსების შესაბამისად.

რესპოდენტთა    74% თვლის, რომ საგანს ასწავლის მოთხოვნის შესაბამისად.  4% საკუთარ საქმიანობას არ აფასებს დადებითად.  22%  კი არ არის დარწმუნებული სწავლების მაღალ ხარისხში. ხარისხიან სწავლებას განაპირობებს ბევრი ფაქტორი –  მათ შორის:

  • მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • სასკოლო გარემო (დირექციის, კოლეგების თანამშრომლობითი კულტურის დონე);
  • კლასში მოსწავლეთა რაოდენობა;
  • ლაბორატორიის არსებობა;
  • მასწავლებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ფლობის უნარები;
  • მოტივაცია;
  • სახელფასო ანაზღაურება.

რაც შეეხება STEAM  კლუბის კურატორობას, მზაობას აცხადებს რესპოდენტთა  25%.  პედაგოგთა 53%   ამ მიმართულებით საჭიროებს ტრენინგების გავლას. როგორც იკვეთება,  გადამზადების შემდეგ STEAM  კლუბებში საქმიანობას გეგმავს პედაგოგთა 78%, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტია.  22% არ აპირებს STEAM  სწავლებაში ჩართვას.

ამ სტატიის დაწერამდე მქონდა მოსაზრება, ცალკე წერილში განმეხილა  ფიზიკაში ეროვნულ გამოცდებზე ბოლო წლების  სტატისტიკური მონაცემების შედეგი. გადავწყვიტე ეს ორი თემა  გავაერთიანო, რადგან ფიზიკოსების დეფიციტი და ეროვნული გამოცდების შედეგები ურთიერთგადაჯაჭვული პრობლემებია.

წინა წლებთან შედარებით, ფიზიკაში აბიტურიენტთა რაოდენობა საგრძნობლად არის მომატებული.  გამოცდაზე დარეგისტრირდა  945 აბიტურიენტი. აქედან, მინიმალური ზღვარი გადალახა  მხოლოდ  62%-მაnaec-ის ჰისტოგრამაზე ჩანს, რომ 284 აბიტურიენტმა  შეძლო 30 ქულაზე მეტის მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საინტერესოდ ჩავთვალე კვლევაში მონაწილე ფიზიკოსთა მოსაზრება –   რას თვლიან ამ რეალობის მიზეზად და რაში ხედავენ გამოსავლის გზებს.

კვლევაში მონაწილეთა  22%  ფიქრობს, რომ ამ შედეგის   მიზეზია ტესტის ფორმატი და სირთულე. უმეტესობა კი პრობლემას აბიტურიენტთა დაბალ მომზადებაში ხედავს.  შევხედოთ ამ საკითხს სიღრმისეულად.

ფიზიკა  მეტწილად აბსტრაქტური და მათემატიკურად დატვირთული საგანია.  მოსწავლეებს, რომლებსაც ლოგიკურ-ანალიტიკური უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული, ხშირად გაუგებრად ეჩვენებათ საგნის თეორიული მხარე. ჩარჩოებში და დროში შეზღუდული  სწავლება მხოლოდ ზედაპირულია. სახელმძღვანელოები ინფორმაციულად  ზედმეტად არის გადატვირთული. სკოლების უმეტესობას არ გააჩნიათ რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიული სივრცეები. ზოგიერთ სკოლაში  ვერ ასწავლიან ფიზიკას სრულფასოვნად — მიზეზი მცირე საათები და ზოგ შემთხვევაში  არასპეციალისტი მასწავლებელია.

ასევე, არსებობს  ფსიქოლოგიური ბარიერი –  ფიზიკას საზოგადოებაში აქვს რთული საგნის რეპუტაცია.  მოსწავლეს  თავიდანვე აშინებს საგანი და ხშირად არც კი ირჩევს მის ჩაბარებას. ბევრი ამჯობინებს შედარებით მარტივად აღქმად საგნებს. როდესაც მოსწავლე ვერ ხედავს, როგორ უკავშირდება ფიზიკა მის მომავალ პროფესიას ან ყოველდღიურ ცხოვრებას, ინტერესი ქრება. ნაკლებია პრაქტიკული აქტივობები, სასწავლო- კვლევითი პროექტები, ექსპერიმენტები — რაც სწავლებას სქემატურ სახეს აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის გამოცდას აბარებენ მხოლოდ ის აბიტურიენტები, ვისაც ამ საგნის ათვისების გარკვეული ბაზა უკვე აქვს, 2024 წელს 38%-მა მაინც ვერ გადალახა ბარიერი. ეს მიგვანიშნებს, რომ პრობლემა მხოლოდ მოსწავლეში არ არის. ფიზიკის ტესტი ხშირად არ შეესაბამება სკოლაში ნასწავლ მასალას და  არც მოსწავლის კონცეპტუალურ აზროვნებაზე ორიენტირდება- ის მეტისმეტად ტექნიკურია. შესაბამისად, შედეგი არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, არაერთი მოსწავლე კარგავს მოტივაციას და აბიტურიენტებისთვის ფიზიკა ნელ-ნელა ქრება, როგორც რეალური საგნობრივი არჩევანი.

ეროვნულ გამოცდაზე ფიზიკას აბიტურიენტი შემთხვევით  არ ირჩევს.  ლოგიკურია, ახალგაზრდას აქვს საფუძველი და იმედი, რომ ჩააბარებს ამ  გამოცდას. მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, არიან ისეთი სკოლების კურსდამთავრებულები, სადაც ფიზიკა გაძლიერებულად ისწავლება  (კვალიფიციური კადრი, ლაბორატორიები, ფიზიკაში საათების დიდი რაოდენობა და შესაბამისად, ინტენსიური მუშაობა ამოცანებზე). შედეგი მაინც არ არის სახარბიელო. გამოდის, არ ვასწავლით იმ ფორმატის შესაბამისად, რასაც ვთხოვთ!

იმ რეალობაში, როდესაც ფიზიკოსთა რაოდენობა თანდათან მცირდება, ხომ არ აჯობებდა,  შევცვალოთ საგამოცდო მოთხოვნები, ნაწილობრივ გავამარტივოთ  ტესტები და შემდეგ,  უკვე  უნივერსიტეტებში  ვასწავლოთ მოწოდების დონეზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაფიქრებაა საჭირო.

ამ კვლევის ძირითადი იდეა გახლდათ, ფიზიკოსების, ასევე ამ  პრობლემით დაინტერესებული ადამიანების მოსაზრებების დაფიქსირება და მათი ნააზრევის განზოგადება.

გთავაზობთ რესპოდენტთა ზოგიერთ საინტერესო პასუხს კითხვაზე, რა გამოწვევების  წინაშე დგას სკოლაში ფიზიკის სწავლება და როგორ ესახებათ არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზები.

  • ,,ფიზიკის მასწავლებლობა არ არის მიმზიდველი ახალი თაობისთვის. მე    დამწყები მასწავლებელი ვარ. სამწუხაროდ, თანდათან მეკარგება მოტივაცია, რადგან მხარდაჭერას ვერ ვიღებ სკოლაში. კოლეგებს შორის არ არსებობს გაერთიანება იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს. მასწავლებელმა ჯერ საკუთარი ყოფითი თუ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს, ხოლო შემდეგ, შავ ხვრელზე და მატერიის დუალისტურ ბუნებაზე მსჯელობა“;
  • ,,უმთავრესი პრობლემა სასწავლო რესურსების უქონლობაა. ფიზიკის გაკვეთილი უნდა წარიმართოს ლაბორატორიულ კაბინეტში, თითოეულ მოსწავლეზე კომპიუტერის უზრუნველყოფით. საუკეთესოა რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები. საგანი პროფესიონალმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, რომელმაც იცის ფიზიკის ზოგადი კურსი, უყვარს პროფესია და პირველ რიგში აღსაზრდელი. იცის ზოგადი ცნებები საგანში“;
  • ,,უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დანერგვა“;
  • ,,დიდი პრობლემაა სახელმძღვანელოების და საგანთაშორის პროგრამების შეუთავსებლობა. ფიზიკოსს უწევს ახსნას ვექტორები, პითაგორას თეორემა, ტრიგონომეტია და  ა.შ.“.
  • ,,ხელფასი კლუბის მუშაობისთვისაც კარგი იქნებოდა“.
  • ,,აუცილებელია კლასში თუნდაც ერთი კომპიუტერი და   პროექტორი“;
  • ,,თუ გვინდა, რომ მომავალში ფიზიკოსების რაოდენობა არ შემცირდეს და ეს სფერო იყოს აქტიური, საჭიროა გაიზარდოს საათების რაოდენობა.  უნდა მოხდეს ამ მიმართულებით ნიჭიერი ადამიანების დასაქმების სტიმულირება;   ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნდა არსებობდეს სტიპენდიები; გაცვლითი პროგრამები უცხოეთში იქნება ძალიან კარგი სტიმული“;
  • ,,STEAM მიმართულებით სწავლების ხერხემალი სწორედ ფიზიკაა“;
  • ,,უნდა დააბრუნონ სკოლაში გამოცდები, მოსწავლე იგრძნობს ფიზიკის სწავლების საჭიროებას“;
  • ,,სასურველია გამარტივდეს საგამოცდო ტესტები. ბოლო პერიოდში ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ფიზიკის მასწავლებლობის მსურველი, მაგრამ ტესტებს რომ ნახულობენ მოტივაცია ეკარგებათ. საგამოცდო ფორმატის გამარტივების შემთხვევაში, ფიზიკოსობის გაცილებით მეტი მსურველი გაჩნდება“;
  • ,,უნივერსიტეტებში მეტად უნდა მიექცეს ყურადღება ფიზიკის მეთოდიკის სწავლებას. უდაოდ წაახალისებს ამ სისტემას სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა და მომატებული სახელფასო ანაზღაურება“;
  • ,,ლოგიკურია, რომ მასწავლებელთა ნაწილი არ ფიქრობს დამატებითი აქტივობების განხორციელებას და თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებას სწავლების პროცესში, რადგან დამატებითი შრომა არ აისახება მათ შემოსავალზე“;
  • ,,უნდა შეიქმნას შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო სივრცეები, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ სასკოლო პროგრამაში შეტანილი საკითხების უკეთ აღქმას და ყოველდღიურობასთან დაკავშირებას“;
  • ,,აუცილებელია საბუნებისმეტყველო საგნების პრიორიტეტად წარმოჩენა, ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვა და შენარჩუნება – თუ განათლების სისტემა ახალგაზრდებს არ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, სკოლებში ახალი კადრები ვერ დარჩებიან“;
  • ,,ამ სპეციალობას დიდი ხანია უჭირს და საჭიროა სწრაფი ქმედითი ნაბიჯები. ზოგან, განსაკუთრებით რეგიონებში, ფიზიკას ასწავლიან ამ საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა სპეციალობის პედაგოგები. ფიზიკის სწავლებას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის პედაგოგი“;
  • ,,ფიზიკის შემეცნება მაღალი “ინტელქტუალური მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს”. ფიზიკით დაინტერესების კოლექტიური ტენდენცია ნორმალურ პირობების შემთხვევაში იჩენს თავს. თუ სახელმწიფოს პოლიტიკაში არ არის მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივების მცდელობა, სასურველი შედეგი ვერ  დადგება“;
  • ,,სახელმძღვანელოს ავტორებს  მისცენ უფლება დაწერონ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ“;
  • ,,ახალდამთავრებულ ფიზიკოსს გარანტირებული სამუშაო ადგილი უნდა შევთავაზოთ; შემდეგ კი პროფესიული კავშირი  საგნობრივ ექსპერტებთან“;
  • ,,ამ რეალობის მიზეზი ის პოლიტიკური ქარტეხილებია, რაც გადავიტანეთ და გადაგვაქვს. პლიუს ქვეყნიდან ადამიანების გადინება, საექსპერიმენტო ბაზების უქონლობა. ზოგადად, ზუსტი დისციპლინებისადმი ზერელე დამოკიდებულება“;
  • ,,ფიზიკის მასწავლებლების გაქრობა” უწინარესად ამ სპეციალობის მნიშვნელობის გაუფასურებამ გამოიწვია, სანამ ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე არ განიხილება, მანამ ყველაფერი უცვლელად დარჩება“;
  • ,,უნდა მოხდეს ფიზიკის პოპულარიზაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროს როლი- ექიმისთვის, ინჟინრისთვის და ყველა სპეციალობის წარმატებული ადამიანისთვის“;
  • ,,უნივერსიტეტებში მეტ ფაკულტეტებზე უნდა გაძლიერდეს ფიზიკის სწავლება და პროფესია წახალისდეს ეკონომიურად“;
  • ,,კავშირი სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის გაწყვეტილია. სკოლაში მოსწავლეები ვერ ხედავენ წარმატებულ მეცნიერებს. აღსადგენია მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციები“;
  • ,,სადაც ბიოლოგი და ქიმიკოსი ასწავლის ფიზიკას, იქ შედეგი ვერ დაიდება“;
  • ,,ეროვნულ გამოცდებში სამედიცინო და ბევრ სხვა სპეციალობებზე ფიზიკა უნდა გახდეს სავალდებულო საგანი“;
  • ,,ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდის გამარტივებით შეიძლება მეტი კადრის შერჩევა“.

 

  • ახლა კი წარმოგიდგენთ კვლევის დასკვნებს და რეკომენდაციებს:

 

  • ატომ უჭირთ აბიტურიენტებს ფიზიკის ჩაბარება?
  • ტესტების დიდი ნაწილი დახურულია და ამავდროულად აქცენტირებულია  რთულ მათემატიკურ ამოხსნებზე;
  • შეკითხვები  ლაბორატორიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაა მოკლებული, რაც თანამედროვე მიდგომებით უკუსვლაა;
  • ბევრი ამოცანა შეიცავს ისეთ საფეხურებს, როცა ერთი პატარა შეცდომა აბიტურიენტს მთელი ქულას აკარგვინებს;
  •  არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი  სავარჯიშო მასალა ოფიციალურად;
  • ნაკლებია ისეთი ტიპის ამოცანები, რომლებიც ეტაპობრივად ააშენებს პასუხს და მისცემს მოზარდს შანსს, ნაწილობრივი ცოდნა გამოავლინოს;
  • მხოლოდ პასუხის მიღებაზე დამყარებული ამოცანები არ აფასებს იმას, როგორ ფიქრობს ახალგაზრდა,  აყალიბებს არგუმენტს, ხსნის მოვლენებს.
  • აბიტურიენტის ნამდვილი შესაძლებლობები ვერ იზომება საფუძვლიანად.

რეკომენდაციები:

 

  • მასწავლებელთა მხარდაჭერა და გადამზადება — პრაქტიკაში ახალი მეთოდების, ტექნოლოგიების და შეფასების სტრატეგიების შეტანა;
  • მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ფორმატით დამატებითი გაკვეთილები და კონსულტაციები — განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასებისთვის;
  • დიაგნოსტიკური შეფასებები მთელი წლის განმავლობაში — სუსტი მხარეების დროული აღმოჩენა და მიზნობრივი დახმარება;
  • ლაბორატორიული მუშაობის და პრაქტიკული ამოცანების მეტად გამოყენება- ფიზიკის  შინაარსობრივ აღქმაზე ფოკუსირება;
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება- წარმატებული ფიზიკოსების ისტორიები, მეცნიერებთან შეხვედრები, კარიერული პერსპექტივების ჩვენება, კონფერენციები, პროექტებზე დაფუძნებული სწავლა;
  • ციფრული რესურსების ინტენსიურად გამოყენება;
  • დიფერენცირებული მიდგომა მოსწავლეებთან – ინდივიდუალური განსხვავებების და სწავლის სტილის გათვალისწინება;
  • მოსწავლეებთან პროფორიენტაციის გაკვეთილების ჩატარება;
  • საგამოცდო ტესტები მათემატიკური გამოთვლების გარდა, უნდა მოიცავდეს თეორიულ საკითხებს,  კონცეპტუალურ და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამოცანებს;
  • ეროვნულ გამოცდებზე ღია ტიპის ტესტების გაზრდა, რაც გამოაჩენს ნამუშევრის ხარისხს;
  • სკოლისა და აბიტურიენტის დონის ბმის გადახედვა.

 

  • ახლა კი ფიზიკოსების დეფიციტის ძირეული მიზეზები განვიხილოთ თეზისებად:
  • ფიზიკა აღქმულია, როგორც რთული დისციპლინა- მოტივაცია ქვეითდება სკოლიდანვე;
  • სასკოლო პროგრამები და სწავლების მეთოდები ხშირად მოძველებულია და ვერ იწვევს ინტერესს;
  • სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;
  • სხვა სფეროებთან შედარებით დაბალი ხელფასი, რასაც ბუნებრივად მოჰყვება კადრების გადინება;
  • პროფესიის პრესტიჟის პრობლემა — ხშირად მასწავლებლის პროფესია „ბოლო ვარიანტად“ განიხილება;
  • ფიზიკის სირთულე — საგანი მოითხოვს მაღალი დონის პროფესიულ მომზადებას, რასაც ყველა ვერ აუდის. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო  და სადოქტორო საფეხურზე შემცირებულია კონკურსები და მოტივაცია;
  • არაფიზიკოსი  მასწავლებლები (უმეტესად რეგიონებში);
  • გადამზადების სისტემების არაეფექტურობა;
  • ახალგაზრდა კადრების დაინტერესების პრობლემა— ნაკლებად სტიმულირებელი საგნობრივი გარემო;
  • STEAM-ზე ორიენტაციის მიუხედავად, ფიზიკა ისევ რჩება ჩრდილში.

რეკომენდაციები:

  • სკოლაში ფიზიკის სწავლების მეთოდების განახლება- მეტი ინტეგრაცია პრაქტიკასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
  • მასწავლებელთა პრესტიჟის გაზრდა- პროფესიული მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება;
  •  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაცია-საინტერესო პროექტებით, კონკურსებითა და სხვა;
  • ფიზიკოსების და STEAM სპეციალისტებისათვის ფინანსური და სოციალური წახალისება;
  • სკოლებისა და უნივერსიტეტების მეტი თანამშრომლობა- მოსწავლეთა ჩართვა ლაბორატორიულ და კვლევით პროცესებში;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფიზიკის როლზე თანამედროვე მსოფლიოში;
  • მიზნობრივი სტიპენდიები ფიზიკის სპეციალობაზე;
  • ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ტესტის ფორმატის გადახედვა;
  • სკოლებში ფიზიკის სწავლების ხარისხის მონიტორინგი;
  • დიპლომირებული ფიზიკოსების ბაზის  სკოლებში შესაძლო გამოყენება;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

ფიზიკოსების მზარდი დეფიციტი არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის, არამედ ქვეყნის განვითარების მასშტაბური გამოწვევაა. პრობლემის არსის გაცნობიერება, დროული რეაგირება და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ფიზიკის სწავლა-სწავლებაში ჩართვის მოტივაცია. ჩვენი ნაბიჯები დღეს, განსაზღვრავს, თუ ვინ იქნებიან ხვალ მეცნიერების ახალ საფეხურზე მდგომი ადამიანები — მათი განვითარება და ჩამოყალიბება კი იწყება  საკლასო ოთახში, სადაც ფიზიკის გაკვეთილზე იბადება  ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შემეცნების სურვილი.

 

 

კლიმატის სამოქმედო გეგმა – NDC

0

ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას, შეიმუშავეს დოკუმენტი ემისიების შემცირების შესახებ – ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs), რომელშიც გაწერილია შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების სამიზნე მაჩვენებლები. ეს არის ოფიციალური კლიმატის სამოქმედო გეგმები, რომლებსაც თითოეული ქვეყანა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარუდგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC). დოკუმენტში დეტალურად არის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგიები, რომლის ფარგლებშიც თანაბრად განიხილება კლიმატური, გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები.

NDC-ის მიზნების მისაღწევად მხარეებმა უნდა განახორციელონ შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებები და რეგულარულად წარმოადგინონ ინფორმაცია NDC-ის განხორციელებისა და მისი მიზნების შესრულებაში მიღწეული პროგრესის საჩვენებლად.

პარიზის შეთანხმების ქვაკუთხედი, NDC შექმნილია პროგრესის თვალყურის დევნებისთვის და დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უფრო ამბიციური მოქმედების წახალისებისთვის.

კლიმატის პრიორიტეტები განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. უფრო მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, იაპონია და ევროკავშირი, მიდრეკილნი არიან ფოკუსირდნენ ემისიების შემცირების მიზნებზე, მაგრამ ხშირად არ აქვთ დეტალური პოლიტიკა ან მარეგულირებელი ზომები მათ მისაღწევად. მაგალითად, ევროკავშირის პირველი NDC შედგება მისი ემისიების შემცირების მოკლე განცხადებისგან, რომელსაც თან ახლავს ტექნიკური ინფორმაციის ცხრილი და მოკლე „შემდეგი“ განყოფილება. დაახლოებით 1000 სიტყვით, დოკუმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დაპირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის განახლებული NDC-ები აწვდიან პოლიტიკისა და კანონმდებლობის ზოგიერთ შეჯამებას, აკლია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს მიზნების მიღწევას. ტექსტები შეიცავს ზოგად განცხადებებს, როგორიცაა: „მდგრადმა სატრანსპორტო პოლიტიკამ შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში“. ანალოგიურად, შეერთებული შტატების 2021 წლის განახლებული NDC ადგენს სათბურის აირების წმინდა ემისიების 50-52%-ით შემცირებას 2005 წლის დონემდე 2030 წლისთვის; თუმცა დოკუმენტი, რომელიც ასახავს ამ მიზნის მიღწევის გეგმებს, არ შეიცავს დეტალებს კონკრეტული პოლიტიკის შესახებ.

ამის საპირისპიროდ, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ უფრო ფართო მიდგომას, ათავსებენ კლიმატის პოლიტიკას მდგრადი განვითარების მიზნებში. მათი NDC ხაზს უსვამს ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობასა და კლიმატის ზემოქმედებასთან ადაპტაციასა და შერბილებას; აღნიშნავენ, რომ სჭირდებათ ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა უფრო მდიდარი ქვეყნებისგან, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ვენესუელას განახლებული 2021 წლის NDC ალბათ ამის ყველაზე ექსტრემალური მაგალითია. 76000 სიტყვას აღემატება, დოკუმენტი არის ყველაზე გრძელი წარდგენილი დოკუმენტებიდან და აერთიანებს ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ხედვას.

ზოგიერთმა განვითარებადმა ქვეყანამ მიუხედავად მათი შეზღუდული რესურსებისა, შექმნა გამჭვირვალე, მკაფიო და დეტალური NDC. ეთიოპიის განახლებული 2021 წლის NDC გვთავაზობს ემისიების სექტორის სპეციფიკურ პროგნოზებს სხვადასხვა სცენარით და მკაფიო პოლიტიკას მიზნების მისაღწევად. ვანუატუს განახლებული 2022 წლის წარდგენა სისტემატურად აკავშირებს პოლიტიკის ქმედებებს მდგრადი განვითარების შესაბამის მიზნებთან და განსაზღვრავს საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის დონეს, რომელიც საჭიროა განხორციელებისთვის. ეს მაგალითები ასახავს იმას, თუ როგორ აერთიანებს ზოგიერთი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა არა მხოლოდ კლიმატის ქმედებებს უფრო ფართო განვითარების გეგმებში, არამედ ასახავს მათ განხორციელების კონკრეტულ გზებს.

კონტრასტი  NDC-ებს შორის აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს კლიმატის სამართლიანობის შესახებ. მაგალითად, ვინ უნდა იტვირთოს კლიმატის პოლიტიკის ეკონომიკური ტვირთი – განვითარებულმა ქვეყნებმა ისტორიულად მაღალი ემისიებით თუ განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებიც ისწრაფვიან ეკონომიკური ზრდისკენ? ეს კითხვა ეჭვქვეშ აყენებს ერთიანი კლიმატის პოლიტიკის დაწესების სამართლიანობას, რადგან ქვეყნებს ძალიან განსხვავებული ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ. სხვა კითხვები მოიცავს შემდეგს: როგორ შეიძლება კლიმატის პოლიტიკა იყოს სამართლიანი განვითარებადი რეგიონებისთვის, რომლებიც არაპროპორციულად მოქმედებენ ემისიების შესამცირებლად? როგორ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს სოციალური ხარჯები გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისას? განვითარებადი ქვეყნების NDC-ები ასახავს ამ საკითხებს, აბალანსებს კლიმატის მოქმედებას მწვავე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან.

კლიმატის დაპირებები დროთა განმავლობაში შეიცვალა

ადრეული NDCs ხშირად იყო ფართო განცხადებები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ზოგად ვალდებულებებზე და არა კონკრეტულ ქმედებებზე. უახლესი განახლებები, როგორც წესი, უფრო დეტალურია, ზოგიერთ ქვეყანაში შერბილების სტრატეგიები დაყოფილია ისეთი სექტორების მიხედვით, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. თუმცა, გამჭვირვალობა კვლავ პრობლემად რჩება – ბევრ დაპირებას ჯერ კიდევ არ აქვს სპეციფიკა და დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავენ მთავრობები დაფინანსებას ან განხორციელებას  კლიმატის მიზნების მისაღწევად, რაც გაურკვევლობას ტოვებს, გადაიქცევა თუ არა დაპირებები მოქმედებაში.

მკვლევრებმა გამოავლინეს მსგავსი მიდგომის ქვეყნების ცხრა ჯგუფი, რომელთაც  მსგავსი პრიორიტეტები აქვთ.

კლასტერები NDC თემის გავრცელების მიხედვით.

დსთ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

LMDC1 და 2 – ნაკლებად საშუალო განვითარებული ქვეყნები ჯგუფი 1 და 2.

SIDS -პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები.

AILAC – ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის დამოუკიდებელი ალიანსი.

 G77– გაეროს განვითარებადი ქვეყნების კოალიცია, რომელიც შექმნილია ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად,რათა ხელი შეუწყონ სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას განვითარებისთვის.

Umbrella ჯგუფი არაფორმალური კოალიციაა, რომელსაც აქვთ საერთო პოზიცია კლიმატის მოლაპარაკებების დროს. დამფუძნებელი წევრები არიან- იაპონია, შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია და ახალი ზელანდია. მოგვიანებით რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის – რუსეთი და უკრაინა.

კლასტერი, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ხაზს უსვამს კლიმატის მოქმედების გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე. იმავდროულად, პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები (SIDS), რომლებიც ძალიან დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ, ხაზს უსვამენ ადაპტაციას და საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროებას.

ეს კლასტერები ხაზს უსვამენ იმ რთულ კომპრომისებს, რომლებსაც აწყდებიან ქვეყნები ემისიების შემცირების ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებთან დაბალანსებისას. მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისინი აგრეთვე ხაზს უსვამენ უფრო ღრმა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ განხეთქილებას, რომელიც აყალიბებს კლიმატის ვალდებულებებს. უფრო მდიდარი, საბაზრო ეკონომიკებისთვის, გამოწვევა ხშირად მდგომარეობს ემისიების შემცირების ზრდაზე დამოკიდებულ მოდელებთან, კონკურენტულ ინდუსტრიულ პოლიტიკასთან და წიაღისეული საწვავის ინტერესების გავლენის შეჯერებაში. იმავდროულად, ნაკლებად კაპიტალისტურ და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ეკონომიკებში, სოციალურმა პრიორიტეტებმა – როგორიცაა დასაქმების გარანტიები, ენერგიის ხელმისაწვდომობა და პოლიტიკური სტაბილურობა – შეიძლება შექმნას წინააღმდეგობა აგრესიული დეკარბონიზაციის მიმართ. ამ თვალსაზრისით, NDC არ ასახავს მხოლოდ პრაგმატულ კომპრომისებს: კლიმატის ვალდებულებების განსხვავება ასევე ასახავს იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ სხვადასხვა მთავრობები პასუხისმგებლობას, სამართლიანობასა და სახელმწიფოს როლს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ჩამოყალიბებაში.

NDC-ებისთვის სტანდარტიზებული ფორმატის არარსებობა მთავარი გამოწვევაა. თითოეული ქვეყანა წარადგენს საკუთარ დოკუმენტს საკუთარ ფორმატში, რაც ართულებს იმის შეფასებას, თუ რომელი პოლიტიკაა ეფექტური და რამდენად პროგრესია რეალურად. ზოგიერთი ქვეყანა აწვდის მაღალ სტრუქტურირებულ და დეტალურ ანგარიშებს, ზოგი კი მხოლოდ მოკლე რეზიუმეს წარადგენს. ბევრ დაპირებას ჯერ კიდევ აკლია გამჭვირვალობა, განსაკუთრებით დაფინანსებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.

UNFCCC-ის მიერ შემუშავებული ანგარიშგების საერთო ფორმატი, რომელიც დაფუძნებულია NDC-ების საუკეთესო მაგალითებზე საშუალებას მისცემს უკეთ შეადაროს კლიმატის ვალდებულებები და გაზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი ფორმატი შეიძლება მოიცავდეს ემისიების სტანდარტიზებულ საბაზისო ხაზებს, ინფორმაციას ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შესახებ, სექტორის შემცირების მიზნებს, პოლიტიკის განხორციელების ვადებსა და პროგრესის გაზომვის მკაფიო მეთოდოლოგიას. ეს ელემენტები არა მხოლოდ NDC-ებს უფრო შესადარებელს გახდის, არამედ ხელს შეუწყობს ხარვეზების, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების იდენტიფიცირებას.

გლობალური კლიმატის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა უფრო მკაფიო ვალდებულებების განსაზღვრა და მეტი ანგარიშვალდებულება. მათ გარეშე პარიზის შეთანხმების მიზნები შეიძლება მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://theconversation.com/how-countries-define-climate-action-in-paris-agreement-pledges-and-why-a-standard-format-could-help-assess-outcomes-251848 ; https://en.wikipedia.org/wiki/Umbrella_Group ; https://www.g77.org/doc/

გრენლანდია – ხალხის ქვეყანა

0

გრენლანდია არის ავტონომიური ქვეყანა დანიის სამეფოში.  მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, იგი ათასწლეულის განმავლობაში პოლიტიკურად და კულტურულად ასოცირდება ევროპასთან, განსაკუთრებით ნორვეგიასთან და დანიასთან. 1721 წლიდან დანიას აქვს კოლონიები გრენლანდიაში, მაგრამ ქვეყანა დანიის ნაწილი გახდა 1953 წელს. 1979 წელს დანიამ გრენლანდიას მიანიჭა  თვითმმართველობის უფლება, ხოლო 2009 წელს გრენლანდიის მთავრობას გადაეცა კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და მეტი პასუხისმგებლობა. ახალი სტრუქტურის მიხედვით, გრენლანდიას აქვს თვითმმართველობა და ჰყავს საკუთარი პარლამენტი, მაგრამ კვლავინდებურად დიდად არის დამოკიდებული დანიაზე.

გრენლანდია დარჩა დანიის სამეფოს შემადგენლობაში და თითოეული გრენლანდიელი როგორც დანიის მოქალაქე სარგებლობს თანაბარი უფლებებით. დანიამ შეინარჩუნა კონტროლი კუნძულის კონსტიტუციურ საკითხებზე, საგარეო ურთიერთობებზე და თავდაცვაზე, ხოლო გრენლანდია ინარჩუნებდა იურისდიქციას ეკონომიკურ განვითარებაზე, მუნიციპალურ რეგულაციაზე, გადასახადებზე, განათლებაზე, სოციალური კეთილდღეობის სისტემაზე, კულტურულ საკითხებზე და სახელმწიფო ეკლესიაზე. მინერალურ რესურსებს ერთობლივად მართავენ დანია და გრენლანდია. შესაძლოა, სწორედ ამ უკანასკნელმა პუნქტმა შთააგონა გრენლანდიელებს, რომ 2008 წელს ხმა მისცეს დანიისგან ავტონომიის გაზრდას და გრენლანდია ახლა ოფიციალურად არის დანიშნული დანიის თვითმმართველ საზღვარგარეთ ადმინისტრაციულ განყოფილებად. გაფართოებული საშინაო წესების შეთანხმების მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 21 ივნისს, გრენლანდიამ შეინარჩუნა ნავთობისა და მინერალური შემოსავლების უფრო მეტი პროცენტი. ის ასევე მართავს პრაქტიკულად ყველა საშინაო საქმეს, მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას და გრენლანდიურმა დანიური ჩაანაცვლა, როგორც მთავრობის ოფიციალური ენა. დანიამ, გრენლანდიის პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობით, განაგრძო კუნძულის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის მართვა.

საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, გრენლანდიას ჰყავს ორი წარმომადგენელი დანიის პარლამენტში, ფოლკეტინგი .

კუნძულის 80%-ზე მეტი დაფარულია 3000 მ-ზე მეტი სისქის მუდმივი ყინულით. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ფართობი 2,16 მილიონი კმ², არ არსებობს გზები ან სარკინიგზო სისტემა, რომელიც დასახლებებს ერთმანეთთან აკავშირებს. ქალაქებში არის გზები, მაგრამ ისინი მთავრდება გარეუბნებში. ქალაქებს შორის  მგზავრობა ხდება თვითმფრინავით, ნავით, ვერტმფრენით, თოვლმავალით ან ძაღლებით. ნავები ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებითაც ადგილობრივები ყოველ ზაფხულს ფიორდებში მოგზაურობენ.

არქტიკული კლიმატის გამო, გრენლანდიის ხალხი ძირითადად ცხოვრობს სანაპიროზე დასახლებებში და ქალაქებში. ისტორიულად, თევზაობა და ნადირობა იყო გადარჩენის გზა ხანმოკლე ზაფხულის გამო. გრენლანდიის კლიმატი და გეოგრაფია თითქმის შეუძლებელს ხდის მეურნეობას, გარდა ქვეყნის უკიდურესი სამხრეთისა, სადაც პოპულარულია მეცხვარეობა.

მეცნიერთა აზრით, პირველი ადამიანები გრენლანდიაში ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წელს ჩავიდნენ. როგორც ჩანს, მიგრანტთა ჯგუფი დაიღუპა, რომელთა ნაცვლად რამდენიმე სხვა ჯგუფი გადავიდა ჩრდილოეთ ამერიკიდან. X საუკუნის დასაწყისში ნორვეგიელები ისლანდიიდან გადასახლდნენ გრენლანდიის დაუსახლებელ სამხრეთ ნაწილში, მაგრამ ისინი გაქრნენ XV საუკუნის ბოლოს. ინუიტები აქ XIII საუკუნეში გადმოვიდნენ აზიიდან. ადგილობრივ ენაზე გრენლანდიას უწოდებენ  Kalaallit  Nunaat , რაც ნიშნავს “ხალხის ქვეყანას”.

XVI და XVII საუკუნეებში ჰოლანდიელი და ინგლისელი მეზღვაურები ხშირად მოგზაურობდნენ გრენლანდიის გარშემო ზღვებში და ზოგჯერ ისინი ურთიერთობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუმცა 1721 წლამდე კოლონიზაციის შემდგომი მცდელობა არ განხორციელებულა. ჰანს ეგედემ, დანია – ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ნებართვით, დააარსა სავაჭრო კომპანია და ლუთერანული მისია დღევანდელ ნუუკთან, რითაც აღნიშნა გრენლანდიის კოლონიური ეპოქის ნამდვილი დასაწყისი. 1776 წელს დანიის მთავრობამ აიღო გრენლანდიასთან ვაჭრობის სრული მონოპოლია და გრენლანდიის სანაპირო 1950 წლამდე დახურული იყო უცხოეთისთვის. ამ პერიოდში დანია ცდილობდა  ეკონომიკური ექსპლუატაციის საფრთხის გარეშე, თანდათან მოეხდინა გრენლანდიელების გარე სამყაროსთან ადაპტაცია.

გრენლანდია შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ მოექცა მეორე მსოფლიო ომში დანიის გერმანიის მიერ ოკუპაციის დროს. 1945 წელს დაუბრუნდა დანიას, რომელმაც გრენლანდიის სავაჭრო კომპანიის მონოპოლია გააუქმა. მას შემდეგ, რაც გრენლანდია გახდა დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილი 1953 წელს, განხორციელდა რეფორმები ადგილობრივი ეკონომიკის, სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სისტემების გასაუმჯობესებლად.

შეერთებული შტატების მხრიდან გრენლანდიის ყიდვის პირველი წინადადება 1867 წელს გაკეთდა, როდესაც იდეა სერიოზულად განიხილა ვაშინგტონმა. 1946 წელს კოპენჰაგენს გაუგზავნეს კონკრეტული შეთავაზება, რომელიც ეკვივალენტურია დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარისა. მაშინ ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა გრენლანდიას შეერთებული შტატებისთვის „სამხედრო აუცილებლობა“ უწოდა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო შეთავაზება და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ დიდად დავალებული ვართ, არ მჯერა, რომ მთელი კუნძული გრენლანდია გვმართებს“.

ვაშინგტონის თქმით, გრენლანდია, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას მისცემს ამერიკას, შექმნას „არქტიკაზე სამხედრო ოპერაციების პლატფორმები“. გრენლანდიის ირგვლივ ყინულის დნობით, ახალი სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობამ გაზარდა არქტიკის მნიშვნელობა.

ყინულის დნობა ასევე გაზრდის წვდომას გრენლანდიის მინერალურ რესურსებზე. გრენლანდიას აქვს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი საბადოები.

კუნძულზე არის  იშვიათი ძვირფასი მინერალები, რომლებიც საჭიროა ტელეკომუნიკაციისთვის, ასევე ურანი, მილიარდობით გამოუყენებელი ბარელი ნავთობი და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო.

ბევრი წიაღისეული ამჟამად ძირითადად ჩინეთის მიერ არის მიწოდებული, ამიტომ ქვეყნები, როგორიცაა აშშ, დაინტერესებულნი არიან გამოიყენონ ხელმისაწვდომი რესურსები. თუმცა გრენლანდიელები შეიძლება გაჯიუტდნენ, კონსერვატიული პოზიცია დაიკავონ. მომგებიანი შესაძლებლობების ნაცვლად ისინი ფიქრობენ სამშობლოზე, რომელსაც დაცვა სჭირდება. გრენლანდიაში ამჟამად მხოლოდ ორი მოქმედი მაღაროა და ბოლო არჩევნებზე, 2021 წელს, მოსახლეობამ გადაწყვიტა, შეზღუდოს ნავთობისა და გაზის ძიება, ხოლო ურანის მოპოვება აიკრძალა.

გრენლანდიის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია თევზჭერის მრეწველობაზე და ასევე დანიის სუბსიდიებზე. გრენლანდიის სტატისტიკის მონაცემებით , 2023 წელს თევზჭერის წლიური ექსპორტი შეადგენდა დაახლოებით 5,3 მილიარდ დანიური კრონას (DKK), ანუ გრენლანდიის მშპ-ს 23 %-ს. იმავდროულად, სახელმწიფო ხარჯებმა შეადგინა 9,6 მილიარდი DKK, ანუ მშპ-ს 42 %. ამ უკანასკნელი თანხის მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაფინანსდა დანიის მთავრობის წლიური გრანტით, რომელიც შეადგენდა გრენლანდიის მშპ-ს დაახლოებით 20 %-ს.

გრენლანდია ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი დოლარის დახმარებას იღებს კოპენჰაგენისგან. ეს ფონდი შეადგენს გრენლანდიის მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტს – თითო მოსახლეზე (სულ 57 000$ -ია) 10 000 დოლარზე მეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად კოპენჰაგენისგან დამოუკიდებლობის მომხრეა, დანია რჩება მნიშვნელოვანი გარანტი გრენლანდიის ეკონომიკისთვის. ევროპის პარლამენტის კვლევის სამსახურის თეთრი წიგნის მიხედვით, დანიის მთავრობის დამატებითი ხარჯები 2023 წელს დაახლოებით 204 მილიონ ევროს შეადგენდა. ეს მოიცავს ისეთ რესურსებს, როგორიცაა პოლიციის სამსახურები, სამხედრო და თავდაცვა, ციხეები, სასამართლოები და გარემოს დაცვა. გრენლანდია ყოველწლიურად იღებს დამატებით 17,29 მილიონ ევროს ევროკავშირისგან, როგორც კუნძულის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე (EEZ) წვდომისთვის, ასევე მისი მეთევზეობის პოლიტიკის მხარდასაჭერად.

ბოლო გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ გრენლანდიელებს არ სურთ მათი ქვეყნის გაყიდვა, გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ მათ სურთ მიიღონ აშშ-ს მოქალაქეობა. დანია იყო სასურველი ქვეყნა, რომელიც შეარჩია გრენლანდიელ რესპონდენტთა 55 %-მა, ხოლო 37 %-მა განაცხადა, რომ არ იცოდა რომელს აირჩევდა.

გამოკითხვამ, რომელიც Verian-მა ჩაატარა დანიური გაზეთ Berlingske-ისა და გრენლანდიური მედიის Sermitsiaq-ის სახელით იანვარში, ასევე ჰკითხა რესპონდენტებს მათი შეხედულებების შესახებ დამოუკიდებლობაზე, რომელიც გრენლანდიაში მთავარი სალაპარაკო თემაა. მან დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე შეხედულებების ფართო სპექტრი არსებობს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათ სურთ დამოუკიდებლობა, თუ მათი ცხოვრების ხარისხი იგივე დარჩება ან სულაც არ გაუარესდება. თუმცა, როდესაც გრენლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 % მოდის დანიის ყოველწლიური გრანტიდან, რომელიც დასრულდება დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებაც სავარაუდოდ გარდაუვალია.

გრენლანდიის ლიდერები გააბრაზა აშშ-ს დელეგაციის დაგეგმილმა მოგზაურობამ გრენლანდიაში. მეორე ლედის უშა ვენსის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შევლენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი; დაგეგმილია ვიზიტი აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, დასწრება ძაღლების რბოლაზე და კულტურული ადგილები მონახულება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს „ერებს შორის ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის აღსანიშნავად“, გრენლანდიაში ასე არ აღიქმებოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განმეორებითი კომენტარების ფონზე მისი განზრახვა დაეპატრონოს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ ვიზიტი უწოდა “უაღრესად აგრესიული” და “პროვოკაცია”.

კონგრესში თავის პირველ მიმართვაში, ტრამპმა გაიმეორა მისი სურვილი გააკონტროლოს გრენლანდია „ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“ და ასევე პირდაპირ მიმართა „გრელანდიის წარმოუდგენელ ხალხს“. გარდა იმისა, რომ დაჰპირდა მათ უსაფრთხოებას, სიმდიდრეს და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას, მისი კომენტარები ასევე შეიცავდა ფარულ საფრთხეს, რომ აშშ „მიიღებდა“ გრენლანდიას „ასე თუ ისე“.

შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიაზე კონტროლის აღება „სხვა გზით“, ანუ სამხედრო ძალის მეშვეობით, ძალზე ნაკლებად სავარაუდოა. ასეთი მკვეთრი ნაბიჯი ასევე არ იქნება მხარდაჭერილი ამერიკული საზოგადოების მიერ. The Economist-ის სახელით YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს მოსახლეობის 69 % ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ გრენლანდიის ძალის გამოყენებით კონტროლის აღებას, გამოკითხულთა მხოლოდ 11 %  უჭერს მხარს მას. რესპუბლიკელებშიც კი ეს იდეა ზოგადად უარყოფილია,  გამოკითხულთა 57 % ამბობს, რომ ეწინააღმდეგება მას.

“ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, არა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები. და ჩვენ გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობა მომავალში. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა საკუთარი თავის იმედით”- თქვა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა  იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელმაც არჩევნებში ხმების 30% მოიპოვა და გაიმარჯვა.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.bbc.com/news/world-europe-18249474

https://visitgreenland.com/articles/10-facts-nellie-huang/ ; https://www.statista.com/chart/33754/countries-with-the-greatest-known-reserves-of-rare-earths/ ; https://www.statista.com/chart/19047/total-area-of-the-worlds-largest-islands/ ; https://www.statista.com/chart/34175/greenland-gdp-in-current-prices/; https://www.statista.com/chart/34174/greenlanders-who-would-want-independence/; https://www.statista.com/chart/34173/us-views-on-the-us-taking-control-of-greenland/

 

დაინახე ცხოვრება!

0

 

(რეი ბრედბერის „451  ფარენჰაიტით“)

 

„შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით     თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.“ (ლუკა, 12:27)

 

დავიწყე ჩემი საყვარელი რეი ბრედბერის კითხვა, „451  ფარენჰაიტით“;
მწერალი მომავალზე წერდა, ხომ? წაუკითხავი, ყავლგასული, „მტრედებივით ფარფატა წიგნების“ დაწვაზე (რა, წარსულის ან აწმყოს ფანატიზს არ გახსენებთ ეს?!), პნევმატურ მატარებლებზე, რეაქტიულ ბომბდამშენებსა და მანქანებზე, ელექტრონულ კრაზანებზე, მექანიკურ, თან ცოცხალ, თან მკვდარ, რვაფეხა ძაღლებზე, გახშირებულ თვითმკვლელობებზე, რომელთა „აღსაკვეთად“ მიდიან არა ექიმები, არამედ მოდის ტექნიკური პერსონალი, გველი-შლანგებით, ბურღივით რომ შეჰყავთ ორგანიზმში სიცარიელის ამოსაწოვად, დამყაყებული წარსულის სიბნელის დასალევად, სისხლის პლაზმის სრულად შესაცვლელად ბედნიერების ნიღბებივით მატარებელ, სიცოცხლის ენერგიისა და აზრისგან დაცლილ ადამიანებთან, რომლებმაც აღარ იციან, რა არის ბალახი თუ ყვავილი; წლობით ატარებენ ყურის „რადიონიჟარებს“ და მარტო ტუჩის მოძრაობითღა ხვდებიან, რა ითქვა. ისინი ვეღარ შეიგრძნობენ სამყაროს, ერთმანეთს, წვიმის რომანტიკას…არაფერი გეცნობათ? განა, ეს უკვე აწმყო არ არის, მზარდი მომავლისკენ? გვესმის ერთმანეთისა? ლითონის „მგრძნობელობისა“ არაა ზოგჯერ ჩვენი გულები, როცა ერთმანეთს „ფეხს გადავაბიჯებთ“ და ვაგრძელებთ ცხოვრებას? როცა სატანასავით ყველასა და ყველაფერზე აღმატებული გვგონია თავები?
რაღატო გვნუსხავს ჯერ კიდევ ბუნების შეურყვნელობა? იმიტომ, რომ იქ პირველსაწყისთან სიახლოვეა, იმიტომ, რომ ჩვენ ისევ პირველყოფილი შეგრძნებებით აღვიქვამთ სამყაროს და ეს აღქმა სუნისა თუ ხილვისა, შეხებისა, ახალშობილისას ჰგავს, სისუფთავითა და სიმძაფრით, რომლებიც მაინც მოჟონავს ჩვენი ცივილიზაციისგან გაცვეთილ-გაუცხოებულ-გაუხეშებული სულებიდან, სხეულებიდან…
სანამ ჩვენ, საკუთარი თავით, ეგოთი, შეპყრობილი ადამიანები, არ ვინდობთ ერთმანეთს, წვიმა მაინც მოდის, ხე იფოთლება, მზეწვია გალობით გვნუსხავს, ჩვენდაუნებურად, მერცხალი გამოგვარკვევს ცნობიერებამოღლილობის შხამიანი ბანგიდან, სულ პაწაწინა, იისფერი, მისტიკური პეპელა მიგვანიშნებს რაღაცა უნივერსალურად სრულყოფილზე, დაკარგულზე, აკაკის „სულიკოსავით“, დასაბრუნებელზე, რადგან იდეასთან სწორების გარეშე ჩვენ ჩვეულებრივი რობოტები ან პირუტყვები ვიქნებით, სამყარო აღარ იქნება „უთვალავი ფერითა“, ის გავერცხლისფერდება, როგორც დიდი მწერლის რომანშია…
თითქოს, დღევანდელი რომელიმე მეგაშოუს წამყვანის (მშვენივრად ჩაანაცვლებდა რომელიმე კარგად დაპროგრამებული რობოტი) „დაყენებული“, აღტკინებული ხმა ჩამესმის, უადგილო ზეიმითა თუ მანქანური ზრიალით რომ გვამცნობს:
„– დიახ, ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდს ერთი ფასი აქვს…“
ქაღალდს გააჩნია: თუ ის ტკიცინა და მაღალი კუპიურაა, გადააჭარბებს ადამიან(ობა)საც, არა? ბიტკოინების ეპოქა მოდის, რა მოწყვლადობა თუ თანაგანცდა?! იყავით რაციონალურები, „მგელზე უფრო მგლები“, რომ გადარჩეთ…გულგრილობასაც ჰქონია ძალა ან თუნდაც თავდაცვა ზოგიერთი ადამიანადწოდებული „მავნე ტოქსინისგანო“ – გამიგონია ასეთი „ფსიქოთერაპიაც“ თანამედროვე პრაგმატიკოსებისგან.
ნუთუ, აღარავის ეხსომება მალე ისეთები, ატავისტურები, სხვისთვის შეწუხება, მსხვერპლობა, უდიდეს ადამიანურ მისიად რომ მიაჩნდათ?! ან დედატერეზასნაირი უანგარო მსახურები ღატაკი, წუთისოფლის მარგინალი, ტანჯულებისა?
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაქცევდა ადამიანებად? ერთი…ერთი რომ გამოვყოთ მრავალთაგან.
მე სულიერ სისათუთეს ვიტყოდი, სიფაქიზეს, რადგან ყველაზე კარგად ეს შეგაგრძნობინებს ყოფიერებას…და მაინც ტკივილამდე მივდივართ, რომელიც ყველაზე დიდ სიღრმეებში ჩაგვახედებს. სწორედ სხვისი ტკივილის შეგრძნებაა მაღალი ადამიანობა. სულიერ სიცარიელეში არც წუხილია და არც აღტაცება, რომლებითაც იქმნება კულტურა, ხასიათი, ისტორია, ცივილიზაცია; ეს უკანასკნელი ტექნიკურამდე თუ დავა, კატასტროფა იქნება.
სულს წიგნი აფაქიზებს, ადამიანური განუმეორებლობით შესრულებული მუსიკის ჰარმონია და ღვთაებრივი გენიალური „სიმარტივით“ შექმნილი ბალახის სიჯიუტე თუ სიცოცხლისუნარიანობა.
ამიტომ ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, სულს, ხელოვნური ინტელექტი, მანქანა.
გახსოვთ, ღმერთმა ერთი მართალი კაცის გამო ქალაქი რომ გადაარჩინა? ასე გადავრჩებით, სანამ ერთი მაინც იფიქრებს არა შავ, რაკეტისმჭვარტლიან, ანამედ იისფერ თოვლზე. გადავრჩებით, სანამ ციფრებამდე არ დავა და შეგვძრავს ადამიანური განსაცდელი, სანამ ანგარიშით, ანგარებით არ გაუბრალოვდება ჩვენი ოცნებები, ამაღლებული გრძნობები, ფიქრები…

ნაწარმოების მთავარი გმირი, გაი მონტეგი, რომელიც მეხანძრეა და ადრინდელი მეხანძრეებისგან განსხვავებით, კი არ აქრობს, აჩენს ცეცხლს – წვავს წიგნებს („წიგნები აცვიოდა მხრებზე, მკლავებზე, სახეზე. წიგნები უშიშრად, შინაური მტრედებივით ასხდებოდნენ ხელებზე და თან ფრთებს აფარფატებდნენ. აი, სუსტ, მოციმციმე სინათლეზე ქათქათა ფრთასავით აფარფატდა სიტყვებით მოქარგული ფურცელი…“), შეხვდება 17 წლის კლარისა მაკლელანს და ამის შემდეგ „ამოტრიალდება“ მისი ხელოვნურად „ჩაპროგრამებული“ წარმოდგენებიც ცხოვრებაზე და თავად ცხოვრებაც. აქამდე თუ გაიმ იცოდა, რომ არც მას და არც სხვას არ უნდა ჰქონოდა წიგნები („დაწვით დანტეს, სვიფტის და მარკუს ავრელიუსის წიგნები.“), ფიქრს იწყებს: „ეტყობა, ამ წიგნებში რაღაცა ისეთი რამ არის, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით“. აი, რა შეძრავს გაის ყველაზე მეტად კლარისასთან საუბრიდან:

„– ბედნიერი ხართ?

  • რა ხარო? –

ეს რაღა სისულელეა?“

გაის პიროვნული ბზარი, მოჯანყე მეორე „მე“ ადრე დაეწყო. ეს სინდისის, ღმერთის ხმაა, თუნდაც შინაგანი ცენზორი დავარქვათ ან თანდაყოლილი სულიერი წესრიგი…როგორც თანამოძმეები, „ბედნიერებას ნიღაბივით ატარებს“ და გოგონა მოსტაცებს ამ ნიღაბს. მიდის სახლში და ცოლს, მილდრედს, ეკითხება: „აბა, მითხარი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნამდვილად გაწუხებდა რაღაც?…რაიმე მნიშვნელოვანი, რაიმე არსებითი?“ რეი ბრედბერის მომავალში „გადასროლილი“ მკითხველისთვის საგანგებოდ შექმნილი წარმოსახვითი ფატნასმაგორიის მთავარი მახასიათებელი ხომ ისაა, რომ უნდა მოისპოს ყველაფერი, რაც გაწუხებს და ასე იქნები ბედნიერი…მე კი, ბრედბერისა არ იყოს, ყურში ჩამესმის: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“…როცა სწავლების ვადა შეკვეცილია და განათლება ინფორმაციის ფლობასთან, ფაქტების ცოდნასთან ასოცირდება, ეს ფაქტებიც ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირო, დასკვნები არ უნდა გამოიტანო, რომ მელანქოლიამ არ წაგიღოს; როცა მუსიკა თუნუქის, სპილენძის, ვერცხლისა და თითბირის ჟღარუნისა და გრუხუნის ნარევია; როცა ფილოსოფია, ისტორია, უცხო ენები გააუქმეს და ისმება კითხვა: „რა საჭიროა რაიმეს სწავლა, თუ ღილაკზე თითის დაჭერა, ამომრთველის გადმოწევა და ხრახნებისა და ჭანჭიკების მოჭერა იცით?“(78); ღილი ელშესაკრავს შეუცვლია, დროს ჟამმზომის დუდუნი ავიწყებთ და იმასაც, რომ ის საფიქრებლადაც სჭირდება ადამიანს თუნდაც განთიადისას, ფილოსოფიურსა და მელანქოლიურ ჟამს…თეტრებში მხოლოდ კლოუნებიღა არიან, ოთახებში კი მინის კედელი-რობოტებია მოწყობილი; მეტი სპორტი და გართობა, რომ ადამიანმა აღარ იფიქროს! არ იყოს ინტეელქტუალური; „კი არ უნდა დავიბადოთ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ, ყოველი ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვეღარ დაჩრდილავს მეორეს“(81); ასეთ „ინკუბატორის ბედნიერებაში“ კი „წიგნი გატენილი თოფია…დაწვით იგი და თოფი უტყვიოდ დარჩება“, წიგნის კითხვა კი ისჯება ციხით; აღარც გარდაცვლილების გლოვითაა თავის ატკივება საჭირო: კრემატორიუმებში უნდა დაწვა ისინი და დაივიწყო, ცეცხლი ხომ ყველაფერს „აცისკროვნებს და ასპეტაკებს“; როცა კულტურა განადგურებულია და ცივილიზაცია უფსკრულისკენ მიექნება…მოკლედ, როცა ყოველივე ზემოთქმული დამდგარია, რა გასაკვირია, რომ როგორც უამრავი ადამიანი, გაის ცოლი მილდრედიც თვითმკვლელობას გადაწყვეტს. მას ყველაფერი აქვს, თითქოს, იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ შინაგან სიცარიელეს ვერ დაძლევს…გაი კი, ამ კონდიციამდე რომ არ მივიდეს, მიხვდება, რომ საჭიროა იმისი შენახვა, რისი დავიწყებაც საშიშია; მიხვდება, რომ კაცობრიობის შექმნის უდიდეს განძში – წიგნებშია ხსნა: „იცით თუ არა, რომ წიგნებს მუსკატისა და შორეული ქვეყნის სხვა რომელიღაც სუნელების სუნი უდის? ბავშვი რომ ვიყო, წიგნებს ვყნოსავდი“.

მოხუცი ფაბერის, ერთ დროს ინგლისური ენის პროფესორის, დახმარებით გაი მონტეგი გადაწყვეტს, საკუთარ თავს დაუბრუნდეს და ისევე დაინტერესდეს არა ნივთებით, არამედ მათი მნიშვნელობით, როგორც ფაბერი. მას წინ დიდი განსაცდელი ელის ყველაფრის წამლეკავ „მანქანურ-მექანიკურ“ ცინიზმთან: „არა, ნუთუ მართლა გაგასულელეთ იმ პატარა ჯიუტმა შეშლილმა? ყვავილები, პეპლები, ფოთლები, მზის ჩასვლა და რა ვიცი, ათასნაირი ოხრობა…ბალახის ღეროები, ნამგალა მთვარე…რა სისულელეებია!“

„ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად, – …ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი. რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები.“ – ეს რეი ბრედბერის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ფორმულაა, მატრიცა, გინდაც თეორია და ამას ვწერ დღეს, როცა კიდევ ერთხელ აღსდგა მაცხოვარი, დაამტკიცა ეს კანონიც უწყვეტობისა, გაგრძელების პარადიგმაც თუ ღვთაებრივი განზრახულება, ხუთი ტალანტის იგავისა არ იყოს…მართლაც, რომ „სიყვარულის ტრიალია ყველაფერი“, როგორც ახლა უკვე მარადისობის მკვიდრი ჩემი მეგობარი ინგა მილორავა ამბობს; გინდა მეორედ მოსვლა დავარქვათ ამას, გინდაც ხელახლა დაბადება ყოველი ჩვენგანისა თუ წუთისფლის ხელში „ჩაცრილი“ საათის დამარცხება მარადისობის „უისრო“ დროით.

„ყველა თაობა იძლევა ხალხს, რომელთაც ახსოვთ ძველი შეცდომები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა შევარჩიოთ“; – განა, კლასიკოსი რისი კლასიკოსია, მისი სიტყვები დღევანდელობასაც რომ არ მოერგოს, ვითარცა „სამოსელი პირველი“…

მრავალ ბედნიერ აღდგომას, სამყაროვ!

მაია იანტბელიძე (ციტატები წიგნიდან რეი ბრედბერი

„451 ფარენჰაიტით“, გამომცემლობა პალიტრა L, 2024 წელი)

 

 

 

 

ხუთი ურჩხულის წინააღმდეგ

0

წარმოიდგინეთ, რომ 1945 წელია და ინგლისის რომელიღაც შორეულ პროვინციაში ცხოვრობთ. ალბათ, რამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გიტრიალებთ თავში. ერთი მხრივ, ბედნიერი ხართ, რადგან ნაციზმი და ფაშიზმი დამარცხდა, დიდი ბრიტანეთი ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, ქვეყანა, რომლის დაცემასა და განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ, კვლავ ფეხზე დგას. მეორე მხრივ კი, უამრავი საშინელი აზრი გიტრიალებთ თავში და უიმედობის ზღვარზე დგახართ. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენმა სახელმწიფომ მილიონობით ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანი დაკარგა, არაერთი ქალაქი ნანგრევებად იქცა, განადგურდა გზები, სკოლები, საავადმყოფოები. ხაზინაში შენახული უკანასკნელი მონეტებიც კი შეიარაღებასა და თავდაცვაზე დაიხარჯა. ერთი სიტყვით, გამარჯვება კი მოიპოვეთ, მაგრამ ხელში აღარაფერი შეგრჩათ. დანაკარგი იმხელაა, რომ შეიძლება ცხოვრების გაგრძელებაზეც კი ჩაიქნიოთ ხელი.

სწორედ ამ დროს მეცნიერებიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლება გადაწყვიტა სერ უილიამ ჰენრი ბევერიჯმა. მისმა მონდომებამ და მიდგომებმა სასოწარკვეთილ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლა.

უილიამ ბევერიჯი გახლდათ ძალიან გავლენიანი მეცნიერი-ეკონომისტი, 1919 წლიდან ხელმძღვანელობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლას, სათავეში ედგა University College, Oxford-ს, აქვეყნებდა უმნიშვნელოვანეს კვლევებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს უმუშევრობის, ჯანმრთელობის დაცვის სისტემისა და ფასების რეგულირების შესახებ.

ეკონომისტი ლიბერალური პარტიის შემადგენლობაში ირიცხებოდა, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაციის მემარჯვენე ფრთას არ წარმოადგენდა. „ფაბიანური საზოგადოების“ წიაღში ჩამოყალიბებულ სპეციალისტს არ სჯეროდა, რომ ადამიანი მხოლოდ მოგებისკენ, სარგებლის მიღებისკენ სწრაფისთვის არის გაჩენილი. მეცნიერს სწამდა, რომ ინდივიდის თავისუფლებისთვის მისი მხოლოდ გარეგანი ჩარევებისგან დაცვა საკმარისი არ იყო. ბევერიჯი იბრძოდა ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც ადამიანებს „საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის მოპოვებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შანსი“ მიეცემოდათ. მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალებისგან განსხვავებით, ინდოეთში დაბადებული მომავალი დეპუტატი ფიქრობდა, რომ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კეთილდღეობის სერვისების გამართული მუშაობა ინდივიდის თავისუფლების, თვითრეალიზების, საკუთარი თავის გამოხატვის უმთავრესი წინაპირობა იყო.

1940-იანი წლების დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს შრომის მინისტრმა – ერნესტ ბევინმა და ჯანდაცვის მინისტრმა – ერნესტ ბრაუნმა ბევერიჯს დაავალეს პარლამენტისთვის საგანგებო მოხსენების მომზადება, სადაც დეტალურად იქნებოდა გაანალიზებული დიდი ბრიტანეთის სოციალური დაზღვევის სისტემა და მასთან დაკავშირებული სხვა ინსტიტუტები.

დიდმა ეკონომისტმა თავისი ანგარიშის პირველსავე გვერდებზე დაწერა, რომ ქვეყნის განახლების გზაზე ხელისუფლებას ხუთი უზარმაზარი ურჩხულის – გაჭირვების, ავადმყოფობის, უმეცრების, სიღატაკისა და უმუშევრობის დამარცხება მოუწევდა. ლონდონის ეკონომიკური სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნის მთავარ ამოცანად აცხადებდა კეთილდღეობაში მცხოვრები, ჯანმრთელი და მოტივირებული მუშათა კლასის ჩამოყალიბებას. ამგვარი მუშათა კლასი ორი ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტას შეუწყობდა ხელს: 1. გაზრდიდა ბრიტანეთში წარმოებული პროდუქტის რაოდენობას, ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას; 2. გაზრდიდა მოთხოვნას შიდა ბაზრებზე (შეძლებულ მუშას უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეუძლია). საბოლოოდ, „ბევერიჯის ანგარიშის“ პრიორიტეტი სრული დასაქმება იყო ანუ ისეთი ქვეყნის შექმნა, სადაც არავინ იქნებოდა უმუშევარი.

ლიბერალური პარტიის ლიდერი მხოლოდ უზარმაზარ ურჩხულებსა და შესანიშნავ ოცნებებზე არ საუბრობდა. ისტორიულმა ფიგურამ თავის მოხსენებაში არაერთ კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯზეც გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, პირველ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ახალი ტიპის ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც:

  • მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნებოდა დაფინანსებული,
  • ექნებოდა საყოველთაო, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხასიათი,
  • დაეფუძნებოდა მოქალაქეთა საჭიროებას და არა მათ გადახდისუნარიანობას,
  • მოიცავდა მედიცინის თითქმის ყველა სფეროს.

ამგვარი სისტემის მთავარი დონორი სახელმწიფო და მის მიერ მოკრებილი გადასახადები უნდა ყოფილიყო. მოდელი გამორიცხავდა ჯანდაცვის ბიზნესის ნაწილად ქცევას, ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობის შესაძლებლობას, იღებდა პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეზე „აკვნიდან სამარემდე“.

1940-იანი წლების მიწურულს კლემენტ ეტლის ლეიბორისტულმა მთავრობამ „ბევერიჯის ანგარიშის“ განხორციელება დაიწყო. ბრიტანეთში მუშაობა დაიწყო „ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა“ (NHS), რომელიც დღემდე ცოცხალია, დღემდე მუშაობს, დღემდე იცავს უამრავი ბრიტანელის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ცხადია, სისტემას უამრავი ხარვეზი აქვს, ხანდახან სამსახური ყველა სიმძიმის დაძლევას ვერ ახერხებს, ბიუროკრატია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, დაფინანსების დეფიციტი უძველეს ინსტიტუტს საშინელ ბედისწერად ექცა. მიუხედავად ამისა, მის მოსპობასა და თავიდან მოცილებაზე, ჯანდაცვის მომგებიან ბიზნეს-პროექტად გარდაქმნაზე მაინც ძალიან ცოტანი ფიქრობენ.

მე რომ მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად დავუსვამდი კითხვას: დამისახელეთ ხუთი უზარმაზარი ურჩხული, რომელიც ჩვენი საზოგადოების განვითარებას ხელს უშლს? საინტერესოა, რამდენ საერთო გამოწვევას აღმოვაჩენთ თანამედროვე საქართველოსა და ომისშემდგომ ევროპას შორის.

ახალი თბილისი – ახალი ქალაქი 21-ე საუკუნეში

0

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

 შთაბჭდილება, რომელსაც ტფილისი წარმოშობს უცხოელებში, უნიკალურია. მისი მდებარეობა, ატმოსფერო, ქუჩების მრავალსახეობა, სოციალური ცხოვრების უბრალოება და სიმხიარულე, ერთად აღებული, მძაფრ და სასიამოვნო გრძნობებით გავსებს“.

ჯონ ოლივერ უორდროპი (18641948), ბრიტანელი ენათმეცნიერი და დიპლომატი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში

თბილისს დღეს მრავალი პრობლემა აწუხებს და ეს პრობლემები სხვადასხვა ხასიათისაა. შევეცდები, თავი მოვუყარო და კატეგორიებად დავყო პრობლემები, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მწვავეა თბილისისათვის:

  1. ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურა

ა) ურბანული ქაოსი: მშენებლობის უკონტროლო ბუმია, განსაზღვრულ ადგილებზე ახალი კორპუსების მშენებლობის უფლება ხშირად საეჭვო არგუმენტაციით ან ყოველგვარი არგუმენტის გარეშეა გაცემული.

ბ) მწვანე ზონების შემცირება: თბილისელებისა და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი პარკებისა და სკვერების რაოდენობა თბილისში ისედაც მცირეა (სულ დაახლ. 19-20 პარკი), ხოლო დიდი ზომის (100-200 ჰექტარი) მწვანე სივრცეები და პარკები (მთაწმინდის პარკი და დენდროლოგიური პარკი) ნაკლებად ხელმისაწვდომია მათი მდებარეობის თავისებურებების გამო.

გ) გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა: არაერთ ქუჩაზე ტროტუარები მოუწესრიგებელია, რაც ხელს უშლის ფეხით გადაადგილებას.

დ) ინფრასტრუქტურის გადატვირთვა: ძველი კომუნიკაციები ხშირად ვერ უძლებს მზარდ მოსახლეობას და ახალ მშენებლობებს, რომელბიც როგორც ზემოთ ვთქვით, ხშირად ჩნდება “მოულოდნელ” ადგილებში.

 

  1. ტრანსპორტი და მობილობა

ა) სატრანსპორტო კოლაფსი: საცობები ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ხარვეზები: მეტრო მხოლოდ ორ ხაზზე მოძრაობს, ავტობუსები და მიკროავტობუსები ხშირად გადატვირთულია; ზოგიერთ მიმართულებაზე არასაკმარისია ავტობუსებისა და ხაზების რაოდენობა; საცობების გამო არაეფექტურია საავტობუსე მიმოსვლა, მიუხედავად ხაზების გამოყოფისა.

გ) ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის გადაადგილების   ცუდი პირობები: ველობილიკები ცოტაა და ერთმანეთთან დაუკავშირებელია, ქვეითებისთვის განკუთვნილი ადგილები ხშირად მანქანებით არის დაკავებული.

  1. ეკოლოგია და გარემო

ა) ჰაერის დაბინძურება: სატრანსპორტო გამონაბოლქვი, მრავალრიცხოვანი მშენებლობები და მწვანე საფარის ნაკლებობა მავნე გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე.

ბ) მდინარისა და წყაროების დაბინძურება: მტკვარი და სხვა პატარა მდინარეები გაჭუჭყიანებულია; ფაქტობრივად ყველგან განადგურებულია მდინარის ჭალები, რომლებიც მდინარის სიტემის შემადგენელი ნაწილია – წლების განმავლობაში მდ. ვერეს ჭალის ეკოსისტემის იგნორირებამ 2015 წელს თბილისის რამდენიმე უბანი ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა.

გ) ხმაურით დაბინძურება: ხმაური, განსაკუთრებით – ცენტრალურ და ძველ უბნებში (სადაც კაფე-ბარებისა და რესტორნების სიმრავლეა), არათუ დღის, ღამის საათებშიც კი ჭარბია.

  1. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები:

ა) დეგრადირებული და გაქრობის პირას მისულია ძველი უბნები, რომლებიც ვეღარ უძლებენ დროს, ახალ მშენებლობებსა თუ ახლებურ რეაბილიტაციას. ხშირად იგნორირებულია მათი რესტავრაცია. ზოგიერთი ძველი უბნის ტერიტორია გაყიდულია კერძო ინვესტორზე და ელოდება მოდერნიზაციას (მაგ. ელბაქიძის დაღმართის უბანი – ყოფილი საქანელას ქუჩა).

ბ) უძრავი ქონების ფასის ზრდა: სწრაფად მზარდი ფასები ართულებს ადგილობრივებისთვის ქალაქში დარჩენას (ე.წ. ჯენტრიფიკაცია[1]).

გ) დასაქმების პრობლემები და სოციალური უთანასწორობა: განსაკუთრებით გარეუბნებშია აშკარა ეკონომიკური სირთულეები. ეს მრავალწახნაგოვანი, მტკივნეული და მგრძნობიარე სოციალური თემაა, რომელიც ნაწილობრივ ქალაქის ცხოვრების არარეგულირებადმა კომერციალიზაციამ, დეინდუსტრიალიზაციამ და მომსახურების სფეროს არაპროპორციულმა ზრდამ გამოიწვია. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქალაქის მასშტაბით არაკვალიფიციური და მცირე კვალიფიკაციის პროფესიების/სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას, რაც, თავისთავად, ბევრ მცირეანაზღაურებად, დროებით და არასტაბილურ სამუშაო ადგილს გულისხმობს, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კადრების მაღალ დენადობას, უმუშევრობას და ხელს უშლის საშუალო შემოსავლის მქონე ფენის ჩამოყალიბებას.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას თბილისის როგორც  საქართველოს ურბანული ცენტრისა და საქართველოს მთავარი ქალაქის შესახებ.

2003 წლიდან ურბანისტიკისა და ურბანული პოლიტიკის საკითხების შესწავლამ საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში და ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის კვლევამ თანამედროვე ქალაქებისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე ახლებური და განსხვავებული შეხედულების ჩამოყალიბების საშუალება მომცა. როგორც მკვლევარი, ნათლად  ვხედავ, რომ თანამედროვე ქალაქები რთული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგანან. არც თბილისი წარმოადგენს  გამონაკლისს – პრობლემები, რომელთა ჩამონათვალი დღიდან დღემდე იზრდება, ახალ, ხშირად  ინოვაციურ და ჯერ არარსებულ პოლიტიკურ მიდგომებს მოითხოვს. ეს პრობლემები განსხვავებული და სპეციფიკურია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

თბილისის განვითარებასა და ურბანულ გამოწვევებთან დაკავშირებით გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც დაუყონებლივ მოითხოვს ჩარევას და რომელთა მიმართ ყურადღება აუცილებელ და საშურ საქმედ  მეჩვენება:

  1. სუბურბანიზაციის[2] უკონტროლო პროცესის შეჩერება-შეზღუდვა – ეს გულისხმობს საცხოვრებელი მასივების თუ კერძო სახლების ქაოსური მშენებლობების შეჩერებას თბილისის გარეუბნებში და ახალ „ცარიელ“ ტერიტორიებზე და ყურადღების გამახვილებას ძველი რაიონების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაზე (მათ შორის „ძველი ქალაქის“, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისა და ომის შემდგომი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის მქონე უბნებზე).

ტერმინის განმარტება: სუბურბანიზაცია – პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს მოსახლეობის, ეკონომიკური აქტივობების და ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოება-გაშლა ქალაქის ცენტრალური ნაწილებიდან გარეთ, ქალაქის პერიფერიულ ნაწილებში. ამას, ჩვეულებრივ, შედეგად მოჰყვება მცირე სიმჭიდროვის, ავტომობილზე დამოკიდებული დასახლებების გაჩენა და ძვირად ღირებული საქალაქო ინფრასტრუქტურის (გაზის, წყლის, ელექტროდენის, გზების, საჯარო ტრანსპორტის და სხვა ქსელების) „გაწელვა“ ახალ, პერიფერიულ რაიონებში. სუბურბანიზაციის თანმხლები პროცესია იმ ადგილების ბუნებრივი გარემოსა და იქ არსებული ბიოლოგიური ცენოზების (ბიოლოგიური ორგანიზმების ერთობლიობის) დეგრადაცია და განადგურება.  სუბურბანიზაცია იწყება მაშინ, როცა ქალაქი გადაჭარბებულად იტვირთება, ბინები ძვირდება, სატრანსპორტინფრასტრუქტურა არაეფექტურია. ამ დროს ხალხი იწყებს მშვიდი, მწვანე გარემოს ძებნას ქალაქგარეთ, სადაც ცხოვრება უფრო იაფი და კომფორტულია.

რა საფრთხეებს შეიცავს ქაოური და უკონტროლო სუბურბანიზაცია და რატომ არის ის მავნე ქალაქისთვის?

 

  1. ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვა
  • გაუთვალისწინებელი მშენებლობა ზრდის ზეწოლას სატრანსპორტო ქსელებზე, კანალიზაციასა და ენერგომომარაგებაზე. მაგ., თბილისის გარეუბნებში ახალი მასივების აშენებას ხშირად თან არ ახლავს გზების, მეტროსა და სხვა  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის გაფართოება, რაც მოძრაობის შენელებას და მრავალათასიან საავტომობილო საცობებს იწვევს.
  1. ეკოლოგიური ზიანი
  • ბუნებრივი ლანდშაფტების განადგურება: ტყეების, მდელოებისა და მდინარეების ბიოცენოზების ფართობის შემცირება, არსებულის დეგრადაცია და ბუნებრივი ლანდშაფტური ზონების დაკარგვა (თბილისის მცირე მდინარეების ხეობების სრული ჩაკეტვა ურბანული განაშენიანებითა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურით, თბილისის ნარჩენი ბუნებრივი ლანდშაფტების გაქრობა გარეუბნებში და მთის ფერდობებზე).
  • სითბოს კუნძულების ეფექტი: ბეტონის, ასფალტისა და მინა-პლასტამასის ზედაპირების ფართობების სიჭარბე ზრდის ქალაქის ტემპერატურას. ქალაქში მზის რადიაცია არაბუნებრივად ნაწილდება და მისი უმეტესი ნაწილი ხელოვნური ზედაპირების (შენობების ფასადები, ასფალტი, ქვაფენილი, მინა და პლასტმასი) გათბობაზე მიდის, რაც ტემპერატურის ზრდას იწვევს (საშუალო წლიური ტემპერატურის მატება ქალაქის ცენტრში, ცხელი, ე.წ. ზაფხულის ტროპიკული ღამეების რაოდენობის მატება, როდესაც გარეუბნებსა და ცენტრს შორის ჰერის ტემპერატურის სხვაობა 10-15 გრადუსს აღწევს).

 

  1. სოციალური უთანასწორობა
  • მდიდარი გარეუბნების წარმოშობა და, საზოგადდ, ურბანული ჯენტრიფიკაცია: ხშირად მხოლოდ შეძლებულები ახერხებენ ახალ გარეუბნებში გადასვლას, ხოლო ცენტრი ღარიბებისთვის რჩება. 21-ე საუკუნეში ურბანიზაციამ წარმოშვა უთანასწორობის ახალი პროცესი – ჯენტრიფიკაცია (ინგლ. gentrification), ურბანული ცვლილება, როდესაც ქალაქის შედარებით დაბალშემოსავლიან უბნებში შემოდიან უფრო მაღალი სოციალური კლასის ადამიანები, შედეგად იზრდება უძრავი ქონების ღირებულება, იცვლება ტერიტორიის სოციალური და ეკონომიკური ხასიათი და სტატუსი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდება, დატოვოს ტერიტორია მომატებულ ფასებთან მათი მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამობის გამო.

ჯენტრიფიკაციის მაგალითები:

  1. ნიუ-იორკის ძველი უბანი უილიამსბურგი (Williamsburgh) ბრუკლინში, სადაც ბედფორდავენიუ ჯენტრიფიკაციის სიმბოლოდ გადაიქცა. დღეს აქ, ნაცვლად ძველი მე-19 საუკუნის საწყობებისა და მცირე მანუფაქტურებისა, უამრავ ახალ ლოფტ-სახლს და კონდომინიუმს ნახავთ, რომლებშიც ახალი მდიდრები ცხოვრობე, ხოლო 1 კვ. მ. ფართობის ფასი 4 000 დოლარს აღწევს (2004 წელს 1 კვ. მ-ის ფასი აქ $50 იყო!). ბედფორდიდან ძველი მოსახლეობა თითქმის სრულად გადავიდა სხვა, უფრო იაფ სახლებში.
  2. სოლოლაკი თბილისშიბოლო წლებში აქ ბევრი უცხოელი დასახლდა, რომლბიც ძირითდად ონლაინ მუშაობენ და აქტიურად ქირაობენ ბინებს/სახლებს სოლოლაკში, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა აქტიურად ყიდის ძველ სარემონტო ბინებს ან აქირავებს მა კომერციული მიზნებისთვის. შენიშვნა: დღეს სოლოლაკში 1 კვ. მ. ბინის ფასი 1500-2500 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო კომერციული ფართობისა – 1500-3000 აშშ დოლარს.
  • საზოგადოებრივი სივრცეების დეფიციტი: სწრაფად აშენებულ ახალ უბნებს ხშირად აკლიათ პარკები, სკვერები, ბუნებრივი სივრცეები, კულტურული ობიექტები (მაგალითად, ე.წ. ჰუალინგის უბანი თბილისის ზღვის მახლობლად), რაც ართულებს უბნის სწორ და ჰარმონიულ განვითარებას.

 

როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი სულ რამდენიმე საკითხის გადაჭრაც კი, რომლებიც დღეს თბილისისთვის პრობლემებად ჩამოყალიბდა, დიდ ყურადღებას, ცოდნასა და ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ამ საკითხების საფუძვლიან შესწავლას და შემდგომ მათ მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა რამდენიმე, თუნდაც წარმატებული და გონიერი მენეჯერისა თუ არქიტექტორის ცოდნა და გამოცდილება. ურბანულ საკითხებს უამრავი განზომილება აქვს და მათი შესწავლა, ანალიზი და გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური კვლევების მეშვეობით, რომლებიც გააერთიანებს არქიტექტორების, კონსტრუქტორების, საგზაო მშენებლების, ქალაქმგეგმარებლების, გეოგრაფების, ეკონომისტების, დემოგრაფების, კლიმატოლოგიების, ბოტანიკოსების, ურბანისტებისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტთა ძალისხმევას. სხვაგვარად ურბანული პრობლემების გადაჭრის მცდელობებს, საუკეთესო შემთხვევაში, რეაქტიული, ხანძრის ჩაქრობის ხასიათი ექნება.

დღეს ასეთი რეაქტიული მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია თბილისში სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის მცდელობები. თბილისის მერია გულწრფელად ცდილობს, მოაგვაროს სატრანსპორტო ნაკადების პრობლემა და ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რათა განაახლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, შექმნას საავტობუსე ხაზები, მოაწესრიგოს რთული სატრანსპორტო კვანძები, მოაგვაროს მეტროს მეშვეობით მგზავრთა გადაყვანა, ააშენოს ახალი სადგურები და გაჩერებები, მაგრამ სატრანსპორტო დაძაბულობა ქალაქის როგორც ძველ, ისე ახალ და ახალნაშენ რაიონებში ჯერჯერობით კვლავ მზარდია და წლიდან წლამდე იმატებს ქვეყანაში იმპორტირებული „არც ისე ძველი“ ავტომობილების რაოდენობაც.

[1]მოკლედჯენტრიფიკაცია (gentrification, ინგლ.) ნიშნავს ურბანული უბნის განახლებას, მასში ახალი, უფრო შეძლებული ფენის წარმომადგენლების გადმოსვლას და იმ ადგილას ფასების მატებას, რაც ხშირად იწვევს ადგილობრივი, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის გადასახლებას სხვა, უფრო „იაფ“ უბნებში.

[2]სუბურბანიზაცია ნიშნავს პროცესს, როცა ადამიანები დიდი ქალაქებიდან საცხოვრებლად გადადიან გარშემო მდებარე სოფლებში, პატარა ქალაქებში ან ე.წ. დასახლება-აგარაკებში, მაგრამ ხშირად ისევ დიდ ქალაქთან რჩებიან დაკავშირებულნი სამუშაოს, სწავლებისა თუ სხვა სერვისების გამო.

 

ახალი ქალაქები 21-ე საუკუნეში.

0

ურბანიზაცია, ახალი გამოწვევა დედამიწის სასიცოცხლო გზაზე

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

 

კარგი ქალაქები კარგ წვეულებას ჰგავს – სტუმრები იმაზე მეტ ხანს რჩებიან, ვიდრე განსაზღვრული იყო, რადგან მოსწონთ წეულებაზე ყოფნა“.

იან გეილი (Jan Gehl), დანიელი ურბანისტი და არქიტექტორი (დ. 1936)

 მსოფლიოს მასშტაბით ქალაქების ზრდამ და მათ წიაღში ბიზნესი, სერვისებისა და მოხმარების კონცენტრაციამ ისინი ბიზნესის, კულტურული ცხოვრებისა და სოციალურ-პოლიტიკური აქტივობის ცენტრებად აქცია. ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით კი დიდ, მრავალმილიონიან ურბანულ ცენტრებში, საჯარო სივრცე ძალიან დაიტვირთა სხვადასხვა სახის კომერციული ობიექტებით, ჰიპერმარკეტებით, მოლებით თუ სავაჭრო და გასართობი ინდუსტრიის ქუჩებითა და უბნებით. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მზარდია და მისი მომავალი განვითარების კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია (გაიხსენეთ უახლოეს წარსულში თბილისის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებშისითი მოლის“, ისთ-პოინტის“, „ჰუალინგის“, თბილისი მოლის“, გალერიის“,კარფურის“, აგროჰაბი და სხვა დიდი მოლებისდა იპერმარკეტების გაჩენა).

ეს დაკვირვება მართებულია მსოფლიოს ქალქების დიდი ნაწილისთვის. ყველა დიდ ქალაქს თავისი „სავაჭრო“ ქუჩა აქვს: ნიუ-იორკში ასეთი ქუჩებია მე-5 ავენიუ და ტაიმ-სკვერი, შანხაიში – ნანჯინ-როუდი, ლოს-ანჯელესში – როდეო-დრაივი, პარიზში – შანზ-ელიზე და ავენიუ მონტენი… ჩნდება კითხვა: მავნეა თუ სასარგებლო ადამიანებისა და ქალაქებისთვის ურბანიზაცია, ქალაქების კომერციალიზაცია და, საზოგადდ, ქალაქების ზრდის ტენდენცია?

ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია – შესაძლოა, ვიპოვოთ ბევრი კარგი და, ამავე დროს, ცუდიც ქალაქების ზრდასა და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაქალაქელებაში. ქალაქი, გარდა მრავალგვარი შესაძლებლობისა და სიმდიდრისა, უთანასწორობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, პროსტიტუციასა და კრიმინალურ გარემოსაც ნიშნავს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ურბანიზაცია როგორც გლობალური ტენდენცია თუ პროცესი უფრო მავნეა და კომპლექსურ, მრავალწახნაგიან და მრავალუცნობიან სოციალურ-ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ფსიქოსოციალურ პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ურბანიზაციის უარყოფითი ან, სხვაგვარად, პრობლემური მხარეები ქალაქებისა და მათი მცხოვრებლებისთვის.

ურბანიზაციისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ასახსნელად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს: დიდ ურბანულ ცენტრებში საერთო სივრცეები, ადამიანთა ერთმანეთთან კონტაქტისა და შეხვედრის ადგილები მცირდება და მათი უმეტესობა კერძო კომპანიების მფლობელობაში ან უშუალო კონტროლის ქვეშ გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს თავისუფალი შეკრების, შეხვედრის ან გადაადგილების უფლება, გარკვეულწილად, შეზღუდული აქვთ.

ქალაქების კომერციული ან კომერციალიზებული სივრცეები, როგორც წესი, მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცენტრებსა თუ დაუნთაუნის ზონებში მდებარეობს და, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძალიან ძვირად ქირავდება. შედეგად ისინი პრაქტიკულად მიუწვდომელია მცირე ან საშუალო ზომის კომპანიებისა და კერძო პირებისათვის. ეს ადგილები ძირითადად გლობალური ფრენჩაიზებისა და კორპორაციების ხელშია. ასეთი ორგანიზაციები, წესისამებრ, მაღალი ტრაფიკის მქონე და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ეძებენ ადგილს და იშვიათად – გარეუბნებში ან დაბალი სიმჭიდროვის მქონე ზონებში. მაგალითად, სოლოლაკსა და უილიამსბურგში (ბრუკლინის ნაწილი მანჰეტენის მახლობლად) 1 კვ. მ საცხოვრებელი ან კომერციული ფართი დაახლოებით ერთი ფასი ღირს – 2,500-3,500 დოლარი.

შესაბამისად, ყველაზე მომხიბვლელ კომერციულ სივრცეებში (ქალაქის ცენტრი, ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილები) გლობალური ბრენდების გავლენა ჭარბობს, რაც გარკვეულწილად ზღუდავს ადგილობრივი ბიზნესების შესაძლებლობებს. ქალაქის ცენტრები ისეთი სახელებით ივსება, როგორიცაა Apple, Samsung, McDonald’s, KFC, Pepsi, Disney ან Starbucks-ი, რომლებიც ხშირად ადგილობრივ არქიტექტურულ და კულტურულ ლანდშაფტსა და ნიშნებსაც ცვლის საკუთარი ლოგოებით და სტილით.

დროთა განმავლობაში ეს არეალები თავის უნიკალურობას კარგავს და ერთმანეთს ემსგავსება – გადაიქცევა უნივერსალურ, „ინტერნაციონალურ“ ზონებად, რომლებსაც დამახასიათებელი ლუქ-ენდ-სთაილი აქვს (ინგლ. Look-and-style – გარეგნობა და სტილი“). ეს ტენდენცია ადგილობრივ იდენტობას ცვლის, ხშირად აფერხებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ურბანულ გარემოს იმდენად სტანდარტიზებულს ხდის, რომ ძნელად მიხვდებით, რომელ ქალაქში იმყოფებით.

 

ურბანისტიკის რამდენიმე ძირითადი ტერმინის მნიშვნელობის შესახებ:

ურბანიზაცია პროცესია, რომელიც იწვევს ადამიანების ჩართვას მრეწველობაში, მომსახურების სფეროში და მათ გადასახლებას ქალაქებში. მას აფასებენ როგორც  დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ და სოციალურ პროცესს.

ტერმინი „ურბანიზმი“ აღწერს ქალაქური ცხოვრების წესს – არაპერსონიფიცირებულ, მეორეული კონტაქტების, კონტრაქტულ (შეთანხმებითი) ცხოვრებას, რომელიც ანონიმურობას და დროებით კონტაქტს გულისხმობს.

ურბანიზაციის ტემპი არათანაბარია. განსაკუთრებით მაღალია ჩინეთში, ინდოეთში, ნიგერიაში, ბანგლადეშსა და ეთიოპიაში, სადაც მოსახლეობა მცირე ქალაქებიდან და სოფლებიდან დედაქალაქებისკენ ან დიდი ქალაქებისკენ მიედინება სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად.

2025 წლის მონაცემებით, ურბანიზებულია აზიის მოსახლეობის 48% (2.2 მლრდ), ჩრდ. ამერიკის 82% (360 მლნ), ლათ. ამერიკისა და კარიბის აუზის 80% (500 მლნ), ევროპის 73% (550 მლნ), აფრიკის 40% (480 მლნ), ოკეანეთის 71% (28 მლნ). საქართველოში ეს მაჩვენებელი 61.97%-ს აღწევს ( https://www.worldometers.info/).

ჯამში, დედამიწის ურბანული მოსახლეობა მთელი მოსახლეობის დაახლ. 58%-ს შეადგენს, რაც, სულ მცირე 4.8 მილიარდ ადამიანს ნიშნავს. ყოველწლიურად ქალაქებში გადასულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დაახლ. 80 მილიონ ადამიან აღწევს (!).

რითია მნიშვნელოვანი ურბანიზაციის როგორც სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური პროცესის გააზრება და შესწავლა?

  • შეიცვალა ურბანული ოჯახის ზომა და ტიპი (ნაკლები შვილი განვითარებულ ქვეყნებში და ახალგაზრდა მოსახლეობის მზარდი რაოდენობა განვითარებად სახელმწიფოებში); არაურბანიზებულ, დაბალი განვითარების ქვეყნებში ამაღლდა ქალების ფერტილურობის (ნაყოფიერების) მაჩვენებელი და შემცირდა ჩვილთა სიკვდილიანობა; შედეგად დაახლ. 1.2 მლრდ ადამიანი მსოფლიოში 15-დან 24 წლამდე ასაკისაა, მათი 88% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
  • მსოფლიოში იზრდება 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა: 2015 წლის მონაცემებით, მათი წილი ევროპაში მთელი მოსახლეობის 24% იყო, მსოფლიოში – 12%! ევროპაში ყოველწლიურად იკლებს შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის რაოდენობა!
  • გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა არაფორმალურ დასახლებებში, ე.წ. სლამებში, ფაველებში, ბარიოსებში, შანთი-თაუნებში. ჯამში, არაოფიციალური დასახლებების მთელი მოსახლეობა სხვადასხვა ქვეყანაში 1.2 მილიარდ ადამიანს შეადგენს (360 მილიონი – ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, 170 მილიონი – სამხრეთ, ცენტრალურ ამერიკაში და კარიბებზე, 300 მილიონი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 230 მილიონი – საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში). გამოდის, რომ ფაველებში დღეს ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 24-25 % (!)
  • გაუარესდა ურბანული სერვისების ხარისხი, გართულდა და გაძვირდა ურბანული ინფრასტრუქტურა და შემცირდა მისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით პერიფერიებში.
  • კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ახალი პრობლემები (ბუნებრივი კატასტროფების უმეტესობა კლიმატთან არის დაკავშირებული, იმატებს ჰაერის დაბინძურება, გლობალური სითბური ემისიის 70% ქალაქების წილად მოდის).
  • უთანასწორობა ქალაქების სავიზიტო ბარათია. ყველა ქალაქში შეხვდებით მდიდარ და ღარიბ რაიონებს, სადაც საცხოვრებელი და გარემო პირობები მკვეთრად განსხვავებულია და უთანასწორობის ეს პროცესი მზარდია. მაგალითად, ნიუ-იორკში 2024 წელს ყოველი მეხუთე მცხოვრები მთავრობისგან იღებდა დახმარებას, ე.წ. საკვებ ბარათებს (ფუდ-სტამპებს), რომლებითაც სუპერმარკეტში შესაძლებელია ყველა სახის საკვების ყიდვა (გარდა ალკოჰოლისა). ნიუ-იორკის სინამდვილისთვის ეს დაახლ. 1.8 მლნ ადამიანს ნიშნავს. იმავე ქალაქში ყველაზე შემოსავლიანი 5%-ის შემოსავალი წელიწადში სულზე 860 000 აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ყველაზე ღარიბი 20%-ისა წელიწადში სულზე 9 700 დოლარია!

როგორც ხედავთ, ნიუ-იორკად, პარიზად თუ ლონდონად ყოფნა არ არის საკმარისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ქალაქები, მიუხედავად მათი სიდიადისა, მნიშვნელობისა და სიმდიდრისა, ადამიანისთვის შედარებით ახალი ისტორიულ-კულტურული ფენომენია, რადგან დღეისთვის ცნობილი უძველესი ქალაქები (სავარაუდოდ, იერიქონი მდ. იორდანეს ხეობაში და ფინიკიური ბიბლუსი ხმელთაშუა ზღვის პირას) სულ 5 000-დან 10 000-მდე წლისაა, ხოლო Homo sapiens-ი დედამიწაზე, სულ მცირე 300 000- 400 000 წელია ცხოვრობს.

მშვენიერების შიში და „ კურდღელი“, რომელმაც ჰიტლერს შეუყვირა

0

ჯოჯო მას შემდეგ შემიყვარდა, რაც დედის ფეხსაცმელებს უცნაურად შორიდან შეხედა.

ფილმი, რომელშიც ომი ბავშვობის სიზმარივით არის ნაჩვენები – მოფართხალე, ფერადი, ხანდახან სასაცილო და ბოლოს ისეთი მძიმე, რომ ბავშვი კი არა, კაცი ჩაიმუხლავს.

„კურდღელი ჯოჯო“ გვიყვება არა ომზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვასწავლიან სიძულვილს, სანამ თავად არ ვისწავლით სიყვარულს.

ჯოჯოს ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი ჰიტლერი – უყურებს, ესაუბრება, მისი შინაგანი გენერალია. მაგრამ როცა წარმოდგენა გემსგავსება შენ და არა შენ მას, იწყება ნგრევა. ჰიტლერი აღარ არის სატირული ფიგურა – ის კარგავს სიმღერის ტონს და ხდება ნამდვილი – ცივსისხლიანი, ჩასაფრებული, გაბოროტებული. როგორც ყველა ფიქრი, რომელსაც დიდხანს ინახავ.

პატარა ებრაელი გოგონას გამოჩენა მიგახვედრებს, რომ ბავშვობის ერთადერთი მტერი სიბნელეა და მხოლოდ მაშინ ბნელა, როცა სინათლის გეშინია. ამ გოგოს ეშინია, მაგრამ მაინც პასუხობს და ამ პასუხს ხანდახან ათწლეულებით დაგვიანებული თავისუფლების გემო აქვს.

ჯოჯოს დედა უყვარს და ეს სიყვარული ტკბილი არ არის. დედა ამ სამყაროში ერთდროულად აჩენს სიცოცხლეს და მდუმარე სიკვდილს. არ ცდილობს სიმართლისგან ბავშვის დაცვას, უბრალოდ ფეხსაცმელს იკრავს ისე, რომ ბავშვმა დაიმახსოვროს.

ფილმი თითქოს ომზეა, მაგრამ სინამდვილეში ომია სიყვარულის გარშემო. როგორ ხდება, რომ ბიჭს, რომელსაც სჯეროდა, რომ ებრაელები მონსტრები იყვნენ, უყვარდება ებრაელი გოგო? როგორ შეიძლება ადამიანი გაიზარდოს იქ, სადაც ეუბნებიან, რომ არ უნდა გაიზარდოს?

ჯოჯომ სიკვდილს უყვირა და ცეკვით უპასუხა. იმიტომ, რომ ბავშვები ყოველთვის ცეკვავენ, როცა ომი მთავრდება. და როცა ომი არ მთავრდება, მაინც ცეკვავენ, ჯიბრზე.

ეს ფილმი სკოლაში უნდა ვაჩვენოთ. არა იმიტომ, რომ ომის ისტორიაა, არამედ იმიტომ, რომ იმ ბავშვს, რომელსაც ხვალ სიძულვილს დააჯერებენ, უნდა ახსოვდეს: იყო კურდღელი, რომელსაც სიყვარულმა გააბედვინა, ეყვირა ჰიტლერისთვის.

თუ გვინდა, რომ აღარ ვისროლოთ, ჯობია, ჯერ ისწავლოს ბავშვმა, როგორ უნდა უყვარდეს ის, ვისაც მტერი უწოდეს.

და ისიც, რომ ჰიტლერების დრო არ მთავრდება, სანამ წარმოსახვით მეგობრებად ვტოვებთ მათ, ვინც სხვის სახელს ჩრდილად აქცევს. მათ უნდა ვუყვიროთ – არა სიტყვებით, არამედ ქცევით. სიყვარულით. სიცილით. ცეკვით.

ეს ფილმი მოზარდებს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, სტერეოტიპების გარღვევას, ემპათიასა და ისტორიის ადამიანურ კითხვას. ის არ აწვდის მზა ჭეშმარიტებებს – მათ აღმოჩენას სთხოვს. აქ ბავშვი ხდება გმირი მაშინ, როცა ყურს აღარ უგდებს საკუთარ შიშებს და ირჩევს სიყვარულს როგორც გამოსავალს. როგორც პერსონაჟები ამბობენ: თავისუფლებისთვის ცეკვა მაშინ არის საჭირო, როცა გვგონია, რომ აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს.

„კურდღელი ჯოჯო“ არის ფილმი არა ომზე, არამედ ადამიანზე. ადამიანზე, რომელიც იმ პერიოდში გაიზარდა, როდესაც სიძულვილი იყო სახელმწიფო ენა. და ამ ადამიანმა სხვა ენაზე ლაპარაკი აირჩია.

ვაზიაროთ ბავშვები წერის მაგიას

0

რამდენიმე საინტერესო იდეა შემოქმედებითი წერისთვის

წერა თერაპიაა. ის გვათავისუფლებს მოჭარბებული ემოციებისგან, გრძნობებისგან, შფოთვისა და ბრაზისგან. გარდა ამისა, კარგად წერა ის უნარია, რომელიც მომავალში შესაძლოა საძირკვლად დაედოს მოსწავლის წარმატებას.

აზრის წერილობით ჩამოყალიბება ყოველთვის არ არის თანდაყოლილი ნიჭი – ეს უნარია, რომლის განვითარებაზეც შეგვიძლია დაწყებითი კლასებიდან ვიმუშაოთ.

გაგიზიარებთ წერის რამდენიმე სტრატეგიას, გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ვაქციოთ წერა ბავშვებისთვის სახალისო, საინტერესო და შთამბეჭდავ პროცესად, როგორ გავხადოთ ისინი უფრო შემოქმედებითები, განვუვითაროთ წარმოსახვა, ვასწავლოთ ამბის აგება, პერსონაჟების შექმნა, მხატვრული სახეების გამოყენება, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება და არგუმენტირება.

 

კლასის დიდი წიგნი

ამ აქტივობაში მთელი კლასია ჩართული. ვიღებთ დიდ, ლამაზ რვეულს, ბავშვებს ვეუბნებით, რომ ამ რვეულში თითოეული მათგანი წიგნის ერთ თავს ჩაწერს. ამბის დასაწყისი შეიძლება მთელმა კლასმა ერთად შექმნას თხრობის კუბების ან ილუსტრაციების საშუალებით.

თხრობის კუბები პატარა კუბიკებია, რომელთა გვერდებზეც სხვადასხვა სიმბოლოა გამოსახული: გასაღები, ჯადოსნური ჯოხი, ვარსკვლავი, ჯადოქრის ქუდი, ფერია, სუპერგმირი… თხრობის კუბების დამზადება ხელითაც შესაძლებელია. ბავშვები წრეში სხედან. ერთი აგორებს კუბს და რა სიმბოლოებიც ამოუვა, მათ შესახებ იწყებს თხრობას. სხვები დაწყებულ ამბავს აგრძელებენ და საბოლოოდ ერთი თხზულება იქმნება.

 

კლასის წიგნის პირველი თავიც მზადაა. ამის შემდეგ მოსწავლეები არჩევითობის პრინციპით თითო თავს წერენ და ერთმანეთის ისტორიას აგრძელებენ.

საბოლოოდ კი კლასის წიგნს მივიღებთ.

 

რამდენიმე ონლაინ რესურსი შემოქმედებითი წერის წასახალისებლად:

https://makebeliefscomix.com/

კომიქსების შექმნა, მზა შაბლონები, პერსონაჟები.

https://storybird.com/

ამ საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ონლაინ წიგნის შექმნა მზა ილუსტრაციებითა და ჩარჩოებით. ძალიან საინტერესო რესურსია და მისი გამოყენებაც ადვილია.

https://schools.boomwriter.com/classes/66174/view

მასწავლებელი ქმნის კლასის ანგარიშს, პროფილს, ამატებს ბავშვებს და ძალიან საინტრესო წერით აქტივობებს სთავაზობს.

 

აქტივობა: ჩაეტიე დროში!

ბავშვებს ვაძლევთ 5-7 წუთს, რომ უწყვეტად წერონ მოცემული თემის ან სიტყვის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ემპათია, მეგობრობა, საიდუმლო კარი, დროის მანქანა და სხვა.

 

რა მოხდებოდა, რომ…

ბავშვებს ვაძლევთ თემებს ასეთი სათაურით: „რა მოხდებოდა, რომ…“

ადამიანს ფრენა შეეძლოს;

…დროის გაჩერება შეგვეძლოს;

…ადამიანები უკვდავები გახდნენ;

…ნატვრის თვალი არსებობდეს.

 

სიტყვების კარუსელი

ბავშვებს ვაძლევთ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, შემთხვევითობის პრონციპით შერჩეულ ათ სიტყვას, მაგალითად: გემი, ვარსკვლავი, გვირილა, ბურთი, ხე, წიგნი, სახლი, მინდორი, ფეხსაცმელი, ჩიტი. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ისტორია, რომელშიც ყველა სიტყვას გამოიყენებენ.

 

დაწერე პატარა დეტექტივი:

მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ, მაგალითად, გაუჩინარდა სკოლის ზარი ან ქალაქის მუზეუმიდან დაიკარგა ძვირფასი ნახატი. კარგი იქნება, თუ დავუკონკრეტებთ. მაგალითად, ფიროსმანის „გოგონა წითელი ბუშტით“. ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ და დაწერონ, ვინ მოიპარა, რა მიზნით, როგორ იპოვიან დამნაშავეს და ასე შემდეგ.

 

ახალი სამყაროების შექმნა,

მოსწავლე იგონებს სამყაროს თავისი ქალაქებით, მოსახლეობით, წესებით, მაგიითა და ტექნოლოგიით, ისტორიითა და ბუნებით, მერე კი წერს ისტორიას, რომელიც ამ სამყაროში მოხდა.

 

მოგონებები/მემუარები მომავლიდან.

მოსწავლე წარმოიდგენს, რომ უკვე ოთხმოცი წლისაა და იმ გადმოსახედიდან აღწერს დღევანდელობას. მაგალითად: ცამეტი წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში პირველად…“

 

ერთი დღე სხვის სხეულში

მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძეს და სხვის სხეულში ამოყვეს თავს, მაგალითად, ცნობლი მომღერლის, მსახიობის, სპორტმესნის, მასწავლებლის, მშობლის, მეგობრის… თავად აირჩიონ. უნდა დაწერონ, როგორ გრძნობენ თავს, რას გააკეთებდნენ.

 

კონტრასტები წერაში.

მოსწავლეებს ვთხოვთ, ერთი პერსონაჟის შესახებ დაწერონ ორი სხვადასხვა ამბავი ორ განსხვავებულ, კონტრასტულ გარემოში, მაგალითად, ღამით და დღისით, მოგზაურობისას და ერთ ოთახში, ჩრდილოეთ პოლუსზე და აფრიკაში, დედამიწასა და მარსზე. ამ დროს ბავშვები დაფიქრდებიან, რამხელა გავლენა აქვს გარემოს პერსონაჟის განწყობასა თუ ქცევაზე, ისწავლიან სხვადასხვა პერსპექტივიდან ამბის აღქმას.

 

დაწყების ხელოვნება

ბავშვებმა უნდა დაწერონ სხვადასხვა დასაწყისი: მშვიდი, საინტერესო, პეიზაჟის აღწერით და სხვა. საბოლოოდ ბავშვები იმსჯელებენ, რომელი დასაწყისი აღმოჩნდა უფრო ეფექტური და რატომ.

 

სტრატეგიები და აქტივობები უსასრულოა, ერთ პატარა სტატიაში ვერ ჩაეტევა, მასწავლებლობა კი მუდმივი სწავლა და განვითარებაა, მუდმივი აღმოჩენა. თითოეული გაკვეთილი ახალი იდეების წყაროა, ბავშვებისგან ვსწავლობთ და ვცდილობთ, მათ დავემსგავსოთ – დიდობა ხომ დავიწყებული ბავშვობაა, ხოლო კარგი მასწავლებელი გულის კუნჭულში მარადიული ბავშვი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...