ურბანიზაცია, ახალი გამოწვევა დედამიწის სასიცოცხლო გზაზე
(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)
„კარგი ქალაქები კარგ წვეულებას ჰგავს – სტუმრები იმაზე მეტ ხანს რჩებიან, ვიდრე განსაზღვრული იყო, რადგან მოსწონთ წვეულებაზე ყოფნა“.
იან გეილი (Jan Gehl), დანიელი ურბანისტი და არქიტექტორი (დ. 1936)
მსოფლიოს მასშტაბით ქალაქების ზრდამ და მათ წიაღში ბიზნესის, სერვისებისა და მოხმარების კონცენტრაციამ ისინი ბიზნესის, კულტურული ცხოვრებისა და სოციალურ-პოლიტიკური აქტივობის ცენტრებად აქცია. ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით კი დიდ, მრავალმილიონიან ურბანულ ცენტრებში, საჯარო სივრცე ძალიან დაიტვირთა სხვადასხვა სახის კომერციული ობიექტებით, ჰიპერმარკეტებით, მოლებით თუ სავაჭრო და გასართობი ინდუსტრიის ქუჩებითა და უბნებით. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მზარდია და მისი მომავალი განვითარების კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია (გაიხსენეთ უახლოეს წარსულში თბილისის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში „სითი მოლის“, „ისთ-პოინტის“, „ჰუალინგის“, „თბილისი მოლის“, „გალერიის“, „კარფურის“, „აგროჰაბის და სხვა დიდი მოლებისა და ჰიპერმარკეტების გაჩენა).
ეს დაკვირვება მართებულია მსოფლიოს ქალაქების დიდი ნაწილისთვის. ყველა დიდ ქალაქს თავისი „სავაჭრო“ ქუჩა აქვს: ნიუ-იორკში ასეთი ქუჩებია მე-5 ავენიუ და ტაიმ-სკვერი, შანხაიში – ნანჯინ-როუდი, ლოს-ანჯელესში – როდეო-დრაივი, პარიზში – შანზ-ელიზე და ავენიუ მონტენი… ჩნდება კითხვა: მავნეა თუ სასარგებლო ადამიანებისა და ქალაქებისთვის ურბანიზაცია, ქალაქების კომერციალიზაცია და, საზოგადოდ, ქალაქების ზრდის ტენდენცია?
ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია – შესაძლოა, ვიპოვოთ ბევრი კარგიც და, ამავე დროს, ცუდიც ქალაქების ზრდასა და მოსახლეობის დიდი ნაწილის „გაქალაქელებაში“. ქალაქი, გარდა მრავალგვარი შესაძლებლობისა და სიმდიდრისა, უთანასწორობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, პროსტიტუციასა და კრიმინალურ გარემოსაც ნიშნავს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ურბანიზაცია როგორც გლობალური ტენდენცია თუ პროცესი უფრო მავნეა და კომპლექსურ, მრავალწახნაგიან და მრავალუცნობიან სოციალურ-ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ფსიქოსოციალურ პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ურბანიზაციის უარყოფითი ან, სხვაგვარად, პრობლემური მხარეები ქალაქებისა და მათი მცხოვრებლებისთვის.
ურბანიზაციისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ასახსნელად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს: დიდ ურბანულ ცენტრებში საერთო სივრცეები, ადამიანთა ერთმანეთთან კონტაქტისა და შეხვედრის ადგილები მცირდება და მათი უმეტესობა კერძო კომპანიების მფლობელობაში ან უშუალო კონტროლის ქვეშ გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს თავისუფალი შეკრების, შეხვედრის ან გადაადგილების უფლება, გარკვეულწილად, შეზღუდული აქვთ.
ქალაქების კომერციული ან კომერციალიზებული სივრცეები, როგორც წესი, მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცენტრებსა თუ დაუნთაუნის ზონებში მდებარეობს და, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძალიან ძვირად ქირავდება. შედეგად ისინი პრაქტიკულად მიუწვდომელია მცირე ან საშუალო ზომის კომპანიებისა და კერძო პირებისათვის. ეს ადგილები ძირითადად გლობალური ფრენჩაიზებისა და კორპორაციების ხელშია. ასეთი ორგანიზაციები, წესისამებრ, მაღალი ტრაფიკის მქონე და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ეძებენ ადგილს და იშვიათად – გარეუბნებში ან დაბალი სიმჭიდროვის მქონე ზონებში. მაგალითად, სოლოლაკსა და უილიამსბურგში (ბრუკლინის ნაწილი მანჰეტენის მახლობლად) 1 კვ. მ საცხოვრებელი ან კომერციული ფართი დაახლოებით ერთი ფასი ღირს – 2,500-3,500 დოლარი.
შესაბამისად, ყველაზე მომხიბვლელ კომერციულ სივრცეებში (ქალაქის ცენტრი, ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილები) გლობალური ბრენდების გავლენა ჭარბობს, რაც გარკვეულწილად ზღუდავს ადგილობრივი ბიზნესების შესაძლებლობებს. ქალაქის ცენტრები ისეთი სახელებით ივსება, როგორიცაა Apple, Samsung, McDonald’s, KFC, Pepsi, Disney ან Starbucks-ი, რომლებიც ხშირად ადგილობრივ არქიტექტურულ და კულტურულ ლანდშაფტსა და ნიშნებსაც ცვლის საკუთარი ლოგოებით და სტილით.
დროთა განმავლობაში ეს არეალები თავის უნიკალურობას კარგავს და ერთმანეთს ემსგავსება – გადაიქცევა უნივერსალურ, „ინტერნაციონალურ“ ზონებად, რომლებსაც დამახასიათებელი ლუქ-ენდ-სთაილი აქვს (ინგლ. Look-and-style – გარეგნობა და სტილი“). ეს ტენდენცია ადგილობრივ იდენტობას ცვლის, ხშირად აფერხებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ურბანულ გარემოს იმდენად სტანდარტიზებულს ხდის, რომ ძნელად მიხვდებით, რომელ ქალაქში იმყოფებით.
ურბანისტიკის რამდენიმე ძირითადი ტერმინის მნიშვნელობის შესახებ:
ურბანიზაცია პროცესია, რომელიც იწვევს ადამიანების ჩართვას მრეწველობაში, მომსახურების სფეროში და მათ გადასახლებას ქალაქებში. მას აფასებენ როგორც დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ და სოციალურ პროცესს.
ტერმინი „ურბანიზმი“ აღწერს ქალაქური ცხოვრების წესს – არაპერსონიფიცირებულ, მეორეული კონტაქტების, კონტრაქტულ (შეთანხმებითი) ცხოვრებას, რომელიც ანონიმურობას და დროებით კონტაქტს გულისხმობს.
ურბანიზაციის ტემპი არათანაბარია. განსაკუთრებით მაღალია ჩინეთში, ინდოეთში, ნიგერიაში, ბანგლადეშსა და ეთიოპიაში, სადაც მოსახლეობა მცირე ქალაქებიდან და სოფლებიდან დედაქალაქებისკენ ან დიდი ქალაქებისკენ მიედინება სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად.
2025 წლის მონაცემებით, ურბანიზებულია აზიის მოსახლეობის 48% (2.2 მლრდ), ჩრდ. ამერიკის 82% (360 მლნ), ლათ. ამერიკისა და კარიბის აუზის 80% (500 მლნ), ევროპის 73% (550 მლნ), აფრიკის 40% (480 მლნ), ოკეანეთის 71% (28 მლნ). საქართველოში ეს მაჩვენებელი 61.97%-ს აღწევს ( https://www.worldometers.info/).
ჯამში, დედამიწის ურბანული მოსახლეობა მთელი მოსახლეობის დაახლ. 58%-ს შეადგენს, რაც, სულ მცირე 4.8 მილიარდ ადამიანს ნიშნავს. ყოველწლიურად ქალაქებში გადასულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დაახლ. 80 მილიონ ადამიანს აღწევს (!).
რითია მნიშვნელოვანი ურბანიზაციის როგორც სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური პროცესის გააზრება და შესწავლა?
- შეიცვალა ურბანული ოჯახის ზომა და ტიპი (ნაკლები შვილი განვითარებულ ქვეყნებში და ახალგაზრდა მოსახლეობის მზარდი რაოდენობა განვითარებად სახელმწიფოებში); არაურბანიზებულ, დაბალი განვითარების ქვეყნებში ამაღლდა ქალების ფერტილურობის (ნაყოფიერების) მაჩვენებელი და შემცირდა ჩვილთა სიკვდილიანობა; შედეგად დაახლ. 1.2 მლრდ ადამიანი მსოფლიოში 15-დან 24 წლამდე ასაკისაა, მათი 88% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
- მსოფლიოში იზრდება 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა: 2015 წლის მონაცემებით, მათი წილი ევროპაში მთელი მოსახლეობის 24% იყო, მსოფლიოში – 12%! ევროპაში ყოველწლიურად იკლებს შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის რაოდენობა!
- გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა არაფორმალურ დასახლებებში, ე.წ. სლამებში, ფაველებში, ბარიოსებში, შანთი-თაუნებში. ჯამში, არაოფიციალური დასახლებების მთელი მოსახლეობა სხვადასხვა ქვეყანაში 1.2 მილიარდ ადამიანს შეადგენს (360 მილიონი – ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, 170 მილიონი – სამხრეთ, ცენტრალურ ამერიკაში და კარიბებზე, 300 მილიონი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 230 მილიონი – საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში). გამოდის, რომ ფაველებში დღეს ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 24-25 % (!)
- გაუარესდა ურბანული სერვისების ხარისხი, გართულდა და გაძვირდა ურბანული ინფრასტრუქტურა და შემცირდა მისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით პერიფერიებში.
- კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ახალი პრობლემები (ბუნებრივი კატასტროფების უმეტესობა კლიმატთან არის დაკავშირებული, იმატებს ჰაერის დაბინძურება, გლობალური სითბური ემისიის 70% ქალაქების წილად მოდის).
- უთანასწორობა ქალაქების სავიზიტო ბარათია. ყველა ქალაქში შეხვდებით მდიდარ და ღარიბ რაიონებს, სადაც საცხოვრებელი და გარემო პირობები მკვეთრად განსხვავებულია და უთანასწორობის ეს პროცესი მზარდია. მაგალითად, ნიუ-იორკში 2024 წელს ყოველი მეხუთე მცხოვრები მთავრობისგან იღებდა დახმარებას, ე.წ. საკვებ ბარათებს (ფუდ-სტამპებს), რომლებითაც სუპერმარკეტში შესაძლებელია ყველა სახის საკვების ყიდვა (გარდა ალკოჰოლისა). ნიუ-იორკის სინამდვილისთვის ეს დაახლ. 1.8 მლნ ადამიანს ნიშნავს. იმავე ქალაქში ყველაზე შემოსავლიანი 5%-ის შემოსავალი წელიწადში სულზე 860 000 აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ყველაზე ღარიბი 20%-ისა წელიწადში სულზე 9 700 დოლარია!
როგორც ხედავთ, ნიუ-იორკად, პარიზად თუ ლონდონად ყოფნა არ არის საკმარისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ქალაქები, მიუხედავად მათი სიდიადისა, მნიშვნელობისა და სიმდიდრისა, ადამიანისთვის შედარებით ახალი ისტორიულ-კულტურული ფენომენია, რადგან დღეისთვის ცნობილი უძველესი ქალაქები (სავარაუდოდ, იერიქონი მდ. იორდანეს ხეობაში და ფინიკიური ბიბლუსი ხმელთაშუა ზღვის პირას) სულ 5 000-დან 10 000-მდე წლისაა, ხოლო Homo sapiens-ი დედამიწაზე, სულ მცირე 300 000- 400 000 წელია ცხოვრობს.